ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:04
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 2 » ლევან გოთუა – მუმლი მუხასა.
15:56
ლევან გოთუა – მუმლი მუხასა.

რეკლე მეორე. მხატვარი ბორის ჯიმშირაული.


ევან გოთუა – Levan Gotua

…აღა-მაჰმად ხანს არ უყვარდა სარკე. უფრო მეტიც – ეჯავრებოდა. თავის დამანჭულ სახეს ვერ იტანდა. როდესაც არ უმზერდა, სხვაგვარად გრძნობდა თავს, გოროზად, თავნებად, მედიდურად… სარკიდან კი ჩია საჭურისი ეტოლებოდა და გულს უმღვრევდა.

… ახლა კი უსათუოდ, ისიც საჯაროდ, უნდა ჩაეხედა სარკენში. ამას მოითხოვდა წესი რამლის ყრისა. ყაჯარი დიდად მორწმუნე იყო, მებრძოლი მაჰმადიანი, ნამაზის შესრულების ფრიადი მოერთგულე. ამასთან ერთად, არანაკლები ცრუმორწმუნეც, როგორც თითქმის ყველა საჭურისი. სხვადასხვა ნიშნის ამჩემებელი და უყოყმანოდ დამჯერი.

ახლა, კავკასიაში, დიდ ლაშქრობის წინ აბა რამლის ყრისა და ბედის წინასწარი ჭვრეტის გარეშე რას დადგებოდა. სალაშქრო და სახვანჯო ყველაფერი რომ მოითავა, ახლა მერამლენი, ვარსკვლავთმრიცხველნი, მკითხავ-დერვიშნი და მუცელმოგვნი შეჰყარა… ერთი სიტყვა უბრძანა.

- რა მელის?

- სარკეში ჩახედვა ინებე, ქვეყნის მბრძანებელო! თვალი საკუთარ თვალს გაუყარე – ისე გვიბრძანე! მომავლის გეზი მოგვეც! – თითქმის ერთხმად, აქეთ-იქიდან ჩურჩულით შეჰბედეს თავმოყრილებმა.

აღა-მაჰმადს მისტიური თრთოლვა აუვარდა, სარკეს ხელი სტაცა. ჯერ ნახევართაღედად გადმოსულ ჩარდახს შეჰხედა, მერმე ცასა და მზეს უწვდინა თვალი. დამწვარი ბეწვის მჭახე ღრჩოლვა მოსწვდა… რომლის ცეცხლი უკვე გიზგიზებდა. ქვიშარიც ნაყარი იყო. ახლა კი თავისი გრძელი, ადრე ჩანაოჭებული კისერი მოიმოკლა და სარკეში ალმაცერად ჩაიხედა.

სარკის კამკამა პირზე, თხელპაჭუა ცხვირი და წურბელა, ბოლოშეტეხილი წარბები აღინიშნა. ვიწრო, მძიმე თვალები და უღინღლოდ მოკუჭული პირი ღვარძლიან ღიმილში გაჰყინოდა. ერთ მუჭა სახეს, ნებისყოფიანი ნიკაპი და ვეება ოქროს თაჯში ჩაკარგული, დიდგუმბათა შუბლი აძლევდა შთამბეჭდავ იერს.

ყველა შიშნაკრავი მოკრძალებით შეჰყურებდა ამ მრისხანე შაჰისა და ვერაგ დერვიშის ნარევს. ვერცვინ არკვევდა, სად თავდებოდა თაჯი და სად იწყებოდა თავი. და მხოლოდ მისმა მეაბჯრემ – სადიხამ და ფარეშმა ხუდადამ იცოდნენ, რომ თაჯის ქვეშაც აღა/მაჰმადს სრულიად მოტვლეპილი, დაგვალული თავი ჰქონდა.

- ჩვენ ჩავიხედეთ ჩვენს მომავლის სარკეში! – თვალების წურვითა და მწივანა ხმით აღმოთქვა შაჰმა, – კავკასიაში მივალ ომად და თრგუნვად! რას გვაუწყებს თვალი უხილავი და ყოვლის მხედველი?! რაც მოგვიგოს ნიშნად – ყოველი ითქვას! – ვინც დაჰფაროს, პასუხი თავის თვალებით აგოს!

ყველამ იცოდა აღა-მაჰმადის ქარაგმული ენა, ხოლო თვალების დათხრის სწორუპოვარი ფალავნობა მან ჯერ კიდევ ირანის ტახტის ძიების შინაბრძოლებში განიმტკიცა, და, როგორც დამონებულ ქვეყანაში ხდება ხოლმე, სწორედ ამიტომ უსათნოესის სახელი გაუვარდა.

უმალ შეიქმნა ფაციფუცა ლოცვა, გვემა სახსართა, ქექვა ზოდიაქოთა, ვარსკვლავთ რიცხვა და ჩითვა. მოჩარდახულში ნუსხვის ძალა დაბორიალდა… ნადირთ ბეწვის ღრჩოლვამ და შავი კვამლის ბოლქვამ აუტანელ ზღვარს მიატანა. შაჰს, სულ ერთი წუთით, გულყრა მოემთხვა. ორმოცდაათს რომ გადასცილდა, მერმე დასჩემდა, უაღრეს დაძაბულობის ჟამს ჩამოუქროლებდა, სხვათათვის თითქმის შეუმჩნევლად, მერმე კი უფრო უმახვილდებოდა გულისყურიც და ფიქრიც.

ახლაც ასე მოუვიდა, მაგრამ სრულიად საკმაო გახდა, ხელიდან რომ გავარდნოდა სარკე. გონზე სწორედ ჩხრიალმა მოიყვანა. მრავალი შავბრჭყვიალა ნამსხვრევი ეყარა ფერადად მოჭიქულ იატაკზე.

ყველა გაშეშდა. უხუცესმა მერამლემ წვერზე იტაცა ხელი.

- ხილულთა შორის უბედნიერესო, უხილავი თვალი მწვავედ და შავად წორავს! მეტი გზა არა არის. სარკის ბზარვის ჟამს ყველაზე დიდი ცოდვები დაასახელე! – მერმე შეაფიქრა ესოდენმა პირდაპირობამ და ხმას დაუწია: – ის, რაც მიგაჩნიათ…

- ცოდვად და გმირობად! – კაპასი ხმით შეუსწორა დაზაფრულმა აღა-მაჰმადმა და დალეწილ სარკეს ქოშის ჭვინტი გაჰკრა. მხოლოდ ახლა შეჰხედა უხუცესს და უფრო გაავდა. მხცოვანმა თავისი წვერითა და კეხციანი ცხვირით, გამდგარი, რუსებს მიმხრობილი გურჯი მეფე ერეკლე მოაგონა.

- ცოდვად და გმირობად! ნება ცისა და შაჰინშაჰისა! – სარკის გატეხის ხმაზე იყო აწყობილი ერთობლივი ხმაცა და ჩურჩულიც.

აღა-მაჰმადი შეგოროზდა და ავის მზრახველის წვლილვით ჩამოსთვალა…

- ლუტფ-ალი ხანს… ზენდს… ტახტის მაძიებელს, ჩემი ხელით დავთხარე თვალები, შემდეგ მოვკალი და არც ვნანობ! თუნდაც სარკის ბზარვის ჟამს!

- კვლავაც… სარკისა! – როკვა-გოგმანით მოეახლნენ მზორავნი.

- შაჰ-როხს, ნადირ-შაჰის შთამომავალს ამ მარჯვენით დავუშანთე ორთავ სამზერი! ჯალათს შეშურდა ხელობა!

- გაასამე, ხელოვანო, გაასამე გმირული ცოდვა! – წინ წამოდგნენ თვალდაკაკლულნი, სახეაპრეხილნი, ზარდაცემულნი. დიდ ბოროტებას, უკუღმართად, დიდი მნუსხავი ძალა გააჩნია… აღა-მაჰმადმაც არ დააყოვნა…

- ერთმა სარბაზმა სიცოცხლე გადამირჩინა, მაგრამ უტიფრად შემომხედა. თვალები დავაკლებინე, თუმცა მერმე ორი ჯამაგირი გავუჩინე. მადლიერი დამრჩებოდა!

- კმარა! – უკვე ერთობლივად შესძახეს და ხელები ჩხიბვად აღმართეს. – სარკისა, კმარა!

- იქნებ კიდევ აქვს?! მოსასმენი – მოსასმენია! – ჩხიბვა შეაჩერა უხუცესმა.

- კიდევ მაქვს. ვიტყვი კიდევაც! – უკვე კვიმატად ასივილდა შაჰი, თან თვალი გაუყარა უხუცეს მერამლეს, "ესეც ჯიუტია, თავნება ერეკლე – გურჯივით… რქებს დავამტვრევ!” მერმე სარკის ნაბზარი ფიქრი გულში ჩაიტოვა და თხრობა განაგრძო.

- ქერმანის აღებისას დამცინეს გალავნიდან. მაინც ავიღე და დაცინვის ვალი დავადე – მამაკაცთა ოცი ათასი წყვილი თვალი, კარიბჭესთან მომართვეს! იქვე დავათესვინე, ქალები კი მეომრებს მივეც.

- გვეყო თვალი! ახლა სხვა! ხომ არ დაგრჩა რამ დასანანი, ზეცის ნებით უსათნოესო! – მხცოვანი გრძნობდა შაჰის გულგაჯიქებას, მაგრამ შემობრუნება შეუძლებელი იყო, რამლის ყრა დიდი ხანია გადასცდა ბედნიერ კალაპოტს, ახლა იგი უსასტიკესის ხელში იყო, იგი კი თვალდახუჭულად განაგრძობდა:

- – დასანანი? მცირე დანას ვატარებდი და ქერიმ-ხანის ტახტის დარბაზში ძვირფას ხალებს ჩუმად ვჭრიდი! მერმე ვინანე, რომ გავხდი მათი პატრონი, ძველი ფარეშები დავსაჯე!

- კმარა! გვეყოფა! ჩვენცა და ალაჰსაც! – აჩურჩულდა მხცოვანი, – შაჰინ-შაჰის ასეთი გულახდილობა – რისხვასა ჰგავს! გვაშოროს მზემ და მასზე მაღალმა!

- მე არ მეყოფა, მე! კიდევ მაქვს სათქმელი და არც თუ ცოტა! გინდ ცოდვად ჩამითვალეთ, გინდა გმირობად!

- ცოდვის გმირო – ფიქრად ესახა მხცოვანს, ჩურჩულად გამოუვიდა ყურმახვილმა მბრძანებელმა ხელად აიტაცა.

- დიახ, მოხუცო, ცოდვის გმირი ვარ! სარკის გატეხა იყო საჭირო, რომ ასე ღიად მეთქვა! არც მე დამინდეს, ექვსი წლის ბავშვი! – არც მე ვინდობ! მთელი ქვეყანა დამნაშავეა!

ჩია შაჰის ფიქრთა გვემა გახელებაში გადადიოდა. ყველა გასუსული ელოდა შედეგს. მხცოვანმა კვლავ სცადა აგორებული რისხვის მერამლეთაგან აცილება.

- ერთიც ბედისა ბრძანეთ, უბედნიერესო!

- ბედისა?! ყაჯარი ვარ! და ერთიც – უკვე ყრუ, ჭრიალა ხმით დაამატა – ერთიც, რომ მეორედ დასაჭურისება აღარ შეიძლება… ქერიმ-ხან ზენდს მაინც ვერ გადავურჩებოდი… მერმე ცხოვრებას…

ყველამ იგრძნო, რომ რამლის ყრა, განურჩევლად ბოლო ნიშნისა, საზარელშედეგიანი იყო. თუმცა, უაღრესად გაავებულმა შაჰმა, სრულიად მოულოდნელად, "საზარელი შედეგი” გველაძუა ღიმილში ჩამალა და გარეგნულად სრული ბედმორჩილება აიფარა. მხოლოდ შუბლსა და დაღარულ ღაწვებზე ცივი ოფლის წინწკლები სარკის ნამსხვრევებივით ესხა.

მისნობა ბოლოს უახლოვდებოდა. უცოდველი კრავების სისხლი უხვად დაიღვარა. ბეჭის ძვლები გამოშიშვლდა. ყაჯრები თურქმენთა ტომისანი იყვნენ, ათადან-ბაბადან მეჯოგეები, ამიტომ რამლის ყრისას, ყოველ ფარდში და ვარაუდში, კრავის ბეჭის ჭვრეტას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

ყველა მისანმა ცალკე და ერთად განჭვრიტა ცის კამარა და ბეჭის ბედ-ვარაუდი, მაგრამ ვერავინ ვერ გაბედა თქმა. უთქმელობაც არ იქნებოდა.

ბოლოს უხუცესმა გაჰბედა…

- დიდი გამარჯვება… მაგრამ ნისლიანი დღეც გიწერია კავკასიაში! ალაჰი იყოს შენი მფარველი.

- გამარჯვება ჩემზე იყოს! – ისევ წამოგოროზდა შაჰი, საომარ გზაზე ეს იყო მთავარი.

- ესეც მაუწყე, მისანო, რა ფერისაა ნისლი?

ყველა სდუმდა.

- წითელი?

დუმილი გაგრძელდა.

- თეთრი… კავკასიონის იქითა?

- არა! მექის უწმინდესი ქვისა! – მოიარებით გამოსახა მხცოვანმა.

- შავი?! ეს რაღას ნიშნავს? – და რადგან ყველა შეძრწუნებულად სდუმდა, თავად დაამთავრა: – სიკვდილს?!

მხცოვანმა თავი დაჰხარა:

- ალაჰი იყოს შენი მფარველი, ბედნიერო!

- დამცინი?! – შაჰინშაჰს პირისახე სარკესავით დაებზარა.

- ჩვენ მხოლოდ ცისა და ბეჭის მჭვრეტელები ვართ…

- მეტალ შორს, გამარჯვების იქით მჭვრეტელნი… სახიფათოა! – მერმე თავის ამალას გადაჰხედა, – მზერა დაუმოკლეთ ერთობლივ – და ძვალტყავა ხელი მთელ საჩარდახოს მოავლო.

ყველა დადრკა, მხცოვანი კი გამწყრალად წამოიმართა.

- მზეზე მაღალო! ნუ სცოდავ ალაჰს! მისი სიბრძნე განუზომელია! ჩვენ ვერ მივწვდებით მას. მათ შორის უძლიერესი შაჰინშაჰიც”.

- სახიფათო სიბრძნეა! ენაც დაუმოკლეთ! – სხვათაშორისად დაუმატა ამალისათვის. ბერი წვეროსანი სულ შეშფოთდა. გადაბერებულ ჯიუტობით წამოტოტდა.

- ყაჯარო! მოწმე ვიქნები მაინც! – მერმე მხცოვან სიბრძნით დაეჭვდა და შეასწორა: -მე თუ არა – სხვა! მე თუ არა – სხვა!

- თავიც დაუმოკლეთ, წვერი კი დარჩეს მოწმეს! ჩემს მტერს – გიაურს მაგონებს! ისიც მინდა ამ დღეში ვნახო! – უფრო დაწყნარდა, ხმადაბლად ჩაისივილა და თვალი სხვებსაც სჭიდა…

- ყველას თავი! – თითქოს ფეხი წაჰკრა სიტყვას და ადგა.

აღა-მაჰმადი, შინაგანად, თავდაჯერებული, ძლიერი პიროვნება იყო. რაც სურდა, მხოლოდ იმას ირწმუნებდა. ახლაც მისნობის მხოლოდ პირველი ნაწილი მიიღო, მეაორე კი თავად მისნებს გადაულოცა. მაინც ეჭვიანი თადარიგი დაიჭირა, თავის მემკვიდრედ, ფარულად, ძმისწული – ბაბა-ხანი დასახა და ამით ყაჯართა სამეფო გვარეულობას "ძეშემძლე” დასაბამი მისცა… მაგრამ ისე, რომ არავინ არაფერი არ იცოდა, მათ შორის თვით მემკვიდრემაც.

ერთიც დაიმახსოვრა, მხცოვან მერამლის უკანასკნელი შეძახილი. არა, იგი არ ივედრებოდა, არც მოთქვამდა, როგორც სხვები, ორაზროვნად იღველფებოდა.

- ლმობიერო! მოჰკალ შენზე ჭკვიანი, შენზე შორსმჭვრეტელი. მოჰკალ, მაგრამ თვალებს ნუ დააკლებ! ნუ დასთხრი! ბოლოს გიწევს, მაინც გიწევს! ქვეყანა – თვალია! და არც არის თვალზე უდიდე სასწაული!

ეს ყურად იღო, თვალის მშანთავი ხელი, მერამლეთა გარდა, მოიმოკლა და "თვალთმაქცური” მოიძლიერა.

"დავაბა, უნდა დავაბა მტერ-მოყვარე! განსაკუთრებით – ერეკლე – აფთარი!”

თავის ხასიათის, ბრძოლისწინა ვერაგული ხერხები დაატრიალა. ჯერ უამრავი ჯაშუში, ავი ხმებისა და ჭორების მთხზველნი გაუშვა, თავისი და სხვისი ყალბი წერილები ამრავლა. ერეკლე მეფესაც ერთს რომ პირდაპირ, ლიქნითა და მუქარით სწერდა, სამს განგებ თხზულს, მოხერხებულად "ხელში უგდებდა”. აგრეთვე სათითაოდ ბატონიშვილებს, ყველა თავკერძა თავადს "გამორჩევასა და დიდ მფარველობას” ჰპირდებოდა. ყოველ ფიქრს შავი სარჩული ედო, ხმამაღლა თქმულს კი ნისლი დაჰკრავდა.

- არა, თვალებს არავის დავთხრი, გარდა მოხუცი აფთრისა! რუსეთუმე თვალებს არავის შევარჩენ! დანარჩენთ სპარსეთში გავისტუმრებ. რჯული და ჯიში! მეტს არაფერს ვთხოვ! რაღად უნდათ ჩემი წყალობა! რჯული და ჯიში!

მერმე ძერის სისწრაფით წამოვიდა. ნახჭევანი, ყარაბაღი აიღო… შუშის ციხეს შემოადგა, ერევანში თავისი ძმა ალი-ყული-ხანი გაგზავნა. ყველაფერი მზად ჰქონდა და მაინც ელოდა, ყიზლარსა და ასტრახანში ადრევე გაგზავნილ მსტოვრებს. კარგი ამბავიც მოუტანეს – რუსთ დამხმარე ლაშქარი ჯერაც არ იყო ჩამოვლილი.

მაშინ კი მოახტა ცხენს, შუშის ციხესთან მოალყენი დააგდო, თავად კი ოცდაათი ცხენოსნით, საარაკო სისწრაფით, ოთხ დღეში, ტფილისის მიდამოებში გაჩნდა.

მაინც საოცარ წინააღმდეგობას წააწყდა, ვერა და ვერ გაიტანა წინა სანგრების ფარი. სოღანლუღის ვიწროებში ჩაიჩიხა, თითქოს ადგილის ერთან ერთად იბრძოდა ყველაფერი – ქვა, კლდე, მიწა, მდინარე, მიუხედავად ვერაგად ჩათესლილ ღალატის ბუდეებისა.

და სულ რომ ვეღარაფერს გახდა, შაჰმა გახელებული რამ მოიმოქმედა. ადიდებულ მტკვარს მიეჭრა, ერთი უძლურ სიბილწით, მწარსიტყვიანად დასწყევლა და ცხენოსან ლაშქარს გასძახა:

ვინც ვაჟკაცია, მოვიდეს შაჰთან! მე დახრჩობა მირჩევნია, თუ არ მომყევით! – მერმე აზრი იკრიფა და იეჭვა, უფრო საიმედოდ შეამტკიცა თავისი მგზნებარე მოწოდება, – ვინც ნაპირზე დარჩეს, ცალი თვალის დათხრა! – და შავი, თურქმენული ცხენი მტკვარში შეაგდო.

ხელად შეხმუხა ტალღამ მოიტაცა… მაგრამ ცხენმა იძალა, ომახიანად დაიფრუტუნა და ცურვა იწყო, შაჰს სისხლივით თბილი მდინარე შემოადგა… თითქოს აქაც ოცი ათასი წყვილი თვალი იყო გაწყალებული.

- იქნებ მიწია?!” – მისნის ნათქვამი მოაგონდა… – "მაგრამ არა! ჯერ გამარჯვება! ჯერ გამარჯვება!” – გველთევზასავით იხვეოდა ფიქრი და ტალღა.

პირველი სადიხა-მეაბჯრე მიჰყვა… ახლა სხვანიც, ჯერ შიშით, მერმე ურთიერთის წახედულობითა და შეძახილებით.

მტკვარი აივსო მტრის მხედრიონით. მედგრად დახვდა დედა-მდინარე. მისი არეც სანგარზე ბრძოლას დაემსგავსა… სამასზე მეტი მტერი დაახრჩო და გადაათრია! თვით შაჰსაც თვალიც აუჭრელდა და სულის მოთქმაც მიეტაცა. თავბრუ და ფიქრი აერია. სადიხა-მეაბჯრემ იგრძნო, გვერდში ამოუდგა… ხელი შესტაცა, ცხენზე შეამაგრა…

- თვალები დახუჭე! თვალები!.. შაჰინშაჰ!.. ევალაჰ! – მოტეხილ კბილში გასცრა… საერთო ყიჟინსა და ვიშვიშში ძლივს გააგონა.

- არა, მე სხვას ვახუჭვინებ თვალებს! – ჯიუტად აღმოხდა შეჭირვებულს.

- ცას შეჰხედე… მაღლა, ალაჰის სადიდებლად!.. გამარჯვების ცას! – სიტყვა მოუსხვაფერა მონამ, – ცხენს კი მე მივცემ გეზს… გაღმა კლდეებია!

შაჰინშაჰმა "შვების ცას” შეხედა… მზე იყო… მისი მზე, მაგრამ შავზე შავსხივოსანი!.. ახლა თვალები ცაში ჰქონდა, ტანი კი წყალში! და მთელი ტანით იგრძნო – აღვირი ძარღვივით დაიჭიმა… ცხენმა გეზი იცვალა… თან სულ ახლოს, ყურთან… თავდადებულ მეაბჯრის ლოცვა მოესმა, არაერთხელ მისგანვე გაგონილი, გაჭირვებაში კარგად დაცდილი, რომელსაც სულ ორი, ისიც უცნობი და გაურკვევი სიტყვა და კილო ჰქონდა…

- "მუმლი… მუხასაო… მუმლი მუხასაო…”, "ალაჰ!”

… ბოლოს, თითქოს სიკვდილის მიღმა, ცხენმა ფეხი გაჰკრა ნიადაგს… ესეც მთელი ტანით იგრძნო მხედარმა. მალე წყალიც ჩასცილდა კალთებს… უეცრად შესცივდა დასველებულ შაჰს… ცას მოაშორა მზერა და ქვევით დაიხედა.

ოდნავ წინ, ქვედა გვერდზე, სადიხა მოდიოდა ცხენდაცხენ და "ლოცულობდა”. ნაპირის ბაღებიც არცთუ შორს იყო… მწვანე ხეები ხალიფას დროშებივით იდგნენ… შაჰმა იძალა, ჯერ სადიხას გადაუჭირა მათრახი, მერმე თავის ცხენს შემოჰკრა სველი დეზები და წინ გააგდო.

… უკვე ნაპირზე იყო. მალე სხვებიც მიჰყვნენ, შემოადგნენ… თითქოს მტკვარი გაიტანეს ნაპირზე. აღა-მაჰმადი შეგოროზდა და გამყივანი ხმით შესძახა:

- გურჯების მტკვარი გადავთელეთ! წინ… ტფილისი ჩვენია!

სამათასიანი ლაშქარი, შეცივებულ ძახილს მიჰყვა.

ბაღებში მწიფე ხილის საამო სურნელი იდგა, საოცარი მყუდროება და გაღმაურ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ჭრიჭინას ხმაც კი ვერ დაეხშო.

ახლა სპარსნი, აღმასვლით, გაღმაც მოჰყვებოდნენ მტკვარს და გამოღმაც. თითქოს ტყვედ ჩაეგდოთ დედა-მდინარე!

ქართველები, გაღმა სანგრებიდან, შემოვლის მუქარით, უკან-უკან ბრძოლით იხევდნენ. კრწანისის ბოლოში უკანასკნელი სანგარი აძაგრულად იდგა.

აღა-მაჰმადი კვლავ მარჯვენა ნაპირზე, უკვე ჭალის ფონით, უზიანოდ გავიდა. აქ მტკვარი დაშლილად დიოდა.

სადიხა მეაბჯრე ახლა სულ ბოლოში მისდევდა ლაშქარს, იცოდა, რომ მიუხედავად დიდ, იქნებ სასიცოცხლო დახმარებისა, მან განარისხა ჭირვეული ხელისუფალი. თვალი უთამაშებდა აღა-მაჰმადის უახლოეს და იქნებ უერთგულეს მონამსახურს. მან წინდახედულად გადასწყვიტა, ცხელ გულზე, თვალში აღარ მოჰხვედროდა "ირანის თვალს”. ასე, ლაშქრის ნაკადში "მდინარესავით” მიდიოდა.

წინა წყებები უკვე ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულნი…

სადიხა გულმაგარი, შეუპოვარი მებრძოლი იყო, ამითი და ერთგულებით დაწინაურდა შაჰის კარზე, მაგრამ ახლა ერთმა გარემოებამ ძირფესვიანად შესძრა. უფრო მეტიც, უკვე აღმართული ხმალი დააშვებინა.

შემძვინვარებულ ბრძოლის კალოს რომ მიუახლოვდა, განცვიფრდა… თავისიანებს მოსხლეტილი ერთი მუჭა გურჯებისა გააფთრებით იბრძოდა, მარჯვედ იგერიებდა ირგვლივ შემოსეულ რჩეულ თურქმენებს. მაგრამ ეს რას გააკვირვებდა თავადაც მედგარ მებრძოლს… ვაჟკაცმა უნდა იბრძოლოს – თავგანწირვა უმაღლესი ზნეობაა!.. გაუგია – გურჯები მებრძოლი ხალხია! მით უფრო "უკანასკნელ სანგარზე”, დედაქალაქის კართან!.. მაშ ფაფის ჭამას ხომ არ დაიწყებენ?!. მაგრამ გალობენ თუ ლოცულობენ ხმალის დავლურთან ერთად?! ან ვინ წაართვა სადიხას ლოცვა? ერთადერთი ბავშვობიდან შემორჩენილი?! ან ვინ ასწავლა ამათ?.. გურჯებს?!

ყური გაფაციცებით მიუგდო… არა, არ სცდება…

- "მუმლი მუხასაო… გარს ეხვეოდაო…”

აჰა, გაგრძელებაც ჰქონია ამ ლოცვას?!. გაუგებარი, მაგრამ უდაო… ხმლებსა და სანგრებში ნაპოვნი გაგრძელება! ომის ორომტრიალში მარცვალ-მარცვალ დაჭერილი და ბრძოლის ბუკზე უფრო ნაგრძნობი!

"მუმლი ჰქრებოდაო… მუმლი წყდებოდაო…

ხე არ ხმებოდაო… ხე არ ხმებოდაო!..”

… ნეტავ რას ნიშნავს ომის ღვიძილში, მებრძოლთ კბილებში გაცრილი ლოცვა?

… და ნუთუ ეს ქართული ლოცვაა?.. მერმე სად გურჯი და სად ბელუჯი! მაშ – იგიც – სადიხაც გურჯი ყოფილა?! ნაგურჯალი და არა ნაბელუჯარი, როგორც აქამდე იცოდა, ტყვედ წაგვრილმა ოთხი წლის ბალღმა, ასტრაბადში, ყაჯართა ხანების ყულად გაზრდილმა. მერმე აღა-მაჰმად საჭურისის ხელის მსახურად შერჩენილმა, მხოლოდ მან, გამრჯემა და თავდადებულმა, ყოვლად უშიშარმა და მარჯვემ, შესძლო ეჭვიანი აღა-მაჰმადის შერწმუნება, მისი ფათერაკიანი ცხოვრების მონური გაზიარება და ნდობის დამსახურება.

აღა-მაჰმადმა წყალობა არ იცოდა! დასაჩუქრებას ყველას ვალად და ქრთამად მიუთვლიდა. მაგრამ დაფასებით კი ფრიად აფასებდა საჭირო ხალხს. არც იშორებდა. სადიხასაც გულღჯუდ არჩევდა და ხელახლო ჰყავდა.

ერთმა შემთახვევამ, ცრუმორწმუნე შაჰს, საბოლოოდ "დაუდასტურა” სადიხას ლოცვის მაგიური ძალა. მისი შინაარსი ან წარმომავლობა არც ერთმა არ იცოდა.

შაჰის ტახტისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში, ყაჯარს, საერთოდ უშიშარს, შიში ჩაუვარდა გულში. უკანასკნელ ზენდთან, ნადირ-შაჰის შთამომავალთან, ვერაფერს გახდა. ეს მეორედ მოადგა ქაშანის გალავანს. ახლაც ამაოდ. მაშინ "საღალატო მასალა” – ოქრო და მუქარა დაატრიალა ფარულ მეკავშირედ, თავისი მეაბჯრე – სადიხა გაუშვა. მისივე "ლოცვა” დაუდო ნიშნად… და აი, შუაღამისას, ყველაზე მოშორებულ და მიუვალ კარიბჭის მინარეთზე, გაისმა "მუმლი მუხასა”. კარიბჭეც გაიღო. აღა-მაჰმადი მაშინად, ისევე როგორც აქ, მტკვარზე, პირველი შეიჭრა ქაშანში. ამ ალაყაფს მერმე "ტახტის ალაყაფი” უწოდა.

…მტკვრისპირა სანგარზე და ზედა გორაკებზე ბრძოლა შეუპოვარი ძალით გიზგიზებდა. ხელჩართული ომის უთავბოლო სხეული ზათქითა და ზრიალით იდრიკებოდა, ბორიალობდა, სისხლიანად დაალაჯებდა. ყველა და ყველაფერი მოძრაობდა – კაცი, ცხენი, მიწა, წყალი… ქალაქის გალავანი თუ შემოგარენი… დიდი, ფიცხელი ოდიგარი უსაშველო დოლაბივით ბრუნავდა.

სადიხა კი ბრძოლის პირას გაშეშებულად იდგა, გაჩხიბული და თითქოს შუაზე გაპობილი. გულის სიღრმიდან, მეხსიერების ფსკერიდან, მიწისძვრასავით, ფორიაქი მოდიოდა და აძრწუნებდა…

"ვის ვებრძვი, ვის? ჩემს ლოცვას? ერთადერთს… თურმე აქედან შემორჩენილს?! ამ ლოცვის გამჩენთ მოვუხტი და ვსპობ?!

მალე "ლოცვა-გალობა” შეწყდა. აღარც ერთი "მგალობელი” აღარ იყო ცოცხალი. ირგვლივ ოდრიკალ-ოდრიკალად ეყარა გვამთა სიმრავლე, ბრძოლის შუაცეცხლმა კი ქალაქისკენ გადაინაცვლა.

გვამთა ოდრიკალებს მიჰყვა სადიხა. ახლა კი თავგამეტებულ სირბილით მიჰყვა… არა ეს დაგვიანებულის იერიში არ იყო, არც ჩამორჩენილის ხელის გამოღება. ლოცვადაკარგულ ადამიანის უნებური ლტოლვა იყო, იქითკენ, სადაც ახლა უკვე შემეცნებულად თავის "ლოცვის” ძირი ეგულებოდა. კაცი მისდევდა ომში ჩაძირულ ლოცვას…

ქალაქი ქუხდა. ჯერ კიდევ ქუხდა. მაგრამ ძველმა მებრძოლმა იგრძნო, რომ "მისი პატრონის” ლაშქართსიმრავლე უკვე იშლებოდა ფრთებში. ზედა მხრიდანაც წამოადგნენ ბრძოლის ცერებზე შეტრიალებულ კრწანისს.

"ლოცვადაკარგული მებრძოლი”, როგორც იქნა, მისწვდა აღა-მაჰმადის გაშლილ დროშებს. იგი, აღა-მაჰმადის მეაბჯრე, აქ უნდა ყოფილიყო თავიდან, მაგრამ პირველად თავის სიცოცხლეში იგრძნო, რომ ეს ადგილი მისთვის, არსებითად, მოღალატის ადგილი ყოფილა!

იგრძნო და სულ აირია.

- სადიხ! შაჰინშაჰთან! – ცხენი მოაგდო შაჰის ფარეშმა, ხუდადამ, – სად ხარ? გიკითხა!

უეცრად, გულის მორღვეულ კარს, თითქოს დიდი, შავი ხუფი დაედო. ყველაფერი დაადუმა. სმენისა და თვალის მიღმა დასტოვა. ვაგლახ! სადიხა ნაგურჯალს სხვა გრძნობებიცა და სახსრებიც გააჩნია, მაგრამ შაჰის სახელი ყველაფერს ჰფარავს. აქვს კეთილშობილური მოყვასობაც, მტკიცედ მებრძოლი მკლავიც, ჯანიც, დაკუნთული მსხვილძვალა სხეულიც. მაგრამ შაჰის კარზე ჩატეხილი კბილის სუსხიც შეუცნობლად მაინც ახლავს. მაინც ახლავს! აქაც, "ლოცვის ომშიაც”… სადიხასაც ჰქონია თავისი კრწანისი, თავისი მტკვარი… ისიც კაცი ყოფილა და არა "ძვლების გუდა”, "მონობის ცოცხალი ხორცი!”

… მაგრამ შაჰის სახელი ყველაფერს ჰფარავს!

სადიხა აკოჭლებულ ცხენს მოახტა და შაჰინშაჰის გორაკს მიაშურა. ჩატეხილმა კბილმა ყველაფერს სძლია.

- ჩემთან იყავ… მალე აბანოში ვიქნებით! – მოუბრუნებლად გადმოსძახა ჩია შაჰმა და შუბოსან თურქმენებს შეუძახა.

სადიხამ ვერ გაიგო რა… "სისხლის აბანოს” თუ გულისხმობს? ნუთუ კიდევ აკლია სისხლი?!

ზედაც გორაკის ძირობებს, არწივის რიხითა და შუილით ჩამოუქროლა ზეიდლის აბჯარში მჯდარმა ტანმკვრივმა, თეთრწვეროსანმა და მისმა მოზრდილმა გუნდმა. მათი მოსვლა თამამი და მეხის ძალისა იყო. სახნისივით გადიოდნენ, მერმე თელავდნენ მომხვდურთ. თურქმენებიც ისევ გორაკზე შემორეკეს.

- ეგ არის მეფე ერეკლე! – შაჰს მოახსენა გაფითრებულმა ჯავად განჯელმა, ზედაც შაჰის "შავი მეგზურები” – ძმები შაჰნაზარები ზარდაცემულნი მოცვივდნენ…

- მეფე ერეკლე მოდის!.. ერეკლე – გურჯი!

- ათას სარდალში გამოვიცნობ! იქნებ გავეცალოთ?

- ამ გადაბერებულს დამიხედეთ?! მე მებრძვის ეს მოხუცი?! – ანჩხლად შეჰკივლა აღა-მაჰმადმა და ჯავადს, უკვე ჩუმად, სულ უცნაური რამ შეეკითხა: – რამდენი შვილი ჰყავს ამ ბებერ ფოცხვერს?

- 18…

- თვრამეტი?! – გული მოეწეწკა საჭურისს, – კიდევაც ამიტომ იბრძვის ასე! მაგას კი დავთხრი თვალებს! ცხელი აბანოც ვეღარ უშველის!

… ქართველებმა კი შაჰის დროშას მოატანეს… აღა-მაჰმადი სულ გავეშდა…

- ნასახჩ-ბაშების მთელი ლაშქარი წამოაყენეთ! ვინც უკან დახეული ნახონ ყიზილბაშნი – იქვე გაწყვიტონ!.. ერეკლე კი შემიპყარით! ჯილდოდ ნახევარი ტფილისის ქონება! – მთელი ლაშქარი შეუსია… სრული მარქაფი დასძრა. უკან დასახევიც გადაუწურა.

- ერეკლეს შეპყრლბაში – ნახევარი ტფილისის ქონება!.. ჯილდო – ტფილისის ქონება! – ყიჟინებდნენ შაჰის შათირები.

"ქონება” კი ჰქუხდა, ცეცხლის ენებად იღველფებოდა და სრულიადაც არ სურდა "არც განახევრება” და არც "ალაფად დარჩენა”.

ერთი ყუმბარა შაჰის ცხენს მოხვდა და თავი მთლიანად წააცალა. ჩია კაცი სულ მოიკუნტა და ქართულ მიწაზე ზღართანი გაიღო.

ამალოსნები მისცვივდნენ. მუსიფოდენა ცოცხალი და უვნებელი აღმოჩნდა. სადიხამ, შაჰის მარქაფას მოყვანამდე, თავისი ცხენი, თავისი ხელით მიართვა, მაგრამ თვალებში კი აღარ შეუხედავს. ჩატეხილი კბილი ენას დააჭირა და კვლავ ჩამორჩა. თითქოს მასაც დასთხარეს თვალები… ვეღარაფერს ჰხედავს, გარდა დიდი შავ-თეთრა, ზოლებ-ზოლება მოძრაობისა… შავები მიიწევენ… ზღვავდებიან, გარს ერტყმიან… ეხვევიან… თეთრები კი დნებიან, თოვლივით დნებიან… წითლად, თითქოს ყაყაჩოებად კი ეფინებიან, ტანით ჰფარავენ, გარინდებულად ეფერებიან კრწანისის დათქერილ მიწას.

- შეიპყარით, არ გაუშვათ! – გამყივანი ხმით კიოდა აცახცახებული აღა-მაჰმადი, მან საოცრად აკვიატებული, მიბორკილი ფიქრი იცოდა… ამ აკაფულ-ჩაკაფულ ომის ორომტრიალშიციაც მხოლოდ ერთს – "ჯმუხა თეთრწვეროსანს” ჰხედავდა და გრძნობდა…

… და მაინც ესმოდა სადიხას…

- წაგვივიდა! წაგვივიდა!.. გაკაფეს და გავიდნენ! არ დაინდოთ არავინ! კვინიხამდე ადიოდა მკაწრავი ხმა… – ტფილისს თქვენს ნებაზე მოგცემთ!

… სადიხა კი ახლა სხვანაირად ჰხედავს… წავეთი – უამრავი მუმლი ყოფილა… ტფილისი კი "მუხასავით” დგას. მუმლი ეხვევა მუხას… აუხსნელად გაიგო, შინაგანად მიხვდა… თუმცა თავადაც მუმლია ამჟამად! იმუმლა! თურმე არ იცოდა და იმუმლა!.. ვაგლახ! რაღა "მუხასავით” არის ტფილისი, როდესაც მებრძოლები, კისკასა მებრძოლები შემოეხარჯნენ! შემოაცვდა ქალაქს ცოცხალი ჯავშან-გალავანი!. და… ვაგლახ, აღარც თუ შორს არის თავადაც, აბჯარშელეწილი და მაინც მომხიბვლელი და მჭექარე!

…ახლა ჩია შაჰისა და გურჯი დედის შორის აღარც მთელი სანგარია, აღარც ცოცხლად დარჩენილი ადგილის კაცი… აღარც სანუგეშო მანძილი… მკვდრები კი სწორედ იმიტომ არიან მკვდრები, რომ ხმლებს ვეღარ იქნევენ სამშობლოს სახსნელად!.. ვაი რომ მუმლი სძლევს მუხას!.. სადიხა თავად ჰკლავს თავის ლოცვასა და სალოცავს!.. ლოცვასა და სალოცავს!

… რა ვუყოთ, რომ უსადიხოთაც აიღებდნენ ტფილისს… ისიც ხომ მათ შორისაა! იმუმლა! საჭურისის – საჭურისი ყოფილა, ვაჟკაცი და საღ-სალამათი კაცი!

… მზე ჩადიოდა, როდესაც გამარჯვებული და მაინც ჩია, ტფილისში შევიდა. ქალაქი უკვე იწოდა. უბან-უბან სროლა-ბრძოლა და ძარცვა-გლეჯა მძვინვარებდა. გალავანზე მეზარბაზნენი უკვე ხელჩართულად იბრძოდნენ, ხიდთან და ვიწრო ქუჩის თავებში განწირულთა შერკინება გრძელდებოდა… ქალთა და ბავშვთა კივილი ღრუბელივით ეკიდა.

შეგოროზებული შაჰი უკვე ფეხმაღალა "გამარჯვების ცხენზე” იჯდა. სიხარულს ვეღარ ჰფარავდა… ჩალეული სახე ღიმილში უფრო დამანჭოდა… თვალებში კი ტფილისის ხანძრების ანარეკლი ენთო.

"შაჰის ნაჯდომი ცხენი” აღა-მაჰმადმა სადიხას უკან "უწყალობა” და აბანოში გაგზავნა.

- ჯერ მეფის აბანო! გოგირდისა! ბუნებით ცხელი!.. შენ ლოცვასავით ჯადოსნური ძალისა!.. კიდევაც იმიტომ, გურჯ ერეკლეს, ამდენი შვილები?! – ახლა თავმოყრილ სარდლებს მიუბრუნდა: – ხალხი თეირანს წამომისხით! მაგათი ჯიში მჭირდება! ჯიში და ჯილაგი!.. ესენი ცოტა მეტნი რომ იყვნენ – ქვეყანას დაიპყრობდნენ!.. ნახეთ მაგათი ბრძოლა?!

მართლაც, ჯერ აბანოში წავიდა. მოიწონა მარმარილოში ჩასმული, თაღებად მოპირკეთებული, მრავალ წყაროდ მოჩუხჩუხე… თბილმა გოგირდოვანმა სუნმა, გამარჯვებულს, ომის "სურნელი” უფრო გაუმახვილა და მოასურვილა.

არვინ იახლა გარდა სადიხასი… ხუდადა-ფარეშს ერეკლეს ქოშები დააძებნინა, მერმე ისიც გაუშვა…

თავად გაიხადა… ასეთი ჩვეულება ჰქონდა… შიშველი სხეულის დანახვას ყველას არიდებდა. თავისი ტანშიშველობის სიძულვილი ბავშვობიდანვე ჰქონდა შერჩენილი… აქ ბუდობდა განუკურნებელი ტკივილი.

სადიხა შეაბჯრული ადგა თავზე და არ უმზერდა… იცოდა ეს ამბავი და თავის თვალებს უფრთხილდებოდა.

ერეკლეს ქოშები ედიდა… აქაც დაუმეტოქა ფიქრი…

"ფეხიც ჩემზე დიდი ჰქონია!.. მიწაზე კი მე უფრო მყარად ვდგავარ!.. მხოლოდ შთამომავლობა?!”

ქოშათრევით მივიდა, მაგრამ გოგირდოვან წყალში რომ ჩაწვა, თავისი უძლური და კაფანდარა სხეული ძლევამოსილად მოეჩვენა. ნებიერად გაიზმორა, ცხენზე ჯდომით მოღლილი ტანი მოანებივრა.

არც ქისა ინება, არც საპნის ჰაეროვანი ქაფი. წვრილ ნესტოებს ჰბერავდა და მარად ცხელ წყალს შემპარავად ეალერსებოდა, თავისი ცხოვრების უდიდესი გამარჯვების მომპოვებელი შაჰი, აქ თავმოქაჩლებულ მთხოვნელად ქცეული, რაღაცას ევედრებოდა, შემომდგარ, ცხელ საამო ბუშტუკებიან "ჯადოსნურ ძალის” წყალს.

ზურგშექცეულმა სადიხამ ინიშნა, რომ უძლეველი შაჰი, უძლურებისგან განკურნებას მოელოდა და წამოდგომას აგვიანებდა.

დერეფნებსა და მოსაცდელებში სარდლები და დიდკაცები ელოდნენ ჩია მობანავეს. იგი, ჯერ არნახულ სიმაღლეზე იყო… ვინ იცის – რას ინებებდა?!

გარენთ, ქალაქში ტყვევნა-ძარცვა, სასოწარკვეთილი შებრძოლებაც გრძელდებოდა… მაგრამ ყველას რიდის თვალი აბანოსაკენ ჰქონდა. ვინ იცის – რა "სასწაულით” აღნიშნული გამოვიდოდა ერეკლეს აბანოდან, მზეზე მაღალი ჩია?! რა კილოს მისცემდა საქვეყნო საქმეს!

დიდხანს ანებივრა სახელოვან წყალში საჭურისმა თავისი სხეული… მაგრამ "სასწაული”

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1391 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 1.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები