ხუთშაბათი, 28.03.2024, 22:32
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 2 » ზაზა ფირალიშვილი – “ქართული პოლიტიკის თეატრალური დიალექტიკა”.
21:39
ზაზა ფირალიშვილი – “ქართული პოლიტიკის თეატრალური დიალექტიკა”.

რიჩარდ მესამე, მხატვარი ზურა ბალანჩივაძე.


ზაზა ფირალიშვილი – Zaza Piralishvili

"ქართული პოლიტიკის თეატრალური დიალექტიკა” (ფრაგმენტები წიგნიდან)

საქართველოში გამოჩნდა თაობა, რომელიც არ ეგუებოდა ფუნქციონალური ნიღაბი-რეკვიზიტის მდგომარეობას და სოციო-თეატრალური არტახებისაგან გათავისუფლებაზე ზრუნავდა. ეს თაობა უკვე მზად იყო რომ ჩვენთვის ქართული სახელმწიფოებრიობის თავისი ვერსია შემოეთავაზებინა. ყალიბდებოდა ახალი საზოგადოებრივი რეალობა.



პირველი და მეორე პოლიტიკური სუბ-კულტურები, მართლაც, ანტიპოდები იყვნენ. ისტორიული დიალექტიკის გარდუვალობით, მეორეს უნდა დაეოკებინა და ყალიბში მოექცია ის ვიტალური ძალები, რომელთა გამოღვიძებასაც ზვიად გამსახურდიაში სიმბოლიზებულმა პირველმა მთელი თავისი ენერგია შეალია. ქართული საზოგადოებრივი სოციალური ინსტიქტი ერთზეც და მეორეზეც ჭკვიანი აღმოჩნდა – ორივე გამოიყენა იმდენად, რამდენადაც ეს ისტორიული თერაპიისათვის იყო საჭირო.


ამ თვალსაზრისით, მან უკიდურესი პრაგმატულობა და ულმობელობაც გამოამჟღავნა.
ამგვარ თერაპიას თავისი კანონები აქვს. ის, რაც ისტორიული აქტორის დადებით კაპიტალად გვეგულებოდა, სულ რამდენიმე ხანში უარყოფით კაპიტალად და, უფრო მეტიც, მის წინააღმდეგ ყველაზე სერიოზულ არგუმენტად შეიძლება მოგვევლინოს.


სწორედ ასე მიიმართა ეროვნული მოძრაობის შემართება მისსავე წინააღმდეგ და ასე მიიღო სტაბილიზაციამ კორუმპირებული სტაგნაციის მნიშვნელობა. ერთიცა და მეორეც, ანბანური დიალექტიკის თანახმად, მათშივე მიმალული და განაბული კარიკატურული ორეულის სახით საკუთარ უარყოფას გულისხმობდა.

მათი კულტურული და მსოფლმხედველობრივი რესურსები ამოწურული აღმოჩნდა. აუცილებელი იყო რაღაც ახალი – ის, რაც ძალზე ზოგადად შეიძლება გამოიხატოს (და მესამე თაობის პოლიტიკური წრეების მიერ გამოიხატა კიდეც) ფორმულით "საზოგადოების ზნეობრივი განახლება”. ცხადია, ეს იდეა მხოლოდ მის წიაღში არ შობილა და მითუმეტეს მესამე სუბკულტურა არ ფლობდა მასზე მონოპოლიას.

იგი, აშკარად თუ ფარულად, ყოველთვის იყო თვითგამოხატვის ადექვატური ფორმების მაძიებელი კულტურის უმთავრესი დინამიკური ძალა, თუმცა მას მრავალი ყალბი და დროებითი სამოსის ტარება მოუწია და მომავალშიც მოუწევს მანამ, სანამ პირდაპირ და უშუალოდ განაცხადებდეს საკუთარი უფლებების შესახებ. უფრო მეტიც, თითოეული პოლიტიკური სუბკულტურა სწორედ ზნეობრივი განახლების იდეით იწყებდა, მაგრამ, საბოლოოდ, ამ იდეას პოლიტიკურ კონიუნქტურასა და ძალაუფლების ინტერესებს სწირავდა მსხვერპლად.

ეროვნული მოძრაობის წლებში ეს იდეა უპირველესი მიზნის – დამოუკიდებლობის იდეის ჩრდილში მოექცა, ხოლო შემდგომ – სტაბილიზაციისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა. ორივე შემთხვევაში ვითარებები თითქოს უფლებას გვაძლევდა, რომ რაღაც უფრო მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევის გზაზე ზნეობისა და რაციოს კანონების მიღმა დავრჩენილიყავით.

ნიშნეულია, თუ როგორი გაავებით იქნა აღქმული მერაბ მამარდაშვილის განცხადება, რომ მისთვის, როგორც ქრისტიანისათვის, ჭეშმარიტება ყველაფერზე მაღლა იდგა, მათ შორის ეროვნულის იმ პაროდიულ გაგებაზეც, რომელსაც არაერთხელ შევეხეთ.


მერაბ მამარდაშვილივე მუდმივი სამიტინგო განწყობილებების შექმნას ბოროტებად მიიჩნევდა თუნდაც იმიტომ, რომ ამით ადამიანთა გონებას ლოზუნგების – თავისთავად ცხადი, ზნეობრივ თუ ლოგიკურ რეფლექსიას მოკლებული და იოლად აღქმადი ფორმულების ტყვეობაში აქცევდა. მართლაც, თუ დაგისვამდნენ კითხვას: "როგორ, შენ ეროვნული დამოუკიდებლობა არ გინდა?” ან, უფრო მოგვიანებით, "შენ, რა, არ გინდა ქვეყანაში სტაბილიზაცია სუფევდეს?” გონება უნდა გახევებულიყო და ამ უზენაესი მიზნების წინაშე წარმდგარს ყველაფერზე თვალი დაეხუჭა _ თითქოსდა შესაძლებელი იყოს, სადმე და ოდესმე დიდ ისტორიულ ამოცანებზე ზრუნვა ზნეობისა და გონების კანონების გარეშე.

თითქოს, ერთიცა და მეორეც იმგვარი ფუფუნების საგანი იყოს, რომელიც თუ გაქვს კარგია, ხოლო თუ არ გაქვს, არც ამით დაშავდება რამე, რადგან მთავარი მაინც რაღაც სხვაა.
ეს არ არის უმნიშვნელო რამ.

ჩვენ კიდევ დიდხანს მოგვიწევს იმის გააზრება, თუ რა წვლილი მიუძღვის ბოლშევიზმს ღირსების გრძნობას მოკლებული პლებეური მორალის გაბატონების საქმეში და იმისაც, თუ რა როლი შეასრულეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა, რომ ეს პლებეიზმი ახალი გარემოებებისათვის მოერგოთ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მერაბ მამარდაშვილი, უფრო სწორად ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი ერთი-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის გამონათქვამი მის შესახებ: ეს კაცი თავისი ინტელიგენტური გულუბრყვილობით პოლიტიკაში ჭეშმარიტებას ეძებსო.

ახლა ისიც გავიხსენოთ, თუ როგორ აცხადებდა 2003 წლის ნომემბრის შემდგომ დამხობილი ხელისუფლების ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომ თურმე საიდუმლო კავშირში იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან. სწორედ ასე იქმნება ის ზნეობრივი თუ სააზროვნო პირველნიმუშები, რომლის ტირაჟირებასაც ახდენენ უბრალო ადამიანები და შედეგად ჩვენი ცნობილი ბაზრობების მორალს ვიღებთ, თავისი მცირეწლოვანი მეძავებითა და გაყალბებული სასწორებით.
ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი რიგითი წარმომადგენელის სულში სრულიად ჯანსაღი ინსტიქტი ყოველთვის ბადებდა და ბადებს განცდას იმისა, რომ "ასე აღარ შეიძლება გაგრძელდეს” და რომ თუკი რაიმეს ვსაჭიროებთ პირველ რიგში, ვსაჭიროებთ ზნეობრივ განახლებას. ამის გარეშე პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება კვლავ და კვლავ ჯადოსნურ წრეში მოექცევა.

ამ განცდის ყველაზე ზუსტი მანიფესტაცია 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები იყო. რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ მიმართულმა თავდაპირველმა პროტესტმა თანდათან დაკარგა პოლიტიკური კონტურები და ჩვენც ოქროს საუკუნის დადგომის წინათგრძნობით მონუსხულები გამოვხატავდით ერთად ყოფნის სიხარულს – იმას, რაც უკვე დიდი ხანი იყო არ გამოგვეხატა.

ის, რაც მაშინ ხდებოდა მთავრობის სასახლის წინ, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პრობლემის მოსაგვარებლად და ისტორიის მიმართულებათა შესაცვლელად, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ ჩვენს არსებობას რაღაც უზენაესი გამართლება ეძლეოდა.

ჟილ დელიოზი თავის "კონტროლსა და ქმნადობაში” წერს იმ ნიშანდობლივ განსხვავებაზე, რომელიც რევოლუციის მომავალ ბედსა და ადამიანთა რევოლუციურ ქცევას შორის არსებობს: სწორედ რევოლუციური თვითგამოხატვა აძლევს ადამიანს შანსს, თავი დააღწიოს ყოველდღიურ რუტინაში მიმალულ ბოროტებას, სირცხვილს თავისი უმნიშვნელო არსებობის გამო და თამამად განაცხადოს საკუთარი არსებობის შესახებ.

რევოლუცია, ამ აზრით, სხვა არაფერია, თუ არა მარადი განახლებისაკენ მიმართული რიტუალური აქტი; ამიტომ იგი თავისთავად არის ღირებული და არა იმ შედეგების გამო, რომელიც მოაქვს.


ყოველივე ეს შეიძლება ითქვას იმ პროცესების შესახებაც, რომლებიც 2003 წლის შემოდგომაზე განვითარდა. წმინდა კულტუროლოგიური აზრით მნივშნელობა არა აქვს, თუ ვინ და რა მიზნით დადგა მარადი განახლების პოლიტიკური სპექტაკლი ან, საერთოდ, დადგა თუ არა. ზუსტად ასევე, მნიშვნელობა არა აქვს, ამ რევოლუციურ კარნავალს რაიმე რეალური შედეგები მოჰყვა თუ არა.

მთავარი ის არის, რომ ჩვენს ადამიანებში, მიუხედავად განვლილი ათწლეულების განმავლობაში გადატანილი ტრაგედიებისა, იმედგაცრუებებისა, ტერიტორიების დაკარგვისა, მიუხედავად პოლიტიკოსების სრულიად უკეთური მცდელობებისა, თავისი მიზნებისათვის გამოეყენებინათ მათი გულუბრყვილო და მით უფრო ძლიერი რწმენა, რომ ამქვეყნად რაიმე მაინც შეიძლება სასიკეთოდ შეიცვალოს, ადამიანებს არ დაუკარგავთ ის ინფანტილური იდეალიზმი, რომლის გარეშეც შეუძლებელია ამქვეყნად არსებობა.

პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ განახლების ამ ფარული მოლოდინის სიმბოლიზება მესამე პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა იკისრა. უბრალო ადამიანებმა კი მას ისევე გამოუცხადეს ნდობა, როგორც მცირე ხნის წინ წინა ორს უცხადებდნენ.

როგორც ვთქვით, ამ ეტაპზე, 21-ე საუკუნის დასაწყისში საზოგადოებაში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია იმ ადამიანების რაოდენობამ, ვისაც ადრე თავისუფალი სუბკულტურის წარმომადგენლები ვუწოდეთ და ვინც უკვე ვეღარ შეეგუებოდა ცოცხალი სურათების ალს ობ სიცოცხლეს. ჩვენ კიდევ დიდხანს მოგვიწევს იმის გააზრება, თუ როგორია ამ სოციო-კულტურული ფენის გენეზისი.

მასში ერთნაირად არის თავმოყრილი ზვიადისტური განახლების სული და შევარდნაძისეული პოლიტიკური სკოლის ტრადიციები – როგორც პერსონალიების, ისე ზოგადი პოლიტიკური სულისკვეთების აზრით. ფაქტობრივადაც მისი კრეაცია მრავალი გზით ხდებოდა. ერთის მხრივ, თავად ედუარდ შევარდნაძეც ზრუნავდა ამ კატეგორიის ადამიანების წინა პლანზე წამოწევაზე. მას შეუძლებელია არ სცოდნოდა, რომ სულ მცირე ხანში ნომენკლატურული ფსიქოლოგიური ტიპი პოლიტიკურად ვეღარ გაამართლებდა.

ამიტომაც იყო აუცილებელი მის მიერ დადგმული ცოცხალი სურათების გალერეისათვის ახალი დეკორაციების ფრთხილი და თანამიმდევრული შემატება. თავდაპირველად მან ეს მოახერხა კიდევაც იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებმაც მოგვიანებით ლამის ბუკვალური სიზუსტით განახორციელეს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მარადი ინფანტილი ლიდერის განჩინება _ გამოვიყენოთ შევარდნაძე, მისი საერთაშორისო კავშირები და შემდეგ თავიდან მოვიშოროთო.

არსებობს მისი მესამე წყაროც: ეს ის ადამიანებია, ვინც ეკონომიკური გაჭირვებისა გამო თუ გნათლების მისაღებად უცხოეთის ქვეყნებში წავიდა და იქ ის სოციალური ჩვევები შეიძინა, რომელთა დეფიციტმა ბევრწილად განსაზღვრა ჩვენი საზოგადოების ადაპტაციური კრიზისი. ალბათ, კიდევ ბევრი წყაროს დასახელება შეიძლებოდა, მაგრამ მთავარი, ალბათ, ის არის, რომ ამ სოციო-კულტურული ფენის სახით თავს იყრიდა და დღემდე იყრის ძალზე მნიშვნელოვანი ისტორიული რესურსი, რომელმაც უახლოეს წლებში უნდა განსაზღვროს, თუ საით წავა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.


ასე იყო თუ ისე, უკვე ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევრისათვის თავი იჩინა საზოგადოებრივმა ტიპმა, ვისთვისაც ძველი პოლიტიკური რეჟისურა უძრავ და გაქვავებულ ფორმების ტყვეობას ნიშნავდა. საზოგადოებრივი ძალები უნდა გათავისუფლებულიყო და თავიდან მოეშორებინა ის პერსონები თუ ჯგუფები, ვინც ამ ტყვეობას განასახიერებდნენ.

გამოჩნდნენ ისინიც, ვინც ამ პროცესების სიმბოლიზება იკისრეს და ცხადია, საშუალო ყოველდღიური ქართველიც სრულიად გულგრილად მოეპყრო შევარდნაძეს – კაცს, რომელსაც სულ ცოტა ხნით ადრე დიდი იმედები დაუკავშირა.

ისტორიულ დინამიკაში მოვლენები ასე განვითარდა:
სააკაშვილს და მის გარემოცვას კარგად ჰქონდათ გააზრებული შევარდნაძის ხელისუფლების სუსტი მხარეები.

მათ ესმოდათ, რომ ამ ეტაპზე მთავრობის სხდომების ესთეტიკა ეკონომიკური სტაგნაციის, გადაუჭრელი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებისა და გამოუვალობის გამძაფრებული განცდის პირობებში იოლად იწვევდა გაღიზიანებას და, ბუნებრივია, მკვეთრად უარყოფით პოლიტიკურ კაპიტალს ქმნიდა. ამ სიტუაციაში განახლების იდეის მატარებელი აგრესიული პოლიტიკური აქტორი სწრაფად გამოაცოცხლებდა მიზანსცენას და იოლადაც მოექცეოდა ყურადღების ცენტრში.


სააკაშვილის ხმაურიანი განცხადებები მთავრობის სხდომებზე შევარდნაძის განსაკუთრებული როლის რწმენისა და ქარიზმის ნგრევასა და ხელისუფლების ეროზიის დასაწყისს მოასწავებდა. მოსახლეობის საპროტესტო განწყობილებამ, ადრე რომ მარგინალური პოლიტიკური პერსონაჟების პირით მეტყველებდა, ადექვატური გამხმოვანებელი პოვა.

რიგითი ადამიანები იმდენად მზად დახვდნენ მის გამოჩენას, რომ თითქმის შეუმჩნეველი დარჩა ისეთი ინფანტილური უხერხულობანი სააკაშვილის ქცევაში, როგორიცაა სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკით აღჭურვის მუდმივი მცდელობები – გავიხსენოთ უცნაურ საპარადო ფორმაში გამოწყობილი საპატიო ყარაულის დაყენება იუსტიციის სამინისტროს წინ; სახელმწიფო დროშისა და გერბის მუდმივი ფონი მისი სატელევიზიო გამოსვლებისას, მისი მცდელობები, მუდმივად გამარჯვებასთან და წინსვლასთან ყოფილიყო ასოცირებული.

კიდევ შეიძლება გავიხსენოთ რუსთავის ციხის აშენების ისტორია, საზეიმოდ რომ ამცნეს ჩვენს საზოგადოებას და, როგორც ნოემბრის მოვლენებიდან სულ ცოტა ხანში გახდა ცნობილი, დაუმთავრებელი ყოფილა. უნდა შექმნილიყო შევარდნაძის მთავრობის ისეთი წარმომადგენელის სახე, რომელსაც არსებული კორუფციისა და უძრაობის პირობებშიც კი შეეძლო აღმშენებლობა.

გავიხსენოთ მუდმივი ალუზიები გამსახურდიასთან და სტალინთან – ამ უკანასკნელის გასამყარებლად საკუთარი მეტყველების გაჯერება სიტყვებით:”ციხე”, "ჯარი”, ”მოვსპობთ”. კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო უზრუნველყოფას კი თან მოჰყვა "მდიდარს ართმევს ღარიბს აძლევს” ფორმულაში მოქცეულ სამართლიან გმირთან ასოციაციები. შედარებით გვიან ამ იდეოლოგიურ კონტრაპუნქტს ზვიად გამსახურდიას წიგნიდან "საქართველოს სულიერი მისია” ნასესხები რამდენიმე თემა დაემატა.

არაფერს ვიტყვით არასამთავრობო სექტორის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებასა და პოლიტიკურ მოძრაობაში ჩართული სტუდენტური ორგანიზაციების გრანტებით უზრუნველყოფაზე. ყოველივე ეს განახლების, საკუთარი ბედის სადავეთა ხელში აღების ემოციურმა მუხტმა გადაფარა და ეს ასეც უნდა მომხდარიყო.

როგორც აღმოჩნდა, შევარდნაძისა და მისი გარემოცვის პოლიტიკური ესთეტიკა არავის უტოვებდა შანსს, რომ ამგვარი უხერხულობანი შეემჩნია. მეორე მმართველი ფენა ისე მყარად მოერგო უარყოფითი სოციალური სიმბოლოს როლს და ისე დაკარგა ნდობა, რომ უბრალო ადამიანების ნებაყოფლობითი სიბრმავე მისი მოწინააღმდეგეების მიმართ სრულიად ბუნებრივი რამ ჩანდა.
შევარდნაძე, რომელიც ყოველთვის ახერხებდა საკუთარი პოლიტიკა ასე თუ ისე ადექვატური შემსრულებლებით უზრუნველყო, თავისი მმართველობის ბოლოს უკვე ისეთ საკადრო შეცდომებს უშვებდა, რომ თავის სასარგებლოდ ერთადერთ არგუმენტსღა ტოვებდა: ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა ქვეყნის განვითარებაში, თუნდაც ხელისუფლება სრულიად უუნარო იყოს, ახალი საეჭვო ისტორიული ექსპერიმენტის წამოწყების ტოლფარდია – რევოლუცია არ შეიძლება მოხდეს. საშუალო ყოველდღიური ქართველისთვის ამგვარი განცხადებები უკვე საკუთარი და ქვეყნის პერსპექტივაზე უარის თქმის ტოლფასი იყო.

ყველაფერ ამას თუ დავუმატებთ უკვე ნახსენებ ფაქტორს: შევარდნაძის მიერ საინფორმაციო სტრატეგიის უგულებელყოფასა და, შესაბამისად, ჩვენი ეპოქისათვის (როგორც მას უწოდებენ, საინფორმაციო ომების ეპოქისათვის) უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის დეფიციტს, შეუძლებელია, არ აღიარო, რომ 2003 წლის ნოემბერში მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. შევარდნაძის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები უკვე საკმაოდ კარგად ფლობდნენ საინფორმაციო სტრატეგიებს და წარმატებით ამუშავებდნენ საზოგადოებრივ აზრს, მათ საკმაოდ კარგად ჰქონდათ შესწავლილი ხელისუფლების რღვევის ფარული და აშკარა მექანიზმები.

შევარდნაძე კი ამ ვითარებაში ინფორმაციის მხოლოდ მარგინალურ ან უკვე მარგინალიზებულ საშუალებებს უწევდა კონტროლს; არადა, საინფორმაციო ომების ეპოქაში საინფორმაციო ვაკუუმი და კაბინეტური ინტრიგები ჰაერში მუშტების ქნევასღა ემსგავსება . რიგით ქართველს განახლებისკენ სვლა სურდა და მას ეს შესთავაზა კიდეც კაცმა, რომელსაც მისი ნდობის მოპოვების უნარი აღმოაჩნდა.


რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, იგი იდეალურად მოერგო კარნავალური პოლიტიკის კანონებს. იგი მაჰიპნოტიზირებელი სილაღით იცვლის ნიღბებს: არსენასი (ისევ და ისევ, "მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს” მეტაფორის კვლავ და კვლავ გაღვიძებით); სტალინისა (მისი და სტალინის დაბადების დღეების დამთხვევაზე მუდმივი აპელირებით და სახელმწიფო მოხელეთა მიმართ ულმობელობის დემონსტრირებით) და სხვ.

იგი კარნავალური ტიპის მოთამაშეა და თავის მეტოქეებს თითქმის არ უტოვებს შანსს, რომ ნიღბების ამ უწყვეტ ცვალებადობაში მიაგნონ იმ უცვლელ და მყარ წერტილს, რომელსაც დაუპირისპირდებიან.

ეს არის განვლილ მოვლენათა ზოგადი მოდელი. ხოლო ყველაფერი, რაც მომავალი განვითარების შესახებ შეიძლება ითქვას, მხოლოდ გარკვეულ ინტუიციებსა და იმ პროვინდენციალურ გარემოებათა გამოძახილს შეიძლება დაეფუძნოს, რომელიც ახალ ხელისუფლებას დახვდა ან მან თავად მოიტანა.

რამდენადაც იოლი შესაძლებელია, რომ ეს ინტუიციები ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების რეალურ პროექტებად იქცეს, ღირს მათზე შეჩერება. სხვაგვარად თუ ვიტყვით, შეიძლება მსჯელობა იმ ფორმებზე, რომლებშიც ხელისუფლებას მოძრაობა მოუწევს და იმ ბედზე, რომელიც ამ ფორმებმა შეიძლება განსაზღვრონ.


ჩვენი ისტორიის პირველი ორი ფაზა ჩათავებულია და მათი ფუნქციონალური განსაზღვრა ქვეყნის ისტორიაში არ არის ძნელი საქმე. მესამე კი ახლა, ჩვენს თვალწინ იქსოვება. სანამ მისი უკანასკნელი შტრიხიც არ გამჟღავნდება, მთელი ჩვენი საუბარი მისი ბედის შესახებ მხოლოდ ახალშობილის ჰოროსკოპის შედგენას ჰგავს.

და მაინც, ჩვენ უნდა ვცადოთ მისი შედგენა და ეს უკანასკნელიც ყველა სხვა ასე თუ ისე დამაჯერებლად შედგენილი ჰოროსკოპის მსგავსად, მხოლოდ იმ კონტურებს თუ მონიშნავს, რომელშიც ახალშობილს მოუწევს მოძრაობა.

მაშასადამე, ახალი პოლიტიკური სუბკულტურა, უპირატესად, საზოგადოების ზნეობრივი განახლების იდეამ შვა. საქართველოში მოხდა ეროვნული რევოლუცია, როდესაც დამოუკიდებლობის შესახებ განვაცხადეთ, რეფორმების გატარების შედეგად მოხდა ეკონომიკური და პოლიტიკური რევოლუციები, ასე თუ ისე ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივი ცხოვრების ფორმები, მაგრამ ჯერ კიდევ სუსტი იყო ის, რის გარეშეც ყოველივე ამას თავისი მყარი ფუნდამენტი არ ექნებოდა – საზოგადოებრივი განახლების იდეა. შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციური დუღილი 2003-ში სწორედ მისი სინონიმური იყო.

არადა, ამასობაში ქვეყანამ რეალური ისტორია შეიძინა. 1991 წლის შემდეგ ჩვენ თავი დავაღწიეთ ისტორიულ ჩიხს, იმ მსოფლმხედველობრივ მღვიმეს, რომელშიც ნებით თუ უნებლიეთ მოვექეცით. საბჭოთა ეპოქის აწმყო სულის სინათლეს მოკლებული უმეცარი ადამიანების მიერ გამოძერწილი ფანტასმაგორიებით იყო დასახლებული და წარსულსაც უცნაური ფუნქციონალობა ჰქონდა.

იგი იქცა აწმყოზე შურისძიების ფორმად, სულ უფრო და უფრო დამყოლ კომპენსატორულ მატერიად. არსებითად, საქმე გვქონდა არა წარსულთან, არამედ – ისტორიასთან, რომელმაც ბოლშევიკური კოშმარებისაგან გათავისუფლების წმინდა წყლის უტოპიური ფუნქცია შეიძინა. ამ ვითარებაში ზნეობრივი განახლების იდეას ეთნო-მითოლოგიური ფანტომების გაცოცხლების იმთავითვე განწირულ მცდელობათა დანიშნულება მიეცა.

მეორე პოლიტიკური თაობის თანმხლები უტოპია სტაბილიზაციის იდეა გახლდათ. ეს უკანასკნელი კი, პირველ რიგში, ისტორიული ვნებეათაღელვის დაშოშმინებას ნიშნავდა. ამას მოჰყვა ძველი და მობეზრებული სახეების სიმრავლე ხელისუფლებაში, ამ უკანასკნელს – საბჭოთა სინამდვილის წინაშე კაპიტულაციის ფარული თუ აშკარა განცდა და შედეგად საზოგადოების ზნეობრივი განახლების იდეის ნაცვლად მისი ტლანქი სიმულაციაღა შეგვრჩა, რამაც დიდწილად განსაზღვრა კიდეც საზოგადოებრივი ძალების პარალიზება შევარდნაძის მმართველობის პირველი წლებიდანვე.

როგორი არაადექვატურიც არ უნდა ყოფილიყო ეს ძალები, მათი პარალიზება ყველა შემთხვევაში ცუდად მოუბრუნდებოდა თავად შევარდნაძეს, მოუბრუნდებოდა როგორც საზოგადოებაში გამეფებული უიმედობა და სასოწარკვეთა. ასე მოხდა კიდეც. უფრო მეტიც, შევარდნაძე, მთელი თავისი მიზანდასახულებების მიუხედავად, ამ უიმედოობის სიმბოლოდ იქცა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაფორმდა 2003 წლის ნოემბრის მოვლენათა ლიდერებთან განხეთქილება.


მესამე სუბკულტურა დომინანტურ მდგომარეობას იძენს მას შემდეგ, რაც ქართული კულტურის სივრცეზე პირველად ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გაჩნდა და საზრისი შეიძინა მომავალზე ორიენტირებულმა და ზნეობრივი განახლების იდეის მატარებელმა პროექტმა. თითქოსდა ქართულმა კულტურამ პირველად განაცხადა ღიად, რომ იგი მომავალზეა ორიენტირებული და, მაშასადამე, განახლება ხელეწიფება.


ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თუ შეიძლება ითქვას, კარნავალური პოლიტიკური ცხოვრების ეპოქა დადგა. ძველი და ახალი ნიღბები უკვე თავბრუდამხვევი დინამიკითა და რიტმით ითრევენ მაყურებელს. თუკი რაიმე მომწიფდა ქართულ საზოგადოებაში, ერთ-ერთი სწორედ მკვდარი პოლიტიკური ლანდშაფტების გაცოცხლებისა და გახევებული კორუფციული სტრუქტურების დამსხვრევის წყურვილი იყო.

სწორედ ამ, რევოლუციური ელემენტის შემცველ პოლიტიკურ ჟანრს შეეძლო ულმობლად დაემსხვრია არსებული უსიცოცხლო ნაგებობები და ახალი პერსპექტივები გაეთავისუფლებინა. კარნავალი ხომ იმის კარნავალია, რომ იგი ამსხვრევს სოციალურ, ეკონომიკურ, უფრო მეტიც, მეტაფიზიკურ პირობითობებს, უგულებელყოფს სოციალურ ინერციათა ძალმოსილებას და ადამიანებს თავისუფალ სივრცეში თავისუფალი მოძრაობისაკენ მოუწოდებს.

ადამიანები იჯერებენ, რომ ყოველდღიურობის დამთრგუნველი რუტინა და გაქვავებული, დამთრგუნველი და ვალდებულებების კარკასზე აგებული სინამდვილე აღარასოდეს მობრუნდება. ამიტომაც არის კარნავალი რევოლუციის ნათესაური, უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთის სიმულირებას ახდენენ. ის, რასაც რევოლუცია სისხლით აკეთებს, კარნავალი თამაშის ფარგლებში აქცევს.

ამავე დროს, თუ რევოლუცია ახალ ისტორიას უდებს სათავეს, კარნავალი ისტორიიდან განდგომა და ოქროს საუკუნეში ალს ობ არსებობაა. ჩვენს სიტუაციაში – იმ მოვლენების დროს, რომლებიც 2003 წლის ნოემბრის ბოლოს გათამაშდა – ვფიქრობთ, ამ ორ ფენომენს შორის საზღვრები მოიშალა. კარნავალის სანახაობრივი პათოსი (კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ მოვლენების კონსტრუირება ხდებოდა სატელევიზიო ეკრანის მეშვეობით და რომ დიდწილად საქმე ვირტუალურ სანახაობასთან გვქონდა) ახალი ისტორიის დაწყების სურვილს შეერწყა.

ნიღბებისა და თამაშის ესთეტიკა (ცოცხალი ჯაჭვი, ვარდები, მომღერლები) და რევოლუციური პათოსი (აქა-იქ გაელვებული იარაღი, ძველი პირობითობების ახლით ჩანაცვლება, დროის ათვლის შეცვლა, ხეების გადაკაფვით ქალაქის სახის რიტუალური შეცვლა და სხვანი) ერთ სივრცეში მოთავსდა. შედეგად მივიღეთ ის, რასაც ყოველი დროის რევოლუციონერები აკეთებდნენ და რისი ანალოგიც იოლად შეიძლება მოვიძიოთ სხვაგანაც და სხვა დროშიც.

რუსეთის ბოლშევიკური რევოლუცია და მთელი 20-იანი წლებიც ხომ საკარნავალო ესთეტიკის კანონებით ვითარდებოდა. განსხვავებას კი ქმნის ის, რომ ჩვენში სიმძიმის ცენტრმა თამაშისა და საინფორმაციო სივრცის, როგორც თავისთავადი სუბსტანციის მოდელირების მხარეს გადაინაცვლა. რევოლუცია თავისი კლასიკური სახით პოლიტიკურმა კარნავალმა ჩაანაცვლა.

___
კულტურულ ნაკადთა უცნაური ზედდებით იმ მოვლენებმა, რომელთაც თვალს ვადევნებდით, დიალექტიკური სინთეზის ნიშნები მიიღო: რომანტიზმისაგან მან პრეტერისტული ტერმინოლოგია, მასობრიობა და ერთიან ემოციურ ქსოვილში ჩართული ადამიანების დინამიკა ისესხა, ხოლო ცოცხალი სურათების ესთეტიკას საიფორმაციო ომის ტექნოლოგიებით შექმნილი ნიღბებით დაუკავშირდა (აქედან არის ამ ტექნოლოგიების ის სიჭარბე, ჩვენი პოლიტიკური ატმოსფერო რომ გაჟღინთა).

ამგვარ ვირტუალურ საინფორმაციო-პოლიტიკურ სივრცეში ყველაფერი ვითომცდა (ისევ და ისევ ალს ობ) ხდება, იგი თამაშის სუბსტანციით აიგება და მის ფარგლებში მოძრაობს. იქნებ, ამიტომაც არ დაღვრილა რევოლუციის დღეებში სისხლი, რადგან ეს ჟანრის წესების დარღვევა და სიმძიმის ცენტრის რევოლუციისაკენ გადანაცვლება იქნებოდა.

რაც ყველაზე პარადოქსულია, თავად მეორე პოლიტიკური თაობა თავისი მოუქნელობის მიზეზით აღმოჩნდა რევოლუციის გიგანტურ ინსცენირებაში, ერთგვარ სატელევიზიო-ვირტუალურ რევოლუციაში ჩართული. უფრო მეტიც, მიუხედავად ნოემბრის გამოცდილებისა, აჭარის ლიდერმაც ვერ დააღწია თავი ამ კოლექტიურ როკვაში მონაწილეობის, უფრო კი კონტრკარნავალის ინსცენირების ცთუნებას. მისი მარცხიც, როგორც ჩანს, ამით ბევრად განისაზღვრა.


უკვე ვთქვით, რომ ვინც საინფორმაციო სივრცის ინჟინერიას მართავს, ისტორიულ პროცესებში ხშირად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე თავად პოლიტიკური აქტორები. უკანასკნელნი უმალ ინსტრუმენტებია ამ დამპროექტებელ-დემიურგთა ხელში.


სწორედ აქ არის ჩამალული იმ საფრთხეთაგან ერთ-ერთი, რომელმაც ახალი პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი მნიშვნელოვნად შეიძლება განსაზღვროს: თუ შენარჩუნდა ეს ტენდენცია, ის, რაც განახლების იდეის მატარებელი უნდა ყოფილიყო, თავის ინვოლუციურ გამოვლინებეში რიგითი მოქალაქისათვის იოლად შეიძლება იქცეს ქვეყნის ვირტუალურ აღმშენებლობად, უფრო მეტიც, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე აგებული ავტორიტარიზმის ფორმად.

ჟან ბოდრიარი "ამერიკაში” მსგავსი ფენომენების თაობაზე წერს, რომ სწორედ საზოგადოებრივი აზრის სარეკლამო რეგულირებას უნდა უმადლოდნენ თანამედროვე მთავრობები ერთგვარ მეტასტაბილურობას. სისუსტენი, სკანდალები, მარცხი აღარ მთავრდება მათთვის კატასტროფით. მთავარია, რომ ხელისუფლება ნდობას აღძრავდეს და საზოგადოებაც ადექვატურად აღიქვამდეს იმ ძალისხმევას, რომელსაც ამის მისაღწევად მიმართავენ.

აქ ბოდრიარი მთავრობათა სარეკლამო იმუნიტეტს პოპულარული სარეცხი საშუალებების სარეკლამო იმუნიტეტს ადარებს.


ამასთან, ბოდრიარს, ჩანს მხედველობაში აქვს იმგვარი სიტუაცია, როდესაც მსგავსი სარეკლამო-ვირტუალური მეტასტაბილურობა სოციალური პირობების რაღაც მინიმუმით არის უზრუნველყოფილი. ჩვენს შემთხვევაში ხანგრძლივად საზოგადოებრივი აზრის სატელევიზიო რეგულირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

სიმძიმის ცენტრის გადატანა "პურიდან” და "სანახაობიდან” მხოლოდ "სანახაობაზე” იმ შემთხვევაში თუ გაამართლებს, თუ მასთან ერთად საზოგადოებრივი კონსენსუსის შექმნელი რაიმე მძლავრი იდეა უზრუნველყოფს საზოგადოებრივ კონსენსუსს.

პოლ ვალერი თავის ესსეში ”დიქტატურისათვის” აღწერს, თუ როგორი მაცთური შეიძლება აღმოჩნდეს ომის იდეა ამგვარ სიტუაციაში მმართველისათვის _ თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, არა რეალური ომისა, არამედ კვლავ და კვლავ ერთგვარი სატელევიზიო-ვირტუალური პიზიციური ომისა პერიოდული მკვეთრი მოძრაობებით.


საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობამ ბოლო დროის განმავლობაში სწორედ ამგვარი საინფორმაციო-ვირტუალური ომის სახე მიიღო და რუსეთის ხელისუფლებაც თავისი მოუქნელობითა და თავდაჯერებულობით ისევე აღმოჩნდა ამ ომში ჩათრეული, როგორც თავის დროზე შევარდნაძე და აბაშიძე. მათაც ვერ აუღეს ალღო პოლიტიკურ ხდომილებათა სიმძიმის ცენტრის გადანაცვლებას საინფორმაციო სივრცეში, როდესაც თითქმის შეუძლებელია განასხვავო რეალური ომი და ომის სიმულაცია, დაძაბულობა და მისი სიმულაცია.


იმ სიტუაციაში, როდესაც დასავლეთი სულ უფრო და უფრო ხმამაღლა გამოთქვამს შეშფოთებას რუსეთში მიმდინარე პროცესების გამო (ბოლო ხანებში პუტინის ინტრონიზაციაზეც კი ლაპარაკობენ, თუმცა,

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1189 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები