ხუთშაბათი, 25.04.2024, 08:42
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 2 » გიგა ზედანია – უცნობის საქართველო.
21:46
გიგა ზედანია – უცნობის საქართველო.

                                Chamber - პალატა. მხატვარი ალექს ბერდიშევი.


გიგა ზედანია – Giga Zedania

უცნობის საქართველო

წინამდებარე ტექსტში შევეცდები გავარკვიო, რა დგას იმ ვიზუალური თუ აუდიო ფრაგმენტების უკან, რომლებსაც \”საკანი N5\” მოვკრავთ ხოლმე თვალსა და ყურს.

მაყურებლისთვის ცხადია, რომ შოუ გამოწვეულია არსებული სიტუაციის მიმართ სასტიკი უკმაყოფილების გრძნობით და, ასევე, ოცნებით უკეთეს საქართველოზე. სწორედ იმის განხილვა მინდა, თუ როგორია უცნობის საოცნებო საქართველოს მახასიათებლები.

მე სამი ასეთი მახასიათებელი დავინახე:

ა) პრო-რუსული პოლიტიკა. უცნაური შედეგი გვაქვს სახეზე – სანამ რუსეთი მხოლოდ არაპირდაპირად იბრძოდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რუსეთის სასიკეთოდ ხმას ვერავის ამოაღებინებდი. ახლა დაგვმბომბა, დამატებითი ტერიტორიები წაგვართვა, მოქალაქეები დაგვიხოცა და დაგვიწიოკა – და უცებ პრო-რუსული დისკურსი ნიაღვარივით მოაწყდა ქართული მენტალობის ნაპირებს.

ზოგიერთი ახლად გაჩენილ ბლოკ-პოსტებს ღვთის ნების გამოხატულებად მიიჩნევს, ზოგიც რუსეთთან ორასმეერთეჯერ შეთახმებისა და შერიგების აუცილებლობაზე საუბრობს. რაშია საქმე? მოდით, თავი დავანებოთ დიდ რუსულ კულტურაზე აპელირებას. ჩინური კულტურა კიდევ უფრო დიდია და დიადი, მაგრამ რაღაც არ მახსენდება ჩინეთთან დაახლოების შესახებ ლაპარაკი.

იქნებ ჩვენ დიდ რუსულ კულტურას ვიცნობთ უკეთესად? სულაც არა. \”საკანი N5\”-ის შესახებ ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა, სინამდვილეში გადაცემას \”პალატა N6” უნდა ერქვასო. ხუმრობის არსს ვერ ჩასწვდა თითქმის ვერავინ, მათ შორის ვერც შოუს ვერც ერთი ფანი – პირიქით, უსწორებდნენ, ნომერი ექვსი კი არა, ნომერი ხუთი უნდა გეთქვაო.

რუსული კულტურა აქ არაფერ შუაშია – ადამიანები, ვინც დღეს პრო-რუსულ არჩევანს აკეთებენ, ცნობიერად ირჩევენ რუსულ სახელმწიფოს. ოღონდ გაუგებარია, რა პრინციპით. რუსული იმპერიალიზმი ხომ იმით განსხვავდება, მაგალითად, ამერიკული \”რბილი ძალისაგან\”, რომ მის უკან არაფერი დგას, ტანკების გარდა. ამერიკის უკან კი დგას: დემოკრატია, მაკ-დონალდსი და კოკა-კოლა, ჰოლივუდი, პოპ-მუსიკა, ბოლოს და ბოლოს, დღემდე ყველაზე ძლიერი ეკონომიკა. იგრძენით განსხვავება?

კიდევ ერთი პარადოქსი – ის ადამიანები, რომლებიც რუსეთთან მორიგებაზე ლაპარაკობენ, სააკაშვილის ხელისუფლებას ხომ იმიტომ ებრძვიან, რომ ის, მათი აზრით, არადემოკრატიულია? და მაშინ რატომღა ირჩევენ ისინი რუსეთის სახელმწიფოს პრივილეგირებულ პარტნიორად? ნუთუ ეს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს?

როცა ვთქვი, პრო-რუსულ არჩევანში რუსული კულტურა არაფერ შუაშია-მეთქი, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კულტურის მნიშვნელობას ვაკნინებ. უბრალოდ იმ კულტურას, რომლის მიმართაც უცნობის შოუში ნოსტალგიას ვგრძნობთ, რუსული არ ჰქვია. ესაა:

ბ) საბჭოთა კულტურა. აქ მე სიტყვა \”კულტურას\” ვიყენებ, როგორც საზოგადოებრივი პრაქტიკების ერთობლიობას და არა როგორც ბალეტისა და ოპერის აღმნიშვნელ ტერმინს. საბჭოთა კულტურა (საქართველოში სპეციფიკურად სამხრეთულ კულტურულ პრაქტიკებთან გადაჯაჭვული) – აი, ნოსტალგიის მთავარი ობიექტი.

საკანი, როგორც კარგი ადამიანების ადგილი (როგორც ქურდულ სიმღერაშია : \”აბა ყვავებს ვინ დაიჭერს, კარგო, გალიაში ბულბულები ზიან\”; ქურდების იდეალიზაცია ნოდარ დუმბაძის პროზაში); ერთი მხრივ, \”ინტელიგენტური\” და, მეორე მხრივ კი, \”ქურდული\” თუ \”კაიბიჭური\” მეტყველებების გადაჯაჭვა (ციტატა ვაჟადან და, იმავე დროს, \”ატვეჩაი ვარ\”); \”კაი ბიჭობისა\” თუ \”კაი კაცობის\” ის აპოლოგია, რომელიც ძალიან აახლოვებს უცნობის საქართველოს ნაცნობის საქართველოსთან – კაი კაცობისა, რომელმაც მხოლოდ ნათესაურ-ახლობლურ-კლანური სივრცე იცის და საჯარო სფეროზეც ამ სივრცის გადატანა სურს – ესაა კულტურის ელემენტები, რომლის დაკარგვისაც ეშინიათ.

ეს საბჭოთა კულტურა გარკვეული ადეკვატურობის მატარებელი იყო ტოტალიტარულ სახელმწიფოში, სადაც ის პროტესტის რაღაც – თუმცა არცთუ ისე პროდუქტიულ – ფორმას წარმოადგენდა. მოდერნული სახელმწიფოსთვის ასეთი ტიპის კულტურა (რომელიც თამამად შეიძლება შევადაროთ სამხრეთ იტალიურს, თავისი მაფიითა და განუვითარებელი სამოქალაქო ცნობიერებით) მხოლოდ და მხოლოდ ხელისშემშლელია.

გ) დესეკულარიზებული საზოგადოება. არ იფიქროთ, რომ სათანადოდ არ მესმის რელიგიის როლი ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანს ცხოველისაგან სულ რამდენიმე სფერო განასხვავებს. ესენია: რელიგია, მეცნიერება, ხელოვნება, პოლიტიკა და სიყვარული (თორემ ჭამა და შეწყვილება შიმპანზეებსაც სიამოვნებთ).

მაგრამ რითი განსხვავდება თანამედროვე საზოგადოება შუა საუკუნეობრივი საზოგადოებისგან? თანამედროვე საზოგადოებაში ზემოთჩამოთვლილი სფეროები ერთმანეთისაგან გამოყოფილია.

ადამიანი ისე ხატავს, რომ არ სჭირდება, დამორჩილდეს ეკლესიის მითითებებს; ისე იკვლევს სამყაროს, რომ არ სჭირდება იმის გათვალისწინება, თუ რას ამბობს ამაზე ბიბლია და ა. შ. ეს გამოყოფა-დიფერენციაციის პროცესი გულისხმობს რელიგიის გადაქცევას ადამიანის პირად საქმედ. ამ პროცესს ეწოდება სწორედ სეკულარიზაცია

. ამის საპირისპიროდ, პროცესს, როდესაც რელიგია ისევ ტოტალური ხდება და საზოგადოების ყველა სფეროზე ვრცელდება, დესეკულარიზაციას უწოდებენ ხოლმე. არ არსებობს შესაძლებლობა, ერთსა და იმავე ქვეყანაში ერთდროულად ლიბერალურმა დემოკრატიამაც გაიხაროს და ანტი-სეკულარულმა ცნობიერებამაც გაიმარჯვოს. ან ერთი, ანაც – მეორე.

მოკლედ, თუ ამ რეალითი-შოუს მთავარი პერსონაჟის სამეტყველო ფრაგმენტებისა და თავად გადაცემის ესთეტიკის ერთმანეთთან შეხამებას შევეცდებით, მივიღებთ იდეოლოგიურ წარმონაქმნს, რომელიც ზემოთაღწერილი სამი მომენტით ხასიათდება.

რამდენად გავლენიანი შეიძლება იყოს ეს ახალი იდეოლოგიური კონსტრუქტი?

აქ ორი პასუხი შეიძლება: პესიმისტური და ოპტიმისტური.

პესიმისტური სცენარი ისტორიულ ანალოგიას ეფუძნება: ირანში ისლამისტური რევოლუცია, რომლის შედეგადაც ქვეყანამ უარი თქვა დასავლური განვითარების გზაზე, სწორედაც რომ დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდა; კერძოდ, აიათოლა ჰომეინი, რომელიც გადასახლებაში იმყოფებოდა, საკუთარ ქადაგებებს ირანში მაგნიტოფონის კასეტებით ავრცელებდა. ამან სასურველი შედეგიც მოიტანა.

ოპტიმისტური სცენარი კი თეორიული პოსტულატიდან ამოდის – მედიის თეორიის ერთ-ერთი ფუძემდებლური თეზისი იმაში მდგომარეობს, რომ მედიუმი არის მესიჯი, ფორმა არის შინაარსი; ადამიანს შეიძლება უნდოდეს ერთადერთი და განუმეორებელი პოლიტიკური შოუს მოწყობა, რომელსაც შედეგად რევოლუციური ძვრები ექნებოდა, მაგრამ, რაც არ უნდა ილაპარაკოს მან – მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ფორმატიდან გამომდინარე, სწორედ იმის გამო, რომ ფორმას საკუთარი მეხსიერება აქვს, რომელიც შინაარსისაგან დამოუკიდებელია – ეს შოუ აღქმული იქნება, როგორც კიდევ ერთი რეალითი-შოუ, როგორც \”ჯეო-ბარისა\” და \”ამტანების\” გაგრძელება. იმავე პრაქტიკული შედეგებით.

არსებობს საზოგადოებები, რომელთა განვითარების დონეც ცივილიზაციის მიღწევებს, ასე ვთქვათ, \”არადანიშნულებისამებრ\” იყენებს. მედია შეიძლება გარკვეულ საზოგადოებებში დემოკრატიისა და ლიბერალიზმის წინწამწევ ძალად კი არა, კოლონიური დამოკიდებულებისა და ფუნდამენტალიზმის დამკვიდრების მოტივად იქცეს. ვნახოთ, მიეკუთვნება თუ არა საქართვველო ასეთი საზოგადოებების რიცხვს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1052 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები