პარასკევი, 29.03.2024, 10:20
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 2 » გიგა ზედანია – ჟან-ლუკ გოდარის ”უკანასკნელ ამოსუნთქვაზე”.
21:50
გიგა ზედანია – ჟან-ლუკ გოდარის ”უკანასკნელ ამოსუნთქვაზე”.

                            Jean-Luc Godard ”Breathless”.

გიგა ზედანია – Giga Zedania

ჟან-ლუკ გოდარის ”უკანასკნელ ამოსუნთქვაზე”

ამ წერილის დაწყება იმდენნაირად შეიძლება, რომ პირველი წინადადების დაწერა ცოტათი მიჭირს.

შეიძლება იმით დამეწყო, რომ 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ”უნიკინოში” ნაჩვენები იქნება ჟან-ლუკ გოდარის ყველაზე ცნობილი ფილმი.

აკადემიური დასაწყისი ალბათ იქნებოდა, რომ მეთქვა, ფილმი ფრანგული "ახალი ტალღის” დასაწყისს წარმოადეგენს-მეთქი. შემდეგ უნდა მელაპარაკა რევოლუციაზე კინოში, რომელიც ამ ფილმა გამოიწვია საკუთარი ნოვატორული ტექნიკითა და ახალი ესთეტიკით, შემედარებინა ის ისეთი ფილმებისათვის, როგორებიცაა ტრიუფოს ”ოთხასი დარტყმა”, რენეს ”ჰიროშიმა” და რივეტის ”პარიზი ჩვენ გვეკუთვნის”.

მაგრამ მე კინომცოდნეებისთვის არ მინდა წერა. მე მინდა იმ ადამიანებს მივმართო, რომლებსაც ფილმი უყვართ, თუმცა ბოლომდე ვერ გაუგიათ.

არ იქნებოდა ცუდი დასაწყისი შედარება სხვა ფილმთან, მაგალითად, ამ ფილმისავე რემეიკთან. შეიძლებოდა თქვენთვის გამენდო, რომ დიდი ხანია მინდა რუბრიკის გაკეთება: "როგორ ვუღალატოთ ორიგინალს”.

რუბრიკის ქვეშ გამოვაქვეყნებდი სტატიებს, რომლებშიც ორიგინალის განსაკუთრებულად ბრიყვულ და სასტიკ ღალატზე იქნებოდა საუბარი; მაგ., ნაბოკოვის "ლუჟინის დაცვა” და რომანის მიხედვით 2000 წელს გადაღებული საშინელი ფილმი, რომელი თავდაყირა აყენებს რომანის ფორმასაც და შინაარსაც; ან ჰემინგუეის "ფიესტა”, თავისი ხაზგასმული ემოციური სიძუნწით და რომანის 1957 წლის სენტიმენტალურზე სენტიმენტალური ეკრანიზიაცია; შეიძლებოდა აქვე მეხსენებინა ფილმები, რომლებიც არ გამოვიდა სწორედ იმიტომ, რომ მათი რეჟისორები დათრგუნულნი იყვნენ იმ ფილმის სიდიადით, რომლის რემეიკსაც აკეთებდნენ – მაგალითად, გუს ვან სენტის 1998 წლის ”ფსიქო”, მასზე გადაფარებული ჰიჩკოკის დიდზე დიდი აჩრდილით.

და სწორედ ამ კონტექსტში მომეხსენიებინა 1983 წლის ”Breathless” – ფრანგული კლასიკის ბრიყვული ამერიკული რემეიკი, რომელიც ძირითადად ქალ მაყურებლებს რჩებათ მეხსიერებაში ახალგაზრდა რიჩარდ გირის შიშველი უკანალის კადრის გამო. ეს დასაწყისი არ იქნებოდა მოკლებული გონებამახვილობას, მაგრამ გოდარის ფილმი ნამდვილად იმსახურებს სერიოზულ განხილვას.

ამიტომ მაინც სხვაგვარად დავიწყებ – სიუჟეტის გახსენებით. წვრილი განგსტერი მიშელ პუაკარი (ჟან-პოლ ბელმონდო) მანქანას გაიტაცებს, დადევნებულ პოლიციელს მოკლავს, პარიზში მცხოვრებ ამერიკელ შეყვარებულს, პატრიციას (ჯინ სიბერგი) მიაკითხავს, მასთან ერთად გაურბის პოლიციას, სანამ ეს შეყვარებული მას არ დაასმენს, რის შედეგადაც მიშელი იღუპება. ასე მოყვებოდა ფილმს ჩვეულებრივი მაყურებელი; ასე იყო ჩაფიქრებული ფილმის სცენარი – სხვათა შორის, ფრანსუა ტრიუფოს მიერ, ტრიუფოსი, რომელიც, ერთი მწარე ენის კომენტატორის შენიშვნით, როგორც რეჟისორი ისეთ ფილმებს იღებდა, რომლებიც ეზიზღებოდა როგორც კრიტიკოსს (გოდარიც, ტრიუფოც, რომერიც, შაბროლიც იწყებდნენ როგორც კინოკრიტიკოსები, განთქმულ ჟურნალში ”კაიე დიუ სინემა”.

ეს ის ჟურნალია, რომელსაც წარუმატებლად ცდილობენ აყიდინონ ფილმის ერთ ეპიზოდში მიშელ პუაკარს). მაგრამ გოდარი – განსხვავებით ტრიუფოსაგან – არ იღებს სენტიმენტალურ ფილმებს ვნებების დამანგრეველ ძალაზე. გოდარი რეჟისორი-მოაზროვნეა, მისი გაგებისათვის საჭიროა მიჰყვე ყველა იმ ციტატასა თუ მინიშნებას, რომლებიც საოცარი ოსტატობითაა მიჩქმალული.

დავიწყოთ ციტატიდან – მიშელი ჩაუვლის პოსტერს, რომელზედაც წერია სიტყვები: ”იცხოვრე ხიფათიანად”. გაგახსენდათ? ესაა ნიცშეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა (თავის დროზე სარტრი, გაღიაზიანებული ახალგაზრდა რეჟისორის ფილმებში ციტატების სიჭარბით, მისთვის დამახასიათებელი მომაკვდინებელი გონებამახვილობითა და უსამართლობით აღნიშნავდა: ”გოდარის ფილმებში იმიტომაა ამდენი კულტურა, რომ თვითონ გოდარს კულტურა საერთოდ არ აქვს”).

ვინაა ნიცშე? ნიცშე პირველია, ვინც აღმოაჩინა, რომ მისი თანამედროვე სამყარო, მთელი თავისი კულტურითა და ფასეულობებით, სიცარიელეზე იდგა. არაფერს, რაც თანამედროვე სამყაროში არსებობს, ნიცშესათვის აღარ აქვს საბოლოო, ფინალური მნიშვნელობა. რა კავშირშია ნიცშეს ეს დიაგნოზი გოდარის ფილმთან?

დავიწყოთ ფილმში მიშელის პირველი ჟესტი – ცერა თითის გადასმა ტუჩებზე. შემდეგ ის იმავე ჟესტს უკვე ჰამფრი ბოგარტის სურათთან გაიმეორებს – ჟესტი სინამდვილეში ბოგარტს ეკუთვნის. მიშელი ცდილობს მიბაძოს ბოგარტს – რატომ? იმიტომ, რომ მიშელისათვის აღარაფერი არსებობს, გარდა სტილისა.

მიშელი მიაკითხავს თავის შეყვარებულს – ჯერ-ჯერობით არა ამერიკელს, არამედ ფრანგს – დადებით, წესიერსა და პატიოსან გოგონას (ოღონდ არა ქართული, არამედ ფრანგული სტანდარტებით – განსხვავება საკმაოდ დიდია). ჩანს, რომ გოგონას ის უყვარს, მაგრამ მიშელი მის მიმართ სრულიად გულგრილია – ის გოგონას ფულს პარავს და შემდეგ ამ ფულით პატიჟებს მას საუზმეზე. გოგონა უარს ამბობს და მიშელიც მშვიდად ტოვებს მას.

რატომ არ შეიძლება მიშელს ეს გოგონა უყვარდეს? სწორედ მისი წესიერების გამო (მაგალითად, გოგონა ამბობს, კინოინდუსტრიაში მუშაობას თავი დავანებე, იქ ყველას ლოგინში უნდა ჩაუწვეო). უფრო სწორად კი, იმის გამო, რომ გოგონას ჯერ კიდევ სწამს ამ სამყაროს აზრიანობის. მათ საკმაოდ მოკლე დიალოგში ერთი გენიალური დეტალია – გოგონას ოთახში კედელზე სიგარეტის კოლოფებით რაღაც ასოებია დაწერილი. მიშელი კითხულობს – ეს რა წერიაო? გოგონა პასუხობს – წერია სიტყვა ”რატომ”.

ოღონდ ვერ დავასრულე სიტყვის დაწერაო (ფრანგულად ”რატომ” უფრო გრძელი სიტყვაა, ვიდრე ქართულად – "pourquoi"). გენიალური ეს დეტალი იმიტომაა, რომ მას იმდენად მცირე დრო უჭირავს ფილმში, რომ პირველი ნახვით ვერც კი მიხვდებით, რომ ეს ფილმის გასაღებია – გოგონას ჯერ კიდევ ჰგონია, რომ არსებობს პასუხი კითხვაზე ”რატომ?”.

მიშელმა კი უკვე იცის, რომ ასეთი პასუხი არ არსებობს. ამიტომაც მისთვის აღარაა მნიშვნელოვანი მორალის არც ერთი ნორმა, საზოგადოებაში აღიარებული არც ერთი საქმიანობა. მას შეუძლია მოკლას, მოიპაროს, გაძარცვოს, იცრუოს. რაც დარჩენილია, არის მხოლოდ სტილი – და საკუთარი თავის უსასრულო გამოგონება.

როდესაც ის საკუთარი ცხოვრების შესახებ ყვება, ის გაუთავებლად ცრუობს – უამრავ მანქანებზე, რომლებიც ჰყავს, სამუშაოებზე, რომლებიც ჰქონდა, ქალაქებზე, სადაც ნამყოფია. მის სამყაროში არ არსებობს არაფერი მყარი, რასაც ის შეეჩეხებოდა, როგორც დაბრკოლებას.

ამიტომაცაა გოდარი რეჟისორი-მოაზროვნე. ის – მიშელის პერსონაჟის მოფიქრებით – გვაძლევს თანამედროვე სამყაროს სურათს, სადაც დაკარგულია წესრიგის ყოველნაირი ლეგიტიმაცია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც აგრძელებენ ამ წესრიგში ცხოვრებას, რადგან არ სურთ საკუთარი ცხოვრების თავდაყირა დაყენება.

მაგრამ მიშელი – სწორედ იმიტომ, რომ ის ამ წესრიგს არ ცნობს – ახდენს მის უკან მდგარი სიცარიელის დემონსტრირებას.

მიშელს ისეთი გოგონა სჭირდება, რომლისთვისაც ეს წესრიგი ასევე დასრულებულია. პატრიცია ასეთია – მიტოვებული სამშობლო, არც ამერიკელი, არც ფრანგი, ყველაზე თავისუფალი სამუშაო, რომლის წარმოდგენაც შეიძლება – გაზეთების გამყიდველი ქუჩაში; არანაირი მორალური განცდები (განსხვავებით ფრანგი გოგონასაგან, ის უპრობლემოდ უწვება ლოგინში ჟურნალისტს სამუშაოს საშოვნელად, თუმცა არც იმ სამუშაოზე ჩანს მაინცდამაინც შეყვარებული).

ის ვითომ წიგნს წერს, თუმცა ჩვენ ამას რაღაც ვერ ვამჩნევთ.

თითქოს მიშელმა და პატრიციამ ერთმანეთი მონახეს, არა? არა, მთლად ასე მარტივადაც არაა საქმე. მართალია ორივენი თავზეხელაღებული ნიჰილისტები არიან და არაფრისა სწამთ, მაგრამ მათ შორის განსხვავება მაინც არსებობს. ეს განსხვავება კარგად ჩანს იმ ეპიზოდში, როდესაც პატრიცია მიშელს ფოლკნერის ციტატას წაუკითხავს რომანიდან ”ველური პალმები”: ”მწუხარებასა და არარას შორის მე მწუხარებას ვირჩევს” – და ეკითხება, შენ რას აირჩევდიო. მიშელი პასუხობს – ცხადია, არარას.

აი, პატრიცია კი მწუხარებას ირჩევს. მიშელი აქტიურია, მან იცის, რომ სამყაროსა და საზოგადოების უკან არაფერი დგას და ის თვითონ იგონებს და აკეთებს ყველაფერს. პატრიცია პასიურია – მანაც იცის ამ არაფრისა და არარას შესახებ, რომელიც ყველაფერს მსჭვალავს, მაგრამ არ სურს, საბოლოო ნაბიჯი გადადგას და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. ამიტომაც ეძახის მიშელის მას დროგამოშვებით მშიშარასა და ლაჩარს.

სწორედ აქედან გამომდინარეობს ფილმის მთავარი ამბავი – პატრიციას მიერ მიშელის დასმენა პოლიციაში.

რატომ დაასმენს პატრიცია მიშელს? პატრიციას სულაც არ უნდა, რომ თავისი სატრფო დაიჭირონ. მას მხოლოდ ის სურს, რომ მიშელს გაქცევის გარდა სხვა შესაძლებლობა არ დარჩეს და მისი წაყვანაც გადაიფიქროს. აქ უნდა გავიხსენოთ, როდის დაჰყვება პატრიცია საბოლოოდ მიშელის სიყვარულს – მაშინ, როდესაც შეიტყობს, რომ მიშელს პოლიციელი ჰყავს მოკლული და აუცილებლად მოუწევს გაქცევა.

მაგრამ მას შემდეგ, რაც აღმოჩნდება, რომ მიშელს შეუძლია თან პატრიციაც წაიყოლოს და ამისათვის პრაქტიკული დაბრკოლებები თითქმის გადალახულია, პატრიცია უარს ამბობს – დასმენის ფორმით. მას არ სურს არჩევნის გაკეთება. პატრიციას ურჩევნია, დარჩეს უსაზრისო და მნიშვნელობამოკლებულ სიტუციაში, ვიდრე აიღოს პასუხისმგებლობა და თქვას – ”მე მიყვარს მიშელი, მე საკუთარ ცხოვრებას ვუკავშირებ მას”; ამ უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია დიდი იმედგაცრუებები, ხოლო უსაზრისობაში არაფრის იმედი არ გაქვს, ამიტომაც მისი გაცრუებაც ვერ მოხდება.

პატრიციას აქტი – შეყვარებულის პოლიციაში დასმენა – სინამდვილეში მისი პასიურობის უმაღლესი გამოხატულებაა.

დაბოლოს – გადამწყვეტია, გავიგოთ ფილმის ფინალის მნიშვნელობა, რომელიც სულაც არაა ისე მარტივი, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. მიშელი სრულიად ცნობიერად ირჩევს პატრიციასთან დარჩენასა და პოლიციასთან შეხვედრას, თუმცა მას აქვს გაქცევის შესაძლებლობა. ტყვიისგან მოცელილს, მას თავზე პატრიცია და პოლიციელების დაადგებიან. ფილმის ბოლო დიალოგი:

MICHEL: C’est vraiment dégueulasse.
PATRICIA: Qu’est ce qu’il a dit?
VITAL: Il a dit que vous êtes "une dégueulasse”.
PATRICIA: Qu’est ce que c’est "dégueulasse”?

მიშელი: ეს მართლა გულისამრევია.
პატრიცია: რა თქვა?
ვიტალი (პოლიციელი): მან თქვა, რომ თქვენ გულისამრევი ხართ.
პატრიცია: რას ნიშნავს ”გულისამრევი”?

რა ხდება ამ დიალოგში? პირველი ახსნა ასეთია – პატრიცია იმიტომ გახდა გულისამრევი მიშელისთვის, რომ მან ის დაასმინა. მაგრამ, უკაცრავად და, ეს პირველი ახსნა სრულიად ყალბია – მიშელი, მას შემდეგ რაც, პოლიციელის ტყვიისგან განგმირული, პატრიციას დაინახავს, იწყებს გრიმასების კეთებას – ზუსტად იმ თანმიმდევრობით, რომელიც მან შეყვარებულს მანამდე სააბაზანოში აჩვენა.

ეს გრიმასები მხოლოდ და მხოლოდ ამ ორისთვის ნიშნავს რაღაცას – თან ეს ”რაღაც” ერთსა და იმავე დროს სახუმაროცაა და ინტიმურიც. რაზე მიანიშნებს ეს? იმაზე, რომ მიშელი არაა გაბრაზებული პატრიაციაზე.

გულისამრევად მიშელს ყველაფერი მას შემდეგ მოეჩვენება, რაც დაინახავს, რომ პატრიცია ვერ ახერხებს მის ამ გრიმასებს უპასუხოს – ის ხომ საყვარელი გოგონასთვის თამაშობდა, ეს უკანასკნელი კი მხარს ვერ უბამს მის თამაშს, ვერ აფასებს მის არტისტიზმს, არ არის აღფრთოვანებული მისი თვით-კონტროლით – არამედ უბრალოდ მწუხარებით დაჰყურებს მას თავზე. სწორედ ამიტომ ამბობს მიშელი – ”ეს მართლა გულისამრევია”.

და შემდეგ საკუთარი ხელით იხუჭავს თვალებს – კიდევ ერთი მინიშნება იმაზე, რომ ის თავის სიკვდილს საკუთარი ხელით დგამს, რომ ის ბოლომდე აკონტროლებს სიტუაციას.

და ამას მოჰყვება ერთ-ერთი უბრწყინვალესი და უმშვენიერესი კადრი, რომლის გახსენებაც კი შეიძლება კინოს ისტორიაში – პატრიცია სახეს კამერას მიაპყრობს და სვამს კითხვას – ”რა არის "dégueulasse”? (პატრიცია ხომ ამერიკელია, მან არ იცის ფრანგული სლენგის სიფაქიზეები) – და, ამასთან, ცერა თითს ზუსტად ისე ისვამს ტუჩებზე, როგორც მანამდე მიშელი (ხოლო კიდევ უფრო მანამდე – ჰამფრი ბოგარტი).

შეიძლება ითქვას, რომ მიშელი, თავისი სტილიზებული სიკვდილით, ახდენს პატრიციამდე საკუთარი მესიჯის მიტანას, ახერხებს საკუთარი შეყვარებულის ცხოვრების ტრანსფორმაციას. აზრი რომ არაფერს ჰქონდა, პატრიციამ ეს მანამდეც იცოდა. ახლა მან იცის აქტიური გამოსავალი ამ უაზრობის ჩიხიდან – სტილი, სტილი და, კიდევ ერთხელ, სტილი.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1361 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები