პარასკევი, 19.04.2024, 15:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 3 » პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა აფხაზებისა და ოსებისადმი,
01:27
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართვა აფხაზებისა და ოსებისადმი,

ახლა მინდა მივმართო ჩვენი საზოგადოების ეთნიკურად აფხაზ და ეთნიკურად ოს ნაწილს

ჩვენო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო!

მე ვიცი, რომ აფხაზეთის და ოსეთის ძალიან ბევრ მკვიდრს, ისევე როგორც მთლიანად დანარჩენ საქართველოში, ძალიან დიდია უმუშევრობა, ბევრს არ აქვს თუნდაც მცირედი შემოსავალი და უკიდურესად უძნელდება იპოვოს საშუალება ოჯახის სარჩენად.

ფსოუდან წითელ ხიდამდე, როკის გვირაბიდან სარფამდე ჩვენი ოჯახების ადამიანურ ცხოვრებას უკვე მრავალი წელია უპირისპირდება სიღარიბე და გაჭირვება.

აფხაზეთის 450-დან 500 ათასამდე ამაყი მკვიდრი დევნილობაშია საკუთარ სამშობლოში, ვერ უბრუნდება თავის სახლ-კარს, თავის სოფლებს, თავის ახლობლებს და ნათესავებს, თავის წინაპართა საფლავებს და ბევრ მეგობარს, ვისთანაც ერთად აიდგა ფეხი, ვისთანაც ერთად დადიოდა სკოლაში, ვისთანაც ერთად გაიზარდა.

თუ დღეს ვინმეს საქართველოში სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევს სიღარიბე, ეს პირველ რიგში ჩვენი ლტოლვილები არიან.

მაგრამ არა ნაკლებად უჭირთ საქართველოში იმ ოჯახებსაც, რომლებიც კონფლიქტმა ბარიკადების მეორე მხარეს დატოვა და დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ.

ჩემო ძმებო და დებო!

დაპირისპირება და გათიშულობა ჩვენი ოჯახების ღირსეული ცხოვრების საერთო მტერია. არადა ჩვენ ყველანი ერთად გაცილებით უფრო მეტს ვიმსახურებთ, ჩვენ შეგვიძლია ერთად ვაშენოთ ჩვენი კეთილდღეობა.

ჩვენ ყველანი უკვე ძალიან დაგვღალა და გაგვასავათა მრავალწლიანმა ქიშპობამ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას საქართველოში და პირველ რიგში, თქვენ, ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას გვინდა დღევანდელზე გაცილებით უკეთესი ცხოვრება.

ჩვენ ერთად ვოცნებობთ იმაზე, რომ ჩვენ შვილებს ჰქონდეთ ცხოვრების ნორმალური პირობები. არა ისეთი, როგორიც ახლა გვაქვს.

ჩვენ ერთად ვოცნებობთ იმაზე, რომ გვქონდეს სამუშაო ადგილები, სტაბილური შემოსავლები, მომავლის იმედი, მშვიდი და ადამიანური ცხოვრება; რომ არ გვეშინოდეს ხვალინდელი დღის, ვცხოვრობდეთ ისე, რომ არ ილახებოდეს ჩვენი ღირსება.

ჩემი და ჩემი მთავრობის მთელი მუშაობა სწორედ ამ მიზანს ეძღვნება.

ჩვენი სამოქმედო გეგმა არა ომი, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა; არა დაპირისპირება, არამედ ჩვენ მოხუცებზე და ბავშვებზე ზრუნვა, პენსიების ზრდა, უკეთესი სკოლების და საავადმყოფოების მშენებლობა; არა გათიშულობა, არამედ ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება, ხალხის შემოსავლების ზრდა, წარმატებული ცხოვრებისთვის სათანადო შესაძლებლობების ყველასთვის გაჩენა.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ გეგმას ჩვენ ასმაგად წარმატებით შევასრულებთ.

ჩვენი ურყევი კურსია არა ნგრევა მტრობით, არამედ შენება სიყვარულით.

მე ძალიან კარგად ვიცი რა ხდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ვიცი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში უწვეთ თქვენს ოჯახებს ცხოვრება - სეპარატისტული, კორუმპირებული, კრიმინალური დაჯგუფებების ბატონობის ქვეშ. ასეთი ცხოვრება ნამდვილად არ იყო თქვენი არჩევანი.

მაგრამ დღეს ერთი დიდი, თავზეხელაღებული აგრესიული ძალა აძლევს თავს უფლებას თქვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები. მას ფეხზეც კიდია რას ფიქრობთ თქვენ საკუთარ თავზე და თქვენს მომავალზე.

თქვენ მაგივრად სურს მას გააკეთოს არჩევანი და მუდმივად გვამყოფოს კონფლიქტისა და დაპირისპირების ისეთ რეჟიმში, რომელიც თავიდანვე თავს მოგვახვია და რომელმაც ბოლო 15 წელია ნგრევის და უკუსვლის მეტი არაფერი მოგვიტანა.

ეს თავზეხელაღებული და უპასუხიმგებლო ძალა დღესაც ცდილობს, რომ ჩვენთვის საბოლოოდ დამანგრეველ და მისთვის სასარგებლო დაპირისპირებაში კიდევ ერთხელ ჩაგვითრიოს; ცდილობს დაგვაჯეროს, რომ კეთილდღეობას ნგრევით და მტრობით ავაშენებთ.

შეიძლება რომელიმე ჩვენგანს, წლების წინ მართლა სჯეროდა ამისა, მაგრამ დღეს ჩვენ ყველამ უკვე ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის სრული სიცრუე. ჩვენ ხომ უკვე 15-წლიანი გამოცდილებით ვიცით, რომ მტრობით და ნგრევით მოტანილ უბედურებაზე ბედნიერება ვერ აშენდება.

მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს - და როგორი ცრუ ინფორმაციაც არ უნდა გადიოდეს იმ ტელევიზიებზე, რომელთაც თქვენ გაყურებინებენ - მთელი ცივილიზებული სამყარო დღეს ხმამაღლა აცხადებს და ალბათ, საშულება გაქვთ სხვა არხებს უყუროთ და ყოველ შემთხვევაში, საქართველოს არხები ამას მაინც გადმოცემს, რომ საქართველოს დაქუცმაცების და მისი ცალკ-ცალკე რეგიონებად განვითარების პროექტი ვერასდროს განხორციელდება.

აი ახლა, ამ ბოლო საათებში თუნდაც, მე ვილაპარაკე რამდენიმე მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსთან, რამდენიმე მსოფლიოს ლიდერთან - ყველა ერთი და იგივეს იმეორებს, რომ მსოფლიო არასდროს ცნობს სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს და საქართველოს ძალისხმევის წინააღმდეგ, საქართველოს ხალხის ნების წინააღმდეგ თავზე მოხვეული კონფლიქტებით დაშლას.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შვილები ვერასდროს მიიღებენ სრულფასოვანი განვითარების საშუალებას აი ამ პირობებში, მუდმივად ომის, მტრობის, შიშის აჩრდილთან ერთად გააგრძელებენ ცხოვრებას.

ჩვენ ეს ერთად არ უნდა დავუშვათ.

ერთად უნდა დავდგეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ არა ვართ ერთმანეთის მტრები; რომ ჩვენ ერთი საერთო მტერი გვყავს და ეს არის თავად მტრობა. მტრობა, რომელიც ჩვენი ფესვებიდან არ მოდის, თავს მოგვახვიეს და ჩვენ ნამდვილად არასდროს არ აგვირჩევია.

ამიტომ საერთო მიზნების მისაღწევად, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა და სიღარიბის დამარცხებაა, ჩვენი შვილების გაზრდაა, ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს წინ - ეს არის გზა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ, თანამშრომლობისა და ერთიანი ძალებით კეთილდღეობის და ძლიერი სახელმწიფოს შენებისკენ, რომელიც ყველანაირად ერთანაირად ეკუთვნის ყველა ეთნიკურ ჯგუფს, ყველა თავისუფალ მოქალაქეს.

ეს არის ერთადერთი გზა ჩვენი ოჯახების და ჩვენი შვილების წინსვლისა და განვითარებისკენ და ეს არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები.

ამისათვის საქართველოს მთავრობამ შევიმუშავეთ სამშვიდობო გეგმა, რომელსაც მთელი დემოკრატიული სამყარო ერთხმად უჭერს მხარს და რომელიც წარმოადგენს სრულ გარანტიას, რომ ერთიან საქართველოში დაცული იქნება ყოველი მისი მოქალაქის უსაფრთხოება, ყოველი ეთნიკური ჯგუფის უფლებები და თავისუფლებები, უზრუნველყოფილი იქნება აფხაზი და ოსი ხალხის დიდი კულტურული თვითმყოფადობა, პოლიტიკური და ეკონომიკური ავტონომია, ჩამოაყალიბდება ფედერალური ურთიერთობები.

კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს, რომელიც აფხაზეთთან მიმართებაში გულისხმობს:

ვიცე პრეზიდენტის პოსტის შემოღებას ეთნიკური აფხაზებისთვის, რომელსაც ექნება აფხაზეთთან დაკავშირებულ ყველა საკონსტიტუციო საკითხზე ვეტოს უფლება;

გარანტირებულ წარმომადგენლობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში;

საერთაშორისო გარანტიებს აფხაზეთისადმი, რათა უზრუნველყოფილი იქნას ფართო ფედერალიზმი და შეუზღუდავი ავტონომია;

კულტურის, ენის და ეთნიკური იდენტურობის დაცვის გარანტიები;

უსაფრთხოების გარანტიები; ერთიანი სამართალდაცვითი, საბაჟო და სასაზღვრო სივრცის ჩამოყალიბების პირობებში ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა.

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ტერიტორიების გაერთიანება, არამედ იმ ურთიერთობების აღდგენა და შემდგომი განვითარება, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აკავშირებდა ჩვენ ხალხებს და რომელიც დროებით შეწყდა უცხო ძალის დამანგრეველი ზემოქმედების შედეგად.

ერთად ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს! წინ, დანგრეულის აღსადგენად!

ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ სანამ მომავალზე ვილაპარაკებთ, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი საქართველოც, რომელიც ჩვენი სამშობლოა, უკვე დღეს ბევრ რამეს გთავაზობთ თქვენ.

დღევანდელი საქართველო და მასში ჩვენი ერთად ყოფნა გთავაზობთ სიმშვიდესა და დაცულობას, რომელიც ასე გაკლიათ.

დღევანდელი საქართველო გთავაზობთ ცხოვრებას ბანდების თარეშისა და კრიმინალური ავტორიტეტები ბოგინის გარეშე.

დღევანდელი საქართველო გთავაზობთ ცხოვრებას კორუფციის გარეშე, როდესაც ვეღარავინ, ვერასდროს წაგართმევთ ქრთამს ან თქვენი ბიზნესის წილს.

დღევანდელი საქართველო გთავაზობთ თავისუფალი და კანონიერი ბიზნეს საქმიანობის სრულ შესაძლებლობებს, სადაც ვერავინ შეზღუდავს თქვენ ინიციატივას.

გთავაზობთ გაცილებით უკეთესი ჯანდაცვისა და განათლების პირობებს ჩვენი ოჯახებისთვის.

დღევანდელი საქართველო გთავაზობთ არჩევანის ნამდვილ თავისუფლებას, სადაც ვერავინ დაგაძალებთ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობას და სადაც აღარ დაგაპატიმრებენ იმისთვის, რომ გინდათ აირჩიოთ საკუთარი ქვეყნის პარლამენტი და პრეზიდენტი.

დღევანდელი საქართველო გთავაზობთ გახსნილ ეკონომიკასა და საზღვრებს, წესრიგსა და კანონის უზენაესობას, დაცულობის და განვითარების უკეთეს პერსპექტივას.

დღევანდელი საქართველო გთავაზობს მშვიდობას და გიწვდით ძმობის ხელს!

მაგრამ სამწუხაროდ არსებობს ერთი აგრესიული ძალა, რომელიც აცხადებს, რომ თქვენ მაგივრად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება თქვენსავე მომავალზე.

ნუთუ ნორმალურია ის სიტუაცია, როცა დღეს მიწები, იგივე აფხაზეთში, მთლიანად გადასულია უცხოელების ხელში; როდესაც ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას უცხოელების მიერ პრივატიზირებულ პლაჟებთან 5 კილომეტრზე არ აკარებენ; როდესაც მათ არ აქვს ელემენტარული შემოსავლის მიღების საშუალება; როცა ისინი უკვე დიდი ხანია ბატონ-პატრონი აღარ არიან იმ მიწაზე, რომელიც სხვა ამ მიწის მაცხოვრებლებთან ერთად სრულიად კანონიერად და ისტორიულად ეკუთვნით მათ.

დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ რეალობის შებრუნება. დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის, რომ თქვენ მაგივრად ვერავინ გვესაუბროს.

რამდენადაც ჩვენ ვლაპარაკობთ მშვიდობაზე, იმდენად ეს ძალა ლაპარაკობს ომზე;

ჩვენ ვსაუბრობთ დემილიტარიზაციაზე, ხოლო ეს ძალა ახლა თქვენი სახელით საუბრობს გამალებულ მილიტარიზაციაზე;

ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე, ხოლო ეს ძალა საუბრობს ახალ სამხედრო ბაზებზე და საგუშაგო პუნქტების გახსნაზე;

ჩვენ ვსაუბრობს ეკონომიკური კავშირების და შესაძლებლობების გახსნაზე, ხოლო ეს ძალა ისევ თქვენი სახელით საუბრობს სამხედრო კონტიგენტის გაზრდაზე.

რატომ ხდება ასე?

ჩვენ არ შეიძლება გვინდოდეს ომი და გამორიცხულია, რომ ეს გინდოდეთ თქვენ დაფუძნებით თქვენივე გამოცდილებაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზ და ოს ხალხს, როგორც არამრავალრიცხოვან ერებს - მე არ მიმაჩნია, რომ არსებობენ მცირე და დიდი ერები, არსებობენ მრავალრიცხოვანი და შედარებით არამრავალრიცხოვანი ერები - არაფერში არ სჭირდებათ ამ ხალხებს კონფრონტაცია, მათ მხოლოდ დაცვა და გაფრთხილება ესაჭიროებათ.

დაპირისპირება კი მხოლოდ იმ ძალას უნდა, ვინც თქვენ არ გიტოვებთ არჩევანის უფლებას და თქვენი სახელით გველაპარაკება ჩვენ და დანარჩენ მსოფლიოს. უნდა იმიტომ, რომ ორივე მხარე მუდმივად დამარცხებული ვიყოთ ძმებო!

მინდა ყველას გვესმოდეს, რომ ამ ძალის მონაწილეობა არ ნიშნავს აფხაზების ან ოსების დახმარებას ქართველების წინააღმდეგ. ამ ძალის მონაწილეობა ნიშნავს მხოლოდ მტრობის გაჩაღებას ქართველების, აფხაზების და ოსების ერთად დასამარცხებლად.

აფხაზები არის არამრავალრიცხოვანი, მაგრამ დიდი ტრადიციების და დიდი კულტურის, დიდი დიდსულოვნების ხალხი. ამ ხალხს სჭირდება დაცვა, მოვლა და განვითარება.

მაგრამ, როგორც ჩანს, არსებობს ძალა, რომელსაც სურს ისეთ გლობალურ კონფრონტაციაში ჩვენი ჩათრევა, რომლის შედეგედაც ყველაზე უფრო სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან აფხაზები და ოსები.

ჩვენ არცერთი აფხაზი და ოსი არ გვემეტება კონფლიქტში ჩასათრევად.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ ერების არსებობის და განვითარების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. მინდა მოგცეთ პირობა, რომ მე ამას არ დავუშვებ.

ამდენი საუკუნე ვცხოვრობდით ერთად. ოსები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ ყველაზე მაღალ ეშელონებში, ყველაზე მაღალ დონეზე საქართველოს ხელისუფლების. აფხაზეთიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება ისტორიულად რამდენჯერმე.

ამდენი ტრადიციაა მეგობრობის და ძმობის, ამიტომ ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მტრობის და სისხლისღვრის მორევში ჩაითრიოს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი.

და მე ამაში, პირველ რიგში, თქვენი იმედი მაქვს, რადგანაც ახლა საერთო ავისმოსურნე თავის მზაკვრულ გეგმას გვახვევს თავს, დგება მომენტი, როდესაც გადაწყვეტილება მომავალი თაობების წინაშე, დიდი პასუხისმგებლობის კარგად გაცნობიერებით უნდა მივიღოთ ყველამ ერთად.

ჩვენი ერთად ყოფნა ახლა ისტორიული აუცილებლობაა. ჩვენი ერთობლივი, დემოკრატიული, გახსნილი საზოგადოების მშენებლობა ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისა და წინსვლისკენ.

დიდი მადლობა”.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 984 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები