ხუთშაბათი, 25.04.2024, 22:07
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 3 » საგარეო საქმეთა სამინისტროს მისია, ფასეულობები და პრინციპები.
01:35
საგარეო საქმეთა სამინისტროს მისია, ფასეულობები და პრინციპები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მისია, ფასეულობები და პრინციპები


საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები დაფუძნებულია თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულ ფასეულობებზე. ეს საშუალებას გვაძლევს, პრიორიტეტების განხორცილებისას, მოვიპოვოთ საერთაშორისო მხარდაჭერა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, განვსაზღვრავთ დიპლომატიური სამსახურის მისიას, და იმ ფასეულობებსა და პრინციპებს, რომელიც აუცილებელია მისიის განხორციელებისათვის.


დიპლომატიური სამსახურის მისია


საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და უკეთესი მსოფლიო თანამეგობრობის ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანა

საქართველოს დიპლომატიური სამსახური - საგარეო საქმეთა სამინისტრო, დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები - ემსახურება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ ეროვნულ ინტერესებსა და ფასეულობებს, რომლებიც პრეზიდენტის ხედვის შესაბამისად, განსაზღვრავენ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიზანს - საქართველოს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტატუსის განმტკიცებას, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში კუთვნილი და ღირსეული ადგილის დაკავებას და, მზარდი გლობალიზაციის პირობებში, ქვეყნის ინტერესების გატარებას.

დღევანდელ ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში, ეროვნული უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიღწევა შეუძლებელია დანარჩენი მსოფლიოსაგან იზოლაციის პირობებში. ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია გლობალური უსაფრთხოების მხარდაჭერა; საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეფუძნება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის პატივისცემას; სხვა სახელმწიფოების და რეგიონების ეკონომიკური კეთილდღეობა პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე; საქართველოში დემოკრატიის განმტკიცება კი გლობალურ არენაზე დემოკრატიული პროცესების განვითარების გზით მიიღწევა.

ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკა ამ პრინციპებს დაეფუძნება და ამ რწმენის ერთგული იქნება.

ამ ხედვის განხორციელებისთვის, 21-ე საუკუნის ქართული დიპლომატიის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურებას საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად და, ამასთანავე, წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული და ეკონომიკური კეთილდღეობის მქონე მსოფლიო თანამეგობრობის ჩამოყალიბებაში.


ფასეულობები


სამინისტროს ძირითადი ფასეულობების ჩამოყალიბება და გახმოვანება მნიშვნელოვანია დიპლომატიური უწყების წარმატებისა და ჩვენი მისიის და მიზნების შესრულებისათვის.

საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, ჩვენ ვეყრდნობით ფასეულობათა უცვლელ სისტემას, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებისა და მისი თანამშრომლების ხედვას ასახავს.

ეს ფასეულობები წარმოადგენს უმაღლეს სტანდარტებს, რომლებიც სამინისტროს, საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიებისა და საკონსულო სამსახურების თანამშრომლებმა თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას უნდა დაიცვან და განამტკიცონ. ჩვენი პრიორიტეტებისა და მიზნების განხორციელებისას და ყოველდღიურ საქმიანობაში აღნიშნულ ფასეულობებზე დაყრდნობა უზრუნველყოფს სამუშაოს შესრულების მაღალ ხარისხს.

ეს ფასეულობები, რომელიც უნდა გაითავისოს საგარეო უწყების თითოეულმა წევრმა, განსაზღვრავს კადრების დაკომპლექტების, შეფასებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სტრატეგიას.

ჩვენ დავეყრდნობით შემდეგ ფასეულობებს:

პატრიოტიზმი: საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ერთგულება ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედია. ჩვენი საქმიანობის საშუალებით ქვეყნის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების განმტკიცება ჩვენი მთავარი მიზანია. ეროვნული ინტერესები ჩვენთვის ყველაზე მაღლა დგას.

პროფესიონალიზმი: საგარეო პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელებისას, ჩვენ ვეყრდნობით პროფესიონალიზმის სტანდარტებს და მიუკერძოებელად ვასრულებთ სამუშაოს პირადი შეხედულებებისაგან დამოუკიდებლად.

ჩვენ ხელს ვუწყობთ პროფესიულ განვითარებას და ვაფასებთ თანამშრომლებს დამსახურების მიხედვით.

პატიოსნება: ჩვენი მოვალეობების შესრულებისას არ დავუშვებთ ანგარებას და მიკერძოებულ ინტერესებს. პატიოსნება ჩვენი საქმიანობის ძირეული ელემენტი და სამუშაო ეთიკის განუყოფელი ნაწილია.

ერთგულება: მოვალეობების ერთგულად შესრულება ჩვენი მიზნების განხორციელების წინაპირობაა. ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანა უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, და ეს პასუხისმგებლობა შესაბამის ერთგულებას მოითხოვს.

ანგარიშვალდებულება: მოვალეობებს ვასრულებთ ჩვენი მისიის მნიშვნელობის ტოლფასი პასუხისმგებლობის გრძნობით და ყოველთვის გვახსოვს, რომ ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნისთვის და ანგარიშვალდებულნი ვართ მის წინაშე.

ერთიან ფასეულობებზე დაყრდნობით, და ჩვენი მისიისა და ყოველდღიური სამუშაოს შესრულებისას, მივესალმებით ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა შემოქმედებითობა და ლიდერობა; ჩვენ წავახალისებთ ინიციატივას და პროაქტიურობას; ამოვიცნობთ გამოწვევებს ვიდრე ისინი საფრთხეებად იქცევა; და წინასწარ განვჭვრეტთ შესაძლებლობებს. ჩვენ უზრუნველყოფთ დიპლომატიური სამსახურის ერთიანობას და ყველა რგოლის კოორდინირებულ, შეთანხმებულ მოქმედებას. ეს საშუალებას მოგვცემს ეფექტურად და ოპტიმალურად გამოვიყენოთ არსებული დიპლომატიური რესურსები საკვანძო პრიორიტეტების გადასაწყვეტად.


პრინციპები



საგარეო პოლიტიკა საქართველოს მსოფლიოსთან დამაკავშირებელი ხიდია. სამინისტრო შეიმუშავებს და განახორციელებს მიზანმიმართულ საგარეო პოლიტიკას და პროაქტიურ დიპლომატიას, რომელსაც სამი პრინციპი წარმართავს: პროგნოზირებადობა, მდგრადობა და თანმიმდევრულობა.


პირველი, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ და შევინარჩუნებთ ძლიერ ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს, რომლებიც დაეფუძნება საგარეო პოლიტიკის ქმედებების და ინიციატივების პროგნოზირებადობას, რაც ახალ საერთაშორისო წესრიგში საქართველოს, როგორც სრულუფლებიანი და სანდო პარტნიორის როლს განაპირობებს.

ჩვენ შევიმუშავებთ საგარეო პოლიტიკის სტაბილურ და მტკიცე კურსს, რომელსაც ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი ექნება. დადგენილი პოლიტიკური კურსი თავისუფალი იქნება მოულოდნელი ცვლილებების და სიურპრიზებისაგან, რათა ზიანი არ მიადგეს ქვეყნის უსაფრთხოებას და მის საერთაშორისო სტატუსს.

მეორე, სტაბილური საგარეო პოლიტიკის მდგრადობა დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, გავაძლიეროთ საგარეო პოლიტიკის ინსტიტუციონალური საფუძველი, რაც დადგენილი პოლიტიკის მიზნების განხორციელების საშუალებას მოგვცემს. ეს საქართველოსა და მეგობარ ქვეყნებს შორის ურთიერთხელსაყრელი და მტკიცე ურთიერთობების საფუძველი იქნება.

მესამე, ჩვენი საგარეო პოლიტიკა ეროვნული ინტერესების თანმიმდევრულობას ეფუძნება, რაც კონსენსუსზე დამყარებული პრიორიტეტების საერთაშორისო არენაზე გატარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნული პრინციპები წარმართავს ჩვენს დიპლომატიას, რაც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელიც ეროვნული ინტერესების ერთგულია და ამასთანავე პატივს სცემს პარტნიორების ინტერესებს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 963 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები