პარასკევი, 29.03.2024, 08:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 3 » სასწაულები-ძველ დროში აღსრულებული სასწაულები ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში.
18:27
სასწაულები-ძველ დროში აღსრულებული სასწაულები ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში.

ქართულ საისტორიო წყაროებში მრავლად არის შემონახული ცნობები საქართველოს მიმართ დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მზრუნველობის შესახებ. საკუთარი ერის ღირსების გრძნობით აღსავსე წერს ქართველი მემატიანე: „ნეტარ ვართ ჩვენ და სამგზის სანატრელნი, რამეთუ ნაწილნი ვართ ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისანი”.

მოვლენებს, თუ როგორ ერგო ღვთისმშობელს საქართველო თავის წილხვედრ ქვეყანად, შემდეგი სახით განმარტავს მოსე ჯანაშვილი „საქართველოს საკლესიო ისტორიაში”:

„სტეფანე მთაწმინდელი ამბობს, რომ სულის წმიდის მოფენის შემდეგ მოციქულთ განიზრახეს წილის-ყრა იმის შესახებ, თუ ვის რომელი ქვეყანა წილად ხვდება, რათა ჰქადაგოს სახარება. მაშინ წმიდამან მარიამმა უთხრა მოციქულთა: „მეც მიყარეთ თქვენთან წილი, არ მინდა უწილოდ დავშთე. დაე მეც მერგოს ქვეყანა, რომელსაც მარგუნებს უფალიო”.

წილის ყრით დედა მარიამს ერგო ივერია, ანუ იბერია, ესე იგი საქართველო. როდესაც ღვთისმშობელმა დააპირა ივერიისკენ გამომგზავრება, ანგელოსი გამოეცხადა მას და უთხრა: „ნუ გენეშორები იერუსალიმსა; წილ-ხდომილი შენი ქვეყანა განათლდების მომავალში, შენი მეუფება განემტკიცების იქ”.

მანამდე კი, როგორც „ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს, უფლის ნებით, დედა ღვთისმშობელს ანდრია პირველწოდებული უნდა გაეგზავნა ამ ქვეყანაში და გაეტანებინა ხელთუქმნელი ხატი, რომელზეც მისი სახება იქნებოდა უშუალო შეხებით გადატანილი და მის მაგივრობას ეს წმიდა ხატი გასწევდა „უკუნისამდე ჟამთა”.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უთხრა ანდრია მოციქულს: „შვილო ანდრია, დიდად უჩნს ჩემს სულს, რომ ჩემს წილხვედრ ქვეყანაში – საქართველოში არავის უქადაგნია ჩემი ძის სახელი. როცა მე საქადაგებლად გავემართე ჩემს წილხვედრ ქვეყანაში, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი და მიბრძანა, რომ შენ წახვიდე და თან წარასვენო სახე ჩემი და ჩემი ძისა, რათა მე ვიყო ქართველთა ცხოვრების განმგებელი, ხელი აღვუპყრა და შევეწიო მათ, და არავინ მტერთაგან მძლე ექმნას მათ”.

ყოვლადწმიდამ მოითხოვა ფიცარი, დაიდო სახეზე და გამოისახა ხატი ღვთისმშობლისა, რომლის წიაღშიც გამოხატული იყო განხორციელებული ჩვილი – ყრმა იესო – სიტყვა ღვთისა. მისცა ის მოციქულ ანდრიას და უთხრა – „მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანაშემწე გეყავნ შენ, სადაცა ხვდიდოდე, და მეცა თანაშემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო „ჩემდა ხვედრებულს”.

ანდრია მოციქული პირველად ქალაქ ტრაპიზონში მოვიდა, რომელიც მეგრელთა ქვეყანაშია. აქ მცირე ჟამი დაჰყო, აქედან შევიდა ქართლის ქვეყანაში, რომელსაც დიდ-აჭარა ეწოდება. დაიწყო სახარების ქადაგება. მრავალი ჭირი და განსაცდელი მოითმინა ურწმუნოებისაგან. ღვთისა და წმიდა ხატის შეწევნით ყოველივე მადლობით მოითმინა, სანამ ყველა არ მოაქცია და მოწმუნედ გახდა.

იმ ადგილას, სადაც ყოვლადწმიდას ხატი დააასვენა, გადმოჩქეფა ფრიად დიდმა და მშვენიერმა წყარომ, რომელიც დღესაც შეუწყვეტლად ამოდის. შემოიკრიბდნენ მის გარშემო იმ ქვეყნის მკვიდრნი და ნათელი სცა ყველას სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

წამოვიდა ანდრია მოციქული, გადმოვლო მთა, რომელსაც რკინის ჯვარი ეწოდება. თქმულია, რომ ის ჯვარი თვით ანდრიას მიერ არის აღმართული. მოციქულმა ჩაიარა ოძრახის ხევი, მივიდა სამცხის საზღვართან და დაივანა სოფელ ზადენ-გორაში.

აქ კერპთაყვანისმცმლები ცხოვრობდნენ. ილოცა ხატის მიმართ და კერპები დაემხნენ. წმიდა მოციქული გაემართა და მივიდა სოფელ აწყვერში, რომელსაც პირველად სოსაგნეთი ეწოდებოდა, ხოლო მის პირდაპირ მდებარე ადგილს – საქრისი.

მაშინ მთავარი იყო ერთი ქვრივი დედაკაცი – სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი, მისი იმედი, იმჟამად მოკვდომოდა. იდგა ტირილი, ვაება და გლოვა.

იმ ღამეს ციდან იხილედ დიდი ნათელი ღვთისმშობლის ხატისა. გამთენიის ჟამს ანდრიას მოუგზავნეს კაცი ვინაობის გასაგებად. მისი პასუხი აუწყეს მთავარს – ქვრივ დედაკაცს: „არიან უცხო კაცები, ქადაგებენ ჩვენთვის უცნობ ღმერთს ქვეყნის შემოქმედად, დამბადებლად, ადამიანისთვის სიცოცხლის მიმნიჭებლად და მკვდართა აღმდგენელად. ჰყავთ მათ მშვენიერი ხატი, რომელსაც პატივს სცემენ”. როცა ქვრივმა მოისმინა სიტყვა მკვდართა აღდგომის შესახებ, გაუკვირდა და მცირედ ნუგეში მიეცა.

მოუხმო მოციქულს და გამოჰკითხა. მოუგო წმიდა მოციქულმა – „მოვედი წმიდა ქალაქ იერუსალიმიდან, სადაც უფალს ფეხი დაუდგამს – გოლგოთასა და ცათა მსგავს ბეთლემიდან, ვარ მოციქული უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც წამის-ყოფით აღადგენს მკვდრებს. მას ვქადაგებ ღმერთად, უფლად და ყოველი დაბდებულის მპყრობელად. ვინც ირწმუნებს მას და ნათელს იღებს სახელითა მამისა და ძასათა და სულისა წმიდისათა, ყოველივე, რასაც ითხოვს სარწმუნოებით, მიეცემა მას და ყოველი სენისაგან განიკურნება”.

ეს რომ მოესმა დედაკაცს, დავარდა მიწაზე და ცრემლით უთხრა მოციქულს: „შეიწყალე ჩემი სიქვრივე და უბედურება, რადგანაც ემსახურები მკვდრების აღმდგენელს, ილოცე შენი ღმერთის მიმართ და მიანიჭე ჩემს შვილს სიცოცხლე. ყოველივეს, რასაც მიბრძანებ, შეგისმენ და ურჩობას არ გაგიწევ, თუ ჩემს ვაჟს ცოცხალს ვიხილავ, რამეთუ მხოლოდ ესა მყავს და სხვა არა”.

წმიდა მოციქულმა მიუგო: „თუ ირწმუნებ იესო ქრისტეს, ძეს ღმრთისას, ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც ჩვენს მიერ იქადაგება, რაც არ უნდა ითხოვო სარწმუნოებით, ყოველივე მოგეცემა მის მიერ”.

დედაკაცი ამის მოსმენამ სიხარულით აღავსო და ცრემლით უთხრა მოციქულს: „ჰოი, ჭეშმარიტო ღვთისმსახურო, ჭეშმარიტად მწამს და ვაღიარებ იესო ქრისტესს, რომელსაც შენ ქადაგებ, შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა”.

მოციქულმა იქიდან გააყვანინა ხალხი და არავინ დატოვა ქვრივისა და თავისი კაცების გარდა, აიღო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, დასვენა საწოლზე, სადაც ყრმა იდო. დაიწყო ლოცვა და ვედრება ღვთისა მიმართ ხელაპყრობით. ლოცვის შემდეგ მოკიდა ხელი ყრმას, როგორც ძილისაგან, ისე წამოაყენა და მისცა დედამისს. როცა სხვებმა ნახეს ეს სასწაული, ძალიან გაუკვირდათ.

დედაკაცმა რა იხილა თავისი გაცოცხლებული ვაჟი, სიხარულით წამოდგა, დავარდა მოციქულის ფეხებთან, ცრემლით თაყვანის სცა და მადლი შესწირა. იწამა უფალი იესო ქრისტე, მოინათლა ეს დედაკაცი თავის ვაჟთან და თავის სახლეულთან ერთად.

სასწრაფოდ მისწერა ხალხის მთავრებს: „მე, ქვრივი, გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს მთელი ხალხისა: მოვიდა ჩვენთან ერთი კაცი უცხო ქვეყნიდან, რომელიც უცხო ღმერთს ქადაგებს, და ჰყავს მას ხატი ზეცისა, რომელმაც ჩემი მკვდარი ვაჟი გააცოცხლა. სწრაფად მოდით, რათა წესი და რჯული ავირჩიოთ და ვცნოთ, თუ რომელია უმჯობესი”.

როცა მესხებმა ეს საკვირველი ამბავი მოისმინეს, სწრაფად შეიკრიბნენ ყოველი კუთხიდან და შეიქმნა ფრიად დიდი სიმრავლე ხალხთა ისე, რომ აივსო საქრისის ველი. გაუკვირდა ყველას, როცა იხილეს ქვრივის მკვდრეთით აღდგომილი ძე.

ქალაქში იყო საკერპო ბომონი, რომელშიც ემსახურებოდნენ ბილწ კერპებს, არტემიდასა და აპოლონს. ამ საქმის მნახველი სიცრუის მღვდლები (ქურუმები კერპებისა) აღივსნენ შურით და წინააღმდეგობა გაუწიეს მოციქულს. ღვთისმშობლის ხატის სასწაულით, ღვთის ნებით, დაილეწა კერპები. კერპთა მღვდლები სირცხვილით აღივსნენ და შენდობა ითხოვეს მოციქულისაგან. მთელმა ხალხმა მადლობის ხმა აღმოუტევა და თქვეს: „დიდია ქრისტიანთა ღმერთი, რომელსაც მოციქული ანდრია ქადაგებს”. და ყველამ ირწმუნა ჩვენი უფალი იესო ქრისტე და სიხარულით მოინათლნენ ყველანი სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

მოგივანებით საქართველოს ქრისტიანული ნათელღება ქალწულის – წმიდა ნინოს მეოხებით, ნათლად მიუთითებს დედა ღვთისმშობლის ხელდებულებაზე ამ ქვეყნის მიმართ. ანუ, როგორც გვაუწყებს „საკითხავი სვეტისა ცხოველისა, კვართისა საუფლოსა და კათოლიკე ეკკლესიისა”: „…ვინაიდგან იგი დედაკაცი იყო ყოვლად სანატრელი და კურთხეული უზენაესი იგი დედათა და მამათა და ზეცისა ძალთაცა, ამისთვისცა უკვე უკანასკნელთა ჟამთა რაჟამს ღმერთმან ინება წყალობა და ცხოვრება ნათესავისა ჩვენისა დედაკაცივე წარმოავლინა ვითარ ვგონებ მე გამოთხოვითა და ხვაიშნითა დედისა ღვთისათა ძისა თვისისთანა, ვინადგან ნაწილიცა იყო დედისა ღვთისა…”

ღვთისმშობელს გამოურჩევია კეთილმორწმუნე ქრისტიანი კაპადოკიელი ქალი – ნინო, რომელსაც სიყრმითვე ოცნებად ჰქონია ქცეული ქვეყნის ხილვა, სადაც მაცხოვრის წმიდა კვართი ინახებოდა და დღემუდამ ევედრებოდა ღვთისმშობელს, შემწეობა აღმოეჩინა ამ მიზნის მისაღწევად.

და მართლაც, ღვთივ სათნო ზრახვათა პასუხად: „ღვთის-მშობელიც სიზმარში გამოსცხადებია ნინოს და უთქვამს მისთვის: „გაემგზავრე ივერიაში, დაამკვიდრე იქ სახარება და მე ვიქნები შენი შემწე”. მერე, დედა მარიამს ვაზის ტოტების ჯვარი გადაუცია ნინოსთვის და უთქვამს: „ეს იქმნება შენი შემწე და მფარველი ყოველს გაჭირვებაში, ყოველი ხილული და უხილავი მტრების წინააღმდეგ.

ძალითა მისითა დაამყარებ იქა სიტყვასა ძისა ჩემისასა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა”. მყის წმინდანს გამოღვიძებია და თავის ხელში უნახავს სწორედ ის ჯვარი, რომელიც ძილში მყოფობის დროს მისცა მას დედამან ღვთისამან”.

ორ საუკუნეზე ცოტა უფრო მეტი ხნის შემდეგ, წმიდა ნინოსებრ საგანგებო მისიით ცამეტი ასურელი მამა გადმოლახავს საქართველოს საზღვრებს.

საქართველოსა და მის გარშემო პატარა ქვეყნებისათვის მძიმე პოლიტიკური ვითარებისა და ქრისტეს მოძულე დამპყრობთაგან იდეოლოგიური დათრგუნვის პირობებში, ეს მამები, წმ. იოანე ზედაზნელის მეთავეობით, თავისი წილხვედრი ქვეყნის გადასარჩენად წარმოგზავნა თვით დედა ღვთისმშობელმა.

„წმიდა იოანემ ბრძანება მიიღო ჩვენებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისაგან მის წილხვედრ ქვეყანაში – საქართველოში წასულიყო თორმეტ მოწაფესთან ერთად და ჭეშმარიტი რწმენის გამტკიცებისათვის ეღვაწა იქ”, რის შესახებაც თვით იოანე შემდეგს აუწყებს თანამხლებლებად მისგან გამორჩეულ ძმობის წევრებს:

„მოუწოდა ყოველთა და ჰრქუა ნეტარმან იოანე: „შვილნო ჩემნო და ძმანო საყვარელნო, აჰა ესერა ყოველთა მადლითა ღვთისათა გხედავთ სრულსა ყოველთა შინა საქმეთა ღვთისათა. ისმინეთ, რომელი ესე მეუწყა ღვთისა მიერ, რამეთუ ვიხილე მე ყოვლად წმიდა დედოფალი ღვთის მშობელი და მიბრძანა, რათა აღვიხუნე ჩემთანა ათორმეტნი თქვენგანნი და წარვიდეთ ქვეყნად ქართლისა და მუნ ვიღვაწოთ სარწმუნოებისათვის ქვეყნისა”. საბინინი ხაზგასმით აღნიშნავს „საქართველოს სამოთხეში”, რომ „წმ. იოანეს არ ენება მოსვლა საქართველოს, არამედ მოივლინა ბრძანებითა ყოვლადწმიდისა ღვთის-მშობელისათა”.

ნიშანდობლივია, რომ მოგვიანებით, უკვე საქართველოში, თავისი განსაკუთრებული ღვაწლის გამო, იოანეს ერთ-ერთი მოწაფე, შიო მღვიმელი თვით დედა-ღვთისმშობლის გამოცხადების ხილვის ღირსი გახდა. ერთხელ შიო მთელი ღამე ლოცულობდა და ითხოვდა ღვთისაგან შეწევნას ბოროტთა სულთა დასაძლევად. ცისკრის დროს მთელ ხევს მოულოდნელად რაღაც ნათელი მოეფინა და „…

წმ. შიოს გამოეცხადა ღვთისმშობელი, რომელსაც თან ახლდა იოანე ნათლისმცემელიც. შეშინებული განდეგილი მოწიწებით დავარდა მის წინაშე და ამავე დროს მოესმა ანგლოსთა გალობა. ყოვლად წმიდა მარიამმა აკურთხა იგი, გაამხნევა და მისცა საზრდოდ რაიმე, მსგავსი თოვლისა. შემდეგ ამისა გამხნევებული ბერი კიდევ უფრო გულმოდგინედ მოღვაწეობდა იმ საშინელ ხევში მარტო”.

ღვთისმშობელი მარადის მფარველი იყო ყველა იმ უფლის სათნომყოფელი ქართველი მოღვაწისა, ვინც თავის შეგნებულ ცხოვრებას ნიადაგ უფლისადმი მსახურებას ანდომებდა.

გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” აღწერილია სასწაულები, რომლებიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ამ დიდი მოსაგრე მამის ლოცვითი მეოხმყოფლობით აღასრულა:

ერთხელ ქურდებს განეზრახათ მისი სენაკის გაძარცვა. მამა გრიგოლმა „ცნა მოსლვა მპარავთა” და დღისითვე განუმზადა პური. ღამით, როდესაც დაუპატიჟებელი სტუმრები გამოჩნდნენ, შესთავაზა პური და თანაც დაარიგა, რომ წმიდა ღვთისმშობელი უბრძანებდა, ვნება არ მიეყენებინათ ბერისათვის და ამ პურს დასჯერებოდნენ.

მაგრამ ერთმა მათგანმა, სახელდობრ, ამ ბოროტმოქმედების მოთავემ, ყურად არ იღო გაფრთხილება და სცადა ყველაფერი იმის წაღება, „რაიცა-იგი აქვნდა წმიდასა მას”.

წმიდა გრიგოლმა ღვთისმშობელს უხმო შემწედ და მასვე მიანდო კადნიერებაზე ღირსეული სასჯელის მიგება.

და მაშინვე „დაეცა იგი მტერისაგან ბოროტისა”. მისმა მეგობრებმა ცრემლით შესთხოვეს პატიება მამა გრიგოლს, რომელმაც ღვთისმშობლისავე ნებითა და მეოხმყოფობით აღადგინა დაცემული – ჯვარი გადასახა და უთხრა:

- განგკურნებს წმიდა ღვთისმშობელი. – და იგიც მსრაფლ წამოდგა უვნებელი.

წმიდა გრიგოლმა ჯერ გაკიცხა იმისთვის, რომ უკეთურ საქმეზე წარმოუძღვა თანამზრახველებს, მერე გაუმასპინძლდა მათ და მშვიდობით გაისტუმრა უკან.

სხვა დროს იყო ერთი ასეთი შემთხვევა: შატბერდის მახლობლად კაცი ვინმე ცხოვრობდა თავისი ცოლ-შვილითურთ. იგი მდიდარი იყო და მისი ცხოვრებაც კეთილად და სიხარულით მიედინებოდა, რადგან ყველანი ჭეშმარიტი მორწმუნენი იყვნენ. მაგრამ ერთხელაც მის ცოლს სნეულება შეხვდამ რაც მის სასიკეთოდვე იყო, რამეთუ უფალს ნებავდა ნეტარი გრიგოლის მეშვეობით განეკურნა იგი და ეშმაკიც სირცხვილეული განედევნა, – ეს ხომ სწორედ ბოროტი სულის მანქანებით დაეცა დედაკაცს უძლურება და ათივე თითი გაუშეშა სასტიკი ტკივილით.

დედაკაცმა უფლის კარნახით გულის-ხმა ჰყო ნეტარი გრიგოლის სიწმიდე და საჩქაროდ მას მიაშურა თავის ძესთან ერთად. გრიგოლის წინაშე ცხარე ცრემლებით გოდებდა დედაკაცი თავისი სნეულების გამო და ნეტარ მამასაც ფრიად შეეწყალა იგი.

მან უბრძანა ერთ-ერთ მღვდელს ეკლესიაში წასულიყო და ევლოგია მოეტანა – ზეთი იმ კანდელიდან, რომელიც განუწყვეტლივ ენთო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე. თვითონ კი ხელებზეაპყრობილი ლოცვად დადგა და ცრემლთა ღვრით ევედრებოდა უფალს დედაკაცის განკურნებას. შემდეგ ზეთი ჯვარის სახედ სცხო დედაკაცს სნეულ ხელებზე ყოვლადწმიდა სამების სახელით და ღვთისმშობლის მეოხებით და თქვა:

- განკურნებულ იქნას შენი ხელები!

და უმალვე ეშმაკი ზარგანხდილი გავიდა დედაკაცისაგან და იგიც სრულიად განიკურნა. უფლის დიდებით დაბრუნდა იგი შინ და დიდძალი შესაწირავი მიუძღვნა ნეტარი გრიგოლის სავანეს.

წმიდა ილარიონ ქართველის ცხოვრებაში აღწერილია ღვთისმშობლის მეოხება ამ ბერის ღვთისსათნომყოფელ საქმიანობაში.

ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, საბა წმინდის ლავრასა და იორდანეს უდაბნოში სურლიერი წვრთნითა და შრომით განვლილი შვიდი წლის შემდეგომ, სწორედ მარიამ ღვთისმშობელმა აღუსრულა უფლისადმი აღვლენილი თხოვნა, ეუწყებინა, თუ სად იყო მისთვის უმჯობესი მსახურება. ღვთისმშობელმა გაუმხილა, რომ იგი სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო და იქ ეღვაწა ღვთის სადიდებლად.

მოგვიანებით, სამშობლოდან დიდებასა და პატივს გამორიდებულ ილარიონს ისევ დედა ღვთისმშობელმა დააფარა თავისი მოწყალების კალთა. ორ ქრისტესმიერ ძმასთან ერთად, ულუმბოს მთაზე მცირე ეკლესიას უბრალო მწირის სახით შეხიზნულს, მამასახლისი უპირებდა ეკლესიიდან განტევებას, რაკიღა არ უწყოდა უცხო ენაზე მეტყველთა ჭეშმარიტი ვინაობა.

მამასახლისს ღამით ღვთისმშობელი გამოეცხადა და წყრომით ამცნო, რომ იგი ადამიანებს უპირებდა გაძევებას, რომლებიც უფლის სიყვარულისთვის ჩამოსულიყვნენ; ამასთანავე, უფლის მცნებასაც არღვევდა უცხოთა შეწყნარების შესახებ.

განა არ უნდა სცოდნოდა, რომ ულუმბოს მთაზე მარად იყვნენ უცხო სტუმრების მშობლიურ ენაზე მეტყველნი, ხოლო ვინც მათ არ შეიწყნარებდა, ისინი იქნებოდნენ მტრები თვით ღვთისმშობლისა!

მეორე დილით, ძილისაგან გამოფხიზლებული მამასახილი ფერხთ ჩაუვარდა მამა ილარიონს და შენდობის თხოვნასთან ერთად, აფიცებდა, არ წასულიყო მათგან და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასჯელის ღირსი არ გაეხადა.

წმიდა ილარიონი დაჰყვა მამასახლისის ნებას. ახალ სამკვიდროში მან მალე გაითქვა სახელი სასწაულმოქმედებებითა და ქრისტიანული სწავლების გადმოცემით. მრავალი მომსვლელი ცდილობდა სხვადასხვა მოსაკითხით დაესაჩუქრებინა, მაგრამ იგი ყველას უარით ისტუმრებდა პასუხით:

- მზრდის ჩვენ წმიდა ღმრთისმშობელი და არა დამაკლებს ჩვენ ხორცთა საზრდელსა.

ღვთისმშობელი ზრუნავდა მასზე მლოცველი საეკლესიო პირებსა და ერისკაცების სახლეულობაზეც და სამემკვიდროზე.

აი, რას გვიამბობს წმიდა ექვთიმე მთაწმინდელის მამა წმიდა იოანე მთაწმინდელი: „ათონზე ჩემი შვილი – ყრმა ექვთიმე შეიპყრო მძაფრმა სენმა – სასიკვდილოდ დაავადდა – „სიკვდილს მიეახლა”, მეგონა სული ამოხდებოდა, ვინაიდან აღარც სიტყვის თქმა შეეძლო და აღარც ხმის ამოღება.

დავკარგე სასოება მისი სიცოცხლისა, ასე შეშფოთებული წავედი ღვთისმშობლის ტაძარშჲ, დავვარდი წმიდა დედოფლის ხატის წინ და მხურვალე ცრემლით ვევედრებოდი მარად ქალწულ ღვთისმშობელს, რათა შემწეოდა და ეშველა. ვამცნე მღვდელს, სწარაფად ამოსულიყო და ეზიარებინა. სწრაფადვე გავეშურე ექვთიმეს სახილველად თუ რა დაემართა, გავაღე სენაკის კარი, სადაც ის მწოლიარე დავტოვე.

და იცებ ვიყნოსე სუნი სურნელებისა საკვირველი, რამეთუ იქმნა მოხედვა წმიდა ღვთიმშობლისა. და ვიხილე ექვთიმე მისი მადლით აღდგომილი და იჯდა საწოლზე ყოველმხრივ ჯანმრთელი და უვნებელი.

შეკრთა ჩემი გონება და ვკითხე მას – „რა არის ეს, შვილო?” მიპასუხა: – „ახლახან წარმომიდგა ვინმე დიდებული დედოფალი და მითხრა ქართული ენით „- რა არის, რა გტკივა ექვთიმე?” – ხოლო მე ვუთხარ – „მოვკვდები დედოფალო”, და ეს რომ ვთქვი, მომიახლოვდა, მომკიდა ხელი და მითხრა – „აღარავითარი ვნება შენთან აღარ იქნება, ადექი, ნუ გეშინია და ქართულად უნაკლოდ ილაპარაკე!” – და აჰა, როგორც მხედავ, სრულებით არაფერი მტკივა”.

და ამბობდა ხოლმე ნატარი იოვანე, რომ ამ ჟამამდე დიდხანს უცხოობაში ნამყოფი ექვთიმე ძნელად საუბრობდა ქართულად და ფრიად მწუხარე ვიყავი ამის გამო, ხოლო მის შემდეგ შეუწყვეტლივ, როგორც წყარო, ამოდის მისი პირიდან ქართული სიტყვა, ყველა ქართველზე უფრო წმიდად.

ეს ამბავი კი დავით V ულუს ცხოვრების პერიოდს ეხება.

… ანაზდად მეფის პირმშო ძეს გიორგის მუცლის სნეულება დაეცა და ისე მძაფრად მოსწყლა, რომ მკვდარივით იწვა სარეცელზე და ძლივსღა სუნთქავდა. და როცა ამ მწუხარებასა და უიმედობაში იყო მეფეცა და ყველა მკვიდრიც საქართველოისა, მეფეს დმანისის ღვთისმშობელი გაახსენდა და უმალ წავიდა იქ.

მაშინ ყველანი ფეხშიშველნი მოჰყვებოდნენ მეფეს და მხურვალე ცრემლებით ევედრებოდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მეოხი ყოფილიყო თავისი ძის წინაშე და განეკურნა მეფისწული. ღვთის დედამაც შეისმინა მათი ვედრება და როგორც კი სნეული წმიდა ხატს მიამთხვიეს, უმალვე გაახილა თვალი და სრულიად უვნებელი წამოჯდა, თითქოს არც ყოფილა მძიმედ სნეულიო. ამის ხილვაზე დიდად განკვირდნენ მეფეცა და ყველა მისი თანმხლებიც და ერთხმად განადიდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ღმერთი.

ღვთისმშობელი მარადის შეეწეოდა ქართველებს უთანასწორო ბრძოლებში ურჯულოთა მრავალრიცხოვანი ურდოების წინააღმდეგ. არც „ოქროს ხანად” წოდებული დროება დამკვიდრებულა საქართველოში ღვთისმშობლის გარეშე.

მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული თამარ მეფე ღვთისმშობელს ავედრებდა თავისი ქვეყნის კეთილდღეობას და სწორედ დედა-ღვთისმშობლის მეოხმყოფობით მისი ხელმწიფების ჟამს იქნა გადახდილი ბრძოლის ველზე არაერთი ძლევამოსილი ომი.

როდესაც ბაღდადის ხალიფასა და სპარსთა ძალისხმევით ერთად თავშეყრილი მაჰმადიანთა უზარმაზარი ლაშქარი აღიძრა საქართველოზე, ქართველთა წმიდა მეფემ, როგორც ყოველჟამს, ამჯერადაც დედა ღვთისმშობელს ანდო მისი წილხვედრი ქვეყნის ბედი.

ცნობილია თამარ მეფის მიმართვა შამქორის ბრძოლის წინ მეომრებისადმი – იგი მათ ამხნევებდა, არ შეძრწუნებულიყვნენ მტრის რიცხვობრივი სიმრავლით და საკუთარი რიგების სიმცირით, რადგან ღმერთი იყო მათთან. თამარს მაგალითები მოჰყავდა ძველი აღთქმის ისტორიიებიდან, როდესაც გედეონმა სულ სამასი კაცით სძლია ურიცხვ მადიამელებს და ეზეკიელის ლოცვით ანგელოზის მიერ წამიერად დაეცა ასურასტანელთა ბანაკი.

- შეისწრაფეთ ქვეყნად მათდა შეწევნითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისათა და ძალითა უძლეველისა ჯვარისათა წარემართენით – მოუწოდებდა იგი და ბიბლიური მაგალითებით შთააგონებდა ქართველ მებრძოლებს, რომ როგორც ოდესმე უფალი იფარავდა თავის მსასოებელ ისრაელს, ასევე ამჯერად ღვთისმშობელი გადააფარებდა კალთას მასზე მლოცველსა და მავედრებელ ერს საქართველოისას.

ჯარის გამხნევებისა და დალოცვის შემდეგ, თვით თამარ მეფე ფეხშიშველი ეახლა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს და „წინაშე ხატსა მას წმიდასა არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოველი მისი”.

ასევე ღვთისმშობელს შეავედრა სამშობლოს ხსნა თამარმა ბასიანის ომის წინ, როდესაც რუმის სულტანი რუქნ-ად-დინი წამოემართა დიდი ლაშქრობით.

თამარმა ამჯერად ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარს მიაშურა და „ვარძიისა ღმრთისმშობლისა წინაშე ცრემლით შევედრნა სოსლან დავით და სპა მისი და დროშა ბედნიერად ხმარებული და წარგზავნა ვარძიით ლაშქარნი”.

ლაშქარს თვით თამარი მიუძღოდა წინ. ისევ ფეხშიშველი მიდიოდა წმიდა მეფე და ცრემლი უსველებდა სახეს.

საარაკო და დაუჯერებელი გამარჯვებები შამქორსა და ბასიანში რიცხობრივად განუზომლად ჭარბ მტრის ძალასთან, როგორც თამარის მემატიანე ბასილი ეზოსმოძღვარი აღნიშნავს, ღვთისმშობლისადმი თამარის ცრემლიანი ვედრების შედეგად იქნა მოპოვებული და იყო ნიშანი იმისა, თუ „ვითარ-იგი წყალობა ყო ღმერთმან ერისა თვისსა ზედა მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და შეწევნითა ცხოველსმყოფელისა ჯვარისათა”.

როგორც ქვეყნის კეთილდღეობის ჟამს თანამდგომი ქართველთა საბრძოლო გამარჯვებებისა, ღვთისმშობელი ასევე მხსნელად ევლინებოდა დროთა უკუღმართობით გარეშე ქვეყნის დროშის ქვეშ მეომარ ქართველობასაც.

ეს ამბავი საქართველოს უმეფობის ხანაში მოხდა. მონღოლები ალამუთს იყვნენ საბრძოლველად, სადაც თავიანთ გვერდით საკუთარი ქვეყნის დაქვემდებარებაში მყოფ ქართველებსაც აომებდნენ. მულიდების, იგივე ასასინების ციხე-სიმაგრეს თავდაუზოგავ ფანატიკოსთა ორდენის წევრები დარაჯობდნენ; ამადაც იყო, რომ სამკდრო-სასიცოცხლო ბრძოლა შვიდ წელიწადს გაგრძელდა მონღოლებსა და მულიდებს შორის.

როგორც ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს, ერთ დილას დიდი ჩოჩქოლი და ფორიაქი ამტყდარა მონღოლთა ბანაკში: ღამით ჩაღატა ნოინის კარავში შეპარულ მულიდს მძინარე ნოინისათვის დანა ჩაერტყა გულში.

ნოინის სიკვდილი მონღოლებმა მაშინვე ქართველებს გადააბრალეს, რადგან, მიუხედავად თანამოლაშქრეობისა და ქართველთა მამაცური შემართებისა, ისინი მაინც პყრობილი ქვეყნის შვილები იყვნენ, რომლებსაც, მათი წარმოდგენით, არ შეიძლებოდა მონღოლთა წინააღმდეგ ავი არ სდებოდათ გულში. მხოლოდ ჩარმაღან ნოინი არ იზიარებდა თვისტომთა ერთსულოვან რისხვას, რომელიც არწმუნებდა მათ, რომ ქართველთა ბუნებისათვის უცხო იყო ვერაგული მოქმედება.

მაგრამ მონღოლები არ მშვიდდებოდნენ. ბოლოს მთელი ბანაკი აიშალა და მტრად დასახულ ქართველთა წინააღმდეგ წამოიმართა. ქართველების საგონებელში ჩავარდნენ: აღარ იცოდნენ, რა ეღონათ. ზოგნი პირისპირ შებმას ამჯობინებდნენ, სხვები თავს იკავებდნენ მცირერიცხოვნობისა გამო.

მაშინ სიტყვა აიღო ქართლის ერისთავმა გრიგოლ სურამელმა. მისი სჯით, ბრძოლის გამართვას აზრი არ ჰქონდა, რადგან ცოტანი იყვნენ – ამ შემთხვევაში მონღოლები ყველას ერთიანად გაღლეტდნენ, ხოლო თუ დაითმენდნენ, შესაძლოა, ნაკლები მსხვერპლით გადარჩენილიყვნენ – ოდენ წარჩინებულთ დასჯიდნენ სიკვდილით და დანარჩენი სპა გადარჩებოდა. „უმჯობეს მიჩნს ჩვენ მოვიკვლნეთ და არა ყოველი ესე ძალი” – ამბობდა ღირსეული ქართველი მამულიშვილი.

ხოლო, რა გაასრულა სათქმელი, გრიგოლ სურამელმა მთელ ქართველ ლაშქარს მოუწოდა უფლისათვის მიენდოთ საკუთარი ბედი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის ეთხოვათ დახმარება და ამისთვის სამჯერ მოედრიკათ ლოცვით მუხლი და ერთობლივი ვედრებით წაეკითხათ შეხმა მისი: „მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა”.

მოწოდებისთანავე მთელმა ლაშქარმა დაიჩოქა და ერთხმად აღავლინა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი. უეცრად, შორიახლოს ლერწმებიდან გამოხტა კაცი, რომელსაც ხელთ ეპყრა სისხლიანი მახვილი და მთელი ხმით დაიძახა სპარსულად: – მან ქუშტემ ჩაღატა – მე მოვკალ ჩაღატა!

ქართველების წინააღმდეგ დაძრული მონღოლები გამოენთნენ მიწიდან ამომძვრალ სიკვდილის მაძიებელს, შეიპყრეს და თავიანთ ნოინებს მიჰგვარეს. როგორც გამოირკვა, იგი მულიდთა შორის გამორჩეული პიროვნება ყოფილიყო და ასრულებდა ასასინთა მთავრების განსაკუთრებულ დავალებას – მოეკლა ოთხ ნოინთაგან ერთ-ერთი. „წარმოვე, მოვკალ და დავიმალე” – დაასრულა თავისი აღსარება მულიდმა. ხოლო როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა იყო მიზეზი, რომ დამალულმა კაცმა გაამხილა თავისი საქციელი, პასუხად შემდეგი რამ მოუთხრო მონღოლებს მკვლელმა:

ხშირ ლერწმიანში მას უეცრად თავს წამოსდგომია უმშვენიერესი ქალბატონი, რომელსაც მკაცრად დაუტუქსავს: – როგორ ჩაიდინა, რომ კაცი მოკლა და დაიმალა; ახლა მრავალი ადამიანი უდანაშაულოდ უნდა დაიღუპოს მისი მიზეზით! მას უკითხავს: – რა ვჰყო, დედოფალო? რაზედაც იმ ქალბატონს უბრძანებია, წაჰყოლოდა იქ, სადაც თავად წავიდოდა და განეცხადებინა, რომ მან მოჰკლა ჩაღატა და ამით მრავალი უცოდველი ადამიანი ეხსნა სიკვდილისაგან.

ისიც დამორჩილებია. ქალბატონს იგი მონღოლთა მხედრობის სიახლოვეს მიუყვანია და საკმარისი იყო მას თავისი დანაშაული ხმამაღლა გაეცხადებინა, რომ ქალი გაუჩინარებულა და თვით მარტოღა შერჩენილა მტრის წინაშე.

მონღოლებმა მეტის თქმა აღარ დააცადეს, ხმლით განკვეთეს თავიანთი ნოინის მკვლელი.

ასე იხსნა თავისზე მლოცველი ერი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა! როგორც ჟამთააღმწერელი მადლიერებით გვამცნობს:

„ამათ საკვირველებათა არა უდარეს გვონებ, რომელ აწ იქმნა მსწრაფლი და ანასდათი ხსნა ქრისტიანეთა ყოვლადწმიდისათა ღვთისმშობელისა მიერ. გარნა ვინ-მე შეეძლოს დიდებისმეტყველებისა მიერ სამადლობელი შესხმა საკვირველისა ამისთვის, რომელ დაიცვა ურიცხვი სული ნათესავისაგან ქართველთა ყოვლად უბიწომან სიტყვისა ღმრთისა მშობელმან, ღმრთაებისა და კაცობისა გვამოვნებითა და შეერთებითა შემაერთებელმან ღმრეთად სრულად და კაცად სრულად – ორთა შინა ბუნებათა და ორთა ნებათა შეურევნელად”.
წიგნიდან „დედა ღვთისმშობლის სასწაულები”
(მართლმადიდებელი სარწმუნოება XX საუკუნეში),
კრებული მეორე, თბილისი, 1997 წ.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1164 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები