პარასკევი, 29.03.2024, 13:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 3 » რა არის ქრისტიანისათვის ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა?.
18:50
რა არის ქრისტიანისათვის ჯვარი და პირჯვრის გამოსახვა?.

წმიდა იოანე ოქროპირი

ძველად ჯვარი სირცხვილისა და წამების ნიშანი იყო, ახლა კი დიდებისა და პატივის საგნად იქცა. იმის დასტურად, რომ ჯვარი ნამდვილად დიდებაა, იესო ქრისტეს მოუსმინე:”და აწ მადიდე მე, მამაო, თავისა შენისა თანა დიდებითა მით, რომელი მაქუნდა წინაშე შენსა უწინარეს სოფლის დაბადებისა” (მთ. 17, 5), სადაც იგი დიდებად ჯვარს სახელდებს. ჯვარი არის თავი ჩვენი ცხონებისა, მიზეზი აურაცხელი სიკეთისა.

მისი მეშვეობით ჩვენ, მანამდე ნაძრახნი და განკიცხულნი, ახლა შვილებად ვართ შერაცხილნი; მისი მეშვეობით აღარა ვართ შეცთომილნი, არამედ შევიცანით ჭეშმარიტება; მისი მეშვეობით ჩვენ, ვინც უწინ ქვებსა და ხეებს ვცემდით თაყვანს, ახლა ვაღიარეთ ყოველთა შემოქმედი. მისი წყალობაა, რომ ყველგან სულიერი ღმრთისმსახურება ტარდება, მის გამო უკუიქცევიან ეშმაკნი, მის გამო განვარდა სატანა, მის გამოა, რომ კაცობრივი ბუნება ანგელოზებრივს ეჯიბრება, მის გამო დამკვიდრდა ამ სოფელში ქალწულება.

რამეთუ მას შემდეგ, რაც მოვიდა ქალწულისაგან შობილი, კაცთა მოდგმამ შეიტყო სათნოების ამ გზის არსებობა. მან (უფალმა) განგვანათლა ჩვენ, აქამდე ბნელში მსხდომნი, მან გვაქცია ახლობლებად ოდესღაც მისგან შორს მყოფნი, მან მიგვიღო თვისებად ჩვენ, უცხონი; მან გვყო ზეცის მოქალაქეებად აქამდე მოხეტიალე მოგზაურნი.

ის გახდა ჩვენთვის სამყაროს საყრდენი; მის გამო აღარ გვეშინია ეშმაკის მწველი ისრებისა, რამეთუ ვპოვეთ ცხოვრების წყარო. მის გამო აღარა ვართ ქვრივნი, რამეთუ სასიძო შევიძინეთ; მის გამო აღარ გვეშინია მგლისა, რამეთუ გვყავს მწყემსი კეთილი.

`მე ვარ მწყემსი კეთილი”(იოან. 10, 11), ამბობს უფალი. ჯვარზე აღსრულდა მსხვერპლშეწირვა, ხოლო სადაც მსხვერპლია, იქვეა ცოდვების მიტევებაც, იქვეა უფალთან შერიგებაც, იქვეა დღესასწაული და სიხარული.”რამეთუ ზატიკ ჩუენდა, ჩუენთვის დაიკლა ქრისტე” (1 კორ. 5, 7).

ამრიგად, ჯვარი ჭეშმარიტად დღესასწაულია ჩვენთვის. მან გაგვიღო სამოთხე, შეუძღვა მასში ავაზაკს; ორი უდიდესი საქმე აღასრულა – სამოთხე გააღო და ავაზაკი შეიყვანა, დაუბრუნა მას ძველი სამშობლო, მშობლიურ ქალაქში შეიყვანა.

ამიტომ ნურავის შერცხვება ჩვენი ცხონების ღირსეულად თაყვანისცემული ნიშნისა, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ, ყოველი სიკეთის საწყისისა, რომლითაც ვარსებობთ, არამედ ისე ვატაროთ ქრისტეს ჯვარი, როგორც გვირგვინი, რამეთუ მისი მეშვეობით სრულდება ყველაფერი, რაც ჩვენთვის საჭიროა: თუ შობაა საჭირო (ნათლისღებით), ჯვარს გვაძლევენ, საიდუმლო საზრდელის ხმევა გვსურს, ხელდასხმის მიღება თუ რაიმე სხვა – ყველგან ძლევის ეს ნიშანი გვხვდება.

ამიტომ დიდი გულმოდგინებით გამოვსახავთ მას სახლებზეც, კედლებზეც, კარებზეც, შუბლზეც და გულზეც. რამეთუ ჯვარი არის ჩვენი ცხონების, თავისუფლებისა და მეუფის გულმოწყალების საერთო ნიშანი, მეუფისა, რომელიც "ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიყვანა”(ეს. 53, 7). ამიტომ, როდესაც პირჯვარს ისახავ, წარმოიდგინე მთელი მისი მნიშვნელოვნება, დაშრიტე მრისხანება და ყველა სხვა ვნება; დაე, სახეზე ცხოველი სასოება გამოგეხატოს, სულმა კი თავისუფლება იგრძნოს.

რამეთუ პირჯვარი მხოლოდ თითებით კი არ უნდა გამოვისახოთ, ამას გულის განწყობა და სრული სარწმუნოება უნდა უძღოდეს წინ. და თუ ასე ისახავ პირჯვარს, ვერც ერთი არაწმიდა სული ვერ გაბედავს შენთან მოახლოებას, რადგანაც დაინახავს იმ მახვილს, რომლითაც იგი მოწყლულ იქნა, და იმ იარაღს, რომლისგანაც სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.

ამრიგად, ნუ შეგრცხვება ესოდენი სიკეთისა და მაშინ არც ქრისტე შეგარცხვენს პირისპირ, როდესაც მოვა თავისი დიდებით, როდესაც ეს ნიშანი გამოჩნდება მის წინაშე უფრო ბრწყინვალედ, ვიდრე ყველაზე ბრწყინვალე მზის სხივი. ჯვარი არის ჩვენი ქება, თავი ყოველი სიკეთისა, ჩვენი კადნიერება და ჩვენი ერთადაერთი სამკაული.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1053 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები