შაბათი, 20.04.2024, 12:59
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 3 » პატერიკი.
19:06
პატერიკი.

ანგელოზები ზრუნავენ ადამიანების ხორციელ ჯანმრთელობაზეც ეს ზეციური დესპანნი ზრუნავენ ადამიანების არა მარტო სულიერ გადარჩენაზე, არამედ მათ ხორციელ ჯანმრთელობაზეც. პატერიკი მოგვითხრობს, თუ როგორ განკურნა მფარველმა ანგელოზმა ერთი მეუდაბნოე, რომელიც კუჭის ძლიერი ტკივილით იტანჯებოდა.

ანგელოზი ეჩვენა სნეულს და ტანჯვის მიზეზი გამოჰკითხა. შემდეგ თითით ბასრი დანის მსგავსად გაუჭრა დაავადებული ადგილი, გამოწმინდა დაგროვილი ჩირქი და მერე ხელით ჭრილობა გაუმთელა; ამგვარად განკურნა მეუდაბნოე და დაუბრუნა მას ფიზიკური სიმრთელე. „აი, ისინი, რომლებსაც უფალი გზავნის წმიდანთა დასახმარებლად” ერთხელ აბბა ისიდორემ ამაღლებულ ადგილზე აიყვანა არაწმიდა ზრახვებთან ბრძოლით დაუძლურებული აბბა მოსე და უთხრა: „გაიხედე დასავლეთით”.

მოსემ გაიხედა და დაინახა იქ უთვალავი დემონი, რომლებიც მოისწრაფოდნენ ადამიანებთან საბრძოლველად. აბბა ისიდორემ კვლავ უთხრა მას: „გაიხედე ახლა აღმოსავლეთით”. აბბა მოსემ გაიხედა და იხილა დიდებით მოსილ წმიდა ანგელოზთა უთვალავი სიმრავლე. შემდეგ აბბა ისიდორემ მას უთხრა: „აი ისინი, რომლებსაც უფალი გზავნის წმიდანთა დასახმარებლად; ხოლო ისინი, რომლებიც დასავლეთით არიან, ჩვენს წინააღმდეგ აღძრავენ ბრძოლას. მაგრამ ჩვენი შემწენი გაცილებით მეტნი არიან”.

ხილვამ გაამხნევა და დაამშვიდა ბოროტი ზრახვებით შეწუხებული ბერი. „ასე გიბრძანებთ უფალი საბაოთ…” ერთხელ ღირსმა ნიფონტმა ლოცვის შემდეგ ჩასთვლიმა და იხილა ვრცელი მინდორი, სადაც იდგა უამრავი ბოროტი სული, მძიმე ცოდვების მიხედვით სამას სამოცდახუთ პოლკად დაყოფილი. ერთ-ერთი ყველაზე შავი ეთიოპელი მათ ბრძოლისათვის ამზადებდა: „მიყურეთ მე და ნურაფრის გეშინიათ, რადგან ჩემი ძალა თქვენთან იქნება”. ეშმაკმა ყოველ პოლკს მისცა გრძნებულებანი და გაუშვა მიწაზე, ქრისტეს ეკლესიასთან საბრძოლველად. როდესაც ნეტარი მამა ამას უცქერდა, მოესმა ხმა: „ნიფონტ, გაიხედე აღმოსავლეთისკენ”.

მან თვალი მიაპყრო აღმოსავლეთს და იხილა სუფთა და ლამაზი მინდორი, რომელზეც იდგა დემონებზე ორჯერ მეტი თეთრით მოსილი ჭაბუკი, ასევე ბრძოლისათვის განმზადებული. შემდეგ მოვიდა მზეზე უფრო ნათელი სახის კაცი და მიმართა მათ: „ასე გიბრძანებთ უფალი საბაოთ: წადით მთელს ქვეყანაზე, დაეხმარეთ ქრისტიანებს და დაიცავით მათი სიცოცხლე”. ღირსმა მამამ განადიდა ღმერთი, რომელიც ასე შეეწევა თავის ეკლესიას.

მაშინ მემამულე მიხვდა, რომ მონასტერს იცავენ ღმრთის ანგელოზები როდესაც ღირსი კირილე აშენებდა ბელოზერსკის მონასტერს, მშენებლობის წარმატებით გაკვირვებული მეზობლად მცხოვრებნი კირილეს დიდი სიმდიდრის პატრონად თვლიდნენ. ამ ხმებმა ერთ ანგარებიან მემამულემდეც მიაღწია. მან შეკრიბა თავისი მსახურნი და ღამით გაეშურა ღირსი მამის გასაძარცვავად. გალავანთან მისულმა ბოროტისმზრახველებმა იხილეს, რომ მონასტრის სიახლოვეს მიმოდიოდა მეომართა დიდი სიმრავლე ამოწვდილი ხმლებით. ყაჩაღები დილამდე ელოდნენ მეომართა დაძინებას, მაგრამ ამას ვერ მოესწრნენ და შინ დაბრუნდნენ. მეორე ღამეს მათ უფრო მეტი მეომარი იხილეს და კვლავ ხელმოცარულნი დარჩნენ.

დილით მემამულემ მონასტერში მსახური გააგზავნა იმის გასაგებად, თუ რომელი პოლკი იდგა იქ და რამდენი ხნით აპირებდა გაჩერებას. მსახურმა მოიტანა ამბავი, რომ კვირაზე მეტია მონასტერში არათუ ჯარი, ერთი მომლოცველიც კი არ ყოფილა. მაშინ მემამულე მიხვდა, რომ მონასატერს იცავენ ღმრთის ანგელოზები და შეინანა ბოროტი განზრახვა. „იყავი სრული და გულით მდაბალი უფლის წინაშე, ემსახურე მას სიხარულით და მე არ განგეშორები შენ” ერთხელ ღირსმა ონოფრე დიდმა დაყუდებული ცხოვრების სიყვარულით დატოვა თებაიდის მონასტერი და უდაბნოს მიაშურა.

მოულოდნელად მან იხილა ნათლის სხივი და შეშინებულმა უკან გაქცევა დააპირა, მაგრამ ნათლის სხივი მიუახლოვდა მას და მოესმა ხმა: „ნუ გეშინია, მე ვარ შენი ანგელოზი, შენი შობისთანავე უფლისგან შენს დასაცავად დადგენილი, და მუდმივად შენთან ერთად დავდივარ. ამჯერად მე ღმრთისგან ნაბრძანები მაქვს, წაგიყვანო უდაბნოში.

იყავი სრული და გულით მდაბალი უფლის წინაშე, ემსახურე მას სიხარულით და მე არ განგეშორები შენ”. ანგელოზი ღირს ონოფრეს წინ გაუძღვა. საკმაო მანძილი რომ გაიარეს, წმიდანმა დაინახა ჩინებული გამოქვაბული და ანგელოზის ნათელი სხივიც გაუჩინარდა. უდაბნოში განმარტოების პირველი წლები მრავალი განსაცდელით იყო აღსავსე: დღისით ღირს ონოფრეს თაკარა მზე წვავდა, ღამით კი ყინვისგან ითოშებოდა

. იგი უდაბნოს მცენარეებით იკვებებოდა, წყურვილს კი ნამით იკლავდა. ღმერთმა თავის ერთგულ შვილს ღვაწლში განმტკიცების შემდეგ ანგელოზი გამოუგზავნა, რომელსაც მასთან პური და წყალი მოჰქონდა. უფლის ანგელოზი მას ოცდაათი წელი კვებავდა; ამის შემდეგ მის გამოქვაბულთან ამოვიდა ფინიკის ხე ტკბილი ნაყოფით და აღმოცენდა წყარო ცივი წყლით.


ღირსი ონოფრეს ანგელოზი აზიარებდა იესო ქრისტეს უხრწნელ ხორცსა და სისხლს. „და არა მარტო ჩემთან მოდის ანგელოზი ღმრთაებრივი ზიარებით, – განუცხადა წმიდა მეუდაბნოემ ღირს პაფნუტის, – არამედ სხვებთანაც, რომლებიც ღმრთის გულისათვის უდაბნოში ცხოვრობენ და ვერ ხედავენ ადამიანის სახეს. ანგელოზის ხელებიდან ზიარება მათ გამოუთქმელი მხიარულებით აღავსებს.

და თუ რომელიმე მათგანი ისურვებს ადამიანის ხილვას, ანგელოზს აჰყავს იგი ზეცად, რათა იხილოს წმიდანები და განიხაროს; მაშინ ის ადამიანი სულით ნათლდება და ხარობს, რომ ღირს-იქმნა ზეციურ მშვენიერებათა ხილვისა და ივიწყებს უდაბნოში გაწეულ ყველა შრომას. თავის ადგილზე დაბრუნების შედეგ კი უფრო გულმოდგინედ ემსახურება ღმერთს და ესავს, საუკუნოდ დაიმკვიდროს ის, რისი ხილვის ღირსიც გახდა ზეცაში”.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1055 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები