პარასკევი, 29.03.2024, 13:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » თეო ხატიაშვილი – მე გაჩვენებთ, გიყვებით, გახსენებთ, როგორი იყო ეს სამყარო…
11:18
თეო ხატიაშვილი – მე გაჩვენებთ, გიყვებით, გახსენებთ, როგორი იყო ეს სამყარო…


პიერ პაოლო პაზოლინი იტალიელი კომუნისტის ანტონიო გრამშის საფლავთან, 1962.


პიერ პაოლო პაზოლინი – Pier Paolo Pasolini (1922 – 1975)

თეო ხატიაშვილი – მე გაჩვენებთ, გიყვებით, გახსენებთ, როგორი იყო ეს სამყარო…

ჰომოფობიურ საზოგადოებაში, როგორადაც დღემდე რჩება, ქართული საზოგადოება, ჰომოსექსუალობა პოლიტიკური მკვლელობის ინსპირირების საუკეთესო "საშუალებაა”. უკანასკნელი წლების მანძილზე სამი გახმაურებული მკვლელობა (უფრო სწორედ ერთი მკვლელობა, მეორე- იძულებითი თვითმკვლელობა, მესამე – "უბედური შემთხვევა”) სწორედ ამ მიზეზით დარჩა ბოლომდე გაუხსნელი და აუხსნელი.

მორალისტური კოდექსების ტყვეობაში მყოფ საზოგადოებას ურჩევნია მოახდინოს მსხვერპლის ჰეროიზაცია და მიზეზები ბუნდოვანი დარჩეს, ვიდრე პოპულარული სახე "ბინძური ჭორებით” რეპუტაცია-შელახული აღმოჩნდეს.


სხვა საკითხია, რომ როგორც წესი, ამ "რეპუტაციის” შესახებ ყოველთვის და ყველასთვის ცნობილია ხოლმე (ყოველ შემთხვევაში, ჭორის დონეზე მაინც), მაგრამ, მთავარია ის არ იყოს დეკლარირებული. ამგვარი ფარისევლური შეთანხმება რაღაცეების მიჩქმალვაზე, რათა საზოგადოების მორალურ სახეზე წარმოდგენა არ დაირღვეს, ჰომოფობიის კიდევ ერთი გამოვლენაა.ბოლო ხანების ყველაზე ანგაჟირებული მკვლელობაც (სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე), მედიით გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჰეტეროცენტრისტული ეგოიზმის შედეგია- ამ შემთხვევაში მსხვერპლი საკუთარ ჰომოფობიურ აგრესიას შეეწირა. ანუ აგრესიულ საზოგადოებაში მსხვერპლად ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იქცეს "უმრავლესობისადმი” და "უმცირესობისადმი” კუთვნილების მიუხედავად.

ჰომოსექსუალობა 1975 წელს მომხდარი ერთ-ერთი უსასტიკესი მკვლელობის მიზეზი გახდა – ყველა წმინდანისა და მიცვალებულის დღეს პიერ პაოლო პაზოლინის აკუწული სხეული რომის გარეუბანში, ოსტიის ერთ-ერთ ბუნკერში იპოვნეს. ეს ის ადგილი გახლდათ, სადაც რეჟისორი "სიყვარულის საძებნელად ხშირად დაეხეტებოდა მარტო”.

იდუმალებით მოცული მკვლელობა… – ამბობდნენ, რომ პაზოლინიმ თითქოს თავად გამოიწვია მოწამეობრივი სიკვდილი, რითაც საბოლოოდ გაამართლა "მათეს სახარებაში” გამოყვანილ მეამბოხე ქრისტესთან იდენტიფიკაცია, რადგან მისი აზრით: "ან სიკვდილის საშუალებით უნდა გამოხატო საკუთარი თავი, ან უნდა იყო უკვდავი, ბოლომდე გამოუთქმელი.”

პაზოლინი თავისივე შემოქმედებაში გაიდეალებული ‘ლუმპენების’ მსხვერპლი გახდა. თუმცა, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მკვლელობას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა – სამოცდაათიანი წლების იტალიაში ნეო-ფაშისტების მკვეთრი გააქტიურება შეინიშნებოდა, რომელთაც რამდენჯერმე დაარბიეს კიდეც პაზოლინის სახლი.

სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ დამკვეთები. უკვე დახურულ პროცესს, შარშან დამნაშავის ახალი აღიარება მოჰყვა, რამაც საბოლოოდ დაადასტურა ეჭვები: მკვლელები ( როგორც აღმოჩნდა, ის ერთი კი არა, ოთხი იყო) გაშმაგებულნი ურტყამდნნ რეჟისორს და თან დასძახოდნენ: "ესეც შენ, დამპალო კომუნისტო, შენი კომუნისტური იდეებისთვის”.


Pier Paolo Pasolini.


პაზოლინის "გამომწვევი დამოუკიდებლობა” მხოლოდ ნეო-ფაშისტებს როდი აღიზიანებდა – მას ხშირად კიცხავდნენ მემარჯვენეებიცა და მემარცხენეებიც, კომუნისტებიცა და სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველი აქტივისტებიც, რადგან მისი წინააღმდეგობა არ იყო "კამპანიური” და ის ყოველთვის მარტოობაში გამოიხატებოდა.

სამოციანი წლების სტუდენტური მღელვარების დროსაც კი, როცა უკვე ყველა დასავლელი ინტელექტუალი აშკარად გამოხატავდა თანადგომას, პაზოლინის სრულიად განსხვავებული პოზიცია დაიკავა და საწყალი პოლიციელების მხარე დაიჭირა, რომლებიც თავად არიან სისტემის მსვერპლნი, რადგან სახელმწიფო სამსახურში მოწოდების კი არა, თავიანთი მრავალსულიანი ოჯახებისათვის ელემენტარული საარსებო საშუალების მოსაპოვებლად დგანან.

"ყოველთვის მკიცხავდნენ არა იმდენად როგორც ჰომოსექსუალს, არამედ როგორც მწერალს, რომლის მიდრეკილებებით შანტაჟირებასაც ვერ ახერხებდნენ; ვერ ახერხებდნენ ამგვარად ეიძულებინათ ჩამდგარიყო საერთო მწკრივში.

სინამდვილეში სკანდალი გამოწვეული იყო არა მარტო იმიტომ, რომ არ ვმალავდი ჩემს მამათმავლობას, არამედ იმითაც, რომ საერთოდ არაფერს ვუვლიდი დუმილით გვერდს. სიძულვილსა და შეურაცხყოფას იმით უფრო ვიწვევდი , რომ სიტყვის თავისუფლების უფლებას ვიყენებდი, ვიდრე სექსუალური გადახრებით, სხვაგვარად რომ ვთქვა, მოქმედ ნორმებთან შეუთავსებლობით..” – პასუხობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

თითქმის ყოველი მისი ფილმი სკანდალს იწვევდა. ფილმებს ასამარლებდნენ, საბოლოოდ კი მაღალმხატვრულ ნაწარმოებებად აღიარებდნენ, რომელთაც თვით ვატიკანი აჯილდოვებდა ქრისტიანული იდეებისა და ჰუმანურობისათვის. პარადოქსულობა და წინააღმდეგობრიობა პაზოლინის ცხოვრების მუდმივი განმსაზღვრელი იყო.

როგორც თავად აღნიშნავდა, კონფლიქტური ხასიათი უკვე თავად მის სახელში იყო ჩადებული – პიერ-პაოლო რადიკალურად განსხვავებული წმინდანების – პეტრესა და პავლეს საპატივცემულოდ დაარქვეს.

მდიდარი გლეხის ოჯახიდან გამოსული, მოკრძალებული და სათნოებით აღსავსე დედისა და გაღატაკებულ, არისტოკრატიული წარმომავლობის ამპარტავან და ფაშისტ მამას შორის არსებულმა მუდმივა უსიამოვნებამ პაზოლინის ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბა ურყევი პოზიცია, რომელიც ყოველთვის ჩაგრულთა, დამცირებულთა, განდევნილთა და მარგინალთა თანადგომაში გამოიხატება.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა უნივერსიტეტში პროფესორ ლონგისთან ხელოვნების ისტორიას ეუფლებოდა, მას იტაცებდა არა იმდენად რომის კლასიკური არქიტექტურა ან საერთოდ იტალიური რენესანსის აკადემიური სტილი, რამდენადაც პერიფერიებში განვითარებული ნაკლებად რაფინირებული, წონასწორობას მოკლებული "კუსტარული” ხელოვნება, რომელიც ცოცხალ მუხტს შეიცავდა.

თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებს პაზოლინი "მაღალ”, ლიტერატურულ იტალიურზე კი არა, არამედ ფრიულურ დიალექტზე ქმნიდა, რომელიც (სხვა დიალექტებთან ერთად, რომლებსაც ასევე სწავლობდა პაზოლინი) სულ უფრო და უფრო იდევნებოდა, იკარგებოდა და შესაბამისად ღარიბდებოდა იტალიური ენა.


”თეორემა” - პიერ პაოლო პაზოლინი; ”Theorem” - Pier Paolo Pasolini.


პაზოლინის პერსონაჟების საზოგადოებისგან განდევნილი ადამიანები არიან, რომლებიც მდიდარ შინაგან სამყაროს ინახავენ ( მართალია, ცუდსაც და კარგსაც, აგრესიულსაც და ჰუმანურსაც, მაგრამ აარაერთგვაროვანს, ცოცხალს).

პაზოლინის ფილმების უმეტესობა იმ დროსა და სივრცეს აღადგენს, რომელთაც ცივილიზაციის რეპრესია და სისტემატიზაცია ჯერ არ შეხებია. "პირველყოფილ ბარბაროსობაში არის რაღაც წმინდა, კარგი და სისასტიიკის გამოვლენა უკიდურესად იშვიათია. ასეა თუ ისე , რაც უფრო პირველყოფილია, მით ნაკლებად ანგარებიანი, ანგარიშიანი, აგრესიული და ტერორისტულია” – ამბობდა პაზოლინი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მისი აზრით, თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში სიყვარულიც გათვლით ხდება, ადამიანის ყველაზე ინტიმურიც ნორმირებულია. ამიტომაც ევლინება ტიპიურ მსხვილბურჟუაზიულ ოჯახს ღმერთი (თუ ანგელოზი) ადამიანური სახით "თეორემაში”, ისე, როგორც თავის დროზე დიონისე მოევლინა ხალხს, რათა შეახსენოს ადამიანებს, რომ იცხოვრონ და უყვარდეთ.

უყვარდეთ ყოველგვარი ანგარებისა და საზოგადოებრივი ნორმების, ჩარჩოების გარეშე, ისე, როგორც მისი ‘სიცოცხლის ტრილოგიაში” , რომლის შესახებაც პაზოლინი წერდა: "მე ვაჩვენებ ფეოდალურ სამყაროს, სადაც ეროსი განსაკუთრებული სიღრმით, სიშმაგითა და ბედნიერებით განიცდება.; სადაც ყველა ადამიანს, თვით ყველაზე მდაბიოს ჩათვლით, საკუთარი ღირსების შეგრძნება გააჩნია,.

მე ვაცოცხლებ ამ სამყაროს და გეუნბებით, გიყვებით, გახსენებთ , როგორი იყო ეს სამყარო”…
ის სამყარო კი სადაც პაზოლინი ცხოვრობდა და ჩვენც ვაგრძელებთ ცხოვრებას, სიყვარულისგან ძალზე გაუცხოებული და ქსენოფობიურია.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1145 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები