პარასკევი, 29.03.2024, 03:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » თეო ხატიაშვილი – „თაღლითი“ რეჟისორის ტრაგიკული ისტორია (სერგო ფარაჯანოვი).
11:25
თეო ხატიაშვილი – „თაღლითი“ რეჟისორის ტრაგიკული ისტორია (სერგო ფარაჯანოვი).

                       სერგო ფარაჯანოვი – Sergei Parajanov.


სერგო ფარაჯანოვი – Sergei Parajanov (1924 – 1990)

თეო ხატიაშვილი – „თაღლითი" რეჟისორის ტრაგიკული ისტორია

„იცით რა არის შამფური? – ხანჯალი, რომელზეც მწვადს აცვამენ. იმისთვის რომ აგურები ნაგებობად გადაიქცეს, საჭიროა ყველაზე ელემენტარული სიუჟეტური შამფური, რომელზეც ეს ყველაფერი აისხმება და ფორმას მიიღებს" – ეს შენიშვნა სამხატვრო საბჭოზე „კიევის ფრესკების" განხილვისას გამოითქვა.

თუმცა ფარაჯანოვს ყოველი მომდევნო „უშამფურო" ფილმის გადაღების შემდეგ მსგავს პრეტენზიებს უყენებდნენ. ფარაჯანოვი შენიშვნებს, რასაკვირველია, არ ითვალისწინებდა; რაღაცნაირად ახერხებდა (თუმცა ყოველთვის ვერა,) დაერწმუნებინა, დაენახვებინა საბჭოს წევრებისთვის სუმბურული, პოეტური იერსახეებით სავსე სცენარი, რისთვისაც ალბათ, მისთვის ჩვეულ დემაგოგიასა თუ არტისტიზმს არ იშურებდა.

თანაც დაუფარავად აცხადებდა: „ღმერთმა ქნას, ჩვენს სტუდიას ფორმალიზმში სდებენ ბრალს, ღმერთმა ქნას, სიმბოლოები გვქონდეს. როგორ შემიძლია კინოს ენაზე გადმოვცე რა არის წვიმა? საწვიმრებით…"


ასეთი სახოვანი იყო ფარაჯანოვის დამოკიდებულება ნებისმიერი მოვლენისადმი – წვიმა არა „ნატურალური სახით", არამედ საწვიმარი ლაბადებით, სიყვარულის ახსნა არა ჩვეულებრივ, ბანალურად (ანუ რაც დაახლოვებით იგივე ფარაჯანოვისთვის, რაც ვერბალურად) არამედ, ვთქვათ, კალიასა და პეპლის სცენის გათამაშებით („ლეგენდა სურამის ციხეზე") და ა.შ.

ცალკეული ეპიზოდები მის ფილმებში ირაციონალურის კარნახით და არა ლოგიკით ებმის ერთმანეთს; ფარაჯანოვი ერთი ამბიდან მოულოდნელ ლირიკულ გადახვევას აკეთებს, რომელიც ტრადიციულ, მწყობრ დრამატურგიას მიჩვეულ მაყურებელს აბნევს, მათი დაკავშირება უჭირს, ზოგჯერ მეტად ღრმა, სიმბოლურ ახსნას ეძებს მაშინ, როდესაც ფარაჯანოვი უბრალოდ ტკბება სილამაზით (შეიძლება იმითიც, რომ მაყურებელს აცურებს) სამყაროთი, ცხოვრებით..

ტკბება უბრალოდ თავისუფალი სივრცით, სადაც ყველაფერი ამბივალენტურია, ყველაფერი მოძრავი, სადაც ადვილად იცვლება თეთრი შავით და პირიქით.. მოკლედ, დასაშვებია ყველაფერი როგორც ზღაპარში, რომლის თანაავტორობა რეჟისორთან ერთად მაყურებელსაც შეუძლია.


ამბავი სურამის ციხისა", სერგო ფარაჯანოვი – "Legend of Suram Fortress" - Sergei Parajanov.


საბჭოთა კულტურისთვის, რომელიც „ოტტეპელის" სიოს მიუხედავად, ოფიციალურად, კვლავ სოცრეალიზმის დირექტივებით იქმნებოდა , სრულიად მიუღებელი იყო ამგვარი არაკონტროლირებადი სივრცე. მისთვის გაცილებით უფრო გასაგები იყო დისიდენტური კულტურა , რომელსაც კრძალავდა, თაროზე შემოდებდა, ანტისაბჭოურად და მტრად გამოაცხადებდა ავტორს, ან უკეთეს შემთხვევაში მიჭრიდ–მოჭრიდა, არასასურველ ეპიზოდებს მოაცილებდა და „გააუმტივარებდა"..

მაგრამ რა უნდა ექნა ფარაჯანოვისთვის, რომელიც არ ყოფილა დისიდენტი? მისი ფილმებისთვის, რომლის დაჭრა ისედაც სუმბურულ ტექსტებს, საბოლოოდ გამოაცლიდა „შამფურს"? ანდა, რა უნდა ამოეჭრა – ამაღლებული სიყვარულის სცენები თუ სამშობლოსთვის შეწირული გმირის ისტორია? სოცრეალიზმის მიხედვით, ყველაფერი ძალზე კონკრეტული, მკაფიო და გასაგები უნდა ყოფილიყო – ვიღაც კარგი და მისაბაძია, ჩვენს ბედნიერ მომავალს აშენებს. ვიღაც კი ამ ყველაფერს ხელს უშლის.

ფარაჯანოვთან „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" წარმოსახვით სამყაროში დაგვატარებენ და მითოლოგიურ სახეებსა თუ ისტორიებს აცოცხლებენ – აქ მხოლოდ იმაში შეიძლება შეედავო ავტორს, რომ თანამედროვეობას მოწყდა, რეალობას არ ასახავს და დეკადენტურია.


რა თქმა უნდა,"წარსულში ემიგრაცია", – თანაც პრეისტორიულ წარსულში – პროტესტი იყო არსებული რეალობისადმი, რომელსაც ხაზგასმულად ფერადოვანი, მშვენიერი, ამაღლებული სამყაროს შექმნით ისევე ემიჯნებოდა ფარაჯანოვი თავის ფილმებში, როგორც ცხოვრებაში.


ის რამდენიმე ათწლეულით ადრე რომ დაბადებულიყო, ფორმალიზმის ბრალდებით ყოველგვარი გასამართლების გარეშე მოიშორებდნენ და რეპრესირებულთა რიცხვს შეავსებდა. ფორმალიზმი ხელოვანისთვის 60–70იან წლებშიც „მძიმე ცოდვად" რჩებოდა და რეპრესიებიც, მართალია სახეცვლილად, მაგრამ მაინც ტარდებოდა.


"მივიწყებულ წინაპართა აჩრდილების" საერთაშორისო წარმატების შემდეგ „კიევის ფრესკებზე" დაწყებული მუშაობა შეაწვეტინეს. ის, რომ ფარაჯანოვი არასასურველი რეჟისორი, მისი ფილმები კი მიუღებელი იყო, „საიათნოვას" მიმართ გატარებულ „სანქციებშიც" აშკარად გამოჩნდა – ფილმს დაბალი კატეგორია მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავდა რომ მხოლოდ პროვინციულ თუ მეორეხარისხოვან კინოთეატრებში იქნებოდა ნაჩვენები, საერთაშორისო ფესტივალზე გატანა, რასაკვირველია, შეუძლებელი იყო. მაგრამ ფარაჯანოვის „ნორმაში მოქცევა" იმდენად რთული იყო, რომ მხოლოდ შემოქმედებაზე ზეწოლა საკმარისი არ აღმოჩნდა.

ის ორჯერ დააპატიმრეს სპეკულაციასა და ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით, პირველად მკაცრი რეჟიმის ხუთწლიანი სასჯელი მიუსაჯეს, რომელიც დასავლური საზოგადოების აქტიური ჩარევით, განსაკუთრებით საფრანგეთის კომპარტიისა და მისი წევრის, პოეტ ლუი არაგონის დიდი ძალისხმევით, რომელმაც უშუალოდ ლეონიდ ბრეჟნევს გაუგზავნა წერილი, შეუმსუბუქეს და სამი წლის შემდეგ კვლავ გამოუშვეს.

თუმცა, მალე კვლავ იჭერენ, მაგრამ ამჯერად რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ ათავისუფლებენ. ფარაჯანოვს გადაღების უფლებას არ აძლევენ; მხოლოდ 1983 წლიდან კინოსტუდია ქართულ–ფილმში იწყებს მუშაობას და მალევე იღებს ფილმს „ლეგენდა სურამის ციხეზე", ანუ თითქმის ათი წლის განმავლობაში ის მოწყვეტილია თავისი საქმიანობიდან. აკი, მის მიერ დაწერილ შეწყალების წერილში „დანაშაულის მონანიებასთან" ერთად ესეც არის გათვალისწინებული:

…განსასგელი ფარაჯანოვი ს.ი.–სგან.
122_I და II სტატია და 211. 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მკაცრი რეჟიმი.
შეწყალების თხოვნა.
17 დეკემბერი 1974 წ. – ჩემი მკაცრი იზოლაციის წელი.
ჩემს მიმართ წაყენებული ბრალდება და სასჯელი ღრმად გააზრებული მაქვს. პირადად გთხოვთ შეიწყალოთ ჩემი ნამოქმედარი.

პირადად თქვენს წინაშე ვიღებ ვალდებულებას, რომ გათავისუფლების შემდეგ არ დავბრუნდები კიევში და არ დავუბრუნდები ხელოვნებას. ჩემი ფიზიკური და მორალური მდგომარეობა ისეთივე ტრაგიკულია, როგორც ჩემი მომავალი.

ს. ფარაჯანოვი, 1974 წ. დეკემბერი, გუბერნიკი.


                   სერგო ფარაჯანოვი.

ფარაჯანოვის ზონიდან გამოგზავნილი წერილები სავსეა ტრაგიზმის განცდით, შიშით, სასოწარკვეთით… და თან, ამავე დროს შეუპოვრობით. ის ყველაზე მძიმე დანაშაულის მქონე რეციდივისტებთან ერთად იჯდა, რომელთა არც სლენგი ესმოდა, არც ქცევის წესები, არც იდეალები. ისინიც უნდობლად უყურებდნენ ბეჯითად მომუშავე რეჟისორს. თუმცა ფარაჯანოვი, რომლისთვისაც ადამიანებთან ურთიერთობა ცალკე ხელოვნება იყო, მაინც ახერხებს მათთან საერთო ენის გამონახვას.

ისინიც უყვებიან თავიანთ საშინელ ისტორიებს – დოსტოევსკი უნდა იყო, რომ მათი მხატვრულ ნაწარმოებებში გადატანა შეძლოო; ფარაჯანოვი ცდილობს, შემოქმედებითი იმპუსლები გააღვიძოს პატიმრებში, მათ ნამუშევრებს კი თავის ახლობლებს უგზავნის და რეკომენდაციებს უწევს… ასე რომ გარემოს მიმართ თავდაპირველი შიში დაძლეულია.

ფარაჯანოვს გაცილებით ეშინია იმის თუ რა დახვდება გარეთ და რას გააკეთებს. „რა თქმა უნდა, არ ვიცი რისთვის ვზივარ და რამდენ ხანს ვიჯდები, ჩემი დანაშაული ვაღიარე და ერთი წელი უნდა ვმჯდარიყავი.

თუმცა ხუთი წელი მომისაჯეს, ჩამომართვეს ბინა. ხელოვანისა და მამაკაცის მუნდირი. თუმცა ესეც არ არის მთავარი. მთავარია – რა იქნება მერე? რა ბედი ელის სვეტლანას, ჩემს შვილს და ჩემ ხელოვნებას, რომელიც სრულიად ჯერ კიდევ არ გამომიხატავს ერკანზე" – წერდა ლილია ბრიკს.


სერგო ფარაჯანოვი და ლილი ბრიკი – Sergei Parajanov & Lilya Brik.

ფარაჯანოვი ხელოვნებამ გადაარჩინა ზონაში, სადაც ყველაზე უტილიტარული და იაფფასიანი ნივთისგანაც კი კოლაჟებს ქმნიდა. თითქმის ყოველ წერილში თავის მეგობრებს სთხოვს, გამოუგზავნონ ბისერები, გამოუსადეგარი ძველი ნივთები და ა.შ.

„ცხოვრების საუკეთესო წლები", რომელიც გავატარე იზოლაციაში" – ასე მოიხსენიებდა ციხეში გატარებულ პერიოდს , როცა შექმნა ასი ნოველა, სამი სცენარი, 120 ნახატი და კოლაჟი და გაიარა ნამდვილი ჯოჯოხეთი. თუმცა, ფარაჯანოვი თვლიდა რომ ხელოვანისთვის აუცილებელიც კი იყო ეს ყველაფერი განეცადა.


ციხის მეეზოვე - The Prison Road Sweeper.


თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ გადაღებული ფილმები კი ისევ ისეთი ფერადოვანი, სიცოცხლითა და უსაზღვრო თავისუფლებით გაჟღენთილი, ისევ სიმბოლოებით სავსე და"უშამფურო" იყო.

„პერესტროიკის" რიტორიკა ამ ყველაფერს იტანდა, მაგრამ ამჯერად ნაციონალისტი ქსენოფობებისთვის მისი სომხური წარმომავლობა გახდა მიუღებელი.

P.S. ფრანგი კრიტიკოსი სერჟ დანეი გოდარზე წერდა: „გოდარის სახელი დაახლოვებით ისეთივეა, როგორც თავის დროზე პიკასოსი. ის იქცა ხელოვნების სინონიმად მასებისთვის გაუგებარი, შერყვნილი ავანგარდიზმის, სხვაგვარად რომ ვთქვათ, თაღითობის გაგებით… არსებითად კი სიტყვა „გოდარი გარკვეულწილად აღნიშნავს „გახსნილობას", იმ ექსტრავაგანტულ თავისუფლებას, რის გამოც შურთ და რისთვისაც ტუქსავენ".
არ შემეშინდება რომ ფარაჯანოვზე დანეის პერიფრაზირება მოვახდინო.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1562 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები