ხუთშაბათი, 25.04.2024, 04:18
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » კოტე ჯანდიერი – “კონკიას ღამე”.
16:26
კოტე ჯანდიერი – “კონკიას ღამე”.

მხატვარი თემო ედილაშვილი.


კოტე ჯანდიერი – Kote Jandieri

"კონკიას ღამე”

"აღებსთა, ფშეგიშხა, აცეტუკი”… ეს უცნაური, წარმართული შელოცვის მსგავსი სიტყვები უეცრად, ერთმანეთის მიყოლებით ამოტივტივდნენ მოლოდინით დაქანცული ქალის გონებაში. ვინ იცის უკვე მერამდენედ, ყველაზე მძიმე წუთებში, სასოწარკვეთის ქვიშიან ნაპირზე მდგარს სწორედ ეს სიტყვები ახსენდებოდა …

”აღებსთა, ფშეგიშხა, აცე-ტუკი”… ამ მთების სახელები პირველად მამისაგან გაიგო. მაშინ ისინი რესტორანში ისხდნენ, შემწვარ კალმახს შეექცეოდნენ და გაჰყურებდნენ მწვანედ მოლივლივე ტბას ვეებერთელა ფანჯრის მიღმა.

ტურისტული სეზონი თითქმის დამთავრებულიყო. დაბლა, ზღვის სანაპიროს ჯერ კიდევ შემორჩენოდნენ ტანგარუჯული დამსვენებლები; აქ კი, ამ სიმაღლეზე, არაფერი არღვევდა ხშირი წიწვნარით შებურული მთებისა და პრეისტორიული ქვეწარმავლის თვალივით ცივი და საშიში ტბის მდუმარებას. მამამისის ახალთახალი, შავად მოლაპლაპე "ვოლგა” სრულიად მოულოდნელ და უადგილო სხეულად მოჩანდა უკაცრიელ ავტოსადგომზე, ტყის ნაპირას.

- ყველაზე თვალისმომჭრელი აქ ტბაა, – ამბობდა მამა, – მაგრამ რომ არ იყოს ეს მთები, ეს აღებსთა, ფშეგიშხა და აცეტუკი, არც ეს პატარძალი იარსებებდა. ეს მთები აჩერებენ ღრუბლებს, თავის კალთებზე ატოვებინებენ ტენს.

სათავეს აძლევენ წყაროებს, მათ დინებას მიმართულებას უწესებენ, მერე წინ ეღობებიან, აგუბებენ და თვითონვე უგებენ სარეცელს ამ ტბას… – მამამ სიგარეტს მოუკიდა და აცეტუკის თავზე გაჩენილ კუპრისფერ ღრუბელს გახედა. ამინდი აშკარად ფუჭდებოდა.

- არ ვიცი, ხვდები თუ არა, მაგრამ მე და შენ იმ ჯიშისა ვართ, ვინც აგუბებს მდინარეებს…

კუპრისფერმა ღრუბელმა ნახევარი ცა დაფარა და ტბის იქითა, შორეული ნაპირი (კეკლუცი სამთ-ავრობო აგარაკის ჩათვლით) ცივ და მძიმე ნისლში გაეხვია.

- თუ ვერ ხვდები რასაც ვგულისხმობ, ე.ი. შენს გაზრდაში შეცდომები დამიშვია… მე მინდოდა, რომ გარშემო ყოველთვის კარგი წიგნები, ნახატები და მუსიკა გქონოდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მთელი ეს პოეტები, ოპერის მომღერლები და მხატვრები, რომლებსაც დღემდე ვაჭმევ, ვაცმევ და ზოგჯერ ფულსაც ვუტენი ჯიბეში, დაბალი რასის წამომადგენლად, უფრო სწორად, მეწველ ძროხად მთვლიან.

ქალს გაახსენდა მამის დაღლილი, ყველაფრისმცოდნე და იმედისგან დაცლილი თვალები, შემთხვევით წაქცეული სატყემლე, თეთრ სუფრაზე ახლად დაღვრილი სისხლივით გადღაბნილი საწებელი და საკუთარი შემცბარი ხმა, რომელშიაც გაღიზიანების ცუდად დაფარული ნოტები გაისმა:

- შენთვის მაგათ არასდროს არაფერი უთხოვიათ, მგონი, პირიქით…

მამამ თქვა:

- აი, შენც მაგათსავით ლაპარაკობ… – და სწორედ იმ წამს გარეთ ქარიშხალი ამოვარდა. ავდრის ბინდ-ბუნდში ქარი ფლეთდა, ატრიალებდა და ერთმანეთში ურევდა ტბის ზედაპირზე გაწოლილი ნისლის გროვებს, აზვირთებდა ფოლადისფერ ტალღებს და ღრიალით ახეთქებდა ნაპირს.

- მაგ ხალხს ჰგონია, რომ მთელი სამყარო და კაცობრიობის დანარჩენი ნაწილი ღმერთმა მაგათ მოსახმარად და მოსაწველად შექმნა!

საშინელმა გრუხუნმა თითქოს ორად გააპო ზეცა და თქეში წამოვიდა. ქარის ზუზუნში, წვიმის შხუილსა და თუნუქის სახურავების ღრჭიალში ჩაესმოდა მამის ხმა.

- არა, ჩემო კარგო, ეგენი კი არა, ჩვენ ვაშენებთ პორტებს, რკინიგზებს, ჯებირებსა და ქარსაცავ ზოლებს. ჩვენს გარეშე არც მაგათი მყუდრო, საჭმელ-სასმელით გატენილი და აი, ესეთი ქარიშხლებისგან დაცული სათბურები იარსებებდა! თანაც ჩვენ არ მოვითხოვთ, რომ სული გვიბერონ, ტაში გვიკრან და ერის მამებად გვაღიარონ. რას გაჩუმებულხარ?!

- რა გითხრა, პილიკოკი!

- რა პილიკოკი, მითხარი რასაც ფიქრობ!

- მე ვფიქრობ, რომ ლირი გაგიჟდა…

ეს სნობური ფრაზა რესტორნის ვეება მინის მიღმა დატრიალებული ავდრის ღრიალში ჩაიკარგა…

მერე, როცა სველ, უკაცრიელ ტრასაზე მიმავალი მანქანის ფანჯრიდან ნაავდრალ ფერდობებს გაჰყურებდა, მამამ თქვა:

- მე არ გავგიჟებულვარ. მაგათშიც არიან ნორმალურები, მაგრამ უმრავლესობა ბრექითა და პადხალიმობით ჭამს პურს. მე ყოველთვის თავს მატკიებდა მაგათი კამათი, გულს მირევდა მაგათი კომპლიმენტები და მწამლავდა მაგათი ღიმილი…

ფანჯრის მიღმა ნაძვების ნაცვლად უკვე ევკალიპტები და ოლეანდრები გარბოდნენ. ოქროსფერი მზე ცეცხლოვან ზოლად ირეკლებოდა ლილისფრად ჩამუქებული ზღვის ხავერდოვან ზედაპირზე.

- მე ვგრძნობ, დრო იცვლება… ღმერთმა არა ქნას, მაგრამ მაგათ თუ საშუალება მიეცათ…

ქალიშვილის კისკისმა ფრაზა გააწყვეტინა.

- ვის? პოეტებსა და არტისტებს? ხა-ხა-ხა…

კარგად ახსოვს, როგორ ამოიღო ცალი ხელით სიგარეტი, მოუკიდა და მისკენ მოიხედა. მამის თვალებში არც წყენა, არც გაბრაზება არ დაუნახავს, იქ დაღლილობა და მარტოობა ამოიკითხა.

- დედაშენი დიდი ხნის მკვდარია, ამ სამ დღეში ცხრამეტისა ხდები და მე არ ვიცი, როგორ გითხრა ის, რასაც გოგოებს დედები ეუბნებიან.

- პირდაპირ მითხარი.

- მე არ მინდა, რომ ვინმე მაგათთაგანმა გაგაბრიყვოს ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკითა და მოხდენილი მოძრაობებით, მერე კი აქეთ დაგამადლოს საკუთარი თავი.

- ეგრე გეთქვა, რა შუაში იყო ჯებირები და ქარსაცავი ზოლები?

- ჩვენ არა ვართ მაგათი ჯიშის. შენ ვერ აიტან მაგათ ბრექს, მეტიჩრობას, უნებისყოფობასა და წვრილ-წვრილ ტყუილებს, მაგათ პოხონდრიებს, ყალბ პათოსსა და ეგოიზმს.

ეს იყო 1980 წლის 25 სექტემბერი. ისინი ბრუნდებოდნენ სასტუმროში და ჩამავალი მზის ფორთოხლისფერი შუქით განათებული მამა სულ აღარ გავდა ქარიშხლისას მარტო დარჩენილ შეშლილ მეფე ლირს. მის გარდაცვალებამდე ერთი წელი, ოთხი თვე და სამი დღე იყო დარჩენილი.

სხვათა შორის, სიმამრის გასვენებაში მოსულ ახალგაზრდა სიძეს ჰალსტუხის ნაცვლად ბორდოსფერი, თეთრად დაწინწკლული აბრეშუმის ბაფთა ჰქონდა ყელზე შემოხვეული. იგი XVIII საუკუნის ფრანგული ხელოვნების სპეციალისტი იყო.

* * *

საათმა რაღაცის ნახევარი ჩამოჰკრა. ქალმა მიმოიხედა. საფერფლეში ფილტრამდე ჩამწვარი, დავიწყებული სიგარეტი ხრჩოლავდა… ირგვლივ რბილი სავარძლები, ნოხი, ჭურჭლისა და წიგნის თაროები, ბოჰემიური, თუ ვინ იცის კიდევ სადაური, ძვირფასი მინის ჭაღი გულგრილად დაეფარა მტვრის თხელ ფენას. ამ ოთახში ყველაფერი მამის ნაყიდი იყო… წიგნების გარდა.

თვითონ, მოციმციმე ეკრანის წინ ფეხებაკეცილი, ტახტზე მოკალათებულიყო და მოლოდინად ქცეული ქუჩის ხმაურს უსმენდა. შორეული ოთახიდან კი ბავშვის უსმენო სიმღერა მოისმოდა. "დაიღლება და ჩაიძინებს”, – ფიქრობდა ქალი. სიმღერას ხანდახან გაუგებარი რეჩიტატივები ენაცვლებოდა და ერთ დაუსრულებელ, მონოტონურ ხმად ჩაესმოდა მოლოდინით გამახვილებულ ყურთასმენას.

ანთებული ჭაღების კაშკაშა შუქი კიდევ უფრო უსვამდა ხაზს სიცარიელეს და მხოლოდ ბავშვის ოთახში იდგა მყუდრო ბინდ-ბუნდი, სავსე უცნაური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და იდუმალი ბგერებით..

მოპირდაპირე კედელზე, ტელევიზორის ზემოთ, იქ, სადაც ახლა მონდრიანის რეპროდუქცია იყო გაკრული, ადრე მამის სურათი ეკიდა. მამა მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა, ფანჯარაში იყურებოდა, პირში ანთებული სიგარეტი ჰქონდა გაჩრილი, ხელში კი ღვინით სავსე ჭიქა ეჭირა. თვითონაც არ იცოდა, რატომ ჩამოხსნა.

მათ შორის არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული სითბო და 1980 წლის 25 სექტემბერს შემდგარი ლაპარაკი, მგონი, ერთადერთი იყო, რის გახსენებასაც ქალი ახერხებდა. იქნებ მიზეზი ის კაცი იყო, რომელსაც ამ სახლში მხოლოდ ანტუან ვატოს, ბუშესა და ფრაგონარის ალბომების, რამდენიმე წიგნისა და წვერის საპარსი მოწყობილობის გარდა არაფერი ეკუთვნოდა?..

ქალი უაზროდ მიაშტერდა დეფორმირებულ გამოსახულებას ტელეეკრანზე. "ანტენაა გასასწო-რებელი”, – გაიფიქრა და უეცრად მიხვდა, რომ რაღაც მოულოდნელმა ცვლილებამ შეაშფოთა და და-არღვია მოლოდინის მდორე დინება: ბავშვი გაჩუმებულიყო. ქალი წამოდგა და ჩაბნელებული ოთახისაკენ გაემართა.

შემინულ კარში რომ შეიხედა, ვერაფერი დაინახა ორი მოლაპლაპე წერტილის გარდა. მერე მიხვდა, რომ ბიჭს არ ეძინა და ფართოდ გახელილი თვალებით ჭერში იყურებოდა.

- არა გძინავს? – ზღურბლზევე ჰკითხა ქალმა.

ბავშვი არ გამოხმაურებია. ქალი მიუახლოვდა საწოლს.

- კიდევ იმაზე ფიქრობ?

- რაზე?

- შენ და ზურიკომ რომ იჩხუბეთ კინოში.

- შპიონია ეგ შენი ნანა, აღარასდროს აღარ წავყვები არსად. ნუღარ მომაკითხავს.

- შენ ის მითხარი, მართლა სოფოს გამო ხომ არ იჩხუბეთ?

- არა, არა, ბატონო.

- ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, მითხარი რა მოხდა.

ბავშვი საბნის კუთხეს ჭმუჭნიდა ხელში და არაფერს ამბობდა.

- არ მეტყვი?

- არა.

- ნუ კარგი, აბა, დაიძინე, თორმეტი საათია უკვე – უთხრა ქალმა და კარი გამოიხურა. უცბად თვალი მოსჭრა ჭაღის მჭახე შუქმა. შუა ოთახში ტელევიზორი უაზროდ ციმციმებდა, ყველა პროგრამა დამთავრებულიყო. ქალმა სათს შეხედა. პირველის ნახევარი იყო. საოცარია, როგორ გამორჩა თორმეტი საათი.

ნუთუ ძველი საათი გაჩერდა? გამორთო ტელევიზორი და ფანჯარას მიუახლოვდა. ყველგან ჩაექროთ შუქები, მხოლოდ მოპირდაპირე სახლის ერთ სარკმელში დაინახა სინათლე და განათებული ოთხკუთხედის ფონზე აშკარად გამოკვეთილი ქალის მუქი სილუეტი, წყვდიადის სარკეში არეკლილი მისივე ორეულივით. იქაც უცდიდნენ ვიღაცას.

ქალი მოშორდა ფანჯარას და დერეფანში დაკიდებული სარკისკენ წავიდა. უაზროდ გახსნა ყუთი, სადაც თავის მრავალრიცხოვან სამკაულებს ინახავდა. მერე დიდხანს დაჟინებით უცქერდა თავის თავს, თითქოს ვერ ცნობსო – სარკიდან გამხდარი, თმააწეწილი არსება იყურებოდა. ნელ-ნელა ეცვლებოდა სახე: განურჩეველი მოლოდინის გამომეტყველებას ზიზღი ცვლიდა. კაცმა რომ თქვას, სულაც არ იყო უშნო, მაგრამ მაინც ქალს ნელ-ნელა სიბრაზე იპყრობდა გაუთავებელი მოლოდინის გამო, თავისი მიშვებული გარეგნობის გამო, მეზობელ სახლში მასავით მომლოდინე ვიღაც ქალის გამო ა.შ.

ის უკვე ზღვარს უახლოვდებოდა, ცოტაც და ალბათ სარკეს ესროდა პირველივე საგანს, რომელსაც წააწყდებოდა მისი გაყინული ხელი, რომ ბავშვის ძახილი არ გაეგონა.

- დედა!

ქალი ხმას ვერ იღებდა. საჭირო იყო დრო, რომ ოდნავ მაინც განელებულიყო სულის სიღრმეში წამონთებული და თვალებში წამით არეკლილი ავისმომასწავებელი ცეცხლი. მექანიკურად აიღო ხელში ძველებური მინანქრიანი გულსაბნევი ძოწის თვლებით და მკერდზე დაიმაგრა.

- დედა! – განმეორდა ძახილი.

- რა გინდა, რა?! დაიძინე ახლავე, შენი ხმა არ გავიგო!

- არ მეძინება და რა ვქნა?!

ქალმა თმა შეისწორა, სახეზე ჩამოისვა ხელი და ბავშვის ოთახისაკენ გაემართა.

- რატომ არ იძინებ?

- არ მეძინება და რა ვქნა? – გაიმეორა ბიჭმა.

- დახუჭე თვალები და დაგეძინება.

- ზღაპარი მინდა!

- მთელი დღე მულტფილმებს უყურებდი, რაღა ზღაპარი გინდა?!

- მერე რა, გეხვეწები!

- შენ რომ არ მიყვები რაღაც-რაღაცეებს?

- მომიყევი რა, ძალიან გეხვეწები.

ქალს გაეღიმა. იგრძნო, რომ ბავშვთან საუბარი ამშვიდებდა.

- კარგი, ოღონდ თვალები დახუჭე და ისე.

- ხო, კარგი.

- რომელი გინდა?

- ბიჭების ზღაპარი მიამბე. ნუ, ბიჭები რომ მთავარი არიან, ისეთი…

- ბიჭების? მოდი, გოგოების ზღაპარს მოგიყვები, ბიჭებისა რაღაც არ მაგონდება. არ გაინტერესებს გოგოების ამბავი?

- ეგ რომელია?

- აი, ქვრივ კაცს რომ პატარა ქალიშვილი ჰყავდა და მერე მეორე ცოლი რომ მოიყვანა, გახსოვს?

- არა.

- ხოდა, მოკლედ, როგორც კი მეორე ცოლი მოიყვანა, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა საწყალი გოგო. დედინაცვალი თავის შვილებს არაფერს აკეთებინებდა და ამას კი დღე და ღამე ამუშავებდა, ცუდ ტანსაცმელს აცმევდა და კონკიას ეძახდა.

- ბოროტი იყო?

- ხო, ცუდი იყო. ამ დროს გამოაცხადეს, რომ მეფესთან პატიჟებდნენ ყველა ახალგაზრდა ქალიშვილს, ვისაც იმის შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ლამაზად ჩაეცვა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ უშნოდ ჩაცმული და თმააბურძგნული ადამიანი არავის უნდა. უშნოა, გაიგე? ხოდა, აბა, სასახლეში სიუშნოვე ვის ესიამოვნებოდა? მოკლედ, დედინაცვალი გაგიჟდა სიხარულით, ძვირფასი კაბები უყიდა ქალიშვილებს და წაიყვანა სასახლეში.

- რამდენი ღირდა?

- ხუთასი. შენ რა, არ ხუჭავ თვალებს? სიტყვა სიტყვაა.

- ხო, მერე!

- დარჩა სახლში საწყალი გოგო და ატირდა.

- და მერე ჯადოქარი მოვიდა?

- ხო, ხომ იცი ეს ზღაპარი!

- არა, არა, ისე ვთქვი. მერე?

- მერე და მერე: ჯადოქარმა შეახო ჯოხი გოგოს დაკონკილ კაბას და ძვირფას კაბად აქცია. ასეთი კაბა მთელს სამეფოში არავის ეცვა, იმიტომ, რომ ვერც ერთი მკერავი ვერ შეკერავდა ასე ლამაზად.

- კონკია ლამაზი იყო?

- ხო, ძალიან… მაგრამ როცა ცუდად ეცვა და თმააბურძგნული დადიოდა, ვერავინ ამჩნევდა. მერე კვახისაგან ეტლი გაუკეთა, თაგვები ცხენებად აქცია და გაისტუმრა სასახლეში…

უეცრად ქალის სმენას ეზოში შემოსული მანქანის ხმა მისწვდა. აქამდე თხრობით გართული. ბავშვის ოთახის თბილ ბინდ-ბუნდში ჩაძირული კვლავ მოლოდინის უდაბურ ნაპირზე აღმოჩნდა. სულის სიღრმეში ისევ აწრიალდა და დაიძრა რაღაც საშიში და უსახელო. მანქანის კარი გაჯახუნდა და მოისმა წამით ჩართული სიგნალიზაციის ხმა.

მერე ყველაფერი მიჩუმდა. ქალმა ხელით მოიწმინდა შუბლიდან ოფლის წვრილი წვეთები …მათ "ვოლგას” სულ სხვანაირი სიგნალიზაცია ჰქონდა.

- დედა, მერე, მერე, – იმეორებდა ბიჭი.

ქალმა ბიჭს შეხედა და გაიფიქრა: "ნუთუ ეგეც მამამისივით შესძლებს პირდაბჩენილ გოგოს პათეტიკურად გამოუცხადოს: "თავისუფლება კაცობრიობას მოუტანა XVIII საუკუნემ. ეს იყო თავისუფლება რელიგიის, მორალის, საკუთარი წარსულის ტირანიისაგან.

უამისოდ მე ვერ გავბედავდი ასე თამამად მოგხვეოდი და მეკოცნა შენთვის ტუჩებში”, ანდა: "XVIII საუკუნის ხელოვნებამ სიამოვნება დაიხსნა ბუნდოვან აკრძალვათა ტყვეობისაგან, შექმნა თავისუფალი ფიქრისა და ქცევის ატმოსფერო, რომელსაც ვხედავთ ვატოსა და ფრაგონარის ტილოებზე, მარკიზ დე სადისა და შოდერლო ლაკლოს ტექსტებში, ეს არის ის, რაც საშუალებას გაძლევს თვალები დახუჭო და მშვიდად მიენდო სიამოვნებას, როდესაც მამაკაცის ხელი შენს მკერდს ეალერსება…”

- ხო, სად გავჩერდით?

- უფლისწულს რომ უცდიდა კონკია.

- ხოდა, უცდიდა და უცდიდა გაუთავებლად. კონკია კინაღამ გაგიჟდა. ამდენი ცდისაგან.

- ეგ როგორ?

- ეგ როგორ არის, იცი, როცა ადამიანი ძალიან დიდი ხანი ერთდაიმავეს აკეთებს, შეიძლება გაგიჟდეს.

- ე.ი. შენ რომ ყოვლდღე საჭმელს აკეთებ, შეიძლება გაგიჟდე?

- შეიძლება, ხომ იცი, თუმცა არა, ერთ და იმავე საჭმელს ხომ არ ვაკეთებ?

- ა-ა, ხო, მერე?

- უფლისწულს კი მართლა შეუყვარდა კონკია და ყველგან დაეძებდა.

- როგორ შეუყვარდა?

- ძალიან შეუყვარდა.

- ეგ როგორ არი?

- ნუ, როგორ გითხრა, ძალიან შეუყვარდა, ღამეები არ ეძინა.

- არ უნდოდა ძილი?

- არა, ვერ იძინებდა, სულ კონკიაზე ფიქრობდა.

- და რას ფიქრობდა?

- ნეტა ჩემი იყოსო.

ა-ა…

- შენ რა, არ აპირებ ძილს? აბა, დახუჭე თვალები, როგორც შევთანხმდით! აი, ასე. ხოდა, იმას ვამბობდი, კონკიას დაეძებდა უფლისწული. პატარა ბროლის ქოშიც სულ თან დაჰქონდა, იმიტომ, რომ ეგ ქოში მთელ მსოფლიოში არც ერთ გოგოს არ მოერგებოდა, კონკიას გარდა…

ტელეფონმა დაიწკრიალა და გაჩუმდა. ქალი შეკრთა, მიაყურადა. ზარი აღარ განმეორებულა. იგრძნო, რომ სადღაც, მოქანცული გონების კიდეზე, სიბრაზის ქარი აწყდებოდა, მალე ეს ქარი ძალას მოიკრებდა და აუმღვრევდა ტვინს, შეურაცხყოფის მწველი მტვერი გადაეფარებოდა ცნობიერებას.

იქნებ უკეთესიც იყო, რომ ამჯერად მაინც არ დაეხვედრებინა მომავალი ქარიშხალისათვის გაუთავებელი ბრძოლით დაფლეთილი და მორყეული ქარსაცავი ზოლები, გზა მიეცა მისთვის, რათა თავისი ჯოჯოხეთური ქროლვით მოემსხვრია ამდენი ხნის ნაშენები შეკავების ჯებირები და საბოლოოდ გაერკვია ყველაფერი: ვინ იცის, იქნებ მართლაც ასე აჯობებდა, მაგრამ ახლა მის წინ ბავშვი იყო, თავისი დღევანდელი განცდითა და დაბნეული, ძილშეპარული თვალებით…

ქალმა კვლავ ჩამოისვა სახეზე მოლოდინისაგან დაგრძელებული და გაცრეცილი თითები, ბავშვს საბანი გაუსწორა და გააგრძელა:

- კონკია კი უცდიდა, როდის მოვიდოდა მასზე შეყვარებული უფლისწული, კონკებს ძვირფას კაბად გადაუქცევდა და სასახლეში წაიყვანდა… აი, უკვე გეძინება…

- არა, არა, მერე…

- იცი რომელი საათია?

-მერე რა! მერე, მერე?!.

- ნუ, რა მერე! არ იცი თუ რა?! როგორც იქნა ეღირსა კონკიას სასახლეში მოხვედრა, ოღონდ უფლისწული კი არ მოვიდა მის წასაყვანად, როგორც ელოდებოდა, მსახურმა ჩამოიარა ბროლის ქოშით ხელში, ჩააზომა და წაიყვანა სასახლეში. კონკების ნაცვლად ახალი ძვირფასი კაბა ჩააცვეს კო-ნკიას, მართალია, ისეთი ლამაზი არ იყო, როგორიც ჯადოქარმა ათხოვა, მაგრამ კონკიას მაინც მო-ეწონა. და ცხოვრობდნენ ასე, სასახლეში. მორჩა, ახლა დაიძინე. ჭირი იქა – ლხინი აქა – ქატო იქა…

- მერე როგორ იყო, დედი, რომ ცხოვრობდნენ?

- ცხოვრობდნენ ჩვეულებრივად.

- როგორ, როგორ ჩვეულებრივად? – ძილს ებრძოდა და გაუთავებლად იმეორებდა ბიჭი.

- როგორ და ისე, ჩვეულებრივად: უფლისწული მთელი ცხოვრება ახალ კონკიებს ეძებდა, კონკია კი იჯდა სასახლეში და მთელი ცხოვრება უფლისწულს უცდიდა, გაიგე… დაიძინე… ახლა სამი საათი გახდა!..

ბიჭს უკვე უძინა და ძილში ბროლის ქოშები მიჰქონდა სოფოსათვის, რომელიც კინოთეატრის ცარიელ ფოიეში დახტოდა…

* * *

მანქანა სწორედ მაშინ შემოვიდა ეზოში, როცა ქალი საბნის ქვეშ აყოფინებდა ხელებს ბავშვს და ბალიშს უსწორებდა. კარის მოჯახუნების ხმამ ფეხზე წამოაყენა და ისევ აუნთო ამ რამდენიმე ხნის წინ თვალებში არეკლილი ავისმომასწავებელი ცეცხლი. უკვე ესმოდა კიბეებზე თითოეული ნაბიჯის ხმა. ნათლად ხედავდა გაპრიალებულ უცხოურ ფეხსაცმელებს და გატკიცინებულ გრძელსახელოებიან პერანგს. კაცი ამოდიოდა. ქალს თითქოს უკვე მისი სუნთქვა სწვდებოდა… გონება ემღვრეოდა, სადღაც ცნობიერების კიდეზე ქარიშხალი დაიწყო, აიმღვრა ზედაპირი და ააზვირთა მისი მოთმინების უნაპირო ტბა.

ქალს ახლა უკვე წამითაც კი არ უგრძვნია შიში – ისე მიენდო თავის სიბრაზის ქარს, რომელიც სუფთა ჰაერით უვსებდა შეშუპებულ ფილტვებს და ნეტარებას განაცდევინებდა. მის სახეს შურისძიების ალი ედებოდა და რაღაც არაბუნებრივი შუქით უნათებდა თვალებს. ქალი მზად იყო. ის იდგა დერეფანში დოინჯშემოყრილი და უცდიდა კარის გაღებას, რომ საბოლოოდ ეთქვა ამ კაცისთვის ყველაფერი, რასაც ფიქრობდა…

გასაღები ორჯერ გადატრიალდა საკეტში. კარი გაიღო და კაცი შემოვიდა; შემოვიდა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო შემოსვლა, რაღაც თავისუფალი, მოხდენილი მოძრაობით, ასევე ელეგანტურად მოათავსა საქაღალდე კარადის თავზე და თქვა:

- ვა, არ გძინავს?

მერე სწრაფად მიუახლოვდა, გულსაბნევს შეხედა და უთხრა:

- გიხდება, იცი?! სადა გქონდა ამდენ ხანს?

ქალს ხელები ძირს დაეშვა. კაცმა თავისი მხნე, შეუბორკავი ნაბიჯით გაიარა დერეფანი და სააბაზანოში შევიდა ისე, რომ კარი არ დაუკეტავს.

- საიდან მოვდივარ, რომ იცოდე! აუცილებლად უნდა წაგიყვანო ერთხელ. მხატვარი აღმოვაჩინე, ძალიან მაგარია, იცი… – თან ხელებს იბანდა, მერე პირსახოცი აიღო, გაიმშრალა, ისევ დაკიდა და სამზარეულოსაკენ გაემართა.

- გვაქვს რამე, ადვილად შესაჭმელი?

ქალმა ძლივს დასძრა თავისი მოდუნებული სხეული ადგილიდან, გავიდა სამზარეულოში და თქვა:

- პილიკოკი…

- რა თქვი?

- გვაქვს, დაიცა, პური დავჭრა.

- ბიჭი რას შვრება? ჰყავდა ნანას კინოში?

- ჰყავდა, იქ ზურიკოს ეჩხუბა გოგოს გამო – უპასუხა ქალმა და გაიღიმა… ბოლოს და ბოლოს განთიადამდე კიდევ სამი საათი რჩებოდა და აღებსთას, ფშეგიშხასა და აცეტუკს ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ადგა თავზე, ხოლო ვამპირების მფარველი მრგვალი მთვარე ტბის მთვლემარე წყლებში ბანაობდა.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1406 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები