პარასკევი, 19.04.2024, 11:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 4 » გივი მარგველაშვილი – მერაბ მამარდაშვილი იმ დროს ჯერ არშემდგარი მწერლის თვალთახედვით.
16:45
გივი მარგველაშვილი – მერაბ მამარდაშვილი იმ დროს ჯერ არშემდგარი მწერლის თვალთახედვით.

მერაბ მამარდაშვილი – Merab Mamardashvili (1930 – 1990)

გივი მარგველაშვილი – "მერაბ მამარდაშვილი იმ დროს ჯერ არშემდგარი მწერლის თვალთახედვით”

გერმანულიდან თარგმნა გიორგი მაისურაძემ

ბოლოსკენ მაინც მინდა გიამბო ერთი შემთხვევის შესახებ, რომელიც უკანასკნელად თბილისში მქონდა და რომელიც ყველაზე სასიამოვნო გამოცდილებათა რუბრიკაში შესატანია, რაც კი ოდესმე გადამხდენია. ეს იყო შეხვედრა ერთ ქართველთან, რომელიც მე ვაკუშმა ფილოსოფიის ინსტიტუტელ კოლეგად და მისთვის ერთობ სათაყვანებელ მეგობრად დამისახელა.

"სერგო, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, – მითხრა მან, – რამხელა სიხარულია ჩემთვის იმ მართლაც ცოტაოდენ ადამიანთა რიცხვს რომ მივეკუთვნები, რომლებსაც მერაბი თავისი გამორჩეული ყურადღებით ეპყრობა და ისევ და ისევ თავისთან პატიჟებს, რათა მათ სხვადასხვა რამეზე ესაუბროს.

ისაა პირველი რანგის ფილოსოფოსი და რომ არ ვიცოდე თქვენ აქ როგორ უხალისოდ ეკიდებით ვინმეს გაცნობას, სიამოვნებით წარგადგენდით მასთან. მე ამის შემდეგაც არ გადავუხვიე ჩემი პრინციპიდან – ვაკუშის გარდა, არავინ ახლოს არ მომეკარებინა, ასე რომ, პირადად არც ბატონი მერაბი გამიცვნია.

მაგრამ რადგანაც ვაკუში არ მოეშვა მასზე ამბების მოყოლას – მას აღმიწერდა, როგორც ფილოსოფოსს, რომელიც, თავისუფალი აზროვნების გამო, მოსკოვში ყველა სამსახურიდან მოიცილეს და რომელმაც თავშესაფარი თბილისში ჰპოვა, საქართველოში ფილოსოფიისა და ფილოსოფოსების მზრუნველი მფარველის ნიკო ჭავჭავაძის ინსტიტუტში; და რადგანაც მერაბს აქ, რაღა თქმა უნდა, მაშინვე უნივერსიტეტში სწავლების უფლება მისცეს, უკვე ძალიან მალე ფილოსოფიურად (და არა მხოლოდ ფილოსოფიურად) მომართული გოგო-ბიჭების ქალაქის საყვარელ ფილოსოფოსად გადაქცეულიყო. აუდიტორიები ყოველთვის გადაჭედილი არისო მის ლექციებზე, და ფავორიტი მომხსენებელი ყოველთვის ლაპარაკობს მის წინ ჩამწკრივებული და მის მიერვე მომართული სხვადასხვა მაგნიტოფონის ფონზე, რომლებიც მის ყოველ სიტყვას არეგისტრირებენ, ისე, რომ სტუდენტებმა მერე სახლშიც მოისმინონ, მონიშნონ და მათზე იმსჯელონ.

ჰოდა, რადგანაც ვაკუში ისევ და ისევ ასეთი შთაგონებული მერაბზე საუბარს უბრუნდებოდა, ბოლოს და ბოლოს მეც გადავწყვიტე, რომ როცა მომიხერხდებოდა, მერაბისთვის მეც უფრო ახლოდან შემევლო თვალი.

ერთხელაც მეც შევერიე სტუდენტებს ერთ აუდიტორიაში, სადაც მისი ლექცია იყო დანიშნული, დავიკავე ადგილი ბოლო მერხზე და ახალგაზრდათა დიდ ჯგუფთან ერთად, რომლებიც აშკარად ფილოსოფიით ინსპირირებული ადამიანები იყვნენ და მერაბის ბოლო საუბრის ჩანაწერს მაგნიტოფონზე მოწიწებით უსმენდნენ, ველოდი, რაც უნდა დაწყებულიყო. უკვე ათეული წლების განმავლობაში "ვაკუშის ნაკლოვანებებით" ვიყავი დაკავებული და ამან როგორც ქართული, ასევე, რუსული ენები გადამდო.

მე უკეთ მესმის ორივე ენა, ვიდრე მათზე ლაპარაკი შემიძლია და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეც უმალვე მივხვდი, რომ სტუდენტებს ახლა კასეტიდან იმის გადამეორება სურდათ, რაც მათი "მოძღვრის" ბოლო საუბრის თემა იყო და ასე იმის გაგებასაც შეძლებდნენ, რაც შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო. ის, რაც ამ შესავალ მომენტში ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის შესახებ შევიტყვე, უკვე საკმარისად შთამბეჭდავი მეჩვენა. ყოველ შემთხვევაში, რასაც იგი კასეტაზე ამბობდა, იყო ისეთი რამ, რის გამოც მარქსიზმ-ლენინიზმის ორი მთავარი იდეოლოგი – თავად ლენინი და წითელ ტახტზე მისი მემკვიდრე სტალინი – სიმწრისაგან საფლავში ამოტრიალდებოდნენ, რადგანაც ეს არათუ მატერიალისტური და მარქსისტული არ იყო, არამედ – ყველაფერ იმის საწინააღმდეგოც კი, რაც ამ ორმა მამასახლისიმუსმა ერთ დროს თავიანთ ნაწერებში თქვა და ამტკიცა.

მე გაოცებისგან პირი ვეღარ დამეხურა, როდესაც ამ კაცის სიტყვები ფირიდან მესმოდა და, რაც ჩემს განცვიფრებას უფრო ზრდიდა, იყო ის სრულიად აშკარა ფაქტი, რომ ამ იდეალისტურ იდეებსა და აზრებს, რომლებიც სრულიად თავისუფლად და ხმამაღლა თითოეული მსმენელის, ჩემ ირგვლივ მყოფი ახალგაზრდა გოგო-ბიჭების საბჯენებს ტბორავდა, მათ ინდივიდუალურ სააზროვნო და სასაუბრო სივრცეში იჭრებოდა და იქ უკვე გაბზარულ, ძველ იდეოლოგიურ სიბრიყვესთან სრულიად შეუფერხებლად კონკურენციის გაწევა შეეძლო.

ძვირფასო დანტე, ესაა ისტორიაში საბჭოთა დაისის კიდევ ერთი ნიშანი და ვაკუშს შეუძლია ეს ჩვენი წინასწარმეტყველების დამატებით არგუმენტად მიიჩნიოს, რომ ხალხთა საპყრობილე ორ დეკადაში ან კიდევ უფრო მალეც, იმ ფორმით, როგორითაც იგი დღესაა, თავის არსებობას შეწყვეტს. რას ამბობდა ასეთს მერაბ მამარდაშვილი ამ ფირზე? ვერ დაგპირდები, რომ მე აქ მის აზრებს სიტყვა-სიტყვით ჩამოგიწერ, რომელიც მაგნიტოფონიდან ისმოდა. მაგრამ მისი არსი მაინც მგონია, რომ გავიგე და აქვე გადმოგცემ. ფილოსოფოსი ამბობდა: "ჩემი აზრით, ადამიანი არის არსება, რომელიც იმდენად არსებობს, რამდენადაც საკუთარ თავს ქმნის და ამას იგი იმ საშუალებებით აკეთებს, რომლებიც ბუნებაში ასეთი სახით არ მოიპოვება.

ადამიანის ადამიანურობის განმსაზღვრელია ის, რომ იგი არაა ბუნებრივი არსება და ამ თვალსაზრისით არც მაიმუნისგანაა წარმოშობილი. საერთოდაც, ადამიანი არ წარმოშობილა იმისაგან, რაც ბუნებაში ერთგვარ ბიოლოგიურ მანქანადაა მოცემული, ანუ არა სახეობათა განვითარებიდან". ძვირფასო დანტე, შეგიძლია წარმოიდგინო, როგორი დამუხტული ვიყავი, როდესაც ამ სიტყვებს ვუსმენდი, რადგანაც არაფერია უფრო წინააღმდეგობრივი მარქსისტულ-ლენინისტური მატერიალიზმის, რომელიც ადამიანს მთლიანად მატერიასთან აიგივებს, ვიდრე ზემოთ თქმული. რასაც მერაბ მამარდაშვილი მაგნიტოფონიდან ამბობდა და ალბათ კიდევ უფრო მეტად ისიც, რომ იგი ამას ამბობდა, იყო ისეთი რამ, რაც ჩემ ირგვლივ მყოფ მოფილოსოფოსო გოგო-ბიჭებს პირდაპირ სისხლში უჯდებოდათ, რაც მათ იდეოლოგიური ცალმხრივობისა და სიდუხჭირის მრავალი წლის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ესმოდათ, რაც მათ უნატრიათ და რაც სამყაროს მათეულ გაგებას ბევრად, უსასრულოდ უფრო მეტად შეესატყვისებოდა.

და მე ასე მგონია, მათ ეს იმიტომაც მოსწონდათ, რომ ასეთი რამ ადამიანს, არსობრივი თვალსაზრისით, ბუნების კანონების კლანჭებიდან ათავისუფლებდა და მას ისეთ არსებად აღწერდა, რომელიც, თუკი მას სამყაროში დაკარგვა არ სურდა, საკუთარი კანონზომიერებები უნდა შეემეცნებინა და მას გაჰყოლოდა.

იმან, რაც ამ ბატონმა მერაბმა თქვა, სულ ცოტა ის მაინც, რაც ანთროპოსის საკუთრივ კანონზომიერებებზე აქცენტის გადატანას ეხებოდა, მაშინვე კანტის და ყველა მისი ცნობილი ფენომენოლოგი მემკვიდრე-ფილოსოფოსის გახსენების სასიამოვნო შეგრძნება მომგვარა და ამასთანავე ძალიან ლამაზად, ძალიან გამამხნევებლად, ჩვენი ბიოლოგოგრაფიულ საბჯენ სტრატეგიების სართულებზე, ძვირფასო დანტე, იქ მე ვიგრძენი, პრინციპში, პოზიტიურად მიღების მზადყოფნა იმ კოლხიდურ-კოლხოზურ გოგო-ბიჭების მხრიდანაც, რომლებთან ერთადაც მერხზე ვიჯექი და ფირზე ჩანაწერს ვუსმენდი.

ვინაიდან ფირი ხშირად უკან იხვეოდა და წინა ნაწყვეტებიდან ხელახლა მოისმინებოდა, საშუალება მქონდა, მერაბ მამარდაშვილის აზრთა სვლისათვისაც ყურადღება მიმექცია და ამით ლექციის დაწყებამდე მოსაცდელ პერიოდში მისი სწავლების შესახებ ზოგადი წარმოდგენაც შემექმნა. რასაც ის აკეთებს, ერთგვარ სიმბოლურ მეტაფიზიკად მეჩვენება, რომელსაც სიმბოლური ტრანსცენდენტალიზმიც შეიძლება ეწოდოს. ყოველ შემთხვევაში, აუდიოჩანაწერში სიტყვები "სიმბოლო" და "მეტაფიზიკა" ხშირად მეორდებოდა, თანაც არა კრიტიკული, არამედ აფირმატიული თვალსაზრისით, რომლებიც მერაბის წარმოდგენებს განსაზღვრავდნენ. ასე მრავალი წლის შემდეგ, ძვირფასო დანტე, საბჭოთა სახელმწიფოში მისი იდეოლოგიის პრინციპულად საწინააღმდეგო ცნებებს კვლავ მიეგება პატივი.

თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ დევნილ, კანონგარეშედ შერაცხულ და ფაქტობრივად გავლენიანი ფილოსოფოსი კოლეგების მფარველობის ქვეშ მყოფი პროფესორების მხრიდან, მაგრამ ეს აქაც რომ ძალიან სწრაფად შეიცვლება, იდეალიზმი რომ ოფიციალურადაც ისევ ფეხს მოიკიდებს, მეც და შენც კარგად ვიცით. რასაც მე იმ სტუდენტთა გარემოცვაში, სადაც მაგნიტოფონიდან მერაბის ხმა მოისმოდა, კიდევ ვცდილობდი, იყო ის, რომ ამის მსგავსი რამ ერთ რომელიმე დასავლურ უნივერსიტეტშიც წარმომედგინა.

და უნდა ვაღიარო, რომ – უშედეგოდ. და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მაგნიტოფონებს სტუდენტები ამ მიზნით ძალზედ იშვიათად იყენებენ. მიზეზი იმისა, თუ რატომ მიჭირდა ასეთი პარალელების გავლება, არის თავად ფილოსოფიურ ინტერესთა სხვაობა დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნების სტუდენტებს შორის. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთში ფილოსოფიურ იდეალიზმში უკანასკნელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციებზე ნადირობენ, დასავლეთში, უმეტეს ადგილას, მხოლოდ და მხოლოდ იმ მსოფლმხედველობრივ რეფლექსიებზე არიან ორიენტირებულები, რომლებიც საფუძვლად უდევს მარქსიზმს, და ისინი მის პოზიტიურ კრიტიკად და გაგრძელებად მიაჩნიათ.

ეს იმითაც შეიძლება აგვეხსნა, რომ აღმოსავლეთში უტოპია საკმარისადაც გასინჯეს და ყელშიც ამოუვიდათ, მაშინ, როდესაც დასავლეთში, სადაც ამაზე პიროვნული ექსისტენციური გამოცდილება არ მომხდარა, მას საკმაოდ დიდი ყურადღებით ეკიდებიან. როგორც არ უნდა იყოს, მე გთხოვდი, რომ როცა მოგიხერხდება, ამაზე იქნებ კაპიტან ვაკუშსაც დაელაპარაკო და იმისთვისაც შეამზადო, რომ დასავლეთში, თუკი იგი ოდესმე იქით გადასახლდება, მას ისევ აღმოსავლურ იდეოლოგიასთან შეხვედრა მოუწევს, რომელსაც იქ განსხვავებული გარეგნობა აქვს და საგნის უკეთ ცოდნასაც ემყარება.

თუმცა, მან ალბათ ეს, უკვე დიდი ხანია, ისედაც იცის და ამით ჩვენ მას ახალს ვერაფერს ვეტყვით.
აქ მინდა კიდევ მოკლედ მოვყვე, როგორი იყო მერაბ მამარდაშვილის ლექცია. როდესაც მან აუდიტორიაში შემოაბიჯა, ყველა წამოდგა და მას მხურვალე და ხანგრძლივი ტაშით შეეგება (აქვე უნდა ვთქვა, რომ ამასობაში სტუდენტებს სხვა, უფროსი ადამიანებიც შემოემატნენ). მე მამარდაშვილის დანახვისთანავე უკვე მისით მოხიბლული ვიყავი. იგი ტანმაღალია, მასიური აღნაგობის, რომელსაც მელოტი, სახასიათო თავი მოციმციმე შუშის სათვალით აგვირგვინებს და გარეგნულად ისეთია, როგორიც წარმომედგინა. მისი თხრობის სტილი, მე მგონი, ამოვარდნილია ყოველგვარი, სულ ცოტა, საბჭოური მაინც, საუნივერსიტეტო ჩარჩოებიდან. მერაბის ლექციებს არ შეიძლება ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ლექცია ეწოდოს; ეს არაა "კითხვა" ან "წაკითხვა", არამედ თავისუფალი, ექსპრომტული ფილოსოფიური იმპროვიზაცია ან ფილოსოფიურად იმპროვიზირებული ძებნა იმისა, რაც უნდა ითქვას და აგრეთვე როგორ უნდა მოხდეს მისი ფორმულირება.

რასაც ის თავის ყოველთვის მონუსხულ და შთაგონებულ აუდიტორიას აუწყებს, არის ფილოსოფია ქმედებაში, ანუ ის, რაც, კაპიტან ვაკუშის ტერმინოლოგიით რომ ვთქვა, თავად ფილოსოფოსების ინდივიდუალურ სააზროვნო და სასაუბრო ოთახებში წარმოიშობა, როგორც მათი აზრი იქ აინთება და მანათობელ ცეცხლად იქცევა.

ასევეა ალბათ საიდუმლო მისი შარმისა, რომელიც მერაბის ლექციებს აქვთ და იმ მომნუსხველობის, რომელსაც ისინი მუდამ გადავსებულ აუდიტორიებზე ახორციელებენ. ლექცია, რომელსაც მე დავესწარი, ადამიანის თავისუფლების პრობლემასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რომელიც ბუნებრივი სამყაროს მიმართ მისი პრინციპული უცხოობიდან და არაბუნებრიობიდან გამომდინარეობს.

მე ამას ვვარაუდობ, რადგანაც ჩემმა ნასწავლმა რუსულმა სამწუხაროდ იმის საშუალება არ მომცა, რათა მისი თხრობის დინებაში მუდამ სათანადო სიმაღლეზე მეცურა. მაგრამ ის, რომ თავისუფლება იქ მთავარი რამ იყო, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. იგი, მერაბ მამარდაშვილის აზრით, არ მოიძებნება უცვლელ, ანუ პერმანენტულად მოცემულ სიმყარეების კატალოგში, არამედ, როგორც ყოველი ცოცხალი, ისიც მიდრეკილია შეცდომების, უმართებულობის, მოტყუების და "მეს" სხვა ავადმყოფობების მიმართ. ის შეიძლება ლოგინად იყოს ჩავარდნილი და უკვე ბოლო ამოსუნთქვის პირას იყოს, რომ უცებ თავისით ან ცოტაოდენი იღბლით ისევ ძალა მოიკრიბოს და ფეხზე დადგეს.

წარმოშობით იგი დემოკრატ პერიკლეს ხანის ათენიდანაა და ისტორიულად მისი სახლი ევროპაშია, მაგრამ ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ის გეოგრაფიულად მსოფლიოს რომელიმე ადგილზე განსაკუთრებულად მიმაგრებული იყოს. ევროპულ-ფედერაციულად და დემოკრატიულად შესაძლებელია, როგორც უახლესი ისტორია გვიჩვენებს, მისი ჰონგკონგსა თუ ტოკიოში ყოფნა, ცენტრალურ ევროპაში დიდი ხანი ის უკვე აღარ ყოფილა და მოსკოვიდან დღემდე კვლავაც შორს არის.

ამ მოსაზრებამ, შეგიძლია წარმოიდგინო, როგორი მხურვალე ოვაციები გამოიწვია ყველა იმ გოგო-ბიჭებსა თუ მამასახლისებში, რომლებიც აუდიტორიაში ისხდნენ და მერაბ მამარდაშვილის ამგვარ ფილოსოფოსობას უსმენდნენ.

ასე მგონია, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი აქ, საბჭოეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეში განასახიერებს საკუთრივი, ნამდვილი ცხოვრებისეული ღირებულებების დაბრუნებას მოსახლეობის ყველა ინდივიდუალურ სააზროვნო და სასაუბრო ოთახებში. ვაკუშმა სიამაყით მომიყვა, რომ მას უფლება აქვს, საკუთარ თავს მერაბის მეგობარი უწოდოს, რომ მას იგი ხშირად სახლშიც იწვევს, სადაც ისინი მერე ერთადაც სადილობენ და მერე ერთი კაი გერმანული შნაპსის თანხლებით სხვადასხვა თემაზე საუბრობენ, განსაკუთრებით კი, რაღა თქმა უნდა, იმ უკვე ყველასათვის ცხადად ქცეულ ბზარებსა და ნაპრალებზე, რომელიც საბჭოთა სისტემის ნაგებობაში გაჩნდა. "მერაბი ისეთია, როგორიც არის, განსაკუთრებით თავისი ჩიბუხიდან ბოლებით და გოგლი-მოგლიზე რეფლექსიებით, აქ ჩემ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი", – მეუბნებოდა ვაკუში და მეც ვფიქრობ, რომ მართალი იყო.

გერმანულიდან თარგმნა გიორგი მაისურაძემ.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1304 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები