ხუთშაბათი, 25.04.2024, 05:24
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 5 » ესმა ონიანი – “ტერენტი გრანელი”.
01:05
ესმა ონიანი – “ტერენტი გრანელი”.

ტერენტი გრანელი
,,ხოლო აწ ესე რა ჰგიეს სარწმუნოება, სასოება და სიყვარული,
სამი ესე, ხოლო უფროს ამათსა სიყვარული არს.”

არ სჭირდება ტერენტის შეღავათები! ის დიდი პოეტია; საერთოდ დიდი რა არის? არსებობს ერთადერთი განსაზღვრება (ამისათვის) – ნამდვილი!

რა შეიძლება ადამიანს უთხრა ამაზე მნიშვნელოვანი, იმაზე მეტი, რაც თავად მისი სიცოცხლეა, არსებობაა, ამჟამად არსებობაა; დაბადება! ყოფნაში უკვე არყოფნის გარდაუვალობა.
სიყვარული ამოძრავებს ტერენტი გრანელს; ტერენტი გრანელი ვერ გამოსულა სიყვარულის გრძნობიდან, მან ვერ დაიხსნა თავი სიყვარულისაგან; სიყვარულია მიზეზი მასთან სინანულისაც, ტირილისაც, სიხარულისაც.

ადამიანთა უმეტესობა სიყვარულის გამუდმებულ ცვლაშია: მოვა – აქაურობა უყვარს, წავა – იქაურობა, დაბრუნდება – ისევ აქაურობა, იქაურობა აღარ ახსოვს, წავა – ისევ იქაურობა, აქაურობა აღარ ახსოვს; ტერენტის ერთნაირად უყვარს და ერთნაირად არ ავიწყდება; იგი მთლიანად გაჟღენთილია იქაურობის ხსოვნით, (ასევე აქურობის სიყვარულით), იგი მოცულია იქაურობიდან მოყოლებული აქაურობის სხვადროს უკვე დათმობის მოუშორებელი სევდით, უკვე არსებული განშორების ხსოვნით.

იგი წინა წასვლაზე თითქოს სამუდამოდ იყო გამსუბუქებული, განთავისუფლებული, მაგრამ არაჩვეულებრივმა ხსოვნამ, მონატრებამ, თავისდროზე აქაურობის უზენაესი სიყვარულით სიყვარულმა ისევ გაჭოლა დაბრუნების სხივით; იგი დაბრუნდა სიყვარულის ძალით, მონატრების, ერთხელ კიდევ ნახვა–გახსენების ძალით – გასაკეთებელი კი აქ თითქოს აღარაფერი ჰქონდა, მას ამოწურული ქონდა ადამიანად მოსვლის მარაგი, – მაგრამ დაარღვია და ერთხელ კიდევ ჩაეკრა მკერდში ადამიანობას; თვალცრემლიანი, შეხვედრის, ცნობის, სიხარულით გაბრუებული.

ამავე დროს ასეთვე ძალიათაა მოცული უკვე არსებული განშორების ხსოვნით, რაც უწინდელი განშორების სარკეცაა, მისი დაუვიწყებლობა იქაურობისა (იქ გადასვლისა) არ აძლევს მას საშუალებას თუნდ სულ მცირე ხნითაც კი ბრმად ადამიანად ყოფნისა, ადამიანურ – მიწიერი ბანგით ცოტა ხნით დასვენება-გაბრუებისა (შეცდომაა, – მას რომ სიკვდილისა და ტირილის პოეტად მიიჩნევენ ხშირად; ყველაზე ძლიერად იგი გრძნობს სწორედ აქაურობის აქაურულ სიმშვენიერეს და სიყვარულს, მისი დათმობის და შემდეგ მონატრების შიშს).

მაგრამ იგი დაბრუნდა და უკვე ადამიანია, ახლა იგი სანამ სიკვდილის კარით არ გავა, ვაღარაფრით მოიშორებს ამ ქერქს, ამ ადამიანობას; ახლა მან ამ ზურგით, ამ ადამიანური ზურგით უნდა იგემოს ყველაფერი (ზიდოს თავის ჯვარი), ახლა მან ადამიანური მტკივნეულობა-მგრძნობელობით უნდა განიცადოს ის, რაც მას ასე ენატრებოდა. მაგრამ მასში ადამიანად ყოფნის ენერგია-მარაგი ამოწურულია, ეს "გეგმისგარეშე” დაბრუნებაა, ამიტომ იგი გამუდმებული ხლეჩვის ზღვარზეა: უმძაფრესი მონატრება-სიყვარული და ადამიანურო ფეხმოუკიდებლობა; ვერ შეძლება, ვეღარ გაძლება, ადამიანად არსებობის ვერ ცოდნა, ვერ შეთავსება, და თანაც მისკენ უდიდესი სიყვარულითა და ცრემლით ლტოლვა.

პოეზია – მისი უტყუილო, ნამდვილი ბუნების შედეგია. ჭეშმარიტი პოეტი, მხოლოდ თავისი სულის გამოცდილების ნამდვილობას მიელტვის პატიოდნად, სულის "ბიოგრაფიას” სულის აქ ყოფნის "ისტორიას” ტოვებს. აჟამად ტერენტი ადამიანია და სწორი ადამიანური ბუნება უბიძგებს ქმედებისაკენ, ამქვეყნიურად საჭიროდ ყოფნისკენ, სიყვარულით სავსებას გადმოღვრა სწყურია. მაგრამ სიყალბით ქმედება მას არ ძალუძს, ხოლო ადამიანურად ფეხმოუკიდებელი, იმ ნამდვილი სინამდვილის მეტს, რაც მის "მე”- შია, ვერაფერს ეფუძნება. მისი ბუნება შემოქმედებითია და უაღრესად მართალი, ეს არ აძლევს საშუალებას ადამიანურად მოიმოქმედოს ის, რაც მასში არ არის, ხოლო მასში მხოლოდ ამქვეყნიური არსებობის სიყვარულის ხსოვნა, მასთან სხვა დროს უკვე განშორების სევდის ხსოვნა და მომავალი განშორების მოლოდინია.

მისი სწორი ადამიანური ბუნება წინ აღუდგება გამოგონილსა და ყალბს, ნამდვილი კი მასში მხოლოდ იქედან გამოყოლილი ყოვლის მოცვის ხსოვნაა, ადამიანურად გამოუთქმელი, მაგრამ დაუძლეველი – შიდა წარმმართველი ძალისმიერობით. ადამიანური (მიწიერი) წარმოდგენით მისი დაუფუძვნელობა ვერაფერს აკლებს ყოვლისმოცვაში ყოფნის გამოცდილების შუქს, ყოვლისმოცვის ხსოვნით მინიჭებულ ძალმოსილებას.

ეს იყო სწორედ რაც აძლებინებდა მას, რაც ანიჭებდა საკუთარი თავისადმი რწმენას; რაც განამტკიცებდა მასში მისი ადამიანური ნამოქმედარის, მისი პოეზიის გამართლებულობის, ნამდვილობის, უკეთესობის მიხვედრას.

და ახლა წარმოიდგინეთ რა პერიოდის საქართველოში, თბილისში მოუხდა არსებობა ტერენტის; როცა იკვირტებოდა მომავალი, გასაფურჩქნი ყვავილი საბჭოურ ინტერნაციონალიზმის, განსაკუთრებით რუსულ-ქართული "მოსიყვარულე” პოეტური ძმობისა. წარმოიდგინეთ რა "თავის ადგილზე” აღმოჩნდა უნიჭიერესი, უმგრძნობიარესი პოეტი, მართალი და შინაგანი სისავსით უკომპრომისო; მარადიულობაზე მომართული, უფაქიზესი გაუწყვეტელი სიმებით ჩახლართული აქაც და იქაც, ქართულ ჭეშმარიტ სურნელში.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1241 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები