პარასკევი, 19.04.2024, 00:39
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » გულგატეხილობა და სასოწარკვეთილება.
00:50
გულგატეხილობა და სასოწარკვეთილება.

ამპარტავნება ყველაზე სასტიკი და ულმობელია ჩვენს უხილავ მტრებს შორის. ყველა უბედურებასთან ერთად, იგი ღვთის გმობასაც ბადებს და სულს გულგატეხილობასა და სასოწარკვეთილებასა აგდებს.

ხშირად რცხვენიათ, მგმობელი აზრები უთხრან სულიერ მოძღვარს, ფარავენ მათ და გულში ატარებენ მთელი ათწლეულების განმავლობაში. ეს ბევრს აგდებს სასოწარკვეთილებასა და უიმედობაში. მაგრამ სწორედ ესაა ქრისტიანის შეცდომა.

გულგატეხილობა და, მით უმეტეს, სასოწარკვეთილება სულმოკლეობის ნიშანია, ნიშანი იმისა, რომ ადამიანი გამოუცდელია სულიერ ცხოვრებაში, სულიერ ბრძოლებში. ეს ნიშანია იმისა, რომ ადამიანმა არ იცის ან ავიწყდება, რამდენად გულმოწყალე და მოსიყვარულეა უფალი. ღმერთმა დაიფაროს სული გულგატეხილობისაგან! აქედან სასოწარკვეთილებამდე ერთი ნაბიჯია. დაგვიფარე, უფალო!

ნურასოდეს დაივიწყებ, რომ როდესაც ბოროტი ძალა სულის ცდუნებას ცდილობს, მაშინ მის წინაშე ღვთის გულმოწყალებასა და შემწყნარებლობას წარმოაჩენს, ხოლო როდესაც კაცი შესცოდავს, მაშინ მას უკვე უფლის სიმკაცრითა და მართლმსაჯულებით აშინებს, რათა სასოწარკვეთილებასა და განუწყვეტელ დარდში ამყოფოს.

შენ კი იცოდე მისი ეშმაკობა და პირიქით მოიქეცი! როდესაც ცოდვის შესაძლებლობა მოგეცემა, მეყსეულად გაიხსენე ღვთის მართლმსაჯულებისა და სასჯელის სიმკაცრე, ხოლო როდესაც უკვე შესცოდავ, სასწრაფოდ შეინანე და გახსოვდეს ღვთის გილმოწყალების შესახებ, მაგრამ სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი.

მამაცი და სულით ძლიერნი სასოწარკვეთილებაში არ ვარდებიან განსაცდელის ჟამს, როგორიც არ უნდა იყოს იგი, არამედ მამაცურად ებრძვნიან მას ანდა მოთმინებით ელოდებიან მათ დასასრულს და მხოლოდ აძლიერებენ ლოცვას.

უფრო ხშირად კითხულობენ წმიდათა ცხოვრებათა წიგნებსა და წმიდა მამათა სწავლებებს, უფრო ხშირად დადიან ეკლესიაში, აღიარებენ თავიანთ ცოდვებს და ეზიარებიან ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს. ასეთ შემთხვევაში ეშმაკი თავს ანებებს მოღვაწეს და განსაცდელიც გადაივლის. ასე მოიქეცი შენც, დარწმუნებული იყავი, რომ უფალი შეგინდობს ყოველგვარ ცოდვას, ოღონდ გულს ნუ გაიტეხ, არამედ გულწრფელად შეინანე ისინი.

ჩვენ, ქრისტიანები, სასოწარკვეთილებაში უნდა ვიყოთ? თითოეულმა ჩვენთაგანმა ძალიან კარგად უნდა გაიაზროს საკუთარ თავში ის ჭეშმარიტება, რომ თუკი ღვთის მართლმსაჯულებას თუნდაც ერთი ცოდვილის გამოსახსნელად ხელმეორედ დასჭირდება ჯვარცმა, ქრისტე სიხარულითა და სიყვარულით დაეკვლებოდა ხელახლა ჯვარზე, რათა ეს ცოდვილი ტანჯვისაგან გამოეხსნა და მის გამო უსასტიკეს ტანჯვას გადაიტანდა.


შენ ფიქრობ, რომ ეს გადაჭარბებულია? არა, ჩემო მეგობარო! თვითონ გაიაზრე... წარმოიდგინე, რაოდენ მძიმედ ვგრძნობთ თავს იმ ადამიანის თანდასწრებით, რომელიც ამაზრზენ, ჭუჭყიან ტანსაცმელშია ჩაცმული და თვითონაც ისეთი ჭუჭყიანია, რომ მასზე შეხება საშინელებაა.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი მოშორებითაა, მაინც იწვევს ჩვენში უსიამოვნო შეგრძნმებას... მაშინაც კი, როდესაც ახლობელი, საყვარელი ნათესავი (მაგალითად, მეუღლე, მშობელი, შვილი) გვეხვევა, გვკოცნის, პირიდან საშინელი სუნი ამოსდის... რა არასასიამოვნოა! სუნთქვას იკავებ, რომ უსიამოვნო სუნი არ შეისუნთქო. ძალიან გინდება, სწრაფად მოიშორო თავიდან ასეთი ადამიანი, სწრაფად გათავისუფლდე მისი ახლომყოფობისაგან, რათა მან განწყობილება არ გაგიფუჭოს, რათა უიმისოდ თავისუფლად ამოისუნთქო.

აი, თვით უწმიდესი და უსპეტაკესი უფლის წინაშე ჩვენ უფრო ჭუჭყიანები და უსიამოვნო სუნის მქონენი ვართ, მაგრამ იგი ჩვენ ხელს არ გვკრავს, პირიქით, თვითონ მოგვიხმობს თავისთან ყველაზე ახლო და მჭიდრო ურთიერთობისათვის, გვთავაზობს რა საკუთარ თავს უწმიდეს საიდუმლოებათა სახით, მოგვიტევებს ცოდვებს, რომლებსაც ვაღიარებთ; წმენდს და ასპეტაკებს სულს; ის ცოდვები კი, რომლებიც მოუნანიებლად რჩებიან სულზე, საშინლად ყარს, უფალი კი ითმენს... დიახ, დიახ, წვალობს, იგუდება, მაგრამ...

ითმენს.

ყოველი ცოდვა, როგორც სამსჭვალი, როგორც ჩაქუჩის დარტყმა, ხელმეორედ აჭედებს მას ჯვარზე, ზრდის ტანჯვას, მაგრამ იგი ითმენს, მას ვუყვარვართ... იგი ელოდება, როდესაც მისი თავგანწირვა, ბოლოს და ბოლოს, შესძრავს ჩვენს სულს საპასუხო სიყვარულით... თუნდაც მხოლოდ თანაგრძნობით, თუ სიყვარულით ვერა, მისდამი სიბრალულით მაინც შევწყვიტოთ ჩვენი ცოდვებით მისი ტანჯვა ჩვენივე ცხოვრებისათვის.

ჩვენ მას ვარისხებთ, ჯვარზე ვაკრავთ, ის კი მოთმინებით იცდის, ბოლოს და ბოლოს, როდის მოვეგებით გონს! ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე ვაწამებთ მას, ის კი სასუფეველში სამოთხის ნეტარებას გვიმზადებს, ელოდება ჩვენს გამოსწორებას თუნდაც ცხოვრების დასასრულს...

რა შეიძლება კიდევ ითქვას? რა შეიძლება დაემატოს ამ ნათელ, ცხოველსმყოფელ სურათს?

გიხაროდენ, რომ შენი თავმდაბლობისათვის უფალმა შენზე ცოდვის სიმწარე დაუშვა და არ გაგახსენებს, თუკი სინანულის შემდეგ აღარ დაუბრუნდები მას. ახლა შენ, დიდი გრძნობითა და სიყვარულით ჰმადლობ უფალს ცოდვისაგან გათავისუფლებისათვის, ცოდვისა და სიკვდილის ხსოვნა კი თავმდაბლობისა და მორჩილების გამუდმებულ მაცხოვნებელ გრძნობას შეგინარჩუნებს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1573 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები