პარასკევი, 26.04.2024, 02:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » მიბაძვა იესო ქრისტესადმი განსაცდელთა დათმენის ჟამს.
00:51
მიბაძვა იესო ქრისტესადმი განსაცდელთა დათმენის ჟამს.

ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა განსაცდელები, რათა სათნოებებში სრულყოფილებას მივაღწიოთ.

მაცხოვარმა ჩვენმა, იესო ქრისტემაც დაითმინა უდაბნოში ეშმაკისაგან გამოცდა, რათა ჩვენთვის მაგალითი ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა შევხვდეთ და გავიმარჯვოთ განსაცდელებზე. მაცხოვარი ჯერ ჯოჯოხეთში ჩავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ ამაღლდა ზეცად; ასევე, ღვთისმოსავი სულიც ჯერ განსაცდელთა ჯოჯოხეთში ჩაიძირება, შემდეგ კი ამაღლდება ზეციურ დიდებაში.

სული ზეციურ სასუფეველს ვერ მიაღწევს, სანამ წუთისოფელზე, ხორცსა და ეშმაკზე არ გაიმარჯვებს.

სანამ ვნება (ცოდვა) ადამიანში ცოცხლობს, იგი არ შეიძლება, თავისუფალი იყოს განსაცდელთაგან. მისი გული ბოროტი სითხის მდუღარე ქვაბს ჰგავს. მასში ხან შური იხარშება, ხან ეჭვიანობა, ზოგჯერ კი ზიზღი ანდა ამპარტავნება იპყრობს და ტანჯავს ადამიანს. ადვილად თანამყოფებენ ეშმაკები ასეთ მორჩილ ცოდვილთან! საქმეც ბევრი როდი აქვთ...

სამაგიეროდ, მშვიდებთან და აუღელვებლებთან ყოფნა უჭირთ: ამოცნობილია ყველა მათი მზაკვრობა, არ ეგებიან მათ ანკესსა და საცდურს, მეტიც, სხვებსაც ასწავლიან, როგორ ებრძოლონ ბოროტ ძალებს. ო, როგორ იძიებენ შურს მათზე ეშმაკები!.. მთელ თავიანთ სიძულვილს მართლებზე ანთხევენ.

მათ თვითონ ეშინიათ მართლებთან მიახლოებისა, ამიტომ ყოველგვარი მზაკვრობით, ეშმაკობითა და მოტყუებით ცდილობენ, გაუმართონ ბრძოლა თვით ნაცნობების, მეგობრებისა და ნათესავების საშუალებითაც კი. თუ ადამიანი არაფხიზელია, დაბნეული, დაუდევარი, ღვთისა და საკუთარი სინდისის ხმას ყურს არ უგდებს, იგი ადვილად ექცევა ეშმაკის ქსელში და მართალს უპირისპირდება. დევნილ მართალს შეუძლია, ლოცვით მოიხმოს ზეციური სასჯელი უწმიდურის დასასჯელად, რომელიც სატანის ბრჭყალებში აღმოჩნდა, მაგრამ...

როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევარსა და მოწაფეს, მას უყვარს თავისი მდევნელი, ლოცულობს მისი ცხოვნებისათვის, ითმენს და ელოდება, ბოლოს და ბოლოს, როდის ამოიცნობს ცოდვილი ეშმაკის მზაკვრობას და უფალს სინანულით მიმართავს, მისგან კი შენდობას ითხოვს. ამაშია მართლის ძალა, რომ მას უყვარს...

ითმენს... ელოდება. ამიტომაა იგი მართალი, ამიტომ მას უფალი ყველაფერში შეეწევა, მადლსა და სულიწმიდის განსაკუთრებულ ნიჭებს უბოძებს, რადგან იგი ქრისტე-მაცხოვრის ნაფეხურს მიჰყვება.


ასევე შენც, ჩემო მეგობარო, მიბაძე უფალს ჩვენსას, იესო ქრისტეს. გიყვარდეს ყველა, დაითმინე ყველასაგან, გაუკეთე ყველას სიკეთე და ელოდე განსაცდელის დასასრულს; და, რაც მთავარია, იცხოვრე არა შენი, არამედ ღვთის ნებით, ამრიგად კი სულ მალე შეიცნობ მის წყალობას.

მოკლე დარიგება.


გამოგიტყდები, ჩემო მეგობარო, შენი წერილის ზოგიერთმა ადგილმა ჩემი ყურადღება მიიპყრო. იმედია, ხვდები, რასაც ვგულისხმობ.

მინდა გაგაფრთხილო, ნუ წარმოიდგენ, თითქოს რაიმე წარმატებას მიაღწიე. ასეთი აზრები ძალზე სახიფათოა.

ნუ დაივიწყებ, რომ როდესაც თავმდაბალ ადამიანს სათნოებები უმრავლდება, ამით წმიდა ანგელოზები ხარობენ, რამეთუ სათნოებებს ცხოვნებასთან მივყავართ. ხოლო როდესაც პატივმოყვარე ადამიანს უმრავლდება სათნოებები, ამით ეშმაკები ხარობენ, რადგან პატივმოყვარეობა სწრაფად გადაიზრდება ამპარტავნებაში და სულს დაღუპავს. შენთვის კი, ასეთი ტალანტის მქონე ადამიანისათვის, ეს საშიშროება ორმაგდება. თვითონაც ვერ შეამჩნევ, როგორ დაიწყებს ზრდას ამპარტავნება. ხოლო ნიჭიერ ამპარტავანს უფრო მეტად უჭირს ბრძოლა სიამაყესთან, ვიდრე ვინმე სხვას. იგი საკუთარ თავში უშვებს აზრს, რომ შურის გამო აბრალებენ ამპარტავნებას და არ სწორდება.

სინამდვილეში ყველა ნიჭიერ და გონიერ ადამიანს, ისევე, როგორც ამა ქვეყნის ძლიერთა და მდიდართ, კი არ უნდა ეამაყებოდეს, არამედ უნდა ეშინოდეს ღვთის წინაშე წარდგომა თავისი ტალანტების გამრავლების გარეშე. "ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაი უფლისა თვისისაი და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად. ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაიმე ღირსი ტანჯვისაი, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა, რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰხადონ მას" (ლუკა, 12, 47-48). გირჩევ, ჩემო მეგობარო, სუნთქვაშეკრულმა, ისე, რომ მთელი სამყაროც დაგავიწყდეს და საკუთარი თავიც, ყურადღებით მოუსმინე ჩვენი მაცხოვრის რბილ, ალერსიან და მორიდებულ ხმას, რომელიც სიყვარულით ეუბნება ყველას: დაიმდაბლე თავი ისევე, როგორც მე დავმდაბლდი; შეიყვარე ყველა, მტრებიც კი, როგორც მე შევიყვარე; ჰქმენ კეთილი, იყავი მოწყალე, როგორც მე; მომბაძე და მომყევი მე.

დიახ, ჩემო მეგობარო, თუ გსურს, შეგიძლია, გაიგონო უფლის ხმა, რომელის იდუმალ ესაუბრება სულს, თუკი გამუდმებით ივარჯიშებ ამაში. შენ უკვე გაქვს რაღაც გამოცდილება და გარკვეული წარმატებები, რაც გულწრფელად მახარებს. შეგეწიოს უფალი!

რა თქმა უნდა, ხუცესისაგან ასე შორს და ასეთ პირობებში ცხოვნება ძნელია, მაგრამ ხომ ხედავ, თვით უფალი შეგეწევა! ამით რწმენაც განგიმტკიცდება. შენს გულისთქმებს კი ასეთ სერიოზულ მნიშვნელობას ნუ მისცემ (მხედველობაში მაქვს გმობის აზრები). შენ ხომ მათ პასუხობ: "არ მსურს!" ყურადღებას არ აქცევ მათ, არ განიხილავ, მაშასადამე, ცოდვაც არ არსებობს. ისინი თავს გაბეზრებენ და ამით უხერხულ მდგომარეობაში გაყენებენ, მაგრამ ნუ გრცხვენია და სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი. გახსოვდეს, რომ მათ შეუძლიათ, სული სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე შეაწუხონ, მაგრამ თუ შენ ყურადღებას არ მოადუნებ, ზიანს ვერ მოაყენებენ.

ისინი ისე მიიღე, როგორც ძაღლის ყეფა: იყეფებენ და გაგეცლებიან. და საერთოდაც, მინდა გითხრა, რომ მუდამ ფხიზლად იყო... გახსოვს, რამდენ ხანს აწუხებდა ეშმაკი ერთ ჩვენს მეგობარს პატივმოყვარე ფიქრებით? ბოლოს მაინც მიაღწია იმას, რომ თვითკმაყოფილი აზრები ჩაუნერგა, შემდეგ კი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო.

გამოფხიზლდი! ბოროტ ძალას არ სძინავს, ფხიზლად ადევნე თვალყური საკუთარ თავს, ხოლო როდესაც გულისთქმები შემოგესევა, ასე მიმართე:

- მე კარგად ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი ვიცი, არაფერი მაბადია, არაფერი შემიძლია, ბოროტების მეტი. ყველაფერი კარგი ჩემში მხოლოდ ღვთისგანაა, მას ეკუთვნის დიდება!

ამით გაიმარჯვებ საკუთარ თავზე და დამდაბლდები.







კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1012 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები