პარასკევი, 19.04.2024, 15:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 6 » "მსოფლიოს სამეფო დინასტიები".
16:30
"მსოფლიოს სამეფო დინასტიები".

ავისის დინასტია.


ჟუან I, ავისის დინასტიის დამაარსებელი.

ავისის დინასტია - პორტუგალიის სამეფო დინასტია 1385-1580 წლებში. დააარსა ავისის ორდენის დიდმა მაგისტრმა ჟუან I-მა (1385-1433 წწ). 1580 წელს ენრიკე I გარდაცვალების შემდეგ ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ ხელთ იგდო პორტუგალიის სამეფო ტახტი და დინასტიური უნიით დაუკავშირა ესპანეთს.

ავისის დინასტიის მეფეები.


ჟუან I - 1385-1433
დუარტი I - 1433-1438
აფონსუ V - 1438-1481
ჟუან II - 1481-1495
მანუელ I - 1495-1521
ჟუან III - 1521-1557
სებასტიან I - 1557-1578
ენრიკე I - 1578-1580.

ბაგრატიონები.


ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი.

ბაგრატიონები — საქართველოს სამეფო დინასტია ახ. წელთაღრიცხვით 575 (809) — 1810 წლებში. ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის (ისპირის) პროვინციიდან იყვნენ (ამჟამად თურქეთის ისპირის რაიონი). ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ საგვარეულოს სათავე დაუდო ბივრიტიანთა (ბივრატიანთა) ფეოდალურმა საგვარეულომ (ბივრიტიანები ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნიდან განაგებდნენ ოძრხეს საერისთავოს).

ბაგრატიონები - ქართლის ერისმთავრები .

ბაგრატიონთა საგვარეულოს პირველი წარმომადგენელი იყო ქართლის პირველი ერისმთავარი 575-590 წლებში გუარამ I კურაპალატი. გვარი წარმოშობილი უნდა იყოს გუარამის მამის, ბივრიტიანთა სამთავრო სახლის წარმომადგენლის - ბაგრატისაგან. გუარამის ბაბუა (დედის მხრიდან) იყო მეფე ვახტანგ გორგასალი.

ვინაიდან, გუარამი იყო ქართლის პირველი ერისმთავარი (რაც, რეალურად, ტოლფასი იყო ქართლის მეფობისა), ბაგრატიონთა დინასტიის ისტორიის საწყის თარიღად შეიძლება ჩაითვალოს 575 წელი (ნაცვლად 809 წლისა, როგორც მიუთითებს ქართველ ისტორიკოსთა ნაწილი). გუარამის გარდა ქართლის ერისმთავრებიდან ბაგრატიონთა საგვარეულოს ეკუთვნოდნენ სტეფანოზ I (590-605) და აშოტ I კურაპალატი (786-809).

კლარჯეთის ერისთავები.

სტეფანოზ I-იდან აშოტამდე ბაგრატიონები განაგებდნენ კლარჯეთის საერისთავოს. კერძოდ, კლარჯეთის ერისთავები იყვნენ: გუარამ II (619-678), ვარაზბაკური (678-705), ნერსე (705-742) და ადარნასე (742-780).

ტაო-კლარჯეთის სამეფო.

809 წელს აშოტ I-მა (კლარჯეთის ერისთავის ადარნასეს ძემ და ქართლის ერისმთავარმა) სამხრეთ საქართველოში შექმნა ტაო-კლარჯეთის ძლიერი სამეფო, რომელსაც თავად განაგებდა 826 წლამდე. აღნიშნულ სამეფოს განაგებდნენ ბაგრატ I (826-876). 826-869 წლებში სამეფოს თანამმართველი იყო ადარნასე I), დავით I (876-881) და ადარნასე II (881-888).

ქართველთა სამეფო.

888 წელს შეიქმნა ქართველთა სამეფო, რაც განაპირობა ტაო-კლარჯეთის სამეფოსთვის სხვა ქართული მიწების: სამცხე-ჯავახეთის, კოლა-არტაანის, შავშეთის, სპერის, თორთომის, აგრეთვე, ბასიანის შეერთებამ. ქართველთა სამეფოს განაგებდნენ: ადარნასე II (888-923), დავით II (923-937), ბაგრატ მაგისტროსი (937-945). იგი ოფიციალურად არ ატარებდა მეფის ტიტულს), აშოტ IV (945-954), სუმბატ I (954-958), ბაგრატ II (958-975). 961-966 წლებში თანამმართველი იყო ადარნასე III, ხოლო 966-975 წლებში დავით III), გურგენ II (975-1008). სამეფოს თანამმართველი იყო მისი ძე ბაგრატი, რომელმაც 978 წელს მიიღო აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) მეფობაც).

ერთიანი საქართველო.

ერთიანი საქართველოს შექმნის თარიღად ითვლება 978 წელი, როდესაც ქართველთა სამეფოს ტახთის თანამპყრობელმა ბაგრატ III-მ (978-1014), რომლის დედა აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფის ასული იყო, მიიღო აფხაზეთის მეფობა. ბაგრატის შემდეგ გაერთიანებულ ქართულ სამეფოს განაგებდნენ: გიორგი I (1014-1027), ბაგრატ IV (1027-1072), გიორგი II (1072-1089), დავით IV აღმაშენებელი (1089-1125), დემეტრე I (1125-1155), დავით V (1155-1156), გიორგი III (1156-1184), თამარი (1184-1213), გიორგი IV ლაშა (1213-1223), რუსუდანი (1223-1245), დავით VI ნარინი (1245-1293), დავით VII ულუ (1247-1270), დემეტრე II თავდადებული (1271-1289), ვახტანგ II (1289-1293), დავით VIII (1293-1299, 1300-1308), გიორგი VI (1308-1313), გიორგი V ბრწყინვალე (1299, 1314-1346), დავით IX (1346-1360), ბაგრატ V (1360-1393), გიორგი VII (1393-1407), კონსტანტინე I (1407-1411), ალექსანდრე I დიდი (1411-1442), ვახტანგ IV (1442-1446) და გიორგი VIII (1446-1466).

რუსეთის მიერ ქართული სამეფოების დაპყრობა და ანექსია.

უხეშად დაარღვია რა გეორგიევსკის 1783 წლის ხელშეკრულების პირობები, 1801 წელს ცარისტულმა რუსეთმა მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ოკუპაცია და ანექსია. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე იყო ერეკლე II-ის ძე გიორგი XII (1798-1800). ცხრა წლის შემდეგ, 1810 წელს რუსეთმა დაიპყრო და გააუქმა იმერეთის სამეფო. იმერეთის უკანასკნელი მეფე იყო სოლომონ II (1789-1810), რომელიც რუს ოკუპანტთა წინააღმდეგ თითქმის 10-წლიანი გმირული ბრძოლის შემდეგ გაიხიზნა ოსმალეთში, ტრაპიზონში, სადაც გარდაიცვალა 1815 წელს. როგორც ქართლ-კახეთის, ისე იმერეთის ბაგრატიონთა სამეფო ოჯახები რუსეთში გადაასახლეს. ასე დასრულდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მრავალსაუკუნოვანი და სახელოვანი ისტორია.

ბაგრატიონთა ქორწინებრივი კავშირები.


სხვა სამეფო დინასტიებთან ბაგრატიონთა დინასტიის ნათესაურ ურთიერთობებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბაგრატიონებს სხვადასხვა დროს ქორწინებრივი კავშირები ჰქონდათ შირვანშაჰებთან (დღევანდელი აზერბაიჯანი), ბიზანტიის დუკებისა და კომნენოსების დინასტიებთან, ტრაპიზონის იმპერიის (ეს სახელმწიფო 1204 წელს შეიქმნა თამარ მეფის აქტიური მონაწილეობით) კომნენოსთა დინასტიასთან და ა.შ. ამჟამად ბაგრატიონთა სამეფო სახლს დევნილობაში ნათესაური კავშირები აქვს ესპანეთის ბურბონებთან, ჰოჰენცოლერნებთან, რომანოვების რუსულ საიმპერატორო სახლთან დევნილობაში და ა.შ.

ბაგრატიონთა სამეფო სახლი ევროპაში.

ბაგრატიონების მნიშვნელოვან ნაწილს მეორეჯერ მოუხდა აყრა და სამშობლოს დატოვება 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ. ერთ-ერთი, ვინც ოჯახით დატოვა საქართველო და ევროპაში გაიხიზნა, იყო გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი.

ამ უკანასკნელის ძე, - ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი (1909-1977) იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1942 წელს გერმანიაში სწორედ მისი თაოსნობით დაფუძნდა ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი", რომლის უმთავრეს მიზანს შეადგენდა საქართველოს გათავისუფლება საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან და საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დაფუძნება.

აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებლები იყვნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეები გრიგოლ რობაქიძე, სპირიდონ კედია, შალვა ამირეჯიბი, რევაზ გაბაშვილი, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, სვიმონ ციციშვილი და სხვანი. ირაკლი ბაგრატიონის პირველი მეუღლე იყო იტალიელი გრაფის ჰუგო პასკუინის ასული - მარია ანტუანეტა (გარდაიცვალა 1944 წელს), ხოლო მეორე, - ესპანელ ბურბონთა სამეფო სახლის წარმომადგენელი, ინფანტა მარია-მერსედესი (გარდაიცვალა 1961 წელს).

ირაკლი ბაგრატიონის და - ლეონიდა (დაიბადა 1914 წელს)კი გახლდათ რუსეთის ტახტის მემკვიდრის ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვის (გარდაიცვალა 1992 წელს) მეუღლე. 1940-იანი წლების შუა ხანებში ევროპის მონარქიული სახლების მიერ (მათ შორის ვლ. რომანოვის მიერ) ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელი აღიარებულ იქნა ევროპაში ქართველ ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურად და ტახტის მემკვიდრედ. ამჟამად ტახტის ოფიციალურ მემკვიდრედ ითვლება მისი უფროსი ვაჟი, - გიორგი (ხორხე) ბაგრატიონი (დაბადებულია 1941 წელს, რომში. ცხოვრობს და მოღვაწეობს ესპანეთში).

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი გახლავთ ევროპაში საკმაოდ ცნობილი რაინდული ორდენების: "საქართველოს არწივის ორდენისა" და "ქრისტეს კვართის ორდენის" (დააფუძნა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა1939 წელს) დიდოსტატი ("Grand Master").

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2638 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.4/5
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები