ხუთშაბათი, 25.04.2024, 14:19
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 7 » სასწაულმოქმედი ოქროს ვერძი.
00:52
სასწაულმოქმედი ოქროს ვერძი.

ფრიქსე და ჰელე.

ორქომენოსის მეფის ათამანტის ძესა და ასულს - ფრიქსესა და ჰელეს - დედინაცვლის ვერაგობისაგან დასახსნელად დედამ, ქალღმერთმა ნეფელემ, ცით მოუვლინა ოქროსმატყლიანი ვერძი. ვერძმა და-ძმა ზურგზე შეისხა და გაფრინდა. როცა ეგეოსის ზღვისა და პროპონტიდის (მარმარილოს ზღვის) სრუტეს მიუახლოვდნენ, ჰელე წყალში ჩავარდა.

ამ ადგილს ჰელესპონტი ანუ ჰელეს ზღვა ეწოდა. ვერძმა ფრიქსე შავი ზღვის ნაპირზე მდებარე აიაში ანუ კოლხეთში მიიყვანა. კოლხთა მეფემ, ჰელიოსის ძემ აიეტმა, ფრიქსე სასახლეში შეიფარა და ცოლად შერთო უფროსი ასული ქალკიოპე. ვერძი ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად, ხოლო მისი ოქროსმატყლიანი ტყავი ანუ ოქროს საწმისი მდ. ფასისის (რიონის) ნაპირას, არესის ჭალაში დიდ მუხაზე ჩამოკიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს.

არგონავტების შეკრება.


იოლკოსის მეფე კრეთევსმა ცოლად შეირთო მშვენიერი ასული ტირო, რომლისგანაც შეეძინა სამი შვილი: ესონი, ამითაონი და ფერესი. ტიროს მანამდეც ჰყავდა პოსეიდონისაგან ორი შვილი: ნელევსი და პელიასი. პელიასმა ჯერ საკუთარი ძმა განდევნა, ხოლო კრეთევსის სიკვდილის შემდეგ თავის ნახევარძმას, ესონს, წაართვა კანონიერი ტახტი. ესონი მხოლოდ დედის ვედრებამ გადაარჩინა სიკვდილს.

პელიასს ძალიან ეშინოდა ორი წინასწარმეტყველების. ერთი წინასწარმეტყველების თანახმად, მას ეოლოსის შთამომავალი მოკლავდა, მეორეს მიხევით კი, საფრთხე ცალსანდლიანი კაცისაგან ელოდა. ესონმა ცოლად შეირთო ალკიმედე და მათ ვაჟიშვილი ეყოლათ, რომელსაც პელიასი მოკლავდა, რომ არა ბავშვის მშობლები, რომლებმაც ხმა გაავრცელეს თითქოს ბავშვი დაიღუპა. სინამდვილეში კი კენტავრ ქირონს მიაბარეს აღსაზრდელად, რომელმაც ბავშვს იასონი ანუ „განმკურნებელი" უწოდა.


არგო.
იასონმა ქირონის გამოქვაბულში გაატარა სიყმაწვილის წლები. ის იზრდებოდა სხვა გმირებთან ერთად. როდესაც იასონმა მიატოვა ქირონი და გაემართა საგმირო საქმეთა აღსასრულებლად, გზად მიადგა მდინარე ანავროსს. ხშირი წვიმების გამო მდინარე საოცრად ადიდებულიყო. ესონის ძეს მდინარესთან შემოხვდა მოხუცი ქალი, რომელიც შეებრალა, მხრებზე შეისვა და ისე გადაიყვა მეორე ნაპირზე.

ამ გადასვლის დროს, იასონმა სრულიად შემთხვევით დაკარგა ცალი სანდალი. მოხუცი ქალის სახე თავად ქალღმერთ ჰერას ჰქონდა მიღებული, რომელიც მდინარესთან კაცთა სიკეთეს ამოწმებდა. ამის შემდეგ ჰერა მუდამ მფარველობდა იასონს.

არგონავტებთან წასასვლელად გამზადებული პელევსი თავის ვაჟს, აქილევსს აღსაზრდელად ბრძენ კენტავრ ქირონს უტოვებს. შავფიგურიანი ლეკითოსი. დაახლ. ძვ.წ. 500წ.

იასონის იოლკოსში შესვლა დაემთხვა დიდ რელიგიურ დღესასწაულს. თავად პელიასი ასრულებდა პოსეიდონის საკურთხეველთან მსხვერპლშეწირვას. იასონმა ქალაქში შესვლისთანავე მიიქცია ყურადღება. როდესაც ეტლით მისულმა პელიასმა დაინახა ცალსანდლიანი ჭაბუკი, შიშმა მოიცვა. მან იასონს ვინაობა გამოკითხა და შეიტყო, რომ ესონის ძე ტახტის დასაბრუნებლად იყო მისული.

პელიასი საკმაოდ ეშმაკი კაცი იყო. მან იასონთან სპეციალურად ჩამოაგდო საუბარი ოქროს საწმისზე და დაარწმუნდა ძმისშვილი, თითქოს ფრიქსეს სულმა მოუწოდა ოქროს საწმისის დაბრუნება. თუკი იასონი შესძლებდა ამ დავალების შესრულებას, მაშინ ის ტახტს მიიღებდა. პელიასი დაწმუნებული იყო დავალების განუხორციელებაში, მაგრამ იასონმა მშვიდად მიიღო ეს დავალება. იასონის თხოვნით, არესტორის ვაჟმა, არგოსმა ააგო ორმოცდაათნიჩბიანი გემი, რომელსაც „არგო" ეწოდა.

მის ცხვირში თავად ათენამ ჩაარჭო მეტყველი მორი. ეს იყო აქაველთა პირველი მნიშვნელოვანი საზღვაო ექსპედიცია, რომლის მეთაურად არგონავტებმა იასონი აირჩიეს. დანარჩენი არგონავტების რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობს რამოდენიმე ვერსია. აპოლოდორეს მიხედვით მათი რიცხვი ორმოცდახუთია.. დიოდორე კი მათ ასახელებს არ ასაბელებს, თუმცა ამბობს, რომ მათი რაოდენობა ორმოცდათოთხმეტია.. თეოკრიტე ამბობს, რომ ისინი იყვნენ 60 , სხვა ავტორების აზრით არგოზე 50 არგონავტი იმყოფებოდა . საბოლოოდ, ყველა ბერძენი მწერალი ერთად ასაბელებს 90–მდე არგონავტის სახელს.

კოლხეთისაკენ მიმავალი ფათერაკებიანი გზა.


არგონავტების ლაშქრობა.


ლემნოსელი ქალები.

პაგასის სანაპიროდან არგონავტებმა დაიწყეს მათი ხანგძლივი გზა და კუნძულ ლემნოსზე გადაწყვიტეს გაჩერება. მათ ჩამოსვლამდე კუნძულზე საშინელი ამბები დატრიალდა. აფროდიტემ დასაჯა ლემნოსელი ქალები და მათ ისეთი უსიამოვნო სუნი აუვიდათ, რომ მათმა ქმრებმა თრაკიიდან შემოსული ქალებით გადწყვიტეს მათი შეცვლა. ლემნოსელმა ქალებმა ერთ ღამეში ამოწყვიტეს კუნძულზე მყოფი ყველა მამაკაცი.

მხოლოდ დედოფალ ჰიფსიპილემ დაინდო თავისი მამა თოასი და დამალვით გადაარჩინა სიკვდილს.

ლემნოსელმა ქალებმა „არგო" თრაკიელების ხომალდად მიიჩნიეს და მათთან საბრძველად გაემზადნენ. არგონავტებმა მათთან ეთალიდესი გაგზავნეს და მცირე ხნით კუნძულზე შეფარება სთხოვეს. ჰიფსიპილემ ქალები სათათბიროდ მიიწვია . თათბირის შედეგად გადაწყვიტეს, რომ ისინი კუნძულზე დაეტოვებინათ, მაგრამ დაუმალეს მამაკაცთა არ ყოფნის ნამდვილი მიზეზი. მათ უკვე აღარ ასდიოდათ უსიამოვნო სუნი და შეეძლოთ მოსულ ვაჟკაცებთან მისცემოდნენ სასიყვარულო განცხრომას.

არგონავტებს ეამათ ლემნოსელ ქალებთან დარჩენა. თვით იასონმა შეიყვარა დედოფალი ჰიფსიპილე, რომელმაც მას შემდგომ ორი ძე, ევნეოსი და თოასი უშვა. არგონავტების ლაშქრობა დიდი ხნით გადაიდებოდა, რომ არა ჰერაკლე, რომელმაც არგონავტები სასტიკი სიტყვებით გაკიცხა. მიუხედავად ლემნოსელი ქალების მუდარისა, მათ დატოვეს კუნძული.

მეფე კიზიკოსი.


არგონავტები მთელი დღის ცურვის შემდეგ, საღამოს, ორფევსის რჩევით, ატლასის ასულ ელექტრას კუნძულს, სამოთრაკეს მიადგნენ, სადაც კაბირების მისტერიას ეზიარნენ. დილით მათ განაგრძეს გზა, გაიარეს ჰელესპონტი და მიადგნენ მთაგორიან კუნძულ არქტოსს, სადაც გეას ნაშიერები, საზარელი გიგანტები ცხოვრობდნენ.

კუნძულის დანარჩენი ნაწილი დოლიონებს ეკავათ, რომელთა მეფეც ახალგაზრდა კიზიკოსი იყო. არგონავტები კიზიკოსს ესტუმრნენ, დოლიონები მათ მეგობრულად შეხვდნენ და კარგად გაუმასპინძლდნენ. „არგოსთან" დარჩენილ მეზღვაურებს თავს დაესხნენ გიგანტები, თუმცა ჰერაკლეს ისრებმა მათ მუსრი გაავლო. არგონავტებმა გზა განაგრძეს, თუმცა მძლავრი ქარის გამო არგო კვლავ დოლიონების ქვეყანაში აღმოჩდნენ

. სიბნელეში ვერც არგონავტებმა გაარჩიეს ის ადგილი, სადაც იყვნენ და დოლიონებსაც ისინი მტრები ეგონათ და მათ შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა. შეტაკებისას იასონმა მეფე კიზიკოსი მოკლა. მეორე დილით ყველამ ერთად გამოიტირა მეფე და სხვა დაღუპულები. დამწუხრებულმა დედოფალმა კლიტემ ეს უბედურება ვერ გადაიტანა და თავი ჩამოიხრჩო.

არგონავტები ცოტა ხანი კიდევ დარჩნენ ამ კუნძულზე. როცა ალკუნმა ჭიკჭიკით გადაუფრინა მათ, მოპსოსმა მეგობრებს აუხსნა, რომ ეს ქარის ჩადგომის ნიშნი იყო. გასვლამდე იასონს მხოლოდ დინდიმონის მთის ტაძარში შესვლა და რეასთან ვედრება დარჩენოდა. არგონავტებმა ყოველივე ეს აღასრულეს და მგზავრობა გააგრძელეს.

ჰილასი.


მშვიდ ზღვაში არგონავტები აღენთნენ შეჯიბრის სურვილით; ვინ შეძლებდა მათ შორის ყველაზე დიდიხანს ნიჩბის მოსმას. როდესაც მოსაღამოვდა, მხოლოდ ჰერაკლეს ჰქონდა ნიჩბის მოსმის ძალა შერჩენილი, მაგრამ როდესაც არგონავტები მიზიის ნაპირებს მიადგნენ ჰერაკლეს ნიჩაბი გაუტყდა. ისისნი იძელებულნი გახდნენ ნაოირზე გადასულიყვნენ, რადგანაც ჰერაკლეს უქმად ყოფნა არ უყვარდა. ადგილობრივები მათ კარგად შეხვდნენ, მაგრამ არგონავტებს ბედი ახალ ფათერაკს უმზადებდა.

ჰერალეს ლაშქრობაში ჰყავდა წამოყვანილი მშვენიერი ჭაბუკი ჰილასი, რომელსაც იგი გვერდიდან არ იშორებდა. იმ საღამოს, როდესაც ყველა ვახშმობდა, ჰილასი წყლის მოსატანად გაემართა. მან ერთ წყაროეს მიაგნო, სადაც ნიმფები ფერხულს უვლიდნენ ხოლმე. ერთ-ერთ ნიმფას ძალიან მოეწონა ჰილასი, კისერზე ხელი მოხვია და მორევში ჩაითრია. ჰილასმა მხოლოდ საშველას დაძახებაღა მოასწრო.

მისი ხმა შემოესმა მის საძებნად წამოსულ პოლიფემეს, მაგრამ თვითონ რადგანაც ვერ მიაგნო, მან ყველაფერი ეს ჰერაკლეს უამბო, რომელმაც ნიჩბის გასაკეთებლად გამოსადეგარ ხეს მიაგნო და უკან ბრუნდებოდა. მთელი ღამე ამაოდ ეძებდნენ ჰერაკლეს და პოლიფემე ჰილასს.

მეორე დილით არგონავტებმა ხომალდი სასწრაფოდ შეაცურეს ზღვაში და მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ შენიშნეს, რომ მათ შორის არ იყვნენ ჰერაკლე, პოლიფემე და ჰილასი. მათ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ ძეტემ და კალაისმა ისინი შეაჩერს. არგონავტების კამათი ჩააცხრო გლავკოსმაც, რომელიც წყლიდან ამოიმართა და აუწყა მათ, რომ ჰერაკლეს აიეტის სამეფოში მისვლა არ ეწერა. არგონავტები უკან აღარ დაბრუნდნენ და გზა განაგრძეს.

ამიკოსი.


ოლიდევკესის მიერ დამარცხებული ამიკოსის მოსულიერების სცენა. ლუკანური წითელფიგურიანი ჰიდრია. ძვ.წ. 420-400წწ.

ფინევსი .

არგონავტებმა გზა გააგრძელს და მეორე დღეს ბითვინის მიწის პირდაპირ შეჩერდნენ, სადაც მეფობდა ფინევსი, აგენორის ძე. იმის გამო რომ მან აპოლონის მიერ მონიჭებული მისნობის ნიჭი არასწორად გამოიყენა, ღმერთების საიდუმლოებები ხალხს გაუმხილა, ის ადამიანებს შორის ყველაზე მეტად იტანჯებოდა. ღმერთებმა ის დააბრმავეს და სამუდამოდ დააბერეს. ასევე არ შეეძლო საკვების მიღება, რადგანაც ყოველ ჯერზე ჩიტები უკენკავდნენ საჭმელს და მხოლოდ ნამცეცებითღა იკვებებოდა.

მას ეგონა, რომ არგონავტების სახით მხსნელები მოევლინენ. მისი დახმარება, ბორეასის ვაჟებს, კალაისს და ძეტესს შეეძლოთ და სანაცვლოდ ფინევსი დაჰპირდათ გზის დარჩენილი ნაწილის წინასწარმეტყველებას. სადილის დროს, როცა ჰარპიები მოფრინდნენ ბორეასის ფრთოსანმა ვაჟებმა ისინი განდევნეს სტროფადების კუნძულებზე.

ამის შემდეგ ჰარპიები ფინევსს საკვებს აღარ ართმევდნენ. მეფემ მეზღვაურებს განსაცდელი და უბედურება უწინასწარმეტველა და აფროდიტესგან დახმარება აღუთქვა. როგორც კი ხელსაყრელი ამინდი დადგა არგონავტებმა გზა განაგრძეს.

სიმპლეგადები.


ფინევსმა მათ უწინასწარმეტყველა, რომ გზაზე შეხვდებოდათ ორი კლდე, რომელთაც კიანეები ან სიმპლეგადები ეწოდებოდათ. ეს კლდეები ერთმანეთს გამუდმებით უახლოვბოდნენ და სცილდებოდნენ. თუ მათ შორის მტრედი გაივლიდა უვნებლად, მაშინ არგონავტებსაც შეეძლებოდათ გაღწევა. არგონავტებიც ასე მოიქცნენ.

მათმა მტრედმა კლდეებს შორის გაიფრინა, ისე რომ, მხოლოდ კუდი მოეგლიჯა. არგონავტები ამან გაამხნევა და ათენას დახმარებითა და ორფევსის ჩანგის წყალობით მათ გასაოცარი სისწრაფით გადაცურეს ეს ადგილი. მხოლოდ კიჩოს უკიდურესი ნაწილი ჩამოეგლიჯა „არგოს".

ღმერთებისგან დადგენილი იყო, რომ თუ ვინმე კლდეებს შორის გასცურავდა, სიმპლეგადები ერთ ადგილას გაქვავდებოდნენ და ასეც მოხდა. ამ დაბრკოლების გადალახვის შემდეგ არგონავტებს წინ გადაეშალათ შავი ზღვა.

მარიანდინები.

შემდეგ არგონავტები შეჩერდნენ მარიანდინების მხარეში, რომელიც ცნობილი იყო ჰადესის მღვიმით. სწორედ ამ ღვიმით ჩავიდა ჰერაკლე ჰადესში კერბერის ამოსაყვანად. მარიანდინები ბებრიკების მტრები იყვნენ და რადგანც პოლიდევკემ მოკლა მეფე ამიკოსი, ისინი არგონავტებს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ.

მეფე ლიკოსმა არგონავტებს თავისი შვილის, დასკილოსი გაყოლებაც კი შესთავაზა ლაშქრობაში. თუმცა არგონავტებმა აქ მაინც დაკარგეს ორი მეგობარი: იდმონი და ტიფისი. იდმონი საშინელმა ტახმა დაგლიჯა, რომელიც იდასმა კი განგმირა შუბით, მაგრამ მეგობრის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო. არგონავტების მესაჭე ტიფისი კი ავმა სენმა იმსხვერპლა. მინიები კოლხეთამდე ვერ მიაღწევდნენ, რომ არა ანკეოსი, რომელმაც ღმერთების ჩაგონებით ხომალდის მართვა იკისრა.


მარიანდინებიდან კოლხეთამდე .

მარიანდენებიდან წამოსულმა არგონავტებმა გაიარეს კალიქოროსის შესართავი, მდინარე პართენიოსი და მიადგნენ სინოპეს. ამ ადგილას არგონავტებს შეხვდა სამი ძმა: დელიონი, ავტოლიკოსი და ფლოგიოსი, რომლებიც ამაძონებთან ლაშქრობისას ჩამორჩნენ ჰერაკლეს. ისინი არგონავტებს შეუერთდნენ და „არგოს " ნიჩბებთან განთავისუფლებული სამი ადგილი დაიკავეს.

მათ გაიარეს ამაძონების მიწა, ხალიბების ქვეყანა და კუნძულ არეტიასს მიადგნენ. აქ მათ შენიშნეს სტიმფალიდები, რომელთაც ბასრი ფრთები ჰქონდათ. როდესაც ფრინველისაგან ნატყორცნმა ბასრმა ფრთამ დაჭრა ოილევსი, არგონავტებმა ამფიდამასის რჩევით ხერხს მიმართეს – თავებზე მუზარადები ჩამოიფხატეს, გემი ფარებითა და შუბებით დაფარეს და საშინელი ყვირილი იწყეს.

ფრინველებმა საიმედოდ დაცულ „არგოს" ვერაფერი დააკლეს და სხვა ქვეყნებისაკენ გაფრინდნენ. ამის შემდეგ ისინი ნაპირს მიადგნენ, სადაც შეხვდნენ ფრიქსესა და ქალკიოპეს ვაჟებს: კიტისორეს, ფრონტისს, მელასსა და არგოსს, რომელთაგანც მინიებმა შეიტყვეს, თუ რაოდენ ძნელი იყო საწმისის წამოღება, რომელსაც მუდამ დარაჯობდა უკვდავი გველეშაპი.

მათგან ასევე გაიგეს, თუ რამდენად ძლიერი და მრისხანე იყო კოლხთა მეფე აიეტი. ფრიქსეს ვაჯებმა არგონავტებს დახმარება აღუთქვეს და ერთად განაგრძეს გზა.

მათ ჩაუარეს ფილირისეს კუნძულს, მაკრონების, ბექირების, საპეირების, ბიძერების მიწას და კავკასიონის მთებს მიაღწიეს, სადაც პრომეთე იყო მიჯაჭვული. მათ არწივი იხილეს, რომელიც ტიტანისკენ მიფრინავდა და პრომეთეს კვნესაც შემოესმათ.

მინიებმა მიაღწიეს მდინარე ფასისს, შემდეგ ხომალდი ლერწმით დაფარულ ჭაობში შეაცურეს და ღუზა ჩაუშვეს.

კოლხეთში ჩასვლა.

არგონავტებმა გადაწყვიტეს ხომალდზე იარაღასხმულებმა დარჩენა, ხოლო იასონი ფრიქსეს ვაჟებთან და ორ მეზღვაურთან, ტელამონთან და ავგეასთან ერთად აიეტის სასახლისაკენ გაემართა, რათა გაეგოთ დათმობდა თუ არა აიეტი ოქროს საწმისს. მათ გაიარეს კირკეიონის ველი და მალე მიაღწიეს აიეტის სასახლეს, რომელსაც გარშემო ფართო ჭიშკრებით დამშვენებული გალავანი ჰქონდა შემორტყმული. იასონი და მისი თანამგზავრები ჯერ ქალკიოპეს შეხვდნენ, ხოლო შემდეგ თვით აიეტსა და მის მეუღლეს. აქვე იყო მედეაც. ამასობაში ეროსმა დედის, აფროდეტესა და ჰერას დავალება შეასრულა და მედეას ისარი სტყორცნა. მედეას გულში ისრის სტყორცნით, საოცარი ვნება აღეძრა იასონისადმი. შვილიშვილებმა აიეტს უამბეს მინიელებისაგან მიღებული დახმარების შესახებ და ასევე იასონისა და არგონავტების მოსვლის მიზეზიც. აიეტი განარისხა ამ განზრახვამ, თუმცა იასონს ოქროს საწმისის მიცემა აღუთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ის მეფეს თავის სიმამაცესა და ძალაში დაარწმუნებდა და გააკეთებდა იმას რასაც აიეტი ზოგჯერ საკუთარი ხელით ასრულებდა ხოლმე. იასონს მიეცა ასეთი დავალება: უღელში უნდა შეება ჰეფესტოს მიერ გამუჭედილი სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი ხარები და არესის ოთხი დღიური ხოდაბუნისაკენ გაერეკა, ხოდაბუნი სწრაფად მოეხნა და გველეშაპის კბილები დაეთესა.

შემდეგ იქიდან ამოსული იარაღასხმული მეომრები დაემარცხებინა და ეს ყველაფერი ერთ დღეში უნდა მოესწრო. იასონი შეაშფოთა მეფის სიტყვებმა, მაგრამ უკანდასახევი გზა არ ჰქონდა. ის დანარჩენებთან დაბრუნდა, რათა დავალების შესასრულებლად მომზადებულიყო. მას ფრიქსეს შვილებიდამ მხოლოდ არგოსი გაჰყვა. არგოსმა არგონავტები გაამხვნევა. ის ქალაქში დაბრუნდა, სადაც განრისხებულ მეფე აიეტს ყრილობა ჰქონდა მოწვეული. ის უკმაყოფილო იყო თავისი შვილიშვილების საქციელით.

მას ახსოვდა მამის, ჰელიოსის სიტყვები, რომ მორიდებოდა საკუთარი ნათესავებისგან მზაკვრობას. არგოსი დედას შეხვდა და სთხოვა მედეა დაეწმუნებინა, რომ ის არგონავტებს დახმარებოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ არგოსმა დედა დაიყოლია. ქალკიოპე მედეას შეხვა, რომელმაც დას აღუთქვა, რომ ჰეკატეს ტაძარში შეხვდებოდა იასონს და გადასცემა პრომეთეს წამალს, რომელიც ადამიანს ცეცხლისა და იარაღისაგან იცავდა.

ეს წამალი მზადდებოდა პრომეთეს სისხლისაგან აღმოცენებული მცენარისაგან. ქალკიოპემ ეს შვილებს აუწყა, რომელთაც თავისთავად არგონავტები დააიმედეს.


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1385 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები