ხუთშაბათი, 25.04.2024, 23:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 7 » ჰერაკლე (მითოლოგია).
01:14
ჰერაკლე (მითოლოგია).

ჰერაკლე (ბერძნ. Ηρακλής, ლათ. Herculēs) -- ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ღვთაებრივი გმირი. ზევსის და ალკმენეს ვაჟი, პერსევსის შვილთაშვილი.

ახალშობილი ჰერაკლე.


ძველბერძნულ ტრაგედიებზე დაყრდნობით ჰერაკლე იყო ზევსისა და მოკვდავი ქალი - ალკმენეს შვილი; ალკმენე პერსევსის შვილიშვილი იყო, ამფიტრიონის მეუღლე. ამ ქალის სილამაზეს ზევსი იმდენად მოუხიბლავს, რომ როცა ამფიტრიონი ტაფიებს ებრძოდა, მისი სახე მიიღო, ალკმენეს ესტუმრა და მასთან რამდენიმე საათი დაჰყო.

ამ კავშირის შედეგად იშვა ჰერაკლე. თვით ამფიტრიონიც პერსევსის შვილიშვილი იყო, ტორინთოს მეფე, მაგრამ თავისი ბიძა შემოაკვდა, მიკენის მეფე ელექტრიონი, რის გამოც ალკმენესთან ერთად თებეში გაქცევა მოუხდა, სადაც მეფე კრეონტის სასახლეს შეაფარა თავი.

ვიდრე ჰერაკლე დაიბადებოდა, ღმერთების კრებაზე ზევსმა დაიტრაბახა: ვინც დღეს პერსევსის შთამომავლობაში პირველი დაიბადება, ყველა მეზობელი ქვეყნის მბრძანებელი შეიქმნებაო, ძველი გმირის ყველა სხვა შთამომავალზე აღმატებული. ცხადია, ზევსი ჰერაკლეს გულისხმობდა, რადგან ალკმენე მისგან ფეხმძიმედ იყო.


მაგრამ ზევსმა იცოდა, რომ მისი მეუღლე ჰერა ეჭვით იყო ანთებული თავისი მეტოქის ალკმენეს მიმართ, მეუღლეს არასოდეს არ აპატიებდა უბრალო მოკვდავ ქალთან კავშირის დაჭერას, ქმრის მორიგი ღალატის ამბავი კარგად ჰქონდა გაგებული და არაფრად ეჭაშნიკებოდა ალკმენეს ვაჟის დღეკეთილობა.

ცბიერმა ჰერამ ზევსს ფიცი ჩამოართვა, რომ ვინც დღეს პერსევსის შთამომავლობაში პირველი დაიბადებოდა, ნამდვილად თავისი გვარ–ტომის მბრძანებელი იქნებოდა.

მისივე დავალებით ამ წუთებში ზევსს გონება დაუბნელა სიცრუისა და უბედურების ქალღმერთმა ატემ, ამით ისარგებლა ჰერამ, მოატყუა ქმარი და იზრუნა იმისათვის, რომ მიკენის მეფეს სთენელოსს უკეთესი ხვედრი რგებოდა; მის მეუღლეს ნიკოპეს, რომელიც აგრეთვე პერსეიდი იყო (პელოპის ასული), ჰერაკლეზე ადრე ეშვა ძე, რომელსაც ევრისთევსი ეწოდა.

ამრიგად, ჰერამ ზევსი მოატყუა, პერსეიდების მბრძანებლობა ჰერაკლეს – ზევსის შვილს კი არა, უბრალო მოკვდავს ევრისთევსს დაებედა. არც ატეს დაადგა კარგი დღე. განრისხებულმა ზევსმა ეს ბოროტების ქალღმერთი ოლიმპოდან ძირს გადმოაგდო და მას შემდეგ სიცრუის მაუწყებელი დედამიწაზე დაიარება, ადამიანთა შორის.

ასე ჩაფუშა ჰერამ განზრახვა, ჰერაკლეს რომ დიდ ბედნიერებას უწინასწარმეტყველებდა.

მაგრამ ჰერამ არც ეს იკმარა, შემდეგაც ყოველნაირად ცდილობდა, ალკმენეს შვილისათვის ზიანი მიეყენებინა. ალკმენემ ტყუპი შვა: ჰერაკლე და იფიკლე. ერთი ზევსისა იყო, მეორე ამფიტრიონის. გმირის პირველი სახელი ალკიდე იყო, ჰერაკლე დელფოს სამისნოს ორაკულმა პითიამ უწოდა. "ჰერაკლე" ნიშნავს "წარმატებათა მომპოვებელს ჰერას ჯიბრზე". დედოფალს ჰერას ხრიკებისა ეშინოდა და ახალშობილი ჰერაკლე გარეთ დასვა, ერთ მინდორზე, რომელსაც შემდეგ ჰერაკლეს მინდორი ეწოდა.

აქ ყმაწვილი უსათუოდ დაიღუპებოდა, რომ მის ბედზე იქ გზად არ გამოევლოთ ჰერას და ათენას. ათენამ ბავშვი აიყვანა, გაოცებული ათვალიერებდა ღვთაებრივი სილამაზის ყრმას და მერე ჰერას გაუწოდა, სთხოვა, ძუძუ აწოვეო ამ მშვენიერ არსებას. ჰერამ ღვთაებრივი ძუძუ მისცა, მაგრამ ჰერაკლე უფრო მძლავრად წოვდა, ვიდრე მის ასაკს შეეფერებოდა. ჰერას მკერდი ეტკინა და ბავშვი მიწაზე დააგდო.

ათენას ისევ შეეცოდა, ბავშვი მეორედ აიყვანა და თებეში მცხოვრებ დედოფალს ალკმენეს მიჰგვარა, ნაპოვნი ბავშვიაო, უპატრონო და სთხოვა, გაზარდეო. ასე გახდა იძულებული მოყვარული დედა, რომ ღვიძლი შვილი ღმერთების შიშით სასიკვდილოდ გაემეტებინა.

ახლა კი, როგორც დედინაცვალს, ისევ ღმერთების რიდით, სიკვდილისგან ეხსნა ის, ვინც სხვისი შვილის სახით მიჰგვარეს. მეორე მხრივ, მშობელმა დედამ ღვიძლი შვილი შიშით გასწირა, ხოლო დედინაცვალმა ჰერამ ბუნებრივი სიძულვილით გამსჭვალულმა, თავისდა უნებურად გადაარჩინა გერი, ვისაც სიკვდილი ელოდა.

ეს კიდევ არაფერი: ჰერამ თავისი ღვთაებრივი ძუძუ აწოვა გერს და, მართალია, სულ ორიოდე წვეთი რძე არგუნა, მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისათვის, რომ უკვდავება მიენიჭებინა. ამრიგად, ისევ ჰერამ აქცია უკვდავ გმირად ის, ვისაც მისი შიშით უმალ სიკვდილი ელოდა.

ალკმენემ კი თავისი შვილი პირველი დანახვისთანავე იცნო და სიხარულით ჩააწვინა აკვანში.

მაგრამ არც ჰერას ეძინა. გაიგო და მწარედ ინანა; როგორ თუ მტერი მკერდზე მჰაყვდა და შურისძიების შემთხვევა ხელიდან გავუშვიო! გაშმაგებულმა ქალღმერთმა აკვანში მწოლარე ჰერაკლეს ორი საზარელი გესლიანი გველი მიუგზავნა. ალკმენეს სამყოფელ ოთახში შესრიალდნენ ღია კარიდან, აკვანზე აცოცდნენ, რომ ბავშვი დაეგესლად და გაეგუდათ. ვიდრე მოახლეები რაიმეს გაიგებდნენ და მძინარე დედა რამეს იღონებდა, გველი უკვე შემოეხვია კისერზე პატარა ჰერაკლეს, ახრჩობდა. ბავშვმა ტირილით გაიღვიძა და თავი ასწია. ასეთ ცივ სახვევს არ იყო ჩვეული, არ მოეწონა, ეხამუშა და პირველად გამოცადა თავისი ღვთაებრივი ძალა. უხსენებელთა თავები მოიხელთა, ორივეს თითო ხელით ჩაეჭიდა, მოუჭირა და მაშინვე გაგუდა უწმინდურები. მოახლეებმა მაშინღა შეამჩნიეს გველები. დაუძლეველმა შიშმა ყველანი შორიახლო გააშეშა.

ალკმენე შვილის ტირილმა გამოაღვიძა. ფეხშიშველა წამოვარდა საწოლიდაბ, მაშველს უხმო და გველებს მიეჭრა, მაგრამ ყრმას ისინი უკვე დაეხრჩო ნორჩი ხელებით. თებეს ბატონებსაც გაეგონათ ქალების ძახილი, მაშველს რომ უხმობდნენ და შეიარაღებულები შემოიჭრნენ. ამფიტრიონიც მოვარდა საწოლ ოთახში, გაშიშვლებული მახვილით ხელში. ჰერაკლეს ზევსის საჩუქრად თვლიდა და უყვარდა.

ახლა ისიც იდგა აკვანთან და უყურებდა იმას, რაც მოხდა. თან უხაროდა, თან შეძრწუნებული იყო, თანაც აოცებდა ახლადშობილი ყრმის გაუგონარი ღონე. ეს საგმირო საქმე დიდ სასწაულად ჩათვალა და დიდი ზევსის წინასწარმეტყველი, ბრძენი ტირესია იხმო.

მან იქვე უწინასწარმეტყველა მეფეს, დედოფალს და ყველა იქ მყოფს, ბავშვის მთელი მომავალი ცხოვრება: მრავალ ურჩხულს მოკლავს ზღვასა და ხმელეთზე, თვითონ გიგანტებს დაამარცხებს სასტიკ ბრძოლაში, ჯაფით აღსავსე მიწიერი ცხოვრების შემდეგ მარადიულ ცხოვრებას ეზიარება ღმერთებს შორის და ცოლად ერგებაო ჰებე, ზევსისა და ჰერას ასული, ნექტრის მიმწოდებელი, მარადიული სიჭაბუკის ქალღმერთი.

ჰერაკლეს აღზრდა.


მისნის ასეთი წინასწარმეტყველება რომ მოისმინა, ამფიტრიონმა გადაწყვიტა ბავშვისათვის ღირსეული აღზრდა–განათლება მიეცა. გმირები და ბრძენ

კაცები იხმო, რომ ყოველი სიბრძნე და საგმირო ჩვევა ესწავლებინათ. თვითონ ამფიტრიონმა ეტლით სრბოლა ასწავლა, დანარჩენებმა სხვა ხელოვნება: მშვილდოსნობა – ევრიტემ, კრივი და ჭიდაობა – ჰარპალიკემ. კომოლკოსი ასწავლიდა სიმღერასა და ქნარის მოხდენილად დაკვრას. პოლუქსის ტყუპისცალი კასტორი – მძიმედ შეიარაღებასა და ბრძოლის ველზე გამარჯვებას; ლინოსი აპოლონის ჭაღარა შვილი, კითარის დაკვრას, თან წერასა და მწიგნობრობაში წვრთნიდა.

კენტავრი ქირონი მეცნიერებას ასწავლიდა. ჰერაკლე ბეჯითი მოსწავლე იყო, მაგრამ სიმკაცრესა და უსამართლობას ვერავის აპატიებდა. მოხუცი ლინოსი კუშტი მასწავლებელი გამოდგა. ერთხელ, როცა შეგირდს განუსჯელად სცემდა, ყმაწვილმა ხელი საკრავს სტაცა, მასწავლებელს დაჰკრა თავში და სული გააცხებინა.

მართალია, ჰერაკლემ მაშინვე ინანა ჭარმაგი მასწავლებლის მოკვლა, მაგრამ სასამართლოზე მაინც ალალმა მოსამართლემ რადამანთისმა, ზევსის შვილმა და შემდეგ ალკმენეს მეორე ქმარმა, ჭაბუკი სასჯელისაგან გაათავისუფლა და საერთოდ წესად დაადგინა: თუ მკვლელობა თავდაცვის გამო მოხდებოდა, მკვლელი არ უნდა დასჯილიყო.

მაგრამ ჰერაკლეს ცხოვრება მაინც შეიცვალა. ამფიტრიონს შეეშინდა, ვაითუ ასეთი რამ კიდევ ჩაიდინოსო, და საარაკო ღონის პატრონი ყმაწვილი ჯოგში გაგზავნა, იალაღებზე, სადაც ხარები დაუდიოდა. აქ გაიზარდა და დავაჟკაცდა ჰერაკლე, ტოლი არ ჰყავდა. ზევსის შვილი იყო და ვინც შეხედავდა, თავზარი ეცემოდა. ოთხი ადლი სიმაღლის ბუმბერაზს თვალები ნაღვერდლებივით უბრიალებდა.

არასოდეს ისარს და შუბს მიზანს არ ააცდენდა. თვრამეტი წლისა მთელს საბერძნეთში სწორუპოვარი ვაჟკაცი იყო, უღონიერესი და უმშვენიერესი. ახლა დრო დადგა, რომ გადაეწყვიტა, ამ ღონეს სიკეთისათვის მოიხმარდა თუ სიავისთვის.

ჰერაკლე გზაჯვარედინზე.


ამ ხანებში ჰერაკლემ ჯოგები მიატოვა, მწყემსებს დაემშვიდობა და ერთ უკაცრიელ მხარეში წავიდა. მიდიოდა და ფიქრობდა, რა გზა ავირჩიო ცხოვრებაშიო. ჩამოჯდა და შეისვენა. მოულოდნელად გამოჩნდა ორი დიდებული მანდილოსანი, ერთის გარეგნობა მეტყველებდა მის სიდარბაისლესა და წარჩინებაზე, ტანად ლაღი და სპეტაკი იყო, გამოხედვაში კდემა და გამორჩეული თავდაჭერა იხატებოდა, ზნებოთ სრულყოფილი ჩანდა, უმწიკვლო სამოსი უქათქათებდა. მეორე ქალი ნაპატიები, ნებიერი და ჩასუქებული იყო. კანის ბუნებრივ ფერს ფერ–უმარილის სიწითლე და სითეთრე სჭარბობდა, ამპარტავნული თავდაჭერა ჰქონდა, წელში ალვასავით გამართულს თვალები ფართოდ გაეხილა და ისეთი რჩეული სამოსი ეცვა, რომ ქალის მომხიბლაობა თვალში გეცემოდათ. ცეცხლოვანი მზერით გაზომა საკუთარი გარეგნობა, მერე მიმოიხედა, სხვებიც თუ მიყურებენო; ხშირ–ხშირად გადახედავდა თავის ჩრდილსაც. როცა ორივე მანდილოსანი მოახლოვდა, ერთმა ჩვეულებრივი ნაბიჯით განაგრძო სვლა, მეორემ კი ნაბიჯს უმატა, რომ მისთვის გაესწრო, ჭაბუკთან მივიდა და უთხრა:

– ჰერაკლე! მე ვხედავ, ჯერაც ვერ გადაგიწყვეტია, რომელ გზას დაადგე ცხოვრებაში. თუ მეგობრად მე ამომირჩევ, ყველაზე სასიამოვნო და ბედნიერ გზაზე გაგიყვან. არც ერთი სიამე არ აგცდება, ყოველგვარ წყანს გვერდს აუვლი. ომებსა და საქმეებზე არ ინაღვლებ, საზრუნავი და საწუხარი არაფერი გექნება, მხოლოდ იმაზე იფიქრებ, რა საჭმელი და სასმელი ინატრო, რა იგემო, რით გაერთო: როგორ დაატკბო შენი თვალი და ყური უფრო საამური განცდებით; როგორ იცხოვრო ფუფუნებაში ბუმბულებზე და როგორ გაატარო დრო. ყველა სიკეთე უშრომლად და გაურჯელად მოგევლინება. დარდი ნუ გაქვს, სამაგიეროს არაფერს მოგთხოვ და სადარდელად არ გაგიხდი დღეკეთილობას. პირიქით, ყოველივე ეს სხვისი ხელით მოგერთმევა და არაფერზე უარის მოლოდინი არ გექნება, რადგან ჩემს მეგობრებს ყველაფრით უსაზღვრო სარგებლობის ნებას ვაძლევ.

როცა ჰერაკლემ ეს მაცდური დაპირებანი მოისმინა, გაოცებულმა ჰკითხა:

– , ო დედაკაცო, მითხარ შენი სახელი.

– მეგობრები "ნეტარებას" მიწოდებენ, ხოლო მტრები, რომელთაც ჩემი დამცირება უნდათ "მეძავსა" და "ზარმაცს" მეძახიან.

ამასობაში მეორე ქალიც მოახლოვდა და მშვიდად უთხრა:

– მეც შენთან მოვსულვარ, ჰერაკლე, ძვირფასო, რადგან ვიცნობ შენს მშობლებს, შენს ნიჭსა და აღზრდას. ყოველივე ეს მაიმედებს, რომ თუ ჩემს გზას ამოირჩევ, ყველა დიდებულსა და ამაღლებულ საქმეში გამორჩეული ოსტატი იქნები.

მაგრამ ესეც იცოდე, ვერავითარ სიამტკბილობას ვერ დაგპირდები, მხოლოდ საქმეს შემოგთავაზებ, და ყველაფერი ღმერთების ნებით მოხდება. იცოდე, რაც რამ სანუკვარია და სასიამოვნო, ღმერთები ადამიანს უშრომელად და გაურჯელად არაფერს მიართმევენ; თუ გსურს ღმერთებმა პატივი გცენ, ღმერთებს უნდა პატივს სცემდე.

თუ გსურს შენმა მეგობრებმა შეგიყვარონ, შენს მეგობრებს სარგებლობა უნდა მოუტანო; თუ გინდა სახელმწიფომ პატივი დაგდოს, მას უნდა ერთგულად ემსახურო; თუ გწადია მთელი საბერძნეთი შენს სათნოებას შეჰხაროდეს, საბერძნეთის კეთილისმყოფელი უნდა იყო; თუ გინდა მოიმკა, უნდა დათესო; თუ გსურს იბრძოლო და გაიმარჯვო, ბრძოლისა და გამარჯვების ხელოვნებას უნდა დაეუფლო; თუ გინდა შენი სხეული მუდამ ჯანმაგარი იყოს, მუდამ შრომითა და ოფლის ღვრით უნდა გააკაჟო.

აქ სათნოების მქადაგებელს სიტყვა ჩამოართვა ხორციელი სიამის მქადაგებელმა გარყვნილებამ:

– ხომ გესმის, საყვარელო ჰერაკლე, უთხრა, – ხომ გესმის, რა მძიმე და შორეულ გზას გისახავს ეს დედაკაცი? ხომ ხედავ, რა გზა უნდა გაიარო, რათა ბოლოს კმაყოფილი დარჩე? მე კი უმოკლესსა და უადვილეს გზაზე გაგიყვან და მალე გაზიარებ ნეტარებას.

– საცოდავო, – მიუგო სათნოებამ – საიდან შეგიძლია ფლობდე ჭეშმარიტ საუნჯეს? ან რომელ სიამოვნებას იცნობ, როცა ყოველ სიხარულს მხოლოდ ძღომაში ხედავ? შენ ჭამ უმალ, ვიდრე მოგშივდება და სვამ, როცა ჯერ არ გწყურია; ჭამის მადა რომ გქონდეს, მზარეულებს დაეძებ; ხალისით რომ დალიო, უკეთეს ღვინოებს შოულობ; ზაფხულში შფოთავ და თოვლს ნატრობ, თვოლში კი ზაფხულის სითბო გენატრება.

არც ერთ საწოლს არ სჯერდები – საკმაოდ ფუმფულა არ არისო. შენს მეგობრებს აიძულებ მთელი ღამე ღრეობაში გაატარონ, დღის უკეთესი ნაწილი კი – ძილში. ამიტომაც მთელს ახალგაზრდობას ფუფუნებაში გალევენ მორთულ–მოკაზმულები, სიბერის წლებში კი ნაადრევი დაღლილობითა და სნეულებით გამოფიტულები ძლივ დალასლასებენ, შერცხვენილები უსარგებლოდ გატარებული დღეებისათვის და დაღდასმულები იმ ტვირთის სიმძიმით, რაც უნდა ზიდონ. თვითონ შენ, თუმცა ქალღმერთი ხარ და უკვდავი, ღმერთებმა აგითვალწუნეს, ადამიანებმა კი შეგიძულეს.

რაც ყურს ყველაზე მეტად ეამება, შენი ქება, არასოდეს მოგისმენია; რაც თვალს ყველაზე მეტად ახარებს, შენი ქმნილების ხილვა, არასოდეს გღირსებია. მე კი, პირიქით, ყველა ღმერთთან, ყველა კეთილ ადამიანთა ახლო ურთიერთობა მაქვს. ხელოვანთ ჩემი სახით ჰყავთ კეთილი შემწე, ოჯახის მამებს ერთგული დარაჯი, მსახურები ჩემში ხედავენ საიმედო ქომაგს.

მე ვარ პატიოსანი მონაწილე სამშვიდობო საქმეებისა, სანდო თანამებრძოლი ომში, უერთგულესი მეგობარი და თანამდგომი მეგობრობაში. ჭამა–სმაში და ძილში ჩემს მეგობრებს მეტი შნო და გემოვნება აქვთ, ვიდრე მცონარებსა და ლოთებს. ახალგაზრდების უხარიათ მოხუცთაგან შექების მოსმენა. მოხუცებს კი ახალგაზრდების პატივისცემა.

კმაყოფილებით იგონებენ თავიანთ ოდინდელ საქმეებს და ბედნიერად თვლიან თავს თავიანდი ახლანდელი მდგომარეობით, ჩემი წყალობით შეჰყვარებიათ ღმერთებს, მეგობრებს, დაუფასებია სამშობლოს.

როცა აღსასრულის დღე დაუდგებათ, უპატიოდ კი არ მიაბარებენ მიწას, დავიწყებას კი არ მიეცემა მათი სახელი, შთამომავალნი მოკრძალებით მოიგონებენ, მომდევნო თაობები ყველა დროში დიდების შარავანდედით შემოსავენ მათ სახელს. ასეთი ცხოვრება აირჩიე, ჰერაკლე, და ნუღარ ყოყმანობ: შენს წინაშე ძევს უნეტარესი გზა.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1204 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები