ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 7 » ჰერაკლეს პირველი საგმირო საქმეები.
01:22
ჰერაკლეს პირველი საგმირო საქმეები.

მოჩვენებანი განქარდნენ და ჰერაკლე ისევ მარტო დარჩა. უკევ მტკიცედ გადაწყვიტა, სათნოების მძიმე გზას დავადგებიო. მალე კიდევაც მიეცა შემთხვევა, რაიმე კეთილი საქმე ჩაედინა.

საბერძნეთში იმ დროს ჯერაც მრავლად იყო უსიერი ტყეები და გაუვალი ჭაობები, სავსე მრისხანე ლომებით, მძვინვარე ტახებითა და სხვა საშინელი არსებებით.

ქვეყნის განთავისუფლება ძალუმი მხეცებისა და უნდო ყაჩაღებისაგან, რომლებიც მგზავრებს უდაბურ ადგილებში უსაფრთებოდნენ, ძველი გმირების უდიდესი დამსახურება იყო.

ჰერაკლეც ამ საქმისათვის იყო მოწოდებული. თავისიანებთან დაბრუნებულმა მალე შეიტყო, რომ კითერონის მთის კალთებზე, სადაც მეფე ამფიტრიონის ჯოგები ბალახობდნენ, ერთი საშინელი ლომი გამოჩენილა და თავისი მძვინვარებით მწყემსებს თავზარსა სცემდა. როგორც კი ეს ამბავი გაიგო, ახალგაზრდა გმირი იქით გაეშურა, მთას მიადგა შეიარაღებული, უღრან ტყეში შევიდა, ლომი იპოვნა, დაახრჩო, ტყავი ტანზე მოისხა და პირღია მუზარადის მაგიერ დაიდგა თავზე. ლომის ტყავი ამის შემდეგ ჰერაკლეს განუშორებელი ატრიბუტი გახდა.

როცა ამ ნადირობიდან ბრუნდებოდა, გზაში შემოეყარა მინიელთა მეფის ერგინეს მსახურთა რაზმი. ეს მეფე ყოველწლიურად მძიმე და სამარცხვინო ხარკს ახდევინებდა თებელებს სრულიად უსამართლოდ, და მისი კაცები ამ ხარკის ასაკრეფად მიდიოდნენ.

ჰერაკლეს სათნოების ქალღმერთის დავალებით თავი უკვე სიკეთის ქომაგად მიაჩნდა და დაუყოვნებლივ შეება ელჩებს, რომელთაც თებეს მიწა–წყალზე ყოველგვარი ძალადობის ნება ეძლეოდათ. ჭაბუკი გმირი მოძალადეებს იოლად გაუსწორდა, ცხვირები და ყურები დააჭრა, კისერზე დაჰკიდა და ისე გაისტუმრა თავიანთ მეფესთან. ერგინემ ამ საქმის ჩამდენის დაუყოვნებლივ გამოგზავნა მოითხოვა და თებეს მეფემ ქვეყნის აოხრების შიშით შეასრულა ეს მოთხოვნა. ჰერაკლე მინიელებთან გასამგზავრებლად გაემზადა, მამაც მოყმეთა რაზმი შეადგინა და მტერთან საომრად გაიყოლა. მაგრამ არც ერთ თებელს შინ იარაღი არ აღმოაჩნდა, რადგან მინიელებს მთელი იარაღი წაეღოთ, რათა თებელებს ხელის გამოღება და მოძალადეთა განდევნა გაებედათ.

მაშინ ათენამ ჰერაკლე თავის ტაძარძი დაიბარა, საკუთარი იარაღი გადასცა, ჭაბუკები შეიარაღდნენ იმ აღჭურვილობით, რაც წინაპრებს მტრისათვის წაერთმიათ და ღმერთებისათვის მიეძღვნათ. ასეთი მცირე შეიარაღებული რაზმით მიუახლოვდა გმირი საომრად დაძრულ მინიელთა ჯარს ერთ ვიწრო ბილიკზე.

აქ მტერს თავისი სამხედრო ძლიერება და რიცხობრივი სიჭარბე ვერაფერს შველოდა. ერგინე თვითონ ჩაება ბრძოლაში, ვერაფერს გახდა და თითქმის მთელი მისი ჯარი გაწყდა. მაგრამ ბრძოლის ველზე დაიღუპა ამფიტრიონიც, ჰერაკლეს მამინაცვალი, მისი მამაცი თანამებრძოლი. განრისხებული ჰერაკლე ამ ბრძოლის შემდეგ დაუყოვნებლივ გაემართა ორქომენში, მინიელთა სატახტო ქალაქში, შეიჭრა ჭიშკრებში, ცეცხლი წაუკიდა სამეფო სიმაგრეს და დაანგრია ქალაქი.

მთელი საბერძნეთი გაოცებული იყო ამ გაუგონარი გმირობით და თებეს მეფემ კრეონტმა გამორჩეული პატივის ნიშნად თავისი მშვენიერი ასული მეგარა ჰერაკლეს მიათხოვა. მეგარამ გმირს სამი ვაჟი აჩუქა.

ჰერაკლეს დედა კი მეორედ გათხოვდა, მოსამართლე რადამანთისს გაჰყვა.

თვითონ ღმერთებმა დაასაჩუქრეს სწორუპოვარი გმირი. ჰერმესმა თავისი ხმალი მისცა, აპოლონმა – ისრები, ჰეფესტოსმა – ოქროს კარპაჭი, ათენამ – საომარი სამოსელი.

ჰერაკლე გიგანტებთან ბრძოლაში.


გმირს მალე მიეცა შემთხვევა, რომ ღმერთებისათვის თავისი მხურვალე მადლობა საქმით დაემტკიცებინა. გიგანტებს შეება. გიგანტები იყვნენ საზარელი ბუმბერაზები, რომელტაც ფეხების მაგიერ უზარმაზარი ფორეჯებიანი გველები ესხათ, მახინჯი სახეები ჰქონდათ, ბანჯგვლიანი თავები და გრძელი წვერ–ულვაში.

ეს ზარდამცემი ბუმბერაზები გეამ ანუ დედამიწამ უშვა ურანოსს, ანუ, ზეცას და მშობელმა დედამიწამ აუმხედრა ღმერთების ახალ მბრძანებელს ზევსს, რადგან ზევსმა მისი პირველი შვილები – ტიტანები დაამარცხა და ტარტაროსში ჩააგდო.

გიგანტები ქვესკნელის წყვდიადიდან ამოირაგნენ და ფლეგრეის შორეულ ველებზე გამოჩნდნენ, თესალიაში. მათი მნახველი ვარსკვლავები გაშეშდნენ, ფერი დაკარგეს ხომლებმა, ხოლო ფებოსმა მზის ეტლი უკან გააბრუნა. ქვეყნიერებაზე წყვდიადი ჩამოწვა.

– წადით, შეებით, შური იძიეთ ჩემთვის და ღმერთების ძველი ნაშიერებისათვის, – უთხრა მათ დედამიწამ. – პრომეთეს არწივი ჯიჯგნის, ტიტიოსს ქორი კორტნის, ატლასს ზურგზე ცის თაღი ადგას, სხვა ტიტანები ბორკილებს აჩხრიალებენ. წადით, შური იძიეთ, იხსენით ტიტანები! გამოიყენეთ ჩემი საკუთარი კიდურები, მთები და კლდეები, საფეხურებად და იარაღად! შენ, ტიფონო, გამოსტაცე ღმერთების მეუფეს ხელიდან სკიპტრა და მეხი! ენკელადოსო, შენ დაამხე პოსეიდონი, განდევნე და ზღვას დაეპატრონე! რეტოსმა მზის ღმერთს უნდა გამოსტაცოს ეტლის სადავეები, პორფირიონმა დელფოს სამისნო უნდა აიღოს!

ბუმბერაზების სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, დედის ასეთი დავალება რომ ესმოდათ, ისე ხორხოცობდნენ, თითქოს გამარჯვება უკვე მოპოვებული ჰქონდათ, თითქოს ზეიმით მიათრევდნენ პოსეიდონს არ არესს, ციურ ქოჩორში ჩაავლეს ხელები აპოლონს და ძირს დასცეს სინათლის ღმერთი. ერთი აფროდიტეს უკვე ცოლს ეძახდა, მეორეს არტემიდე მოუნდა, მესამე ათენას ისაკუთრებდა.

ამ გოროზი ლაპარაკით გავიდნენ თესალიის ველზე, ავიდნენ მთებზე, მთა მთაზე ააჩხორეს და ასე შეუტიეს ზეცას.

ამასობაში ირისმა, ღმერთების შიკრიკმა, ელვის სისწრაფით დაიარა ცა და მიწა, შეყარა ყველა ოლიმპიელი ღმერთი, ზღვასა და ხმელეთზე, ცაში თუ მდინარე–წყალთა წიაღში. მანებიც კი ამოიხმო ქვესკნელიდან. პერსეფონემ მიატოვა თავისი ჩრდილოვანი სამეფო, და მისი მეუღლე, დაბინდული ქვესკნელის მობინადრე მდუმარე სულთა მეუფე, შუქის მოძულე რაშებით ოლიმპოზე აფრინდა.

როგორც ალყაშემორტყმული ქალაქის ბინადარნი მოზღვავდებიან ყოველი მხრიდან და თავს შეიყრიან, რათა მშობლიური ქალაქი დაიცვან, ასე მოგროვდნენ ოლიმპოს ღმერთები მშობლიურ კერასთან.

– ჩემთან შემოკრებილო ღმერთებო, – მიმართა ზევსმა, – თქვენ ხედავთ, როგორ შემოგვიტია დედამიწამ თავისი ახალი ნაშიერებით. შეებით და გაგზავნეთ ქვესკნელსი იმდენი ახალი გვამი, რამდენი ვაჟიც მეამბოხე დედამიწამ გამოგვიგზავნა!

როგორც კი ზევსმა მოკლე სიტყვა დაასრულა, მეხთა ქუხილი ატყდა ცათა შინა, ხოლო დაბლა გეამ მიწისძვრით უპასუხა. ბუნება აირია და გახდა მოუწყებელი, როგორც პირველყოფილი ქაოსის ჟამს.

გიგანტებმა მთა მოგლიჯეს, მთაზე დაადგეს, მოარღვიეს ოსა, პელიონი, ეტა, ათოსი, მოაქუჩეს ერთად, მოგლიჯეს უზარმაზარი როდოპის მაღალი მთაგრეხილი, მდინარე ჰებროსის ნახევრიანად, ცად ააჩხორეს და უზარმაზარი კიბით ავიდნენ ღმერთების საბრძანებელში, კლდის ლოდებითა და ალმოდებული მუხების ტროეცნით დაიწყეს ოლიმპოზე იერიში. მძიმე დღეები დაუდგა ზევსის მოდგმას.

ორაკულმა უწინასწარმეტყველა ღმერთებს, ვერც ერთი უკვდავთაგანი ვერ დახოცავსო გიგანტებს და მათი მოკვლა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ღმერთებს გვერდით რომელიმე მოკვდავი ამოუდგებაო. ეს მისნობა გეამაც იცოდა და გულმოდგინედ ეძებდა ისეთ ჯადოსნურ წამალს, რომელიც მის გიგანტებს მოკვდავისათვის უვნებელს გახდიდა.

ასეთი უწყვლადობის ბალახი მართლაც იზრდებოდა დედამიწაზე, მაგრამ გეას ზევსმა დაასწრო. მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს უბრძანა, დედამიწა არ გაანათოთო და როდესაც ის ელვის სისწრაფით მოწყვიტა და ათენას დაავალა, ჰერაკლე ამომიყვანეო.

ოლიმპოს მწვერვალზე კი სასტიკი ბრძოლა იყო გაჩაღებული. არესმა თავისი მოჭიხვინე რაშები ხელჩართული შეტაკების დროს მტრის რაზმის შუაგულში შეაჯირითა, მისი საბრძოლო ეტლის თავზე ომის ღმერთის ოქროს ფარი ცეცხლზე უფრო მხურვალე სხივს აფრქვევდა, მისი მუზარადი ნაპერწკლებს ყრიდა მოფრიალე ფაფრიდან.

გახურებულ ბრძოლაში შუბით განგმირა გიგანტი პელოროსი, რომელსაც ფეხების მაგირე ორი უზარმაზარი გველი ება, შემდეგ კი მოკრუნჩხულ გვამსა და მოსისინე გველებს თავისი ეტლით ზედ გადაუარა და გადათელა. მაგრამ ურჩხულმა თავისი სამი სული მხოლოდ მაშინ ამოუშვა, როდესაც მოკვდავი ჰერაკლე დაინახა. ჰერაკლე, ის იყო, ამოვიდა ოლიმპოს უმაღლეს საფეხურზე, მიმოიხედა ბრძოლის ველზე და მაშინვე თავისი მშვილდი მოზიდა, მიზანში ამოიღო გიგანტი ალკიონევსი.

განგმირული ბუმბერაზი ცას მოსწყდა, ძირს გადაფრინდა, მაგრამ როგორც კი მშობელი მიწის კალთებს შეეხო, ისევ გაცოცხლდა, წამოიწია და ოლიმპოს მიაშურა. ათენას რჩევით ჰერაკლემ ის დაითრია და მოაშორა მხარეს, სადაც დაიბადა. როცა უცხო მიწაზე მოხვდა, სულიც დალია.

ახლა გიგანტი პორფირიონი გავიდა სახიფათო ადგილზე, რათა ჰერაკლეს და ჰერას ცალ–ცალკე შებმოდა. მაგრამ ზევსმა უეცრად შთაუნერგა სურვილი, რომ ქალღმერთის ნამდვილი სახე პირისპირ ეხილა და ვიდრე პორფირიონი ჰერას საბურველს აგლეჯდა, ზევსმა მეხი ჰკრა, შემდეგ კი ჰერაკლემ ისრით მოუსწრაფა სიცოცხლე.

უეცრად მეომარი გიგანტების რიგს გამოეყო ურჩი ეფიალტე და ღმერთებს ცეცხლოვანი თვალები მიანათა.

– ეს კარგი სამიზნეა ჩვენი ისრებისათვის! – სიცილით თქვა ჰერაკლემ გვერდით მებრძოლის – აპოლონ ფებოსის გასაგონად და მაშინვე ღმერთმა მარცხენა თვალი გამოსთხარა, ნახევრად ღმერთმა კი მარჯვენა.

ევრიტე მოკლა დიონისემ თავისი კვერთხით – თირსოსით, ხოლო ჰეფესტოსმა ღვთაებრივი ხელიდან ნიაღვრად დაფრქვეული ცეცხლოვანი ლავით კლიტიოსი ძირს დაანარცხა. ბრძოლის ველიდან გაქცეულ ენკელადოსს ათენა პალადამ კუნძული სიცილია ესროლა და შიგ ჩამარხა. ბუმბერაზი პოლიბოტე უფრო შორს გაექცა პოსეიდონს, კუნძულ კოსს მიაწყდა, მაგრამ ზღვის ღმერთმა ამ კუნძულის ნაწილი აიტაცა, სტყორცნა და სამუდამოდ დაფარა.

ჰერმესს თავზე პლუტონის ზუჩი ეხურა, გიგანტ ჰიპოლიტოსს შეუტია და მოკლა. ორ დანარჩენს პარკების კომბლები მოხვდათ და სასიკვდილოდ დაშავდნენ. სხვები ზევსმა განგმირა მეხით და ელვით, ძირს გადმოყარა დედამიწაზე, სადაც ჰერაკლემ თავისი ისრებით ყველას სიცოცხლე მოუსწრაფა.

ამ გმირობამ ნახევრად ღმერთს ციურთა სამუდამო პატივისცემა მოუხვეჭა. ზევსმა ოლიმპიელები უწოდა ყველას, ვინც ამ სასტიკ ბრძოლაში მას ეხმარებოდნენ, რათა ამიერიდან ამ სიტყვით გაერჩიათ მამაცები ლაჩრებისაგან. ასეთი მაღალი პატივის ღირსად მოკვდავი ქალის შობილთაგან მხოლოდ დიონისე და ჰერაკლე გახადა.


ჰერაკლე და ევრისთევსი.

ჰერაკლეს დაბადების წინ ღმერთების კრებაზე ზევსმა განაცხადა: ვინც დღეს პერსევსის შთამომავალთაგან პირველი დაიბადება, ყველა სხვა პერსეიდის მბრძანებელი გახდებაო. ასეთი პატივი მოფიქრებული ჰქონდა მისი და ალკმენეს შვილისათვის.

მაგრამ ცბიერმა ჰერამ ისე მოახერხა, რომ პერსეიდებიდან იმ დღეს პირველი დაიბადა პერსევსის მეორე შვილიშვილი ევრისთევსი და არა ჰერაკლე, რომლის დედაც ჰერას სძულდა, როგორც მეტოქე. ამიტომაც არგივიელთა ქვეყანაში მიკენის მეფედ დაჯდა ევრისთევსი, ხოლო ჰერაკლე გახდა მისი ქვეშევრდომი, რომელსაც სხვა მოკვდავთათვის შეუძლებელი საგმირო საქმეები დააკისრა.

ჰერაკლე უარს ამბობდა მიკენის უბადრუკი მეფის მორჩილებაზე, მაგრამ ზევსი თავის გადაწყვეტილებას ვერ დაარღვევდა, ამიტომ გმირს უბრძანა, მიკენის მეფის ყველა დავალება შეასრულეო. ნახევრად ღმერთი მაინც უხალისოდ ემორჩილებოდა მოკვდავ მეფეს.

ხსნას ეძებდა და დელფოში წავიდა, ორაკულს ჰკითხა თავისი საქმე, რომ ათი გმირობა უნდა მოახდინო მეფის დავალებით, შემდეგ კი უკვდავებას გაზიარებენო. საერთო ჯამში ჰერაკლემ თორმეტი საგმირო საქმე ჩაიდინა ევრისთევსის დავალებით, თუმცა ორი მათგანი მას მიკენის მეფემ არ ჩაუთვალა.

მძიმე საგონებელში ჩავარდა გმირთაგმირი: როგორ ვემსახურო ჩემზე დაბალსა და უმწეოს! ეს ხომ ჩემს ღირსებას ამცირებსო! მაგრამ თავის მამას ზევსს რომ არ დამორჩილებოდა, ეს კიდევ უარეს უბედურებას უქადდა, თანაც შეუძლებელი იყო.

ეს ამბავი გაითვალისწინა და კიდეც გამოიყენა ჰერამ, რომლის გულშიაც ღმერთების წინაშე გმირის დიდმა დამსახურებამაც კი ვერ ჩაკლა ჰერაკლეს სიძულვილი და მძიმე კაეშანი ბორგნეული სიგიჟით შეუცვალა. ჰერაკლე ისე შეიშალა, რომ თავისი საყვარელი ნახევარძმისა და თანამებრძოლის – იფიკლე ვაჟის იოლაოსის მოკვლაც კი განიზრახა, მაგრამ იოლაოსმა გაქცევით უშველა თავს.

მაშინ ჰერაკლე საკუთარ შვილებს დაერია, მეგარასაგან რომ ჰყავდა, და უმოწყალოდ დახოცა, რადგან ბორგნეულს ეგონა, რომ გიგანტებს ხოცავდა. როცა სიგიჟემ გაუარა, გონს მოეგო, ჰერაკლე ღრმად შეაწუხა თავისმა საზარელმა საქციელმა, შინ ჩაიკეტა და ადამიანებთან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტა. ბოლოს, როცა ამნაირი უბედურებით თავს დატეხილმა ნაღველმა ოდნავ გაუარა, გადაწყვიტა ევრისთევსის დავალებული სამძიმო საქმეების აღსრულება და ამ მიზნით ევრისთევსს ესტუმრა ტირინთოში, რაც აგრეთვე ამ მეფის საბრძანებელში შედიოდა.


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1233 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები