პარასკევი, 19.04.2024, 02:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » რიგოლ რობაქიძე: “აკაკი” (ფაქტები, ფიქრები).
13:46
რიგოლ რობაქიძე: “აკაკი” (ფაქტები, ფიქრები).

აკაკი

(ფაქტები, ფიქრები)


ორი ნიღაბი

დარჩენილია აკაკის სურათი კუბოში ჩასვენებულის. არსებობს ამგვარივე სურათი ვიქტორ ჰიუგოსი. მსგავსება ამ ორი ნიღბის ისეთია, რომ გამორჩევა ძნელი ხდება.

უნებურად პარალელი იბადება: აკაკი და ჰიუგო.

ყოველ შემთხვევაში აკაკის იმდენივე გავლენა ჰქონდა საქართველოში, რამდენიც ჰიუგოს საფრანგეთში.

პოეტური შეპირისპირება მათი შესაძლოა მერმისმა ითავოს.

გამოსვლა მარტო სახელით

არის რაღაც ანტიური ამ გამოსვლაში. აკაკი გამოდიოდა სახელით: თავის გვარს ძვირად ახსენებდა. მთელი საქართველო მას სახელით იცნობდა უფრო. გარდა ნიჭისა, აქ უთუოდ სიყვარული იმარჯვებდა. უამისოდ აკაკი ვერ "გაითქმებოდა” ხალხში.

ბავშვებმა ისიც არ ვიცოდით, თუ იგი წერეთელი იყო: ვიცოდით მხოლოდ, რომ იგი "აკაკია”. მეტი არაფერი.

ერთხელ, ქუთაისში, ვასილ ბეჟანიშვილის წიგნის მაღაზიის გვერდით მივდიოდით.

ხმა მოგვესმა: "აკაკი”. ეს ხმა ახლაც გაისმის ყურში.

მივიხედეთ: მაღაზიიდან გამოვიდა ახოვანი კაცი. "ფეთება” მოგვეცა, მაგრამ ადგილიდან ვერ დავიძარით.

აკაკიმ ნათელი თვალით გადმოგვხედა.

ეს გამოხედვა ახლაც მახსოვს.

დიდხანს ვუმზერდი მიმავალს. მაშინ ჩვენ მისი "კრილოვის” არაკები ვიცოდით. არ ვიცოდით მხოლოდ, რომ კრილოვი კაცი იყო და მოარაკე.

აკაკი და ბავში

მნიშვნელოვანია, თუ ვინ როგორ ექცევა ბავშს.

ზოგი თავს "იბავშებს”, როცა ბავშს ელაპარაკება. ზოგი "უფროსად” რჩება, როცა ბავშთანაა. მაგრამ ავიწყდება, რომ მასთან "ბავშია”. უფრო იშვიათია მესამე ტიპი: იგი "უფროსობს” ბავშთან, მაგრამ არ ავიწყდება, რომ მასთან "ბავშია”. აქ "უფროსი” თითქო "იტოლებს” ბავშს.

ბავშს ეს უფრო უყვარს. ასეთი იყო აკაკიც.

ეს დაყოფა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, როცა "უფროსი” და "ბავში” ერთიმეორეს მარტოდ ხვდებიან, სხვების არყოფნისას. ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მესამე ტიპის მოქცევა ბავშთან.

ერთხელ, ვერის უბანში, რომელიღაც პატარა სახლში, თავს წავესწარ აკაკის ბაასს ბავშთან. ოთახში სხვა არავინ იყო. ნაბიჯი შევანელე.

უნდა გენახათ აკაკი, თუ როგორ "იტოლებდა” ბავშს.

უნდა გენახათ ბავშის აფრთოვანებაც.

მამა

"ბოჰემურად” მქონდა აკაკი წარმოდგენილი. რამოდენიმეთ ასეთიც იყო. სად ჰქონდა ოჯახი, კაცმა არ იცოდა. ხან ტფილისში, ხან ქუთაისში. ხან ერთთან, ხან მეორესთან. იყო ‘სტუმარი” მუდამ, სტუმარი საყვარელი. ცოლი რუსეთში ცხოვრობდა. ვაჟიც.

მე ისიც არ ვიცოდი, შვილი თუ ჰყავდა აკაკის.

ერთხელ მისი ვაჟი, ალექსი, ტფილისს ეწვია. ვნახე. გამიკვირდა: გადაგვარებული მეჩვენა. მოხრილი იყო იქ საცა მხრები კისერთან ერთმანეთს სცილდებიან. ამავე დროს თავი მაღლა ჰქონდა აწვდილი. თვალებით კარგად ვერ იხედებოდა. ეს კიდევ უფრო ამძაფრებდა ჩემს შთაბეჭდილებას.

"უფრთხილო” სიტყვა წამომცდა აკაკისთან – (რომ ვაჟში არ წასულიყო ჯიში).

აკაკი შეირხა. არა უთქვამს რა. მხოლოდ შეირხა.

ვხედავდი: იგრძნო "ტკენა”.

კიდევ მეტი: იგრძნო "წყენაც”.

სახტად დავრჩი: ამას რაღა გამოაკეთებდა?

სმა-ჭამა კარგად შესარგი

გამეგონა: ილია ჭავჭავაძეს ყვარებოდა ჭამა. თუ აკაკისაც უყვარდა, ეს არ ვიცოდი (ვერც წარმოვიდგენდი).

ხშირად იყო სტუმრად გიგო დიასამიძესთან (აკაკი მეგობარი იყო გიგოს მამის ნიკოსი), რომელსაც საოცრად უყვარდა აკაკი.

ვისადილეთ ერთხელ (გიგომ მიმიწვია).

აკაკი სჭამდა ლომივით. გამაკვირვა: მოხუცი იყო და შეეძლო ასე "მაგრა” ჭამა.

შემდეგ მიიძინა.

15 წუთის შემდეგ გაისმა ხვნეშა: მაგარი, ძალუმი, დევკაცის. ეს კიდევ არაფერი. ხვნეშა იყო რიტმდარღვეული. ხანდახან ისე საშინლად ამოიქშენდა ხოლმე, რომ "გათავდა”-თქო მეგონა.

შემეშინდა. გიგოს ვუთხარ:

"არაფერი დაემართოს, მივხედოთ”.

გიგომ თავისებურად გაიღიმა:

"არაფერია… აგრე იცის… კუჭი მოკალული აქვს”…

აკაკი მასპინძელი

საჩხერეში მოვხვდი 1911 წელს.

აკაკიმ გამართა წვეულება. მიმიწვია.

ვნახე გადაშლილი სუფრა. გამიკვირდა: ასეთი გაწყობილი სუფრა ტფილისშიაც ძვირად მენახა.

აკაკი ყოველთვის უფულობაზე ლაპარაკობდა.

აქ კი… და მეც გულახდილი ჩავუკარი სიტყვა:

"ბატონო აკაკი! (მაშინ "ბატონობით” იყო მიმართვა) თქვენ სულ სიღარიბეზე გვიჩივით და ეს სუფრა კი”…

არ დამიმთავრებია. აკაკიმ ხუმრობით მომიჭრა სიტყვა:

"წერეთელი ისე არ დაღარიბდება, რომ ცხრა ცხენოსანი ვერ მიიღოს, უეცრადაც”.

ქაღალდის თამაში

მე ქაღალდის თამაში არასოდეს მყვარებია. ამისათვის არ ვიცი, თუ როგორ თამაშობდა ქაღალდს აკაკი. ყველამ იცოდა, რომ აკაკის ეს თამაში ძალაინ უყვარდა.

მე შემინიშნავს მხოლოდ ერთი დეტალი:

ბევრჯერ მინახავს აკაკი კლუბიდან დაბრუნებული. მინდოდა ხოლმე მის სახეზე ამომეკითხა: წააგო თუ მოიგო.

ძნელი იყო გამოცნობა.

ფანტაზია თუ ფანტასტიკა

აკაკის დიდი ფანტაზია ჰქონდა. თანვე: ტყუილი იცოდა დიდი. რა საჭიროა ამის დაფარვა? ხოლო მის "ტყუილს” რაღაც სხვა იერი ჰქონდა: "მოტყუება” კი არ უნდოდა (რაიმე პირადი მიზნით). "ტყუოდა” ისე: თითქო ჰსურდა ესიამოვნებია მობაასე. უსმენდი აკაკის და გიკვირდა მისი "ფანტაზია”. საკვირველი კიდევ ის უფრო იყო, რომ თვითონვე სჯეროდა, რასაც ლაპარაკობდა.

მახსოვს: ჩამოვარდა ლაპარაკი რუსთაველზე.

"ჩემი წერილი ხომ წაგიკითხავს რუსთველზე?” (აკაკი ამბობდა – "რუსთველი”, ყოველთვის).

მეკითხება იგი.

"როგორ არა?!”

ვაძლევ პასუხს. პაუზა.

"ალბად ილიას გარჩევაც გექნება წაკითხული, ჩემი წერილის გარჩევა!”

"წაკითხული მაქვს”.

პაუზა.

"მერე იცი რა? მე ამ პასუხის პასუხი დავწერე. ილიას აზრები დავარღვიე”.

"სადაა ეს პასუხი?”

"წარმოიდგინე: ილიამ გაიგო ეს, მივიდა სტამბაში, შეისყიდა მთელი გამოცემა, – ილია მდიდარი იყო, – და ცეცხლს მისცა”.

დაამთავრა. კილო ისეთი ჰქონდა, რომ თვითონ სწამდა ეს ამბავი.

მე გაშტერებით ვუცქერდი – (აბა, "გაშტერების” გარდა სხვა რა არგუმენტი "მოგივიდოდა” ამ წამს?)

ეს კიდევ არაფერი.

ეს შეთხზული ამბავი მან სიტყვა – სიტყვით საჩხერეში გაიმეორა. იქაც გაშტერებით ვუცქერდი.

მხოლოდ ერთი რამ უნდა აღინიშნოს:

ეს ამბავი ორივეჯერ ისე მოჰყვა, რომ არც ერთხელ არც ერთი ხაზი ღვარძლისა მის სახეზე არ შემინიშნავს. ეს უფრო მისი ფანტაზიის "თამაში” იყო: ისე "გათამაშებული”, რომ ბოლოს და ბოლოს თვითონაც სჯეროდა.

საქართველო და რუსთაველი

აკაკი იყო "მკილავი”, ხანდახან "მქირდავიც”. (თუმცა, ვიმეორებ, ღვარძლი არა ჰქონია). შეეძლო ყველას გაკილვა და ყველაფრის გაქირდვა.

მხოლოდ ერთი რამ არსებობდა მისთვის მთელ ქვეყანაზე, რომელსაც იგი ეთაყვანებოდა.

ეს იყო საქართველო. მასთან ერთად რუსთაველი.

საქართველოსადმი იგი ისე იყო განწყობილი, როგორც მიცკევიჩი, სლოვაცკი და ვისპიანსკი პოლონეთისადმი.

ეს აშკარაა მის შემოქმედებაშიც.

თუ ამ სიყვარულით გამოწვეულმა აკაკის შემოქმედებამ ვერ მიიღო დიდი გამოხმაურება, ეს ალბად იმის გამო, რომ მას აკლდა "ევროპა” (ეს უნდა ითქვას) და მუდმივი პოეტური წვა (ესეც უნდა ითქვას). აკაკი ფუტკარს ჰგავდა, მხოლოდ ისეთს, რომელიც ბეჯითობას მაინცა და მაინც ვერ დაიქადის.

გარდა ამისა:

მარტოდ-მარტო "მამულის” სიყვარულით უნივერსალურ პოეზიას ვერ შექმნი.

ეს იმთავითვე მწამდა და მითქვამს კიდეც.

ბედნიერება?

აკაკი "ბედნიერ” კაცად ითვლებოდა.

სიბერეს არ დაუმახინჯებია მისი სახე. პირიქით: კიდევაც გაალამაზა.

"წვეთის” დაცემის შემდეგ ცალი წარბი ოდნავ მაღლა აეწია. სახეს ამან მეტი სიმკვეთრე მისცა. თავიც მაღლა ეკავა. განსაკუთრებით, როცა ქუჩაში მიდიოდა.

ჰქონდა რაღაც სხვანაირი "სიმაღლე”:

თითქო საგანთა მაღლა იცქირებოდა.

ყური თუ თვალი

სასტუმროში, ჩემს გვერდით, მომესმა ერთხელ აკაკის სიმღერისმსგავსი მეტყველება, რომელშიაც ნამდვილ სიტყვას ვერ გაარჩევდი: ეს იყო თითქო ღიღინი, უსიტყვო სიმღერა. შემდეგ შევიტყვე, რომ აკაკის შემოქმედების წამი ასე იწყებოდა: ჯერ მუსიკალური გულნება, როგორც შილლერი ამბობდა, და შემდგომ – "პოეტური იდეა”.

აკაკის ლექსში "ყურია” უფრო ვიდრე "თვალი”.

მრავალი მაგალითიდან ერთი:

"ყანაო, მუშის სამოთხე, გლეხის დიდებავ, ყანაო!

ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო.

დაგქროლა დილის ნიავმა, ალერსით გითხრა ნანაო,

ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა, ზურმუხტად აგამწვანაო”.

ალიტერაციით აქ ყანის შრიალი გაისმის: ყანა, ნანა, ნიავი, ნამმა, გადაგბანა, ჟუჟუნა, აგამწვანა. "ნარის” ახმაურება აქ ნიავის გადარბენას იწვევს ყანაში.

"თვალი” ნაკლებია აკაკის ლექსებში. როგორც საერთოდ ქართულ პოეზიაში. იქაც კი, საცა თვალს მეტი ადგილი აქვს, პროზაში, ქართველი მწერლის თვალი სუსტია. საკვირველი კია, რადგან ქართველისათვის რაობა "ფერით” ისაზღვრება (ყველაფერი, არა-ფერი).

აკაკის ლექსს აქვს "ყური”, ამიტომ რიტმიც უნდა ჰქონდეს – (და აქვს კიდეც). მხოლოდ ხანდახან "ყური” მასაც ღალატობს (აქა-იქ). რატომ ხდება ეს?

ენა

ეს უკვე ცნობილია:

აკაკიმ ენა გაამარტივა. მისცა მას სიმსუბუქე და სისხარტე. დაუახლოვა ხალხურ თქმას (მხოლოდ არა დამახინჯებულს).

ნიკო ბარათაშვილის, ალ. ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის ლექსურ ენას ემჩნევა ეკლესიური დაგრეხვა სიტყვის. აკაკიმ გაწმინდა ქართული ენა ამ ხერგებისაგან. მას ეხმარებოდნენ: რაფიელ ერისთავი და ილია ჭავჭავაძე (თუმცა უკანასკნელმა სხვა "სიმძიმე” შემოიღო, მაგრამ სრულად გამართლებული).

პროზა

აკაკის პროზა ჯერ კიდევ არ არის დაფასებული. ვსცადე ერთ წერილში (ბაში-აჩუკი, როგორც კინორომანი”) ამ მხრით შევხებოდი აკაკის. აკაკიმ პროზაში რომანის მკაცრი კომპოზიცია შემოიტანა.

ყოველ შემთხვევაში აკაკის პროზა მის ლექსებთან შედარებით ისეთივეა, როგორც პუშკინის პროზა პუშკინის ლექსებთან შედარებით.

ეს თემა უცდის თავის ავტორს.

აკაკი და ილია

ალბად ეს პარალელი მუდმივ დარჩება ქართულ ლიტერატურაში. კიდევ უფრო – ჭირვეული დაეჭვება: რომელი უფრო მაღლა დგას?

აკაკი და ილია ტყუპებია, რომლებიც დასცილდნენ ერთიმეორეს. მაგრამ "ტოლები” დარჩნენ მაინც. არჩევანი ხან ერთს ერგება, ხან მეორეს. "ტოლებში” ეს ჩვეული ამბავია.

ხშირად ერთისა და იმავე პირის გუნებაში ხდება ხან აკაკის არჩევა და ხან ილიასი. სხვანაირნი, მაგრამ ერთფასეულნი – აი ტოლების საზომი. თუ ვინმე აირჩევს ხან ერთსა და ხან მეორეს, ეს არც პირველის ბრალია და არც მეორესი.

რუსეთშიაც ასევე ხდება, როცა ადარებენ ერთიმეორეს ტოლსტოის და დოსტოევსკის.

აკაკი და ვაჟა

ოცი წლის წინად ასეთი დაპირისპირება – აკაკი და ვაჟა – მაკვდინებელ ცოდვად ჩაითვლებოდა: ისე მაღლა იდგა აკაკი და ისე დაბლა ვაჟა.

დღეს კი ასეთი დაპირისპირება არა თუ შესაძლოა, არამედ… რა საჭიროა წერტილის დასმა?

მაგრამ მაინც: აკაკი და ვაჟა.

პერსონალურად რომ ავიღოთ, შესაძლოა აკაკი უფრო ნიჭიერიც გამოვიდეს. მაგრამ პოეტურ ნამოქმედარს ეს ვერ არკვევს ბოლომდე.

ვაჟა პირია უპიროვნო შემოქმედების. იგი ჰომერის ნატეხია საქართველოს არეზე. აქ არის მისი სიძლიერეც.

აკაკიც ხომ ხალხურია?

მართლაც. აკაკი პირია ხალხის. საუკეთესო მისი ლექსები ხალხურია. მე მინდა აქ მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიყვანო.

არის პატარა წიგნაკი:

"ჭიდაობა ნესტორ ესებუა და კულა გლდანელის”. წიგნაკს აწერია: "მესტვირული ლექსი აკაკი წერეთლისა”. დათარიღებულია: 1890 წ., 15 ნოემბერი. ვინ გამოსცა, არ ჩანს. წიგნაკზე ესებუას სურათია.

ალბად თვითონ აკაკი ამ ლექსს უმნიშვნელოდ თვლიდა, თორემ იგი არ იქნებოდა ასე "გადამალული”.

ეს ლექსი ლიტერატურულად აღმოაჩინა პაოლი იაშვილმა – (გავიხსენოთ მოჭიდავე ნესტორ ესებუას იუბილე, – იყო ასეთ იუბილეც! – ხუთი თუ ექვსი წლის წინად გამართული ცირკში).

ეს ლქესი შედევრია.

რადგან მას ბევრი არ იცნობს, მოვიყვან ადგილებს.

სახელი გავარდა კულა გლდანელის: ყველას სძლიაო.

"ეს ქუთაისში შეიტყვეს

შუბლში იტკლიცეს ხელია,

ნუთუ ქართლსა და კახეთსა

ვაჟკაცი შემოელია,

აქ რაღაც ცბიერობაა

უთუოდ საეჭველია

უნდა უშველოთ როგორმე

თუ სადმე მისაშველია.

როგორ თუ მთელი ქვეყანა

მან ასე აიბუაო?

მოდი გავგზავნოთ აქედან

მეგრელი ესებუაო.

ისე დაბლაგვოს, იცოდეთ,

როგორც რომ დანის ყუაო.

მაშნ იტლინკოს გლდანელმა,

მერე ისწავლოს ჭკუაო”.

მიიხმეს ნესტორა. სთხოვეს.

"მაშინ წამოდგა ნესტორა

სიმდაბლით მოუბარია:

უფროსები ხართ და ჩემგან

არ გეკადრებათ ვარია.

თუ გავიმარჯვე აქავე

ჩამოვალ მომცინარია,

თუ ვერა კომბალს ავიღებ

და წავალ სადაც ცხვარია”.

ჩავიდა ტფილისში ნესტორა. მიდიან საჭიდაოზე.

"გლდანელის საპირდაპიროდ

აქ ვიღაც ჩამოსულაო,

მაგრამ ყურებსაც არ იბერტყს

ჩვენი ნაქები კულაო,

ამბობს, ამისი ტოლები

აქ ბევრი გალახულაო,

და ესეც ისე გავპენტო

როგორც რომ ბამბის ქულაო”.

გაიმართა ჭიდაობა.

"გამოდის კულა გლდანელი

მხარბეჭა და შიშველია,

ჯეირანივით ნავარდობს,

მაღლა ხტის როგორც შველია,

ტანზედაც ერბო წაუსვამს,

რომ ვერ მოავლონ ხელია,

გარს ახვევია ამქრები

სუყველა მისი მშველია.

მეორე მხრიდან მეგრელი

გამოძვრა როგორც ტურაო,

რომ დაინახა გლდანელი

ლომივით მიაშურაო.

მკლავებში ხელი მოავლო

და ერბომ აიცურაო.

კინაღამ უცბად გაფუჭდა

და ბედმა მოიმდურაო.

განზე გადუხტა მატყუარს,

სისწრაფით მოიშორაო.

ამბობს, ხელს ვეღარსად ვკიდებ,

რა ცუდათ მომაღორაო.

მივარდა, გულში ხელი ჰკრა,

ბურთივით გააგორაო.

ვეფხვივით ზურგზე დაახტა,

დათვივით მოიტორაო.

ქვეშ დევს, ფართხალობს გლდანელი,

ცდილობს ზე წამოდგომასა.

ზემოდან მტკვალავს ნესტორა,

თითქო იღებდეს ზომასა.

თან ეუბნება დაცინვით:

კულა ნუღარ სწევ შრომასა,

უფრთხილდი თან არ გადაყვე

შიშსა და გულისწყრომასა.

ფეხებში ხელი მოჰკიდა,

თავდაღმა დააყირაო,

საცეცხლურივით დაკმევა

ოთხკუთხივით დაუპირაო.

იმისი მაყურებელი

სუყველა გააკვირაო,

კულა გლდანელის მომხრენიც

უწყალოდ აატირაო”.

მე მოვიყვანე მთავარი ადგილები.

ვიმეორებ: ეს ლექსი შედევრია, ხალხური გენიის ხაზით გამართული. ყოველი დეტალი აქ თანხმობაა მასალისა და ფორმის, ყოველი სიტყვა, ყოველი სახე – მედალიონებია. ეს პოემა ცალკე გარჩევას თხოულობს.

რით ჩამოუვარდება იგი თუ გინდ ლერმონტოვის ნაწარმოებს ("Песня про купца Калашникова”)?

და მაინც

და მაინც: ვაჟა გადასძლევს. ნიჭით? მაგრამ ნიჭი აკაკიმ ამ "მიგდებულ” ნაწარმოებშიაც ხომ დიდათ გამოაცხადა? ესეც ხომ ხალხის შემოქმედების ნატეხია? არა: აქ სხვაგანაა საიდუმლო.

იგი მასალაში უნდა ვეძიოთ (უფრო).

ეს კი სხვა თემაა.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1168 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები