სამშაბათი, 23.04.2024, 09:38
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » გრიგოლ რობაქიძე – “აკაკის ქნარი”.
13:58
გრიგოლ რობაქიძე – “აკაკის ქნარი”.

გრიგოლ რობაქიძე – "აკაკის ქნარი”

სიკვდილის წინეთ, ამბობენ, აჭიკჭიკდება გედიო
და ტკბილ ჰანგებში იმარხვის მისი არსების ბედიო.
უცნაურია გალობა პირველ და უკანასკნელი,
აქ იხატება ცის სივრცე აქვე ისახვის ქვესკნელი.
ორაზროვანი, ორ კილო ერთი ხმით გამომეტყველი;
შემოქმედების ქებაა; ცისა და ქვეყნის შემკვრელი.
საამქვეყნო ზარია, საიმქვეყნო ზევსური.
გედო, შეგნატრი შენს ჭიკჭიკს შენგვარ სიკვდილსაც მეც ვსურვი…

სწორედ გედისებურია ის პოეტური სიმღერა, რომელსაც მომღერალი აკაკი საქართველოს ტურფა მდელოს დაჰმღერდა. "ორაზროვანი, ორკილო”: რადგან "აქ იხატება ცის სივრცე, აქვე ისახვის ქვესკნელი”; მწარი და თან ტკბილი: რადგან სიმღერა იგი "საამქვეყნო ზარია, საიმქვეყნო ზევსური”… და არც საკვირველია: მსოფლიო ოკეანეში ყოველი ინდივიდუალური ტალღა სავსებით შეერთებულია მსოფლიო ყოველ შემცველობას, – და ვინც რომელიმე ტალღას მთრთოლვარე პეშვით დაიჭერს უკანასკნელს წვეთამდე, იგი უთუოდ იმა ტალღის სიცოცხლესთან ერთად იგემებს სიცოცხლეს მთელი ოკეანისას.

და ასე ყველგან: სწორუპოვარი სანდრო ბოტიჩელლი, რომელიც მიხრილ-მოხრილი ხაზით, ღვთიურ-ტეხილი ხაზით, აცხადებდა მშვენიერებას, ტკბილსა და ნეტარ გრძნობაში, სიყვარულში, დანაშაულსა და ტანჯვასაც ჰპოულობდა. რისთვის? მისთვის, რომ მსოფლიო სიცოცხლეში ყოველი წამის წვეთის სათავე მსოფლიო ნაკადულია, საცა ყოველი ერთი მეორეს არის შერთული…

და აკაკიც თითქო გედისებურ ორაზროვანია სწორედ… ღმერთებმა მიაფრქვიეს მას სიუხვით თითქმის ყოველი: სილამაზე, გვაროვანობა, სიმდიდრე, ნიჭი… ჭეშმარიტად იგიც იყო "საყვარელი ღმერთთა და ადამიანთა”, იგი არ დადიოდა, იგიც მიჰქროდა ყოველთვის, – რადგან მეტად იყო მასში ანაკადულებული ღვთიური მზეობა…

მუზა მისი ნარნარი იყო, ნაზი, მსუბუქ-მფრთოვანი, და არ იცოდა მან, თუ რა არის ძალაობა, რადგან ძალზე იყო იგი ფრთაასხმული შთაგონების მრავალ ფეროვანი ალით… და ჰქმნიდა მგოსანი თავისუფალი და აფრთოვანებული ყოველთვის… და თვითონ სიცოცხლე აკაკისა პოეზია იყო ნამდვილი… იგი ცოცხლობდა ყვავილთა სიცოცხლით, რომელთაც არ იციან ფიქრი ჭკნობით დაფერფლისა, – რადგან იციან: "ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა”.

იგი ცოცხლობდა მხიარული ბავშვთა სიცოცლით, რომელთაც არ იციან ფიქრი გაქრობისა პირისაგან ქვეყნისა, – რადგან იციან: "უსაზღვრო ქვეყანათა ზღვის ნაპირას კიდევ შეხვდებიან სათამაშოთ (საკენჭაოდ) ერთი მეორეს”… და ცოცხლობდა მგოსანი ხალისიანი სიცოცხლით, – და იცინოდა იგი ხალასი სიცილით, რომლითაც ძვირად თუ უცინია ვინმეს სამყაროში…

მაგრამ მახვილი მზერა ამ სიცილში რაღაც სხვასაც ამჩნევდა. იქ, საცა მის ბაგეთა მარმარის კუთხეს ღიმილი დაჰქროდა მხიბლავი, იქ ოდნავ შავი სევდის ფრთის ახაზულიც მოსჩანდა. რა იყო იგი? ივერიის ტურფა ასულის სევდის ჩრდილი თუ იყო იგი, – სევდის ჩრდილი, რომელიც მგოსნის მზეობას ასეთი პირქუში ემსახურებოდა?! ჰო! იგი იყო ივერიის ტურფა ასულის სევდის ჩრდილი, მგოსნის ღიმილს ნაღველს რო ურევდა…

და "სევდის ღიმილი” აკაკის ნარნარ ირონიას წარმოშობდა, მქრალ ირონიას რომანტიზმისას: მე კი მხიარული ვარ, მაგრამ ჩემი სიხარულის იქით მწუხრი იფარება ნისლოვანი; მე გამოვთქვი ჩემი შემოქმედი სული, მაგრამ გამოთქმულს იქით უთქმელი და უტყვი იმალება, უფრო ნამდვილი და უფრო უტყუარი, – აი რას ამბობდა იგი, ნარნარ-მახვილი ირონია, მოლურჯო ყვავილის ირონია…

აი აქ იხსნება სათავე აკაკის შემოქმედი ბუნებისა: "სევდიანი ღიმილი”, აი მისი დასაწყისი… მაგრამ გავშალოთ თვითონ ეს ბუნება…
ცხრათვალა წყაროს ქალწულთა შორის მგოსანის გული მხოლოდ ერთმა მუზამ დაატყვევა: ეს იყო ცელქი, ხალისით სავსე, მსუბუქ-ფრთოვანი ქალწული, რომელიც ტურფა მდელოს ამუსიკებული კისკისით ევლინება. და აკაკიც, იმა ქალწულით მოჯადოებული, პოეტურ სიტყვას მუსიკალურ ნაკადულით ათამაშებდა…

მე თვითონ მქონდა შემთხვევა გულისხმად მეღო მისი შთაგონების წამი: სასტუმროში, ჩემს გვერდით, მომესმა ერთხელ აკაკის სიმღერის მსგავსი მეტყველება, რომელშიაც ნამდვილს სიტყვას ვერ გამოარკვევდით: ეს იყო თითქო ღიღინი, უსიტყვო სიმღერა.

შემდგომ შევიტყვე, რომ ეს ჩვეული წამია აკაკის შემოქმედებისა: ჯერ მუსიკალი – გულ-ნება, როგორც შილლერი ამბობდა, და შემდგომ – "პოეტური იდეა”. აკაკი სავსე იყო შთაგონების ალ-ნაკადულით, და როგორც გადმოგვცემენ – ხშირად უნდა ამდგარიყო იგი ღამით, ვით მთვარეული, და შემოქმედებით "დაეცალა” იგი ნაკადული… და მართლაც: აკაკის ბუნება უფრო შეუცნობელია ვიდრე შეცნობილი, უფრო სტიქიური, ვიდრე გამიზნული… მის სამხატვრო პროცესში თავისთავად ხდება ყოველი: თითქოს პოეტი თვალახვეული იყოს და მისი ხელით უხილავი მუზა სწერდეს; თითქო ძილში ჰქმნიდეს იგი სახეთა და ფერადებს, თითქო სიზმარით ხსნიდეს იგი ზრახვათა ნისლოვან გუნდს…

აკაკი თვითონ ბუნებაა, მაგრამ არა პირქუში და მწყრალი, ძალადი და უტეხი, არამედ მსუბუქი და მქროლავი, მჩქეფი და ცქრიალა…

ურიცხვ მაგალითებიდან მხოლოდ ერთი ნიმუში:
ყანაო, მუშის სამოთხე, გლეხის დიდებავ ყანაო!
ცისკრის სხივებმა შეგმოსეს და ნამმა გადაგბანაო;
დაგქროლა დილის ნიავმა, ალერსით გითხრა ნანაო;
ჟუჟუნა წვიმამ ზედ დაგკრა ზურმუხტად აგამწვანაო…

აი სწორედ ეს დილის ნიავია აკაკის მუზა, რომელიც მშვენიერების ჯეჯილს დაჰქროლის და აზურმუხტებულს დამღერის ტკბილხმოვან ნანას… დიახ, აკაკი მსუბუქია, თითქმის მჩატეც, – მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ, ნიცშეს სიტყვით, "ყოველი ღვთიური მსუბუქი ნაბიჯით მიჰქროლავს”… და დააკვირდით: მოყვანილს ლექსში ალლიტერაციით ყანის ხმაური გაისმის თვითონ: ყანა, ნანა, ნიავი, ნამმა, გადაგბანა, ჟუჟუნა, აგამწვანა.

აქ "ნარის” ათამაშება ნიავის გადარბენას იწვევს ყანაში. კიდევ უფრო ძიერია მეორე მისი ლექსი – "გავლესოთ ძმებო ნამგალი”. აქ ყოველის სიტყვა სიმღერაში გადადის და ყოველი ნაკვთი ცეკვას უხმობს: ასე ძლიერია სიტყვის მაგია პოეტისა… ძლიერია იგი ბუნების საგალობელშიც:

ვითა ეთერი მზეთ-უნახავი საყვარლის
მლოდე თრთის და კანკალებს,
სახეს ვარდისფრად იღებავს
გრძნობით და იელვარებს სურვილით თვალებს, -
ისე განთიადს ცისკრის ვარსკვლავი
ლაჟვარდ ცაზედა კაშკაშით თრთოდა,
და ფერმიხდილი, ნათელ ძლიერი,
მზისა ამოსვლას ეშხით შესტრფოდა…
თითქო ქვეყანაც, მით მოხიბლული,
გამსჭვალულიყო მინის თანგრძნობით
და უგალობდა ციურ მანანას
საიდუმლო და უცნაურ გზნობით…
სუნნელთა მფენი დილის ნიავი,
ბალახთ ბიბინი, ფოთოლთ შრიალი,
ბანსა აძლევდნენ მათ ძალთა ძალი…
ციურის ნიჭით მისაღებელად ვარდმა კოკობმა თავი დახარა;
ცრემლად დაეცა გულზე მანანა, ააალფერა და გაახარა…
თურმე ბულბულიც ამას უცდიდა:
თავისებურად იწყო მან სტვენა,
თითქო უნდოდა მით მოეტანა,
ცოდვილ ქვეყნისთვის კურთხევა ზენა…
(ნაწყვეტი "თორნიკე ერისთავიდან”)

ეს ლექსი კი არა, მთელი საგალობელია, ბუნების ჰიმნი. საკვირველია აქ ერთი ხაზის მოსმა, რომელიც კოსმიურს საიდუმლოს გვამცნევს: მზე ვაჟი არის, ცეცხლეული ვაჟი და ცისკარი კი ქალი, ლოდინით მთრთოლვარე. აღსანიშნავია ტეხნიკური ხერხიც: აქ უსულო და უსიტყვო სულიერსა და სიტყვიერს ედარება: ნაზი ცისკარი მზეთუნახავ ეთერს (- : ახალი პოეზიის საშუალების წინადგრძნობა)…

სახეს ვარდისფერ გრძნობით იღებავს ეთერი – ცისკარი და თვალებს სურვილით იელვარებს, რომ ეშხით დამთვრალი შეხვდეს მოტრფიალე გულგადაშლილი ტყვემქნელ სატრფოს, ცეცხლეულ ვაჟს, მზეს… ეს არის მთავარი პასსაჟი: დანარჩენი მხოლოდ შეხმატკბილებაა ფერთა და ხმათა სიმფონიის გასაშლელად, საცა ბუნების ფერხული და მაყრიონი გაისმის, გიჟი, მათრობელი, ცოდვის ასაკვეთი…


ასეთია აკაკის პოეტური ბუნება… გავყვეთ ქვევით!

აკაკი პუშკინს გვაგონებს… ვ. სოლოვიოვი ამბობს: შესაძლოა დანტე, გიოტე და სხვა პუშკინზე უფრო დიდი მგოსნები იყვნენ, მაგრამ პუშკინი ყველაზე უფრო პოეტურია. რად? ამას დიმ. მერეჟკოვსკი უპასუხებს: "მაღალი საფეხური კულტურისა შესაძლოა სახიფათო გახდეს პოეტურ გრძნობათა წყაროსათვის: იგი გვაშორებს იმ ღამურს, შეუცნობელსა და უნებურს, რომელშიაც გაღრმავებულნია და რითაც საზრდოობენ ფესვნი ყოვლის შემოქმედებისა. მუზებს დილის ბინდი უფრო უყვართ, უდარაჯებენ ხალხთა პირველ გაღვიძებას შეცნობილი ცხოვრებისათვის. დიდი ხელოვნების საქნარისათვის საჭიროა ერთგვარი სიცინცხლე და პირვანდელობა, სიყმაწვილე, თითქმის სიბავშვე ხალხური გენიისა”…

მართალი სიტყვაა, მხოლოდ რამოდენიმეთ: ჰომეროსის ფენომენი ამ სიტყვას ადასტურებს… სწორედ დილის ბინდში იყო ხვეული რუსთა გენია, როცა იგი პუშკინით იბადებოდა, რუსთა სიტყვა პუშკინით იხსნება, რუსეთის ლიტერატურის სათავე პუშკინია, ტოლსტოი და დოსტოევსკი პუშკინის მემკვიდრენი არიან, თვით მოდერნისტული პოეზიაც რუსეთისა პუშკინის გაშლაა. რუსის ქმნამ პეტრე დიდი გამონახა, რუსის თქმამ პუშკინი: პუშკინის სიტყვა პასუხია პეტრე დიდის საქმისა (მერეჟკოვსკი)…


აკაკის მგოსნური ბუნება პუშკინისას მოგვაგონებს: აკაკიც მქმნელია ქართული სიტყვის; აკაკიც ცინცხალია და პირველყოფილი…

მაგრამ აქ თავდება მზგავსება და იწყება სხვაობა… ამ სხვაობის სათავე ისტორიაში უნდა ვეძიოთ… ყოველი ერი – შემოქმედი იდეაა, რომელიც სხეულდება: ვითარდება, სრულდება, ისტორიას განიცდის. ამ პროცესში იგი თვალს იხსნის, ცნობას აღწევს, ენას იდგამს, მეტყველებს, ნებას აფოლადებს. ეს არის ერის პირველი დაბადება.

გარნა, შესაძლოა მისი მეორე დაბადებაც… ისტორიის გზა უცნაური ხვეულია: შესაძლოა ერმა, სხვა და სხვა მიზეზთა გამო კიდეც მიიძინოს: ამ დროს მას თვალი ებინდება, ცნობა ეკარგება, ენა უჩლუნგდება, ნება უნელდება… გადის დრო და ხანგრძლივი ძილის შემდგომ ერი იღვიძებს: თავს ისევ ცნობს, ენას ისევ ამეტყველებს, თვალს ისევ ახელს, ნებას ისევ აფოლადებს… ეს არის მეორე დაბადება…

ამ ორი სახის დაბადებას შეუძლიან ახსნას სხვაობა პუშკინისა და აკაკისა: პუშკინი რუსობის პირველი დაბადების შვილია; აკაკი – ქართველობის ხელმეორედ შობიერებისა;
პუშკინი მაშინ მოევლინა რუსეთს, როცა რუსეთის სიცოცხლემ დილის რიჟრაჟს მიაღწია; აკაკი საქართველოში იშვა მაშინ, როცა ქართველობა საღამოს ბინდით იყო მოცული;
რუსის სულს პუშკინამდე მზე ჯერ არ უნახავს, – მხოლოდ ჰგრძნობს კი, რომ უთუოდ ამოვა ცეცხლეული, – პუშკინით ხვდება მის ვარვარა ბორბალის ამოსვლას; ქართველთა სულს აკაკიმდე მზე კიდეც უხილავს, – ხოლო აკაკის დროს იგი ჩასულა, და აკაკის სევდით ელოდება მხიარულს ამოსვლას.


პუშკინი პირველი სიტყვაა ახლად გამოსული ხალხისა; აკაკი მეორე სიტყვაა შემდეგ გაღვიძებული ხალხისა;
პუშკინი სიხარულით უხსნის გულს აწმყოს; აკაკი სევდით გასცქერის წარსულსა;
პუშკინის ჩანგი შვება-ლხენაა; აკაკის ჰანგი ნაღველი და კაეშანი; – პუშკინი მღერის და ლხინობს; აკაკი მოსთქვამს და სტირის; – პუშკინის მუზა ლაღობს, ნავარდობს, მრავალფეროვანია; აკაკის მუზას ღიმილის დროს სევდა ეკვრება, ნაღვლობს, ერთფეროვანია. პუშკინი გრძნობს რუსეთს, როგორც მთელს თავის ინდივიდუალს არსში და ხელოვნებაც მისი გენიალურ იშლება, აკაკი თავის არსში ქალრთველობის ნატეხს გრძობს და მისი ხელოვნებაც დატეხილია: ვერ იშლება გენიალურად სავსებით; (ეს დებულება ფართოდ გახსნილია ჩემს წერილში "ერის სული და შემოქმედება”).


პუშკინის ბუნებაში შეცნობილი და შეუცნობელი ჰარმონიულ შესხეულებულ არიან; აკაკის ბუნებაში შეუცნობელი სჭარბობს შეცნობილსა და ჰარმონია ირღვევა…
და თავის თავად ცხადია, რომ პუშკინი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე აკაკი. აკაკის შეეძლო, მაგრამ არ იქმნა. თუ რატომ – ამას ნათელჰყოფს შემდეგი პარალელი: რუსთაველი და აკაკი…

ქართველობის ნამდვილი დაბადება მეთორმეტე საუკუნეში მოხდა. ქართველთა ენტელეხიის (შემოქმედი ფორმა – ძალის) სხეულება რუსთაველია; რუსთაველმა თავისი ნიჭით ქართველთა გენია განასხეულა. ერის სულის ენტელეხია უპირველეს ყოვლისა სიტყვაში ხმაურდება; – და რუსთაველი ქართული სიტყვის სწორუპოვარი შემოქმედია…

ადამიანის ტანჯვას სხვათა შორის ისიც შეადგენს, რომ მისი შინა-განცდა ვერ ჰპოულობს შესაფერ გარე-სახეს: ფორმა ძვირად "ეთვისება” შინაარსს. იდეა სახეს თხოულობს, ეძიებს მას, – მაგრამ, ნახავს თუ არა იდეას, აღარ მოსწონს იგი; მასში, ვით მრუდე სარკეში, მახინჯად ეჩვენება თავის თავი. – და ამსხვრევს იგი იმა სარკეს და ეძიებს იგი ახალს სახეს… ღმერთი ხშირად სახიერდება, მაგრამ ხშირადვე სახე მისი კერპად იქცევა, – აი ნამდვილი ტანჯვა მსოფლიო სიცოცხლისა. ნამდვილი შემოქმედი არის ის, ვინც შინაარსს ჭეშმარიტად ასახიერებს, ვინც იდეას ნამდვილ სახეს უპოვის…

ამ მხრივ რუსთაველი უდარო ხელოვანია: მის აზრს სწორედ თავისი სიტყვა მოუნახავს; მისი სიტყვა სწორედ თავის ხორცში ჩამოსხმულა. ქმნათა სრულობა და ასრულებულის მთლიანობა რუსთაველისა პირდაპირ ღვთიურია: "ხელთაგან მისთა ყოველი მშვენიერი გამოდის, ვით ხელთაგან შემოქმედისა”… რუსთაველი – პოტენციაა ქართველთა სულიერი კულტურისა: მასში მოქცეულია ქართველთა სულიერი კულტურისა: მასში მოქცეულია ქართველთა გენიის შესაძლო ცხადება…

ასეთია რუთაველი – მზიური ყვავილი ქართველობისა… თუ მეთორმეტე საუკუნე ქართველთათვის ყვავილთა ყვავილობის ხანაა, მეცხრამეტე საუკუნე აღორძინების ტანჯვით სავსე ცდას წამროადგენს. (ქართველთ სულიერი ტრადიციის გაწყვეტა საშუალო საუკუნეებში მძიმე და მეტად მნიშვნელოვან საგანს შეადგენს ქართულის კულტურის კვლევისას). ამ ხანაში ქართველობა თვალს ახელს, მაგრამ ჯერ კიდევ ბინდი ვერ მოუშორებია; აღწევს თვითცნობას, მაგრამ სავსებით თავი ვერ შეუცვნია; ენას იდგამს, მაგრამ სიტყვა ცეცხლით ვერ გაუხსნია; ნებას ამახვილებს, მაგრამ სრულებით ვერ უფოლადებია…

და მთავარი: საქართველო, როგორც ერთი მთლიანი მთელი; როგორც ცოცხალი არსი, არ არსებობს: მის ადგილას ნამტვრევები ხმაურობენ მხოლოდ… აკაკი ამ ტრაგედიის ერთ-ერთი მახასიათებელია, შეუცნობელი მასახიერებელი… იგი შეუცნობელ გრძობს, რომ საქართველოს სულის სხეული დამსხვრეულია, – და ცდილობს შეუცნობელ მის ფერფლისაგან მისი ლანდი წარმოშობოს… და ლანდი იგი საქართველოს სული ვით ლურჯი ფრინველი მოფრინდება კიდეც… და აკაკიც ეტრფის მას მუდამ ჟამს… ლანდი იგი – ივერიის მწვანე მდელოთა ასული – სხვა და სხვა ფრთებით ევლინება მას: ნინო, ქეთევან, თამარ…

ეს ლანდი ზღაპარია, ან ლეგენდა, – მაგრამ მგოსნისათვის უნამდვილესი, ვიდრე წვრილმანი და ფხიზელი დღევანდელობა… დააკვირდით: იმ დროს, როცა პოეტის არსში ცოცხალი სული უნდა იხსნებოდეს სტიქიურ-გამარჯვებული, იმ დროს ჩვენი პოეტი მშობლის დაფერფლილის სხეულისაგან იწვევს ლანდს მისი სულისას… რა დაემართებოდა მას? რასაკვირველია, მისი ხელოვანი მარჯვენა ვერ გამოვიდოდა განსაცდელისაგან სილაღით გამარჯვებული… და მოხდა კიდეც: იმ დროს, როცა ყოველი ჩვენგანი გრძნობს აკაკის გენიის ნატეხობას, მის ქნარში ჩვენ გენიის ნაპერწკალის ციალას თუ ვცნობთ. ეს არის საიდუმლო აკაკის ფენომენისა.

აბა განვიხილოთ და ავხსნათ ეს დებულება, ვიხილოთ ლექსი:

ვიშ ამ საღამოს, მშვიდსა, საამოს,
ტკბილ ნეტარებით შეზავებულსა!
რაც უცნაურად, მაღლით ციურად
სამოთხისაკენ იტაცებს გულსა,
რომ საიმედო სასიქადულო
კაცსაც ბუნების, შეატყობინოს,
და სადაც ჭკუა სცდება და სტყუა,
იქ მარტო მხოლოდ გულს აგრძნობინოს…
აჰა ვგრძნობ მეცა, რომ არის ზეცა,
ავსილი რაღაც ძალთა საგზნობით, -
და ეს ქვეყანა ყოვლგნით ყველგანა
თავს უხრის შემქმნელს მადლით საგრძნობით…
დახეთ ამ მთვარეს, სხივ მომფინარეს,
თითქო ტკბილს სევდით ივსებსო გულსა!
მოკაშკაშენი, მოჭიკჭიკენი,
ვარსკვლავნი ირგვლივ აბმენ ფერხულსა…
ძალთა დიდება, შექმნათა ქება,
არს საიდუმლო მათი სიმღერა;
ქვეყნით ბუნება ბანს ეუბნება,
და ეს ბანია ქებათა ქება…
ყვავილთა ენა არს სურნელთ ფშვენა,
საგალობელად აღმა-კმეული;
წყალთა ჩქრიალი ფოთოლთ შრიალი,
ბალახთ ბიბინი რაღაც გრძნეული.
ბუნების მაყრულს, საქორწინოდ სრულს,
ეკავშირება, ზე ემატება, -
და ახლაც მეც ვგრძნობ, საიდუმლოთ
რომ არის კაცში ღვთისა ხატება…

აი, მართლაც მაყრული ბუნებისა, ნამდვილი ქორწილის ლხინი ბუნებისა, იქ საცა ჭკუა სცდება და სტყუა, იქ პოეტის გული გრძობს ზეცის იდუმალობას. აღსანიშნავია ერთი რამ: აქაც აკაკი წინამორბედია ახლის პოეზიისა: "ვარსკვლავნი მოჭიკჭიკენი” – ეს ხომ პირდაპირ მოდერნისტული სახეობაა! და მერე: არც თუ მღერიან, ცეკვავენ კიდეც – "აბმენ ფერხულსა”… ან კიდევ: ყვავილთა ენა სუნნელთ ფშვენაა, საგალობელად აღმაკმეული, – ესეც ხომ ახალი ხაზმოსმაა უტყუარი! და ასე – ამრიგათ მთელი ბუნება შესტრფის ღვთიურობის სხეულების სამყაროში, – აი პოეტის ინტუიცია… და ასახვა შესაძლო სხეულებისა მშვენიერებად იბადება პოეტის შეცნობაში, – აი მისი გრძნობა… მაგრამ ვიკითხოთ: რა არის ის იდუმალი და უცნაური ძალა, რომელიც იტაცებს ხოლმე ადამიანს ამ უსრულო ქვეყნით და ანახვებს მას მის შესაძლო სრულ სახესა? და პოეტი ეკითხება თავის თავს:

რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა
ეს საიდუმლო ციური ძალა?
ადამის ცოდვით მკრთალი ბუნება
ძლევამოსილად გადამიცვალა?..

აი უდიდესი პრობლემა, რომლის სრულებითს გადაჭრას ჯერ კიდევ ელის კაცობრიობა. ხოლო გზა მისი გადაწყვეტისათვის ნაჩვენებია უკევ. ბრძენი პლატონი ასე საზღვრავს სიყვარულს: სიყვარული მშვენიერებაში შვებაა. რა სახითაც უნდა მივიღოთ ეს ბუნდოვანი თქმულება, ერთი რამ უცილობელია: სიყვარული ეტრფის მხოლოდ მშვენიერს და იმართვის წარმოშობოს მშვენიერი. უმზგავსო და უმგვანო მხოლოდ საზიზღარია; შემთხვევითი და წარმავალი მხოლოდ საზარელია. სიყავრული ეტრფის მარტოდ მარტო სრულსა და უკვდავდსა. მაგრამ ეს სოფელი, საცა არა-არის-რა სრული და უკვდავი?! რით აიხსნას სიყვარულის მოვლენა?!

მართალია, ყოველი არსი ამა სოფლისა უსრულო და სასიკვდილოა, მაგრამ თვითონ მსოფლიო არ არის ასეთი: იგი არ არის ერთხელ და სამუდამოდ მოცემული; იგი მუდამ ცვლაში, მუდამ ვითარებაშია, მასში ღვთიურობაა (ლოგოსი). იგი სხეულდება თანდათან და სრულდება კიდეც… ხოლო ის უცნაური ძალი, რომელიც უფსკრულში სრულს დაინახავს და სასიკვდილოში უკვდავს, ის ძალი სიყვარულია… და ძალი იგი იმართვის მშვენიერების შობისათვის… მეცხრამეტე საუკუნეში ჰენრიკო იბსენი შეეხო ამ მხრით სიყვარულის მოვლენას… არნოლდს უყვარს ირენა, მაგრამ არა მისი ნამდვილი სახით, უსრულოთი და მომაკვდავით, არამედ იმ სახით, რომელიც მან უნდა მიიღოს, სრულითა და უკვდავით…

არნოლდი მოქანდაკეა და ქვაში ამოჰკვეთს წორედ იგი ამა სასურველ და სალოდნელ სახეს ქალისას და არქმევს მას სიმბოლო სახელს: – "დღე მკვდრეთით აღდგომისა”!.. ახლა ვიკითხოთ, თუ როგორ პასუხს აძლევს ჩვენი მგოსანი ამ საკითხს? სწორედ ისეთს, როგორიც პლატონმა ანიშნა და იბსენმა განმარტა. აბა დაუგდეთ ყური!

ჰო, სიყვარულო! ცისა და ქვეყნის
კავშირო და თან შუამავალო!
ჰო, რომლის ერთ წამს, იმ სანეტაროს,
მზა ვარ რაიცა მთლად ვანაცვალო!
შენ და მხოლოდ შენ, ციურო ნიჭო,
გამოუთქმელო კაცთა ენითა,
შენგან მგოსანი ფრთებ შესხმული ვარ
და მონავარდე აღმაფრენითა…
რომ მეც გედივით სიკვდილის წინეთ
უცნაურ ხმაზე ჩავიხმატკბილო;
გცხო წმინდა სიმებს ციურ მალამოდ
და ვთქვა გალობა საშვილიშვილო…
და ვერც ხანი ერევა ამ გრძნობას.
შენ მას უგალობ, ვისაც განგებამ
მშვენიერება უსხივცისკარა,
ვინც ვარდს ალფერი, იას სინაზე
და ბულბულს ენა ერთად მოჰპარა.
…………………
როცა ჭაბუკი გამოუცდელი
მას თაყვანს ვცემდი თავდადებულად,
ვხედავდი ნინოს, თამარს, ქეთევანს,
იმათში შენათხზ-შეერთებულად, -
და საამქვეყნოდ გულგრილ მოხუცი
დღესაც თაყვანს ვცემ, როგორც პირველად,
თითქო ჭაბუკი ვიყო მე ეხლა
და ვყოფილიყო მოხუცი ძველად.

განმარტება მეტია! პოეტის გულში სიყვარულის ცეცხლი მხოლოდ მშვენიერებით იწვის… იგი ასხამს მას ალიან ფრთას და ანავარდებს მას მაღლა ფრენით… იგი ესხმის მის სულის სიმებს ციურ მალამოდ… იგია, მასში რო გედის ყივილს ააყვავილებს… და თუ სატრფო დაიკარგა, მაშინ პოეტი ეძებს მის საფლავს ყველგან, საცა კი მშვენიერებაა დამარხული… "სულიკო”… პოეტი დაეძებს საყვარლის საფლავს და სჩივის გულამოსკვნილი: "სადა ხარ, ჩემო სულიკო”!.. იგი ხვდება ვარდს, ეკალნარში ამოსულს, – და შეკითხვის წამს ვარდი შეირხევა თანხმობის ნიშნად და დაჰყრის ცრემლებად ცვარსა ციურსა…

იგი ნახულობს სულგანაბულ ბულბულს, ფოთლებში მიმალულს, – და პოეტის გულის შეკითხვას ბულბული კვნესა-სტვენით "დიახ-დიახ”-ს შეჰყეფავს. იგი მზერს მაღლა ვარსკვლავს, ლურჯა ცის ფსკერზე მოციალეს, – და ვარსკვლავიც დასტურს აძლევს ალერსიანი ციმციმით… და ნიავი კი, ცელქი და კეკლუცი, ჩურჩულით ახარებს მას: "ეგ არის რასაც ეძებდიო”…

ყველგან, საცა კი მშვენიერებაა მიმალული, საფლავი საყვარლის… პოეტი თხრის ამ საფლავს და აღადგენს მთვარეულს ლანდს მშვენიერებისას… იგი იშლებს ეკალნარში, ვით გულ-წითელა ყლორტი ვარდისა; იგი ხმაურდება ფოთლებში, ვით გულასკვნილი სტვენა ბულბულისა; იგი კიაფობს ლურჯა ცის სივრცეში, ვით ციალა ალმასის თვალი ვარსკვლავისა…
სიყვარული ყოველია… და დაჰმღერს პოეტი:

თვალ-აბმული, თბილ ოთახში
გალიაში ზის ბულბული,
მოხიბლულა და ჰგონია
ზამთარშიაც გაზაფხული…
წალკოტს ხედავს აყვავებულს,
ვარდებს კოკრად გადაშლილსა;
"იავ-ნანას”, "ვარდო-ნანას”
ჩვეულებითს უმღერს ტკბილსა…
ტანში უვლის ჟრუანტელი,
იქანცება, იწვის დნება…
და ცხადზედაც უტკბესია
მატყუარი ის ოცნება…
ჰიპნოტიურ, ცბიერ ძალით
კრულია და გამსჭვალული…
ხედავს სატრფოს სხივ მოსილსა
ქვეყნის დარად, ზეცის სწორად;
შეჰყურებს და ემატება
სიჭაბუკე ერთიორად…
გულს ჩანგურად აკოპიტებს,
ზე გაუბამს სულის ძაფებს,
და გედივით სიკვდილის წინ
ერთხელ კიდევ შემოსძახებს:
შენ გეტრფოდი, შენვე გეტრფი,
საიმედო ჩემს საფიცარს!
და მხოლოდ შენ ახატიხარ
ამ ჩემს წმინდა გულის ფიცარს…

და ის გული, ჩანგურად გაკოპიტებული, რომელზედაც ტრფიალის ნარნარი სიმნია გადაჭიმულნი, ის გული – ჩანგური ერთად-ერთი მესაიდუმლეა პოეტისა… იგი არაოდეს არ დასტოვებს მას: არც ლხინში და არც ჭირში, არც შვებაში და არც ვაებაში… პოეტი თავის სულის ობლობას ჩანგურით ახმაურებს ხოლმე – და აღარ არის იგი ობოლი:

ჩანგურო, ჩემო ჩანგურო,
ოცნების ზღვაში მცურავო!
შენი კრინ-მანჭი წკრიალი
ხელახლა მომეწყურაო…
ჯორა გაქვს ია-ვარდისა,
სიმი ბულბულის ენაო,
ფრთები არწივის გასხია,
შეგშვენის აღმა ფრენაო…
მიმოფრენ, მეც თან დაგყავარ,
წამის-წამს, კიდის კიდესო:
ვეღარ მერევა სიკვდილი
მე შენსა გადამკიდესო…
დიდება შენსა მოვლენას,
ციურო, ტკბილო ძალაო;<

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1351 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები