პარასკევი, 29.03.2024, 01:53
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 12 » ზურა ყიფშიძე – ინტერვიუ.
20:21
ზურა ყიფშიძე – ინტერვიუ.

ზურა ყიფშიძე.


მსახიობი ზურა ყიფშიძე იმ ადამიანებს მიეკუთვნება, ვინც დაბადებიდან თეატრში გაიზარდა, ვის თვალწინაც განვითარდა მრავალი საინტერესო თეატრალური პროცესი.

- არ მახსენდება უფრო დიდი კრიზისი თეატრში, როგორც დღეს. ეჭვი მეპარება სარეპერტუარო თეატრის არსებობაში. საშინელი ფრაზაა, – დავანგრიოთ ყველაფერი და ახალი ავაშენოთ. რატომ? ფასეულობების გადაფასება არ გულისხმობს ფორმის დაკარგვას. როდემდე უნდა გვქონდეს მიმავალი მოწაფის განცდა?! კულტურის დრო ჯერ არ არის – ხშირად მოისმენთ. როგორც არ უნდა განვითარდეს სარეპერტუარო თეატრი, თუ სახელმწიფომ არ მისცა შესაბამისი დაფინანსება, ის დიდხანს ვერ იარსებებს.

მსახიობი განსაკუთრებით მწვავედ აყენებს სარეჟისორო და სამსახიობო სკოლების არსებობის საკითხს, რაც საფუძველთა საფუძველია თეატრალური ხელოვნების განვითარებისათვის.

- ჩვენს ქვეყანაში პრობლემები, როგორც ყველა სფეროში, თეატრშიც არსებობს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მწვავედ დგას სამსახიობო სკოლის არსებობისა და განვითარების საკითხი. სამწუხაროდ, აღარ იზრდებიან ოსტატები, რაც საგრძნობი გახდა დღევანდელ თეატრში. მიხეილ თუმანიშვილი გიორგი ტოვსტონოგოვის მოწაფე და მისი გზის გამგრძელებელი გახლდათ. მან აღზარდა ძალიან ბევრი საინტერესო მსახიობი. დღეს უკვე აღარ ჩანს მისი გზის გამგრძელებელი. პედაგოგად ქცევას განსაკუთრებული ნიჭი და უნარი სჭირდება. ის უნდა იყოს შინაგანად ძალიან მოწესრიგებული, მრავალმხრივ განათლებული ადამიანი. შეგირდის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხი მზად უნდა ჰქონდეს. რეჟისორს გაცილებით მეტი ცოდნა მოეთხოვება, ვიდრე მსახიობს. ამიტომ, საკუთარ თავზე ასეთი დიდი პასუხისმგებლობის აღებას მარტივად არ შემიძლია შევხედო. მუდამ ვთვლიდი, რომ უნიჭო პედაგოგი ვიქნებოდი, თუმცა ერთხელ მქონდა მცდელობა, ბატონი მიშას მრავალგზის თხოვნის შემდეგ. მოწაფეებს კვირაში ერთხელ უნდა შევხვედროდი და ჩეხოვის სავარჯიშოებით მემუშავა მათთან. მოწაფეებთან შეხვედრამდე ორი კოლოფი სიგარეტი მოვწიე, ძალიან ვღელავდი. კარგი შეხვედრა გამოვიდა, გახარებული ვიყავი. გამომშვიდობებისას მათ ვთხოვე შემდეგ შეხვედრაზე შავი რეიტუზები ჩაეცვათ. ერთი ვერელი ბიჭი ძალიან შეურაცხოფილი დარჩა ჩემი წინადადებით და ეს გამოხატა კიდეც, რაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის. იმ დღეს დაიწყო და დამთავრდა ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა. სამწუხაროდ, ჩვენთან ისეთი ტენდენციაა, რომ არშემდგარი, თეატრზე განაწყენებული, გაღიზიანებული მსახიობები იწყებენ სხვის სწავლებას. შეუძლებელია ამ დროს ჯანმრთელ პროცესზე ვისაუბროთ. როცა სამსახიობო სკოლის შესუსტებაზე ვსაუბრობთ, აქვე იგულისხმება სარეჟისორო სკოლის პრობლემები. ჩემი აზრით, კარგია რემონტიანი კეთილმოწყობილი თეატრები, შეუფასებელია იმ ადამიანის სიკეთე, ვინც ამხელა ქველმოქმედება გაიღო, მაგრამ უნდა გამოჩნდნენ ის ადამიანებიც, ვინც იმ პრობლემის გადაჭრაზეც იზრუნებს, რაზეც ვისაუბრე და რაზეც დამოკიდებულია თეატრის არსებობის საკითხი.

ზურა ყიფშიძის სცენაზე გამოჩენა ყველა დროში, ყველა თაობისათვის დღესასწაული იყო და არის, მაგრამ დღეს მისი შემოქმედებითი პოტენციალი არ არის რეალიზებული. ბოლოს სპექტაკლში "ემიგრანტები” ითამაშა. ეს გადაწყვეტილება ათონელის თეატრში შექმნილმა არაჩვეულებრივმა გარემომ მიაღებინა. ის გაოცებულია თეატრის დამფუძნებლის რეზო სალუქვაძის დამოკიდებულებით, თავისუფლების ხარისხით სადადგმო ჯგუფების მიმართ. ეს ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი პარადოქსია. როგორც აღვნიშნე, ზურა ყიფშიძე ხშირად არ გვანებივრებს ახალი როლებით, რის მიზეზსაც საკუთარ თავში ხედავს:

- რთული კაცი ვარ. ახლგაზრდა რეჟისორთან ვმუშაობდი. რაღაც ვერ გავიგე როლთან დაკავშირებით და ვკითხე. ჩემდა გასაოცრად მითხრა, რომ აზრზე არ ვარ და მაყურებელი რაც უფრო ნაკლებს მიხვდება, უკეთესიაო. წარმოიდგინეთ იმ რეჟისორის დამოკიდებულება არა მარტო მაყურებლის, შენს მიმართაც. ამან გამაგიჟა. მაყურებელს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მე ხომ ვთამაშობ იმისათვის, რომ მან დაინახოს, ამოხსნას და თუ მზად არ ვარ, არ მაქვს უფლება სცენაზე გამოვიდე. დღეს არსებობენ თატრები, რომლებიც ხაჭაპურებივით აცხობენ სპექტაკლებს. მე მათთან და მათი რიტმით ვერ ვიმუშავებ, თატრში კომპრომისზე არასოდეს წავსულვარ, რასაც კინოზე ვერ ვიტყვი. ბატონი მიშას შემდეგ სიამოვნებით ვიმუშავე მისივე მოწაფესთან – თემურ ჩხეიძესთან. მაგრამ ეს სიამოვნება ხშირად არ გვაქვს…

- ზურა, თქვენს ოჯახში სამი თაობის მსახიობია. ალბათ, თეატრში თაობათა ცვლის პროცესი ერთხელ უკვე მტკივნეულად შეგეხოთ.

- თაობათა ცვლა უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, მაგრამ როგორ შეიძლება თეატრიდან მოხსნა თაობა, რომელმაც ამდენი გააკეთა და წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნით, გამოცდილებით ახლებისთვის ერთგვარი შუქურაა. ეს პროცესი აუცილებლად ეტაპობრივად უნდა წარიმართოს, სხვანაირად კარგ შედეგს ვერ მივიღებთ.

ამ თემას მოგვიანებით მესამე თაობის ყიფშიძესთანაც შევეხეთ და, როგორც ჩანს, გიორგიმ არანაკლებ მტკივნეულად განიცადა ეს საკითხი.

- ლენა ძალიან განიცდიდა, რომ ბოლო წლებში არ იყო სპექაკლებში დაკავებული, მაშინ როცა ჯერ კიდევ დიდი ენერგია ჰქონდა. თეატრიდან წამოსვლის შემდეგ გახდა და ავადმყოფობა დაიწყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უთეატრობამ მოკლა. დროზე ადრე მსახიობის თეატრიდან გაშვება მკვლელობაა. არც ერთ მსახიობს არ უნდა მაყურებელს უსუსური და გატეხილი დაამახსოვრდეს. ის, როცა იგრძნობს ამის საჭიროებას, თვითონ წავა. ახალგაზრდების დაოსტატებისთვის, თუნდაც თეატრში მუშაობის ეთიკის შესწავლისთვის, წინა თაობების არსებობა აუცილებელია. ბედნიერია ახალგაზრდა მსახიობი, რომელსაც თეატრში კახი კავსაძე, ნოდარ მგალობლიშვილი, ზურა ყიფშიძე ხვდება და მათთან მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა.

გიორგი ყიფშიძე: "დღეს ნიჭიერი ადამიანები უარყოფილნი არიან”

კინომსახიობთა და რუსთაველის თეატრის მსახიობი გიორგი ყიფშიძე მთავრობიდან წყალობას არ ელოდება. "დაცული არ ვარ, როგორც მსახიობი კი არა, როგორც ადამიანი”, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა მისთვის კარგი მაყურებელია.

- დღეს ძალიან ვიწრო წრე დარჩა, ვისი კრიტიკაც, აზრიც ფასეულია. როცა თავად მაყურებლის როლში ვარ, ვაკვირდები მათ რეაქციას, ზოგჯერ ძალიან არაადეკვატურია მათი ტაში, ისიც შემინიშნავს, როგორ უყურებენ ერთმანეთს და ამის შემდეგ იცინიან ან პირიქით. ძალიან ძნელია, როცა მაყურებელსა და სცენას შორის სინთეზი დარღვეულია. არ ვიცი რატომ დაიკარგა ეს კულტურა.

მე თეატრში გავიზარდე და მახსოვს სპექტაკლზე წასვლა რიტუალი იყო. ისინი საგანგებოდ ემზადებოდნენ ამისათვის. სპექტაკლის დასრულების შემდეგ მსახიობებს ხვდებოდნენ, ერთად არჩევდნენ, სვამდნენ. ინტიმი იყო მათ შორის. თეატრის მსახიობისთვის ეს აუცილებელია, რადგან მას მაყურებლისგან მიღბული მუხტი დიდ ენერგიას აძლევს.

პრობლემა სკოლების არსებობისა და განვითარების შესახებ მესამე თაობის მსახიობსაც აწუხებს, რადგან არტისტის პროფესია არ არის ინდივიდუალური ხელოვნება, სადაც დამოუკიდებლად შექმნი ნაწარმოებს. კარგი რეჟისორისა და პარტნიორის გარეშე თავადაც უფუნქციო ხდები.

- დღეს, სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი არიან, ვინც ასწავლის ხელობას. თანაც დღევანდელი დირექციიდან სხვა მოთხოვნა წამოვიდა. უწინ სპექტაკლზე მუშაობის ხანგრძლივი პროცესი იყო. დღეს მცირე დროში გთხოვენ პრემიერის გამოშვებას. მიზეზად ევროპული თეატრების რიტმი მოჰყავთ. ალბათ უკეთესია ევროპას სხვა საკითხებში მივბაძოთ.

მამა-ყიფშიძის ქვეყნისადმი ერთგულება შვილსაც გადაედო და მიუხედავად რთული სოციალური პირობებისა, "აქედან წასვლა ვერ შევძელი, თუმცა გაბრაზებულ ზურას უთქვამს – წადი აქედან, მაგრამ მისგან გადმომედო ქართული თეატრის ერთგულება. შეიძლება დროებით წავიდე, მაგრამ მუდმივად არ შემიძლია.”

- ზურა, როცა გიორგის აქედან წასვლა ურჩიეთ, გულწრფელი იყავით? თქვენ ამაზე არ საუბრობთ, მაგრამ ცნობილია, რომ არაერთ მიწვევაზე გითქვამთ უარი. ხომ არ ნანობთ?

- ვთვლი, რომ ადამიანი იქ უნდა ცხოვრობდეს, სადაც მისი სამშობლოა. სულ მქონდა იმედი და ამის გამო არ წავედი აქედან, არც ვნანობ. გიორგისგან, როგორც მსახიობისაგან არაფერს ველოდი, მაგრამ მერკუციო რომ ითამაშა, მივხვდი, რაღაც გამოვიდოდა. ის ჯერ ვერ ხვდება დრო რა სწრაფად მიდის, მე უკვე ვიცი და ზოგჯერ მითქვამს – წადი აქედან. მაგრამ ალბათ იმიტომ, ვიცი არ წავა.

როგორც ვხედავთ, ჩვენს ქვეყანაში ქართული თეატრის მდგომარეობა სერიოზულ Seswavlas, დაფიქრებას, განსჯასა და მოქმედებას მოითხოვს. თეატრი არ არის ქარხანა, რომელსაც უცხოელი ინვესტორი აგვიმუშავებს, არც სასტუმრო, რომ შენობის განახლებამ განსაზღვროს მისი წარმატება. თეატრში მიმდინარე პროცესები უწყვეტად უნდა მიედინებოდეს, სხვანაირად ყველაფერი დაიკარგება.

ზურა ყიფშიძე: "თუ არ დამიძახეს რუსეთში სერიალში გადასაღებად, ძალიან მიჭირს ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვა. ამ ქვეყანაში წყნარად და მშვიდად ვერ ვცხოვრობ! თავს იმით ვიმშვიდებ, რომ სხვები უარესად არიან, მაგრამ თქვენ მართალი ბრძანდებით, ასე მუდმივად არ შეიძლება.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1431 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები