ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:10
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
01:12
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, იგივე თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა დაარსდა 1846 წელს თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე, როგორც "ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა". ეს პირველი ბიბლიოთეკა იყო საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის.

ბიბლიოთეკის დაარსებას ქართული საზოგადოების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, რომელმაც 1848 წელს ახლადდაარსებულ საჯარო ბიბლიოთეკას 1842 წელს დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით თბილისში გახსნილი "კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის" ფონდი გადასცა. საჯარო ბიბლიოთეკის დაკომპლექტების საქმე დაევალა მეფისნაცვლის კანცელარიის მოხელეს, გავრილ ტოკარევს და გადაწყდა, რომ ბიბლიოთეკა დაკომპლექტებულიყო წმინდა კავკასიოლოგიური ლიტერატურით. ამ საქმეში მას დიდი დახმარება გაუწია საქართველოში მყოფმა ფრანგმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ.


შენობა .

I კორპუსის ფრაგმენტი

I კორპუსის ფრაგმენტი

საჯარო ბიბლიოთეკის I კორპუსი - ყოფილი სათავადაზნაურო ბანკი ანუ ქართული ბანკი (ლ. გუდიაშვილის ქ. N3) 1913-16 წლებში აშენდა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტით, ფასადის დეკორი ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეების მიერ არის შესრულებული. ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.

მსხვილ ბურჯებზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია, ლ. გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე, როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები ნაგებობის საზეიმო ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც: ვესტბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარბაზის (დღეს სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დენადი ფორმები და სხვ.

ბიბლიოთეკის II კორპუსი, ყოფილი ვოლგა-კამის ბანკის განყოფილება (ლ. გუდიაშვილის ქ. N5), 1915 წელს ააგო არქიტექტორმა გ. კოსიაკოვმა.

ბიბლიოთეკის III კორპუსი, ყოფილი სახელმწიფო ბანკის კანტორა (ლ. გუდიაშვილის ქ. N7), მიხეილ ოჰანჯანოვისა და რ. გოლენიშჩევის პროექტით აშენდა 1910 წელს. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის მოდერნის სტილით ნაგებ საზოგადოებრივ შენობათა შორის.



მოდერნის (არ-ნუვო) სტილზე მეტყველებს ფასადის განაპირას მოქცეული პორტალის მორთულობა - გიგანტური რუსტრირებული კოლონების ფიგურული კაპიტელები, ტალღოვანი ზღუდარის სკულპტურული დეკორი, ტალღოვანი ფრონტონი არწივის ჰორელიეფური გამოსახულებით და სხვ. მოდერნის ნიშნევს ატარებს ინტერიერიც (არქიტექტურული ელემენტების დენადი ფორმები, ვირაჟული გადახურვა).


ისტორია.

1859 წლისათვის საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი შედგებოდა 13.260 ტომისაგან 19 ენაზე. ფონდების გაზრდასთან ერთად კანცელარიის შენობა აღარ აკმაყოფილებდა ბიბლიოთეკის მოთხოვნილებებს და საჭირო გახდა ბიბლიოთეკის შენობის აშენება. 1847 წელს მთავარმართებელმა მიხეილ ვორონცოვმა თხოვნით მიმართა ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, ვახტანგ ორბელიანს, თავისი სახსრებით აეგო საჯარო ბიბლიოთეკისათვის შენობა, რასაც ვახტანგ ორბელიანი დაეთანხმა და 1851 წელს შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა.

1850 წელს მიხაილ ვორონცოვმა ბიბლიოთეკარად მოიწვია მოსკოვში არსებული რუმიანცევის მუზეუმის წამყვანი თანამშრომელი ლუდვიგ დე სან-ტომა, რომელმაც რამდენიმე თვე იმუშავა. შემდეგ ჯამრთელობის გაუარესების გამო მან სამუშაო ადგილი თავის შვილს გადაულოცა, რომელიც 1857 წლამდე ხელმძღვანელობდა ბიბლიოთეკას. 1852 წლის ივნისიდან მიხაილ ვორონცოვის განკარგულებით საცენზურო კომიტეტს დაევალა კავკასიის ფარგლებში დაბეჭდილი ყველა გამოცემის ორი ეგზემპლარი, როგორც სავალდებულო ცალი, გადასცემოდა საჯარო ბიბლიოთეკას.

ვორონცოვის განკარგულებით 1852 წლამდე წიგნით სარგებლობისათვის ბიბლიოთეკა ღია იყო დილის 10 საათიდან 4 საათამდე, 1852 წლიდან კი დღის პირველი საათიდან დაბინდებამდე. 1868 წელს კავკასიის მეფისნაცვლის გამგებლობაში არსებული დაწესებულებების რეორგანიზაციის შედეგად თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა და კავკასიის მუზეუმი მმართველობის ერთ სისტემაში გაერთიანდა და ეწოდა "კავკასიის მუზეუმი და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა".

1869 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის ახალი შენობის მშენებლობა კავკასიის მუზეუმიდან 60-იოდე მეტრის დაშორებით. 1871 წელს ბიბლიოთეკა ახალ შენობაში გადავიდა. კავკასიის მუზეუმის და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ლეგენდარული დირექტორის, გუსტავ რადეს გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკის დაკომპლექტების და, საერთოდ, ფუნქციონირების საქმე აირია.

1913 წლის 3 დეკემბერს ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკად გარდაიქმნა და მთლიანად შეერწყა კავკასიის მუზეუმს. 1914 წელს კავკასიის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობის გამო ბიბლიოთეკა დაიხურა, ფონდები კი ყუთებში ჩაალაგეს და 10 წელი სარდაფებში ინახებოდა.

I სამკითხველ დარბაზი

1923 წლის 30 მაისს სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით დაარსდა საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკისა და 1918 წელს დაარსებული პარლამენტის ბიბლიოთეკის ბაზაზე. ექვემდებარებოდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატს, 1953 წლიდან ახლადშექმნილ კულტურის სამინისტროს, ხოლო 1996 წლიდან საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაშია.

1923 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1926 წლიდან რეგურალურად იღებდა საბჭოთა კავშირის ბეჭდური პროდუქციის აუცილებელ უფასო ეგზემპლარს საბჭოთა კავშირის ყველა ენაზე, 1950 წლიდან მხოლოდ რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ევროპულ ენებზე, 1923 წლიდან რეგულარულად საქართველოს ბეჭდური პროდუქციის აუცილებელ უფასო ეგზემპლარს (2 ერთ.)

1929 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა ყოფილი სათავადაზნაურო ბანკის შენობის ნაწილი (დღეს I კორპ.) 1931 წელს სამკითხველო დარბაზები გაიხსნა მკითხველთათვის. 1937 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა 1880-1927 წლებში მოქმედი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი, რომელმაც შეავსო საჯარო ბიბლიოთეკის ფონდი და გახადა იგი ეროვნული ნაბეჭდი ერთეულის ყველაზე სრულყოფილი კოლექციის მფლობელად.

1939 წელს დასრულდა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდების გენერალური სისტემატური და ანბანური კატალოგების შედგენა.

ბიბლიოთეკა 1957 წლიდან აწარმოებს საერთაშორისო წიგნთგაცვლას. 1953 წელს ბიბლიოთეკას გადაეცა მიმდებარე შენობა (დღეს II კორპუსი), ხოლო 1987 წელს იმავე ქუჩაზე არსებული ყოფილი სააქციო ბანკის შენობა (დღეს III კორპუსი). 1971 წელს დაიწყო ბიბლიოთეკის წიგნთსაცავის კორპუსის მშენებლობა (დამთავრდა 1977 წელს).

1989 წელს ბიბლიოთეკამ შეიძინა პირველი პერსონალური კომპიუტერი, 1990 წლიდან დაიწყო ელექტრონული კატალოგის წარმოება. 2001 წელს შეიქმნა ბიბლიოთეკის ერთიანი კომპიუტერული ქსელი.

1955 წლიდან 1990 წლამდე სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის სახელწოდებით ფუნქციონირებდა. 1990 წელს ეწოდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის სახელი, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულებით გადავიდა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში და ეწოდება "საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა". 2000 წლიდან ბიბლიოთეკა ილია ჭავჭავაძის სახელობისაა.

ბიბლიოთეკაში სხვა და სხვა დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მკვლევარ-ბიბლიოგრაფები და ქართული საბიბლიოთეკო საქმის თვალსაჩინო ორგანიზატორები: გიორგი ბაქრაძე, თამარ მაჭავარიანი, ივანე ციციშვილი, ვიქტორ ბროსე, თამარ კუცია-ღვალაძე, ნიკოლოზ ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ აკერმანი, ალექსანდრა კავკასიძე და სხვანი.

1991 წლიდან საბიბლიოთეკო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFLA ) წევრია.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1350 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები