პარასკევი, 29.03.2024, 10:45
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » წავიკითხოთ ზღაპრები.
20:00
წავიკითხოთ ზღაპრები.

ერთხელ ჩრლზ დიკენსმა თქვა – წითელქუდა ჩემი პირველი სიყვარულია. რომ შემეძლოს მისი ცოლად შერთვა, მართლა ბედნიერი ვიქნებოდიო.

მგონი ჩემი შვილიც მისი კონკურენტი გამოდის, იმიტომ რომ წითელქუდა განსაკუთრებულად უყვარს და ისედაც, რატომღაც ზღაპრებში მდედრობითი სქესის პერსონაჟების შესახებ ყოველთვის კითხულობს: „ლამაზია?" „მომეწონება?" წითელქუდა კი ნამდვილად ლამაზია, მას ხომ წითელი ქუდი ახურავს. და თითქმის ყველა გოგონა, ვისაც წითელ ქუდში ნახავს, ძალიან მოსწონს. 

ზღაპრებს წერდნენ და წერენ ყველა ქვეყნის მწერლები.

და ეს გამოგონილი ისტორიები ბედნიერი დასასრულით, სადაც სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე, ერთნაირად ხიბლავს როგორ დიდებს, ისე პატარებს. იმიტომ რომ ზღაპრებში ჩვეულებრივ ცხოვრებაში წარმოუდგენელი თავგადასავლების მონაწილე ვხდებით, აქ მიუწვდეომელი მისაწვდომი ხდება, არარეალური კი რეალური. 

ზღაპარი – სასწაულია.

ზღაპრების მოსმენის მერე ბავშვები ყველაზე ხშირად ასეთ კითხვებს სვამენ: „ვინ უფრო ძლიერია: „მგელი თუ მონადირე?" „ვინ უფრო ჭკვიანია: ლომი თუ კატა?" – ამ კითხვებში ღრმა აზრი დევს. ჩვენი შვილები ასე იწყებენ ცხოვრების გაგებას.

პაწაწინა გულებში იბადება წითელქუდას, ასლისას, სალამურას, წიქარას, ალადინისა და პატარა პრინცის სიყვარულის დიდი გრძნობა. 

ლინგვისტები თვლიან, რომ ბევრი ზღაპრის დიალოგებში დევს მართლაც რაღაც მაგიური ძალა. პაწაწინა ბავშვებს, რომლებმაც არ იციან ბრძნული სიტყვები, შეუძლიათ მხოლოდ მოჯადოებულად უსმინონ დედის ხმას. ეს ხმა მათ ამშვიდებთ, თავდაჯერებულობას მატებთ.

ამიტომ 1-1,5 წლის ბაიებს ვუმღერით ნანებს, ვუკითხავთ რითმულ ლექსებს და გათვლებს.

ამ პერიოდში პატარასთვის ძალზე მნიშვნელოვანია მშობლიური ენის რიტმიკისა და დედის ტკბილი ხმის მოსმენა. 

2-3 წლის ბავშვებს უნდა წავუკითხოთ ზღაპრები მარტივი სიუჟეტით, გასაგები მოქმედებებით. ამ ზღაპრებს ყოველთვის ბედნიერი დასასრული აქვთ. ჰოდა, ჩვენც ყურადღება გავამახვილოთ გმირების სახელებსა და საგნებზე.

პატარებისთვის გონივრულად შერჩეული ზღაპარი ძალზე სასარგებლოა. ის ბავშს ასწავლის სწორად მეტყველებას, სხვადასხვაგვარ ინტონაციას. ამ ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს გამოთქმით მოყვეს მაგალითად „რწყილი და ჭიანჭველა". 

3 წლის შემდეგ ჩვენი შვილი მზად არის აღიქვას ჯადოსნური ზღაპრები რთული სიუჟეტით, სადაც მკაფიოდ განისაზღვრება „კარგი"და „ცუდი", „კეთილი" და „ბოროტი" პერსონაჟების ხაზები.

დავაკვირდეთ როგორი გმირები მოსწონს პატარას, სწორად ესმის თუ არა მათი საქციელი. თუ „ცუდი" პერსონაჟები აშინებს ბავშვს, შეგვიძლია სიუჟეტი თოჯინებით გავითამაშოთ. ნუ გამოვტოვებთ სევდიან ადგილებს. თანაგრძნობა ხომ სიკეთეს ასწავლის. ზღაპრები კი სწორედ ამაზეა გთვლილი. თუ ბავშვს ერთი რომელიმე ზღაპარი ძალიან შეუყვარდა და გვთხოვს მეასეჯერ მოვუყვეთ, ნუ ვეტყვით ამაზე უარს. ალბათ ჩვენი პატარა ვერ შეძლებს აგვიხსნას რატომ მოსწონს ასე ეს ზღაპარი. ის ამით რაიმე შინაგან პრობლებას წყვეტს: ებრძვის შიშს, უნდა რომ იყოს უშიშარი, გასამხნევებლად გმირის ქცევის მოდელის განმეორებასაც ცდილობს.

ბავშვი შეიძლება არ დაეთანხმოს გმირების გადაწყვეტილებებს, მათ ქცევას, შეიძლება განსაჯოს კიდეც ისინი. ეს ნიუანსიც ძალზე ძვირფასია. ამ დროს ვლინდება მისი პიროვნება, ინდივიდუალურობა. ამიტომ არ უნდა შევუშალოთ ხელი ოცნებაში. შეაფასოს გმირები, მათ ადგილას წარმოიდგინოს თავი, ახალი დიალოგები მოიგონოს. ზოგჯერ დროულად მოსმენილი ზღაპარი ცვლის მშობლის ასჯერ განმეორებულ დარიგებას: „დედას უნდა დაუჯერო, იმიტომ რომ მან უკეთ იცის რა შეიძლება და რა არა." აჯობებს წავუკითხოთ ზღაპარი შვიდი კრავის შესახებ, რომლებმაც დედას არ დაუჯერეს და მგელს კარი გაუღეს. მაშინვე ყველაფერი გასაგები იქნება.

წავიკითხოთ ზღაპრები და ერთად განვიხილოთ განვითარებული მოვლენები, გმირების საქციელი, შევადაროთ ხასიათები. ბავშვმა უნდა შეეცადოს ახსნას რატომ არის ფიფქია კარგი, დედინაცვალი კი ბოროტი. ზღაპარი აერთიანებს ბავშვს მთხრობელთან. მას მთელი ცხოვრება ემახსოვრება ეს საოცარი ერთობლივი მოგზაურობები ჯადოსნურ სამყაროში. პატარას თავად გამოაქვს დასკვნები. მისი დასკვნები – გამოცდილებაა. ეს კი ყველა მოძღვრებაზე უფრო ძვირფასია.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2103 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები