ხუთშაბათი, 18.04.2024, 20:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » » შევიცნოთ სამყარო ერთად.
20:08
» შევიცნოთ სამყარო ერთად.

„დედიკო, რატომ აქვს ჩაიდანს ასეთი ცხვირი?" „რატომაა ყაყაჩო წითელი?", „რატომ აქვს ბაჭიას გრძელი ყურები?" – ბავშვის ასეთი ცნობისმოყვარეობა თავიდან გვახალისებს მშობლებს, სიამაყის გრძნობითაც კი აღგვავსებს.

ჩვენც ვცდილობთ საკადრისად ვუპასუხოთ – ვიქექებით ენციკოლოპედიებში, სპეციალისტებს ვეკითხებით, დეტალურად ვუხსნით ქვეყნად ყველაზე ჭკვიან პატარას რატომ დაფრინავს თვითმფრინავი და რატომ არ იძირება ზღვაში გემი. მაგრამ მერე, შეკითხვები არ წყდება და ჩვენი ენთუზიაზმიც ნელ–ნელა ქრება.

ახალ–ახალი „რატომ? რატომ?" შეკითხვების ნიაღვარი მოდის, რომელზეც პასუხის გაცემა შეუძლებელი ხდება. „დედიკო, რატომ აქვს ძეხვს ნივრის სუნი?"ან „რატომ ღამდება როცა შუქს ვაქრობთ?" 

ერთი სიტყვით, თანდათან ბავშის ზედმეტი ცნობისმოყვარეობა ნამდვილი „სატანჯველი" ხდება მშობლებისთვის და ჩვენც ძალა აღარ შეგვწევს პასუხი გავცეთ ასი ათას „რატომს".

ფსიქოლოგები კი გვირჩევენ – „თქვენი პატარა ხომ ყველზე საინტერესო, სახალისო და დაუვიწყარ ასაკშია. ჰოდა, შეეცადეთ გაუგოთ მას".

3 დან -5 წლამდე ჩვენი ჩუმი და ჭკვიანი პატარა ინტერესიან და გაუთავებლად მოლაპარაკე ონავარად გადაიქცევა. სწორედ ამ დროს უჩნდება ბავშვს ცხოველი ინტერესი სამყაროს შეცნობის. მას აბსოლუტურად ყველაფერი აინტერესებს და უამრავი შეკითხვით, ხშირად გაუგებარი ბავშვური ლოგიკით აბნევს მშობლებს...

ბავშვი სამყაროს სწავლობს დედის დახმარებით: დედიკო უკითხავს წიგნებს, უხსნის რისთვისაა საჭირო ესა თუ ის ნივთი, ასწავლის თამაშებს. 4-7 წლის ბავშვები უფრო დაკვირვებულები არიან, ვიდრე უფროსები და ადვილად შეუძლიათ სხვადასხვა საგანსა და მოვლენაზე საკუთარი წარმოდგენა შეიქმნან.

მაგალითად, ღრუბელი სპილოს წააგავს, პაწაწინა კენჭები გამოქვაბულში ნაპოვნი განძია, ძველი მანქანა, ბორბლების გარეშე რომ დატოვა – „საიდუმლო მოწყობილობა", ტელევიზორის პულტი ადვილად შეიძლება მიკროფონად აქციოს და ა.შ. 

პატარას ძირითადი საქმიანობა ხომ თამაშია, რაც ავითარებს მის აღქმას, ყურადღებას, მეხსიერებას, წარმოსახვას და ინტელექტს. წარმოსახვისთვის კი უამრავი საბაბი ეძლევა. ყველაზე ნათლად მისი ფანტაზიის უნარი ვლინდება თანატოლებთან სიუჟეტურ თამაშებში, როდესაც ბავშვები მხიარულად ირგებენ სხვადასხვა როლს.

ასეთი თამაშებით ჩვენც ვერთობოდით ბავშვობაში: „დედა–შვილობანა" თუ „ომობანა". დღეს პატარები რაღას არ მოიფიქრებენ: მეხანძრეები არიან ვითომ, ექიმები, პატრული, რეინჯერები და სუპერმარკეტის მფლობელებიც კი. ბავშვებს ადვილად გადააქვთ რეალური სიტუაციები თამაშში, თანაც მშვენივრად შეუძლიათ რეალობა გაარჩიონ გამონაგონისგან.

ამაში თავად დავრწმუნდებით, როცა ბავშვისგან გავიგონებთ შემდეგ სიტყვებს: „ვითომ – ვითომ". 

შვილს ზოგჯერ იმის გამო ვუბრაზდებით, რომ დაუჯერებელ ამბებს გვიყვება და საპასუხო გაღიზიანებასაც ვხვდებით. თუმცა ამ გაუგებრობას ადვილად შეიძლება თავი ავარიდოთ, თუკი ბოლომდე მოვუსმენთ და ჩავეკითხებით, რა აინტერესებს მას. იქნებ ჩვენს პატარას უბრალოდ უჭირს ახსნას თავისი წარმოსახული ამბავი?

ამას წინათ 4 წლის მიშო უცნაურ შეკითხვას მისვამს: „დედიკო, რა ჭამა დეიდამ?" „რომელმა დეიდამ? ან, რა ჭამა?" – ვფიქრობ ჩემთვის.

(როგორ იქცევა უფროსი ასეთ სიტუაციაში? ის ან გულწრფელად ცდილობს უპაუხოს შეკითხვებს, ან სხვადასხვა ხერხით ცდილობს თავი აარიდოს პასუხს). იმის ნაცვლად, რომ დავინტერესდე და პირდაპირ ვკითხო ჩემს „მტანჯველს", როგორც წესი, სტანდარტული ფრაზა წამომცდება: „ არ ვიცი", ან სულაც თავს ვარიდებ პასუხს.

არადა, მერე ვფიქრობ, ბავშვებს ხომ ძალიან ხშირად ავიწყდებათ დეტალების დაზუსტება და სწორედ ჩვენ უნდა ვასწავლოთ შეკითხვის სწორად დასმა. 

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ არ ღირს მუდმივად ფიქრი და გაღიზიანება იმის გამო, რომ ბავშვი საქმისგან გვაცდენს. ეს ხომ პირიქით, საამაყო უნდა იყოს: მან სწორედ ჩვენ აგვირჩია ახალი სამყაროს შეცნობაში დასახმარებლად.

მოდით, დავფიქრდეთ – ჩვენთვის ნაცნობი მოვლენები და საგნები ხომ სრულიად ახალია პატარასთვის. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოვჩნდით, სადაც ყველაფერი უცხოა, უცნაური და გაუგებარი. არ შეეცდებოდით დამხმარეს მოძებნას? 

დღითიდღე ბავშვი სულ უფრო დაჟინებით მოითხოვს ახსნა–განმარტებებს. ის სვამს შეკითხვებს და ელის პასუხს, იმიტომ, რომ სურს და მოითხოვს, რომ ის მივიღოთ როგორც ჩვენი ტოლი და ვესაუბროთ სერიოზულად, სიმართლე ვუთხრათ – ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პასუხები უნდა იყოს მარტივი და ბავშისთვის გასაგები.

პატარა ცნობისმოყვარე მომთხოვნი და ჯიუტია. მშობლები უნდა ვიყოთ მომთმენი, კეთილგანწყობილი და მუდმივად მზად პასუხი გავცეთ უცნაურ შეკითხვას. მათ უნდათ ყველაფერი გაიგონ ახლა და ამწამს. პატარებს სწყინთ, თუ ჩვენ ვდუმვართ და ბრაზობენ, როცა ვატყუებთ.

ამ ყველაფერს მშვიდად და პატივისცემით მოვეკიდოთ: ასეთი სიჯიუტე – სხვა არფერია თუ არა მისწრაფება გაგვაგებინონ, რომ პატარა ადამიანი დაკავებულია გარემომცველი სამყაროს შესწავლით, ცდილობს ჩასწვდეს საგნების, სიტყვების, მოვლენების საიდუმლოს. ამ ასაკში ბავშვები ცხოვრების ბუნებრიობას საკუთარ თავში ატარებენ, თვიანთი აღქმის მეშვეობით. 

ბავშვის შემეცნებითი აქტივობა ტორნადოს მოგვაგონებს, რომელიც ძალას იკრებს და ითრევს ყველაფერს სამყაროს შესწავლაში. სწრაფად ვითარდება აზროვნება, რომელიც გვაოცებს მოულიდნელი და არაორდინალური დასკვნებით.

გეომეტრიული პროგრესიით ივსება სიტყვების მარაგი. ბავშვები თამაშით სინჯავენ, როგორ გაიჟღერებს სიტყვები ამ თუ იმ გრამატიკული ფორმით. ისინი ილუზიონისტის სიმსუბუქით ათანხმებენ შეუთანხმებელს და საინტერესო, შემოქმედებითი გადაწყვეტებით გვაოცებენ. ამ ასაკში ფანტაზია ისე აქტიურად მუშაობს, რომ მშობლები ხშირად ტუქსავენ პატარებს ტყუილების გამო. 

ბავშვს არ უნდა ვაწყენინოთ ჩვენი უნდობლობით. აჯობებს ერთად ვიოცნებოთ და ბავშვობის სამყაროში დავბრუნდეთ, სადაც ფიქრი თავისუფალია და შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ფორმა, შექმნას ნებისმიერი ჯადოსნური სამყარო.

აუცილებლად დავაფასოთ ბავშვის მცდელობა თუ როგორ ეძებს და პოულობს სამყაროს საიდუმლოებების ახსნას. პატარა, მოწყენილი პრაქტიკოსი, რომელიც საგნებით მანიპულირებდა, დიდ მოაზროვნე მეცნიერ–თეორეტიკოსად იქცა! ის ჩვენგან მეცნიერებას ელის! დისკუსიებს! სენსაციებს!

მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მშობლის მონაწილეობა ამ თვბრუდამხვევ პროცესში. მაგრამ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ კომპანიის გაწევას, ბავშვი არ დაიბნევა: ის დამოუკიდებლად შეუდგება სამყაროს შესწავლას. სიმართლის ძიებაში მკვლევარი ნაწილებად დაშლის მაღვიძარას, მაგნიტოფონს, ან მტვერსასრუტს, შემოივლის ოთახებს, საკუჭნაოს თავიდან ბოლომდე.  

აუცილებლად შევაქოთ ბავშვი ყოველი ახალი აღმოჩენისთვის, დასკვნისთვის, თავად ინეტერესის გამოვლენისთვის.

პატარასთან ერთად სეირნობის დროს, ვეცადოთ ხშირად ვესაუბროთ და ავუხსნათ რა ხდება ირგვლივ. მივცეთ საშუალება გონება ავარჯიშოს, ვთხოვოთ, მოიფიქროს პასუხი დასმულ კითხვაზე: „შენ როგორ ფიქრობ, რატომ?..."

გვახსოვდეს, ბავშვის პოტენციური შემოქმედებითი უნარების ერთერთი მაჩვენებელი არის სწორედ ეს კითხვა – „რატომ?" სანერვიულო მაშინ გვექნება, თუ ასეთი კითხვები მას არ უჩნდება.

თანამედროვე ბავშვები სულ უფრო ცოტა დროს ატარებენ ბუნებაში. ჩვეულებრივ დაკავებული მშობლები ამ პროცესს, საუკეთესო შემთხვევაში, ანაცვლებენ, ვთქვათ,ცხოველების შესახებ სატელევიზიო გადაცემების ყურებით.

რა თქმა უნდა, კადრს მიღმა წამყვანის ხმა ჩვენზე გაცილებით ამომწურავად უამბობს პატარას ფლორისა და ფაუნის სამყაროს შესახებ. მაგრამ, დავფიქრდეთ, ასე სჯობს? ბავშვი ხომ ყველაზე მთავარს ვერ იღებს: შეგრძნებებს. მას არ ესმის ფოთლების შრიალი და ვერ შეიგრძნობს ბუნების სურნელს. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუკი ბავშვი, როცა სინამდვილეში და არა ეკრანზე ნახავს რომელიმე ცხოველს, შეიძლება ვერ იცნოს. 

ბავშის განვითარება შეიძლება საინტერესო იყოს არა მარტო მისთვის, არამედ ჩვენთვისაც. თუკი ეჭვი გვეპარება საკუთარ ბუნების ცოდნაში, თან წავიღოთ წიგნი და ერთად ვისწავლოთ. რამდენი საოცარი აღმოჩენა შეიძლება გავაკეთოთ თუნდაც ერთი გასეირნების დროს! გარდა ამისა, ჩვენ მასში ცნობისმოყვარეობას ვაღვიძებთ. თავს ნუ ავარიდებთ გაუთავებელ „რატომს", ვასწავლოთ მას დანახვა, მოსმენა და შეგრძნება.

სილაში ხელებით თამაში უნდა? ითამაშოს, ჩვენ კი შეგვიძლია თან სველი ხელსახოცი წავიღოთ. აინტერესებს ბაყაყს ხელით შეეხოს? მარტივია. თუ ჩვენთის უსიამოვნოა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვში ზედმეტი შიში დავნერგოთ.

და თუ ხელსახოცზე დასმულ ბაყაყს ან ხოჭოს მოგვიტანს, შევეცადოთ დავფაროთ უკმაყოფილება – ჩვენი შვილი პირველად აღმოაჩენს ახალ სამყაროს. ამით, მას სურდა ჩვენთვის ესიამოვნებინა. კიდევ, კარგი იქნება თან ჩანთას თუ წავიღებთ „განძისთვის": გირჩების, ფოთლების და კენჭების მსაგროვებლად, რითაც სახლშიც ითამაშებს პატარა. 

ბავშვს თუ ჩვენ მზა სახით მივაწოდებთ ინფორმაციას, ის უბრალოდ შეწყვეტს თავად მის ძიებას. ჩვენი ამოცანაა – ბავშვს შევუქმნათ ცოდნის გარკვეული ბაზა, განვუვითაროთ ინტერესი და ამით ბიძგი მივცეთ შემდგომი დამოუკიდებელი განვითარებისთვის.

გავიხსენოთ, როგორ ვგრძნობთ თავს ტელევიზორთან დიდხანს ჯდომის შემდეგ. გროვდება ფსიქოლოგიური დაღლილობა და ერთადერთი, რაც გინდა, გარემომცემელი სამყაროსგან დისტანცირებაა. ზუსტად ასე გრძნობს თავს ბავშვი. იმ დროს, როდესაც სუფთა ჰაერზე გასეირნება სიცოცხლისა და კარგი განწყობილების შემქმნელია.

იმისათვის, რომ ბავშვის შემეცნება უფრო ეფექტურად განვითარდეს, დავეხმაროთ მას, ჩავერთოთ მის საქმიანობაში, ორგანიზება გავუკეთოთ შეკითხვების უმართავ დინებას.

აუცილებლად შევიძინოთ საბავშვო ილუსტრირებული ენციკლოპედიები. ერთად კითხვა არა მარტო გააფართოებს ბავშის თვალსაწიერს, არამედ ემოციურადაც დაგვაახლოვებს ერთმანეთთან.

გამოვიყენოთ ყველანაირი თამაში და სავარჯიშო, ჩავაბათ ოჯახის ყველა წევრი და მეგობარი. ეს უფროსს დაეხმარება სამყაროს შეცნობის პროცესის სისტემატიზირებაში. ბავშვს კი საშუალებას მისცემს დაინახოს ურთიერთკავშირი პროცესებსა და მოვლენებს შორის. მაგალითად, დავიწყოთ შეკითხვების უსასრულო დასმა, მაგალითად ასე: „საიდან ჩნდება ტბაში წყალი?" პასუხია: „როცა წვიმს, ტბაში გროვდება წყალი".

მერე ისევ ვეკითხებით: „რატომ მოდის წვიმა?" ამ ჯაჭვის გაგრძელება ხომ უსასრულოდ შეიძლება, სანამ ბავშვი შეძლებს პასუხების გაცემას...

დროდადრო შეიძლება ჩვენი ცოდნითაც მოვიწონოთ თავი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვს უჭირს პასუხის გაცემა. ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს მის ცოდნის წადილს და მშობლის ავტორიტეტს. და თუ ზოგიერთი კითხვა ჩვენც დაგვაბნევს, ნუ შეგვრცხვება ამის აღიარების, – მთავარი ხომ ცოდნის მიღების სურვილია.

ვითამაშოთ თამაში: „რა, როგორია?" – უფროსი სვამს კითხვას, რა არის ხოლმე მაღალი, ბავშვი კი პასუხობს, მაგალითად, „ხე, ბოძი, ადამიანი". აქვე შეიძლება შედარება გავაკეთოთ: „რა უფრო მაღალია – ხე თუ ადამიანი"? ბავშვები სწავლობენ შედარებას, განზოგადებას და იწყებენ აბსტრაქტული, განყენებული სიტყვის „სიმაღლის" მნიშვნელობის გაგებას. ასეთი თამაშის წამოწყება შეიძლება სხვადსხვა სიტყვებით: თამაშის დროს ჩვენი პატარები ისწავლიან საგნების კლასიფიცირებას ფერის და ფორმის მიხედვით.

როცა ბავშვი სათამაშოს უყურებს და დედა სთხოვს მის აღწერას, საჭიროა დავასახელოთ მეტი ნიშანი, რაც ამ საგანს ახასიათებს. როცა მხოლოდ ერთ ნიშანს ვიღებთ, ბავშვებს ახსენდებათ ამ თვისების მატარებელი სხვადასხვა საგანი. ასეთ თამაშებში, როდესაც ბავში ეძებს სიტყვას (უფროსი კი მას ეხმარება, როცა უჭირს), ზუსტდება სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც პატარების წინაშე სხვადასხვა შეთანხმებებით გამოდიან.

კიდევ, ერთიც – შეგვიძლია ავიღოთ სიუჟეტური ნახატი. ბავშვმა კითხვები უნდა დაუსვას დედას და მამას ყველაფრის შესახებ, რაც ნახატზე აინტერესბს. თუ მშობლები ვერ გასცემენ პასუხს, მაშინ პატარამ გაიმარჯვა. ამის შემდეგ შეგვიძლია ბავშვს ვთხოვოთ პატარა ამბავი მოიგონოს ამ ნახატის მიხედვით.

თამაში –„გარდასახვა" – ბავშვს ვთავაზობთ გადაიქცეს რაიმე ნივთად და ამ ნივთის სახელით მოგვიყვეს როგორ ცხოვრობს, რა არის მის ირგვლივ, რა აწუხებს, მის წარსულსა და მომავალზე. 

ჩვენი ეზოს საყვარელი თამაში: ვირჩევთ წამყვანს. ის სვამს კითხვებს: „არწივი დაფრინავს?" „თვითმფრინავი დაფრინავს? „სახლი დაფრინავს?" კითხვები ძალიან სწრაფად უნდა დავსვათ და რეაქცია იმწამსვე უნდა იყოს – კი/არა და ხელის აწევით. თუ ეზოში ვითამაშებთ, კიბესთან, „კი"–ს პასუხის დროს შეიძლება ერთი საფეხურით ზევით ასვლა, ან უბრალოდ ნაბიჯისთ წინ. თამაში მთავრდება როცა მოთამაშეები წინასწარ განსაზღვრულ ადგილამდე მივლენ.

ერთი სიტყვით, 3 წლის შემდეგ ბავშვი უკვე აცნობიერებს, რომ სამყარო არც ისე მარტივად ყოფილა მოწყობილი, როგორც ადრე ეგონა. ყოველ დღე ის ახალს იგებს, მთელ რიგ აღმოჩენებს აკეთებს. ჩვენი პატარა ყველაფერში თავად ხომ ვერ გაერკვევა, ამიტომ უამრავი კითხვით მიმართავს მშობლებს. ხშირად გაოცებულიც რჩება და არ ესმის, მისი ინტერესი ასე რატომ აღიზიანებს უფროსებს.

თან შეიძლება თავისივე შეკითხვებზე პასუხს ბოლომდე არც მოუსმინოს. ეგ არაფერია. პატარა ასე იმიტომ კი არ იქცევა, რომ არ აინტერესებს რას ვეუბნებით, ის ჯერ უბრალოდ ყურადღების კონცენტრირებას ვერ ახერხებს. ამიტომ, მშობლები უნდა ვეცადოთ ბავშვის შეკითხვებს ვუპასუხოთ მოკლედ და მარტივად.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1140 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები