ხუთშაბათი, 25.04.2024, 22:08
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » » ჩავიხედოთ პატარების ჯიბეებში.
20:11
» ჩავიხედოთ პატარების ჯიბეებში.

ჩემი შვილი სამი წლისაა და ეზოში ისე არ წავა თუ შარვლის ჯიბეში საყვარელ სათამაშოს არ დაიგულებს, რომელიც მას აუცილებლად გაახარებს ან დაამშვიდებს მოწყენილობის მომენტში. სეირნობის დროს ან სახლში ცხვირსახოცს რომ გამოიყენებს, მერე აკურატულად ჩაიდებს ჯიბეში. სხვათა შორის, მშობლებს ასეთ დროს ხელსაყრელი შემთხვევა გვეძლევა იმისთვის, რომ ბავშვს კულტურულ–ჰიგიენურ ჩვევებზე ვესაუბროთ.

პატარას ხშირად სჭირდება იმის შეხსენება, რომ სახლში, ეზოში და საბავშვო ბაღშიც ჯიბეში აუცილებლად უნდა ედოს ცხვირსახოცი. 

ჯიბეების დახმარებით ბავშვთან ერთად შეგვიძლია მოვაწყოთ განმავითარებელი და შემეცნებითი თამაშები და გაკვეთილები.

ერთი სიტყვით, ბავშვის ტანსაცმელზე ჯიბე უბრალო რამ არ გეგონოთ – ის სამოსის აუცილებელი ატრიბუტია, რომელიც სასარგებლო სათამაშოდაც შეგვიძლია ვაქციოთ.

1–2 წლის პატარა ჯიბეებში სხვადასხვა საგნებს თუ ჩაილაგებს (გასაღები, პაწაწინა წიგნი, მინი–სათამშო და ა.შ.), მერე ერთად გამოვიცნოთ, აბა, ვის რა გვაქვს. ემოციები გარანტირებულია!

ცოტა მოზრდილი ბავშვებისთვის გამოდგება ყურადღების განმავითარებელი თამაში: სად და რომელ ტანსაცმელზეა ჯიბე და რა საგნების ჩადება შეიძლება შიგნით? მაგალითად, პერანგის ზედა ჯიბეში მოსახერხებებლია ცხვირსახოცის ჩადება, შარვლის უკანა ჯიბეში პატარა მანქანის, ქურთუკის ჯიბეში კი ხის კაცუნა მშვენივრად მოთავსდება.

პატარებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჯიბეებს უყვართ, როცა მათ ასუფთავებენ ნაგვისგან და უსარგებლო ნივთებისგან. სხვაგვარად ისინი გადაისვსება და გაიხევა.... 

4-5 წლის ბავშვებს კი იუმორის გრძნობის, სმენითი ყურადღებისა და მეხსიერების განვითარებისთვის შეგვიძლია შევთავაზოთ ასეთი გასართობი: ყურადღებით მოგვისმინოს და ჩვენი ნელი კითხვის დროს შეეცადოს დაიმახსოვროს რა საგნები რა თანმიმდევრობით ჩამოვუთვალეთ. პატარამ უნდა თქვას რამდენი საგანი ჩაეტევა მის ჯიბეში.

ბავშვისთვის ჯიბე რომ განმავითარებელ სათამაშოდ იქცეს, შეგვიძლია სახალისოდ ორიგინალური წინსაფარიც შევუკეროთ, მერე ზედ 5 ჯიბე დავამაგროთ: 2 ზევით, 2 ქვევით (მარჯვენა და მარცხენა) და ერთიც შუაში.

კარგი იქნება ჯიბეები სხვადასხვა ფერისა და ზომის თუ იქნება (პატარა, საშუალო და დიდი), ასევე სხვადახვა ფაქტურის ქსოვილისგან შეკერილი (ვილვეტი, ფანელი, ბამბა, ტყავი თუ ხავერდი) და იკვრებოდეს ზოგი ღილებით, ზოგიც კნოპით, ელვით ან თასმებით. შევთავაზოთ ბავშვს დაასახელოს მათი ფერები, ზომა, ხელით შეეხოს და შეკვრაც სცადოს. 

ბავშვი წინსაფარს რომ მოირგებს და ითამაშებს, იოლად გაიმდიდრებს სიტყვების მარაგს ისეთი ცნებებით, როგორიცაა "შიგნით – გარეთ", „მარჯვნივ – მარცხნივ", „ზევით – ქვევით", თანაც მათი მნიშვნელობების დემონსტრირებასაც შეძლებს. ვთხოვოთ პატარას კაკალი ჩაიდოს შუა ჯიბეში, დათუნია – მარჯვენა ზედა ჯიბეში, ბურთულა კი ქვედა მარცხენა ჯიბეში და ა. შ.

ტაქტილური შეგრძნებების გასავარჯიშებლად ყველა ჯიბე შეგვიძლია ავავსოთ სხვადასხვა რაოდენობის რაიმე პატარა საგნებით. ბავშვმა ხელის შეხებით უნდა განსაზღვროს რა ნივთი რა რაოდენობით დევს ამ თუ იმ ჯიბეში.

ყურადღებისა და მხედველობითი მეხსიერების განვითარებისთვის შეგვიძლია ნაჭერზე მივაკეროთ რამდენიმე პაწაწინა ჯიბე.

მერე ერთ-ერთში, ბავშვის თვალწინ დავმალოთ პატარა სათამაშო. შემდეგ, ვთხოვოთ პატარას ერთი წამით შებრუნდეს, და მოძებნოს დამალული სათამაშო. 

ჯიბეების რიგით შეგვიძლია ყულაბაც გავაფორმოთ. ყოველ ჯიბეზე დავაწებოთ პატარა კვადრატი, რომელზეც გამოსახული იქნება ციფრი, სწორედ ეს იქნება შესაბამისი რაოდენობის ხურდა ფულის აღმნიშვნელი.

თუ არ დაგვეზარება, შეიძლება კიდევ ერთი ქსოვილი ავიღოთ, ჯიბეები დავაკეროთ, რომელთა რაოდენობაც თვეში არსებული კვირის დღეების შესატყვისი იქნება. ეს ხელნაკეთი კალენდარი დღესასწაულების წინ დღეების დასათვლელად გამოგვადგება. თითოეულ ჯიბეში შეგვიძლია ჩავდოთ კანფეტი, შოკოლად ან რამე პაწაწინა სათამაშო.

ყოველ საღამოს, თითო ჯიბის გახსნისას, ჩვენი პატარა იხალისებს ახალი საჩუქარი რომ ამოუვა, თან დროის თვლასაც ისწავლის. 

პატარა კონცერტის მოსაწყობად დაგვჭირდება ორი წინსაფარი - ერთი ბავშვისთვის, მეორე კი ჩვენთვის, თანაც ძალიან დიდი ჯიბით. ამ ჯიბეში უნდა ჩაეტიოს მუსიკალური სათამაშო, ზანზალაკი, რეზინის წრიპინა სათამაშო, საყვირი, 2 ხის კოვზი, დოლი, ქსილოფონი, საბავშვო გარმონი. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ხმას გამოსცემს. „კონცერტის" წამყვანი იქნება ბავშვი, რომელიც დადგება ფარდის უკან, რიგრიგობით ამოიღებს წინსაფრიდან სათამაშოს და ხმას გამოსცემს, თან შეგვეკითხოს: „ცნობ ამ ხმას? თქვი რა არის."

სათამაშოს რომ გამოვიცნობთ, გამოვართვათ ბავშვს და ჩვენი წინსაფრის გიგანტურ ჯიბეში ჩავილაგოთ. მერე შეგვიძლია როლებიც გავცვალოთ. გამოცნობის გართულებაც შეგვიძლია, თუ 2 ან 3 სათამაშოს ერთდროულად ავაჟღერებთ. 

სკოლამდელი პატარასთვის სასარგებლოა თამაშები, რომლებიც ლოგიკურ აზროვნებას, წარმოსახვას, მეტყველებას ავითარებს.

მაგალითად, ბავშვს ჯიბეში აქვს სურათების ნაკრები, რომელზეც გამოსახულია კვერცხი, წიწილა, მზესუმზირა, მუხლუხო, რძე, აგურები, ძაფის გორგალი, ბიჭუნა, ქოლგა და ა.შ.

პატარამ მორიგეობით უნდა ამოიღოს სურათები და თქვას, როგორ შეიძლება შეიცვალოს ყოველი საგანი - მუხლუხო გადაიქცევა პეპელად, კვერცხიდან წიწილა გამოიჩეკება, ძაფის გორგალისგან ბებო ქუდს მოუქსოვს და ა. შ. ზოგჯერ არსებობს პასუხის რამდენიმე ვარიანტიც: კვერცხიდან შეიძლება გამოიჩეკოს არა მარტო წიწილა, არამედ პატარა ნიანგიც. ამიტომ ამაზეც გავამახვილოთ ბავშვის ყურადღება. 

ვთქვათ, ბავშვს ჯიბეში აქვს სურათები, რომელზეც გამოსახულია: ფანქარი, წიგნი, ხის მორი, აგური, სარკე, შუშის ქილა, ავტომობილი. ბავშვს ამოაქვს სურათები და ცდილობს დაასახელოს ყოველის საგნის რაც შეიძლება მეტი ფუნქცია: ფანქარს იყენებენ სახატავად, წერისთვის, და ა. შ.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ლექსების „ხელებით" მოყოლა ხელს უწყობს ყურადღების, მსხვილი და წვრილი მოტორიკის, წარმოსახვის განვითარებას, ამაღლებს დამახსოვრების ეფექტურობას.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1097 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები