პარასკევი, 19.04.2024, 07:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » » პაწაწინა მწერების სამყაროში.
22:28
» პაწაწინა მწერების სამყაროში.

ბუნების სამყარო ალბათ ყველა ნორჩი „მკვლევარის" ყურადღებას იპყრობს. ჩემი შვილი განსაკუთრებულ ინტერესს მწერების მიმართ ავლენს.

ეზოში თამაშის დროს ხომ არაფერი გამოეპარება, დასდევს ყველაფერს რაც დაფრინავს, დახტის, მიღოღავს და ბზუის. ერთი–ორჯერ გახარებულმა უზარმაზარი ხოჭოც ჩამისვა კალთაში... შეკითხვებიც არ ელევა: „ ეს პეპელა სად მიფრინავს?" „ხოჭო რატო არ მელაპარაკება?", „ჭიამაია ჩვენს ეზოში ცხოვრობს?"

ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში მშობლებიც ჩავებით, ჰოდა, უკვე ნინისთან ერთად ვიკვლევთ პაწაწინა არსებების მრავალფეროვან სამყაროს და ვცდილობთ 4 წლის ბავშვისთვის გასაგებ ენაზე ავხსნათ ბუნების საოცარი მოვლენები. 

ჩვენ ერთად ვმსჯელობთ და ვარჩევთ მწერების თავისებურებებს. გავიგეთ, რომ მწერების უმეტესობას ულვაშები ჰქონია, რომელიც ზოგჯერ მათ ტანზე დიდიცაა – მაგალითად, ასეთია კალია. თავზე მოთავსებული აქვთ თვალები, კიდევ აქვთ ფრთები, თუმცა ყველას არა. თანაც ხოჭოებს, ციცინათელებს, კალიებს ორი წყვილი ფრთა აქვთ.

ჩვეულებრივ, წინა ფრთები უფრო მაგარია და იცავს უკანას, ერთგვარი „სახურავის" ფუნქციას ასრულებს. ხომ გინახავთ როგორ იცის აფრენა ჭიამაიამ – ლამაზი წითელი ჯავშანიდან გამოაჩენს თხელ გამჭირვალე ფრთებს და მიფრინავს...


მწერების ფეხები კი შეიძლება იყოს სარბენი, სახტომი, სათხრელი, საცურავი, ყვავილის მტვრის შესაგროვებელი, დამჭერი და სხვა. 

ნინის ძალიან მოსწონს როცა ამ ამბავს ვუყვები: ერთხელ თურმე მწერები ტყეში შეიკრიბნენ, მეჯლისი უნდა გაემართათ. მოფრინდნენ ლამაზი პეპლები, ციცინათელები, კალიები სკუპ–სკუპით გამოეშურნენ, ჭიანჭველებმაც მოიცალეს და ფუტკრებმაც.

ამ ზეიმზე ობობაც მისულა, მაგრამ იმის გამო, რომ რვა ფეხი ქონდა მეჯლისზე არ შეუშვეს, რადგან მწერების საყოველთაო საზეიმო ცეკვას გააფუჭებდა, რიტმს აურევდა ექვსფეხა არსებებს.

ნინისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო, როცა გაიგო, რომ თურმე ყველა მწერს ექვსი ფეხი აქვს, მხოლოდ ობობა ყოფილა რვაფეხა. კიდევ ის, რომ მწერებმა ცეკვაც იციან და ლაპარაკიც. მართალია ჩვენსავით სიტყვებს არ ამბობენ, მაგრამ თავისებურად, ხმებითა და მხედველობითი სიგნალებით მართლა „მეტყველებენ". 

თურმე როცა ფუტკარი ყვავილებით სავსე მდელოს იპოვის, უმალ ბრუნდება თავის სკაში და ოჯახის წევრებისთვის უცნაურ ცეკვას ასრულებს. მისი მოძრაობებით სხვა ფუტკრები მაშინვე ხვდებიან თუ სად მდებარეობს ის მდელო, როგორი ყვავილებია იქ და რამდენად შორია საფრენად.

ჭიანჭველებიც ახერხებენ ინფორმაციის გაცვლას ერთმანეთში – ულვაშებს გადახლართავენ და ასე ყვებიან მტრის მოახლოებისა თუ ნაპოვნი საკვების შესახებ ამბებს. კალიები კი ჭრიჭინით ესაუბრებიან ერთმანეთს, ოღონდ მხოლოდ მამრები.

თავიანთ „სიმღერებში" სიყვარულზეც მღერიან და სხვებს აფრთხილებენ, რომ მდელოს ეს ნაწილი უკვე დაკავებულია. თან კალიებს ესმით ფეხებით, უფრო ზუსტად, წინა თათებზე განლაგებული ორგანოებით, რომელიც ხმებს აღიქვამს. 

მწერების შეფერილობა შემთხვევითი ამბავი სულაც არაა. კალია თუ მწვანე სამოსს „ჩაიცვამს", ადვილად დაემალება მტერს ბალახში. ნაცრისფერ სარანჩას ვერავინ შეამჩნევს მიწაზე. უდაბნოში კი ყვითელი სარანჩა ცხოვრობს, ხომ გასაგებია რატომ „აირჩია" მან ასეთი შეფერილობა?

პეპელა როცა დაფრინავს ფერადი და ჭრელია, მაგრამ საკმარისია ყვავილზე ჩამოჯდეს, რომ ვეღარ შემჩნევ. მწერების შეფერილობა მათ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს მოგვაგონებს – ამიტომ უხილავნი ხდებიან მტაცებლებისთვის, პირველ რიგში კი ჩიტებისთვის. ხშირად მწერს იცავს არა მარტო სხეულის ფერი, არამედ ფორმაც.

ბევრი მწერი გარეგნულად ფოთოლს, ჯოხს ან მცენარის ღეროს წააგავს – ბუნებაში ხომ საოცრად არის გათვალისწინებული ყოველი ნიუანსი. ზოგი პეპელა გამხმარ ფოთოლს ჰგავს და ფრენისას წრიულ მოძრაობებს აკეთებს, ხიდან ჩამოცვენილი ფოთლების მსგავსად. 

თუმცა, ყველა მწერი არ იმალება. ზოგი ყურადღებას იზიდავს თავისი მკვეთრი შეფერილობით. ასეთ შემთხვევაში მწერი, როგორც წესი, საიმედოდაა დაცული უსიამოვნო სუნით ან გემოთი და შეიძლება შხამიანიც იყოს.

ნინიმ უკვე იცის, რომ ფუტკარს და ბზიკს შემთხვევით არ „აურჩევიათ" მკვეთრი ფერების სამოსი – ისინი შეიარაღებულები არიან და საფრთხის შემთხვევაში შეუძლიათ თავი დაიცვან შხამიანი ნესტარით.

ამიტომაც არ ღირს ამ სერიოზული მწერების შეწუხება და გაბრაზება. 

ნინი თუ სადმე ქაღალდს იპოვის, აუცილებლად სხვადსხვა ზომის და ფორმის პეპლებს და ციცინათელებს გამოჭრის, მერე სიამოვნებით აფერადებს და ოთახს მორთავს თავისი ნახელავით.

ციცინათელები ხომ ღამის მწერები არიან. აქვთ წაგრძელებული მუქი ფერის სხეული. დედლები მატლს ჰგვანან. ციცინათელებს მუცლის ბოლოზე აქვთ მანათობელი ორგანო. მრავალი სახეობის მატლები და კვერხცებიც ანათებენ.

ციცინათელების ოჯახში 2000-მდე სახეობაა. 

ნინიმ ძალიან იხალისა, როცა წელს სოფელში საკუთარი თვალით ნახა მუხლუხოს პეპელად გარდასახვის პროცესი. ბაბუმ ეზოში შეგვიგროვა რამდენიმე მუხლუხო, რომლებიც მერე სპეციალურ პატარა სახლში დავაბინავეთ (მინის ქილა ან უბრალო ყუთიც გამოდგება). მუხლუხოები რომ არ გაქცეულიყვნენ, სახლს თავზე მარლა დავაფარეთ.

ბაბუმ გაგვაფრთხილა, რომ ისინი იმ მცენარეებთან ერთად უნდა დავაბინავოთ, სადაც ისხდნენ და პერიოდულად დავუმატოთ და შევუცვალოთ ეს მწვანე ფოთლები.

მუხლუხოების დაპურება ნინის საქმე იყო. ცოტა ხანში შევამჩნიეთ, რომ ჩვენმა მუხლუხოებმა ჭამის მადა დაკარგეს – ბაბუმ დაგვამშვიდა, თურმე ამ დროს იწყება ჭუპრად გადაქცევის პროცესი. მათ ჭამა აღარ უნდებათ, უძრავად არიან, თუმცა შიგნით ნამდვილი სასწაული ხდება: პეპელა იბადება.

სხვადსხვა მწერებთან ამ პროცესს განსხვავებული დრო სჭირდება ორი კვირიდან – 1 თვემდე. ასე რომ, ცოტა მოთმინება კი დაგვჭირდა. სამაგიეროდ, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. 
ჰოდა, მშობლებო, სანამ ჩვენი შვილები საბავშვო ენციკლოპედიების წაკითხვას თავად შეძლებენ, ყურადღებით დავაკვირდეთ გარემომცველ სამყაროს და ვეცადოთ, ბუნებაში არსებული პატარ–პატარა სასწაულები ჩვენი პატარების მზერას არ გამოეპაროს.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1660 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები