ხუთშაბათი, 18.04.2024, 13:51
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 13 » წმ. ეფრემ ასური-სწავლებანი.
23:29
წმ. ეფრემ ასური-სწავლებანი.


                    წმ. ეფრემ ასური  აღსარება.

ბოროტი ჩვეულებების ქსელში გახვეულს მიხარია, რომ შეკრული ვარ. ვიძირები თვით ბოროტების უფსკრულში და ეს მახარებს. მტერი ყოველდღიურად მიახლებს ბორკილებს, რამეთუ ხედავს, როგორ მიხარია მათი მრავალფეროვნება.


ეს ყველაფერი ღირსია მოთქმისა და ტირილის და ისაა სირცხვილი და თავის მოჭრა, რომ შეკრული ვარ საკუთარი სურვილებით. კიდევ საშინელებაა ის, რომ შეკრული ვარ იმავე ჯაჭვებით, რომელთაც მტერი დამდებს და მოვაკვდინებ თავს იმავე ვნებებით, რომლებიც მას ახარებს.


ვიცი, რა საშინელ ხლართებში ვარ გაბმული და გულსმოდგინედ ვცდილობ, დავფარო გარეგნული კეთილსახიერებით. შესახედავად შემკული ვარ კეთილმსახურების სამოსელით და სული კი აფორიაქებულია ბილწი გულისთქმებით. მნახველის წინაშე ვარ კეთილშობილი, შინაგანად კი ყოვლად უხმარი.


სინდისი მამხილებს ამის გამო და მე თითქოს მინდა გავთავისუფლდე საკუთარი ბორკილებიდან, ყოველდღიურად სულთქმითა ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ კვლავაც იმავე ბადეში ვიხლართები.
საცოდავი ვარ, საბრალო და უსუსურია ჩემი ყოველდღიური სინანული, რამეთუ არ გააჩნია მყარი საფუძველი. ყოველდღიურად ვქმნი სახლის საფუძველს, მაგრამ ჩემივე ხელით ვანგრევ მას.


ჯერ ვერ დაუდვია კეთილი საწყისი ჩემს სინანულს, ხოლო ბოლო არ უჩანს ბოროტ დაუდევრობას. დავმონებულვარ ჩემს დამღუპველ ვნებებს, მტრის ბოროტ ნებას – მომაკვდინებელს ჩემსას...

ველი იმედად სინანულს და სიკვდილამდე თავს ვიტყუებ ამაო დაპირებებით. ყოველთვის ვამბობს, რომ მოვინანიებ (შევინანებ) და არასდროს ვნანობ, სიტყვით თითქოსდა მხურვალედ მონანული ვარ, ხოლო საქმით შორს ვარ სინანულისაგან.
რა მომელის განკითხვის დღეს, როდესაც ღმერთი თავის სამსჯავროზე ყველაფერს გამოაჩენს! რა თქმა უნდა, განვისჯები სამუდამო ტანჯვისათვის. უკეთუ აქვე ცრემლებით არ შევაწყალებ თავს მსაჯულსა ჩემსა.


მას შემდეგ რაც შევიცანი ჭეშამრიტება, მე გავხდი მკვლელი და შეურაცხმყოფელი. ვკამათობ უნიშვნელოზე. შურიანი და სასტიკი თანამცხოვრებთა მიმართ, უწყალო ღატაკთა მიმართ, მრისხანე, მოკამათე, ჯიუტი, ზარმაცი, გამაღიზიანებელი, ბოროტად მოაზროვნე, მიყვარს მორთული სამოსელი და აქამომდე ჯერ კიდევ ჩემშია უამრავი ბილწი აზრები: თავმოყვარეობა, განფიცხება, ნაყროვანება, გემოთმოყვარება, მზვაობორბა, ამპარტავნება, ბოროტის მოსურნეობა, განკითხველობა, ფარული ჭამა, მოწყინება, გულძვირობა, შურისგება.


არაფერი ვიცი და თავზე დიდად ვფიქრობ, დაუსრულებლად ვცრუობ და მატყუარებზე კი ვმრისხანებ, წამიბილწავს ტაძარი ჩემი არაწმინდა გულისთქმათაგან, მემრუშეთ კი მკაცრად განვიკითხავ, განვიკითხავ დაცემულებს, თვითონ კი განუწყვეტლივ ვეცემი, განვიკითხავ ბოროტ მეტყველებს, თვითონ კი ქურდი და ავად მტყველი ვარ; დავდივარ ნათელი მზერით, თუმცა მთლიანად შებილწული ვარ.


ეკლესიაში და ტრაპეზზე მსურს პირველობა, ვხედავ ახალდამწყებს და ვმედიდურობ, მონაზვნებთან ვმზვაობრობ, ცდას არ ვაკლებ, რათა სასიამვნოდ ვეჩევნო ქალებს, დიდებულად – უცხოებს, თავისიანებს კი – ბრძნად და აზრიანად, გონიერებს – სრულყოფილად, კეთილმსახურებისათვის – განსწავლული ვარ, უგუნურები ვითარცა პირუტყვნი მეზარებიან.
შეურაცხყოფისათვის შურს ვიძიებ, თუ პატივში ვარ, პატვისმცემელთ ვიზიზღებ, თუ რაიმეს მთხოვენ, სამართლიანად ვედავები.

სიმართლის მთქმელს მკაცრად ვრაცხ; მხილებული – ვმრისხანებ, ხოლო უკეთუ მეპირფერებიან, არცთუ უკმაოფილო ვარ.


არ მსურს ღირსეულის პატივისცემა, ხოლო თავად უღირსი პატივს ვითხოვ. არ მსურს თავი შევიწუხო და თუ სხვა არ მომემსახურება, მასზე ვმრისხანებ; სხვებთან ერთად არ მსურს მუშაობა, ხოლო თუ მე არ დამეხმარებიან, ვბოროტმეტყველებ მათზე.
გასაჭირში მყოფ ძმას ამაყად უარს ვეუბნები, ხოლო როდესაც თვითონ ვსაჭიროებ დახმარებას, მას მივმართავ. ვერ ვიტან ავადმყოფს, თვითონ კი როცა ავად ვარ, მსურს ყველად ვუყვარდე. მაღალთ არ ვიცნობ, დაბალნი მეზიზღებიან.


თუ თავი შევიკავე უგუნური სურვილისაგან, ვმზვაობრობ, თუ წარმატებული ვარ მღვიძარებაში, ურჩებისა და შეპასუხების ქსელში ვეხვევი, თუ თავი შევიკავე უსაქმურობისაგან, ვიძირები თავმომწონეობასა და ქედმაღლობაში, თუ დაუცალებლად ვლოცულობ, მამარცხებენ გაღიზიანება და მრისხანება, თუ ვხედავ ვინმეში სათნოებას, ყურადღებას არ ვაქცევ.


მოვიძულე ამა სოფლის სიამენი, მაგრამ ვერ დავეხსენი მათზე ამაო სურვილს. თუ ვხედავ ქალებს, ვმხიარულდები, გარეგნულად მდაბალი ვარ, სულში კი გონებამაღალი, ერთI შეხედვით არ ვარ მომხვეჭელი, სინამდვილეში კი ქონების მოყვარულობით განიცდები. დასანახად მოვწყდი ამა სოფელს, თუმცა კვლავ მასზე ვფიქრობ.


მსახურების დროს ვსაუბრობ, გონება მეფანტება, ამაოებაზე ვფიქრობ; ტრაპეზის დროს უქმად ვმეტყველებ, ვეშურები საჩუქრებს, თანამონაწილე ვარ სხვათა დაცემისა, ჩართული ვარ დამღუპველ ქიშპში.


ასეთია ჩემი ცხოვრება, რამდენ ცუდს წინააღვუდგენ ჩემს ხსნას. ამპარტავნება, ქედმაღლობა, მზვაობრობა არ მაძლევენ საშუალებას მოვიხილო საკუთარი წყლულები და ვუმკურნალო მათ. აი, ჩემი ქველი საქმეები! ესოდენ მრავალი ცოდვით მიტევს მტერი. ყველაფერი ამის შემდეგ მე წყეული ვეძიებ განდიდებას სიწმინდით, ცოდვებში მცხოვრებს მსურს, რომ მრაცხდენ მართალთა თანა.


მხოლოდ ერთით ვიმართლებ თავს, ეშმაკმა მაცდუნა, მაგრამ განა ამან გაამართლა ადამი? რა თქმა უნდა კაენსაც ეშმაკმა ასწავლა, მაგრამ ისიც ვერ გადაურჩა განკითხვას. რა უნდა ვქნა, როდესაც ღმერთი მომკითხავს!

არავითარი გამართლება არა აქვს ჩემს დაუდევრობას.
ვაი, რომ მეუფლა ცოდვა და მომნახა სადგომი თვისი, დღითი-დღე უფრო დამცემს და მითრევს თავის უფსკრულში. მეც, წყლული არ დავცხრები უფლის განრისხებისაგან. არ მეშინია ჯოჯოხეთის ჩაუქრობელი ცეცხლის და არ მაძრწუნებს დაუსრულებელი ტანჯვა.
ო, ვითარ მეუფლებიან ცოდვიანი ვნებები!

ო, როგორი ბატონობა აქვს ბოროტსა და გაიძვერა გველს მოქმედებს რა ბუნებაზე, მებაჭრება და მაძლებს ბეს, რომ გონება ცოდვას მივყიდო. მარწმუნებს, რომ ხორცს ვაამო მისი სულის სამსახურში ჩაყენების მიზეზით. გემოთმოყვარებით ძლეული ვეძლევი თავშეუკავებელ ძილს და სრულიად ვაკლდები სულის მსახურებას, როდესაც ვლოცულობ, შთამაგონებს ფიქრს ამაო სიამოვნებაზე და ამით, როგორც რკინის ჯაჭვით იპყრობს ჩემს სუსტ გონებას და როდი მოუფონებს საკვრელებს, თუმცა კი გონება ცდილობს გაქცევას.


ამგვარად დარაჯობს ცოდვა გონებას და მიხშობს ხედვის კარს. მტერი გამუდმებულად მეთვალყურეობს ჩემს გონებას, რომ იგი არ მივიდეს ღმერთთან თანხმობაში და არ შეეწინააღმდეგოს ხორცის გაყიდვას, რისთვისაც მომივლენს არეულ ფიქრებს, რათა დამარწმუნოს, რომ განსჯისას, არც კი მოიკითხავენ ასეთ წვრილმანებს, თითქოსდა შეუძლებელიც კი არის ცოდნა მსგავს გულისთქმათა და რომ ყოველივე მსგავსად ამისა, მიეცემა დავიწყებას.


მაგრამ თვალწინ წარმომიდგენია მხილებული ჩემი თავი. და ვიცი, რომ მომევლის სასჯელი. მოვიხილავ ჩემს ცოდვებს, ღმერთო და ვხედავ რა მათ სიმრავლეს, ვამბობ: ჰოი, ვითარ მოიწია ჩემ ზედა ეგზომი უბედურება; ენა ჩემი ლამაზად საუბრობს, საქციელი კი სასირცხვილო და საძულველია. ვაი, მე უბედურს იმ დღეს, როდესაც განცხადდება ყველა საიდუმლო.
ფრიად მშვენიერია ჩემი სიტყვები სხვებისათვის, საქმეები კი საზიზღარია, სხვებს კი ვასწავლი წესიერებას ამა სოფელში, თვითონ კი საცოდავი ვეძლევი ვნებებს.


დღენი ჩემნი წარივლტნენ და განილივნენ ცოდვათა ქმნაში, არც ერთი დღე სიმართლიათვის არ მიმსახურია. როგორც კი მონანული გადავწყვეტდი აღარ მეცოდა, ცბიერი ეშმაკი მაშითვე მიპყრობდა თავისი სიძულვილით.


სეირნობისას თავს ვაჩვენებ როგორც ბრძენი და მართალი. ოდეს სხვა სცოდავს, დავცინი და აბუჩად ვიგდებ. ვაი, რომ განცხადდებიან ჩემი უშჯულოებანიც და შევრცხვები!
ნეტაც არ დავბადებულიყავი! ხომ არ გამრყვნიდა ეს წარმავალი წუთისოფელი, მისი არ მხილველი არ ვიქნებოდი დამნაშავე, არ შევიბილწებოდი ცოდვებით და არ შემეშინდებოდა სასამართლოსი და წამების.


როგორც კი აღვთქვამ მონანიებას, მაშინვე ვუბრუნდები და ვვარდები იმავე ცოდვებში. მახარებს ცოდვებში გატარებული დრო და ვფიქრობ, რომ ვაკეთებ სანაქებო საქმეს.
ვაი, ჩემს თავს! აქამდე არ მიფიქრია იმაზე, რომ მელოდება გეენა.


მაცდურ ნებას შევყავარ ცოდვაში; ხოლო როცა ვცოდავ, ვაბრალებ სატანას, მაგრამ ვაი, რომ იგი არ მაიძულებს, მე თვითონ ვარ მიზეზი ჩემი ცოდვებისა, ვცოდავ ჩემივე ნებით.
მადლი შენი მოსული ჩემს გულთან, იხილავს რა მასში ბილწ გულისთქმათა სიმყრალეს უმალვე განეშორება, რადგან ვერ ჰპოვებს თავის შესასვლელს და შესაძლებლობას დასახლდეს ჩემში თავისი ნებისაებრ.


გლახაკი ვარ, გველისაგან განძარცული; უძლური გახრწნილებით შეკრული; არ გამაჩნია ძალა ცოდვით დათრგუნულს, დავკარგე შენგან მომადლებული ნიჭი და ამიტომ არ გამაჩნია სრულყოფილი კეთილგონიერება. დავკარგე შენთან ურთიერთობა, ამიტომ არ ვიცი, საით მივდივარ. არაფერი მაქვს, თუ რამე გამაჩნია, ისიც მხოლოდ შენის დიდი მოწყალებით მოცემული, უკიდურესად გლახაკი ვარ, თუ კი გავმდიდრდები, ეს იქნება მხოლოდ შენგან ბოძებული და ახლაც შენია ის და ადრეც შენი იყო.
ვითხოვ მხოლოდ მადლს – ვაღიარებ, რომ მხოლოდ შენს მიერ გადავრჩები! – თუ გადავრჩი!

                                     სიყვარულისათვის.


ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა.

ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს.

ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.


ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწვლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე.


ვისაც სიყვარული გააჩნია, არ უგულვებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე მოასვენებს. ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, რამეთუ ჩვენმა მაცხოვარმა ასე უთხრა სანატრელ მოციქულებს: „ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს".


ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს. ვისაც სიყვარული გააჩნია, არავის თვლის უცხოდ, არამედ ყველას თავის მეგობრად ხედავს, და არასოდეს აღშფოთდება და არ გაიახარებს ძმის ბოროტების გამო, და არც ცილს დასწამებს, და არც არავის მტრობას ჩაიდებს გულში, ეშმაკის გარდა, არამედ ყველაფერს სულგრძელებით მოითმენს.

ნეტარია კაცი, რომელმაც სიყვარული მოიპოვა და ასე წარსდგა ყოველთა დამბადებელი ღმერთის წინაშე, რომელმაც უწყის თავის ბეჭდით აღმბეჭდილნი და შეიწყნარებს მათ თავის სასუფეველში თავის ანგელოზებთან ერთად და ისინი დამკვიდრდებიან ქრისტესთან.

რადგან ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხე, სიყვარულის გამო გვიჩვენდა ზეცად აღმავალი გზა, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას, ამის გამო გვმართებს თქმად, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება. 

               სიკუდილისათჳს და გამოსლვისათჳს სულისა ჴორცთაგან.


ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის; და მოციქული ხარ მოსწრაფე, რომელი არა სდროებ; და მსაჯული ხარ თუალ-უხუავი, რომელსა არა მიგაქუს ქრთამი; და მოსაჯული ხარ მძლე, რომელი მიიძლევ მოსაგრესა საშჯელად საუკუნოდ.


ვაჲ, რაჲ მწარე არს გემოჲ სასუმელისა შენისაჲ და საშინელ არს ჟამი მოსლვისა შენისაჲ. ჵ რაჲ საზარელ არს ხილვაჲ პირისა შენისაჲ და რაჲ შესაძრწუნებელ არს საყოფელი სანახებისა შენისაჲ. რაჲ ფიცხელ არს და მძიმე სრბაჲ გზისა შენისაჲ, და რაჲ მტკივან არს და წუხილ თანა-ქცევაჲ შენი გარემოჲს მიწოდებულისა მის, რამეთუ ზარ-ტეხილ იქმნის სული იგი, რაჟამს გიხილის შენ გარემოჲს მისსა მავალი, და ეძიებნ ადგილსა შეძრწუნებული, რაჲთამცა ვითარ სადა დაემალა პირსა შენსა.


ვაჲ არს მისა, რომელმან არა იღუაწოს ვიდრე შენდა მოსლვადმდე და შემთხუევად. ვაჲ არს მისა, რომელმან არა იზრუნოს ვიდრე ხილვადმდე პირისა შენისა თავისა თჳსისათჳს. ვაჲ არს მისა, რომელი არა განკრძალულ იყოს ვიდრე წოდებადმდე მისა შენ მიერ. ვაჲ არს მისა, რომელი არა მოსწრაფე იყოს ვიდრე დადგომამდე შენდა მის თანა.

ვაჲ არს მისა, რომელი უგულისჴმო იქმნეს და არა მოელოდის ჴმასა მოსლვისა შენისასა. და ვაჲ არს მისა, რომელმან უდებობით წარჰჴადნეს დღენი მისნი ცხორებასა თჳსსა. ხოლო ნეტარ არს, რომელი აიძულებდეს თავსა თჳსსა ლოცვად წარდგომად წინაშე უფლისა, ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის საშინელისა.


ნეტარ არს მისა, რომელი მოსწრაფე იქმნეს და განკურნოს სენი წყლულებისა თჳსისაჲ, ვიდრე არს-ღა იგი სოფელსა ამას შინა. და რამეთუ სიკუდილი უმჯობეს არს სოფლისა ამის ცხორებასა მათთჳს, რომელნი ცოდვასა შინა უშჯულოებით ცხონდებიან. უკუეთუ მართალი იყოს, რომელი-იგი მიიცვალა, ექმნეს მას სიკუდილი განმსუენებელ ურვათაგან ამის სოფლისათა და მიემთხჳოს წყალობასა უფლისა თჳსისასა და შევიდეს სიხარულსა მაცხოვარებისა მისისასა. და უკუეთუ ცოდვილი იყოს, არღარა შესძინებდეს ბრალთა თჳსთა, არამედ ექმნეს მას სიკუდილი განმკუეთელ და მომსპოლველ ნივთთა ცოდვისა მისისათა.


ჵ ძმანო ჩემნო, ვიდრემდის ვიყვნეთ ამას მედგრობასა შინა და უდებებით ცხორებასა და არა განვიფრთხოთ და მივივლტოდით უფლისა საშინელისა მისთჳს და საზარელის დღისა, რაჟამს-იგი სიკუდილი, ვითარცა სასატიკი ჴელმწიფე, წარიტაცებდეს ცოდვილთა თუალ-უხუავად და უწყალოდ და მისცემდეს სატანჯველად საუკუნოდ.

რამეთუ კაცმან ოდესმე ძილსა შინა იხილის ხატი, რომელი არა ოდენ უხილავნ და შეძრწუნდის გული მისი და განძჳნდის შიში მისი, ხოლო ჩუენ მოველით საშინელთა მათ პირთა მოსლვად და ხილვად და არა გუეშინის, და დღითი-დღედ დავჰფლავთ ძმათა ჩუენთა და არა ძრწის გული ჩუენი მოლოდებითა მისითა, არამედ მედგრობითა ჩუენითა ესე ყოველი ნაცილ და ტყუვილ გუგონიეს და უგულისჴმოდ, ვითარცა პირუტყვნი თანა-წარჰვალთ ბრძანებასა ღმრთისასა, რომელი მასწავეს ჩუენ მოციქულთა და წინასწარმეტყუელთა მისთა.

და ქებისა წილ და დიდებისა გმობაჲ პირთა ჩუენთა მარადის თანა აქუს წინაშე ღმრთისა, და შრომისა და გულსმოდგინებისა წილ უდებებაჲ და უკეთურებაჲ მარადის შეგჳკრძალავს, ვითარცა უკუდავთა, და არა ვზრუნავთ წარწყმედისა ჩუენისათჳს და არცა გულისჴმა-მჰყოფთ საქმსა ამას საშინელსა, რომელი მარადის ჩუენ ზედა მოიწევის და ნათესავთა და მეგობართა ჩუენთაგან განგუაშორებს, და არა ვიტყჳთ, ვითარმედ: სადა არს, რომელი-იგი გუშინ შუებით ცხონდებოდა და მონათა და მსახურთა უბრძანებდა, დღეს სხუათა მიაქუს იგი საფლავად.


სადა არს მეფე იგი და შარავანდედი, რომელი ჴელმწიფედ სამეუფოთა განაგებდა და წყობითა ნათესავთა დაიმორჩილებდა და მრისხანეს სასტიკებასა ბრძანებდა?

აჰა ეგერა დღეს დაცემულ არს და დადუმებულ, და არა ესმის მას სიტყუაჲ და არცა ჴსნად თავსა თჳსსა შემძლებელ არს და ვერცა გარე მიქცევად ბრძანებასა ღმრთისასა. სადა არიან ინაჴით მსხდომარენი იგი, რომელნი კეთილად განისუენებდეს სოფელსა შინა? - აჰა ესერა ამაოებასა მიცემულ არსა ცხორებაჲ მათი. სადა არიან ბრძენნი იგი მეცნიერნი და მდიდარნი და მრავლის-მეტყუელნი? - აჰა ეგერა დაყოფილ არიან პირნი მათნი და არა საცინელ კაცთა შორის სიბრძნე მათი.

სადა არს ძლიერი იგი და ახოანი, რომელი ძლეულ არს და დაცემულ და მიწასა შერეულ? სადა არიან მდიდარნი იგი და განმცხრომელნი, რამეთუ აჰა ეგერა ტყებითა და ტირილითა სავსე არიან სახლნი მათნი? სადა არიან სასმენელნი იგი პირად-პირადთა სახიობათა მსმენელნი, რომელნი დღეს დაყოფილ და დაჴსნილ არიან და დაკლებულ სმენისაგან? სადა არს ხატი იგი შუენიერი და ჰასაკისა მზუაობარი, რომელი დღეს განრყუნილ არს და მოძულებულ. და ასონი იგი გუამისანი განყოფილ და განბნეულ არიან, და განზრახვაჲ იგი დაუცხრომელ არს, და სიტყუაჲ იგი დადუმებულ არს და მეტყუელებაჲ განქარვებულ არს, და ყოვლითურთ გუამი იგი დაჴსილ არს და მიწა და ნაცარ ქმნილ არს.

კეთილობაჲ იგი მიცვალებულ არს და მოქმედობაჲ იგი ხუროთაჲ დალევნულ არს.
აჰა ესერა, ძმანო ჩემნო, ვხედავთ, რამეთუ ესე ყოველი ჩუენ ზედა მოიწევის. ამიერითგან დაუტეოთ ბოროტი და ვქმნეთ კეთილი, დავსცხრეთ სიცილისაგან და ვევლტოდით ცოდვასა და ყოველსა ამაოებისა საქმესა და არა მოვაკუდინნეთ სულნი ჩუენნი, რაჲთა არა უკუნისამდე ვტიროდით ურთიერთას სიმძლავრესა მას ცეცხლისასა, არამედ მოვიქცეთ სინანულად და მოსწრაფე ვიქმნეთ სულთა ჩუენთა ცხორებისათჳს და მივეახლნეთ საქმითა კეთილითა ღმერთსა და მოვიპოვოთ სარწმუნოებაჲ ჭეშმარიტი და სიყუარული უზაკველი სათნოდ მისა. და რაჟამს ვიხილოთ ძმაჲ ჩუენი, რომელი მიეხოს სიკუდილსა და პირი მისი დადუმებულ იყოს სიტყჳსაგან, და მაშინ ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვიგლოვდეთ მწუხარებით მის თანა და ვეკრძალნეთ თავთა ჩუენთა.

და უწყოდეთ, რამეთუ ჩუენ ზედაცა მოწევნად არს დღე იგი საშინელი და ჩუენდაცა შესუმად არს სასუმელი იგი სიმწარისაჲ. და რაჟამს ვიხილოთ ენაჲ იგი მისი შეკრული და მეტყუელებისაგან დაცხრომილი, არღარა ვბასრობდეთ, არცა ვიცინოდით, არცაღა ამპარტავნობით მზუაობარ ვიქმნეთ, არამედ შიშით და ძრწოლით ვიწყოთ გლოვად და ვიტყოდით: ამაოებით ამაო არს ყოველი ცხორებაჲ კაცისაჲ; სადა არს, რომელმან-იგი საფუძველი დადვა და აღაშენა, სახლსა შინა თჳსსა ვერ დაადგრა?!


სადა არს, რომელმან-იგი დაასხა ნერგი და დაყოფისა მისისაგან ვერღარა ჭამა? სადა არს, რომელმან-იგი დაჰბეჭდა საფასესა თჳსსსა და შეკრა ვაშკარანი ჴელითა თჳსითა, და ბეჭედი იგი ჴელთა მისთა ვერღარა ასტეხეს, და ძალმან მისმან კრული იგი ვერღარა განჰჴსნა, რამეთუ სიმჴნე იგი ძალისა მისისაჲ მოუძლურდა და ამაო იქმნა?

სადა არს, რომელი-იგი დაშურა და განკფდა შეკრებასა მონაგებთასა და სიხარულითა შუებისა მისისაჲთა ვერ განძღა? სადა არს, რომელმან საუნჯენი თჳსნი აღავსნა საფასითა, და იქმნა იგი მისგან განშორებულ და უცხო?
სადა არს, რომელი-იგი წრაფამან მონაგებთამან უცალო ყო და წაწყმიდა, და შენაკრები იგი მისი სხუათა განიყვეს?

სადა არს, რომელი-იგი განკრძალულ იყო სოფლის ცხორებასა და დღეს სწრაფლ სიკუდილმან კარსა მისსა დაჰკრძალა? სადა არს, რომელი შევიდოდა და გამოვიდოდა და იღუწიდა სოფლისა საშუებელთა? - აჰა ესერა განვიდა და არღარ მოიქცეს. სადა არს, რომელი მოგზაურ ექმნა მრავალთა, და დღეს მოგზაურნი მისნი იქცეს და იგი საფლავსა შინა ირღუევის? ჵ საქმე ესე საშინელი, რამეთუ მამაჲ შენი, რომელმან დაგთესა შენ, და დედაჲ შენი, რომელმან გშვა შენ, მოვიდენ კარამდე საფლავისა და დაგიტეონ შინაგან და წარვიდენ!


და რომელნი-იგი პირველ გყუარობდეს და სასურველ იყავ მათ წინაშე, დღეს მოსაწყინელ იქმენ და მოძულებულ მათ მიერ! და ეგრეთვე მეგობარნი შენნი, რომელნი თანასწორად სულისა შენისა შეგერაცხნეს, ვიდრე საფლავად შენდა ოდენ მოგზაურ გექმნეს და მწუხარებასა აჩუენებდეს, და, ვითარცა საფლავი შენი დაჰკრძალეს, ყოველი იგი სიყუარული შენი და მეგობრობაჲ დაივიწყეს, ვითარცა თქუა დავით წინასწარმეტყუელმან, ვითარმედ: „დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი გულითა, და ვიქმენ ვითარცა ჭურჭელი წყმედული" (ფსალმ. 30, 13).

ხოლო უფალი, რომლისაჲ დიდებულ არს სახელი მისი, იგი ხოლო დაადგრეს შენ თანა. ესრეთ ჯერ-არს ჩუენდა გულისჴმის-ყოფაჲ, საყუარელნო, ვითარმედ: ესე ყოველი მომავალ არს ჩუენ ზედაცა.

ამისთჳს თანა-გუაც კრძალვით ცხორებაჲ, ვიდრე მოწევნამდინ ჩუენ ზედა დღისა მის, და შიშით მოღუაწებასა განვემზადეთ ვიდრე მოვლინებამდე ჩუენდა მოციქულისა მისისა, და შევწიროთ მადლობაჲ უფლისა, რომელი ჴელწიფედ განაგებს დაბადებულთა თჳსთა ზედა და გარდაცვალა ცხორებაჲ იგი და განბჭო სიკუდილი, ვითარცა ინება. რამეთუ რომელი გუშინ მფლობელ იყო და განმგებელი ყოველსა მონაგებსა თჳსსა, იქმნა იგი დღეს განგდებულ და შეურაცხ, ვითარცამებრვე მკუდარი და არა-ყოფილი.

და იქმნა იგი უცხო მშობელთაგან და ნაშობთა და ნათესავთა, მონაგებთაგან და მოყუარეთა და მახლობელთა, და ყოველი იგი საფასე და მონაგები, რომელი შრომით შეეკრიბა, გინა მოხუეჭით, სხუათა განიყვეს და იგი მის ყოვლისაგან ცუდი დაშთა და ცალიერი განვიდა სახლით თჳსით.

მაშინ თჳსთა მისთა აღარაჲ სხუაჲ ზრუნვაჲ აქუნდა, არამედ წრაფით განღებაჲ სახლით მისით, რამეთუ მოსაწყინელ და სამძიმარ არნ იგი მიერ ჟამთაგან, ვიდრემდის მივიდიან საფლავსა და დაუტევიან იგი მარტოჲ და წარვიდიან სახედ თჳსად, რომელ იგიცა სხუათა მიცემად არნ უკუანაჲსკნელ მიწევნასა სიკუდილისასა, და სწრაფით მონაგებსა მისა განიყოფდიან.

და აწ ვიხილოთ, თუ სადა არს იგი, რომელმან შეკრიბა და იზრუნა და აღაშენა და შეამკო, თუ რაჲ სარგებელ ეყო მას, რომელი-იგი დაუტევა, გინა ვინ არიან, რომელნი იშუებენ მას ზედა.
ანუ თუ უმეცარ ხართ, ძმანო ჩემნო, ამას ყოველსა, რომელსა-ესე ვიტყჳ? ანუ არა ჴელითა თქუენითა დღითი-დღედ დაჰფლავთა მკუდართა და უწყით, მოწევნადი იგი?

რაჲსათჳს არა ვზრუნავთ სულთა ჩუენთათჳს, ვიდრე მოწევნამდე სიკუდილისა, რამეთუ მრავალ არიან, რომელნი თქუენ მიერ დაფლულ არიან და მრავალთა მკუდართა საქმესა ზედამდგომელ ქმნულ ხართ და ამისთჳს ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა გულისჴმა-ჰყოთ, ვითარმედ: რომელთა აღაშენეს უცნობელად, წარწყმედულ იქმნეს; და რომელთა დაასხეს ვენაჴი, ვერღარა მოსთულეს; და რომელთა იქორწინეს სიხარულითა მეუღლისაჲთა, ვერღარა განძღეს; და რომელნი გჳრგჳნოსან იქმნეს ჟამსა სიძობისასა სიხარულითა სძლისაჲთა, ვერ განიხარეს; და რომელთა შვილ-ისხნეს და აღიზარდნეს, მოწევნასა სიკუდილისასა ვერაჲ ირგეს. და უწყით, საყუარელნო, რამეთუ ყოველნი მოსიკუდიდ ვართ მათ თანავე, რომელნი მოსწყდეს.

და ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ვიგლოვდეთ და ვტიროდით თავთა თჳსთათჳს და არა მკუდართა ზედა, რამეთუ რომელი ტიროდის და იგლოვდეს მკუდარსა ზედა, არაჲ სარგებელ ეყოს მას, ხოლო რომელი ტიროდის თავისა თჳსისა და თჳსთა ცოდვათათჳს, იგი სარგებელ ეყოს სულსა თჳსსა, რამეთუ სიკუდილი ხარკი არს სათანადოჲ, და ვერ ეგების, ვითარმცა არა ყოველთა შევსჳთ სასუმელი ესე სავსე სიმწარითა, რომელიცა მოიგო მამამან ჩუენმან ადამ ურჩებითა, რაჟამს-იგი გარდაჰჴდა ბრძანებასა უფლისასა თჳსისასა; რამეთუ დაუტევნა მცნებანი მისნი და ეშმაკისაგან განცდილ იქმნა და ძლეულ, ვიდრემდის განივლინა იგი სამოთხით საშუებლისაჲთ და მოიცვალა იგი სოფელსა ამას საჭირველსა, და ეუფლა ნაშობთა მისთა ზედა განწესებულ არს და დაბეჭდულ.

და ვერ ეგების, ვითარმცა არა ყოველნი წარვდეგით მის წინაშე დღესა მას სასჯელისასა შიშუელნი ძრწოლითა დიდითა. მაშინ მიაგებდეს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ, უკუეთუ ვინმე კეთილი ქმნა, გინა ბოროტი. რამეთუ ყოველნი საქმენი ჩუენნი დამარხულად დგენ წინაშე მისა. და არარაჲ მათგანი თანა წარჰვალს მას არცა მცირე, არცა დიდი, არცა ცხადი, არცა დაფარულნი. ამისთჳს ვევედრნეთ ღმერთსა და შემწე ვიყოთ იგი ჟამისა მისთჳს საშინელისა, რამეთუ არავინ მიჴსენებს ჩუენდა შემეწიოს ჟამსა ჭირისა თჳნიერ მისა.

და აწ ვითარმე ვიგლოვთ მათთჳს, რომელნი წარვიდეს და მიიცვალნეს ჩუენგან და ჩუენ ადრე კუალსა მათსა შედგომად ვართ, და იგინი ჩუენდა არღარა მოიქცევიან.


არამედ ესღა მითხართ თქუენ, რომელი-იგი დაჰფლავთ მკუდართა: რაჲთა ესოდენ მოსწრაფე ხართ და გნებავს ადრე-ადრე განღებაჲ სახლისაგან თქუენისა და გწადის მალიად განშორებაჲ ნათესავისა თქუენისაჲ თქუენგან, რომელი-იგი გუშინ სასურველ იყო თქუენ წინაშე და საყუარელ? ხოლო იგი იტყჳს: რაჲთა არა დაჰჴსნდეს და დალპეს და ეუფლოს მას სიმყრალე. და უკუეთუ ესე უწყით, ვითარმედ ესევითარსა ხრწნილებასა მიიცვალების კაცი, რაჲსათჳს უდებ ვართ და მცონარ და ვჰგონებთ, ვითარმედ მრავალთა წელთა ცოცხალ ყოფად ვართ და მწოდებელი იგი ჩუენი კართა ზედა ჩუენთა დგას?

ხოლო ჩუენ ვისწრაფით მონაგებთა შეკრებასა, რომელი-იგი სხუათა დაიუნჯონ და იხარებდენ მას ზედა შემდგომად ჩუენსა. და ჩუენ მისგანსა თანა ვერარას წარვიღებთ და არცა რაჲ სარგებელ არს ჩუენდა, არამედ ცოდვაჲ ხოლო და ბრალი. შეკრებასა მისსა განვამრავლოთ შუებაჲ, და განსუენებაჲ მისი სხუათა მიიღიან, და არარაჲ მისგანი სარგებელ მეყოს ჩუენ: არცა ძენი, არცა ასულნი, არცა ძმანი, არცა დანი, არცა მშობელნი, არცა ნათესავნი, არცა საფასე, არცა მონაგებნი, არამედ საქმენი ხოლო კეთილნი, რომელნი ვქმნენით სოფელსა ამას შინა.

იგი ხოლო იპოვნენ შემწედ ჩუენდა, რამეთუ სიკუდილი განჰყოფს ყოველსა და განაშორებს ურთიერთას მშობელთა და მეგობართა, არამედ სული ჴორცთა ჩუენთა

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1232 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები