23:33 წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი-გარეგანი ადამიანის ნაკლებფასეულობასა და არსებული სინამდვილის ამაოებაზე. | |
ვინ ვიყავ? ვინ ვარ ამჟამად? და რად შევიქმნები ხანმოკლე დროის შემდეგ? სად წამიყვან და სად დამადგინებ, დიდებულ ქმნილებას, უკვდავო, თუკიღა არსებობს დიადი ქმნილებათა შორის? ჩემი აზრით კი, ჩვენ ერთდღიანი უმნიშვნელო ქმნილებანი ვართ და ამაოდ ავიმაღლებთ თავს, თუ ჩვენში მარტოოდენ ისაა, ადამიანები რასაც ხედავენ და სხვა არა გაგვაჩნია რა, გარდა დასაღუპავი ცხოვრებისა.
წინწკლებიანი შვლის ნუკრი გაჩნდება თუ არა, მაშინვე დგება ფეხზე დედის შორიახლოს, სისხლისმსმელ ქოფაკებსა და მსწრაფლმსრბოლ ცხენს გაურბის, უღრანი ტყის დაბურულ კორომებს აფარებს თავს. დათვნი, სიკვდილისმომტან ბრანგვთა მოდგმა, ლომნი, ქარივით სწრაფი ვეფხვნი და ფოცხვერნი, დალანდავენ თუ არა რკინას (იარაღს), მაშინვე ენთებიან და ძლიერ მონადირეებს მძვინვარედ ესხმიან თავს. სულ ცოტა ხნის წინ ღინღლით დაფარული ფრინველი უკვე ბუმბულით შემოსილა და ჰაერის კამარაში ზემოდან დასტრიალებს თავის ბუდეს. ოქროსფერმა ფუტკარმა ეს-ესაა დატოვა კლდის ნაპრალი და მოპირდაპირე მხარეს უკვე სავანეს იკეთებს და სახლს ტკბილი ნაყოფით ავსებს; ყოველივე ეს კი - ერთი გაზაფხულის ნაშრომია. ყველა დანარჩენთ მზა საზრდელი აქვთ, ყველას მიწა უმასპინძლდება. მღელვარე ზღვას არ აპობენ და მიწას არ ხნავენ; ბეღლები არ გაჩნიათ, არა ჰყავთ ღვინისმწდეველები. შურდულივით სწრაფ ჩიტებს საკუთარი ფრთები ასაზრდოვებენ, მხეცებს - ხეობები. თუკი შრომობენ, ისიც ერთდღიანი მცირე სამუშაო აქვთ. ვეებერთელა ლომი კი, როგორც მსმენია, თავის მიერვე მოკლულ ნადირს რომ გაგლეჯს, ნასუფრალს აღარ ეკარება. იმასაც ამბობენ, ერთ დღეს რომ შეჭამს რამეს, მეორე დღეს ხარბ ხახას მხოლოდ წყლით თუ გაისველებსო, რათა თავშეკავება ასწავლოს სტომაქს. ამგვარად, მათი ცხოვრება შრომით არა არის დამძიმებული. ლოდებსა თუ ტოტებქვეშ ყოველთვის გამზადებული აქვთ ბინა. ჯანმრთელნი არიან, ძლიერნი, მშვენიერნი. როცა სნეულება გასტეხთ, სევდის გარეშე ამოუშვებენ ხოლმე უკანასკნელ ამოსუნთქვას, სამარის კარამდე ტირილისმომგვრელი საგალობლებით არ მიაცილებენ ერთმანეთს, თმებს არ იგლეჯენ ახლობელნი. ვიტყვი მეტსაც: თრთოლვის გარეშე კარგავენ სიცოცხლეს; და მხეცი, კვდება რა, არანაირ ბოროტებას არ უშინდება.
დროთა განმავლობაში მანამდე დადუმებულმა ხმამ ტიტინი იწყო და მასში ჩემი გონებაც გამოკრთა. შემდეგ და შემდეგ, უკვე სხვების დახმარებით, ტირილით გამოვითხოვე ჩემთვის სიტყვა. ოცი წლისა მოვიწიფე, მაგრამ მანამდე, როგორც სარბიელზე მსრბოლმა, მრავალი მარცხიც ვიწვნიე. ზოგი რამ ჩემთან დარჩა, ნაწილი ჩემთვის უკვე დაიღუპა, ზოგიერთზე კი (დე, უწყოდე, სულო ჩემო!) ჯერეც გარჯა მოგიწევს, განვლი ცხოვრებას - ამ შენთვის სავსებით უცხო დინებას, ველურ ნაღვარევს, აბობოქრებულ ოკეანეს, განუწყვეტელი ქარებისაგან ხან აქ, ხან იქ ყალყზე რომ დგება. ხშირად ვყოფილვარ საკუთარი განუსჯელობით ღელვა-გვემული, ზოგჯერ კი ჩვენი ცხოვრების მტერს - დემონს მოუგვრია შფოთი.
აი, ცხოვრებაში სასიამოვნოც: ნაყროვანება, სტომაქის ავსება, სიმღერა, სიცილი, მუდამ გახრწნილი გვამებით პირთამდე სავსე კუბო; საქორწინო საჩუქრები, ქორწინება, მეორე ქორწინება, თუკი პირველი დაირღვა, მრუშნი, მრუშთა შეპყრობა; ბავშვები - საგანგაშო მწუხარება; სილამაზე - მატყუარა მისატყუარი; სიმახინჯე - უდანაშაულო ბოროტება; საზრუნავი კეთილ ბავშვებზე, სევდა უკეთურებზე; სიმდიდრე და სიღატაკე - მრჩობლი ბოროტება, ამპარტავნება, სიამაყე - ეს ყველაფერი ხელიდან ხელში ბუშტივით რომ მიმოფრენს ახალგაზრდებში.
ეს იუდა სადღაა, ათორმეტთა შორის შერაცხილი? - წყვდიადს მოუცავს მცირედი ანგარებისთვის.
კიდევ ზამთარი, კვლავაც ზაფხული; ხან გაზაფხული, ხან - შემოდგომა; დღენი და ღამენი - სიცოცხლის ორგვარი ზმანებანი; ცა, ჰაერი, ზღვა, - ყველაფერ ამაში და რაც არ იძვრის და რაც იძვრისია, არაფერია ჩემთვის ახალი, ყველაფრით ავსილი ვარ. მომანიჭე სიცოცხლე სხვაგვარი და სამყარო სხვაგვარი, რისთვისაც შრომის ყოველგვარ სიძნელეს სიხარულით გადავიტანდი. ნეტავ მოვმკვდარიყავ, დედის საშოში როცა აღმბეჭდე; რამეთუ როგორც კი ვიწყე სიცოცხლე, ჩემს ხვედრად იქცა სიბნელე და ცრემლი.
აქ ყოველივე ერთი მტვერია, რომელიც თვალებს მივსებს და ღვთიურ სინათლეს სულ უფრო და უფრო განვეშორები, კედელ-კედელ, ხან აქ, ხან იქ - ხელისცეცებით, დავხეტიალობ დიდი ცხოვრების მიღმა. გავკადნიერდები ერთ მართალ სიტყვაზე: ღვთის თამაშია ადამიანი, ერთი იმათთაგანი, ქალაქებში როგორსაც ვხედავთ. გარედან ხელით ქმნული ნიღაბი აქვს აფარებული; ხოლო როდესაც ჩამოხსნილი აქვს, სირცხვილისაგან ვქვავდები, მოულოდნელად ისეთი სხვაგვარი გამოგვეცხადება. ესევითარია საბრალო მოკვდავთა მთელი ცხოვრება. ზოგიერთებს გულზე მეოცნებე იმედი მოჰფენია, თუმცაღა თავს დიდხანს არ იქცევენ. როგორადაც წყაროსთვალიდან გამომდინარე ნაკადული მირაკრაკებს სწორ დაბლობზე, ხოლო მოგიზგიზე ცეცხლმა მარტოდენ ერთი უცვლელი გზა იცის - ზევით ივლტოდეს: ასევეა ადამიანიც დიდებული; იგი ანგელოზიც კია, როცა გველის პერანგივით სიბერეს განიძარცვავს რა, აღმვალს აქედან - ზეცად. ზეიმობდეთ ხუცესნო, მე მოვკვდი! და თქვენც, ბოროტო მეზობლებო, აღარ შეგიპყრობთ, როგორც უწინ, თრთოლვა ჩემს გამო! თავადვე უღობავთ გზას მიწყივცოცხალი მეუფის წყალობას. მე კი, დაუტევე რა ყოველივე, მიპყრიეს ერთი - ჯვარი, ნათელი სვეტი ჩემი ცხოვრების. ხოლო როდესაც აქედან ვიქნები წარტაცებული და შევეხები ცათამიღმიურ მსხვერპლთ, რომელთაც ვერ მიეახლება დაფარული ბოროტება - შური; მაშინ (თუ დასაშვებია ამის თქმა) შურიანებისთვისაც ვილოცებ ყოველგვარი შურის გარეშე.
სიმდიდრე არაა საიმედო; საყდარი - სიზმარას მზვაობრობაა; ქვეშევრდომობა სამძიმოა; სიღატაკე - ბორკილებია; სილამაზე - ელვის ხანმოკლე ციაგია; ახალგაზრდობა - დროებითი დუღილი; ჭაღარა - სიცოცხლის წუხილიანი ჩასვენება; სიტყვები მიფრინავენ; დიდება - კვამლია; კეთილშობილება - ძველი სისხლი; ძალა - ველური ტახის მონაპოვარიცაა; განძღომა სითავხედეა; მეუღლეობა - უღელი; მრავალშვილიერება - გარდაუვალი საზრუნავი; უშვილობა - ავადმყოფობა; სახალხო შეკრებები - მანკიერებათა სასწავლებელი; უმოქმედობა ადუნებს; მოჩვენებითობა მიწაზე მხოხავთ შეჰფერით; სხვისი პური მწარეა; მიწათმოქმედება ძნელია; მეზღვაურთა დიდი ნაწილი დაიღუპა; მამული - საკუთარი ორმოა; სხვისი მხარე - კიცხევაა; მოკვდავთ ყველაფერი უძნელდებათ; ყველაფერი აქაური - სიცილია, ბუსუსია, აჩრდილია, მოლანდებაა, ცვარია, სიოა, ბუმბულია, ორთქლია, სიზმარია, ტალღაა, ნაკადულია, ხომალდის კვალია, ქარია, მტვერია, წრეა, მიწყივ მბრუნავი, განმაახლებელი ყოველი უწინდელის მსგავსისა, უძრავიცა და მოქანავეც, დაქცევადიც და უცვალებელიც - წლის დროებში, დღეებში, ღამეებში, შრომაში, სიკვდილებში, საზრუნავებში, თავშესაქცევებში, სნეულებებში, დაცემებში, წარმატებებში. და ეს საქმეა შენი სიბრძნისა, მშობელო და სიტყვაო (ლოგოსო), რომ ყველაფერი არამდგრადია, რათა უცვალებელისადმი სიყვარული შევინარჩუნოთ! ყოველივე მოვვლე მე გონების ფრთებით - ძველიცა და ახალიც; და არაფერია მოკვდავზე უძლური; ერთია მხოლოდ მშვენიერი და მტკიცე ადამიანისთვის; აღიღებს რა ჯვარს, გარდასახლდეს იმიერ . მშვენიერია ცრემლი და ამოოხვრანი, გონება, ღვთიური იმედებით ნასაზრდოები და განწმენდილებთან თანაზიარობაში შესული ზეციური სამების განათებანი. მშვენიერია უგუნური თიხისაგან მიწისა განდრეკა, ჩვენს მიერ ღვთისაგან მიღებული ხატების შეუბღალავად დაცვა. მშვენიერია, იცხოვრო ცხოვრებისადმი გაუცხოებული ცხოვრებით, და ერთ სამყაროს რომ გაცვლი მეორეზე, მოთმინებით გადაიტანო ყველა წუხილი. | |
|