სამშაბათი, 23.04.2024, 13:34
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » გვპასუხობს მოძღვარი.
00:09
გვპასუხობს მოძღვარი.

მყავს მოძღვარი. ჩემს ცოდვებს შორის ზოგი ისეთიც ურევია, რომ მოძღვრისთვის მათი თქმა მეუხერხულება, რათა მეტისმეტად არ შევრცხვე. მირჩევნია, ეს ცოდვები გარეშე, სულ უცხო მღვდელს გავუმხილო, რომელსაც სხვა დროს არასოდეს ვნახავ. ხომ არაფერს დავაშავებ ჩემი საქციელით?

შეიძლება თუ არა ცხვრის დაკვლა ეკლესიის ტერიტორიაზე?

უფალს დავპირდი ცხვრის შეწირვას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევასრულე. ჩამეთვლება თუ არა ეს ცოდვად?

შეიძლება თუ არა ჯადო გაუკეთონ ნაზიარებ პიროვნებას და როგორ შეიძლება ჯადოს მოხსნა მართლმადიდებლური წესით?

რატომ არის საჭირო ცოდვის ჩადენის შემდეგ მალევე მონანიება?

შუაგულ ლოცვაში ჩემთან მოვიდნენ ახლობლები. როგორ უნდა მოვიქცე: დავაცდევინო და ლოცვის დამთავრების შემდეგ ვისტუმრო, თუ შევწყვიტო ლოცვა და მივეგებო?

გთხოვთ გვიპასუხოთ, ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და რომელი წმიდანების ხატები უნდა ვიქონიოთ სახლში?

როცა მე დაღლილი ვარ და საჭიროა დასვენება, შეიძლება თუ არა ჩემს თავს ვაიძულო მოღვაწეობა?

ზოგჯერ მთხოვენ ვილოცო მათთვის, მე კი ჩემთვის ლოცვაც არ შემიძლია.

შეიძლება თუ არა დამოძღვრო უცხო, სხვა ადამიანი, როცა იგი არ გეკითხება?

მართლმადიდებლური სარწმუნოების თანახმად, რა არის ფანატიზმი?

რატომ კრძალავს ზოგიერთი მოძღვარი ლათინოამერიკული სერიალების ყურებას?

 




პასუხები:

- მყავს მოძღვარი. ჩემს ცოდვებს შორის ზოგი ისეთიც ურევია, რომ მოძღვრისთვის მათი თქმა მეუხერხულება, რათა მეტისმეტად არ შევრცხვე. მირჩევნია, ეს ცოდვები გარეშე, სულ უცხო მღვდელს გავუმხილო, რომელსაც სხვა დროს არასოდეს ვნახავ. ხომ არაფერს დავაშავებ ჩემი საქციელით?

- ვინც თავისი მოძღვრისგან სხვა მღვდელმსახურთან მიდის საკუთარი ცოდვების დასაფარავად და მალულად მოსანანიებლად, იგი თვით სინანულისა და აღსარების საიდუმლოს შეურაცხყოფს. ჩვენ აღსარებას ვეუბნებით ღმერთს და არა მღვდელს. არსებობს ცრუ სირცხვილი, რომელიც წინ ეღობება ადამიანის გულახდილობას. ამიტომ ჩვენ თავს უნდა ვუთხრათ, რომ მივდივართ არა ადამიანის წინაშე ცოდვების საღიარებლად, არამედ უფლის წინაშე. რადგან მოძღვარი ის ადამიანია, ვინც ჩვენს სწორ რელიგიურ ცხოვრებას წარმართავს, მას უნდა ვუთხრათ ყოველივე დაუფარავად, რათა სწორი მკურნალობა მივიღოთ მისგან. სწორედ ის ცოდვები, რომლებიც სასირცხვილოდ მიგვაჩნია, შეიძლება აღმოჩნდეს ამ მკურნალობის უმთავრესი ორიენტირი.



- შეიძლება თუ არა ცხვრის დაკვლა ეკლესიის ტერიტორიაზე?

- ცხვრის დაკვლა ეკლესიის ტერიტორიაზე არ შეიძლება - ეს ადგილი წმიდად უნდა იყოს დაცული და არ უნდა დაბინძურდეს. დღეისათვის, საზოგადოდ, ამ აქტს დაეკარგა მსხვერპლშეწირვის არსი, რომელიც ძველ აღთქმაში ჰქონდა.

მაშინდელი მსხვერპლშეწირვა, მას შემდეგ, რაც ქრისტემ ნებაყოფლობით იტვირთა ჩვენი ცოდვები ჯვარზე გაკვრით, შეიცვალა უსისხლო მსხვერპლშეწირვით.

დღეისათვის ცხვრის დაკვლა უკავშირდება მოწყალების გაცემას - ამიტომ ხშირად მას ასეც უწოდებენ - „საღვთოს"! („საღვთო" ნიშნავს, რომ დაკლული ცხვარი უნდა გაუნაწილდეს გაჭირვებულ ადამიანებს, რითაც ვიქმთ საღვთო მადლიან საქმეს და არა იმას, რომ თვით ჩვენ შევექცეთ და ჩვენი უწესრიგობით უფლის საწინააღმდეგო საქმეები ჩავიდინოთ). 



- უფალს დავპირდი ცხვრის შეწირვას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევასრულე. ჩამეთვლება თუ არა ეს ცოდვად?

- უფლის მიმართ რაიმე პირობის დადება არ არის შესაფერისი საქციელი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, რადგან, როგორც წმიდა წერილი გვამცნობს, საკუთარი ძალისხმევით ადამიანს ერთი თმის ღერის შეცვლაც კი არ შეუძლია. უფალს აღთქმა იმიტომ არ უნდა დავუდოთ, რომ ჩვენ, შესაძლოა, ვერ შევძლოთ მისი აღსრულება, მაგრამ თუ მაინც ვდებთ ასეთ პირობას, მაშინ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ მის შესასრულებლად; თუ ცხვარს ვერ დავკლავთ (ანუ ამ გზით ვერ ვიქმთ მოწყალების მადლს), მაშინ მისი საფასურის შეწირვა შეგიძლია ეკლესიისთვის - ჯანმრთელის სადღეგრძელოდ თუ გარდაცვლილის მოსახსენიებლად.



- შეიძლება თუ არა ჯადო გაუკეთონ ნაზიარებ პიროვნებას და როგორ შეიძლება ჯადოს მოხსნა მართლმადიდებლური წესით?

- ადამიანზე, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს - აღსარებას ამბობს და ეზიარება - ჯადო არ მოქმედებს. თავისთავად ჯადოს არსებობას ეკლესია არ უარყოფს. ეს არის ეშმაკის განგებით მიყენებული ვნება. ურწმუნო ადამიანზე მას აქვს უარყოფითი გავლენა. ჯადოს მოხსნისთვის პირველ რიგში აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, ხოლო კონკრეტულად ეს ხდება სათანადო ლოცვების მეოხებით, რომლებსაც კითხულობს ეპისკოპოსი, ან მისი კურთხევით, რომელიმე მღვდელმსახური.



- რატომ არის საჭირო ცოდვის ჩადენის შემდეგ მალევე მონანიება?

- ცოდვა გვაშორებს მადლს უფლისას. ყოველი ცოდვა, სინანულისაგან განუწმენდელი, საკუთარი ტვირთის სიმძიმით იწვევს სხვა ცოდვას.



- შუაგულ ლოცვაში ჩემთან მოვიდნენ ახლობლები. როგორ უნდა მოვიქცე: დავაცდევინო და ლოცვის დამთავრების შემდეგ ვისტუმრო, თუ შევწყვიტო ლოცვა და მივეგებო?

- უნდა შეწყვიტოთ ლოცვა (სიყვარული ყოველივეზე აღმატებულია), მიიღოთ სტუმრები და როდესაც წავლენ, განაგრძოთ ლოცვა.



- გთხოვთ გვიპასუხოთ, ვისთან გავარკვიოთ ხატის კანონიკურობა და რომელი წმიდანების ხატები უნდა ვიქონიოთ სახლში?

- უძველესი დროიდან ხატები იქმნება ხატმწერთა მიერ, რომელთაგან მრავალნი ბერები იყვნენ. ხატის შექმნამდე ხატმწერი ბევრს ლოცულობდა და მარხულობდა. ამიტომაც, მრავალი უძველესი ხატი სასწაულთმოქმედი გახლდათ.

დღეისათვის ხატებზე დიდი მოთხოვნილებისა და, ასევე, მხატვრის მიერ შესრულებული ხატების სიძვირის გამო, ეკლესიის მიერ დაშვებულია ლითოგრაფიული გამოსახულებანი. მაგრამ მიუხედავად იმისა, თუ რა ხერხით იქნება შესრულებული ხატები, მათ უნდა მოვეპყრათ კეთილმოშიშებითა და კრძალვით.

უმჯობესია ხატების შეძენა მონასტრებსა და ტაძრებში, რათა არ შეგეშალოთ და მაღაზიაში არამართლმადიდებლური ხატი არ შეიძინოთ. ხოლო, თუ უკურთხებელს შეიძენთ, ის ხატი აუცილებლად უნდა აკურთხებინოთ. თუკი თქვენს მიერ შეძენილი ან საჩუქრად მიღებული ხატი მართლმადიდებლური კანონიკის მიხედვით რაიმე ეჭვს იწვევს თქვენში, მის თაობაზე აუცილებლად უნდა დაეკითხოთ მღვდელმსახურთ. მორწმუნეებს სახლში, როგორც წესი, აქვთ შემდეგი ხატები: მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, თავიანთი მოსახელე წმინდანის, აგრეთვე განსაკუთრებული პატივით მოსილი წმინდანებისა.

რაოდენობრივად თქვენ არავინ არ გზღუდავთ: შეგიძლიათ იქონიოთ იმდენი ხატი, რამდენიც გაგეხარდებათ. თუ ხატი უსარგებლო გახდა (დაიკარგა გამოსახულება, გაფერმკრთალდა, დაზიანდა) იგი უნდა დაიწვას, ან სუფთა ადგილას დაიმარხოს.



- როცა მე დაღლილი ვარ და საჭიროა დასვენება, შეიძლება თუ არა ჩემს თავს ვაიძულო მოღვაწეობა?

- როცა თქვენ დაღლილი ხართ, არ არის საჭირო საკუთარი თავის იძულება. თუ სხეულს არ მისცემთ დასვენების საშუალებას და დაღლილობისას აიძულებთ თავს ილოცოთ, თქვენ არასოდეს არ გექნებათ სულიერი სიმშვიდე.



- ზოგჯერ მთხოვენ ვილოცო მათთვის, მე კი ჩემთვის ლოცვაც არ შემიძლია.

- ნუ იტყვით უარს სხვისთვის ლოცვაზე იმ შიშის გამო, რომ თქვენთვისაც არ შეგიძლიათ ლოცვა. გეშინოდეთ იმისა, რომ თქვენთვისაც ვერ ილოცებთ, თუ სხვისთვის არ ილოცებთ (მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი).



- შეიძლება თუ არა დამოძღვრო უცხო, სხვა ადამიანი, როცა იგი არ გეკითხება?

- ბერ იოსებ ოპტინელს არ უყვარდა სხვების დამოძღვრა შეკითხვის გარეშე. ძველი მამებიც არ ასწავლიდნენ არავის, თუ არ შეეკითხებოდნენ, თვლიდნენ რა ამას უქმმეტყველებად.



- მართლმადიდებლური სარწმუნოების თანახმად, რა არის ფანატიზმი?

- მართლმადიდებლობა ცოცხალ ღმერთთან კავშირის ერთადერთი საშუალებაა. ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. ამიტომ მართლმადიდებელი ადამიანი, როგორც ღმერთთან დაკავშირებული, თავადაც სიყვარულის მატარებელი ხდება; ფანატიკოსი, ამის საპირისპიროდ, სიძულვილის მატარებელია.

მართლმადიდებლობა სიცოცხლეა, ვითარცა სიცოცხლის წყაროსთან, ცოცხალ ღმერთთან დამაკავშირებელი; ფანატიზმი სიკვდილია (ეტიმოლოგიურადაც ამ მნიშვნელობისა). მართლმადიდებლობა სულის სიხარულია; ფანატიზმი მწუხარება. მართლმადიდებლობა სხვებში კეთილის დანახვის უნარია; ფანატიზმი სხვათა ცუდის მაძიებელია.

მართლმადიდებელი საკუთარ ცოდვებს ხედავს; ფანატიკოსი სხვებისას. მართლმადიდებელი სხვათა სათნოებას ხედავს; ფანატიკოსი საკუთარი ნების მორჩილია; მართლმადიდებელი სარწმუნოებაში მის არსს ჭვრეტს; ფანატიკოსი ფორმის იქით ვერაფერს ხედავს.

მართლმადიდებელი ყოველ ადამიანში ქრისტეს შვილს ხედავს; ფანატიკოსი თითქმის ყველაში ღვთის მოწინააღმდეგეს. მართლმადიდებლისათვის სჯული ადამიანისთვისაა; ფანატიკოსისთვის ადამიანია სჯულისათვის. ამიტომ მართლმადიდებელი, როგორც სჯულის შინაარსის გამგები, მოწაფეა ქრისტესი; ხოლო ფანატიკოსი, ვითარცა სჯულის კერპადმქცეველი, ქრისტეს ჯვარმცმელია. მართლმადიდებლობა სიმდაბლით იკვებება; ხოლო ფანატიზმის მიზეზი სატანის ცოდვაში, ანუ სიამაყეშია საძებნი.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- რატომ კრძალავს ზოგიერთი მოძღვარი ლათინოამერიკული სერიალების ყურებას?

- ტელესერიალები თვისობრივად განსხვავდება ჩვეულებრივი ფილმებისაგან. იგი პერმანენტულად გრძელდება თვეობით; ზოგჯერ კი წლობითაც.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი, როგორც ხელოვნების ნიმუში ძალზე მდარე ხარისხისაა (ამის გამო აჩლუნგებენ ადამიანთა ესთეტიკურ გრძნობებს და ესეც მათგან მიყენებული ერთ-ერთი ზიანი და ბოროტებაა), ისეთნაირად არიან გადაწყვეტილნი, რომ ითრევენ მაყურებლებს და ამ უკანასკნელთ აღარ აქვთ უნარი, მოწყდნენ მათ. ტელესერიალები აიძულებენ ადამიანებს, თვეებისა და წლების განმავლობაში სხვისი ცხოვრებით იცხოვრონ.

ამის გამო აშორებენ რეალობას და ამით ღმერთსაც, რამეთუ ადამიანი ღმერთს მხოლოდ რეალურ სამყაროში, ცხოვრებაში იპოვის. ტელესერიალები ადამიანებს დღის განმავლობაში ართმევენ გონებრივი ღვაწლისა და შემოქმედებისათვის საუკეთესო დროს - 19-21 საათის შუალედს. ისინი ადამიანს აჩლუნგებენ გონებრივად და აგიპნოზებენ სულიერად. ყოველივე ზემოთქმულის გამო ტელესერიალების ყურება აუცილებლად შეაფერხებს ადამიანის სულიერ განვითარებას.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1720 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები