შაბათი, 20.04.2024, 14:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » გვპასუხობს მოძღვარი.
00:14
გვპასუხობს მოძღვარი.

არის თუ არა ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვა?

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სიგარეტი ჯანმრთელობას ვნებს, რატომ არის მისი მოწევა ცოდვა? მას ხომ ზოგიერთი მღვდელიც ეწევა?

უნდა სცემოს თუ არა მართლმადიდებელმა სექტანტი, როგორც ამას ბასილ მკალავიშვილის მომხრეები სჯულის კანონის გამოყენებით ამტკიცებენ?

რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს პირველი აღსარების თქმა?

შეიძლება თუ არა ტრანსპორტში მყოფმა ეკლესიის დანახვისას გადაიწეროს პირჯვარი?

როდის გადასცემენ ანათემას ადამიანს? რას ნიშნავს ანათემა?

როგორ ხდება ე. წ. ჯვრის აყრა განქორწინებულებს შორის?

რატომ დაუშვა ღმერთმა ამდენი რელიგიის არსებობა?

რატომ მივმართავთ ღმერთს შენობით?

რატომ არ შეიძლება, მართლმადიდებლურ ტაძრებში ვილოცოთ დამსხდრებმა ისევე, როგორც ქრისტიანობის სხვა კონფესიებში?

რატომ უნდა შევიდეს ტაძარში ქალი ან გოგონა აუცილებლად თავსაბურველით

ჩემს ახლობელს, რომელიც არამართლმადიდებელ ქვეყანაში ცხოვრობს, გამგზავრების წინ მოძღვარმა კურთხევა მისცა, ელოცა კათოლიკურ ტაძარში. შეიძლება თუ არა ეს?

 




პასუხები:

- არის თუ არა ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვა?

- ტყუილის მამად წმ. წერილში ეშმაკი იწოდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვაა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ფორმით ტყუილი არსობრივად არა ტყუილი, არამედ სიმართლის დამალვაა. ამის კლასიკურ მაგალითად გამოდგება წმ. თევდორე მღვდლის მიერ მომხვდურთა არასწორი გზით წაყვანა. მან ფორმით ტყუილი თქვა, მაგრამ სინამდვილეში წმინდა მოძღვარმა ქართველთა მეფის ადგილსამყოფელის შესახებ სიმართლე დამალა, რითაც სამშობლო მორიგი უბედურებისაგან იხსნა.

ტყუილს ყოველთვის ბოროტება მოაქვს, რადგან მისი სათავე ეშმაკია. ხოლო სიმართლის დამალვას ხშირად კეთილი ნაყოფი გამოაქვს. ამიტომ რიგ შემთხვევებში იგი ვერ ჩაითვლება ტყუილად, თუნდაც გარეგნულად ეს ასეთად ჩანდეს. მაგრამ ღრმა სულიერება სჭირდება გარჩევას, როდის ითქმება ტყუილი და როდის სიკეთისათვის სიმართლე იფარება; ადამიანიც ყოველთვის უნდა ფრთხილობდეს, რომ ანგარებისა და გამორჩენის მიზნით ნათქვამი აშკარა ტყუილი სიკეთის მომტან სიმართლის დაფარვად ანუ "საქმისათვის საჭირო" ტყუილად არ მოეჩვენოს.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- თავი რომ დავანებოთ იმას, რომ სიგარეტი ჯანმრთელობას ვნებს, რატომ არის მისი მოწევა ცოდვა? მას ხომ ზოგიერთი მღვდელიც ეწევა?

- წმ. პავლე მოციქული გვმოძღვრავს, რომ ყველაფრით, ყოველი ჩვენი საქმიანობით, ყოფითი ცხოვრებით ღმერთი უნდა ვადიდოთ. რელიგიური გაგებით ადამიანი დინამიური არსებაა. იგი ან უახლოვდება ან შორდება მას. თუ შენი ცხოვრებით ღმერთი არ იდიდება, მაშინ ცილდები უფალს; თუ შენი გზა ღვთისკენ არ მიდის, მაშინ სცილდები მას.

და სწორედ ეს არის ცოდვა. ამგვარი შეფასებით აშკარა ხდება ცოდვიანობა თამბაქოს წევისა. შეიძლება შედარებაც კი მოვიყვანოთ: მაგალითად, ჭიქა ღვინით შეიძლება ღვთის დიდება. ეს ქართულ სუფრაზეც კარგად ჩანს, ხოლო სიგარეტის გაბოლებით ვერანაირად ადიდებ უფალს - პირიქით, გაბოლება და იმავდროულად უფალზე საუბარი, მით უმეტეს, თუ ეს წმ. ხატებთან ხდება, რა თქმა უნდა, ღვთის შეურაცხყოფაა. 

არ უნდა დაგვავიწყდეს თამბაქოს და მისი მოწევის წარმართული წარმომავლობაც. იგი ხომ ამერიკელი ინდიელების საკმეველია და კმევის ფორმაც რომ უცვლელად გადმოვიღეთ!!!

მწეველი კაცი დამოკიდებული ხდება ნიკოტინზე და ამით გარკვეული ხარისხით თავისუფლებასაც კარგავს.

და რაც მთავარია, თამბაქოს წევა მწეველისათვის გარკვეულ რელიგიურ დატვირთვას ატარებს. ადამიანი რელიგიური არსებაა. მის პიროვნებას ვერაფერი ავსებს. იგი ყოველთვის "რაღაცას" ეძებს, გრძნობს სიცარიელეს და მის შესავსებად სიგარეტს იყენებს. აფორიაქებულია და ეძებს სიმშვიდეს, რის მისაღწევადაც კვლავ თამბაქოს მიმართავს. ქვეცნობიერად გრძნობს, რომ საჭიროა ჩაღრმავება საკუთარ თავში და ბოლს უშვებს შიგნით.

ვერ გუობს მარტო ყოფნას, რადგან ასეთად შექმნა იგი გამჩენმა და სიგარეტს იხდის მეგობრად. ღმერთი უნდა უყვარდეს და მის გარეშე ვერ უნდა ძლებდეს, მას კი თამბაქო უყვარს და არ შეუძლია მის გარეშე. 

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მწეველი ისევე ცოდავს, როგორც მრუში, მკვლელი, ქურდი, მკითხავი, დედის მაგინებელი, მემთვრალე და ა. შ. მაგრამ თუ იგი უფლის სიყვარულისათვის თამბაქოს წევას თავს არ დაანებებს, მაშინ ეს ჩვევა შეიძლება სასიკვდილო ცოდვას გაუთანაბრდეს.

რაც შეეხება მწეველ მღვდლებს - მღვდელი არ არის უცოდველი. იგი შეიძლება სხვადასხვა ცოდვით სცოდავდეს და სამწუხაროდ, მათ შორის, თამბაქოს წევითაც.

მაგრამ უნდა ითქვას, რომ მღვდლის მიერ რაიმე ცოდვის ჩადენა (ოღონდ არა სასიკვდინესი; თამბაქოს წევას კი ვერ ჩავთვლით სასიკვდინედ) ვერც ამ კონკრეტულ ცოდვას დააკანონებს და არც მის მღვდლობას გააუქმებს.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- უნდა სცემოს თუ არა მართლმადიდებელმა სექტანტი, როგორც ამას ბასილ მკალავიშვილის მომხრეები სჯულის კანონის გამოყენებით ამტკიცებენ?

- ეკლესიას ეკრძალება ყოველგვარი როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ძალადობა. გაუგებარია, რატომ ახსენებენ მკალავიშვილს და მის მომხრეებს მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან ერთად. ისინი ისევე არ არიან მართლმადიდებლები, როგორც სექტანტები.

მართლმადიდებლობა არ არსებობს ეკლესიის გარეშე. მართლმადიდებლობა და ეკლესია რელიგიური სინონიმებია, ხოლო მკალავიშვილი განკვეთილია მსოფლიო (არა მხოლოდ ქართული) ეკლესიიდან, ანუ ქრისტეს მისტიკური სხეულიდან (იგი არც ბერძნულ ეკლესიაშია). მართლმადიდებლები სექტების მიმართ მკალავიშვილის საქციელს, ქმედებას აღვიქვამთ, როგორც ორ სხვადასხვა სექტას შორის დაპირისპირებას. 

რაც შეეხება სექტების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას, ისინი არასოდეს ყოფილან და ვერც იქნებიან პრობლემა ეკლესიისათვის. სექტანტები ვერასოდეს დაასუსტებენ ეკლესიას. თავისი მამა-პაპის სჯულის მოღალატე ეკლესიაშიც დარჩენილი, ყოველთვის ცუდი ქრისტიანი, პოტენციურად უფლის მოღალატე, ანუ იუდა იქნებოდა.

მაგრამ სექტანტები პრობლემას სახელმწიფოს უქმნიან. ასუსტებენ მის ძლიერებას, არღვევენ მთლიანობას, უკარგავენ მებრძოლ სულს.

სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის თვალსაზრისით ისინი ერის მოღალატენი არიან; ხოლო ჩვენთვის, ეკლესიისათვის კი უძღები შვილები და დაკარგული ცხვრები, რომლებიც კვლავ სიყვარულით უნდა მოვიზიდოთ დედა ეკლესიაში არა ჩვენი საჭიროებისათვის, არამედ მათი სულების გადასარჩენად და სახელმწიფოს ძლიერებისთვის.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- რატომ ხდება, რომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს პირველი აღსარების თქმა?

- არარელიგიურად მცხოვრებ ადამიანს ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ბოროტ პიროვნულ სულზე, ანუ ეშმაკზე; ან სულაც არ სწამს მისი არსებობა. მაგრამ სწორი სულიერი ცხოვრების მქონე ქრისტიანმა საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ეშმაკი არსებობს; იცნობს მის ხრიკებსა და ბრძოლის მეთოდებს; იცის, როგორ ებრძოლოს და როგორ დაიცვას თავი.

ეშმაკი მაშინ უწყებს ნამდვილ ბრძოლას ადამიანს, როცა იგი გადაწყვეტს ქრისტეს მოწაფე, ანუ ქრისტიანი გახდეს.

ბოროტი სულის ბრძოლა ადამიანისადმი ამ უკანასკნელის სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარია. მნიშვნელოვნად მძვინვარდება ეშმაკი, როცა ადამიანი დიდი მადლის მისაღებად, ანუ ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობისთვის ემზადება.

განსაკუთრებით არ უყვარს ბოროტ სულს ზრდასრული ადამიანის პირველი აღსარება, რამეთუ აღსარებაში გამოხატული ნამდვილი სინანული ეშმაკს მონანიეზე ძალაუფლებას აკარგვინებს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, როცა ადამიანმა იცის აღსარების სწორად თქმა, იცის, რა არის სინანული და სწავლობს მას (სინანულს).

გასაგებია, რომ აქ უდიდესია მოძღვრის როლი. ამიტომ ადამიანმა ქრისტიანული ცხოვრება (მას შემდეგ, რაც ღმერთმა მოუწოდა) უნდა დაიწყოს მოძღვრის შერჩევით და მასთან ურთიერთობით. მოძღვარი კი თავად მოამზადებს მას აღსარებისთვის, რაც ეშმაკის ბრძოლას შეასუსტებს. ზემოთქმულიდან გასაგებია, რომ სულიერი ცხოვრება არა აღსარებით, არამედ მოძღვრის შერჩევით იწყება.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- შეიძლება თუ არა ტრანსპორტში მყოფმა ეკლესიის დანახვისას გადაიწეროს პირჯვარი?

- პირჯვრის გამოსახვა შინაგანი ლოცვის გარეგნული გამოვლინებაა. ლოცვა კი ყველგან, ყოველთვის და ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება.

წმ. ტაძართან ჩავლისას ადამიანმა უფალს უნდა შეთხოვოს ცოდვათა მიტევება, შეწევნა, ხოლო წმინდანს (ვის სახელზედაცაა ტაძარი აგებული) - მეოხება ღვთის წინაშე; პირჯვრის გადაწერა აძლიერებს ჩვენს ლოცვას და გვიცავს ბოროტისაგან (რამეთუ ჯვარი ძალაა ღვთისა). არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რამდენჯერ გადავიწერთ პირჯვარს.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- როდის გადასცემენ ანათემას ადამიანს? რას ნიშნავს ანათემა?

- ანათემა ადამიანის წმ. ეკლესიიდან განკვეთას ნიშნავს. წმ. ეკლესია ამ რადიკალურ ნაბიჯზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდის, როცა თავად ადამიანი დემონსტრაციულად განაგდებს თავს ეკლესიიდან, აშკარად ებრძვის მას.

ასეთ დროს ანათემა წმ. ეკლესიის მიერ განხორციელებული უკანასკნელი ქმედება და საშუალებაა, რითაც იგი კიდევ ერთხელ ცდილობს ღვთისმგმობი გამოაფხიზლოს და სინანულში მოიყვანოს (სინანულით კვლავ შესაძლებელია წმ. ეკლესიის წიაღში დაბრუნება).

ანათემით წმ. ეკლესია სხვებსაც შეახსენებს, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. ანათემირებული ადამიანი, ჯერ კიდევ ხორცში მყოფი (თუ იგი ჯერ არ გარდაცვლილა), თვითმკვლელია. ასეთზე არც ლოცვა შეიძლება და არც რაიმე საიდუმლოების აღსრულება. გარდაცვალების შემთხვევაში წესიც არ აეგება (აზრი არ ექნება თავად ადამიანის არჩევანის გამო).

თავად ეს ძალაუფლება (ანათემა) ეკლესიას თვით ქრისტესგან აქვს მინიჭებული: "რასაც შეკრავთ მიწაზე, შეიკვრება ზეცაში"; ამიტომ ანათემა ზეცაში მიღებული გადაწყვეტილების (ადამიანის არჩევანიდან გამომდინარე) მიწიერი გამოვლინებაა.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- როგორ ხდება ე. წ. ჯვრის აყრა განქორწინებულებს შორის?

- ჯვრისწერა, ანუ ქორწინება ღვთის კურთხევაა იმ დიდ საიდუმლოებაზე, რომელიც ცოლ-ქმარს შორის იწყება მათი ოჯახური ცხოვრების დასაწყისში. წმ. ეკლესიას უფლისგან მინიჭებული აქვს რა შეკვრისა და გახსნის ძალაუფლება, ქორწინების საიდუმლოებაში ერთ არსებად (სამარადისოდ) ადუღაბებს ორ პიროვნებას და უფლისმიერ მოითხოვს, რომ ღვთისაგან შეერთებულებს კაცნი ნუ განაშორებენ. ამიტომაც განქორწინება ღვთის საწინააღმდეგო და არაბუნებრივი ქმედებაა.

განქორწინება (ჯვრის აყრა) განსაკუთრებული ღვთისმსახურების გარეშე ხდება: ეპისკოპოსი ღვთისაგან მინიჭებული ძალაუფლებით, სიტყვიერად გახსნის ცოლ-ქმარს, რის შედეგადაც ყოფილი მეუღლეები ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები ხდებიან.

განქორწინება დიდი ცოდვაა და იგი ისეთ უკიდურეს შემთხვევებში უნდა ხდებოდეს, როგორიცაა, მაგალითად, ღალატი, შვილიერების უუნარობა (სექსუალური დარღვევები), ერთ-ერთი მეუღლის მიერ ოჯახში უზნეობის დამკვიდრების სურვილი, ან მეუღლის იძულება არასწორ რელიგიურ ცხოვრებაზე, სადიზმი და მსგავსი არაჯანსაღი გამოვლინებები.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- რატომ დაუშვა ღმერთმა ამდენი რელიგიის არსებობა?

- ღმერთი, როგორც მოსიყვარულე მამა არ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას. ადამიანი თავად ირჩევს რაც სურს. ადამიანი რელიგიური არსებაა და იგი საკუთარი რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილებისათვის სხვადასხვა საშუალებებს მიმართავს; ანუ თუ არ სურს ცოცხალ ღმერთთან, ჭეშმარიტებასთან ურთიერთობა (ღმერთთან ურთიერთობა არის სწორედ რელიგია), ქმნის თავის ჭეშმარიტებას, თავის ცრუ რელიგიას (ხშირად დაცემულ ანგელოზთა ზეგავლენითაც).

ღვთისადმი არასწორ დამოკიდებულებას, ან არამართებულ წარმოდგენას უკვე კაენთან ვხვდებით და ეს კაენის თავისუფალი არჩევანი იყო; ქრისტეს მკვლელობის გადაწყვეტილება იუდეველთა თავისუფალი არჩევანი იყო; მოციქულთა თავგანწირვა ქრისტესათვის ასევე თავისუფალი არჩევანი იყო. ისიც თავისუფალი არჩევანია, როდესაც ქართველი კაცი არად დაგიდევთ წინაპართაგან საკუთარი სისხლით მოტანილ მართლმადიდებლობას და ბაბტისტი ან "იეღოველი" ისე ხდება, რომ წარმოდგენაც კი არა აქვს მართლმადიდებლობაზე.

შენი ნებაა რას მოიმოქმედებ: თვალცრემლიანი და უფლის ტკივილების გამზიარებელი ჯვარცმული ქრისტესთან იდგები, ან "ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ ეგე"-ს იყვირებ, თუ არც ერთთან იდგები, არც მეორესთან და ქრისტეს მკვლელობის დროს გულარხეინად მიწას გათოხნი... ყველაფერი შენი ნებაა და შენი არჩევნით წარსდგები მართლმსაჯული ღმერთის წინაშე.

ძალზედ ადვილი დასანახია და ადამიანი ძალით თუ არ დაიბრმავებს თავს, დაინახავს, რომ ყოველი ნიბიჯი ქრისტიანობიდან არის ნაბიჯი უკან, ნაბიჯი ცუდისკენ. ყველა რელიგია ზნეობრივად და ლოგიკურად უსასრულოდ ჩამორჩება ქრისტიანობას; და - მართლმადიდებლობა ერთადერთია, რომელიც შეურყვნელად ინახავს მოციქულთა მოძღვრებას და ტრადიციას.

ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- რატომ მივმართავთ ღმერთს შენობით?

- ღმერთთან ურთიერთობა უაღრესად საიდუმლო ხასიათს ატარებს. იგი მამაა ჩვენი და ღვთისადმი თქვენობით მიმართვა მასთან გაგვაუცხოებს. ღმერთი ყველაზე ახლობელი და ძვირფასი პიროვნებაა ჩვენთვის. იგი მეგობარია ჩვენი და ბუნებრივია მას მხოლოდ შენობით უნდა მივმართოთ. სხვანაირად ეს სიახლოვე (მისგან მომდინარე) დაიკარგება.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- რატომ არ შეიძლება, მართლმადიდებლურ ტაძრებში ვილოცოთ დამსხდრებმა ისევე, როგორც ქრისტიანობის სხვა კონფესიებში?

- მართლმადიდებლობა არ კრძალავს დამჯდარ მდგომარეობაში ლოცვას. მართლმადიდებლურ ტაძრებშიც არის სკამები, რომლებზეც შეიძლება დაჯდომა ღვთისმსახურების დროს, მაგრამ მართლმადიდებლური რელიგიური ცხოვრებისათვის უცხოა დასავლურ კონფესიური კომფორტი (ასკეზის უარყოფა, უმარხულობა, ღვთისმსახურების მცირე ხანგრძლივობა, ინსტრუმენტალური მუსიკა, ჯდომა). მართლმადიდებლობა ქრისტეს მოწაფეობა, მისი მიმდევრობა, მისი ცხოვრებით ცხოვრებაა.

ნამდვილი რელიგიური ცხოვრება მორწმუნეს ქრისტესადმი სიყვარულს უნდა ასწავლიდეს, ხოლო სიყვარული ღვაწლისა და თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ამიტომაც არ გვეთმობა მართლმადიდებლებს საუკუნეებში გამოტარებული ტრადიციებით გადმოცემული ღვთისმსახურების და საერთოდ, რელიგიური ცხოვრების სიმკაცრე.

მარხვით, ხანგრძლივი საეკლესიო ღვთისმსახურებით, ლიტურღიაზე (რომელიც ქრისტეს ცხოვრებაა) დგომით და დაღლით საშუალება გვეძლევა, ქრისტესადმი ერთგულება და სიყვარული გამოვხატოთ. ხოლო ჯდომა და საორღანო მუსიკის მოსმენა დარბაზებშიც შეგვიძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტაძარში ლოცვა (არამარტო ტაძარში) ღმერთთან საუბარია და რატომ გვიკვირს, რომ უმჯობესია, უფალს ფეხზე წამოვუდგეთ? თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაჯდომა (განსაკუთრებით უძლურების შემთხვევაში) არავის ეკრძალება.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- რატომ უნდა შევიდეს ტაძარში ქალი ან გოგონა აუცილებლად თავსაბურველით?

- ქალის თავსაბურველით ლოცვას საფუძველი წმ. წერილში აქვს. თავსაბურველი თავმდაბლობის გარეგანი გამოხატულებაა. იგი ქალს შეახსენებს, რომ დედაკაცი მამაკაცისთვის შეიქმნა, რათა მისი შემწე იყოს. თავსაბურველი ნიშანია, რომ ცოლის თავი არის ქმარი, ქმრის თავი კი ქრისტეა.

ქმრის შემწეობა და მორჩილება არ ამცირებს ცოლის ღირსებას. პირიქით, რადგან ქმრის მოვალეობა ღმერთს მიმსგავსება, განმღრთობაა, ამიტომ ამ დიად საქმეში ცოლის ქმრისადმი შემწეობა დედაკაცის ღირსების საქმეცაა (ეხმარება მამაკაცს) და საკუთარი განმღრთობის აუცილებელი პირობაც. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თავდაუბურავი ლოცვა ღვთის ურჩობაა და თუ ქალი ლოცვისას შეგნებულად არ იბურავს თავს, შეიწირება კი მისი ლოცვა ღვთის წინაშე?
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- ჩემს ახლობელს, რომელიც არამართლმადიდებელ ქვეყანაში ცხოვრობს, გამგზავრების წინ მოძღვარმა კურთხევა მისცა, ელოცა კათოლიკურ ტაძარში. შეიძლება თუ არა ეს?

- მართლმადიდებელი ეკლესია არის თითქმის ყველა ქვეყანაში, ამიტომ მსგავსი პრობლემა თითქმის არ არსებობს. უკიდურეს შემთხვევაში, მორწმუნეს შეიძლება საცხოვრებელ ადგილას ჰქონდეს წმ. ხატები და სახლში ილოცოს. თუ კონკრეტულ კათოლიკურ ტაძარში რაიმე სიწმინდეა (განხეთქილებამდე რომელიმე წმინდანის წმ. ნაწილები, ხატი ან სხვა), მაშინ შეიძლება ამ სიწმინდეების წინაშე ლოცვა, მაგრამ კატეგორიულად არ შეიძლება კათოლიკეთა საერთო ღვთისმსახურებაში მონაწილეობა (თუნდაც ამ სიწმინდეების წინაშე).
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1997 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები