პარასკევი, 19.04.2024, 13:51
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » გვპასუხობს მოძღვარი.
00:17
გვპასუხობს მოძღვარი.

ატომ ავადმყოფობენ ბავშვები? რატომ იბადებიან ხეიბრები?

რა მოვალეობები აკისრია ნათლიას?

რისთვისაა დადგენილი დღესასწაულები?

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ხშირად გამეორებად მცირე ცოდვისადმი?

რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი მონასტრის მონახულებით სულიერ საზრდოს ვერ იღებს და განიკითხავს მათ?

ჩვენს გაჭირვებულ დროში დახმარებას ვღებულობთ სხვადასხვა ქვეყნებიდან და სხვადასხვა (ჩვენთვის უცხო და მიუღებელი) რელიგიური ორგანიზაციებიდან და საზოგადოებებიდან.

ცოდვა ხომ არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის მათგან დახმარების მიღება, სახელმწიფო დონეზე იქნება ეს თუ პიროვნულ დონეზე?

რას ნიშნავს „ლოცვა-კურთხევა"?

შეიძლება თუ არა, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს არა მართლმადიდებლურ ან არაქრისტიანულ ტაძარში?

ჩემმა მეგობარმა იქორწინა და მე გახლდით მეჯვარე.

ვიდრე ჯვრისწერა დამთავრდებოდა, ჩემთან მოვიდა ერთი კაცი და მითხრა: „ეხლა გაამზადე ათასი მანეთი მღვდლითვის და ათასი მანეთი მგალობლებისთვის", რამაც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა. გთხოვთ, ამიხსნათ, რამდენაც სწორია ასეთი საქციელი და როგორ უნდა მოვქცეულიყავი?

ნუთუ საკვები, ფული და დიდება ცოდვაა?

სწორად როგორ ვემთხვიო ხატებს?

რა სარგებლობა მოაქვს სეფისკვერისა და ნაკურთხი წლის მიღებას?



პასუხები:

- რატომ ავადმყოფობენ ბავშვები? რატომ იბადებიან ხეიბრები?

- ამ კითხვას ხშირად სვამენ ღვთის მაძიებელი ადამიანები. მართლაც ძნელია, შეათანხმო ყოვლადსამართლიანი ღვთის არსებობა პიროვნულად უცოდველი ჩვილის ავადმყოფობასთან.

აქედან იღებს სათავეს მცდარი შეხედულება, თითქოს მშობლების ცოდვების გამო ღმერთი შვილებს სჯიდეს. წმინდა წერილიც, ერთი მხრივ, გვასწავლის, რომ ადამისა და ევას ცოდვის გამო მთელი კაცობრიობა ვისჯებით, მეორე მხრივ კი გვმოძღვრავს, რომ მშობლების ცოდვა შვილებზე არ გადადის.

მიზეზი გაუგებრობისა თავად ცოდვის ცნების მცდარი გაგებაა. საღვთისმეტყველო განმარტებით, ცოდვა დანაშაული კი არა, ადამიანური ბუნების ავადმყოფობაა, რომელიც ადამიანის ღმერთთან ყოფნის უუნარობით ვლინდება.

ადამის პიროვნულმა ცოდვამ დააზიანა მისი ბუნება და ეს ბუნება გადმოგვეცა ჩვენ მემკვიდრეობით.

მართალია, პიროვნულად არც ერთი ჩვენგანი პასუხს არ აგებს ადამის საქციელზე, მაგრამ ადამიანური ბუნების იგივეობის გამო ჩვენც დაკარგული გვაქვს ღმერთთან ერთობის უნარი. პირველქმნილი ცოდვით ისედაც დაზიანებულ ადამიანურ ბუნებას კიდევ უფრო აზიანებს კონკრეტული ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვები.

მაგალითად, შეცოდებანი ეკლესიის წინააღმდეგ, მკვლელობები, სისხლის აღრევა. ამგვარად შემცოდეთა შთამომავლობა უმძიმესი ფსიქოსომატური მემკვიდრეობითა და მიდრეკილებებით იბადება, თუმცა წინაპართა შეცოდების გამო ღვთის წინაშე პიროვნულად არ აგებენ პასუხს, ხოლო უსჯულო წინაპართაგან მემკვიდრეობით მიღებული ფსიქოსომატური დარღვევები და ყოფითი განსაცდელი მათ სულიერ გამოფხიზლებას, გენეტიკურად მიღებული ცუდი მიდრეკილებებისაგან თავის დაღწევას, ღვთისაკენ სვლასა და სულის ცხონებას ემსახურება.

ბავშვების ავადმყოფობა ხშირად მშობელთა უღმერთობის ცოდვისაგან გადარჩენას ისახავს მიზნად. ისინი, როგორც უცოდველნი (მხოლოდ პიროვნულად), თავიანთი ტკივილებით თითქოს საკუთარ თავზე იღებენ უღმერთო მშობლების ცოდვებს და ამით ქრისტეს ემსგავსებიან, რომელმაც, ერთადეთმა უცოდველმა (როგორც პიროვნულად, ისე ბუნებით), კაცობრიობის ცოდვები იტვირთა. შვილზე მოწეული განსაცდელი ხშირად ერთადერთი საშუალებაა უღმერთობის ჭაობიდან მშობლის ამოყვანისა.

ვეცადოთ, ყოველივეს მარადისობის პერსპექტივაში ვუქციროთ. გვახსოვდეს - ღმერთი მოსიყვარულე მამაა, მისი ყოველი ქმედება სიკეთეა და მარადიულ სიცოცხლეში ჩვენს შეყვანას ემსახურება.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- რა მოვალეობები აკისრია ნათლიას?

- სამწუხაროდ, თანამედროვე ქრისტიანებს ბოლომდე არ გვესმის ნათლიის მოვალეობა. ერთნი ნათლავენ იმ მიზეზით, თითქოსდა ნათლიობაზე უარის თქმა არ შეიძლება, მეორენი სხვადასხვა (პირადი) განზრახვათა გამო (უფრო ხშირ შემთხვევაში საქართველოში ნათლიმამობა დანათესავების ფორმაა).

თანამედროვე ნათლიას თავის მოვალეობად მიაჩნია, უყიდოს ნათლულს ჯვარი, შესაწირავი შესწიროს მოძღვარს, სადღესასწაულო ტრაპეზზე შესვას ღვინო, ნათლულის ჯანმრთელობის სადღეგრძელო, შემდეგ გაუჩინარდეს გარკვეული ვადით.

ნათლულს კი სალაპარაკოდ რჩება: ესა და ეს კაცია ჩემი ნათლია (ოქროს დიდი) ჯვარი მაჩუქა და ა.შ." როგორც ვხედავთ, ყოველივე ეს საკმაოდ ადვილი, შინაარსით კი ცარიელი საქმეა.

სინამდვილეში კი თქვენ როდესაც თანხმობას აცხადებთ ნათლიობაზე და ესწრებით საეკლესიო საიდუმლოს, ხდებით სულიერი მამა (ან დედა). თქვენ ბავშვის მაგივრად პასუხობთ მოძღვრის შეკითხვებს („განვეშორები ეშმაკისაგან", „შევუდგები ქრისტეს", „განვაგდებ სატანას"), თქვენ სრული პასუხისმგებლობით აცხადებთ, რომ შეუდგებით ქრისტეს. იფხიზლეთ ნათლულის სულიერი მდგომარეობის გამო, რომ იგი ქრისტეს ნაცვლად ეშმაკის მიერ დაარსებული სექტის წევრი არ გახდეს.

ჯვარი, რომელიც თქვენ მოუტანეთ თქვენს ნათლულს და ღვთისმსახურმა ჩამოჰკიდა მას - თქვენსა და თქვენს ნათლულს შორისაა. ღმერთმა დაგიფაროთ, რომ რომელიმემ უარყოს ან არ ატაროს იგი. თქვენ თქვენი ნათლიის მიერ ბოძებული, მან კი თქვენ მიერ ბოძებული.

თქვენ ნათლიას, მოგეკითხებათ ნათლულის რელიგიური ზნეობა. ამისათვის უდგებით თქვენ მას ნათლობის მამად - ე.ი. სულიერ მამად.

გახსოვდეთ თქვენი ნათლულის ნათლისღების დღე - ეს დღე თქვენი ნათლულის მფარველი ანგელოზის დღეა. იზრუნეთ, რომ ეკლესიურად იცხოვროთ თქვენც და თქვენმა ნათლულმაც. განა ქრისტიანად გახდომა ნათლისღებით მთავრდება?


პირიქით, იგი ნათლისღებით იწყება! ვიფიქროთ, რა სურს ჩვენგან ქრისტეს, რომელსაც შევუდექით. ყოველ კვირას, ყოველ მოქმედ ტაძარში ღვთის სადიდებელი მსახურება სრულდება. თუ ქრისტიანად თვლი თავს, სად ხარ ამ დღეს? იხსენებ, რომ ეს იმ უფლის დღეა, რომელსაც თვითონ შედგომილხარ და რომელთანაც შუამდგომლობ შენს ნათლულს?

- რისთვისაა დადგენილი დღესასწაულები?

- დღესასწაულები ღმრთის მოწყალების გასახსენებლად და მათ გამო ღმრთისადმი მადლობის აღსავლენადაა დადგენილი. დღესასწაულები აცოცხლებენ და აღრმავებენ რწმენას. მათი აღნიშვნა აღზრდის ღმრთისმოსაობის სულსა და სარწმუნოებით ცხოვრების სურვილს, რადგან ყოფითისგან მოცილება და ყურადღების სულიერისკენ მიპყრობა სულში ზეციურ გრძნობებს აღვიძებენ. დღესასწაულების გარეშე კი დღეს - ყოფითი, ხვალ - ყოფითი და ზეგაც იგივე, და ასე გაუთავებლად. რას უნდა მოველოდეთ ასეთი წესისგან ყველა აზრისა და გრძნობით გამიწიერების გარდა?
(ეპისკოპოსი თეოფანე ვ.)

- როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ხშირად გამეორებად მცირე ცოდვისადმი?

- ასეთი ცოდვა ახლოსაა მომაკვდინებელთან. დიდ ცოდვას ქვას შევადარებ, მცირეს - ქვიშის ნამცეცს. დიდი რაოდენობით ქვიშა შეიძლება ქვაზე მძიმე იყოს. მაგალითად, ტყუილი არ არის მომაკვდინებელი ცოდვა, მაგრამ თუ მეორდება, ადამიანს ღმრთის მადლს ართმევს და სასჯელის ღირსია. (ფსალ. 5, 7)

- რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი მონასტრის მონახულებით სულიერ საზრდოს ვერ იღებს და განიკითხავს მათ?

- ყველა მონასტერში ორი ცხოვრება მიედინება: ერთი ჩვეულებრივი, ყოფითი - დადიან, ლაპარაკობენ, ჭამენ, სვამენ, სძინავთ. მეორე საკუთრივ სამონაზვნო - ლოცვით, მარხვით, ღმრთის სიტყვის კითხვით, ღმერთზე ფიქრითა და ცდუნებებთან ბრძოლით.

სხვების თვალწინ პირველია, მეორე კი არ ჩანს და თანაც საგულდაგულოდ იფარება, ხანდახან თავისიანებისგანაც კი, არამარტო მომსვლელებისგან, როგორებიც თქვენ ხართ.

თუ ამას არ დაინახავთ, შეიძლება იფიქროთ: „ეს რა მონაზვნობაა?" რატომ აგინებენ ბერ-მონაზვნებს? იმიტომ რომ ცხოვრების მხოლოდ ყოფით მხარეს ხედავენ, ხოლო ნამდვილი, სამონაზვნო დაფარულია მათგან, რადგან მონასტერში როგორც მნახველები ისე არიან მისულები.

- ჩვენს გაჭირვებულ დროში დახმარებას ვღებულობთ სხვადასხვა ქვეყნებიდან და სხვადასხვა (ჩვენთვის უცხო და მიუღებელი) რელიგიური ორგანიზაციებიდან და საზოგადოებებიდან. ცოდვა ხომ არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის მათგან დახმარების მიღება, სახელმწიფო დონეზე იქნება ეს თუ პიროვნულ დონეზე?

- ადამიანი წყალში რომ იძირება, ის არ ეკითხება საშველად მოსულს არც ეროვნებას, არც ოჯახურ მდგომარეობას და არც აღმსარებლობას; მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არამართლმადიდებელი ქვეყნებიდან თუ საზოგადოებებიდან ეს დახმარება არ არის მთლად უანგარო, ნუ ვიქნებით უკიდურესად გულუბრყვილოები; მათ დახმარებას ყოველთვის მოსდევს დამატებად მათი რელიგიური მრწამსის პროპაგანდა რაც ფაქტობრივად უფრო თიშავს და ანაწევრებს ისედაც დაქუცმაცებულ ერს, თუმცა საკითხავია კიდევ რომელია ამ შემთხვევაში დამატება.

ნებისმიერმა ადამიანმა, რიგითი მოქალაქე იქნება ის თუ პასუხისმგებელი პირი, თვითონ უნდა განსაჯოს, მიიღოს თუ არა მათგან დახმარება, მე კი ასე ვიტყოდი: ნებაყოფლობით დახმარებაზე უარის თქმა არ იქნებოდა სწორი, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, ჩვენ არ ვიცით როდის მოითხოვენ ამის საზღაურს და რა სახით; ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან მატერიალური და სულიერი ფასეულობანი და ხმა ავიმაღლოთ და სიმტკიცე გამოვიჩინოთ იქ სადაც საჭიროება მოითხოვს და თუ ამას არ ვიზამთ, მაშინ რაღა მეთქმის, მომავალი ცხოვრებისათვის ისედაც მკვდრები ვიქნებით და რა მნიშვნელობა აქვს ვისგან მიიღებ და რას მიიღებ.
დეკანოზი გურამი (ბერბიჭაშვილი)

- რას ნიშნავს „ლოცვა-კურთხევა"?

- ლოცვა-კურთხევა, როგორც თვით სიტყვიდან ჩანს, ნიშნავს დალოცვას და არა უბრალოდ ნებართვას, ან ბრძანებას, როგორც ეს ზოგიერთ მორწმუნეს ესმის. ლოცვა-კურთხევა არ არის იურიდიული აქტი, არამედ მოწვევა ღვთის მადლისა კონკრეტული საქმისათვის; ეს არის ღვთის მადლის შემწეობა და მაინც გამოვარჩევდი ორ მომენტს:

ა) ლოცვა-კურთხევა - რომელსაც ვითხოვთ მოძღვრისაგან, ეპისკოპოსისაგან, პატრიარქისაგან შეხვედრის ჟამს და ნიშნავს დალოცვას საზოგადოდ, ღვთიური მადლის გამოთხოვნას, რათა მისი მფარველობის ქვეშ ვიმყოფებოდეთ მარადჟამს; და ამავე დროს მისალმებაც არის: ბევრმა ქრისტიანმა არ იცის როგორ შეხვდეს მღვდელს, ეპისკოპოსს.

ამ დროს ჩვენ არ ვამბობთ ჩვეულებრივ მისასალმებელ ფრაზას „გამარჯობა" ან „გაგიმარჯოს" ან კიდევ სხვა ფრაზებს, არამედ „დამლოცე" (ან დაგვლოცენ) მამაო (ან მეუფეო). ამ დროს ხელის მტევნები უნდა გადავაჯვარედინოთ ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები:



ბ) ლოცვა-კურთხევა - რომელსაც ვითხოვთ კონკრეტული საქმის გასაკეთებლად, დაწყების წინ (და არა ბოლოს, როგორც ხშირად ხდება) ან მგზავრობის წინ.

ამ სახის ლოცვა-კურთხევის გამოთხოვნისას აუცილებელი პირობა, რაც მორწმუნემ უნდა შეასრულოს, არის მორჩილება, ანუ მზადყოფნა იმის აღსასრულებლად რასაც ამ დროს გვეტყვის მოძღვარი; რადგან გადაწყვიტე და მიხვედი რჩევისათვის, დალოცვისათვის, მაშინ კიდეც მიენდე და მის პასუხში (დაგლოცავს ამ საქმისთვის თუ არა) ღვთის ნება დაინახე. თუ არა და მაშ რისთვის მიდიხარ მასთან? იმისათვის, რომ დაგეთანხმოს შენს გადაწყვეტილებაში? ასე შეიძლება უამრავი მოძღვარი შემოიარო. სადღაა აქ ღვთის ნებისადმი მორჩილება? ამ შემთხვევაში ხომ შენსას ეძიებ და არა ღვთისას?

ან კიდევ რაღაც საქმის დასაწყებად ან გადაწყვეტილების მისაღებად მიდის ადამიანი მოძღვართან და თუ მოძღვარმა არ ურჩია და არ დალოცა იმ საქმისთვის რაც მას (მორწმუნეს) სურს, იწყება კამათი და მტკიცება იმისა, რომ ეს საქმე ასე სჯობს, სხვანაირად არ ივარგებს და ა.შ...

და მოძღვარი შესაძლოა კიდეც დაეთანხმოს, მაგრამ არ შეიძლება იმის ფიქრი, რომ ამ საქმეზე ღვთისგან გვაქვს კურთხევა და დალოცვილია. და აი, აღმოჩნდება ხოლმე რომ მოძღვარი იჩენს მორჩილებას და დაყვება მორწმუნე ადამაინის ნებას, მაგრამ არა იმიტომ, რომ ასე სჯობს, არამედ ზოგჯერ საკმაოდ მომაბეზრებლად იციან ჩაციება და შეიძლება უთხრას მოძღვარმა: „კარგი, ბატონო, როგორც გინდა ისე მოიქეცი" - და მიდის ადამიანი კმაყოფილი იმით, რომ მოძღვარმა ურჩია, მოძღვარმა დალოცა და ღმერთმა ინება მის მიერ ამ საქმის გაკეთება, ან ამგვარად მოქცევა. სინამდვილეში ამ დროს ადამიანში ზეიმობს სიჯიუტის, ურჩობის კერპი.
(მღვდელი გურამი)

- შეიძლება თუ არა, რომ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს არა მართლმადიდებლურ ან არაქრისტიანულ ტაძარში?

- ამ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, თუ რა სახის ლოცვები არსებობს; ლოცვა შეიძლება იყოს ინდივიდუალური (პიროვნულ-შინაგანი) და საზოგადო.

საზოგადო ლოცვაში, თუ ეს არამართლმადიდებელთა ლოცვაა, მონაწილეობის მიღება არ შეიძლება.

ინდივიდუალური ლოცვა - შეიძლება ყველგან, სახლში თუ გარეთ, ტრანსპორტში თუ ნებისმიერ ტაძარში; და არათუ შეიძლება, არმედ აუცილებელიც არის.

მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტაძარი ნებისმიერი, ეს იქნება მეჩეთი, სინაგოგა თუ სხვა, არის საზოგადო ლოცვის ადგილი.

ჩვენ ვიცით, რომ ლოცვას თან ახლავს გარეგნული ნიშნები, მაგალითად, ტაძარში შესვლისას პირჯვარს ვისახავთ გულმკერდზე და თავის დახრით თაყვანს ვცემთ უფლის სახლს; აგრეთვე ვანთებთ სანთელს, ლოცვა-კურთხევას ვითხოვთ მღვდლისაგან და ა.შ. აი ეს გარეგნული ფორმები ლოცვისა მიუღებელი იქნებოდა არამართლმადიდებლურ ტაძარში, რადგან:

1) თუ იმ ხალხის პატივისცემით გავაკეთებდით ამას, ეს იქნებოდა ტყუილი, რაც არ შეიძლება.

2) თუ მივალთ ის სანახაობისთვის, ამ შემთხვევაშიც არასწორად მოვიქეცით, რადგან იქ არის არა სანახაობა, არამედ მისტიური მომენტია და თვალთვალი ერთგვარი უზნეობაცაა, როგორც მაგალითად სხვის ოჯახში ჩახედვა, ან სხვისი წერილის წაკითხვა.

ასე რომ საზოგადო ლოცვისას არამართლმადიდებლურ ტაძარში ყოფნა მართლმადიდებლისათვის ზნეობრივად არ არის სწორი; თუ თანაგრძნობით ხარ იქ მისული და მათი ლოცვის მადლმოსილებას სცნობ, ესე იგი შენ იზიარებ მათ სარწმუნოებრივ შეხედულებებს, ე.ი. არა ხარ მართლმადიდებელი; თუ ასე არ არის, მაშ საკითხავია, რამ გიბიძგა რომ იქ მისულიყავი?

ერთი სიტყვით, თუ რაიმე მიზეზის გამო აღმოჩნდები არამართლმადიდებლურ ტაძარში და მოგინდება ლოცვა, არა გაქვს უფლება ილოცო გარეგნული გამოხატულებით რადგან ეს აღიქმება როგორც სულიერი, მისტიური ერთობა, იმ ხალხთან და მათ სარწმუნოებასთან, ვის ტაძარშიც იმყოფები.

ასე რომ თუ არაქრისტიანულ ტაძარში ლოცვითი განწყობილება დაგეუფლა, შეგიძლია ილოცო გულში, უსიტყვოდ, ყოველგვარი გარეგნული გამოხატულების გარეშე, მაგრამ უნდა ილოცო არა იმიტომ რომ იმ, რომელიღაც კონკრეტულ ტაძარში ხარ, არამედ იმიტომ, რომ საერთოდ უნდა ილოცო ყველგან და ყოველთვის, განუწყვეტლივ.
(მღვდელი გურამი)

- ჩემმა მეგობარმა იქორწინა და მე გახლდით მეჯვარე. ვიდრე ჯვრისწერა დამთავრდებოდა, ჩემთან მოვიდა ერთი კაცი და მითხრა: „ეხლა გაამზადე ათასი მანეთი მღვდლითვის და ათასი მანეთი მგალობლებისთვის", რამაც საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა. გთხოვთ, ამიხსნათ, რამდენაც სწორია ასეთი საქციელი და როგორ უნდა მოვქცეულიყავი?

- პირველყოველისა განმარტავთ, რომ ეკლესიაში არ იყიდება არც ერთი წესი თუ საიდუმლო მღვდელმოქმედება. და თუ მაინც გვხვდება ამგვარი მოვლენები, ეს არის არა ეკლესიაში არსებული წესი, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი და საშუალება, რომელიც კომუნისტურმა რეჟიმმა დაამყარა ეკლესიაში: დაადეს ფასი ყოველ წესს, რომელიც ტაძარში სრულდებოდა და მღვდელს დაუწესეს ბეგარა, გარკვეული პროცენტული ოდენობით თვის განმავლობაში შესრულებული წესების რაოდენობიდან. ამას ყველაფერს არავითარი საერთო არა აქვს ეკლესიაში არსებულ წესებთან. სახარება გვასწავლის: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდცა მისცემდით" (მთ. 10, 8) და თუ დღესაც გვხვდება (თუნდაც იშვიათად) თქვენის მსგავსი შემთხვევები, არ შეიძლება ამის შეფასება იმგვარად, თითქოს მართლმადიდებელი ეკელსია ამას ასწავლიდეს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მღვდლები ასევე ერიდან მოსული ხალხია და არ იქნება სწორი, რომ რომელიმე მათგანის უღირსი საქციელის გამო ეკლესია გავლანძღოთ ისევე, როგორც მაგალითად, ურწმუნო ადამიანის არსებობის გამო არ შეიძლება სარწმუნოების უარყოფა; უზნეოთა არსებობის გამო - ზნეობის უარყოფა.

ასე იქცევიან ისინი, ვინც განუდგა ჭეშმარიტ ღმერთს, უარყო ეკლესია, ხატი, ჯვარი და ემშაკის სამსახურში ჩადგა. აქვე მინდა ისიც გითხრათ, რომ მღვდელს ხელფასი არა აქვს და მის საარსებო სახსრებს შეადგენს შემოწირულობა, რომელსაც მორწმუნე ქრისტიანი ნებაყოფლობით და მადლიერების გრძნობით გაიღებს იმის მიხედვით, თუ რისი შესაძლებლობა გააჩნია. ამისათვის ტაძრებში არის სპეციალურად დადგმული ყულაბები. თქვენ კითხულობთ, როგორ უნდა მოვქცეულიყავიო - გიპასუხებთ, რომ თქვენ უნდა შეგეწირათ იმდენი, რამდენის სურვილი და შესაძლებლობაც გქონდათ.

და თუ მსგავს შემთხვევას ხშირად აქვს ადგილი, მაშინ, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა და ერთგულმა შვილმა ეკლესიისა, აუცილებლად უნდა მიმართოთ იმ ეპარქიის მღვდელმთავარს, სადაც ეს ხდება, რადგან აღწერილი შემთხვევები შეურაცხყოფენ შემოქმედს, ჩირქს სცხებენ ქრისტეს ეკლესიას, მის პატიოსან იერარქიასა და მორწმუნე მრევლს. ასე რომ საუხერხულო თქვენ არაფერი გქონდათ, ცხვენოდეს მას, ვინც შეურაცხყოფს ღმერთს და მის ეკლესიას და ამით საუკუნო გეჰენიას განუმზადებს საკუთარ თავს.
(მღვდელი გურამი)

- ნუთუ საკვები, ფული და დიდება ცოდვაა?

- ცოდვა საკვები არაა, არამედ - გემოთმოყვარეობა; არა ფული, არამედ - ვერცხლისმოყვარეობა; არსებითად ბოროტება ბოროტად გამოყენებისგან მოდის.
(წმიდა მაქსიმე აღმსარებელი)

- სწორად როგორ ვემთხვიო ხატებს?

- მაცხოვრის წმიდა ხატს ფეხებზე უნდა ვემთხვიოთ; ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსა და წმიდანებს - ხელებზე; მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატსა და იოანე ნათლისმცემლის ხატს - თმებზე.

- რა სარგებლობა მოაქვს სეფისკვერისა და ნაკურთხი წლის მიღებას?

- როდესაც ადამიანი სეფისკვერსა და ნაკურთხ წყალს იღებს, ბოროტი სული აღარ ეკარება, სული და ხორცი იკურთხება, ფიქრები ნათლდება ღმრთისათვის სათნოყოფის სურვილით და ადამიანი განეწყობა მარხვისა, ლოცვისა და ყოველგვარი სათნოებისათვის.
(მამა გიორგი ზადონელი)


კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1313 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები