ოთხშაბათი, 24.04.2024, 05:57
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » გვპასუხობს მოძღვარი.
00:20
გვპასუხობს მოძღვარი.

რატომ ვზეიმობთ საეკლესიო დღესასწაულებს იულისისული კალანდრით და არა ახალი, გრიგორიანულით?

რისი აღმნიშვნელია ხატების წინ ჩამოკიდებული კანდელი?

არიან თუ არა ბავშვები უცოდველნი?

ითვლება თუ არა ომში ადამიანის მოკვლა ცოდვად?

არის თუ არა ცოდვა, როდესაც მეომარი საკუთარ თავს აიფეთქებს მტრის გარემოცვაში?

დღეს პლასტიკურ ბარათებზე, პასპორტებზე, პროდუქტებზე და ა.შ. შტრიხკოდით აღნიშნულია რიცხვი 666. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

როგორ უყურებს მართლმადიდებელი ეკლესია კონტრაცეპტივებს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ აბორტები?

რას ნიშნავს სული და სამშვინველი?

იყო თუ არა ნოსტრადამუსი წინასწარმეტყველი?

როგორ დავიცვათ თავი სექტანტური ზეწოლისაგან?

თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ დაუშვა სატანის არსებობა?

რას ნიშნავს სალოსი?<< 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 >>

პასუხები:

- რატომ ვზეიმობთ საეკლესიო დღესასწაულებს იულისისული კალანდრით და არა ახალი, გრიგორიანულით?

- მართლმადიდებლებს შეგვიძლია კითხვა შევუბრუნოთ და შემკითხველებს თავად ვკითხოთ: რატომ უნდა ვუღალატოთ უძველეს ტრადიციას და გადავიდეთ გრიგორიანულ კალენდარზე? ჩვენთვის ტრადიციას ხომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

თანაც იულიუსისეული კალენდარი, რომლის ათვლის სისტემა ვარსკვლავთა განლაგებას ეფუძნება (და მზეც გათვალისწინებულია), უფრო ძლიერი სიმბოლური დატვირთვით წარმოაჩენს ეკლესიის მთლიან სამყაროსეულ მნიშვნელობას, ვიდრე გრიგორიანული კალენდარი, რომელის ათვლის სისტემა მზის მდგომარეობას ეფუძნება. სხვათა შორის, ამ ორი კალენდრის ათვლის სისტემათა სხვადასხვაობის გამო აბსურდულად გვეჩვენება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რომელი უფრო ზუსტია.

მით უმეტეს, რომ ეკლესიის ლიტურღიკულ ცხოვრებაში კალენდრის დანიშნულება არა იმდენად დროის ათვლა, არამედ საეკლესიო ცხოვრების კანონზომიერების შენარჩუნება და უდროობის, ანუ მარადისობის ხატის შექმნაა.

გრიგორიანული კალენდრის შემოღებით ირევა საეკლესიო ცხოვრებაში საუკუნეობით არსებული კანონზომიერებანი, ირღვევა მარადისობის ის ხატი, რომელიც ასე ჰარმონიულს ხდის ქრისტიანის რელიგიურ ცხოვრებას და რომელიც ასე მშობლიური და ძვირფასია ყოველი ჭეშმარიტი მორწმუნისათვის.

უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ისინი, რომლებიც მორწმუნეებს კალენდრის შეცვლას გვიკიჟინებენ, შორს არიან რელიგიური ცხოვრებიდან. მათთვის ეკლესია, უბრალოდ, ადამიანური ორგანიზაციაა, რომელსაც სახელმწიფოში მხოლოდ უმნიშვნელო პოლიტიკური დატვირთვა შეიძლება გააჩნდეს. სამწუხაროდ, მათი ამგვარი „ზრუნვა" „გააუმჯობესონ" შიდა საეკლესიო ცხოვრება (რომელსაც საერთდ არ იცნობენ), ხშირად „გასტრონომიული" ინტერესებითაა ნაკარნახევი (მათ სურთ, კალენდარულ ახალ წელს საცივიც მიირთვან, ღვინოც დალიონ და სინდისიც დამშვიდებული ჰქონდეთ ყოველი შემთხვევისათვის).

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ თავად უფლისათვის არის სათნო იულიუსისეული კალენდარი. მართლმადიდებელ სამყაროში მრავალი ის სასწაული, რომლებიც საეკლესიო დღესასწაულებს უკავშირდება, სწორედ იულიუსისეული კალენდრის, ანუ ძველი სტილის მიხედვით აღესრულება.

ამ სასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესი - აღდგომის წინა შაბათს მაცხოვრის საფლავზე მართლმადიდებელი პატრიარქის ხელში ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლაც სწორედ მაშინ აღესრულება, როდესაც ამ დღეს მართლმადიდებლები ძველი სტილით აღნიშნავენ.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- რისი აღმნიშვნელია ხატების წინ ჩამოკიდებული კანდელი?

- ანთებული სანთლის ან კანდელის ნათელი სიმბოლურად ღვთიურ ნათელს განასახიერებს. თავად ზეთი, რითაც ანთია კანდელი, ღვთაებრივი მოწყალების სიმბოლოა. ხატების წინ მუდმივ ანთებული კანდელი (სასურველია, კანდელი მუდმივად ენთოს ხატების წინ) ღვთისადმი ჩვენს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას აჩვენებს.

იგი ერთგვარი შესაწირია ღვთის წინაშე, ასევე, ნიშანია ღვთისადმი ჩვენი ერთგულებისა, უფლისადმი თავგანწირვისა და ჩვენი ქრისტესადმი სიყვარულის მზადყოფნისა.

სანთლის, საკმევლისა და ზეთის (კანდელის) გულით, სიყვარულით შეწირვა სახარებაში მოხსენიებულ იმ დედაკაცს გვამსგავსებს, რომელმაც ერთ-ერთ სახლში სტუმრად მყოფ ქრისტეს ძალზე ძვირადღირებული კეთილსურნელოვანი ზეთი წმ. ფეხებზე დაასხა.

ამ საქციელით მან უდიდესი სიყვარული გამოხატა მაცხოვრის მიმართ, რამეთუ ყველაზე ძვირფასი (მატერიალური თვალსაზრისით) რაც ებადა, სრულად და მთელი გულით შესწირა უფალს. ამიტომ ქრისტემაც ხაზგასმით აღნიშნა მისი საქციელის (სიყვარულის შეძლებისდაგვარად სრული გამოვლინება) განსაკუთრებულობა.

რა თქმა უნდა, ანთებულ კანდელს, პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. იგი ანათებს ხატებს და თავისი მკრთალი ნათლით განგვაწყობს ლოცვისათვის, რომლის გარეშეც ყოველგვარ კანდელსა და სანთელს არსი ეკარგება.

შესწირეთ უფალს მცირეოდენი, წრფელი გულით და ღმერთი იზრუნებს თქვენზე.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- არიან თუ არა ბავშვები უცოდველნი?

- ქრისტიანობაში ცოდვის სამი გაგება არსებობს. პირველი, როდესაც ადამიანი ჩადის არასწორ, სინდისის საწინააღმდეგო დანაშაულებრივ ქმედებას ღვთისა და მოყვასის წინაშე. ამგვარი გაგებით, რა თქმა უნდა, ბავშვები პიროვნულად უცოდველნი არიან. მეორე გაგება ცოდვისა, ეს არის მემკვიდრეობითი ცოდვები. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი ჩადის უმძიმეს დანაშაულს მოყვასისა და, განსაკუთრებით, ღვთის წინაშე.

ამ დროს მისი ბუნება ძლიერ ზიანდება და ეს დაზიანება მემკვიდრეობით თვით მეოთხე თაობამდე გადადის. ასეთი ცოდვილის შთამომავალი, მართალია, პიროვნულად არ აგებს პასუხს წინაპრის შეცოდებაზე, მაგრამ იგი გარკვეული დაზიანებებით, კონკრეტული ცოდვისადმი მიდრეკილებებით იბადება. ამასთან, თუ გულგრილი დარჩვება წინაპრის მიერ ჩადენილი დანაშაულისადმი, მაშინ შეიძლება, მისი პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

თუ ცოდვის პირველი ორი გაგება თითქოს საყოველთაოა, მესამე გაგება მხოლოდ ქრისტიანობაშია. ესაა პირველქმნილი, ანუ ადამისეული ცოდვა. ადამის ცოდვა თვისობრივად განსხვავდება და შეუდარებლად აღემატება ყველა ჩვენს შეცოდებას.

მან უარყო ღმერთი და ეს უმძიმესი ცოდვა, მართალია, ეშმაკის ცდუნებით, მაგრამ ყოველგვარი შინაგანი მიდრეკილებისა და აუცილებლობის, აგრეთვე გარეგანი იძულების გარეშე, ანუ აბსოლუტურად თავისუფლად ჩაიდინა. ცოდვის შემდეგ ადამი დასცილდა ღმერთს (სიკეთის, სიცოცხლის, ბედნიერების წყაროს); მასში (ადამში) დაზიანდა ზოგადად ადამიანური ბუნება (ცოდვის სიმძიმისაგან), რის გამოც მთელი მისი შთამომავლობა უკვე დაზიანებული, ღმერთს დაცილებული, ავადმყოფი ბუნებით იბადება. ეს მდგომარეობა ისეთი მძიმე და გამოუვალი იყო, რომ ჩვენს გადასარჩენად თვით ღმერთის ადამიანად მოსვლა გახდა საჭირო; თავად ღმერთი გახდა მხსნელი.

ზემოთქმულიდან გასაგები ხდება, რომ ჩვილი ბავშვები პიროვნულად უმანკონი არიან (მათ ჯერ სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევნის გაკეთების უნარი არა აქვთ), მაგრამ ბუნებით ცოდვილნი არიან; ანუ მათ სრულად აქვთ მიღებული ადამისეული, დაზიანებული, ღმერთს დაცილებული და ავადმყოფი ბუნება ყველა უმძიმესი შედეგით: ცოდვიანი მიდრეკილებებით, ხორციელი ავადმყოფობითა და სიკვდილით, ღმერთთან ყოფნის უუნარობით.

ყოველი ახალშობილი შვილია ძველი ადამისა, გადარჩენისათვის კი აუცილებელია განახლება, სულიერად მეორედ შობა, ძველი ადამის შვილობიდან ქრისტეს, ანუ ახალი ადამის შვილად გახდომა. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, თუ რაოდენ სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალშობილთა მონათვლა, რითაც ისინი განახლებულნი, ქრისტეს შვილნი, სასუფევლის მოქალაქენი ხდებიან.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- ითვლება თუ არა ომში ადამიანის მოკვლა ცოდვად?

- ყოველი მოვლენის ქრისტიანული შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ მომხდარის არა მხოლოდ გარეგნული მხარე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მოტივაცია.

ღმერთი ისრაელს აძლევს მცნებას - „არა კაც ჰკლა"; ღმრთისავე კურთხევით ომობდნენ ისრაიტელები. ახალ აღთქმაში ადამიანისადმი მიმართულ მრისხანებასა და სიძულვილს უფალი კაცის კვლის ცოდვად თვლის; ამავე დროს არ უკრძალავს მეომრებს სამხედრო სამსახურს. ქრისტიანობა გვავალდებულებს, დავიცვათ მოყვასი, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად; და კატეგორიულად გვიკრძალავს შურისძიებას, თუნდაც სამართლიანს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ომში ადამიანი არა მტრის ბანაკიდან ვინმე კონკრეტული ადამიანის სიძულვილის, არამედ სამშობლოს, მოყვასისა და ოჯახის სიყვარულის გამო მიდის. ამიტომ მეომარს ბრძოლაში ადამიანის მოკვლა კაცის კვლის ცოდვად არ ეთვლება. ჩვენს შემთხვევაში კი, რადგან საქართველოს დამცველი მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველიცაა, ყოველი მეომარი ქრისტესთვის თავდადებულად, ქრისტეს მხედრად ჩაითვლება.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- არის თუ არა ცოდვა, როდესაც მეომარი საკუთარ თავს აიფეთქებს მტრის გარემოცვაში?

- ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია მოტივაცია. თუ მეომარმა თავი აიფეთქა, რომ ტყვედ არ ჩავარდნილიყო, მას ეს ქმედება თვითმკვლელობად ჩაეთვლება. ხოლო თუ ეს თანამებრძოლის გადასარჩენად გააკეთა, მაშინ ამგვარი საქციელი გმირობა, მოყვასისადმი თავის დადება, ანუ სათნოებაა. საერთოდ, ასეთ დროს ყოველი კონკრეტული შემთხვევა ცალკე უნდა იყოს განხილული.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- დღეს პლასტიკურ ბარათებზე, პასპორტებზე, პროდუქტებზე და ა.შ. შტრიხკოდით აღნიშნულია რიცხვი 666. რას უნდა ნიშნავდეს ეს?

- 666 ჩვეულებრივი რიცხვია, მაგრამ სააღრიცხვო, სადოკუმენტაციო, ფულადსაკრედიტო და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებში მისი ასე დაჟინებული გამოყენება მრავალ ეჭვს ბადებს.

ამერიკა და ევროპა ქრისტიანული მენტალიტეტის ქვეყნებია და იქ რიცხვი 666-ით ასე ხშირად მანიპულირება, რბილად რომ ვთქვათ, მისტიკური ხულიგნობაა. ბიბლიაში პირდაპირ გვიწერია, რომ რიცხვი 666 ნიშანია ანტიქრისტესი, ანუ, თანამედროვე, გამალებული გლობალიზაციის შედეგად აღმოცენებული სახელმწიფოს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტისა თუ მონარქისა.

ე.ი. ანტიქრისტე იქნება ჩვეულებრივი ადამიანი; ზემოთხსენებული ზესახელმწიფოს პოლიტიკური და რელიგიური ლიდერი, რომელსაც დაცემული ქერუბიმი, ანუ სატანა მთელ ძალაუფლებას გადასცემს.

აქედან გამომდინარე, რიცხვი 666 არის სატანის ნიშანი და იგი როგორც ძირითადი სიმბოლო, მართლაც გამოიყენება სატანისტურ ორგანიზაციებში (ასეთი ორგანიზაციები საქართველოშიც არის).

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სამნიშნა ერთი და იგივე ციფრიანი კოდი ტექნიკურად სირთულეს ბადებს (იზრდება შეცდომების ალბათობა), აშაკარაა მსოფლიო მმართველობის სურვილი, მიაჩვიონ ადამაინები ამ მისტიკურ საფრთხობელას, მოადუნონ მათი ყურადღება, დათრგუნონ სულიერი სიფხიზლე, რომ შემდეგ ხალხმა ვერ მოახერხოს ანტიქრისტეს ცნობა, რომლის სავიზიტო ბარათის რიცხვი სამყაროში 666 იქნება...

დღეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით იქმნება ზეპოლიციური მსოფლიო სივრცე, სადაც თითოეული ადამიანის პირადი ცხოვრება აბსოლუტურად გამჭირვალე იქნება. ამგვარი სივრცის ტექნიკური უზრუნველყოფა პრობლემას აღარ წარმოადგენს: მიკროჩიპები (კოდით 666), რომლებიც შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში (დამაფიქრებელია, რომ შუბლზე ან მარჯვენა ხელზე), სატელიტური კავშირისა და ინტერნეტის ქსელის საშუალებით დააფიქსირებენ ადამიანის ყოველ დანახარჯს (მგზავრობის მიმართულებას, შეძენილ წიგნს და ა.შ.), ადგილმდებარეობას და თუ ასეთი ძალაუფლებას ხელისუფლება ბოროტად გამოიყენებს...

თუმცა ეს ყოველივე მომავალში მოხდება (არც ისე შორეულში). დღეს კი გვმართებს სულიერი სიფხიზლე, რამეთუ აპოკალიფსური მხეცის ნიშნის პოპულარიზაცია მისტიკურ ხულიგნობასთან ერთად იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ჟამი ახლოა.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- როგორ უყურებს მართლმადიდებელი ეკლესია კონტრაცეპტივებს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ აბორტები?

- ღვთის ნების საწინააღმდეგო ქმედება ადამიანს უფლისგან განაშორებს და ცოდვად ითვლება. ღმერთი ყოველ ახალ ადამიანს, ცოლ-ქმრის მიერ, მათი თანაყოფის გზით ქმნის, ხოლო ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებით ცოლ-ქმარი ღმერთს ახალი ადამიანის მოვლინების საშუალებას არ აძლევს.

კონტრაცეპტიკა ახალი სიცოცხლის, საერთოდ სიცოცხლისა და სიცოცხლის წყაროს - ღვთის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. კონტრაცეპტიკა მკვლელობაა სიცოცხლის გაჩენამდე და ერის გენოციდია.

ყოველივე აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ეკლესია ვერასოდეს მისცემს კურთხევას კონტრაცეპტივების გამოყენებაზე, მით უმეტეს მათი უმრავლესობა (აბები, სპირალი), ხშირ შემთხვევაში ჩასახვას კი არ უშლის ხელს, არამედ უკვე განაყოფიერებულ უჯრედს კლავს, ე.ი. ადგილი აქვს აბორტს. ერთადერთი, რაც შეიძლება ეკლესიამ გააკეთოს ისაა, რომ გაითვალისწინოს, გამოიძიოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა (ჯანმრთელობა, ურწმუნო მეუღლე, მცირედმორწმუნეობა) და მოუწოდოს მეუღლეებს კონტრაცეპტივების მაგივრად, თავი შეიკავონ ურთიერთობისაგან იმ დღეებში, როცა შეიძლება ჩასახვა მოხდეს, იზრუნოს მათში რწმენის განმტკიცებისათვის და ასწავლოს უფალზე მინდობა.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- რას ნიშნავს სული და სამშვინველი?

- ადამიანური ბუნება ორნაწილედია: სულისა და ხორცის ერთობაა. თავად სულში ქრისტიანობა განარჩევს მის უმაღლეს ნაწილს - საკუთრივ სულს (პნევმა) და უმდაბლესს - სამშვინველს (ფსიხი). მხოლოდ ქრიტიანობის წიაღში, ანუ მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგიური ცხოვრებითაა შესაძლებელი, რომ ადამიანმა სრულად შეიცნოს თავისი ბუნება. ათეისტი, ან მცირედ რელიგიური ადამიანი თავის მხოლოდ ხორციელ, უკეთეს შემთხვევაში - ფშვინვიერ (ფსიქიკურ) ბუნებას შეიგრძნობს.

ასეთ შემთხვევაში ადამაინს ფშვინვიერი (ფსიქიკური) გამოვლინებები, გრძნობადი მოვლენები და ესთეტიკური სწრაფვანი სულის თვისებებად მიაჩნია, ხელოვნებით ცხოვრება და ტკბობა - სულიერ ცხოვრებად. მაგრამ სინამდვილეში ეს ყოველივე სამშვინველის თვისებები, ფშვინვიერი ცხოვრებაა.

საკუთრივ სულს (პნევმა) ქრისტიანობა სამ ძირითად გამოვლინებას, თვისებას მიაკუთვნებს: ა) ძიება, მისწრაფება, ლტოლვა უზენაესი არსებისადმი (ღვთისადმი); ბ) შიში, კრძალვა უზენაესი არსების (ღვთის) წინაშე; გ) სინდისი, ანუ სულის უნარი, შესაძლებლობა, იბატონოს, როგორც ფშვინვიერ (ფსიქიკურ), ისე ხორციელ მიდრეკილებებზე და სულის უფაქიზესი ინსტრუმენტი საკუთარი გადაწყვეტილებების გასაკონტროლებლად.

არარელიგიური ადამიანისათვის სულიერი ცხოვრება, სულიერი სამყარო სრულიად უცნობია. ყოველმა ეკლესიურად მცხოვრებმა (აღმსარებელმა, მაზიარებელმა) საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ რა ღრმა, მდიდარი და მანამდე მათთვის უცნობი სამყარო აღმოაჩინეს თავის თავში მას შემდეგ, რაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყეს; და როგორი ღარიბი, უფერული და უღიმღამოა ადამიანის არსებობა სულიერი ცხოვრების გარეშე.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- იყო თუ არა ნოსტრადამუსი წინასწარმეტყველი?

- ქრისტიანული სწავლებით წინასწარმეტყველი ის არის, ვინც ადამიანთა ცხონებისათვის ღვთის ნებას განაცხადებს. ამ განმარტებიდან გამომდინარე, ნოსტრადამუსი, რომელიც მაგიური მანიპულაციებით მკითხაობდა, ღვთის წინასწარმეტყველად ვერ ჩაითვლება. ხოლო ის ფაქტი, რომ მისი ნათქვამიდან ზოგიერთი (განსაკუთრებით ომების შესახებ) მეტნაკლებად მართლდება, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ იგი ღვთის კარნახით წინასწარმეტყველებდა. საქმე იმაშია, რომ სატანას თავისი მიზანი და გეგმები აქვს კაცობრიობასთან მიმართებაში.

მათი სისრულეში მოყვანისათვის მას ომები (მათ შორის, მსოფლიო) სჭირდება. სატანის ეს სურვილი კარგად აიხსნება მის მიმდევართა გეგმებსა და ზრახვებში (ისინი გეგმავენ და ახორციელებენ ომებსა და რევოლუციებს). ამიტომაც მაგიური მანიპულაციებით მკითხავმა თავის პატრონის (სატანის) ზრახვები რომ „იწინასწარმეტყველოს", ამაში გასაკვირი არაფერია.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- როგორ დავიცვათ თავი სექტანტური ზეწოლისაგან?

- ადამიანი, რომელიც ღმერთს ნამდვილად ეძიებს, არასოდეს მოხვდება სექტაში. სექტა რელიგიური სუროგატია და მას არ ძალუძს, ადამიანის სულიერი შიმშილი მოკლას. მაგრამ თუ ადამიანი სარწმუნოებრივ ცხოვრებაში არა ღმერთს, არამედ რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილებას ესწრაფვის, მაშინ იგი ადვილად გახდება სექტანტი.

ე.ი. ისინი, რომლებიც შეგნებულად და ბოლომდე სექტაში დარჩებიან, გააკეთებენ უმძიმეს მარადიულ არჩევანს და ღმერთს სამუდამოდ დაკარგავენ. მათზე კი, რომლებიც მტკიცედ დგანან ეკლესიაში, სექტანტები ვერანარი ზეგავლენას ვერ მოახდენენ.

სექტების აბსოლუტური უმრავლესობა ახალი შექმნილია. თითოეულის სათავეში კონკრეტული პიროვნებები დგანან. სექტის წევრი, ფაქტობრივად, ამ სექტის მამამთავრის, ანუ კონკრეტული კაცის მიმდევარი ხდება. ყოველი ცრუ რელიგიური მიმდინარეობის დამაარსებლის გარშემო ლეგენდები იქმნება.

თუ სექტა „ქრისტიანულია", მაშინ ამბობენ, რომ თითქოს მის დამაარსებელს გამოეცხადა ღმერთი, მხოლოდ მას მისცა ჭეშმარიტი ცოდნა და მხოლოდ მისი მიმდევრები გადარჩებიან. ასეთი სექტა მრავალია.

ისინი ერთმანეთს არ ცნობენ. თითოეული იჩემებს, რომ მხოლოდ იგი ფლობს ჭეშმარიტებას და ამ სიმართლის დამადასტურებლად მათ „უძლიერესი" არგუმენტი მოჰყავთ - ღმერთმა გვერდი აუარა საკუთარი სისხლით დაარსებულ ეკლესიას, უგულებელჰყო წმიდა მოციქულთა სწავლება და მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის დამაარსებელს გამოუცხადა ჭეშმარიტება. სამწუხაროდ, ამგვარი იდეა-ფიქსის მატარებელია ყველა მგზნებარე სექტანტი, რის გამოც მათი სულიერი მდგომარეობა მეტად მძიმეა.

ხოლო მართლმადიდებლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ არცერთი კაცის მიმდევარნი არა ვართ; არამედ ადამიანად მოსული და ჩვენთვის ჯვარცმული სამყაროს შემოქმედის მოწაფენი ვართ და თუ მტკიცედ გავერთიანდებით მის მიერ დაარსებულ ეკლესიაში, აღარანაირი საფრთხე არ გვემუქრება სექტანტებისაგან, რომლებიც არასოდეს ყოფილან პრობლემა ეკლესიისთვის. ისინი საშიშნი მხოლოდ ეკლესიის გარეთ მყოფთათვის არიან.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რატომ დაუშვა სატანის არსებობა?

- ღმერთი ყოვლადკმაყოფილი, ყოვლადნეტარი, უსრულყოფილესი და მარადიული არსებაა. ამავე დროს, იგი სიყვარულია და ამიტომ მან შექმნა გონიერი, პიროვნული არსებები (ანგელოზები და ადამიანები), რომლებიც მოწოდებულნი არიან, გახდნენ ღვთის მსგავსნი ანუ კმაყოფილნი, ნეტარნი, სრულყოფილნი, მარადიულნი, ე.ი. ბედნიერნი.

ერთადერთი პირობა, რითაც ანგელოზთა და ადამიანთა მიერ ღვთის ეს მოწოდება შესრულდება, სამპიროვნება ღმერთისა და ერთმანეთის სიყვარულია. თუ ღმერთი გიყვარს, ხარ მასთან და მისი ბედნიერების თანაზიარი ხარ; თუ ღმერთი არ გიყვარს, მასაც კარგავ და მისგან გამომდინარე ყველა სიკეთესაც.

მაგრამ სიყვარული მხოლოდ ნებაყოფლობითი შეიძლება იყოს. სიყვარული არ არსებობს ძალადობით. ეყვარებოდათ თუ არა ღმერთი, დარჩებოდნენ თუ არა ღმერთთან, ეს თავად ანგელოზებს უნდა გადაეწყვიტათ (ასევე უნდა გადავწყვიტოთ ადამიანებმა).

და აი, ერთ-ერთმა მთავარმა ანგელოზთაგან და მისი მიბაძვით სხვებმაც არ ისურვეს ღმერთთან ყოფნა და ისინი, საკუთარი ნებით სიკეთეს მოკლებულნი, ბოროტ სულებად გადაიქცნენ.

ხშირად კითხულობენ, რატომ არ სჯის და ანადგურებს მათ ღმერთი. ისინი დასჯილნი არიან, მათ აღარა აქვთ ერთობა ბედნიერების წყაროსთან, ღმერთთან.

მათ განადგურებას რაც შეეხება, უნდა ვიცოდეთ, რომ პიროვნულ არსებებში უმთავრესია ორი თვისება: მარადიულობა და თავისუფლება. ღმერთი, როგორც ყოველი ქმნილების მოყვარული მამა, არც ერთ თვისებას არ ეხება. ანგელოზები და ადამიანები მარადიულად იარსებებენ და იარსებებენ ისე, როგორ არჩევანსაც თვითონ გააკეთებენ.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

- რას ნიშნავს სალოსი?

- სალოსი, ანუ წმიდა პავლე მოციქულის ტერმინოლოგიით, ქრისტესთვის სულელი, არის ადამიანი, რომელიც შინაგანად წმინდა და ღვთივსათნო ცხოვრებით ცხოვრობს, ხოლო გარეგნულად საზოგადოებაში არსებული ქცევისა და ურთიერთობის ყველანაირ ნორმას უგულებელყოფს.

იგი ხალხის თვალში შეიძლება ჩანდეს უკიდურეს ცოდვილად და ამით საკუთარ სათნოებებს ფარავდეს; შეიძლება სულელის და არასერიოზულის ნიღბით ცხოვრობდეს, რითაც ადამიანთა ცოდვების და მანკიერებების მხილების ისეთი საშუალებები ეძლეოდეს, რის გაკთებასაც სხვა შემთხვევაში ვერ მოახერხებდა.

სალოსი, პრაქტიკულად, საზოგადოებიდან არანაირ თანაგრძნობას, კეთილგანწყობას, პატივისცემას, დაფასებას არ იღებს, რამეთუ საზოგადოებისთვის სალოსის ღვაწლი, მისი წმინდა და ღვთივსათნო ცხოვრება დაფარულია, უცნობია (თავად დაფარა) და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულნი, არად დაგიდევენ რა კაცთაგან ქება-დიდებას თუ ლანძღვა-გინებას, მხოლოდ ღვთის წინაშე ცხოვრობენ და იარებიან.

ამგვარი უანგარობისა და ჭეშმარიტად დაფარული ღვაწლის გამო სალოსნი ადამიანთათვის უდიდესი მეოხნი ხდებიან ღვთის წინაშე; ხოლო ხშირად (როცა ღმერთი მათ მოღვაწეობას გამოაჩენს) დიდი მანათობელნიც ქრისტესკენ მიმავალ გზაზე. სალოსობა უმძიმესია ქრისტიანულ ღვაწლთა შორის (იგი სიმძიმით მესვეტეობასაც აღემატება), ამიტომ თუ ადამიანი ღვთისაგან განსაკუთრებული კურთხევის გარეშე შეუდგება ამ უმძიმეს ღვაწლს, იგი დაიღუპება.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1578 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები