ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:03
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » გვპასუხობს მოძღვარი.
00:25
გვპასუხობს მოძღვარი.

ვერთვები თუ არა საუბარში, განკითხვის ცოდვაში ვვარდები. ვცდილობ არავინ განვიკითხო და ძვირი არავისი წამომცდეს, მაგრამ ვიდრე ჩუმადა ვარ, კიდევ არა მიშავს, როგორც კი ხმას ამოვიღებ, თითქოს გონება მიბნელდება. გამოფხიზლებისას ირკვევა, რომ ძვირიც მითქვამს და განმიკითხავს კიდეც.

მართებულია თუ არა ცხოველის ან ფრინველის შეწირვა სალოცავისთვის და მათი იქ დაკვლა, როგორც ეს საქართველოს მთიან რეგიონებში ხდება?

როგორ დავიხსნათ თავი ჯადოს გაკეთებისაგან?

შეიძლება თუ არა ჯოჯოხეთში მოხვედრილი სული სამოთხეში გადავიდეს?

თუ ღმერთს ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, მაშინ რატომ არსებობენ ღვთის რჩეულები?

ვიყავი ეკლესიაში სანთლის ასანთებად. ლოცვისას ვიღაც მამაკაცი მომიახლოვდა და მიბრძანა, ტაძარი დამეტოვებინა. ჩემს გაკვირვებაზე მან მომიგო, ვიწრო ზორტებიანი საზაფხულო კაბით ტაძარში არ შეიძლება ყოფნაო.

ეკლესიაში ისედაც იშვიათად დავდიოდი და მას შემდეგ საერთოდ აღარ მივსულვარ. ჰქონდა თუ არა მას უფლება, ასე გავეგდე ეკლესიიდან?

რატომ აქვს კათოლიკურ ჯვარცმაზე ქრისტეს ფეხები გადაჯვარედინებული?

რამდენად მართებულია იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ფილმის გადაღება ან მისი ყურება?

როდის შეიძლება ახალშობილი მოვნათლოთ?

რამდენჯერ შეიძლება ვაკურთხოთ სახლი?

როგორ მოვიქცეთ, როდესაც სიწმინდეები გვიზიანდება, მათი გადაყრა ხომ არ შეიძლება?

რატომ ამბობენ, რომ საიქიოში ყველა 33 წლის იქნება?



პასუხები:

- ვერთვები თუ არა საუბარში, განკითხვის ცოდვაში ვვარდები. ვცდილობ არავინ განვიკითხო და ძვირი არავისი წამომცდეს, მაგრამ ვიდრე ჩუმადა ვარ, კიდევ არა მიშავს, როგორც კი ხმას ამოვიღებ, თითქოს გონება მიბნელდება. გამოფხიზლებისას ირკვევა, რომ ძვირიც მითქვამს და განმიკითხავს კიდეც.

- ცხადია, ამისთვის ქებას ვერ შეგასხამთ, მაგრამ შემამსუბუქებელი გარემოება ის გახლავთ, რომ თავადაც გრძნობთ თქვენს სისუსტეს და მისგან თავის დაღწევა განგიზრახავთ. ასე განაგრძეთ ყოველთვის. როცა თავს ამ სისუსტეს შენიშნავთ, განმარტოებისთანავე ასწავლეთ მას ჭკუა, თანაც იმაზეც იფიქრეთ, როგორც მოახერხოთ ჩვეულებრივ ხუმრობაშიც კი ისე ჩაერთოთ, განკითხვის გზაზე რომ არ გადაუხვიოთ.

ასე თუ იშრომებთ და სხვადასხვა ხერხებსაც გამოიმუშავებთ, თანდათან ჩვევად გექცევათ, რომ არავინ განიკითხოთ. როცა ამისათვის იღწვით, თავს ისიც შეახსენეთ, რომ ღმერთს ისე არაფერი შეურაცხყოფს, როგორც განკითხვის ცოდვა, რამეთუ ამით მის ხელმწიფებას ამეტებთ და საკუთარ თავს კი უქმნით უფრო მეტ საფრთხეს იმისას, რომ მკაცრად მოგეკითხოთ: სხვების განკითხვით ხომ თავსაც სასტიკ სასჯელს უმზადებთ, „რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ" (მთ. 7, 2). რაც შეიძლება ხშირად იკითხეთ ესა და მაცხოვრის სხვა, ამის მომდევნო, სიტყვები.

ცხადია, ცუდს კარგს ვერ უწოდებ, მაგრამ ცუდის დანახვისას კი არ უნდა მოვყვეთ ძმისა თუ დის განკითხვას, უნდა შეგვებრალოს იგი, და ასე სიბრალულით განმსჭვალულებმა გულით ვილოცოთ მისთვის, რომ უფალმა გაუნათოს გონება, გამოაფხიზლოს და მისცეს ძალა მტკიცედ იაროს იმ გზით, რომელიც მას შეეფერება.

თუ ყოველთვის სხვების შეცოდებათა დანახვისას ჩვენს გონებას ასე წარვმართავთ, სიყვარულით განვიმსჭვალებით მის მიმართ. საუბარში შესაძლოა ვერ გამოვამჟღავნოთ ჩვენი პოზიცია მისი საქციელის მიმართ, მაგრამ შემამსუბუქებელი ან გამამართლებელი გარემოების გამოძებნა ყოველთვის შეიძლება. ადამიანის დაცვაც სიყვარულით მოხდება. როცა ასეთ საუბარს წამოიწყებენ, სჯობს სულაც მივაფუჩეჩოთ იგი, სიტყვა სხვა საგანზე გადავიტანოთ. თუ ეს არ გეხერხებათ, გიჯობთ გაჩუმდეთ, სანამ ჭორაობას არ შეწყვეტენ და შინაგან ლოცვას მიჰყოთ ხელი მასზე, ვისაც განიკითხავენ.

მე და თქვენ ვერავის აღვზრდით, საკუთარი თავი კი უნდა აღვზარდოთ და ეს შეგვიძლია კიდეც.
(წმიდა თეოფანე დაყუდებული)



- მართებულია თუ არა ცხოველის ან ფრინველის შეწირვა სალოცავისთვის და მათი იქ დაკვლა, როგორც ეს საქართველოს მთიან რეგიონებში ხდება?

- ეკლესია მატერიალური შეწირულობებით არსებობს. ადამიანები (მრევლი) ეკლესიისგან იღებენ სულიერს, ხოლო თავად ტაძრისთვის მატერიალურს გასცემენ. მატერიალური სახის შესაწირავი მრავალგვარი შეიძლება იყოს და მათ შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს.

ეკლესიას შეიძლება შესწირონ გარკვეული თანხა, ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები და პროდუქტები (ხატი, შანდალი, საკმეველი, ფქვილი, ზეთი, ღვინო, სანთელი...), საკუთარი ფიზიკური შრომა და საზრდელი. ცხოველი და ფრინველი სწორედ ამ უკანასკნელის სახის შესაწირავს წარმოადგენს.

მათი ეკლესიისათვის შეწირვას (ტაძარში ტოვებენ და ეკლესია მას საჭიროებისამებრ მოიხმარს), ხორციელი სიკეთის გამოვლინების გარდა, სხვა რამ მისტიკური (სისხლიანი მსხვერპლი) დატვირთვა არ გააჩნია. 

ადამიანთა ცოდვისგან გამოხსნისა და გადარჩენისათვის ადამიანად მოსულმა ღმერთმა თავად დაღვარა სისხლი და ამიტომ წარმართობა, უგუნურება და მკრეხელობაცაა, როდესაც დღეს ქართველები თითქოს ქრისტეს სისხლს არ კმარობენ და ცხოველის სისხლს ამატებენ. კლავენ მათ წმინდა ადგილებში და ამით შეურაცხყოფენ მათ.

ცხოველის და ფრინველის ხორცი ჩვეულებრივი საჭმელია და მათი ეკლესიისთვის ქრისტეს სახელით შეწირვით (გადაცემით), ხორციელი სიკეთის გაკეთების საშუალება გვეძლევა. თავად ქრისტიანობა ცოცხალ, პიროვნულ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობაა; ქრისტიანული ცხოვრება კი ადამიანისაგან როგორც სულიერი, ასევე ხორციელი სიკეთის აღსრულებას მოითხოვს, რომლის გამოვლინებაცაა ეკლესიისთვის რაიმეს, თუნდაც საჭმლის შეწირვა.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- როგორ დავიხსნათ თავი ჯადოს გაკეთებისაგან?

- ჯადო არ მოქმედებს ქრისტიანზე, ანუ ადამიანზე, რომელიც ქრისტეს დაემოწაფა; არის აღმსარებელი, მაზიარებელი, ახალი აღთქმის წმ. მცნებების აღმსრულებელი. ვისაც ჯადოს უკეთებენ, მასზე მოქმედებს ბოროტი, პიროვნული სული ანუ ეშმაკი. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი ღორშიც ვერ შედის თუ ღმერთმა არ დაუშვა. ამიტომ თუ ადამიანზე ჯადომ იმოქმედა, მიზეზი თვით ამ ადამიანის სულიერ ცხოვრებაშია საძებნი.

დღეს დიდად რეკლამირდება და პრაქტიკაში ინერგება ე. წ. ჯადოს მომხსნელთა სამსახური. ამგვარი "სამსახურების" რეკლამირება სამარცხვინოა ჩვენნაირი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქვეყნისათვის, ხოლო მათი სერვისით მოსარგებლენი უმძიმეს ცოდვაში ვარდებიან.

როცა ჯადოს გიკეთებენ მსხვერპლი ხარ; ხოლო როცა თავად მიდიხარ ჯადოქართან (ჯადოს მომხსნელი იგივე ჯადოქარია) - თანამონაწილე, ეშმაკის თანამზრახველი ხდები. როგორც წესი, "ჯადოს მომხსნელთან" მისულისაგან ერთი ეშმაკი გამოდის (რომელიც აწუხებდა) და სხვა შედის; ან შესაძლოა მოხდეს უარესი, - ადამიანი სულიერად ისე დაზიანდეს, რომ ვეღარასოდეს გახდეს ქრისტიანი, ანუ ღვთის შემეცნების უნარი დაკარგოს.

ხოლო თავად ჯადოქარნი, - მკეთებელნიც და მომხსნელნიც, როგორც კაცის მკვლელნი წარსდგებიან ღვთის წინაშე.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- შეიძლება თუ არა ჯოჯოხეთში მოხვედრილი სული სამოთხეში გადავიდეს?

- ადამიანი სულის და ხორცის ერთობაა. გარდაცვალებისას ადამიანური ბუნება ორად იხლიჩება. ხორცი მიწად იქცევა. ადამიანური პიროვნება არსებობას სულის მიერ განაგრძობს. მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ სული. მხოლოდ სული არ არის სრულყოფილი ადამიანი. მას არ შეუძლია სრულყოფილი არსებობა. მას არ შეუძლია სრული ნეტარება ან ტანჯვა განიცადოს. იგი ერთგვარ მოლოდინშია.

მაგრამ მოლოდინის ორი სხვადასხვა მდგომარეობა არსებობს: პირობითად სამოთხე (არასრული) და ჯოჯოხეთი (არასრული), რომლებსაც ადამიანები გარდაცვალებისას პირადი სამსჯავროს მერე დაიმკვიდრებენ.

სამოთხეში მყოფ ადამიანს ჩვენი ლოცვა არ სჭირდება, რამეთუ იგი წმინდანია და თავად არის ჩვენი მეოხი. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ სად მიდის და რადგან ჯოჯოხეთში მყოფს ეკლესიის ლოცვა სჭირდება, ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ.


ჩვენს ლოცვას არ შეუძლია ადამიანი ჯოჯოხეთიდან სამოთხეში აღიყვანოს(ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით), მაგრამ მდგომარეობას უმსუბუქებს, მარტოობისა და უსასოობის განცდას უქარწყლებს და ამგვარად ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე შვებასა და ნუგეშს აძლევს.

უფლის მეორე მოსვლის შემდეგ, როდესაც შეიქმნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა (სამყარო შეიცვლება) და როდესაც აღდგებიან მკვდარნი (თითოეული სული კვლავ მიიღებს განახლებულ, უხრწნელ სხეულს), მაშინ სამოთხეში მყოფი სრული ადამიანები (სულით და ხორცით) შევლენ სრულ ნეტარებაში (იქნებიან ქრისტესთან და ერთმანეთთან); ხოლო ჯოჯოხეთში მყოფთაგან, რომლებსაც უყვარდათ ქრისტე, მაგრამ სიცოცხლეში ვერ მოასწრეს სარწმუნოებრივი საქმეებით ეჩვენებინათ ღვთის სიყვარული, აგრეთვე ჰქონდათ წმ. ეკლესიის მეოხება, უფლის კაცთმოყვარებით აღმოყვანილნი იქნებიან ჯოჯოხეთიდან და მართლებთან ერთად, თავადაც გამართლებულნი მარადის ქრისტესთან იქნებიან.

ხოლო ქრისტეს მოძულენი, რომლებიც ამ სიძულვილის გამო ქრისტესთან სიახლოვით იტანჯებიან, მარადიულად ქრისტეს გარეშე დარჩებიან, რაც წარმოადგენს კიდევაც ყველაზე საშინელ სატანჯველს.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- თუ ღმერთს ყველა ადამიანი ერთნაირად უყვარს, მაშინ რატომ არსებობენ ღვთის რჩეულები?

- ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს, მაგრამ ყველას ერთნაირად არ უყვარს ღმერთი. ყოველი ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, თვითონ არჩევს, როგორი ერთგულებით ემსახუროს უფალს. ღმერთთან არ არის დრო.

უფლისთვის მომავალი (არც წარსული) არ არსებობს (ეს ჩვენთვის გაუგებარია). მან დრო თავად, სამყაროსთან ერთად შექმნა, ამიტომ ყველა იმ ქმედებას და არჩევანს, რომელსაც მომავალში ჩავიდენთ, ღმერთი აწმყოსავით ხედავს და იცის (ე. ი. იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ იცის, არამედ, რაც უნდა გავაკეთო და ავირჩიო, ის იცის).

აქედან გამომდინარე, ღმერთი წინასწარ ხედავს რა კონკრეტული ადამიანის ღვთისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და განსაკუთრებულ არჩევანს, ირჩევს მას რაღაც მისიის შესასრულებლად. ხოლო, რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ადამიანები სხვადასხვა ნიჭით იბადებიან, უნდა გვახსოვდეს - ადამიანი ცხონდება (გადარჩება) არა ამა თუ იმ ნიჭით, არამედ ღვთის წყალობით და თავისუფალი არჩევანით: იყოს თუ არა ღმერთთან.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- ვიყავი ეკლესიაში სანთლის ასანთებად. ლოცვისას ვიღაც მამაკაცი მომიახლოვდა და მიბრძანა, ტაძარი დამეტოვებინა. ჩემს გაკვირვებაზე მან მომიგო, ვიწრო ზორტებიანი საზაფხულო კაბით ტაძარში არ შეიძლება ყოფნაო. ეკლესიაში ისედაც იშვიათად დავდიოდი და მას შემდეგ საერთოდ აღარ მივსულვარ. ჰქონდა თუ არა მას უფლება, ასე გავეგდე ეკლესიიდან?

- რა თქმა უნდა, ეკლესია გულგრილი ვერ იქნება, თუ როგორ შედიან ტაძარში მლოცველები, რომლებიც ღვთის შიშით უნდა შედიოდნენ. ხოლო ღვთის შიში და კრძალვა ადამიანის გარეგნობაშიც აისახება, ანუ მის დგომაში, ხელების მდებარეობაში, საუბარში და ჩაცმულობაშიც... მინისტრთან და პრეზიდენტთან მიღებაზე ყველანაირი ჩაცმულობით ვერ შეხვალ, მით უმეტეს, არ არის სულერთი თუ როგორ შეხვალ ზეციური მეფის სახლში.

რაც შეეხება კითხვაში დასმულ შემთხვევას, ვფიქრობ, ხსენებულ მამაკაცს არ ჰქონდა უფლება შენიშვნის მიცემისა და მით უმეტეს, უხეშობის. შენიშვნის მიცემის უფლება ყველას არა აქვს და ვისაც აქვს, მან ეს სიყვარულით და დიდი სიფრთხილით უნდა გააკეთოს, რათა ტაძარში ძლივს მისული უფლის ცხოვარი ეშმაკის გასახარად ქრისტეს არ მოწყვიტოს. თქვენ კი გირჩევთ, რომ უფლის ძიება დაიწყოთ მოძღვრის ძიებით, რამეთუ ამ უკანასკნელებზე ბრძანა ქრისტემ, ვინც თქვენი ისმინა, ჩემი ისმინაო.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- რატომ აქვს კათოლიკურ ჯვარცმაზე ქრისტეს ფეხები გადაჯვარედინებული?

- რა თქმა უნდა, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ აქვს ფეხები მაცხოვარს ჯვარზე. მაგრამ მართლმადიდებლური ტრადიციით ქრისტემ ოთხი სამსჭვალი დაითმინა ჯვარცმისას. ჩვენი რწმენით, ამგვარი ჯვარცმა (ოთხი სამსჭვალით) უფრო ასახავს ისტორიულ რეალობას. ამასვე გვიდასტურებს საეკლესიო გადმოცემა, ამიტომ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს ტრადიციას.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- რამდენად მართებულია იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე ფილმის გადაღება ან მისი ყურება?

- რა თქმა უნდა, არც ერთი ღვთისმოშიში ქრისტიანი არ მიიღებს მონაწილეობას ამგვარი ფილმის გადაღებაში; მითუმეტეს არ ითამაშებს ქრისტეს როლს. მაგრამ ასეთი ფილმები ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობენ. ასეთია ობიექტური რეალობა. შეიძლება თუ არა ამგვარი ფილმის ნახვამ ზიანი მოუტანოს მორწმუნეს.

თეორიულად შეიძლება; თუ ადამიანის ცნობიერებაში ასეთი ფილმი ქრისტეს გრძნობად ხატებას დააფიქსირებს. მაგრამ, პრაქტიკულად არ მინახავს ადამიანი, რომლისთვისაც ქრისტეზე გადაღებულ ფილმს ზიანი მიეყენებინოს. უფლის მოყვარული ადამიანი ამგვარ ფილმსაც უფალზე ფიქრისთვის, ქრისტეს ვნებების კიდევ ერთხელ განცდისათვის გამოიყენებს.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- როდის შეიძლება ახალშობილი მოვნათლოთ?

- ახალშობილის მონათვლა ყოველთვის შეიძლება. ტრადიციულად ნათლავენ მე-40 დღეს, ხოლო ბავშვის უძლურებასა და ავადმყოფობის (სასიცოცხლო ჩვენებით) შემთხვევაში - რაც შეიძლება მალე.

ძალზე სცოდავენ მშობლები, რომლებსაც სურთ რა დიდი წვეულების გამართვა, შეგნებულად არ ნათლავენ ბავშვებს. ამით საკუთარ შვილებს უფალთან მისვლის საშუალებას უსპობენ და არ აძლევენ რა მათ სულიერ საკვებს, შვილთა მკვლელებად წარსდგებიან ღვთის წინაშე.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- რამდენჯერ შეიძლება ვაკურთხოთ სახლი?

- საქართველოში სახლს, ტრადიციულად, წელიწადში ერთხელ აკურთხებენ. საჭიროების შემთხვევაში იგი შეიძლება უფრო ხშირად, თვეში ერთხელაც კი იკურთხოს. სახლის (ოჯახის) კურთხევისას მღვდლის ლოცვით ოჯახზე გადმოდის ღვთის მადლი, ეძლევათ მფარველი ანგელოზი, მაგრამ ღვთის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე მოდის, რომლებიც ქრისტეს წმინდა მცნებებით იცხოვრებენ; ეს ძალიან კარგად ჩანს თვით სახლის კურთხევის ლოცვებშიც. ამიტომ კარგია და აუცილებელიც სახლის (ოჯახის) კურთხევა, მაგრამ უმთავრესია საკუთარი სულის განწმენდა, ანუ ნამდვილი ქრისტიანული (ეკლესიური) ცხოვრება.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- როგორ მოვიქცეთ, როდესაც სიწმინდეები გვიზიანდება, მათი გადაყრა ხომ არ შეიძლება?

- დაზიანებული სიწმინდე უნდა დაიწვას და სუფთა ადგილას დაიფლას, ან სუფთა მდინარეში გადაიყაროს (ფერფლი). შეიძლება მათი ტაძარში მიტანაც.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)



- რატომ ამბობენ, რომ საიქიოში ყველა 33 წლის იქნება?

- ითვლება, რომ ჯანმრთელობისა და ცხოვრების ნორმალური პირობების შემთხვევაში ადამიანის ხორციელი ბუნება ოპტიმალურ მდგომარეობას 33 წლის ასაკში აღწევს. ეს პერიოდი ქრისტეს ასაკად იწოდება (ქრისტე 33 წლის ასაკში აღესრულა ჯვარზე). გარდაცვალებისას ადამიანური ბუნების გახლეჩა სულად და ხორცად დროებითი მოვლენაა.

ადამიანი მარადისობას სრული ბუნებით იმკვიდრებს, ანუ როგორც სულით, ისე ხორცით. თავდაპირველად სული გადადის მარადისობაში (გარდაცვალებისას); ხოლო უფლის მეორედ დიდებით მოსვლის ჟამს სული კვლავ შეერთდება ხორცთან, მაგრამ ეს ხორცი (მკვდრეთით აღმდგარი) იქნება განსულიერებული (სულს დამორჩილებული, სულის თვისებების მქონე, უკვდავი), ქრისტეს მკვდრეთით აღმდგარი სხეულის მსგავსი და ქრისტეს ასაკისა, ე. ი. 33 წლის. და ეს მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლისა გარდაიცვალა ადამიანი (ბავშვობაში თუ ღრმად მოხუცებული).

თუმცა შეუძლებელია ითქვას, თუ როგორი იქნება მკვდრეთით აღმდგარი ადამიანის ხორციელი ბუნება, რამეთუ ამის გამოცდილება არ გაგვაჩნია, ამიტომ გამოთქმა - ვიქნებით 33 წლისა, უფრო სრულყოფილების, ქრისტესადმი მიმსგავსების მაჩვენებელია. შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ აქ საუბარი გადარჩენილ, ანუ ცოცხალ ადამიანზეა.
(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1238 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები