ხუთშაბათი, 25.04.2024, 10:06
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 10 მცნების მიხედვით.
01:11
როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 10 მცნების მიხედვით.

მერვე მცნება: არა იპარო.

„არცა მპარავთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ არა დაიმკჳდრონ" (1 კორ. 6,10).

იქნებ თქვენ შორის არ არის პროფესიონალი ქურდი, ყაჩაღი და თაღლითი, მაგრამ ისეთები კი ნამდვილად არიან, რომელთაც თუნდაც მცირედი მიუთვისებიათ იმისა, რაც მათ არ ეკუთვნოდათ. ყოველივე ეს იგივე ქურდობაა.

1. გაიხსენეთ, ხომ არ ცდუნებულხართ ოდესმე რაიმეთი, რაც „ცუდად იდო". ამას ჩვენ ცოდვად არ ვთვლით, მაგრამ ეს ნამდვილი ქურდობაა. ხომ არ მიგიტანიათ შინ შვილებისთვის რამე სამსახურიდან და ამით ხომ არ მიგიჩვევიათ იგი ქურდობისათვის?!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

2. ხომ არ გაგქცევიათ თვალი სხვისი ბაღის, ბოსტნის ან ყანისკენ, სულერთია, კერძო იყო თუ სახელმწიფო - ესეც ქურდობაა!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

3. ზოგისგან გამიგონია: „როცა სალოცავად მივდივარ, ღმრთისმშობელი უფასოდ მამგზავრებს". კარგად ჩაუფიქრდით და შეინანეთ, ეს ხომ ქურდობაა! რაღა ლოცვა გამოდის? ადრე ფეხით დადიოდნენ სალოცავად, ახლა კი ტრანსპორტით მგზავროთ და ისიც უფასოდ გსურთ!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

4. ხომ არ მოგიპარავთ ელექტროენერგია სახელმწიფოსთვის რაიმე ხრიკის მოგონებით? ეს სამარცხვინოა ქრისტიანისათვის!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

დღეიდან შეწყვიტეთ საკუთარი სინდისის შებღალვა ამისთანა წვრილმანებით!

5. ვაჭრობისა და საზოგადოებრივი კვების მუშაკებო, ბაზარში მოვაჭრენო, ხომ არ დაგიკლიათ წონაში, მოგიტყუებიათ ხურდაში ან შეგიტყუებიათ უხარისხო საქონელი მომხმარებლებისათვის? შეინანეთ უფლის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

დღეიდან აღარ გაისვაროთ ხელი და სინდისი. ამ გზით არავითარი სარგებელი, არც მატერიალური და არც სულიერი თქვენ არ გექნებათ, პირიქით, ქარის მოტანილს ქარივე წაიღებს! თანაც მუდმივი შიში გექნებათ, რომ ვინმემ არ დაგასმინოთ, არ დაგიჭიროთ ამ საქმიანობისათვის. ისე, რამხელა სირცხვილია ადამიანისა და ღმრთის, წმინდანებისა და ანგელოზების წინაშე, თუ ქრისტიანი კაცი ამხილეს და დაიჭირეს ქურდობისათვის! პატიოსანი გზით მოპოვებული ზედმეტი ქონებაც კი ცოდვაა ქრისტიანისათვის.

იქნებ საბავშვო დაწესებულებაში ვინმემ ბავშვების საკვები მიითვისა? ეს კი უკვე დიდი დანაშაულია, შეინანეთ!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

6. ხომ არ უთაღლითია ვინმეს და შეუჩეჩებია ძველი ფული ან აუღია ზედმეტი ხურდა გამყიდველისაგან?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

7. იქნებ მოპარული ნივთი დაგიმალავთ ან ნაპოვნი მიგითვისებიათ?! წმინდა მამები მიწაზე დაგდებული მუხუდოს ერთ მარცვალსაც კი არ ახლებდნენ ხელს: რაც შენ არ დაგიკარგავს, შენი არ არის. თუ რამე იპოვე, შეეცადე დაუბრუნო დამკარგავს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

8. იქნებ გიყიდიათ რაიმე, რომელიც იცოდით, რომ მოპარული იყო? შეიძლება ლოთისაგან შეგიძენიათ იაფად ოჯახიდან მოპარული ნივთი. გონს მოდით, გახსოვდეთ, რომ მოპარულის შეძენით თქვენ ქურდობის მონაწილე ხდებით. არასოდეს შეიტანოთ ოჯახში ამ გზით შეძენილი ნივთი, ხოლო ვისაც ეს ჩაგიდენიათ, შეინანეთ!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

9. ხომ არ შეგიდგენიათ ან გისარგებლიათ ყალბი დოკუმენტით?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

10. იქნებ ვალის გადახდა დააგვიანეთ ან საერთოდ არ იხდით იმ საბაბით, თითქოს არ გქონდეთ ფული, სინამდვილეში კი, ან დაგენანათ მიცემა, ანდა გაფლანგეთ და თავი ვერ მოუყარეთ გადასახდელ თანხას. სასწრაფოდ გადაიხადეთ ვალი!

თუ გაქვთ საშუალება, დღესვე მიეცით ფული, ან არადა, აღუთქვით უფალს, რომ უახლოეს მომავალში მოაგვარებთ ამ საქმეს. საერთოდ, ქრისტიანი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ჩაეტიოს. შევეცადოთ ვიცხოვროთ უფრო მოკრძალებულად და მაშინ სულიც დამშვიდებული გვექნება, ვინაიდან ვალი მძიმე ტვირთად გვაწვება.

11. ჩვენ მუდამ ვცოდავთ, როდესაც დაუდევრად ვექცევით სხვის ნივთს. თუ ადამიანმა ან სახელმწიფომ გვანდო თავისი ქონება, ქრისტიანი მას უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ექცეოდეს, ვიდრე საკუთარს, რომ არ გააფუჭოს, არ გატეხოს, არ დაკარგოს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, უყურადღებობა და დაუდევრობა!

12. მერვე მცნების წინააღმდეგ ვცოდავთ, თუ ვაიძულებთ ადამიანებს საჩქურები მოგვართვან. იქნებ რომელიმე თქვენგანი ღამეს ათევინებს ნათესავებსა და ნაცნობებს, რომლებიც წმინდა ადგილების მოსალოცად მოსულან? ამ დროს ხომ არ იქცევით ისე, რომ ისინი იძულებულნი არიან გადაგიხადონ ფული ან მოგართვან საჩუქრები? ხომ არ ითხოვთ მათგან რაიმე განსაკუთრებულს? შეინანეთ უფლის წინაშე!

უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ, ცოდვილნი!

და თუ უანგარო მასპინძლობა არ შეგიძლიათ, უნამუსო გამომძალველებად მაინც ნუ იქცევით, სტუმრებს ქრისტიანულად უმასპინძლეთ!

13. ხომ არ მიგიყენებიათ შეგნებულად ზიანი მოყვასის ქონებისათვის? გადაგითელავთ ბოსტანი, დაგიმტვრევიათ ხეხილის ტოტები, მოგიწამლავთ შინაური ცხოველი და ფრინველი? იქნებ რაიმე სხვა ბოროტმოქმედებით დაგიზარალებიათ ისინი? შეინანეთ უფლის წინაშე! თუ ასეთი რამ ჩაგიდენიათ, აუნაზღაურეთ დანაკარგი, ვითარცა ზაქემ და შეურიგდით. აი, მაშინ იქნება ნამდვილი მონანიება!

14. ჩვენ ვკიცხავთ უსაქმურებს, მაგრამ თვითონაც ხომ ასეთივე უსაქმურები ვართ? განა კეთილსინდისიერად ვჩერდებით სამსახურში სამუშაო დღის ბოლო წუთამდე? ხელფასის აღებაზე კი უარს არავინ ამბობს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

15. მერვე მცნების წინააღმდეგ ცოდვად ითვლება ეკლესია-მონასტრების ქონების მითვისება. ტაძრიდან სანთლის ნამწვის წამოღებაც კი არ შეიძლება. იცოდეთ, რომ საეკლესიო ქონება ეს არის ცეცხლი, რომელიც საკუთარ სახლში შეგაქვთ.

16. არსებობს ამ ცოდვის კიდევ ერთი სახეობა, ეს არის სპეკულაცია. ვინც ამ სამარცხვინო საქმიანობას ეწევა. სასწრაფოდ შეწყვიტოს და შეინანოს უფლის წინაშე ცრემლით.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

17. ხომ არ მოგითხოვიათ ვინმესთვის ფული ან ნივთები მოჩვენებითი მოწყალების მიზნით? თითქოს ეკლესია-მონასტრებისთვის, ან გაჭირვებული ადამიანებისათვის გინდოდათ დახმარების გაწევა, სინამდვილეში კი თავად ითბობდით ამით ხელს?! თუ ასეთი რამ ჩაგიდენიათ, შეეცადეთ ეს უკეთურება გამოასწოროთ იმით, რომ თქვენგან მითვისებული გაჭირვებულ ხალხს მოხმარდეს.

18. მერვე მცნება კრძალავს აზარტულ თამაშებს ფულზე, ვინც ამით სცოდა, შეინანოს უფლის წინაშე და მეტი აღარ ჩაიდინოს ასეთი რამ.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ყოველივე ეს არ მოითხოვს განსაკუთრებულ ღვაწლს, საჭიროა მხოლოდ შეიგნოთ, რომ ქრისტიანისათვის სამარცხვინოა ასეთი საქციელი, რომლითაც იწვალებს სულს და განარისხებს უფალს. ნუთუ ბანქოზე და დომინოზე უფრო ღირსეული საქმე ვერ გიპოვნიათ?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

19. ხომ არ აგიღიათ ქრთამი ან ხომ არ დაგიკლიათ გასამრჯელო ვინმესთვის? იქნებ პრემია გაანაწილეთ უსამართლოდ ან რაიმე საჩუქრები? შეინანეთ, ვისაც ეს ჩავიდენიათ!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

20. იქნებ იძუნწეთ ახლობლების დახმარებისას ან ტაძრის შესაწირავის გაცემისას? უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ძუნწებს და ხარბებს!

21. ჩვენ აგრეთვე ვცოდავთ ამ მცნების წინაშე მაშინაც კი, როდესაც ვიძენთ ნივთებს ფუფუნების მიზნით, მაგალითად, გვაქვს ერთი ხელი კარგი ტანისამოსი, მაგრამ არ ვკმაყოფილდებით ამით, ვიძენთ მეორეს,მესამეს და ასევ ვაგროვებთ არა საჭირო, არამედ ფუფუნების საგნებს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ზოგიერთი არ იხდის ძველმანებს, ოღონდ ფული არ დახარჯოს. ეს სიძუნწეა - მეორე უკიდურესობა! ზოგი კი იმით ტრაბახობს, რომ ფულს არ ითვლის, უკანასკნელ კაპიკამდე ქარს ატანს. ეს ფლანგვაა, რაც თავისთავად ცოდვაა!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

22. მერვე მცნების წინააღმდეგ ცოდვად ითვლება, თუ ვიცოდით და არ გავაფრთხილეთ ჩვენი მოყვასი შესაძლო ზარალის შესახებ. იქნებ გამოგვიყენებია კიდეც ჩვენდა სასარგებლოდ ვინმეს გაჭირვება? ხომ არ მიგვითვისებია ხანძრის, წყალდიდობის ან სხვა უბედურების დროს სხვისი ნივთები? ხომ არ მოგვითხოვია დაზარალებულისათვის გაწეული დახმარების გასამრჯელო და ძალის გამოყენებით მიგვიღია იგი? თუ ეს ჩაგიდენიათ, შეინანეთ უფლის წინაშე! უფალო, მოგვიტევე ჩვენი გულქვაობა, ანგარება და შეუწყნარებლობა!

23. მაშინაც კი, თუ ჩვენ ზემოთჩამოთვლილ ცოდვათაგან უმრავლესი არ ჩაგვიდენია, უნდა გვახსოვდეს, რომ მატერიალურ ღირებულებათა გარდა თითოეული ჩვენგანი უფლისაგან რაიმე ნიჭით ან უნარით არის დაჯილდოვებული. ახმარდით ამ ნიჭსა და უნარს ახლობლებს? ეხმარებოდით თუ არა კეთილი რჩევით, აყენებდით თუ არა სწორ გზაზე შეცდომილებს, სცემდით თუ არა ნუგეშს უბედურების ჟამს და საერთოდ, ადამიანებისათვის ვცხოვრობთ თუ საკუთარი თავისათვის, ეგოიზმში ჩაძირულები?

ჰკითხეთ საკუთარ სინდისს და თუ იგი გამხელთ, შეინანეთ უფლის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!


მეცხრე მცნება: არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.

ჩვენ ისე მძლვრად ვართ დაავადებული ამ მცნების საწინააღმდეგო ცოდვებით, რომ დღე კი არა, საათიც კი არ გაივლის ისე, რომ ამ თვალსაზრისით არ შევცოდოთ. ეს არის ცოდვა ჩვენი მანკიერი სულისა, განმტკიცებული ბოროტი გულისთქმით, რომელიც ბილწი ენით აღსრულდება. გულწრფელად შევინანოთ უფლის წინაშე!

1. ქრისტიანს ეკრძალება სიცრუე ყველა მისი გამოვლინებით. სიცრუის მამა ეშმაკია და ამიტომ არასოდეს გამართლდება სიცრუე. ჩვენ კი გვჭირდება თუ არა, გამუდმებულად ვცრუობთ!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

2. განკითხვა და ჭორაობა. თითქოს ჰაერთან ერთად შევისუნთქავთ განკითხვას - სიტყვითა და გონებით. განკითხვა ჩვენი საუბრების ყველაზე საყვარელი საგანია. უფალმა კი თქვა: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ" (მათე 7,1), მაგრამ არ გვახსოვს ეს, რადგანაც ჩაფლულნი ვართ კრიტიკისა და ჭორების მორევში, ცხოვრება არ შეგვიძლია უამისოდ. ორი ან სამი ადამიანი თუ შევიკრიბეთ, პირს არ გავაღებთ ისე, რომ განკითხვის სიტყვები არ ამოვუშვათ, აღარაფერს ვამბობ გონებაში გავლებულ სხვის აუგზე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ახლა მოვუსმინოთ ბრძენ ადამიანებს: ერთი მშვენიერი მქადაგებელი ე.ბერსიე ამბობდა: „ერთ-ერთი ჩვენი მოყვასი დაეცა. თუ თქვენ მართლაც ქრისტესმიერ სულითა ხართ განმსჭვალულები, ნება მომეცით გამოვხატო შთაბეჭდილება, რომელიც თქვენს სულზე მოახდინა ამ ფაქტმა.

ის დაეცა, მაგრამ თქვენ, განმკიცხველნი, ნუთუ არასოდეს სცოდავთ? განა სასიამოვნო იქნებოდა თქვენთვის, ვინმეს რომ ეცადა თქვენი წარსულის გარჩევა? განა არ დაგამშვიდებდათ ის აზრი, რომ ყოველივე სამუდამოდ დამარხულია? იქნებ თქვათ, რომ თქვენი ცხოვრება თავისუფალი იყო დიდი ცოდვებისაგან, მაგრამ განა თქვენი დამსახურებაა ეს? თუ თქვენ შემთხვევა არ მოგეცათ დაცემისა, ნუთუ გულში მაინც არ გაგივლიათ სურვილი? თუ ამას გაბედავთ, გამოამზეურეთ თქვენი სულიერი ცხოვრების ისტორია, გვიამბეთ იმ ფარული აზრების შესახებ, რომლებიც ეჭვადაც კი არავინ იცის, იმ სამარცხვინო სურვილების, ყრუ ვნებების ზეიმის შესახებ, რომელსაც თქვენ განახორციელებთ წინასწარ მოფიქრებული გეგცმის მიხედვით სხვების საზიანოდ.

ყოველივე ეს ადამიანის თვალს არ უხილავს. თურმე ცოდვის რამხელა უფსკრული ბუდობდა თქვენს გონებასა და სულში! გარეგნულად კი თქვენი ცხოვრება კეთილმოწყობილი იყო. დავუშვათ, რომ ვნებას აენთო თქვენი გული და ეცდუნებინეთ მთელი თავისი მომხიბვლელობით, მაშინ რა დაგემართებოდათ, სად გაქრებოდა თქვენი სიამაყე, გამოწვეულინ „უმწიკვლო ცხოვრებითა" და „გაუკიცხავი წარსულით"?! დავუშვათ, რომ თქვენ პირველ დაცემას ყურადღება მიაქცია ადამიანმა, რომელსაც აკლია მოთმინება და გაგკიცხათ თქვენ, გამხილათ ისევე, როგორც თქვენ განიკითხავთ თქვენს მოყვასს.

მაშინ რა დაგემართებოდათ? ღმერთმა თავისი გულმოწყალების გამო დაგინდოთ დაცემისაგან და ამიტომაც ხართ დაცული, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უეჭველად დაიღუპებოდით, თუ საკუთარი ინსტიქტების ამარა დარჩებოდით. გახსოვდეთ, რომ დაცემისაგან ხსნა თქვენი დამსახურება როდია!

თქვენი მოყვასი დაეცა, მაგრამ განა იცით მთელი მისი ისტორია? იცით განა, რა ცდუნებები ეხვია მას გარს და უბნელებდა ნათელს, უხერგავდა გზას? იცით განა, რომ დაცემის საბედისწერო ჟამს მას აკლდა ერთგული ხელი, რომელიც დაიცავდა და გადაარჩენდა, ხოლო ეს ხელი, შეიძლებოდა თქვენი ყოფილიყო. თქვენი მოყვასი დაეცა, მაგრამ განა იცოდა მან იმდენი, რამდენიც თქვენ იცით? განა მისი წარსული აღსავსე იყო სიწმიდითა და ლოცვა-კურთხევით, რომელიც მას დაიცავდა? განა თქვენსავით აკვნიდან ეზიარებოდა იგი ლოცვას, ცრემლსა და ქრისტიანი დედის დარიგებას? განა იცნობდა წმიდა წერილს, განა ჯვარი უნათებდა მას გზას და აძლევდა გადარჩენის იმედს?

ამრიგად, უფლის თვალში, რომელიც ყველაფერს სიმართლის სასწორზე წონის, ვინ უფრო დამნაშავეია, ვის მისცა უფრო მეტი ტალანტი და ვის მიმართ იქნება უფრო მომთხოვნი? აი, ასეთი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს თქვენზე მოყვასის დაცემამ.

იგი მწუხარებით უნდა გვავსებდეს და მოგვიწოდებდეს უფლის წინაშე გულწრფელი მორჩილებისაკენ, ხოლო ამ ზრახვამ უნდა დაბადოს მეორე, ნამდვილი ღრმა თანაგრძნობა იმის მიმართ, ვისაც შეემთხვა ეს უბედურება.

როდესაც კითხულობთ სახარების მშვენიერ თავებს მაცხოვრის შობის შესახებ, განსაკუთრებით იმას, თუ როგორ უგალობდნენ მას ანგელოზნი დიდებას ბეთლემში, ალბათ არასოდეს გიფიქრიათ, რამდენად გულისამაჩუყებელია ის ფაქტი, რომ წმინდა ანგელოზები ხარობენ და ადიდებენ უფალს დაცემული კაცობრიობის გამოხსნის გამო.

დიახ, რაც უფრო ახლოსაა ღმერთთან ადამაინი, რაც უფრო წმინდაა უფლისთვის შეწირული მისი სიყვარული, მით უფრო მეტად შეუძლია მას თანაგრძნობა და გულმოწყალება.

ანდა რად გვინდა ანგელოზების მოხმობა, როდესაც თვით ის, ვისაც ანგელოზები თაყვანს სცემენ, ვისაც წმიდა წერილი წმინდასა და მართალს უწოდებს, მუდამ დაცემულთა თანამგრძნობი და შემწყალებელია.

თუ ის, ვინც ჭეშმარიტად წმინდანია, შეძრულია ჩვენი მოყვასის ბრალეულობის გამო, რაღაც უნდა ვგრძნობდეთ ჩვენ, დამნაშავენი და შეცდომილნი?

აი, ასე უნდა მსჯელობდეს ქრისტიანი!

როდისღა უნდა დავუდოთ სათავე ჩვენს გამოსწორებას? როდის ავლაგმოთ ჩვენი ენა? უმრავლესობას ხომ ცხოვრების ნახევარი გავლილი აქვს. შეიძლება ახლოსაა ჩვენი აღსასრულიც! უფალო, თუნდაც სიცოცხლის ბოლოს, „დასდევ... საცოჲ პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა" (ფს. 140,3).

მეცხრე მცნება კრძალავს ცილიწამებას, რომელიც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფაა მოყვასისა, იგი მკვლელობის ტოლფასია.

თვით დავით წინასწარმეტყველიც კი ასე ლოცულობს: „მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაჲსა და დავიცვნე მე მცნებანი შენნი" (ფს. 118,134). თუ ასეთი რამ ჩაგიდენიათ, ცრემლით შეინანეთ უფლის წინაშე, ითხოვეთ შეწყალება მკვლელთა თანაბრად და დაუყოვნებლივ, ვისაც მისწვდებით, საპირისპირო უთხარით, გააბათილეთ ცილისწამება, რათა ინებოს უფალმა, რომ თქვენი შეცოდებით გამოუსწორებელი ბოროტება არ ჩაიდინოთ!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

4. ხომ არ უყვარს რომელიმე თქვენგანს მიყურადება, თვალთვალი, სხვისი წერილების კითხვა? შეინანეთ უფლის წინაშე, ვისაც ასეთი რამ ჩაგიდენიათ.

შეწყვიტეთ ასეთი საქციელი, ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. განა შეიძლება ის, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, ასეთ სიმდაბლემდე დავიდეს? უფალო, შეგვეწიე, რათა განვეშოროთ ამ მანკიერებას და შეგვინდე ჩვენი წარსული!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

5. იქნებ რომელიმე თქვენგანს გაუთქვამს სხვისი ცოდვა, სისუსტე, გაუტეხია ვინმესთვის სახელი? შეინანეთ უფლის წინაშე. ეს არის ქამისმიერი ცოდვა, რომელმაც არ დაფარა სიშიშვლე საკუთარი მამისა.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

6. ამ მცნებით იკრძალება უქმადმეტყველება, რომელიც წარმოშობს განკითხავს, ლაყბობას, ჭორაობს, დაცინვას და შეურაცხყოფას მოყვასისა, ხუმრობას და ფუჭსიტყვაობას. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, რადგანაც ყველანი ვართ ჩაძირულნი ამ ვნებათა მორევში!

7. ხომ არ იჯერებთ სხვის მიერ ნათქვამ ბოროტ ბრალდებებს, თქვენ თვითონ ხომ არ გამოგიგონიათ და ქალაქში გაგივრცელებიათ რაიმე მავნებელი ამბავი, იქნებ გიყვართ ასეთი ცნობების შეგროვება და ამით ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, ნაცვლად ლოცვისა და ღვთის დიდებისა. შეინანეთ უფლის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

8. „ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი" - ამბობს უფლის სიტყვა, ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, წავკიდებთ ხოლმე ადამიანებს ენის მიტან-მოტანით.

9. ხშირად ყოველგვარი საჭიროების გარეშე მივახლით პირში ერთმანეთს სიმართლეს, რასაც მხოლოდ წყენა, შეურაცხყოფა და ზიანი მოაქვს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, უგუნურ „სიმართლისმოყვარულებს"!

10. არა ვართ გულწრფელები, უბრალოები და სიტყვაძვირები, ამიტომაც მუდამჟამს შეურაცხვყოფთ მოყვასს და შენც, უფალო, მეცხრე მცნების კანონის დარღვევით.


მეათე მცნება: არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.

1. საღმრთო სჯულის მეათე მცნების მიხედვით ჩვენ გვეკრძალება მანკიერი გრძნობები, აზრები და სურვილები. ესენია: ტკბობისმოყვარეობა, ანგარება, თავმოყვარეობა, ამპარტავნება და ხორციელი სიტკბოება. ჩვენ ყველანი დაპყრობილნი ვყავართ ამ ცოდვებს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

2. ამ მცნების საწინააღმდეგო ცოდვაა შური. შეინანეთ, თუ ვინმეს გშურთ მოყვასის სიმდიდრე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ნიჭი, სილამაზე, წარმატება.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

3. ხომ არ გაგხარებიათ სხვისი უბედურება, შეამოწმეთ თქვენი თავი, ხომ არ ნეტარებდით, როცა თქვენი მტერი გაუბედურდა?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

4. ხომ არ გისურვებიათ თქვენი მაჭირვებლისათვის ავადმყოფობა ან სიკვდილი?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

5. გული ხომ არ გწყდებათ, როდესაც სხვას ბედნიერს ხედავთ, თქვენი აზრით კი ისინი ამ დროს უნდა იღუპებოდნენ?

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ყველა ცოდვილი აზრის, სურვილისა და საქციელის ფესვი თავმოყვარეობაა, ხოლო მისი შედეგი მწარეა - ჩვენი სულის მისწრაფება უსასრულოდან სასრულისაკენ, ღმერთიდან საკუთარი თავისაკენ. ესაა ჩვენი სულის სამი მთავარი ძალის - გონების, ნებისა და გულის მოძრაობა უკუღმართი მიმართულებით, როცა ისინი დაკმაყოფილებას ეძებენ გრძნობისმიერ ცხოვრებაში, ნაცვლად იმისა, რომ ღმრთისაკენ იყვნენ მიმართულნი.

ჩვენი თავმოყვარეობა გამოიხატება ოცნებისმიერ ყოვლისმცოდნეობაში, თვითამაღლებასა და სიამაყეში, ეგოიზმსა და ხორციელ ტკბობაში. აქედან კი მომდინარეობს ყველა ცოდვილი მიზანი, სურვილი, სიტყვა და საქმე... უფალო, მოგვიტევე, ჩვენ ყველანი თავმოყვარენი ვართ!

ჩვენ უკმაყოფილონი ვართ ჩვენი ხვედრით, შეგნებულად და შეუგნებლად გვინდა ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვიგებთ. გვინდა - საჭმელი, სამოსელი, სახლი, ავეჯი, ყველაფერი, რაც ფუფუნებას წარმოადგენს და რასაც სხვის სახლში ან მაღაზიაში ვხედავთ.

უსაშველოდ გვწყდება გული იმაზე, რაც არა გვაქვს, მზადა ვართ საყვედური ვთქვათ ჩვენს ხვედრზე და თავს უბედურს ვუწოდებთ. ისე გვშურს სხვისი ქონება, რომ ბევრჯერ ავადაც კი გავმხდარვართ. სამარცხვინოა და მტკივნეული ყოველივე ამის გახსენება.

ჩვენ ვტკბებით მრუშული ფიქრით, როდესაც ბილწი თვალით ვუყურებთ სხვის ლამაზ ცოლს ან ქმარს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ყოველივე ამას ისიც ემატება, რომ ზემოთჩამოთვლილ აზრებს, სურვილებსა და გრძნობებს ცოდვად არც კი ვთვლით: ხომ არაფერი ჩაგვიდენია, მხოლოდ გავიფიქრეთ, ვიოცნებეთ, სული დავიტკბეთ და ამიტომაც არც ვინანიებთ, რითაც ჩვენს სულს მარადიული დაღუპვისათვის ვამზადებთ.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ჩვენ მეტისმეტად თავქარიანები ვართ და ამიტომ უშიშრად ვცოდავთ, რითაც გამოვცდით უფლის დიდ მოთმინებას და უსასრულოდ გადავავადებთ საკუთარი გამოსწორებისათვის ძალისხმევას.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!



უფალო, ბევრი ჩვენგანი მოუცლელობის საბაბით იშვიათად ამბობს აღსარებას. არადა რაოდენ საჭიროა ხშირი სინანული. რამდენჯერ მომხდარა, რომ სულიერი კრიზისის ჟამს იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ მიგვემართა სულიერი მკურნალისათვის, მოუცლელობის მიზეზით სინანული გადაგვიდია, მერე კი ყველაფერი დავიწყებას მისცემია...

შენ, უფალო, ითხოვ ჩვენგან აღსარებისას განვაგდოთ ყოველივე ბილწი, შევიძულოთ ცოდვა, მოვიკრიბოთ ძალა, რათა ამიერიდან აღარ შევცოდოთ. ყოველივე ეს კი ვიცით, მაგრამ პრაქტიკულად ვერ ვახორციელებთ.

შენ, უფალო, მოუწოდებ თითოეულ ჩვენგანს, მწარედ დაიტიროს თავისი ცოდვები, ტანჯვა განიცადოს მათ გამო, გულისტკივილით აღიაროს ისინი და საბოლოოდ შეიძულოს. ჩვენ კი მოვდივართ, მოგეახლებით უგრძნობლად და ასეთებივე მივიდვართ შენგან...

საშინელებაა ამაზე ფიქრი: ნუთუ ჩვენ ყოველთვის მიუტევებელნი და შეუნდობელნი მივდიოდით შენგან?

უფალო, თითოეულმა ჩვენგანმა ახლა მტკიცე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ უარყოფს, შეიძულებს ცოდვას, გარდაქმნის თავის ცხოვრებას... და ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს აღთქმით: ემთხვევა ჯვარსა და სახარებას.

უფალო, ჩვენ გულწრფელად გვინდა ეს და გევედრებით, შეგვეწიე, დავიცვათ აღთქმა. ჩვენ შორის განსაკუთრებით ეშინია მას, ვისაც ხშირად ჰქონდა სურვილი ეთქვა თავისი ცოდვა მოძღვრისათვის და სირცხვილის გამო შეუნანებელი დარჩენილა! შეგვეწიე, უფალო, რათა დღეს გავთავისუფლდეთ ამ ფარული, შეუნანებელი ცოდვებისაგან! გვაკმარე ფუჭი სირცხვილის გამო სულიერი სიმძიმის ზიდვა და მოუნანიებლობით მისი მეტად დამძიმება!



კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1307 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები