შაბათი, 20.04.2024, 12:09
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » ტაძარში შესვლისას.
01:15
ტაძარში შესვლისას.

უპირველეს ყოვლისა, ტაძარში ყოფნისას უკიდურესი მოკრძალება გვმართებს. ეკლესიაში შესვლისას ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს უფალს „სჭირდება". პირიქით, ეს თქვენთვისაა საჭირო. თქვენთვისაა დიდი ბედნიერება, რომ ღმერთმა ჩაგაგონათ, მისთვის მიგემართათ და მის საბრძანებელში შესვლის შესაძლებლობა მოგანიჭათ.

სახლი ღმრთისა არის „სახლ სალოცველ" და ამიტომ მასში შესვლისას ნუ დაივიწყებთ, რომ იქ ღმერთთან სასაუბროდ, მასთან დასაკავშირებლად შედიხართ - იმისთვის, რომ მისგან ცოდვათა მიტევება, სულის ცხონება და ამისთვის აუცილებელი - სულიწმიდის მადლი გამოითხოვოთ. ეკლესიაში შესვლისას უნდა გამოვისახოთ პირჯვარი და ვთქვათ: „შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა".

ტაძრის შუა ნაწილში დგას ანალოღია, რომელზეც დასვენებულია აღდგომის, ტაძრის, ან რომელიმე დღესასწაულის ხატი. ეკლესიაში შესვლისას პირველად ვემთხვევით მას. შემდეგ კი, თუ მოძრაობით ხელს არ შევუშლით მლოცველებს, მივდივართ სხვა ხატებთან.

ხატებთან სანთლის დანთებით, პირჯვრის გამოსახვითა და მათ წინაშე მეტანიის შესრულებით, გამოვხატავთ პატივისცემასა და სიყვარულს სიწმინდეთა მიმართ.

ტაძარში დანთებული სანთელი, ეს პირველ რიგში ღმერთისთვის შეწირული მსხვერპლია. მსხვერპლი არის ის, რასაც ადამიანი თავისი პირადი ქონებიდან გაიღებს და სამაგიეროდ არანაირ მატერიალურ ანაზღაურებას არ ელის. მსხვერპლი - ეს არის საჩუქარი, რომელსაც სიყვარულის ნიშნად ვუძღვნით მას, ვის მიმართაც ამ გრძნობას განვიცდით.

მსხვერპლს უფალი მაშინ შეიწირავს ჩვენგან, როდესაც მას სუფთა გულით მივუძღვნით. მნიშვნელობა არა აქვს, რა მატერიალური ფასეულობისაა ეს მსხვერპლი. მამას ხომ დაბადების დღეზე შვილის მიერ ნაჩუქარი, მისი ხელით შესრულებული ნახატი იმდენადვე გაახარებს (თუ უფრო მეტად არა), როგორც მის მიერვე დედის მიცემული ფულით ნაყიდი ძვირფასი ნივთი.

ზოგიერთი იმასაც ცდილობს, რომ უფალთან „კომერციული ურთიერთობა" დაამყაროს. მაგ: „ღმერთო, ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებ". ღმერთს დიდი და პატარა სანთლები კი არ უნდა შენგან, არამედ მოყვარული გულის დანახვა სურს.

პირჯვრის გადაწერისას ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქრისტიანები და გვაქვს ღვთის დახმარების სასოება. გარდა ამისა, პირჯვრის გადაწერა გვიცავს ყველა უბედურებისაგან.

მეტანია ბერძნული სიტყვაა და სინანულს ნიშნავს. მას აღვასრულებთ ღმრთის წინაშე ჩვენი ცოდვებისა და უღირსების შეცნობის ნიშნად და სინანულსა და მორჩილებას გამოვხატავთ. მცირე მეტანიის აღსრულებისას პირჯვარს ვიწერთ და ქედს ვიხრით, ხოლო დიდი მეტანია სრულდება მუხლმოდრეკით, როდესაც თავითა და ხელებით მიწას ვეხებით.

ლოცვა შეგიძლიათ, როგორც ძველქართულად - ასევე თანამედროვე ქართულით. როდესაც კანონიკური ლოცვანის ტექსტებს შეეჩვევით, თანდათან თვითონვე გამოიყენებთ საეკლესიო ქართულ სიტყვებს და გამოთქმებს, რადგან იგრძნობთ, რომ საეკლესიო ენა თავისი ხატოვნებით, აზრის გამოხატვის სიზუსტითა და მხატვრული გამომსახველობით გაცილებით მოსახერხებელია უფალთან სასაუბროდ, ვიდრე ჩვენი სალაპარაკო, გამარტივებული და დამახინჯებული ენა.

ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე უნდა მივიდეთ, რათა მოსახსენებლის შეგზავნა, სანთლების დანთება და ხატების წინაშე ლოცვა მოვასწროთ, შედეგ გავჩერდებით რომელიმე ადგილას - მამაკაცები მარჯვნივ, ქალები - მარცხნივ - პირით საკურთხევლისაკენ და მსახურების განმავლობაში ჩვენს ადგილს არ მივატოვებთ.

თუ უძლურებაში ხართ, ანდა - ხანშიშესული, შეგიძლიათ მსახურებისას იჯდეთ (ამისთვის ტაძრის დასავლეთ მხარეს არის სკამები) და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლოცვებისას წამოდგეთ.

ღმრთისმსახურებისას ეცადეთ ყურადღებით ისმინოთ კითხვა და გალობა, რადგან საეკლესიო ტექსტების შინაარსი ღრმააზროვანია, მათში ღმრთისადმი დიდი სინანულია გამოხატული, მოთხრობილია წმიდანებზე და ღმრთის მიერ ქმნილებისადმი გარდამოვლენილი დიდი წყალობის შესახებ.

შეეცადეთ, მსახურება იმდენად სმენით კი არა, უმეტესად - გახსნილი გულით მიიღოთ, ტაძრის კეთილისმყოფელი ატმოსფერო შეიწყნარეთ. ქვეყნიურ პრობლემებს განერიდეთ და ისაუბრეთ ღმერთთან.

მხოლოდ ჩვენზე, ჩვენი რწმენის სიღრმეზეა დამოკიდებული - გულის სიმშვიდესა და მადლმოსილ შემწეობას მივიღებთ, თუ მწუხარენი და უნუგეშონი დავრჩებით.

ღმერთთან თვალთმაქცობა შეუძლებელია, მას ვერ მოვატყუებთ; „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათე 5,8). მხოლოდ წმიდა გულიდან ამომავალ სიტყვებს ისმენს უფალი და სულიწმინდის მადლით აღავსებს მას.

ჩვენ საკმარისი ძალა გვაქვს საიმისოდ, რომ გულის განწმენდა მოვინდომოთ, რომ საკუთარი თავი ვაიძულოთ, უზაკველად მივმართოთ უფალს, რომელმაც იმისთვის, რომ მარადიული სიკვდილისაგან გამოვესყიდეთ, საკუთარი თავი სატანჯველად გაცოფებულ ბრბოს ნებით გადასცა. რომელმაც უდიდესი დამცირება და საშინელი სიკვდილი დაითმინა, რათა ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე მოენიჭებინა.

და ამიტომ ჩვენი ვალია, საკუთარი თავი ვაიძულოთ და კეთილი საქმეები აღვასრულოთ, ლოცვის ღვაწლი ვიტვირთოთ, შემბილწველ ვნებათაგან განვიწმინდოთ გულები, შეწევნისა და მფარველობისათვის დედა ეკლესიას მივმართოთ, ყველა იმ მადლმოსილი საშუალებით განვიმტკიცოთ სულები, რომელთაც ტაძარში უხვად ვიპოვით.

იმისთვის, რომ ტაძარი თქვენს მეორე და უმთავრეს სახლად იქცეს, იმისათვის, რომ იგრძნოთ, რომ იგი „თქვენია", იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად სრულად მიიღოთ მადლი სულისა წმიდისა, უნდა იაროთ ტაძარში და უნდა იმყოფებოდეთ მასში, საკუთარ სულს ღმერთთან კავშირი უნდა ასწავლოთ და მაშინ ზეციური მამა და მასწავლებელი, როდესაც თქვენს გულმოდგინებას დაინახავს, განგსწავლით, რომ ხელი მაგრად ჩასჭიდოთ და ცხონების გზაზე დაგაყენებთ.

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1067 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები