პარასკევი, 29.03.2024, 13:49
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 14 » წინ აღუდექით ეშმაკს.
01:45
წინ აღუდექით ეშმაკს.

პირველი - მაცხოვრის სახელის ხსენება

„სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ" (მარ. 16,17).


„იესოს სახელის ხსენებაზე ჯოჯოხეთი თრთის და კანკალებს, ბნელეთის თავადი იმალება. ეს სახელი უძლეველი იარაღია მის დასამარცხებლად", - ბრძანებს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. „იესოს სხელით შეებრძოლე მტერს. ამაზე ძლიერ იარაღს ვერც ზეცაში იპოვი და ვერც მიწაზე... იესო ქრისტეს ხსენებაზე ეშმაკები ახლაც ძრწიან. ძალა მისი სახელისა ჩვენთა ცოდვათა გამო არ დამცრობილა", - გვმოძღვრავს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.

ამბა ილია კი ასეთ ამბავს მოგვითხრობს: ერთ ბერთან, რომელიც საკერპეში ცხოვრობდა, ეშმაკები მივიდნენ და საცხოვრისის დატოვება მოსთხოვეს - ეს ჩვენი ადგილიაო. ბერმა იქიდან წასვლა არ მოისურვა. მაშინ ერთ-ერთმა ეშმაკმა ხელი წაავლო და ძალით გაგდება დაუპირა.

გასასვლელს რომ მიუახლოვდნენ, ბერი კარს ჩაებღაუჭა და შესძახა: „იესო, შემეწიე!" ეშმაკები მყისვე გაქრნენ.
მეორე - ცხოველმყოფელი ჯვარი

„უფალო, საჭურველად მტერთა წყობასა მოგვეც ყოველთა ჯვარი შენი, რომლისგან ჰძრწის და ეშინის, რამეთუ ვერ იტვირთავს ხილვად ძლიერებას მისსა" (აქებდითი, კვირიაკესა, ხმა 8).

უნებლიეთ თვით ეშმაკნიც კი აღიარებენ, რომ ჯვრის გარდასახვა „კრავს მათ, ცეცხლივით წვავს და შორს განდევნის" (იხ. „კვიპრიანესა და იუსტინას ცხოვრება" (ხს. 8 ოქტომბერს); ვარლაამისა და იოასაფის ცხოვრება" (ხსენება 19 ნოემბერს)).

ერთხელ ღირს მამას სვიმეონ მესვეტეს ნათელი ანგელოზის სახით ბრწყინვალე ეტლზე ამხედრებული ეშმაკი გამოეცხადა და უთხრა: „ისმინე, სვიმეონ! ღმერთმა გამომგზავნა შენთან, რათა ილიასავით ცად აღგიტაცო - შენ ეს დაიმსახურე".

სვიმეონი ცალი ფეხით უკვე ეტლში იდგა, რომ ჩვეულებისამებრ, პირჯვარი გარდაისახა და... ეშმაკი თვალის დახამხამებაში გაქრა. 

პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ულევმა, მიუწვდომელმა, ღვთიურმა ძალამ რომ არ დაგვტოვოს, ამისთვის ჯვარს მხოლოდ ჩვევის გამო, დაუდევრად კი არ უნდა გამოვისახავდეთ, როგორც ხშირად ვიქცევით, არამედ სრულიად უნდა ვაცნობიერებდეთ წმიდა ჯვრის ძალას და მნიშვნელობას, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტემ ჯვარზე ვნებით გვიხსნა და პირჯვარი შიშით, სასოებითა და გულიდან მომავალი მტკიცე რწმენით გადავიწეროთ.

„ჯვარი მარტო გარეგნულად კი არ უნდა გამოვისახოთ, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - არამედ ჯერ გონებაში უნდა გამოვატაროთ მთელი რწმენით... მთელი მისი ძალის, მთელი საქმის მოგონებით". 
მესამე - ლოცვა და მარხვა

„ესე ნთესავი ვერ შესაძლებელ-არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა" (მარ. 9,29).

„ვინც მარხულობს და ლოცულობს, - გვასწავლის იოანე ოქროპირი, - მას ქარზე მსუბუქი ორი ფრთა აქვს: ის ცეცხლზე სწრაფია და მიწაზე მაღალი.

ასეთი ადამიანი ყველაზე უკეთ ებრძვის დემონებს. ვინაიდან არავინაა გულწრფელლ მლოცვლ და მმარხველ კაცზე ძლიერი", - წმინდა ბასილი კი წერს: „მარხვა საიმედო ზღუდეა სულისთვის, იარაღია მებრძოლთათვის. ის განდევნის ცდუნებებს". 

წმინდა იუსტინიას ეშმაკი ხშირად ესხმოდა თავს, მაგრამ ვერ ამარცხებდა. ერთხელ ღირსი დედა ლოცვად იდგა. ამ დროს არაწმინდა სურვილების მოზღვავება იგრძნო.

იუცხოვა ნეტარმა საკუთარი სულის ეს ცოდვიანი ძვრა და უწმინდური აზრების შერცხვა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ეს საცთური ეშმაკმა მოუვლინა. წმინდანმა მარხვა დაიწყო და უფალს საცთურის განდევნას შეევედრა. საბოლოოდ, ლოცვითა და მარხვით, წმინდა დედამ სძლია ბოროტს და განაგდო იგი. 
მეოთხე - მორჩილება

არაერთხელ გვიამბნია თქვენთვის წმინდა ანტონის ცხოვრების ის ეპიზოდი, როცა ეშმაკმა თავად აღიარა, რომ წმინდა მამა მხოლოდ მორჩილებით ამარცხებდა მას.

„როცა წმინდა ანტონმა დემონის მიერ დაგებული მახეები დაინახა, - წერს ამბა დოროთე, - ამოიოხრა და უფალს ჰკითხა: „ვის ძალუძს მათთვის თავის დაღწევა?" პასუხად მიიღო: „მორჩილი აღწევს თავს მათგან". 

ერთ მეუდაბნოეს ეშმაკი ნათელი ანგელოზის სახით წარუდგა და უთხრა: „გაბრიელი ვარ და უფალმა გამომგზავნა შენთან". მეუდაბნოემ თავმდაბლად მიუგო: „ხომ არ გეშლება, სხვასთან ხომ არ ხარ წარგზავნილი; მე, ცოდვილი, რა ღირსი ვარ ანგელოზთა ხილვისა". ამ სიტყვებისთანავე მაცდური გაქრა.

მორჩილება ბოროტ ძალებს ყველაზე მეტად სძულთ, ვინაიდან ქრისტიანს იგი იმ გზაზე აყენებს, რომელსაც ჩვენი მხსნელი და უფალი, ძე ღვთისა იესო ქრისტე ადგა.
მეხუთე - სულიერი განსჯის ნიჭი

ამ ნიჭის მქონე ადამიანებს ბოროტ და კეთილ სულთა გარჩევა ძალუძთ. უამისოდ ადამიანმა ეშმაკის სატყუარა შეიძლება ანგელოზის ან ღვთის კეთილ შეგონებად მიიღოს, რაც დამართნია კიდეც არაერთს.

ბერს, სახელად ირონს რომელიც უდაბნოში ორმოცდაათი წელი იღვწოდა, ეშმაკი ანგელოზის სახით გამოეცხადა და ჩააგონა, ღრმა ხევში გადაშვებულიყო, რათა დარწმუნებულიყო, რომ ღვთივსათნო ღვაწლისა და შრომის შედეგად მას ვერავითარი ბოროტი ძალა ვეღარ ავნებდა.

ირონი ვერ მიხვდა, ვინ ელაპარაკებოდა სინამდვილეში და უფსკრულში გადაეშვა. მესამე დღეს ცოცხალ-მკვდარი ამოიყვანეს იქიდან, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს. 

მეორე მეუდაბნოეს ბოროტმა აბრაამივით შვილის მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა. განდეგილმა დემონი ღვთის მოციქულად მიიჩნია და აღასრულებდა კიდეც ამ საშინელ ბრძანებას, ყრმა ყველაფერს რომ არ მიმხვდარიყო და თავისთვის არ ეშველა.

სულთა გარჩევის ნიჭი ქრისტიანს სულიწმიდის მადლით ეძლევა. ის მხოლოდ მორჩილებით მოიხვეჭება. მაგრამ სანამ ამ ნიჭის მიღების ღირსნი გავხდებით, არ უნდა ვენდოთ საკუთარი გულისა და გონების კარნახს და ყველაფერს სულიერად გამოცდილ მოძღვარს დავეკითხოთ.
მეექვსე - ჭეშმარიტების სამსახური

ჭეშმარიტი მოძღვრების სარტყელი შემოირტყითო, - გვასწავლის პავლე მოციქული. ქრისტიანი, თუკი ყველაფერს ქრისტიანული სწავლების თანახმად აკეთებს, გზას უჭრის ბოროტს, რადგან ბოროტი სიცრუეა, მამა სიცრუის, და ვერ ძლებს იქ, სადაც ჭეშმარიტებაა.

„შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისა", - ბრძანებს მოციქულთა თავი, ესე იგი, გულითაც და საქმითაც სიმართლესა და სიწმიდეს ემსხურეთო. ამ ჯაჭვით შემოსილს მტრის ბოროტი განზრახვა, თუნდაც შეეხოს კიდეც, გულს ვერ დაუზიანებს; „შეისხენით ფერხთა თქუენთა განმზადებულებაი სახარებისა მის მშვიდობისა", ესე იგი, რამხელა მსხვერპლის გაღებაც არ უნდა მოგიხდეთ, მზად იყავით სახარების თანახმად ცხოვრებისთვის და სახარებისეული ჭეშმარიტების მსოფლიოსთვის სახარებლადო. 

მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ქრისტიანს სხვა საჭურველიც სჭირდება. პირველ ყოვლისა, „ფარი იგი სარწმუნოებისა, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებელთა დაშრეტად".

ეს იმას ნიშნავს, გვქონდეს მტკიცე და ურყევი რწმენა ღვთის მიერ ჩვენთვის ბოძებული ჭეშმარიტების, რწმენა, რომელიც უძლეველია, რადგან იგი ღვთის მიერ მოქმედებს და რომლითაც იძლევა ყოველი შინაგანი და გარეშე ცთუნება; მეორე - „ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა", ესე იგი, უნდა დავეუფლოთ სულის ხსნის ხელოვნებას, ვიყოთ ფრთხილნი, წინდახედულნი და შეუჩერებლად მივიწევდეთ წინ ქრისტიანული ცხოვრების გზაზე, რაც მხოლოდ ხშირი აღსარებითა და ზიარებით მიიღწევა; და მესამე - „მახვილი იგი სულისა, რომელი არს სიტყვა ღმრთისა" (ეფეს. 6,11,14-17). „ამ მახვილის ქონა იმას ნიშნავს, გახსოვდეს უფლის დარიგებები...

და საჭიროებისას გულით წარმოთქვა ისინი ბოროტის შეგონებათა საწინააღმდეგოდ, - ამბობს ეპისკოპოსი თეოფანე, - ხმამაღლა იმეორეთ უფლის სიტყვები ყოველგვარი ვნების შემოტევის ჟამს". წმინდა მამათა სულიერი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მტერს ყველაზე სწრაფად 67-ე ფსალმუნის ეს სიტყვები განაგდებს: „აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი". დემონები ელვის უსწრაფესად გაურბიან მათ, ვინც ამ სიტყვებს რწმენითა და სასოებით წარმოთქვამს.

წმინდა ბასილი დიდი მოგვითხრობს, რომ როცა წმიდა მამები ეშმაკებს ეკითხებოდნენ, ყველაზე მეტად რომელი ლოცვისა გეშინიათო, ისინი მიუგებდნენ, რომ არაფერი იყო მათთვის უფრო საშინელი და ძრწოლის მომგვრელი, ვიდრე დავითის 67-ე ფსალმუნის დასაწყისი. და მართლაც, როგორც კი მამები ამ ფსალმუნის პირველ ფრაზას წარმოთქვამდნენ, მაცდური საშინელი კივილით გარბოდა. 
მეშვიდე - წმინდანთა შეწევნა

ანდრია (ღვთის გულისთვის სულელი) საუფლო გზას რომ დაადგა, ეშმაკნი ისეთი ძალით დაესხნენ თავს, რომ წმინდანს ეგონა, ჩემი აღსასრულის ჟამმა დაჰკრაო და სასოწარკვეთილმა შესძახა: „წმინდაო მოციქულო იოანე შემეწიე მე!" ამის თქმა იყო და გამოჩნდა მრისხანე სახის მოხუცებული, რომელსაც მზისდარი ნათელი ადგა თავს.

მოხუცს თეთრად შემოსილ ადამიანთა დასი ახლდა. „ჩარაზეთ კარი, რომ ვერც ერთმა დემონმა ვერ გააღწიოს აქედან", - უბრძანა მოხუცმა მხლებლებს. ბრძანება მაშინვე შეასრულეს. „ვაი ჩვენ, რომ ასე მწარედ მოვტყუვდით! - მოისმა ეშმაკის ხმა, - განრისხდა იოანე და მწარე სატანჯველი გველის". „შეგვიწყალე, შეგვიწყალე!" - შესძახეს სხვა დემონებმაც. უეცრად თეთრსამოსიანები გაქრნენ. გაუჩინარდნენ ეშმაკებიც.

„ხედავ, რა სწრაფად მოვედი შენს საშველად?! - მიმართა მოხუცმა ანდრიას, - იცოდე, ვზრუნავ შენზე. თვით უფალმა მიბრძანა ცხონების გზაზე გატარო. მტკიცედ იდექი და უდრტვინველად დაითმინე ყველაფერი.

შორს აღარ არის ის დრო, როცა სრულ თავისუფლებას მოიპოვებ და სადაც მოისურვებ, იქ წახვალ".

„უფალო, მითხარი, ვინ ხარ?" - შეჰღაღადა ანდრიამ. „მე ის ვარ, ვინც მაცხოვრის პატიოსან მკერდს მიეყრდნო", - უპასუხა მოხუცმა და თვალს მიეფარა. 

აი, ჩვენი მტრის, ამა სოფლის მბრძანებლის წინააღმდეგ ბრძოლის შვიდი მთავარი საშუალება, რომელთა გამოყენება ყველა ჩვენგანს შეუძლია და არამცთუ შეუძლია, მოვალეცაა. „დაემორჩილეთ ღმერთსა და წინა აღუდექით ეშმაკსა და ივლტოდეს თქუენგან" (იაკ. 4,7).

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1133 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები