10:41 არაბობა საქართველოში. | |
არაბობა საქართველოში, არაბთა ფეოდალური სახელმწიფოს (სახალიფოს) მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად დამყარებული რეჟიმი, რომელიც მეტ-ნაკლები სიძლიერითა და მოცულობით VII საუკუნის შუაწლებიდან XI საუკუნის შუაწლებამდე გრძელდებოდა. არაბ-ქართველთა ურთიერთობას განსაზღვრავდა „დაცვის სიგელი", რომლითაც ქართლის მოსახლეობა არაბების სასარგებლოდ ხარკს იხიდიდა. ამჯერად არაბთა ბატონობა ქართლში მხოლოდ ორ წელიწადს გაგრძელდა. ქართველებმა ისარგებლეს სახალიფოში ტახტისათვის ატეხილი შინაომით (651-661) და არაბებს ხარკის მიცემა შეუწყვიტეს. VII საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს არაბებმა კვლავ აღადგინეს თავიანთი ბატონობა ქართლში. საქართველოსათვის ბრძოლაში არაბებს ბიზანტიის იმპერია ეცილებოდა. 685 წელს სახალიფოსა და ბიზანტიას შორის დაიდო ზავი, რომლის ძალითაც კუნძულ კვიპროსიდან, სომხეთიდან და იბერიიდან მიღებული ხარკი ამ ორ ქვეყანას თანასწორად უნდა გაეყო. მაგრამ ქართველი ხალხი არც ერთ დამპყრობელს არ ემორჩილებოდა. 686 წელს ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში აჯანყებამ იფეთქა. ქართლის ერისმთავარმა ნერსემ სასტიკად დაამარცხა სომხეთში მყოფი არაბთა სარდალი ბარაბა. ამავე ხანებში არაბებს ამიერკავკასიაში ბატონობას ეცილებოდა ხაზართა სახელმწიფოც. VII საუკუნის 80-იან წლებში ხაზარები ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ. არაბებს მათთან მძომე ბრძოლა მოუხდათ. ქართველები ცდილობდნენ თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ ხაზარ-არაბთა მეტოქეობა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. არაბებმა დაიკავეს ეგრისის დედაქალაქი ციხეგოჯი (ახლანდელი ნაქალაქევი) და რამდენიმე ციხე კოდორის ხეობაში, მაგრამ მალე დატოვეს დასავლეთ საქართველო. VIII საუკუნის დასაწყისში არაბები დამკვიდრნენ ქართლში. 704-705 წლებში მათ აქ საკუთარი ვერცხლის მონეტა მოჭრეს. VIII საუკუნის 20-იან წლებში ამიერკავკასიაში არაბთა ბატონობის განსამტკიცებლად ხალიფა ჰიშამმა გამოგზავნა დამსჯელი ჯარი ჯარაჰ იბნ აბდ ალ-ლაჰის სარდლობით. ამავე მიზნით 30-იან წლებში გამოგზავნეს მურვან იბნ მუჰამადი (ქართული წყაროებით — მურვან ყრუ). 735-736 წლებში მურვანმა ააოხრა საქართველო. ლაშქრობის შემდეგ არაბებმა ქართლში თავიანთი მოხელე (ამირა) დანიშნეს. მისი რეზიდენცია თბილისში იყო. არაბთა ბატონობა საქართველოში სტაბილური გახდა. VIII საუკუნის II ნახევრიდან არაბებმა დაიწყეს ჩარევა დაპყრობილი ქვეყნების საშინაო საქმეებში. IX საუკუნის დასაწყისში ქართლის ერისმთავართა ხელისუფლება გააუქმეს. არაბთა ბატონობით უკმაყოფილო იყო ქართული საზოგადოების ყველა ფენა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აღმოჩნდა საქართველოს მოსახლეობის მწარმოებელი ნაწილი, რომელიც იხდიდა ხარკს და ასრულებდა ყოველგვარ ვალდებულებას დამპყრობელთა სასარგებლოდ. არაბთა ბატონობა შედარებით მტკიცე იყო საქართველოს ცენტრალურ რაიონებში, განაპირა მხარეები კი მალე განთავისუფლდენ მათი ბატონობისაგან. არაბთა სახელმწიფო დასუსტდა და დაიშალა. IX საუკუნის II ნახევარში თბილისის საამირო იქცა ადგილობრივი ფეოდალური სამთავროდ. სახალიფოს ცდას — დაემორჩილებინა გამდგარი ამირები და კვლავ გაბატონებულიყო საქართველოში — შედეგი არ მოჰყოლია. 853 წელს ხალიფა მუთავაქილმა ამიერკავკასიაში გამოგზავნა დიდი ჯარი ბუღა თურქის მეთაურობით. მან აიღო თბილისი, მაგრამ არაბთა ადრინდელი ბატონობის აღდგენა საქართველოში ვერ შეძლო. | |
|