პარასკევი, 19.04.2024, 14:36
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 21 » ცნობილი ემიგრანტები-ექვთიმე თაყაიშვილი.
09:08
ცნობილი ემიგრანტები-ექვთიმე თაყაიშვილი.

1863 წლის 5 იანვარი, გურია. ოზურგეთის მაზრა. სოფელი ლიხაური.
აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში დაიბადა მესამე ძე, რომელსაც სახელად დაარქვეს ექვთიმე.
ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში გარდაეცვალა მშობლები.
სამი წლისამ მარჯვენა ფეხი მოიტეხა, ცუდად შეხორცებული ფეხი საგრძნობლივ დაუმოკლდა და სამუდამო კოჭლადვე დარჩა. დედმამიშვილებსა და სანათესაოს მისი კოჭლობისა ეუხერხულებოდათ და სტუმრად „გამოჩენა" ერცხვინებოდათ...


7 წლის ექვთიმე, მის ბავშვობაში „საგარეო ტანსაცმლით" პირველად მორთული, შეიყვანეს ოზურგეთის ორკლასიან სასწავლებელში. ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!

ორი წლის შემდეგ ოზურგეთიდან ფოთში გადავიდა და იქ სამაზრო სასწავლებელში ერთი წელიწადი ისწავლა. 1875, წელს, მისმა მეურვე სიძემ ჩათვალა, რომ ობლისთვის „ამდენი სწავლა" საკმარისი იქნებოდა და ფოთიდან ისევ ლიხაურში ჩამოიყვანა. მაშინ ექვთიმე 12 წლისა იყო, სწავლასა და ცოდნას უსაზღვროდ მოწყურებული.

ერთი წელიწადი კი „შეინახა" თავის სოფელში, სანადირო მიმინოების გაწვრთნითა და ნადირობით გატაცებულმა. მომდევნო წელს 1876 წელს კი უფროსმა ძმამ, ნიკომ წაიყვანა ქუთაისში.

იქ, მდგმურის ადგილმონაცვლეობით, ხელმოკლეობით, სანახევროდ შიმშილ-წყურვილით, მაინც იმდენი იშრომა, ისწავლა, და იბრძოლა, ბოლოს პროგიმნაზიაში მოწყობილიყო. 1879 წელს პროგიმნაზია წარმატებით დაასრულა და კლასიკური გიმნაზიის მეხუთე კურსზე განაგრძო სწავლა.


იმ წელსვე რაჭაში, სოფელ უწერაში წავიდა, იქაურ წყლებზე მტკივანი ფეხის სამკურნალოდ. თან რაჭის ისტორიული ძეგლები შეისწავლა, ადგილობრივი ეთნოგრაფიული ტრადიციებით იკვლია და, ამ მასალების საფუძველზე, 1880 – 1881 წლების ჟურნალ „ბედში" გამოქვეყნდა მისი პირველი მეცნიერული შრომა - „ქუთაისიდან უწერამდე".
გიმნაზიაში ექვთიმე თაყაიშვილი დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ნიკო მარს. ერთიც და მეორეც, მათი გასაოცარი ნიჭიერებისათვის, საგანგებო ყურადღების ქვეშ ჰყავდა გიმნაზიის მაშინდელ დირექტორს, პროგრესულად მოაზროვნე სტროიანოვს.


1883 წელს ექვთიმემ წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და იმავე წელს იგი სწავლის გასაგრძელებლად შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.


ერთი წლის შემდგომ ნიკო მარიც გამოჩნდა პეტერბურგის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ქართველ სტუდენტებს უკვე ძლიერი სათვისტომო ჰქონდათ იმპერიის სატახტოში. ჰქონდათ მუდმივი შეხვედრები, ბჭობანი, განსჯანი, პაექრობანი. მათი მთავარი საფიქრალი, საზრუნავი და „საკითხავი" ისევ და ისევ იყო საქართველო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი.

ახალგაზრდა ქართველთა ამ აზრობრივ დუღილს საერთო სახელად კვლავ ერქვა „თერგდალეულობა", რომლის სულისჩამდგმელი და წარმმართველი იყო ილია ჭავჭავაძე.
ექვთიმე თაყაიშვილი პეტერბურგში პირადად გაეცნო ჯერ ილიას, მერე უფრო გვიან ჩამოსულ ვაჟა-ფშაველას. ხოლო აკაკის ექვთიმე პეტერბურგამდეც კარგად იცნობდა - ქუთაისიდან.

ქართველი ხალხის ეს სალოცავი სამეული დიდი პატივისცემით, სიყვარულითა და იმედოვნებით უცქერდა ახალგაზრდა თაყაიშვილის წინსვლას.


ექვთიმემ პეტერბურგის უნივერსიტეტი დაასრულა, საკანდიდატო ნაშრომიც დაიცვა და, 1887 წელს, საქართველოში დაბრუნდა. აქ, თბილისში, სათავადაზნაურო გიმნაზიის ლათინურის მასწავლებლად.


80-იანი წლები მთელი იმპერიისათვის და განსაკუთრებით საქართველოსათვის, უმძიმესი რეაქციების წლები იყო. რუსხელმწიფის სამოხელეო-ბიუროკრატიული ხროვა განსაკუთრებული სიაშკარავითა და აღვირახსნილობით ცდილობდა საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის დამკვირდებას - ქართული ენის განდევნასა და გადავლენას, ქართული კულტურის, ტრადიციისა და ზნის ძირფესვიანად ამოძირკვას.


ამ უმძიმეს ჟამს ერის სულიერი გადარჩენისა და განმტკიცების სადარაჯოზე თავგანწირვით იბრძოდნენ დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა ფშაველა, სერგეი მესხი და სხვანი, რომელთა შორის ერთ-ერთი ძლიერი მოქმედი მამულიშვილი იყო ექვთიმე თაყაიშვილიც.


ექვთიმემ გიმნაზიაში მუშაობის დაწყებისთანავე მიიპყრო ყურადღება ერის მაშინდელ სულიერ მოძღვართა წრეში და სულ მალე, 1888 წელს, იგი შეიყვანეს „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობის წევრად.

და მაშინვე, არჩევის დღიდანვე, ექვთიმე თაყაიშვილი შეიქმნა ყველაზე ცხოველი და დაუსვენარი მუშაკი „საზოგადოების" ფონდში შემოსული ხელნაწერებისა, არქივებისა, თვითონვე იხსენებდა შემდგომში:
„საზოგადოების წევრი რომ გავხდი, მივიხედ-მოვიხედე; შევიტყვე, რომ იმ ძვირფას ხენლაწერებს კაცი პატრონი არა ჰყავდა და ძალაუნებურად მოვკიდე ხელი, დავუწყე პატრონობა.

მერე თანდათან გამიტაცა, შემიყვარდა და და ვიწყე ზრუნვა დაღუპვისაგან მათ გადარჩენაზე. თან ახალ-ახალსაც ვაგროვებდი, შემოწირულით აღარ ვჯერდებოდი. საზოგადოების ხარჯზე შეძენაც დავიწყე. სხვადასხვა კუთხეში მიმოწერა გავაჩაღე, აგენტები გავიჩინე". 
თან, გზადაგზა, ხელნაწერთა აღწერილობებს აქვეყნებდა გაზეთ „ივერიაში".
ექვთიმე თაყაიშვილმა გაიცნო ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც ძალიან მოიწონა ახალგაზრდა თაყაიშვილი და მისივე დაარსებულ საეკლესიო მუზეუმის გამგეობაშიც შეიყვანა წევრად.
1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება". ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის" ახლებური წაკითხვა, რკვევა და დათარიღება.
1890 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაქვეყნა „სამი ისტორიული ქრონიკა", სადაც წარმოდგენილია - „მოქცევაი ქართლისაი", „სუმბატის ქრონიკა" და „მესხური მატიანე".


1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაქვეყნა, (ახალი გამოცემით) - „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა".


1889 წელს ილია ჭავჭავაძის წაქეზებით და ხელშეწყობით ბაგინეთს წამოიწყო გათხრები. ორი კვირის გათხრებმა საკმაოდ საგრძნობი შედეგებიც მოიტანა, მაგრამ უსახსრობის გამო მუშაობა ვეღარ დასრულდა.


1893 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ცოლად შეირთო ივანე პოლტარაცკის ქალიშვილი, ნინო.
ექვთიმე თაყაიშვილი გიმზაშიაში ლათინურს გარდა, იგი იქ უკვე ისტორიასა და გეოგრაფიასაც ასწავლიდა.

მერე, როცა ალექსი ჭიჭინაძე ვლადიკავკაზში გადავიდა და გიმნაზიის დირექტორის ადგილი დაიცალა, ეს ადგილი ჯერ ალექსანდრე ხახანაშვილს შესთავაზეს, მაგრამ ხაზანაშვილმა პეტერბურგის დატოვება არ მოისურვა, და ექვთიმეს შესთავაზეს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ხელმძღვანელობა.

ექვთიმეც ცივ უარზე იდგა. მაგრამ არ მოეშვნენ და მიეძალნენ. რადგან აღარ მოეშვნენ ექვთიმემაც თავისი პირობები წამოუყენა - რომ სასწავლებელს ყოველ წელს ერთი წელი მომატებოდა, გიმნაზიური კურსის სისრულისათვის; რომ თავადაზნაურობის კომიტეტში გიმნაზიის დირექტორი სასწავლო საკითხებზე დამოუკიდებელი ყოფილიყო; რომ მასწავლებლთა ხელფასი გაზრდილიყო; რომ სასწავლებელს ბუღალტერი დანიშვნოდა და საფინანსო-სამეურნეო საქმეები მოჰგვარებოდა.


ყველა ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილეს და 1894 წელს გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1895 წელს გამოაქვეყნა „სიბრძნე ბალავარისი", მრავალი სარედაქციო ვარიანტით და მეცნირეული კომენტარებით. იმავე წელს გამოსცა XVIII საუკუნის ხელნაწერი „კათალიკოს-ბაქარიანი მღვდლის იესე ტლაშაძისა, მოთხრობა ლექსად".


1899 წელს გამოვიდა პირველი ტომი ექვთიმე თაყაიშვილის დიდმნიშვნელოვანი სამეცნიერო სერიისა - „საქართველოს სიძველენი", სადაც თავმოყრილია 431 სხვადასხვა დასახელებისა და შინაარსის საბუთი, აქტი, ნუსხა, სიგელი, გუჯარი...


1902 წელს, რუსულ ენაზე, დაიწყო გამოსვლა ექვთიმე თაყაიშვილის ახალი ბრწყინვალე შრომისა - „აღწერილობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადიების" ხელნაწერებისა.
1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით დაარსდა „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება".


და წერდა თვითონ ექვთიმე: „საქართველო დავიარე და დავინახე თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებასა და ხშირად დაღუპვისთვისაც. პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს."


იბრძოდა ექვთიმე და მისი თანამებრძოლნი. მაგრამ მაინც იყვნენ მცირენი, და ქართული ძეგლების ბედისწერის სასწორზე ერთ მხარეს ამათი კეთილშობილი პატრიოტიზმი იყო, მეორეზე კი გასაოცარი უდარდელობა, უგულობა და ზოგჯერ უვიცობაც, ვითომც „უმაღლეს - არისტკრატიული" საზოგადოებრივი წრისა, ისევე თვითონ ექვთიმეს დავუგდოთ ყური:
„რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!...."

არ იყო ხალხი, თითო-ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!...

რუსთაველის გამზირზე სეირნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას, ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება... თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობასა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას.
მაგალითად:
ერთმა, საქართველოში სტუმრად ჩამოსულ იმპერატორს, ალექსანდრე მეორეს, ვლახერნის უბრწყინვალესი ხატი მიართვა. რუს ხელმწიფეს გაუკვირდა და, მადლობა ღმერთს, საჩუქარი უკან დააბრუნა;
მეორემ - მეფისნაცვალს ერეკლე მეფის თოფი აჩუქა, ის თოფი, ასპინძის ბრძოლაში ხელთ რომ ეპყრა გმირ ხელმწიფეს, მაგრამ ისევ რუსმა მოხელემ გააწბილა „გულუხვი ქართველი" - ეს თოფი ეროვნული სიამაყეა და თქვენ უფრო დაგშვენდებათ მისი შენახვაო;
მესამემ - „ვეფხისტყაოსნის" ერთი უსაჩინოესი ხელნაწერი ვორონცოვს მიუბოძა, ვორონცოვმაც მიირთვა და ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ ძლივს მოხერხდა იმ ხელნაწერის დაბრუნება საქართველოში;


მეოთხემ - კიდევ ერთი ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნისა" საქართველოში სტუმრად მოსული ფრანგი მოგზაურის, ბარონ დე - ბაის საჩუქრად გასწია, მაგრამ თვითონ ექვთიმე თაყაიშვილმა ააღებინათ ხელი ასე ჰაიჰარად გამეტებული ეროვნული ძეგლის გაჩქებაზე.


მეხუთემ - „ვეფხისტყაოსნის" კიდევ სხვა ხელნაწერებიდან ძვირფასი მინიატურები ამოსჭრა და ვიღაც სომეხ ჩარჩ-ვაჭარს მიჰყიდა. ექვთიმე თაყაიშვილმა დიდის წვალებით და დავიდარაბით უკანვე მოაბრუნა ქართულ საგანძურში ის მინიატურები;
მეექვსემ - ევროპაში მოინდომა „ვეფხისტყაოსნის" კიდევ ერთი უნიკალური ხელნაწერის გაყიდვა, მაგრამ ამჯერად იმ ოჯახში ჩასიძებულმა ინგლისელმა ოფიცერმა არ დაანება: „ეგ ისეთი რამ გქონიათ, რომ ეროვნული სიამაყის საგანია და არ უნდა გაყიდოთო", - უთქვამს იმ ღვთისნიერ უცხოელს ჩვენი რეგვენი თანამემამულეებისათვის;
მეშვიდემ - სოფელ ბორში ნაპოვნი, ცხენის გამოსახულებიანი და წარწერიანი ვერცხლის თასი კინაღამ ისევ დებაის მიჰყიდა, მაგრამ თაყაიშვილმა ისევ არ დაანება;
მერვემ...

მაგრამ კმარა. და ისევ ექვთიმე თაყაიშვილს - ამ ძეგლის რაინდს ვუსმინოთ:
„ერთი სიტყვით, გასაკვირველ ზნეს იჩენდნენ: რაც კი რამ კარგი მოეპოვებოდათ, ყველაფერი უცხოელებისასთვის უნდოდათ! რომ ეს არა, ჩვენი მუზეუმები ახლა ერთი-ათად უფრო მდიდრები უნდა გვქონდეს ხელნაწერებითა და სამახსოვრო საგნებით, ხოლო უცხოეთის მუზეუმებში ჩვენთვის სანუკვარი არც ერთი ძეგლი არ უნდა იყოს მოხვედრილი ქართული კულტურისა".


1908 წელს თვითონ ექვთიმე თაყაიშვილი ეძახდა „ხვავრიელს". მაშინ მოიძებნა დიდი არქეოლოგიური მასალები ახალქალაქსა და საძეგურის მიდამოებიდან, მაშინ გამოვიდა მეცნიერის „აღწერილობის" მეორე და მესამე ტომები; მისგანვე მოიძებნა „ვეფხისტყაოსნის" მანამდე უცნობი ხელნაწერები; მაშინ მოიძია (სანაგვედან ამოიღო!) გიორგი ბრწყინვალის დროის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - „ხელმწიფის კარის გარიგება"; მაშინ გამოიცა მისი რედაქტორობით საისტორიო და საენთოგრაფიო საზოგადოების კრებული - „ძველი საქართველო", და კიდევ იმავე 1908 წელს გამოვიდა ექვთიმეს „საქართველოს სიძველენის" მეორე ტომი, რომელსაც მალე მესამე ტომიც მოჰყვა.


1910 წელს ექვთიმემ მოაწყო სამეცნიერო და საკვლევაძიებო ექსპედიცია ლეჩხუმსა და სვანეთში. ეს იყო იქაურ ძეგლთა პირველი ყველაზე სრული და საფუძვლიანი შესწავლისა და აღწერის ხანა...


1913 წელს „ძველი საქართველოს" მეორე ტომი გამოსცა ექვთიმემ. და კიდევ, რუსულ ენაზე - „არქეოლოგიური ექს-კურსები, ძიებანი და შენიშვნები", მომდევნო წელს „ძველი საქართველოს" მესამე ტომიც გამოქვეყნდა...


1917 წელს ექვთიმეს მიერ შესწავლილ და აღწერილ იქნა ქართული კულტურის უბრწყინვალესი ძეგლები - ხახული, ოშკი, იშხანი.


1918 წელი, 26 იანვარი - ქართული უნივერსიტეტის გახსნა თბილისში.
ექვთიმე თაყაიშვილი უახლოესი თანამებრძოლია უნივერსიტეტის დამაარებლის, ივანე ჯავახიშვილისა.


ექვთიმე, ივანეს წარდგინებით, არის უნივერსიტეტის პირველი ლექტორი არქეოლოგიის დარგში. ივანეს წარდგინებით უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ექვთიმეს „ჰონორის კაუზა" მიანიჭა ქართული არქეოლოგიის დოქტორის ხარისხი.
...1921 წელი.


მენშევიკური მთავრობა გარბის საქართველოდან. გარბის და თან მიაქვს განძი საქართველოსი.
განძი, რომლის შეგროვებასა და გადარჩენაში ამდენი ოფლი, სისხლი და ცრემლი აქვს ჩაქცეული სწორედ ექვთიმე თაყაიშვილს.


ექვთიმე თაყაიშვილმა გაჰყვა განძს თავის ერთგულ და თავდადებულ მეუღლესთან ერთად.
განძი, სულ 39 ყუთი, შესანახად გადასცედ მარსელის ბანკს.
პარიზის მეცნიერულმა წრეებმა იმთავითვე სცნეს და აღიარეს ქართველი მეცნიერის ავტორიტეტი. და იგი აირჩიეს პარიზის „სააზიო საზოგადოების" წევრად.
ცხოვრობდა ძალზე ხელმოკლედ.


და მიიღო ექვთიმე თაყაიშვილმა საბჭოთა ხელისუფლების რწმუნებულის ვრცელი წერილი, რომელშიც ასეც ეწერა:
„...დღეს კი მე მინდა მოგმართოთ თქვენ, რათა შეასრულოთ თქვენი დიდი მოქალაქეობრივი მოვალეობა: საქართველოს სიძველეთა სვე-ბედი საზღვარგარეთ (სრულიად) თითქმის თქვენზეა დამოკიდებული, და ამისთვის მათი საქართველოში ხელუხლებლად დაბრუნება სწორედ თქვენს პირად მოვალეობას წარმოადგენს...

მიუხედავად ასეთი შესაფერისი, საიმედო და კეთილსინდისიერი მეთვალყურისა, როგორც თქვენ ბრძანდებით, დღევანდელი მღელვარე ევროპაში გატანილ ქართულ სიძველეთა სვე-ბედი მცირე რამ შემთხვევაზეა დამოკიდებული. ამისთვის ყველაფრის, რაც თქვენ გაბარიათ, დაუყოვნებლივ ჩამოტანა საქართველოში, და თქვენი ჩამოსვლაც თქვენი პირდაპირი მოვალეობის გასაგრძელებლად უნივერსიტეტის დღემდე ცარიელ კათედრაზე - აუცილებელია და საჩქარო საქმეა".


განძი კი არა ექვთიმეზე არამედ აკაკი ჩხენკელის სახელზე იყო გაფორმებული და ამდენად, საქართველოს საუნჯეთა ბედიღბალი ისევ ემიგრირებული მენშევიკური მთავრობის ხელში იყო.
ამასობაში ქართული განძის ამბავი მსოფლიოში გახმიანდა.
ამ დროს უკვე ქართული მინანქრის ერთი ძვირფასი კოლექცია ისედაც უკვე ნიუ-იორკის მუზეუმში მოხვედრილიყო.


შემდეგ ბრიტანეთის მუზეუმის მესვეურებმა გამოიდეს თავი საქართველოს საჭურჭლეთა ხელში ჩასაგდებად, მაგრამ ეს მოლაპარაკება ჩაშალა ექვთიმე თაყაიშვილმა.
ყველაზე დიდი საფრთხე კი ქართულ საუნჯეებს შეუქმნა ე.წ. „ობოლენსკაიას საქმემ".
1935 წელს სასამართლომ გამოიტანა დადგენილება, რომ ქართული საგანძურები შესანახად მიენდო ფრანგ მოხელეს, პიერჟოდონს, რომელსაც აქამდე მიბარებული ჰქონდა რუსეთიდან ემიგრირებული განძი.

განძი კი მარსელიდან პარიზში ჩამოიტანეს და ბანკში დააბინავეს.
ექვთიმე თაყაიშვილმა 1935 წლის 9 აპრილს საქართველოში წერილი აფრინა განათლების კომისარიატის სამეცნიერო დაწესებულებათა უფროსთან, პროფესორ ვუკოლ ბერიძესთან. ჯერ დაწვრილებით სწერდა, რა გადახდა განძს საქართველოდან წაღების დღიდან ამ წერილის დაწერის დღემდე და განაგრძობდა:
„ეხლა მდგომარეობა ძირიანად შეიცვალა, ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული. მე აღარა მაქვს საშალება და უფლება ნივთების დაცვისა და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო, ნებაც რომ მქონდეს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს ამის საშუალებას, მოვხუცდი, ფეხიც დამიშავდა, ძლივს დავდივარ.

დღეს ვარ, ხვალ აღარ ვიქნები და ჩემთვის მეორე სიკვდილი იქნება, თუ ის ნივთები ან მისი ნაწილი დაგვეკარგება; თქვენ უწყით, თუ რა წილი მიდევს მე მათ შეკრებაში და მათი დღევანდელი მდგომარეობა მტანჯავს, ვერ დავმშვიდდები, მანამ ის ნივთები საქართველოს არ დაუბრუნდება და მუზეუმს არ ჩაბარდება.


ეხლა მე საფრანგეთის მთავრობას მოხსენებას ვუდგენ, რომელშიაც ახსნილია ყოველი გარემოება ამ ნივთებისა, ესე იგი:
1. რომ ეს ნივთები ევაკუაცია ქმნილია საფრენგეთის ყოფილი ელჩის შევალიეს რჩევითა და დახმარებით.
2. რომ ეს ნივთები შეადგენენ საკუთრებას არა მათ მიერ ცნობილი მთავრობისა, არამედ კერძო მუზეუმებისა, საისტორიო და საენთოგრაფიო საზოგადოებისა, საეკლესიო მუზეუმებისა, სამხატვრო გალერეისა და საქართველოს მუზეუმისა.


3. რომ ეს ნივთები მხოლოდ შესანახად ჩაბარებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მეთვალყურედ მე ვიყავი დანიშნული და
4. რომ ეხლა, როდესაც აქ საქართველოს მთავრობას საელჩო მოხსნილია, რომლის სახელზე ნივთები ინახებოდა ბანკში, ის ნივთები უნდა დაუბრუნდეს თავიანთ პატრონებს, ესე იგი საქართველოს მუზეუმებს, მით უმეტეს, რომ ამ მუზეუმების გარშემო და საქართველოს უნივერსიტეტში ეხლა ინტენსიური სამეცნიერო მუშაობა წარმოებს და მკვლევარნი მოკლებულნი არიან საშუალებას ისარგებლონ ამ ნივთებით.

მოხსენიებული იქნება აგრეთვე, რომ ამჟამად საქართველოში მუშაობენ რუსთველის იუბილეის გადახდისათვის, ამზადებენ მისი პოემის სამეცნიერო გამოცემას და სამი საუკეთესო ხელნაწერი რუსთაველის პოემისა აქ არის წამოღებული. აგრეთვე მოხსენიებული იქნება, საბჭოს ხელისუფლებამ დაუბრუნა საქართველოს ყველა ის სამუზეუმო ნივთები, რომელნიც წამოღებული იყო რუსეთში.

ეხლა აუცილებელად საჭიროა, ამ ჩემს მოხსენებას დაერთოს თქვენი, ესე იგი საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ხმაც და შუამდგომლობა და მუზეუმის საბჭოების მოთხოვნა საფრანგეთის მთავრობისაგან, რომ მათ დაუბრუნოს მათი კუთვნილი და შესანახად წამოღებული ნივთები.

მართალია, წერა-კითხვის და საეკლესიო მუზეუმები ეხლა გადაცემულია უნივერსიტეტისადმი, მაგრამ მათ მაგიერ უნივერსიტეტი აღძრავს შუამდგომლობას, როგორც მათი კანონიერი მემკვიდრე; საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, სამხატვრო გალერეა და საქართველოს მუზეუმები არსებობენ და მათმა გამგეობამ უნდა აღძრან შუამდგომლობა.

გთხოვთ, ეს წერილი გააცნოთ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებას და დაინტერესებულ მუზეუმებს და დაწესებულებათ და რამდენადაც შეიძლება დაჩქარებით წარმოადგინოთ თქვენი შუამდგომლობა. ამას მოითხოვს ჩვენი ნივთების ინტერესი, რომ განსაცდელში არ ჩავარდეს და არ დაგვეჩაგროს.

კიდევ ერთი ცნობა: შესანახი ფული მარტო ერთი წლისაა გადახდილი და ორი ათას ხუთასი ფრანკი. დანარჩენს, რასაკვირველია, მოითხოვენ და უნდა გადაიხადოთ. სამაგიეროდ ბევრს, ერთობ ბევრს ნივთებს მიიღებთ, რომელნიც წინეთ არ ეკუთვნოდნენ მუზეუმებს. სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ველი თქვენს პასუხს.
ღრმა პატივისცემით ექვთიმე თაყაიშვილი".

ხოლო ამ წერილის მეორე დღეს, 1935 წლის 10 აპრილს ექვთიმემ მენშევიკ ლიდერთაგან მიიღო, ახალი დადგენილება, რომელშიც ეწერა:
„ბ-ნი თაყაიშვილი აქ ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოს მუზეუმების, ამ უკანასკნელების მიერ ნდობით აღჭურვილი მუზეუმების, მას მინდვეს მუზეუმებმა ზრუნვა ამ ქონებაზე... ამიტომ ბ-ნ ე. თაყაიშვილს აქვს უფლება ჩაერიოს ამ საქმეში და მიიღოს ის ზომები, რომელსაც საჭიროდ დაინახავს ამ ქონების დასაცავად, ხოლო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებში თვითონ იქნება პასუხისმგებელი აღნიშნულ ქონების მეპატრონეთა (მუზეუმთა) და საქართველოს წინაშე".

ექვთიმე თაყაიშვილმა რამოდენიმეჯერ გაუგზავნა საფრანგეთის მთავრობის თავჯდომარეს განცხადება მაგრამ საფრანგეთის მთავრობის თავჯდომარემ დუმილითვე უპასუხა ექვთიმე თაყაიშვილს.

პასუხი მიიღო მხოლოდ საქართველო. ვუკოლ ბერიძე იტყობინებოდა, - შენი წერილი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს გადავეციო და - „უკვე გადაიდგა სათანადო სასწრაფო ნაბიჯი აღნიშნულ სიძველეთა საბჭოთა საქართველოში დაბრუნებისათვის".

...დრო კი ვიდოდა. და დადგა 1939 წელი.
ფაშისტურმა გერმანიამ დაიწყო ომი. ომმა მოიცვა მთელი მსოფლიო.

1940 წლის 14 ივნისს გერმანელები შედიან პარიზში.
დგება შიმშილი. ყინვა. ავადმყოფობა.

სასწაულებრივი იყო განძის გადარჩენა ჰიტლერული ოკუპაციის დროს. გერმანელებს უკვე შეეტყოთ ქართული განძის არსებობა, მაგრამ დაასწრეს ექვთიმე თაყაიშვილმა და პიერ ჟოდონმა. სწორედ ექვთიმეს ჩაგონებით, ჟოდონმა ქართული განძი ბანკიდან იდუმალ გააპარა და ვერსალის სასახლის ერთ ბნელ სარდაფში ჩააწყო და ზემოდან ნაფოტით, ნაგვით და ნაშალი ბათქაშით დაფარა.

შეიძლება ამ შემთხვევაში ჟოდონი უფრო საფრანგეთისთვის ზრუნავდა, ვიდრე საქართველოსთვის, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ განძი დამპყრობთა ხელყოფისაგან გადარჩა...

...1944 წლის დეკემბერი.
მოსკოვში ჩამოდის საფრანგეთის ახალი ხელისუფლების მეთაური, გენერალი შარლ დე გოლი.

შეხვედრა სტალინთან.
თვითონ დე გოლმა ჩამოუგდო სიტყვა სტალინს საფრანგეთში დაცულ ქართულ საგანძურთა თაობაზე...
...1945 წლის 11 აპრილი.
თბილისის აეროდრომზე ეშვება პარიზიდან მომავალი თვითმფრინავი.
ტრაპზე მძიმედ ეშვება დიდებული მოხუცი, და ამბობს მთროლვარე ხმით:

„ახლა შემიძლია ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე".

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2439 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.5/4
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები