ხუთშაბათი, 28.03.2024, 13:33
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 21 » ამერიკაში ემიგრანტები მხოლოდ ეკლესიამ შემოიკრიბა.
09:12
ამერიკაში ემიგრანტები მხოლოდ ეკლესიამ შემოიკრიბა.

დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, ამერიკაში, ჯერ კიდევ ერისკაცობაში, წლების მანძილზე მოღვაწეობდა. შემდეგ, როდესაც უფლის განგებით, ღმრთისმსახურის ჯვარი იტვირთა, ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიაში ქართველი ემიგრანტებისთვის ღმრთისმსახურებას მშობლიურ ენაზე ასრულებდა.

ერთი წელია, რაც მამა მიქაელი საქართველოში დაბრუნდა და მოღვაწეობას ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში განაგრძობს. მას ემიგრანტული ცხოვრების გახსენება ვთხოვეთ. 

– მამა მიქაელ, როდის და როგორ მოხვდით ამერიკაში საცხოვრებლად?

– მუსიკოსი ვიყავი. 1983 წელს საგასტროლო მოგზაურობაში საფრანგეთში ვიმყოფებოდი. მოგეხსენებათ, მაშინ კომუნისტური პერიოდი გახლდათ და გადავწყვიტე, უკან არ დავბრუნებულიყავი. დავრჩი საფრანგეთში და იქიდან ამერიკაში გადავედი საცხოვრებლად.

ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის დროს, ვცდილობდი ეკლესიურ ცხოვრებას და როდესაც ამერიკაში აღმოვჩნდი, რეგულარულად დავდიოდი ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ამერიკის მართლმადიდებლურ ეკლესიაში. იქ სულიერი მოძღვარიც მყავდა. 

– რამდენად რთული იყო ამერიკულ ცხოვრებასთან შეგუება და იქ დამკვიდრება?

– მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები კეთილგანწყობილი ხალხია, თუნდაც უცხოელების მიმართ, საკმაოდ რთული იყო იქ დამკვიდრება.

მათი ტრადიციები, მსოფლმხედველობა განსხვავებულია. ძალიან აინტერესებთ შენი ქვეყნის ისტორია, საიდან ხარ. ხშირად, გულწრფელად ცდილობდნენ გაეგოთ ჩვენი ტრადიციების შესახებ. ამერიკაში ცხოვრება, ემიგრანტისთვის მაინც, ყველაზე ადვილია. 

– მართლმადიდებლური რწმენისა და სულიერი ფასეულობების მიმართ ამერიკელებს როგორი დამოკიდებულება აქვთ?

– ამერიკელები, თავისებურად, საკმაოდ მორწმუნე ხალხია, მაგრამ საინფორმაციო საშუალებებში ლიბერალური გავლენა ბოლო დროს საკმაოდ მომძლავრებულია და, გარკვეულწილად, დაპირისპირებაც არსებობს. თუმცა, განსაკუთრებით ის ამერიკელები, რომლებიც დიდ ქალაქებში არ ცხოვრობენ, ინარჩუნებენ ოჯახურ ტრადიციებს, თავისებურად ნათესაობაც აქვთ.

იციან, რომ ხელი უნდა გაუმართონ გაჭირვებულს. ქველმოქმედება იქ ძალიან განვითარებულია. შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად, ევროპასთან შედარებით, ქრისტიანული პრინციპები იქ უფრო შენარჩუნებული აქვთ.

საკმაოდ აინტერესებთ ჭეშმარიტებაც. ამერიკასა და კანადაში, თითქმის 7 მილიონამდე მართლმადიდებელია. ბევრია ისეთი ამერიკელი, რომელმაც დაინახა, რა კრიზისი იყო სხვა კონფესიებში, რწმენით გადმოვიდა მართლმადიდებლობაში, სადაც ჭეშმარიტება იპოვა.

ვაშინგტონის საკათედრო ტაძრის მრევლის უმეტესობას ის ამერიკელები შეადგენენ, რომლებიც მანამდე პროტესტანტები, ან კათოლიკები იყვნენ და მართლმადიდებლობა შეგნებულად აირჩიეს. ეს ძალზე საინტერესო ფენომენია. იქ მართლმადიდებლური ლიტერატურა ბევრია და აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ ამ რელიგიას. 

– ახლა თქვენს მოღვაწეობაზე ვისაუბროთ. თქვენი მღვდლად კურთხევა როგორ გადაწყდა?

– უწმინდესი გახლდათ ჩამობრძანებული ამერიკაში. იქ შედგა ჩვენი საუბარი. მან მკითხა, ვფიქრობდი თუ არა სასულიერო გზის არჩევას. სიმართლე გითხრათ, ამაზე, გულის სიღრმეში, თითქოს ვფიქრობდი, მაგრამ არ მქონდა კადნიერება, ეს სურვილი სერიოზულად გამომეთქვა.

იმ დროისთვის უკვე მრავალი ქართველი იყო ამერიკაში ჩამოსული. განსაზღვრული საჭიროებიდან გამომდინარე, ალბათ, ქართველი მოძღვრის არსებობის საკითხი დადგა. 1998 წელს ჩამოვედი საქართველოში და თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში მაკურთხეს დიაკვნად.

2001 წელს კი, ვაშინგტონის წმიდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში აღსრულდა ჩემი მღვდლად ხელდასხმა და იქვე გავაგრძელე სასულიერო მოღვაწეობა. 
– თავიდან როგორ შეძელით იქ მცხოვრები ქართველობის შემოკრება?

– თავიდან საკმაოდ რთული პროცესი იყო მრევლის შეკრება. პარაკლისებით დავიწყეთ. ქართულ ენაზე აღსრულებულმა მსახურებამ და ქადაგებამ ქართველებში დიდი ინტერესი გამოიწვია. შემდეგ რეგულარულად ვიკრიბებოდით სატრაპეზოში, სადაც ახალ აღთქმას ვკითხულობდით. უმეტესობა ახალგაზრდობა იყო.

ყველას თავისი კითხვები ჰქონდა, აინტერესებდათ სახარების განმარტებები. ეს ძალიან ნელი და რთული პროცესი გახლდათ, მაგრამ ღმრთის მადლით, მრევლი მაინც შეიკრა. ყოველ კვირა დღეს პარაკლისს ვიხდიდით და თვეში ერთხელ, ან ორჯერ, შაბათობით წირვას ვატარებდით. 

– ადგილობრივი ეკლესიის ღმრთისმსახურები როგორ დამოკიდებულებას გამოხატავდნენ ქართველების მიმართ?

– ადგილობრივი მართლმადიდებელი ღმრთისმსახურები ჩვენთან ძალიან კარგ დამოკიდებულებაში იყვნენ. არ მახსოვს რამეზე უარი ეთქვათ. პირიქით, თავიანთი ინიციატივით ძალიან ხელს გვიწყობდნენ. ქართული დღესასწაულის აღნიშვნა რომ გვდომებია, არასდროს გვქონია პრობლემა.

– თქვენთვის, როგორც ღმრთისმსახურისთვის, რთული იყო ამერიკაში მოღვაწეობა?

– საკმაოდ რთულია ემიგრაციაში ღმრთისმსახურება. იქ მარტო სასულიერო მოღვაწეობით ვერ იქნები დაკავებული. მე, პრაქტიკულად, ხელფასი არ მქონდა.

ამიტომ ოჯახის რჩენისთვის, პარალელურად, სხვა რამის კეთებაც მიწევდა. ფაქტობრივად, მთელი კვირა დაკავებული ხარ და იშვიათია, თავისუფალი დრო გქონდეს. იქ, შტატში მყოფ მოძღვრებს უხდიან ხელფასს და ვინც არ არის შტატში, უნდა ეძებოს შემოსავლის სხვა წყარო, რაც ძალზე ართულებს ცხოვრებას. 

– ქართველ ემიგრანტებს იქ როგორ პირობებში უწევდათ ცხოვრება?

– ქართველები ამერიკაში ძალიან მძიმე შრომაში არიან ჩართულნი. თვითონ, პრაქტიკულად ყველაფერს მოკლებულნი არიან და მაქსიმალურად ცდილობენ, გამომუშავებული თანხა საქართველოში გადმოაგზავნონ. იქიდან არჩენენ ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს, ამიტომ საკმაოდ რთულია მათი ცხოვრება.

მომძლავრებული ნოსტალგია კიდევ უფრო ართულებს იქ ყოფნას. სამწუხაროდ, უმეტესობას არ შეუძლია საქართველოში დაბრუნება, რადგან იქ ლეგალური სტატუსი არ გააჩნია და ამიტომ შიში აქვს, რომ საქართველოში თუ დაბრუნდებიან, მერე ვერასდროს შევლენ ამერიკაში. 

– სამშობლოს ნოსტალგია თუ იგრძნობოდა?

– თავისთავად, ემიგრანტობა ადამიანისთვის არანორმალური მდგომარეობაა. უცხო ქვეყანაში მყოფი მოგლეჯილი ხარ შენს ფესვებს, ენას, ტრადიციებს და ამ დროს, მატერიალურად როგორც არ უნდა უზრუნველყოფილი იყო, მაინც გრძნობ სამშობლოსგან მოწყვეტით გამოწვეულ სიცარიელეს.

ამდენად, ეს დაღი ყველა ქართველ ემიგრანტს აქვს.

სასულიერო პირიც, სადაც არ უნდა იყო, იმ პრობლემებს აწყდები, რომლებიც იმ ადგილიდან გამომდინარეობს, სადაც ცხოვრობ. თუმცა, რასაკვირველია, ღმერთი არასოდეს გტოვებს. ყველაფერი უფლის შეწევნით ხდება და, ამ მხრივ, გიადვილდება ემიგრაციაში ცხოვრება. 

– რა მნიშვნელობა აქვს ემიგრანტი ქართველებისთვის ეროვნული ეკლესიის არსებობას უცხოეთში და ეს მომენტი რამდენად უწყობს ხელს ქართული სულის შენარჩუნებაში?

– უცხოეთში მყოფი ქართველობისთვის, იქ ეროვნული ეკლესიის არსებობას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როგორც აღვნიშნე, ემიგრაციაში მყოფ ქართველებს უმწვავდებათ სამშობლოს მონატრება და სულიერ ნუგეშს ეკლესიაში ჰპოვებენ.

ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც საქართველოში არაეკლესიურად ცხოვრობდნენ, იქ, სულიერი მიმართულებით, შედარებით სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ. ჩემი თვალით ვნახე, პრაქტიკულად როგორ მტკიცედ დადგნენ ისინი ეკლესიის გზაზე. ამერიკაში, ეკლესიის გარდა ვერც ერთმა ორგანიზაციამ შეძლო ემიგრანტების შემოკრება. 

– ისეთი ქართველი თუ შეგხვედრიათ, რომელსაც სამშობლოს განცდა და საქართველოში დაბრუნების ფიქრი არ ჰქონია?

– სამშობლო რომ არ ახსოვდეს, ისეთი ქართველი არ მინახავს. უმეტესობა გამოხატავს სურვილს, რომ თუ საქართველოში უკეთესი პირობები იქნება და აქ სამსახურის პოვნას შეძლებენ, დაბრუნდებიან.

– როდესაც საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტეთ, ამერიკაში მრევლის დატოვება არ გაგიჭირდათ?

– რთული იყო მრევლთან განშორება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო სხვა გამოსავალი არ მქონდა, იძულებული გავხდი საქართველოში ჩამოვსულიყავი. ძალიან მადლობელი ვარ მეუფე დიმიტრის (შიოლაშვილი) და მამა პეტრესი (ყრუაშვილი).

მათი ძალისხმევით, იქ კვლავ გაგრძელდა ქართული ღმრთისმსახურება. მამა პეტრე ფილადელფიაში მსახურობს, მაგრამ ყოველ კვირას ვაშინგტონშიც ჩადის და წირვა–ლოცვას ატარებს. ახლა მოხერხდა შენობის დაქირავება და იქ წმიდა თამარის სახელობის ეკლესიის მოწყობა. 

– ბოლოს, რას უსურვებთ, რას ეტყვით ემიგრაციაში მყოფ ქართველებს?

– ემიგრაციაში მყოფ ქართველობას ქრისტეს გზაზე მტკიცედ დგომას ვუსურვებ. არავითარ შემთხვევაში არ დაევიწყებინოთ თავიანთი ფესვები, ის, რომ ქართველები და მართლმადიდებლები არიან. საბოლოოდ, ეფიქროთ იმაზე, რომ ადრე თუ გვიან, ყველა ქართველი საქართველოში უნდა დაბრუნდეს, როგორც ამას პატრიარქი ბრძანებს.

ძალიან მინდა, უწმინდესის ეს კურთხევა ემიგრანტმა ქართველებმა სერიოზულად გაიაზრონ, რადგან თუ ისინი სამშობლოში არ იცხოვრებენ, მათ ადგილს აქ არაქართველი დაიკავებს, ჩვენ კი გასაფლანგი მიწა არ გვაქვს. 

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 1664 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები