ხუთშაბათი, 28.03.2024, 18:56
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 21 » იბერია.
22:00
იბერია.

იბერია, ივერია, იყო აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს სახელწოდება ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში. დასავლეთის წყაროებში მოიხსენიება, როგორც „აღმოსავლეთი იბერია" ან „კავკასიის იბერია" ამავე სახელწოდების იბერიის ნახევარკუნძულისგან განსასხვავებლად.


ნარინჯსფერი – იბერია ძვ. წ. ა. 600 წელს; ხორცისფერი – დაკარგული ტერიტორიები – ძვ. წ. ა. 486-ახ. წ. ა. 117; ყავისფერი–იბერია ახ. წ. ა. 150 წელს; შინდისფერი–საქართველოს დღევანდელი საზღვრები
ოფიც. ენა ქართული, ბერძნული, სპარსული, არამეული
დედაქალაქ(ებ)ი არმაზი, მცხეთა, თბილისი( V ს–დან)
სისტემა აბსოლუტური მონარქია
მეთაური მეფე
ფართობი ?? ??? კმ²
მოსახლეობა სხვადასხვა დროს ??-მდე
სამეფო დაარსდა ძვ. წ. IV-III სს
არსებობა შეწყვიტა 537 წელს.
პირველი მეფე ფარნავაზი
(329 - 264)
ბოლო მეფე ფარსმან VII
(535 - 537)
წინამორბედი იბერიის ტომთა კავშირები
შემდგომი წყობა (მონარქია).

ეტიმოლოგია.


იბერია (ივერია):

ამ სახელწოდების ზუსტი წარმომავლობა და მნიშვნელობა ნათელი არ არის.

ტერმინი „იბერია" გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ–რომაულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომაული ნომენკლატურა, იმავე სახელს იყენებს პირენეის ნახევარკუნძულის აღსანიშნავად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი რომაელებისთვის მარგინალური ქვეყნების აღმნიშვნელია. ზოგი მას ქართულ „იმერს" (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ სპერის ოლქს).

ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) ბერძნულში თანხმოვანი ბ (β-ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა ვ-ს (ქართულ ვინს). შედეგად გვიანდელ ქართულ საისტორიო წყაროებში მკვიდრდება ბიზანტიური ბერძნულის გავლენით — „ივერია".

გვიანდელი და შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი დროის ქართულ წყაროებსა და ლიტერატურაში „ივერია" იხმარებოდა მთელი საქართველოს აღსანიშნავად, ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს უწოდებდნენ ზემო ივერიას, ხოლო დასავლეთ საქართველოს — ქვემო ივერიას.


ქართლი: მთავარი სტატია : ქართველთა ეთნარქები.


ბერძნებთან იბერიად ცნობილი ქვეყანა ადგილობრივ „ქართლად" იწოდებოდა. ქართული საისტორიო ტრადიცია ამ სახელის წარმოშობას ქართველთა ეთნარქის — ქართლოსის სახელს უკავშირებს.



საქართველოს
სახელმწიფოებრიობა
იბერიის სამეფო
კოლხეთის სამეფო
ლაზიკა-ეგრისის სამეფო
ერთიანი ქართული სახელმწიფო
ნაწილები
ტაო-კლარჯეთის სამეფო
აფხაზეთის სამეფო
ჰერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
იმერეთის სამეფო
საქ. დემოკრ. რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
საქართველოს რესპუბლიკა
დაფა: იხ. • განხ. • რედ.


ჩამოყალიბება
საქართველოს
სახელმწიფოებრიობა
იბერიის სამეფო
კოლხეთის სამეფო
ლაზიკა-ეგრისის სამეფო
ერთიანი ქართული სახელმწიფო
ნაწილები
ტაო-კლარჯეთის სამეფო
აფხაზეთის სამეფო
ჰერეთის სამეფო
კახეთის სამეფო
ქართლის სამეფო
იმერეთის სამეფო
საქ. დემოკრ. რესპუბლიკა
საქართველოს სსრ
საქართველოს რესპუბლიკა
დაფა: იხ. • განხ. • რედ.


იბერიის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან რამდენიმე მონათესავე თემის მიერ, რომელთაც ძველი ავტორები კოლექტიურად იბერებს (აღმოსავლეთ იბერებს) უწოდებენ. ადგილობრივები საკუთარი ქვეყანას ქართლს უწოდებდნენ, მითიური წინაპარი "ქართლოსის" მიხედვით.

მოსხებს (მესხებს), რომელთაც რამდენიმე კლასიკური პერიოდის ისტორიკოსი მოიხსენიებს, და სასპერებს (ჰეროდოტეს მიხედვით) მნიშვნელოვანი წვლილი უნდა მიუძღოდეთ ამ არემარის თემების კონსოლიდაციაში. მოსხების ადრეული ტომები მომთაბარეობისას ნელ-ნელა მიიწევდნენ ჩრდილოაღმოსავლეთისკენ, სადაც საბოლოოდ ხელშემწყობი კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო მუდმივი დასახლებები ჩამოაყალიბეს. ამ დასახლებათაგან მთავარი იყო მცხეთა, რომელიც შემდგომში იბერიის დედაქალაქი გახდა.

შუასაუკუნეების ქართულ წყაროში "მოქცევაჲ ქართლისაჲ" ასევე ნახსენებია აზო და მისი ხალხი, რომლებიც არიან-ქართლიდან მოსულან - პროტო-იბერიელების სამშობლოდან, რომელიც აქამენიდთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა სპარსეთის იმპერიის დაცემამდე, იმ ადგილას დასასახლებლად, სადაც ამჟამად მცხეთა მდებარეობს.

მეორე ქართულ წყაროში "ქართლის ცხოვრება", აზო მოხსენიებულია, როგორც ალექსანდრე დიდის მხედართმთავარი, რომელმაც ადგილობრივი მმართველი გვარი გაანადგურა და თავად ჩაიგდო არემარე ხელთ, სანამ ძვ. წ. IV საუკუნეში მას ადგილობრივი მეთაური ფარნავაზი არ დაამარცხებდა.
ადრეული ისტორია

ელინისტური ხანიდან იბერია მუდამ ერთ გარკვეულ პოლიტიკურ ერთეულს (სახელმწიფოს) აღნიშნავდა, რომელიც აღმოსავლეთ სამხრეთ საქართველოს ვრცელ მიწა-წყალს მოიცავდა. ამ ტერიტორიაზე უმეტესად აღმოსავლურ-ქართული ტომები (ქართები-იბერები) სახლობდნენ. წინაელინისტურ ხანაში, აქ მრავალი სატომთაშორისო გაერთიანება (ტომთა კავშირი) და ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო.

ამ დროს აქაური მოსახლეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური როლი უნდა ეთამაშა მესხების ქართველ ტომებს, რომლებიც ადრე ხეთური კულტურის გავლენის სფეროში შედიოდნენ და მცირე აზიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ.

აქემენიდურ ხანაში ამ რაიონში არსებული ქართული გაერთიანება ცნობილია არიან-ქართლის („ირანის ქართლის") სახელით და სპარსეთის ფარგლებში უშუალოდ შემავალ აღმოსავლურ-ქართულ გაერთიანებას გულისხმობს.

ძვ. წ. IV–III საუკუნეების მიჯნაზე მან შეძლო თავისი ძალაუფლების გავრცელება შიდა ქართლზეც. შეიქმნა დიდი სახელმწიფო გაერთიანება, რომლის ცენტრი მცხეთის მიდამოებში მდებარეობდა. თვით მცხეთის სახელიც მესხთა ტომის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები. მცირეაზიელ მესხებს უნდა მოეტანათ აქ ზოგიერთი ხეთური ღვთაების კულტი (არმაზის, ზადენის), რომლებიც უზენაეს ღმერთებად იქცნენ.

მათ სახელზე მცხეთის მიდამოებში ააგეს ორი დიდი ციხესიმაგრე — არმაზციხე და ზადენციხე.


ძლიერების პერიოდი

ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში ქართლში (იბერიაში) ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა („მცხეთის მამასახლისების" საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომელიც იბერიის მეფეთა ახალი დინასტიის — ფარნავაზიანების ფუძემდებელი გახდა. ფარნავაზისა და მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს (ძვ. წ. III ს.) იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია და საკმაოდ ვრცელი სახელმწიფო გახდა.

შიდა ქართლის, კახეთისა და მესხეთის გარდა მასში შედიოდა დასავლეთ საქართველოს ნაწილი (არგვეთი, აჭარა). მის შემადგენლობაში ივარაუდება ისტორიული ოლქები — გოგარენე, ხორძენე და პარიადრის მთის კალთები (ისინი, სტრაბონის ცნობით, მხოლოდ ძვ. წ. II–I საუკუნეებში ჩამოაჭრეს სომხეთის სამეფოებმა იბერებს). იბერიის სამეფოს ძალაუფლება ვრცელდებოდა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთზე და დასავლეთ საქართველოს ბარის რაიონებზეც (ეგრისი).
დაკნინების პერიოდი

ძვ. წ. II საუკუნისა და I საუკუნის პირველ ნახევარში იბერია დასუსტდა და გაძლიერებულ სომხეთის სამეფოებთა ბრძოლაში ზოგი ტერიტორია დაკარგა. ელინისტური ხანის იბერია ადრინდელი კლასობრივი წინაფეოდალური სახელმწიფო იყო.

მატერიალური დოვლათის მწარმოებელ ძირითად მასას წარმოადგენდნენ თავისუფალი მეთემენი - მიწისმოქმედნი და მეომარნი. დამორჩილებულ სამიწათმოქმედო თემებს ძირითადად სამეფო საგვარეულო უწევდა ექსპლუატაციას.

პრივილეგიურ ფენებს წარმოადგენდნენ აგრეთვე სამხედრო-სამოხელეო არისტოკტარია და ქურუმობა. სამეფო კარზე ჯერ არ იყო მტკიცედ ჩამოყალიბებული ტახტის მემკვიდრეობის წესი. სამეფო ტახტზე აჰყავდათ გარდაცვლილი მეფის უახლოეს ნათესავთაგან ყველაზე ხნიერი. მთის მოსახლეობ სამეურნეო საქმიანობით ჩაცმა-დახურვის წესითა და ზნე-ჩვეულებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბარის მოსახლეობისაგან.

იგი ამ დროს ჯერ კიდევ პირველყოფილ-თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდა, თუმცა იბერიის სახელმწიფო სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.

ძვ. წ. 65 იბერია დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპუესმა. მიუხედავად ენერგიული წინააღმდეგობისა, იბერიის მეფე არტაგ II ბოლოს და ბოლოს დამორჩილდა რომაელებს.
რომთან კავშირი

მალე იბერია განთავისუფლდა რომზე დამოკიდებულებისაგან. რომსა და იბერიას შორის დამყარდა მოკავშირეობითი ურთიერთობა. ახალი წელთააღრიცხვით I-II საუკუნეებში კი იბერია კვლავ გაძლიერდა და ხშირად რომის მეტოქედაც გამოდიოდა ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთში.

იბერიის გაძლიერებას ხელი შეუწყო კონტროლის დაწესებამ კავკასიონის გადმოსასვლელებზე და საგარეო ლაშქრობებში იმიერკავკასიაში მომთაბარე ტომების გამოყენებამ. იბერიამ მოახერხა მთლიანად დაებრუნებინა ადრე სომხეთის მიერ ჩამორთმეული მიწები და I საუკუნის 30-50-იან წლებში (მეფე ფარსმან I-ისა და მისი ვაჟის რადამისტის დროს) მცირე ხნით მთელ სომხეთსაც დაეუფლა.

რომის იმპერია იმპერატორ ტრაიანეს დროს, ა.წ. I-II სს.

I საუკუნის II ნახევარში იბერიამ ძირითადად შეინარჩუნა რომთან მეგობრული ურთიერთობა. ხოლო II საუკუნის 30-50-იან წლებში, ფარსმან II-ის დროს, როცა იბერია თავისი ძლიერების მწვერვალზე იყო, მათ შორის დაძაბულობამ იჩინა თავი.

იბერიის ტერიტორიამ შავ ზღვას მიაღწია და რომაელტა სამფლობელოების ნაწილი შეიერთა. ფარსმან II-მ მრავალგზის შეუთვალა უარი იმპერატორ ადრიანეს მიწვევაზე და მხოლოდ მისი მემკვიდრის - ანტონინუს პიუსის დროს მოინახულა რომი მეუღლით, ვაჟიშვილით და წარჩინებულთა დიდი ამალით. რომაელები მოუხიბლავს იბერთა სამხედრო ვარჯიშს.

იმპერატორს დედაქალაქში დაუდგამს ცხენზე ფარსმანის ქანდაკება, აგრეთვე "გაუფართოებია ფარსმანის სამეფო", ე. ი. უცვნია იბერიის ფართოდ გაწეული საზღვრები.


სპარსეთის გავლენა

ამ დროს იბერია წარმატებით ებრძოდა პართიასაც, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა III საუკუნიდან, როცა ძალაუფლება სასანიდების ხელში გადავიდა. სასანური ირანი უფრო ძლიერი და ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო, ვიდრე არშაკიდების პართია. მეფე შაპურ I-ს (242-272) დროს იბერია იმპერიაში შემავალ ქვეყნად ითვლებოდა.

თავის ცნობილ „ქააბაი ზარდოშტის" („Ka’ba-i Zardošt") ტრილინგვაში, შაპურ I იმ ქვეყნებსა და ხალხებს შორის, რომლებიც მას ხარკს უხდიდნენ ასახელებს: პერსიდას, პართიას, ხუზისტანს, მეშანს, ასურეთს, ადიაბენას, არაბეთს, ატრუპატკანს, არმენიას, იბერიას (წარწერის ფალაურ ტექსტში: „Vyršn", ბერძნულში – „Ίβερια"), მახელონიას, ალბანეთს (პართულ-ფალაური: Ardan, სასანურ-ფალაური, შეიძლება, Arrān), ბალასკანს კაპის მთებამდე (ე. ი. კავკასიონამდე) და ალბანეთის კარამდე (დერბენდის გასასვლელი) და სხვ.

იბერიის მეფე ამაზასპი წარწერის მიხედვით იმპერიის ერთ-ერთი უმაღლესი დიდებულია. წარწერაში სამეფო დიდებულები სამ კატეგორიადა დაყოფილი: 1. ისინი, ვინც ძალაუფლება მიიღო სასანიანთა დინასტიის ფუძემდებლის არდაშირ I-ის მამის – პაპაკის დროს, 2. ვინც ძალაუფლება მიიღო არდაშირ I-ის დროს და 3. ისინი ვინც ძალაუფლება მიიღო შაპურ I-ის დროს. სწორედ ამ უკანასკნელთა შორის იხსენიება "ამაზასპი, მეფე იბერიისა” (პართულ-ფალაურ ტექსტში: Xmzasp Vyršn (სტრ. 28); სასანურ-ფალაურში: amčspy vl rvcan (სტრ. 30-31); ბერძნულში (სტრ. 60): Αμαςασπου τoς βασίλεύς τoς Ίβεριας).

ამასთან მეფე ამაზასპს ასახელებს მეოთხედ, ადიაბენის მეფის არდაშირის, კირმანის მეფის არდაშირისა და დედოფალ დენაკეს შემდეგ.  ყველაფერი ეს, იმაზე მიუთითებს, რომ ამაზასპის სახით საქმე გვაქვს არა იარაღის ძალით დამორჩილებულ მმართველთან, არამედ ირანის მბრძანებლის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან მოკავშირესთან.

სამენოვანი წარწერის დეტალი, „ქააბაი ზარდოშტი" , ნაყშე–როსთამი, ირანი

მოსაზრება ამაზასპის ირანული ორიენტაციის შესახებ ძველი ქართული წყაროებითაც დასტურდება. "ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ამაზასპმა "შეიყვარა სპარსელები”(ქც., I, 57). მეფობის დასასრულს, ამავე წყაროს მიხედვით, ამაზასპი ქართველთა და მათ დასახმარებლად მოხმობილ სპარსელთა ლაშქრით ებრძვის ბერძნებს (რომაელელებს), რომელთაც მხარს უჭერენ სომხები, მეგრები (დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა) და ოსები.

მატიანეს ცნობით, ამაზასპს განუდგნენ და მტრულ დაჯგუფებას მიემხრნენ ქართლის რამდენიმე ერისთავი: ეგრისის ორი ერისთავი, აგრეთვე ოძრხეს, კლარჯეთისა და წუნდას ერისთავები. მომხდარ ბრძოლაში "სპარსელები და ქართველები” დამარცხდნენ და თვით ამაზასპიც დაიღუპა.

სპარსელთა ბატონობას ამის შედეგად, III ს. ბოლოსათვის ბოლო მოეღო როგორც ქართლზე, ისე სომხეთზე. 283 წელს დადებული საზავო ხელშეკრულების თანახმად, სპარსელებმა დაკარგეს კონტროლი სომხეთის მნიშვნელოვან ნაწილზე. 287 წელს რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს დახმარებით სომხეთში გამეფდა ტირიდატ III (287-330).

298 წელს რომაელებთან მორიგი წარუმატებელი შეტაკების შემდეგ, სპარსელები იძულებული გახდნენ რომაელებთან 40 წლის ვადით ნისიბინში (მესოპოტამია) დაედოთ საზავო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რომაელებს გადასცეს მესოპოტამია და ზოგი სხვა ოლქი, ამასთანავე აღიარეს რომის პროტექტორატი სომხეთსა და იბერიაზე.

III საუკუნეშიც, კერძოდ, ამაზასპის დროს, ქართლი ფაქტიურად დამოუკიდებელ და ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მოგონება ამაზასპზე, როგორც ძლიერ მმართველზე, მკაფიოდ შემოინახა ქართულმა საისტორიო ტრადიციამ. "ქართლის ცხოვრებაში” ვრცლადაა მოთხრობილი ამაზასპის ბრძოლაზე ქართლში შემოჭრილ ოსებთან.

დედაქალაქ მცხეთის მისადგომებთან ამაზასპი იმარჯვებს მათზე, სდევნის ქართლიდან, ხოლო შემდეგ თვით ლაშქრობს ოსეთში და არბევს მას (ქც., I, 55-57). III საუკუნიდან, როგორც ცნობილია, მართლაც გახშირდა მომთაბარე ალანების შემოსევები ამიერკავკასიაში. შეიძლება ალანთა ერთი ასეთი შემოსევა იგულისხმება ქართული წყაროს ამ მოთხრობაში მეფე ამაზასპის ბრძოლაზე ქართლში შემოჭრილ ოსებთან.

სასანური ირანი ძლიერების ხანაში, მეფე ხოსრო II დროს, 610 წელი

შემდეგში, უკვე IV ს. დასაწყისში, ქართლის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. რომის იმპერიის ცენტრის გადანაცვლება აღმოსავლეთით იწვევს რომაელთა (ბიზანტიელთა) პოზიციების გაძლიერებას ამ მხარეში, გარდა ამისა, ადგილი აქვს სასანიანთა ირანის ენერგიულ შემოტევას, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გაძლიერდა შაპურ II-ის (310-379) დროს.

დასუსტებულ ქართლი იძულებული გახდა არჩევანი გაეკეთებინა, ერთი მხრით, ძლიერ ირანსა და, მეორე მხრით, გაძლიერების გზაზე მდგარ აღმოსავლეთ რომის იმპერიას შორის. ქართლის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მისი მოსახლეობის თავისთავადობისადმი მთავარი საფრთხეს ამ დროს სასანიანთა ირანი წარმოადგენდა.

შედეგად, IV საუკუნის დასაწყისში იბერია რომის ორიენტაციას დაადგა, რაც სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებაში გამოიხატა.

V საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის მეფობაში, ქართლის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა დასავლეთ საქართველო და სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ნაწილი. 482 დიდი აჯანყება ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ მარცხით დამთავრდა.

523 წელს, გურგენ მეფის აჯანყების დამარცხების შემდეგ, კავად I–მა ქართლში მეფობა გააუქმა, მაგრამ ფაქტიურად VI ს. 40-იან წლებამდე ქართულ და ბერძნულ წყაროებშიც იხსენიებიან ქართლის მეფეები.

ირანის მეფე ხოსრო I–ს (531-579)დროს ირანი დაიყო 18 ქუსტაკად (ოლქად). ქუსტაკის სამოქალაქო ხელისუფალი იყო პადოსპანი, ხოლო სამხედრო - სპასპეტი. ქუსტაკები იყოფოდა შაჰრებად, მისი გამგებელი კი იყო მარზპანი.

ქართლი, სომხეთი და ალბანეთი კავკასიის ქუსტაკში ერთიანდებოდა. ქართლის მარზპანის რეზიდენცია თბილისში მდებარეობდა.
საზოგადოებრივი ფორმაცია
ეკონომიკური ვითარება

ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების მიხედვით როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი საქართველო ზოგადად მთისა და ბარის ქვეყნებად იყოფა. სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგების განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ბარი, ბუნებრივია, გაცილებით ვარგისი და ხელსაყრელი იყო. ბარი, ჩვეულებრივ, ვენახ-ხილიანი ზონა იყო, ხოლო მთა კი, პირიქით.

ჰერეთ-კახეთში ბუნებით უხვად დაჯილოდოებულ მხარედ ძველთაგანვე ალაზნისა და ივრის ნაყოფიერი ხეობები ითვლებოდა. ქართლში კი შიდა ქართლის სარწყავად ქცეული თითქმის მთელი ველობი და ქვემო ქართლის ხეობები გამოირჩეოდნენ.

ანტიკური პერიოდის ბოლოსათვის, კერძოდ, IV საუკუნიდან, საქართველოს ეკონომიურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეინიშნება. აღსანიშნავია საწარმოო ძალების შემდგომი ზრდა, რამაც ყველაზე ძლიერ მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციაში იჩინა თავი.

იბერიაში სპეციფიკური ბენებრივ-გეოგრაფიული პირობების გამო, ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო კულტურა, უმთავრესად მორწყვას ემყარებოდა. უძველესი არხის გაყვანას იბერიაში ტრადიცია ალექსანდრე მაკედონელს მიაწერს: „დასაცა ვენაჴი და რუჲ გამოიღო ქსნით"[7]. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამ ხასიათის უკვე სავსებით რეალური მეორე ცნობა, რომ IV ს. ბოლოს მეფე თრდატმა „რუსთავისა რუჲ გამოიღო".

ამ წყაროს ცნობით, VI ს. გაუტანიათ წილკნის რუ. აღსანიშნავია, რომ V-VI საუკუნეებით თარიღდება ნახიდურის, გაჩიანის, მუხრანის, რუის-ურბნისის და ზოგი სხვა დიდი და მცირე არხებიც.

უფრო სრულყოფილი გახდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. გაუმჯობესდა ძირითადი სამიწათმოქმედო იარაღი – ერქვანი.

ცხადია, გაუმჯობესებული ერქვანი მის წინამორბედზე უფრო ძვირი და ძნელად საშოვარი იყო, მაგრამ გაცილებით აუმჯობესებდა მიწის დამუშავებას, ზრდიდა შრომის ნაყოფიერებასა და მოსავლიანობას. მთის პირობებში მეტი გამოყენება ჰქონდა უფრო მარტივსა და მსუბუქ ცალუღელა სახვნელებს .

ამ დროს მეურნეობის უმთავრესი დარგებია: მემინდვრეობა, მევენახეობა, მებაღეობა-მებოსტნეობა, მესაქონლეობა.

მემინდვრეობის სისტემაში წამყვანი ადგილი მეხორბლეობას ეჭირა.

ხორბლეულის ყველაზე უფრო გავრცელებული და უძველესი ჯიშები იფქლი და დიკა იყო. საერთოდ, სპეციალისტები ხორბლეული კულტურების ერთ-ერთ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ[12]. მოყავდათ ასევე ქერი და ფეტვი.

სოფლის მეურნეობაში მევენახეობა-მეღვინეობის როლიც განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო. აღმ. საქართველოში ამ დროს ვენახი უმთავრესად დაბლარია, როცა დას. საქართველოში უმეტესად მაღლარი ვენახი უნდა ყოფილიყო გაბატონებული.

ყალიბდებოდა საქართველოს ცალკეული კუთხეების პირობებისადმი კარგად შეგუებული ვაზის ჯიშების ენდემური ჯგუფები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავლად გამოვლინებული IV–V სს. ქვევრები მეღვინეობის, კერძოდ, ღვინის დაყენების წესის მაღალი განვითარების მაჩვენებელია.
სოციალური ვითარება

I-III საუკუნეებში იბერიაში მიმდინარეობდა საზოგადოების მკვეთრი ქონებრივი და სოციალური დიფერენცია. თავისუფალ მეთემეთა ერთმა ნაწილმა დაკარგა საკუთრება და დაქვემდებარებული თემების წევრებს ("გლეხებს") შეერწყა, ანდა "ტაძრეულთა" (სამეფო მიწების პირობით მფლობელობაში მქონე მიწისმოქმედთა) ფენა შექმნა.

მეორე ნაწილი კი აღზევდა და სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიასთან ერთად "ერისაგან" გამოყოფილ "აზნაურთა" წრე დააკომპლექტა. უკვე დიდად განშტოებული სამეფო საგვარეულო სეფეწულთა უმაღლეს ფენას წარმოადგენდა.

ამ დროს განუყოფლად ბატონობდა სამეფო ტახტის მამიდან შვილზე გადასვლის წესი. მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ ტაძრებიც, რომლებიც შემდგომ, IV საუკუნის დასაწყისში, ქრისტიანობის მიღებასთან დაკავშირებით განადგურდნენ.
მეფეები და მმართველები

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:

საქართველოს ისტორია
წინაისტორიული საქართველო
კოლხეთი
ეგრისი
იბერია
შუასაუკუნეები
ტაო-კლარჯეთი
აფხაზეთ-ეგრისი
რუსეთის მმართველობა
იმპერიულ რუსეთში
ადრეული დამოუკიდებლობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა საქართველო
საქართველოს სსრ
9 აპრილის ტრაგედია
თანამედროვეობა
საქართველოს რესპუბლიკა
საქართველოს სამოქალაქო ომი
ვარდების რევოლუცია
ავტონომიური რესპუბლიკები
აფხაზეთის ისტორია
აჭარის ისტორია
დაფა: იხ. • განხ. • რედ.


ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინა პერიოდში, იბერიის (ქართლის) ქალაქების პოლიტიკური მოწყობა იყო ბერძნული პოლისების მსგავსი, მათ ყავდათ ადგილობრივი მმართველი–მონარქი — „უფალი", (ბერძნ. Βασιλεύς – ბასილევსი)[13]. ქართლის ცხოვრება ცნობებს გვაწვდის ქ. მცხეთაში ე.წ. „მამასახლისის" ინსტიტუტის არსებობაზე, რომელიც მემკვიდრეობითი უნდა ყოფილიყო, ამასთან ქალაქების მმართვის გავრცელებული ფორმა.

მცხეთის მამასახლისის ხელისუფლება, როგორც ჩანს გარკვეული პერიოდის შემდეგ მთელ ქართლზე ვრცელდება.

ელინისტურ ხანაში, ქართლში ერთმართველობის დასამყარებლად, ერთმანეთს უპირისპირდებიან ცალკეული არისტოკრატიული გვარები. მოქცევაჲ ქართლისაჲ ქართლის პირველ მეფედ ასახელებს არიან ქართლიდან მოსულ აზოს, რომელმაც მოკლა მცხეთის მამასახლისი სამარა, თუმცა „ცხოვრება ქართველთა მეფეთა" მას ასეთად არ აღიარებს, რადგან უცხო ძალის მხარდაჭერით გამეფდა.

ეს უკანასკნელი, ქართლის პირველ მეფედ ასახელებს ფარნავაზს.

ქართლის(იბერიის) მეფები:
აზო(?-329)

ფარნავაზიანთა დინასტია:
ფარნავაზი (ფარსმანი) (329-264)
საურმაგ I (264-230)
მირდატ I ნებროთიანი (230-185)
ფარნაჯომი (185-170)

არტაშესიანთა დინასტია:
არშაკ I[17] (170-145)
არტაგ I (145-143)
ბარტომ I (143-125)
მირდატ II (125-110)
არშაკ II (110-95)
არტაგ II (95-60)

ძვ.წ. დაახლ. 60 წლისთვის იბერიის სამეფო ორად გაიყო, არმაზის სამეფოდ (მტკვრის სამხრეთით) და მცხეთის სამეფოდ (მტკვრის ჩრდილოეთით):

არმაზის სამეფო (ატრაშესიანთა დინასტია):
ქართამ I (60-30)
კაოსი (30-20)
ქართამ II არმაზელი (ძვ.წ.20-ა.წ.5)
არტაგ III (5-25)

მცხეთის სამეფო (არშაკიანთა დინასტია):
ბარტომ II[18] (60-40)
ფარსმან I (40-25)
არშაკ III (ძვ.წ.25-ა.წ.5)
მირდატ III (5-25)

ა.წ.25 წლისთვის იბერია კვლავ გააერთიანა მირდატ III-მ. ერთიანი იბერიის მეფეები - კვლავ არშაკიანები:
მირდატ III (25-35)
ფარსმან II (35-68)
მირდატ IV ფლავიუს დადე (68-76)
მირდატ V (76-120)
ფარსმან III ქველი (120-170)
ქსეფარნუგი (170-200)
ფარსმან IV (200-230)
ამაზასპი (230-265)

სასანიანთა დინასტია:
რევ მართალი[19] (ჰორმიზდაკი) (265-285)
მირიანი[20] წმ. (285-335)
ბაკურ I (335-355)
მირდატ VI (355-364)
ასფაგური (ვარაზ-ბაკური) (364-368)

368 წელს იბერია ორად გაიყო ირანის და რომის ხელქვეით მხარეებად. რომს დარჩა კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი,სადაც მეფობდნენ:
საურმაგ II (368-380)
ბუზმირ I (380-406)
ბუზმირ II (406-430)

ხოლო ირანის ხელქვეით ნაწილში (მცხეთა და ძირითადი იბერია) მეფობდნენ:
ასფაგური (ვარაზ-ბაკური) (368-385)
ბაკურ II (385-396)
ფარსმან V (396-412)
მირდატ VII (412-429)
არჩილი (429-434)

დაახლოებით 430-440 წლებისთვის მცხეთელმა მეფეებმა კვლავ გააერთიანეს იბერია.
მირდატ VIII (434-449)
ვახტანგ I გორგასალი (449-494)
დაჩი უჯარმელი (494-506)
ბაკურ III (506-512)
ფარსმან VI (512-519)
გურგენი (519-523)
ძამანარსე (523-535)
ფარსმან VII (535-537)

მეფობის გაუქმების შემდეგ იბერიას ირანის ადმინისტრაციული მოხელე – მარზპანი განაგებს.
ადმინისტრაციული მოწყობა

ქართული ისტორიული ტრადიცია უკვე ფარნავაზის ხანას მიაწერს სამეფოს დაყოფას 7 საერისთავოდ:
არგვეთი
კახეთი და კუხეთი
გარდაბანი
ტაშირი და აბოცი
ჯავახეთი, კოლა და არტაანი
სამცხე და აჭარა
კლარჯეთი

ცალკე ერთეულს ქმნიდა შიდა ქართლი, რომელიც სპასპეტის საგამგებლოს წარმოადგენდა. ფარნავაზის სუვერენიტეტს აღიარებდა, ამ ტრადიციის თანახმად, ეგრისიც.

ძირითადი ქალაქები.


იბერიის დედაქალაქი მცხეთა მრავალი სხვადასხვა მხრიდან მომავალი გზის გადაკვეთის პუნქტში მდებარეობდა. აქ იყრიდა თავს გზები ალბანეთიდან, სომხეთიდან, კოლხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამ ადგილზე გადიოდა დიდი საერთაშორისო სატრანზიტო-სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან მოდიოდა და კოლხეთის შავიზღვისპირა ქალაქებისაკენ მიემართებოდა. მტკვრის ხეობაში მცხეთის გარდა იყო იბერიის მნიშვნელოვანი ცენტრები - უფლისციხე, წუნდა, ოძრხე და სხვა.

სტრაბონის ცნობით ელინისტური ხანის იბერია წარმოადგენდა მჭიდროდ დასახლებულ მეტწილად ქალაქებითა და დაბებით დასერილ ქვეყანას, სადაც იყო კრამიტისსახურავიანი და ხუროთმოძღვრების წესით ნაგები სახლები, ბაზრები და სხვა საზოგადო შენობები. იბერიის ქალაქებში იყო სავაჭრო სახელოსნო უბნები, ხშირად უცხო ტომის ხალხით დასახლებული. მაგ., ძვ. ქართული ქრონიკის მიხედვით, ძვ. წ.

169 მცხეთაში დაარსებულა ებრაული კოლონია. იბერიაში ჭრიდნენ ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტების მინაბაძებს, რაც მსოფლიო ბაზარზე იბერიის აქტიური მონაწილეობით იყო გამოწვეული.

მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უცხო ქვეყნების მოჭრილი ელინისტური ხანის მონეტებიც. იბერიის სამეფოში დაწინაურებული იყო სამშენებლო საქმე.

აიგო ციხესიმაგრეები: არმაზციხე - სამეფო რეზიდენცია, ზადენციხე - სევსამორა, კახეთში - ნეკრესი, აშენდა მცხეთა და სხვა, აღიმართა უზენაეს ღვთაებათა კერპები (არმაზის, ზადენის, აინინასი და დანინასი) და სხვა.
კულტურული მემკვიდრეობა

ანტიკური ხანის იბერიის კულტურის შესასწავლად ძვირფასი მასალა მოგვცა მცხეთაში და მის მიდამოებში, კლდეეთში, უფლისციხეში და სხვა ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა. აღმოჩნდა ოქრომჭედლობის და მხატვრული ხელოსნობის ბევრი შესანიშნავი ძეგლი, დიდძალი კერამიკის და ლითონის ინვენტარი, მოზაიკისა და სკულპტურის ნიმუშები.

ნაპოვნია ბერძნული და რამეული წარწერები, აღმოჩნდა არქიტექტურის ძეგლები - სასახლეებისა და ტაძრების, აბანოებისა და საწარმოო კერების ნაშთები, დიდძალი ნუმიზმატიკური მასალა.

იბერიის კულტურა უცხო (ბერძნულ-რომაული, ირანული და სხვა) ელემენტებთან ერთად შეიცავს მძლავრ ორიგინალურ ნაკადს.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1773 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები