პარასკევი, 19.04.2024, 10:52
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » ქართული ტომები"
00:26
ქართული ტომები"

გუგარები-გუგარები, გოგარები, ქართველი ტომი. მისი უძველესი პირველსაცხოვრისი უნდა ყოფილიყო მდინარე დებედის ზემო დინაების ხეობა, რომელიც ძველ ქართულ და სომხურ წყაროებში კანგარი ეწოდებოდა (ამჟამად სომხეთში).

აქ ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო ტოპონიმი "გოგარანი" (დღეს სოფ. გუგარქი). თვით სომხური წყაროები გუგარებს არასომხურ ტომად მიიჩნევენ (მოვსეს ხორენაცი, ფავსტოს ბუზანდი), ზოგი მათგანი კი ქართველ ტომად (ჰოვანეს დრასხანაკერტცი). გუგართა პიტიახშს არშუშას V საუკუნის ისტორიკოსი ლაზარ ფარპეცი ხშირად ქართლის თუ ქართველთა პიტიახშს უწოდებს.

დრილები,

დრილები, ძველი დასავლური ქართული (მეგრულ-ჭანური) ტომი, ცხოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთიანეთში, მდინარე ხარშუტის ხეობაში. ძვ. წ. 401 მათ ქვეყანაში ილაშქრა ბერძენმა სარდალმა და ისტორიკოსმა ქსენოფონტმა. მისი ცნობით დრილები პონტოსპირელთაგან ყველაზე მეომარი ხალხი ყოფილა, ბინადრობდნენ მთიან, გამაგრებულ და მიუვალ ადგილებში.

ქვეყნის დედაქალაქი ისე ძლიერ ჰქონიათ გამაგრებული, რომ ბერძენთა მრავალნაცად ლაშქარს, მისი აღება ვერ მოუხერხებია. დრილები ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ. განვითარებული ჰქონიათ სამშენებლო საქმეც.

მაკრონები.


მაკრონები - წინარე ქართული ტომი. ბინადრობდა სამხრეთ კოლხეთში. ანტიკური ხანის ავტორების ცნობით, ცხოვრობდნენ ტრაპეზუნტის რაიონში და მის ამოსავლეთით. მაგ., ქსენოფონტი მათ შეხვედრია ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 დღის სავალზე.

ამ რაიონშივე მაკრონების ყოფნას ადატურებენ აპოლონიოს როდოსელი, სტრაბონი, პლინიუსი, V საუკუნის ანონიმი მწერალი და სხვები. ზოგიერთი მათგანი (მაგ., სტრაბონი) თვლის, რომ მაკრონებს ძველი ავტორები ეძახდნენ აქ მცხოვრებ სანებს (ე. ი. ჭანებს).

სახელწოდება „მაკრონში" თანამედროვე მკვლევრები ხედავენ დასავლეთ-ქართველთა ტომების აღმნიშვნელ თანამედროვე ტერმინში (მეგრელ//მარგალ) შემავალ არგ (არკ) (<აგრ//აკრ) ძირს, რომელიც გაფორმებულია ჭანურისათვის დამახასიათებელი ონ სუფიქსით.

მაკრონები სხვა ქართველ ტომებთან ერთად ძვ. წ. V საუკუნეში შედიოდნენ სპარსეთის იბერიის XIX სატრაპიაში. მონაწილეობა მიუღიათ სპარსეთის მეფის ქსერქსეს ლაშქრობაში საბერძნეთზე. ამ ომში ისინი შეიარაღებული ყოფილან ისევე, როგორც მოსხები, ტიბარენები და მოსინიკები.

მანრალები,

მანრალები, ქართველი ტომი, იგივე მეგრელები, რომელთა სახელის („მარგალის") ვარიანტიც უნდა იყოს სახელწოდება მანრალები. II საუკუნის ავტორი კლავდიუს პტოლემე მანრალებს უწოდებს კოლხეთის შიდა რაიონების მოსახლეობას. VII საუკუნის „სომხურ გეოგრაფიაში" ეს სახელი „მანრილის" ფორმით აღნიშნავს კოლხეთის ერთ-ერთ ნაწილს. ამ ძეგლში იგი, შესაძლებელია, სწორედ კლავდიუს პტოლემეს ნაწარმოებიდან მოხვდა.

მახელონები.

მახელონები, ერთ-ერთი დასავლურ-ქართული ტომი, შეიძლება იგივე მაკრონები (მახელონები მათი სახელის მოდიფიკაცია უნდა იყოს). V საუკუნის ანონიმი მწერალი მახელონებს პენიოხებთან ერთად მოიხსენიებ შავიზღვისპირა რაიონში, ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, ახლანდელი რიზესა და ათინას შორის.

მახელონებსა და პენიოხებს, II საუკუნის ავტორის ფლავიუს არიანეს ცნობით, საკუთარი პოლიტიკური გაერთიანება — „სამეფო" ჰქონდათ, რომლის მეფე 131 ყოფილა ანქიალე. „ანქიალეს სასახლე", ე. ი. დედაქალაქი მდებარეობდა მდინარე პრიტანიდაზე (ახლანდელი ათინის აღმოსავლეთით 7-8 კმ-ზე), იმპერატორი ტრაიანე ანქიალეს შეხვედრია პართიაზე ლაშქრობის დროს ქ. სატალაში და დაუსაჩუქრებია. „მახელონებისა და ჰენიოხების სამეფო" რომის ერთგული მოკავშირე ყოფილა. მახელონიას იხსენიებს ირანის მბრძანებელი შაბურ I-იც (242-272) თავისი ქააბა-ი-ზარდოშტის წარწერის ბერძნული ვარიანტში ირანს დაქვემდებარებული ქვეყნების დასახელების დროს.

მისიმიელები.

მისიმიელები, ერთ-ერთი ქართული (სვანური) ტომი, რამდენადაც სახელწოდება „ მისიმიელები" სვანთა ადგილობრივი სახელის „მუშვჳნის" სახეცვლილი ფორმა უნდა იყოს (სხვა მოსახრებით მისიმიელები ერთ-ერთი აფხაზური ტომია).

იხსენიებენ ბიზანტიელი ავტორები. მისიმიელები ცხოვრობდნენ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათი ადგილსამყოფელი აფსილების მიწაწყალს თანამედროვე წებელდასთან ესაზღვრებოდა. აგათია სქოლასტიკოსის (VI საუკუნე) ცნობით, მისიმიელები, ისევე როგორც აფსილები, კოლხეთის (ე. ი. ლაზთა) მეფის ქვეშევრდომები იყვნენ, მაგრამ ტომთაგან განსხვავებით სხვა ენა და ზნე-ჩვეულებები ჰქონდათ. მისიმიელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს VI საუკუნის შუა წლებში ბიზანტია-ირანის ომში, რომელიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

მოსინიკები.


მოსინიკები, ერთ-ერთი ქართველი ტომი სამხრეთ კოლხეთში. ცხოვრობდნენ ადრინდელ ანტიკურ ხანაში შავი ზღვის სანაპიროზე. ტრაპეზუნტისსა და კერასუნტის დასავლეთით. ძვ. წ. V საუკუნეში მოსინიკები ამ რაიონის სხვა ქართველ ტომებთან ერთად შედიოდნენ სპარსეთში, XIX საუკუნეში სატრაპიაში.

მრავალ ცნობას მათ შესახებ გვაწვდვის ძველი ბერძენი ავტორი ქსენოფონტი, რომელსაც ძვ. წ. 401 წელს გაუვლია მოსინიკებით დასახლებულ ტერიტორიაზე.

ამ დროს არსებობდა მოსინიკების 2 დიდი გაერთიანება, რომლებიც ეომებოდნენ მთავარი ქალაქის დასაუფლებლად, სადაც ციტადელი იყო. მოსინიკებს მოჰყავდათ ხორბალი, მისდევდნენ თევზჭერას, საკვებად ფართოდ იყენებდნენ წაბლს; სცოდნიათ ღვინის დაყენებაც.

მოსინიკებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ კერასუნტისა და ტრაპეზუნტის ბერძენ მოახალშენეებთან. მათ „მეფეს" (შეიძლება იგულისხმება მთავარი ქურუმი) რეზიდენცია ხის მაღალ კოშკში ჰქონია.

მოსინიკებში განვითარებული უნდა ყოფილიყო ლითონების დამუშავება. ზოგი ავტორი ფიქრობს, რომ სიტყვა „თითბრის" სახელწოდება ევროპულ ენებში (Messing) მოსინიკების სახელიდან მომდინარეობს.

მოსხები.


მოსხები, ისტორიულ სამხრეთ საქართველოში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი ტომი. ამ ფორმით ეს სახელი გვხვდება ანტიკური ხანის ავტორებთან (ჰეკატეოს მილეტელიდან, ძვ. წ. VI საუკუნიდან, მოყოლებული).

მოსხებს თვლიან ძველ აღმოსავლურ (ასურულ, ურარტულ) წყაროებში მოსხენიებული მუშქების შთამომავლებად და უფრო გვიანდელი მესხების წინაპრებად.

მიჩნეულია, რომ მუშქების სამეფოს (ანუ ფრიგიის) დაცემის შემდეგ (ძვ. წ. 676) ამ ტომებმა ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლეს და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დამკვიდრდნენ.

ძვ. წ. V. საუკუნეში მოსხები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სხვა ტომებთან ერთად (ტიბარენები, მაკრონები, მოსინიკები, მარები) აქემენიდთა სპარსეთის XIX სატრაპიაში შედიოდნენ.

მოსხები მონაწილეობდნენ სპარსეთის მეფის ქსერქსეს ლაშქრობაში საბერძნეთზე. ამ დროს ისინი შეიარაღებული ყოფილან მცირე ფარებით და შუბებით (ასევე იყვნენ შეიარაღებული ტიბარენები, მაკრონები და მოსინიკები).

მოსხების სახელი ეწოდება, ანტიკური მწერლობის ცნობით, მცირე კავკასიონის ერთ-ერთ განშტოებას („მოსხური მთები"). სტრაბონის (I საუკუნე) ცნობით, კოლხეთი მდებარეობდა კავკასიონსა და მოსხურ მთებს შორის.

ქართები.


ქართები, ისტორიული ქართლის მოსახლეობის, ქართული ტომების აღმოსავლური შტოს სახელწოდება. ანტიკურ მსოფლიოში ქართები ცნობილი იყვნენ "იბერების" ანუ "აღმოსავლეთის იბერების" სახელით (რომ განესხვავებინათ "დასავლეთის იბერებისაგან" - ესპანეთის მცხოვრებლებისაგან). ლაპარაკობდნენ საკუთრივ ქართულ ენაზე, რომელიც ჩამოყალიბდა ქართველური ენების (ქართული, ზანური, სვანური) ფუძეენის დიფერენციაციის შედეგად.

ქართები უძველესი ხანიდან ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ, სამხრეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთის რაიონების ტერიტორიაზე. სახელი "ქ" თანამედროვეა, ნაწარმოებია სახელწოდებიდან "ქართლი".


კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1727 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.0/2
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები