ოთხშაბათი, 17.04.2024, 01:14
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » მეგრული მითების პერსონაჟები,
00:48
მეგრული მითების პერსონაჟები,

მესეფები,


მესეფებს მთიდან ფრინველები და ნადირები ჩამოჰყავთ (მთქმელი დ. სორდია , სოფ. კირცხი)

მესეფობა შემოდგომასაა. ერთად ექვსი მესეფიაო. სამი ქალია და სამი კაცი. ისინი ერთად არ ამოვლენ. მესეფებს მთიდან საქონელი და ფრინველები ჩამოჰყავთ ზღვის სანაპიროზე. სამ თბილ დღეს მოდენიან ზღვის ნაპირამდე. ზღვიდან მთისაკენ სამ ცივ დღეს მიდენიან იმ საქონელსა და ფრინველს, რომლებიც სიცივეს იტანენ (უძლებენ). ამიტომაა მესეფობა სამ დღეს. მესეფის ამოსვლით ამინდის გამოცნობა შეიძლება.

მესეფობის დროს თუ კარგი ამინდია - საქონელი თეთრად გამოწყობილმა გოგოებმა მოდენესო, იტყოდნენ და ზამთარიც კარგი იქნებაო. ცუდი დღეები თუ იქნა - საქონელი ნაბდიანმა ბიჭებმა მოდენესო და ზამთარიც ძლიერ თოვლიანი იქნებაო.

მესეფობაზეა დამოკიდებული (მიბმული) მონადირის ბედი. მესეფი მიუჩენს თავის წილ ნადირს მონადირეს. ნადირს ეტყვის: შენ ამისულუფა (თია) ყოფილიყვე, შენ კი იმისაო. მართლდება ხოლმე ეს. მონადირემ თუ სხვას ესროლა, ტყვია აცდება. მისთვის განკუთვნილს როცა ესვრის, ტყვია არასგზით არ აცდება.

მესეფების სასახლე (მთქმელი ა. ქებურია - ჩხოროწყუ)

მესეფებზე ბაბუაჩემის ნათქვამი ვიცი. მესეფობა ოქტომბრის ბოლო სამ დღესა და ნოემბრის დასაწყის სამ დღეს არის. სულ ექვსი დღე. ჩემი ბაბუას დედის ძმა გვაძი შელია ყოფილა საჩინოში. წალობის დროს წასულა გარეული ტახის მოსაკლავად.

ბევრი უვლია ტყეში აქეთ-იქით და ბოლოს დაღლილი ტყეში ერთ წაქცეულ ხეზე ჩამომჯდარა. შორიდან მეჯოგის ყიჟინის მსგავსი ხმა შემოესმა. შემდეგ სტვენის ხმაც გაუგია. ფრიველები და ტყის ნადირები ყველა ერთად მოდენილან, მაგრამ თუ ვინ იყო მათი პატრონი ეს ვერ გაუგია, თვალით ვერაფერს ხედავდა თურმე. ღორი წაბლთან მოსულა და მისი ჭამა დაუწყია.

გვაძის თოფი დაუმიზნებია. ამ დროს ვიღაცას დაუძახია: - მე გამექეც, მაგრამ გვაძის ტყვიის ბედი ყოფილიყავიო. გვაძის უსვრია და ღორი წაქცეულა. - გამარჯობა გვაძიო! - უთხრა ვიღაცამ. მიუხედნია გვაძის და პირტიტველა ბიჭი უნახავს, რომელსაც თოფი ეკიდა მხარზე.

გვაძი! ეს კერატი მე გაჩუქეო. შენ ამას ვერსად წაიღებ, მე გამომყევი, არ შეგეშინდეს, დამელაპარაკეო, გვაძი ვაჟკაცი იყო, გულიანი, დალაპარაკებია და თან უკან გაჰყოლია. ბევრი რომ უვლიათ, გვაძის უნახავს ერთი ეზო, რომელიც ირმის რქებით შემოღობილი. ჭიშკრად შექლესილი ჯიხვის რქები ეკიდა. გაუღია ამ ბიჭს კარი და ეზოში შესულან. თოფი გამოურთმევია გვაძისთვის და სახლში შეუყვანია. 

ცოტა ხნის შემდეგ ეს ბიჭი სხვანაირი ტანსაცმლით გამოსულა მეორე ოთახიდან და თხილის წნელით მოწნულ სკამზე დაუჯენია გვაძი. ისიც ისეთივე სკამზე დამჯდარა. შიგნიდან გოგოების სიცილისა და მხიარულების ხმა ისმოდაო. ბიჭი რომ დაიძახებდა "დოიტ-ს" სიცილის ხმა შეწყდებოდაო. იმ ბიჭს უთქვია: ისინი ჩემი დები არიანო. ქრისტიანის სუნს გრძნობენ და შენი ჭკუიდან შეშლა უნდათო, მაგრამ ამის ნებას მე მათ არ მივცემო. გვაძი ამდგარა და ეზოში გადაუხედია. უნახავს ერთი ძვლის მესერზე კაცი და მეორე ძვლის მესერზე ქალი იყო მიბმული. ქალს მოჭრილი კაცის თავი ეკიდა და კაცს კი ქალის მოჭრილი თავი ჰქონდა ჩამოკიდებული თხილის ტკეცისაგან დაგრეხილი თოკით.

მიბმულები ერქინებოდნენ ძვლის მესრებს, მესრის ამოგდება სურდათ. ცოტას რომ მოარყევდნენ, მესერზე ბოლოქანქარა ჩიტი ჩამოჯდებოდა და აჯავრებდა ორივეს. იქვე ეგდო ცხენის ფეხის მსხვილი ძვალი.

კაცი აიღებდა ამ ძვალს და დაჰკრავდა ჩიტს. ბოლოქანქარაგაფრინდებოდა, მორყეული მესერი კი ისევ გამაგრდებოდა ბოლომდე ჩაესობოდა. ამ ბიჭმა მითხრაო: ესენი ჩემი დედ-მააო. ერთხელ საქონლის გასადენად წავიდნენო. ერთმა კაცი მოიყვანა, მეორემ ქალიო. ორივე წაახდინეს, ჭკუიდან შეშალეს. ამის გამო ასეთი ბედი ვარგუნე ჩემს მშობლებსო.

ისევ ჩამოვჯექი სკამზეო. მე თვალით რომ ვერ ვხედავ ისე, ხელი დამაბანინეს, ხელსახოცი მომცეს, საჭმელები წინ დაგვიწყვეს, მაგრამ ვის როგორ მოჰქონდა ამას კი თვალით ვერ ვხედავდიო. ჭამის დროს იცინოდნენ, მაგრამ მე ეს ბიჭი მიცავდა და ხელს ვერ მახლებდნენო. დამიგეს საწოლი და დამაწვინესო.

ვიფიქრე: რა დამემართება ვინ იცის და ჯობია არ დავიძინო, მაგრამ დამძინებოდა და მეორე დღეს მზე რომ ამოიწვერა, გამეღვიძაო. საუზმე მაჭამეს. დაღამებამდე ვილაპარაკეთ. როცა დაღამდა, ის ბიჭი ისევ ისე გამოეწყო, როგორც პირველად ვნახე, ჩემი თოფი მომცა და მითხრა: - წავიდეთ ახლა შენ კერატთანო.

წასულან. ტყეში გვაძის უცვნია თავისი ნაჯდომი ხე. - გვაძი! შენი კერატი აგერ აგდია. ახლა შენთვის მომიცია ნადირობის ბედიო: ეს ამბავი (რაც შეგემთხვა) არსად არ თქვა, თორემ მოკვდებიო. მეორე დღეს გვაძის ბიჭები წამოუყვანია კერატის წასაღებად. გვაძის უთქვია: წუხელ წაბლის ხეზე გავათენე ღამეო, მოუტყუებია.

ბაბუაჩემმა თქვა: ეს ამბავი გვაძის სიბერემდე არ უთქვამსო. ბოლოს თქვა და მერე მოკვდაო. ის ბიჭი მესეფი იყოო. იმ წელს ბიჭები ამოსულან და ზამთარიც ძლიერი (მაგარი) ყოფილა. მესეფობის დღეებში თუ წვიმებია ბიჭი მესეფებია ამოსული და ზამთარიც მაგარი იქნება. თუ წვიმები არ იქნა ქალი მესეფები იქნებიან ამოსული და ზამთარიც კარგი იქნება.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1068 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები