პარასკევი, 19.04.2024, 03:29
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 22 » სტატიები კატეგორიაში "მხატვრული მიმდინარეობები".
16:37
სტატიები კატეგორიაში "მხატვრული მიმდინარეობები".

კლასიციზმი.


ვარშავის დიდი თეატრი.

კლასიციზმი (ლათ. classicus – სამაგალითო) მე-17 საუკუნის ევროპაში წარმოშობილი ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმდინარეობა.

კლასიციზმის ესთეტიკა.


კლასიციზმი აბსოლუტური მონარქიის იდეოლოგიის ფონზე წარმოიშვა. მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია ანტიკურ ხელოვნების ნიმუშთა იდეალურ-ესთეტიკურ ეტალონებად, ნორმებად გამოცხადება.

ამ მიმდინარეობას საფუძვლად უდევს რაციონალიზმი. კლასიციზმის ესთეტიკაში შემდეგი პრინციპები გაირჩევა:
გონება უპირისპირდება გრძნობას და მთავარ ადგილს იკავებს.


არსებობს აბსოლუტური იდეალი, რომელთან მიახლოვებაც არის ხელოვნების მიზანი.
ბუნების მხატვრული გარდაქმნა ამავე დროს მისი წვდომაცაა.

ამდენად, ხელოვნებას ეკისრება სამყაროს იდეალური კანონზომიერებების გამოაშკარავების ფუნქცია. კლასიციზმის ესთეტიკა მხოლოდ მარადიულს აფასებს.


კლასიციზმი ეძებს არა რეალობას ან გამოგონილს, არამედ დამაჯერებლობას, შესაძლებელს, მისაღებს. გამორიცხულია ყველაფერი ექსტრავაგანტული და არაბუნებრივი. დაუშვებელია პუბლიკის შოკირება.


კლასიციზმში შემოქმედს მხოლოდ შთაგონება არ ჰყოფნის, შთაგონებას და წარმოსახვას უნდა აკონტროლებდეს გონება.
სტილზე მუშაობისას ხელოვანმა უნდა მიბაძოს ანტიკურ ავტორებს, რადგან ისინი ეტალონებად მიიჩნევა.

კლასიციზმი ლიტერატურაში .


კლასიციზმი, როგორც დასრულებული ლიტერატურული მიმდინარეობა, ჩამოყალიბდა საფრანგეთში. მისი დებულებები 1674 წელს ნიკოლა ბუალომ წარმოადგინა თავის პოეტურ ტრაქტატში "პოეტური ხელოვნება”.

კლასიციზმმა ლიტერატურული ჟანრები დაჰყო მაღალ და დაბალ ჟანრებად. მაღალ ჟანრებში შედიოდა ტრაგედია, ეპიკური პოემა, ოდა, ჰიმნი.

დაბალ ჟანრებად კი მოიაზრებოდა კომედია, იგავ-არაკი, ზღაპარი.

ჟანრების ურთიერთშერევა იკრძალებოდა. შემოფარგლული იყო პერსონაჟებიც: მაღალი ჟანრების მოქმედი პირები უნდა ყოფილიყვნენ ღმერთები, მეფეები და გმირის დონეზე ასული არისტოკრატები. ბურჟუაზიის და დაბალი ფენების წარმოდგენა მხოლოდ დაბალ ჟანრებში შეიძლებოდა.

კლასიციზმმა ტრაგედიისთვის დაადგინა ეწ. სამი ერთიანობის კანონი: დროის (24 საათი), ადგილის (აუცილებლად მეფის სასახლე, ისიც ერთი რომელიმე დარბაზი), მოქმედების (ტრაგიკული მოქმედების საფუძველი მხოლოდ ერთი ინტრიგა უნდა ყოფილიყო).

ფრანგული კლასიცისტური ლიტერატურა წარმოდგენილია ბუალოს, რასინის, კორნელის, მოლიერის, მადამ დე ლაფაიეტის, ლა ფონტენის შემოქმედებით.

კლასიციზმი არქიტექტურაში.


ბოლშოი თეატრი მოსკოვში.

არქიტექტურაში კლასიციზმმა ფეხი მოიკიდა XVII საუკუნიდან და აქტუალური რჩებოდა XIX საუკუნის დასაწყისამდე. მიმდინარეობის მთავარი დამახასიათებელი თვისება ანტიკური ხუროთმოძღვრების ფორმებთან მიბრუნება იყო, როგორც ჰარმონიის, უბრალოების, სიმკაცრის, ლოგიკური სიმარტვისა და მონუმენტალობის ეტალონისკენ. კლასიციზმის არქიტექტურისთვის ზოგადად დამახასიათებელია დაგეგმვისა და ფორმის უნიფორმულობა. მის საფუძველს ანტიკურობასთან მიახლოებული ფორმებისა და პროპორციების ორდერი, თავშეკავებული დეკორაციული გაფორმება და რეგულარული სისტემა წარმოადგენდა.

კონცეპტუალიზმი.


კონცეპტუალური ხელოვნება — ავანგარდის უკანასკნელი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა, რომელიც აღმოცენდა 60–80–იან წლებში. კონცეპტუალიზმის ფუძემდებელთა და ძირითად წარმომადგენელთა შორის არიან ამერიკელები რ. ბერრი, დ. ჰიუმლერი, ლ. ვაინერი, დ.გრეჰემი, ე. ჰესე, ნ. ბაუმანი, ონ კავარა, ინგლისური დაჯგუფების „ხელოვნება და ენა" წევრები და სხვ.

კონცეპტუალიზმში პირველ პლანზე ჩნდება კონცეპტი, საგნის, მოვლენის, ხელოვნების ნაწარმოების ფორმალურ–ლოგიკური იდეა, მისი ვერბალიზებული კონცეფცია, დოკუმენტურად გადმოცემული პროექტი. არტ–მოღვაწეობის არსი კონცეპტუალიზმში განიხილება არა იდეის გამოსახვასა თუ გამოხატვაში (როგორც ტრადიციულ ხელოვნებაშია), არამედ თავად იდეაში, მის კონკრეტულ პრეზენტაციაში, პირველ ყოვლისა, არასიტყვიერი ტექსტის ფორმით, არამედ მისი თანმხლები კინო, ვიდეო, ფონოჩანაწერების ტიპის დოკუმენტური მასალებით.

კუბიზმი.


კუბიზმი — მნიშვნელოვანი და გავლენიანი ავანგარდული ხელოვნების მიმდინარეობა, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ევროპულ მხატვრობასა და სკულპტურაში მე-20 საუკუნის დასაწყისში.

კუბისტური ნამუშევრებში, ობიექტები დაშლილია, ანალიზირებული და ხელახლა აწყობილი აბსტრაქტულ ფორმაში — ობიექტთა რაიმე კუთხიდან აღწერის ნაცვლად ხელოვანი სუბიექტს აღწერს მრავალი კუთხიდან ერთბაშად, რათა წარმოაჩინოს საგანი უფრო ღრმა კონტექსტში. ხშირად ზედაპირების გადაკვეთა იმდენად ჩახლართულია, რომ ის რაიმე შინაარსის სიღრმეს არ გადმოსცემს. უკანა ფონი და თავად ობიექტის ან ფიგურის სიბრტყეები ერთმანეთში ირევა, რაც არამკაფიო გამჭვირვალე სივრცეს ჰქმნის, დამახასიათებელს კუბიზმისთვის. ეს იყო სრულყოფილი და მკაფიოდ განსაზღვრული აესთეტიური მიმდინარეობა.


მამაკაცი კაფეში, ხუან გრი, 1914.

ისტორია.


ჟორჟ ბრაკი და პაბლო პიკასო, რომლებიც იმჟამად პარიზის მონმარტრის უბანში ცხოვრობდნენ, მიმდინარეობის მთავარი სულისჩამდგმელები იყვნენ. ისინი ერთმანეთს 1907 წელს ხვდებიან და კუბიზმის განვითარებაზე მუშაობა 1908 წელს დაიწყეს. ერთობლივად მუშაობდნენ 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე.

ფრანგმა ხელოვნებათმცოდნემ ლუი ვუქსელმა ტერმინი ”კუბიზმი” ან "bizarre cubiques" (უცნაური კუბები) პირველად 1908 წელს გამოიყენა. ეს მოხდა ბრაკის ნახატის ნახვის შემდეგ, რომელიც ”სავსე იყო პატარა კუბებით”. ტერმინი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, თუმცა კუბიზმის ორ შემქმნელს იგი კარგა ხანი არ გამოუყენებიათ.

კუბისტური მოძრაობა სწრაფად გაფართოვდა მონპარნასზე მხატვართა თავყრილობებზე, რომელსაც ელიტარულ წრეებში რეკლამას უწევდა სამხატვრო დილერი ჰენრი კანვეილერი. მიმდინარეობა იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1910 წელს კრიტიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც ბრაკისა და პიკასოს გავლენის ქვეშ მყოფ ხელოვანთა ”კუბისტურ სკოლას” .

კუბისტური შენობა პრაღაში.


კუბიზმმა ძლიერი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პირველი დეკადების მხატვრებზე, რამაც შემდგომში დასაბამი მისცა ისეთი ახალი მიმდინარეობების განვითარებას, როგორიცაა ფუტურიზმი, კონსტრუქტივიზმი, ვოტიციზმი და ექსპრესიონიზმი.

მანიერიზმი.

მანიერიზმი (იტ. maniera - მანერა, სტილი), ასევე ცნობილია გვიანი რენესანსის სახელწოდებით, მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში 1520-1580 წლებში.


ლაოკოონი, 1614, ელ გრეკო.

მახასიათებლები.


იმ პერიოდში, როცა რენესანსულმა ხელოვნებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია საგნებისა და სხეულების უნაკლო გამოსახვაში, ზოგიერთი ხელოვანი უარს ამბობს პროპორციების სიზუსტეზე, ფერთა ჰარმონიაზე, დამაჯერებლობაზე და მიზნად ისახავს უფრო ემოციური და არტისტული ეფექტის მოხდენას. მანიერიზმს ახასიათებს:
დანაწევრებული სივრცე
ბუნდოვანი და არეული სურათი
სხეულთა დეფორმაცია
მოძრაობის გამოსახვა

მანიერიზმის ნიმუშებია ჯაკოპო და პონტორმოს იოსები ეგვიპტეში, სადაც ჩაცმულობაც, ნაგებობებიც, ფერებიც სრულ შეუსაბამობაშია ბიბლიურ სცენებთან. როსო ფიორენტინიმ, რომელიც პონტორმოს მოსწავლე იყო, 1530 წელს ფლორენციული მანიერიზმი შეიტანა ფონტენბლოში. იგი გახდა ფუძემდებელი [[XVI საუკუნის ფრანგული მანიერიზმისა, რომელიც ასევე ცნობილია "ფონტენბლოს სკოლის" სახელით. საფრანგეთიდან ეს მიმდინარეობა გავრცელდა ბელგიაში, ინგლისსა და გერმანიაში.

ლიტერატურაში მანიერიზმზე ძლიერ გავლენას ახდენს იტალიელი ჯიოვანი ბატისტა მარინო. თავის ლექსებში მას გამოყენებული აქვს ახალი მანერა - მანიერიზმი, რომელიც ეძებს ორიგინალობას, ფორმას, ტონს.

ბაროკო და მანიერიზმი.


დინამიურობისა და მოძრაობისადმი ინტერესით მანიერიზმი ბაროკოს მოასწავებს, ამიტომ მას ზოგჯერ პრებაროკულ პერიოდადაც მოიხსენიებენ.

ბაროკოსა და მანიერიზმის ზოგადი პრინციპები შემდეგია:
ორივე არის მოძრაობის, დინამიურობის ხელოვნება, მაგრამ მანიერიზმში მთავარია სტილისტური ვირტუოზულობა, ბაროკოში კი - გამომსახველობა.
ორივე სურათის ხელოვნებაა. მანიერიზმში სურათი დეკორატიულია, ბაროკოში კი - ფუნქციონალური.
მანიერიზმში მთლიანობა დანაწევრებულია, დეცენტრალიზებული, ბაროკოში კი - რთული და გლობალური.
მანიერიზმში ილუზია მცემულია როგორც ასეთი, ბაროკოში კი - როგორც რეალური.
მანიერიზმი სამეფო კარის ხელოვნებაა, ბაროკო კი ფართო პუბლიკას მიემართება და მისი მიზანა ხალხის დარწმუნება, მოხიბვლა.

მოდერნიზმი.


"ცხოველთა ბედი", ფრანც მარკი, 1913, გამოფენილი მიუნხენში 1937 წელს.


მოდერნიზმი (ლათ.: modernus «თანამედროვე, ბოლოდროინდელი») კულტურული მიმდინარეობაა, ძირითადად მოიცავს პროგრესულ ხელოვნებასა და არქიტექტურას, მუსიკას, ლიტერატურასა და დიზაინს, რომელიც 1914 წლამდე დეკადაში აღმოცენდა. ეს იყო ხელოვანთა და დიზაინერთა მოძრაობა მე-19 საუკუნის აკადემიური და ისტორიული ტრადიციების წინააღმდეგ, ცდილობდა რა აჰყოლოდა სახეშეცვლილი თანამედროვე მსოფლიოს ახალ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებს.

ნაწილი კულტუროლოგებისა მე-20 საუკუნეს ჰყოფენ მოდერნისტულ და პოსტმოდერნისტულ პერიოდებად, მაშინ როცა სხვები იხილავენ მათ, როგორც ერთი უფრო ხანგრძლივი პერიოდის ორ ნაწილს. ამ სტატიაში განხილულია მოძრაობა, რომელიც განვითარდა გვიანდელ მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეებში, და ის არ მოიცავს პოსტმოდერნიზმს.

ისტორია.

მოდერნისტული მოძრაობა ჩაისახა მე-19 საუკუნის შუა წლებში საფრანგეთში, და მისი ფუძემდებელი იდეა იყო ხელოვნების, ლიტერატურის, სოციალური ორგანიზაციისა და ყოველდღიური ცხოვრების ტრადიციული ფორმების მოძველება, რაც მნიშვნელოვანს ხდიდა მათ უკუგდებასა და კულტურის მუდამ ახალი ფორმების ძიებას.

მოდერნიზმი წამახალისებელი იყო არსებობის ყველა ფორმის, კომერციიდან ფილოსოფიამდე გადახედვის, იმ მიზნით, რომ მოძებნილიყო პროგრესის ხელის შემშლელი გარემოება, მისი ახლით, შესაბამისად უკეთესი გზით შეცვლით. მოდერნის მთავარი არგუმენტით მე-20 საუკუნის რეალიები პერმანენტული და გარდუვალი იყო, და შესაბამისად ხალხს მათი სამყაროს ადაპტირება უნდა მოეხდინა, იმ იდეის გათავისებით, რომ ის რაც ახალია, ასევე კარგია და ლამაზი.

მოდერნიზმის წინაპირობები.

მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი ევროპისთვის აღინიშნა მწვავე ომებისა და რევოლუციების სერიით, რომელმაც თანდათან დასაბამი მისცა ახალი იდეებისა და დოქტრინების ტალღას, ე.წ. რომანტიზმს. ამ იდეების ფოკუსი ინდივიდის სუბიექტური გამოცდილება, ბუნების, როგორც ხელოვნების სტანდარტული სუბიექტის, უზენაესობა, გამოხატვის რევოლუციური ან რადიკალური მიმართულებები, და ინდივიდუალური თავისუფლებაა.

საკუნის შუა წლებში ამგვარი რადიკალიზმი შესამჩნევად განლედა და ჩნდება ამ იდეათა მმართველობის სტაბილურ ფომრებთან სინთეზი, ნაწილობრივ 1848 წლის ჩაშლილი რომანტიკული რევოლუციების გამო. ეს მასტაბილიზებელი სინთეზი გახდა საფუძველი იდეისა, რომ ის რაც "რეალურია" დომინირებს იმაზე რაც სუბიექტურია.

ეს იდეები განზოგადებას ჰპოულობს ოტო ფონ ბისმარკის "რეალპოლიტიკ"-ში, "პრაქტიკული" ფილოსოფიული იდეებით, როგორიცაა პოზიტივიზმი და საერთო კულტურული ნორმებით, რომელსაც ამჟამად "ვიქტორიის ხანად" მოიხსენიებენ.

ნატურალიზმი.

ნატურალიზმი - XIX საუკუნის ბოლოს მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, რომელიც ცდილობს კლოდ ბერნარის მიერ ბიოლოგიაში შემოტანილი ექსპერიმენტალური მეცნიერების მეთოდები მიუსადაგოს ხელოვნებას.

ნატურალიზმი ლიტერატურაში.

რეალიზმისგან განსხვავებით, რომელიც გაფანტული მეცნიერება იყო, ნატურალიზმს თავისი დოქტრინა და სკოლა აქვს. ნატურალისტური სკოლის სათავეში არის ფრანგი მწერალი, ემილ ზოლა, რომელიც თავის ექსპერიმენტალურ რომანში აყალიბებს ახალ დოქტრინას და აცხადებს: "მწერლის სამუშაო მდგომარეობს იმაში, რომ აიღოს ბუნებიდან ფაქტები და გარემოებებისა თუ წრეების ცვალებადობის მიხედვით შეისწავლო მათი მექანიზმი".

ნატურალისტთა აზრით რომანი უნდა გახდეს მეცნიერული და აგებულ უნდა იქნას რეალობის მკაცრ და მეთოდურ შესწავლაზე. მთავარი არაა შთაგონება, რომანისტმა უნდა გააანალიზოს გრძნობები, ისევე როგორც ექიმი შეისწავლის სხეულს. ნატურალისტებს პოზიტივისტური სურვილი ამოქმედებთ: მოეპყრონ საზოგადოებრივ მოვლენებსა და ფაქტებს ისე, როგორც საცდელ საგნებს.

მწერალმა უნდა აჩვენოს ფაქტების მექანიზმი ხასიათებზე, გრძნობებზე, მოვლენებზე ისეთივე ოპერაციების ჩატარებით, როგორც ამას აკეთებს სხეულზე ქიმიკოსი ან ფიზიკოსი. რომანისტი ამგვარი ექსპერიმენტების ერთგვარ ოქმს ადგენს და თავს იკავებს განსჯისგან. მწერლის მიზანია პერსონაჟი მოათავსოს სხვადასხვა გარემოში, პირობებში, და გაარკვიოს თუ რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ პირობებში ამა თუ იმ გრძნობას.

ამ გაგებით, რომანისტი ქრება და ადგილს უთმობს მეცნიერს. რომანი კი ხდება სოციოლოგიური, ჰიგიენური თუ სხვა მეცნიერული კვლევების ლაბორატორია. ნატურალიზმი ყველაზე რადიკალური ფორმით წარმოდგენილია გერმანულ ლიტერატურაში.

სადაც ძმები ჰეინრიხების, იულიუს ჰარტისა და გერჰარტ ჰაუპტმანის ირგვლივ შეკრებილი ახალგაზრდა მწერლები გამოდიან ლიბერალური რეალიზმის წინააღმდეგ და ქმნიან საკუთარი წერის მანერას სახელწოდებით « Sekundenstil »,სადაც საგნებსა და თხრობას შორის დისტანცია უკუგდებულია და თხრობის დრო ამბის მიმდინარეობის დროს ემთხვევა. ნატურალიზმიდან აღმოცენდა ასევე იტალიური ვერიზმი (vérisme), სადაც მთავარ როლს დეტერმინიზმი თამაშობს, რომელიც სიცილიელი გლეხების ხასიათებშია წარმოდგენილი.

ნატურალიზმი ძალიან მალე უკუგდებულ იქნა თავად ამ სკოლის ბევრი წარმომადგენლის მიერ. 1887 წელს მოპასანი თავისი რომანის, პიერი და ჟანი, წინასიტყვაობაში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ლიტერატურაში ობიექტურობა შეუძლებელია. იმავე წელს გაზეთ ფიგაროში ქვეყნდება ხუთის მანიფესტი, რომელშიც პროტესტია გამოთქმული ზოლას ექსტრემიზმის წინააღმდეგ.


ემილ ზოლა.

ნეოიმპრესიონიზმი.


პოლ სინიაკი.

ნეოიმპრესიონიზმი (ინგ. Neo-impressionism) – მიმდინარეობა ფერწერაში.

იგი 1885 წელს აღმოცენდა საფრანგეთში. მისი წარმომადგენლები იყვნენ ჟორჟ სერა და პოლ სინიაკი. ისინი ავითარებდნენ იმპრესიონიზმის ტენდენციებს. განსაკუთრებით აინტერესებდათ ოპტიკისა და ფერთა ახალი თეორიის დარგში მიღწეული სიახლეები და პრაქტიკულად.

იყენებდნენ მათ.

ნეოკლასიციზმი.

 

ვიელკის თეატრი, ვარშავა.

კარუსელის ტრიუმფალური თაღი.

      

კანის მერია, XVIII საუკუნე. დავიდი, სოკრატეს სიკვდილი,1797.პრადოს მუზეუმი მადრიდში.


ნეოკლასიციზმი, ხელოვნების მიმდინარეობა, რომელიც განვითარდა XVIII-XIX საუკუნეების მხატვრობაში, არქიტექტურასა და ლიტერატურაში. 1920 წლიდან ეს სახელწოდება მუსიკაშიც იხმარება რომანტიკული და მოდერნისტული მიმდინარეობების საპირისპიროდ.

ნეოკლასიციზმი ჩაისახა რომში, აქედან კი გავრცელდა საფრანგეთში, რასაც ხელი შეუწყო რომში ფრანგული აკადემიის არსებობამ. შემდეგში ინგლისშიც შეაღწია.

ნეოკლასიციზმი ემყარება ვინკელმანის პრინციპებს და ქადაგებს ანტიკური ხანის ღირებულებებისადმი დაბრუნებას. ძველის სტილის ამ ახალ გამოვლინებას სურდა ყველაფერი "მაღალ გემოვნებაში" მოექცია და შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ ანტიკურობა აეღო.


მახასიათებელი პრინციპები .
სურათის ზოგადი პერპენდიკულარობა
მორალისტური თემა, ხშირად პროპაგანდისტულიც.
სამოქალაქო ღირებულებების წინ წამოწევა
ანტიკური საბერძნეთისას და რომის თემატიკა
ლოკალური ფერი, რომლის მიზანია პერსონაჟტა ჯგუფების გამოყოფა.
ხშირად დიქოტომიური კომპოზიციები
ზედმეტი ელემენტებისგან გათავისუფლება.


მნიშვნელოვანი ტილოები [რედაქტირება]
სოკრატეს სიკვდილი, (1787), დავიდი.
ჰორაციუსის ანდერძი, (1784), დავიდი
მარატის სიკვდილი, დავიდი.
ელენესა და პარისის სიყვარული, დავიდი
ნაპოლეონი ეილოს ბრძოლის ფრონტზე, გრო.


მოქანდაკეები.
ბარტოლინი, ლორენცო
კანოვა, ანტონიო
ტორვალდსენი, ბერტელ
არქიტექტურა.

მონტჩელო, ა.შ.შ, (ჯეფერსონი, ტომას)

შოტლანდიის სამეფო აკადემია

ნეოკლასიციზმი არქიტექტურაში XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისს ემთხვევა. იგი იყენებს ბერზნულ-რომაულ ელემენტებს (კოლონები, ფრონტონი, ჰარმონიული პროპორციები) და პოლიტიკის სამსახურში დგება.

ნეოკლასიკური არქიტექტურა რამდენიმე მიმართულებად იყოფა:
პალადიანიზმის ფაზა, ჱველაზე ძველი, რომელიც განვითარდა დიდი ბრიტანეთის სოფლებში ინიგო ჯონსისა და კრისტოფერ ვრენის გავლენით. იგი უფრო განცალკევებულ, სოფლის ნაგებობებს ეხება.
Creek Revival (ნეო-ბერძნული სტილი) გამოყენებულია ნაკლები სიმაღლის მქონე სენობებზე და ნიმუშად იყენებს ბერძნულ ტაძარს.
ფრანგული რევოლუციის სტილი.
იმპერიული სტილი, რომელიც მოდაში შემოვიდა XIX საუკუნის დასაწყისში: რომანული მემკვიდრეობისა და ანტიკური ეგვიპტის ელემენტების შერწყმა. ეს არის ნეოკლასიციზმის გვიანი ფაზა, რომელსაც ინგლისურ არქიტექტურაში ეწოდა Stule Regency, ხოლო გერმანულში - Biedermeier.


ნეოკლასიკოსი არქიტექტორები .
ადამი, რობერ, დიდი ბრიტანეთი
ბალტარი, ლუი-პიერ, საფრანგეთი
ფონტენი, პიერ-ფრანსუა-ლეონარ, საფრანგეთი
ჯეფერსონი, ტომას, ამერიკის შეერთებული შტატები
ლედუ, კლოდ ნიკოლა, საფრანგეთი
ნაში, ჯონ, დიდი ბრიტანეტი
პერსიე, შარლ, საფრანგეთი
შინკელი, კარლ ფრიდრიხ, გერმანია
შალგრენი, ჟან-ფრანსუა-ტერეზ, საფრანგეთი.

ლიტერატურა.

ლიტერატურაში ნეოკლასიციზმი განვითარდა პირველი მსოფლიო ომის შემდგე ულტრა-რომანტიკული მიმდინარეობების საპირისპიროდ.

მას ახასიათება მორალის ქადაგება, ემოციების სეკავება, რელიგიისადმი დაბრუნება და რეაქციონერული პოლიტილური იდეოლოგია. ამ მიმდინარეობის მტავარი წარმომადგენლები ლიტერატურაში არიან: ტ. ს. ელიოტი და ლევისი.

პოსტიმპრესიონიზმი.


პოლ გოგენი.

პოსტიმპრესიონიზმი — მხატვრული მიმდევრობა, რომელიც XIX საუკუნის 80-იან წლებში შეიქმნა. ტერმინი პირველად ბრიტანელმა ხელოვანმა და კრიტიკოსმა როჯერ ფრაიმ გამოიყენა 1910 წელს მანესშემდგომი ფრანგული ხელოვნების განვითარების აღწერისთვის.

პოსტიმპრესიონისტებმა განაგრძეს იმპრესიონიზმი, თუმცა განუდგნენ მის შეზღუდვებს: ისინი კვლავ იყენებდნენ მკვეთრ და კაშკაშა ფერებს, საღებავის სქელ ფენებს, გამოკვეთილ მონასმებსა და ცხოვრებისეულ ობიექტებს, თუმცა ისინი უფრო ხაზი ისვამენ გეომეტრიულ ფორმებს, მათთვის ექსპრესიული ეფექტის მისაცემად, და ხშირად არაბუნებრივი და პირობითი ფერების გამოყენებით.

ამ მიმდინარეობის გამოჩენილ მხატვართა შორის იყვნენ ვან გოგი, გოგენი, სეზანი და ტულუზ-ლოტრეკი.

პოსტმოდერნიზმი.


პოსტმოდერნიზმი (ლათ. modernus „თანამედროვე", post "შემდეგი") XX საუკუნის ბოლოს ფილოსოფიასა და კულტურაში აღმოცენებული მიმდინარეობა.

პოსტმოდერნიზმი თავიდან არქიტექტურულ მიმდინარეობას ეწოდებოდა, რომელმაც უარი თქვა მოდერნიზმის პირობითობებზე და ახალი ფორმების ძიება დაიწყო. იგი ხასიათდება დეკორაციების, წარსულის მოტივების, ეკლექტიზმისადმი მიბრუნებით. პოსტმოდერნიზმი ემყარება პოპ-არტის ახალ ხედვასა და მის არქიტექტურულ გამოსახვას, რაც საფუძველს პოულობს რობერ ვენტურის ნაშრომში „სწავლა ლას ვეგასიდან".

შემდგომში ტერმინი გამოყენებულ იქნა ხელოვნებისა და ლიტერატურის ისტორიაში უფრო ზოგადი მიმდინარეობის აღსანიშნავად.

პოსტმოდერნისტული ესთეტიკა.

თუკი მოდერნიზმი ახალი ფორმების შექმნით ხასიათდება, პოსტმოდერნიზმი არსებული ფორმების ხელახლა გამოყენებაზეა ორიენტირებული. ამ ფორმების, ციტირებებისა თუ სტილისტური დეტალების გამოყენება შეიძლება იყოს როგორც სერიოზული ასევე ირონიულიც. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამახასიათებელია აღნიშნული მიმდინარეობისათვის.

თუკი მოდერნიზმი თავისი ესთეტიკის ცენტრში ავტორსა და შემოქმედებას ათავსებს, პოსტმოდერნიზმი ინტერპრეტაციას ანიჭებს უპირატესობას. ხშირად ეს ყოველივე ავტოკომენტირებაშიც გადადის. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ვლადიმირ ნაბოკოვის „ფერმკრთალი ალი", სადაც ერთდროულად მოცემულია პოეტური მონათხრობი და ამ მონათხრობის კომენტარი, რითაც მიიღწევა ე.წ. დისტანციაციის ეფექტი.

პოსტმოდერნისტული ნაწარმოები ხშირად წარმოდგენილია როგორც ჰეტეროკლიტური ელემენტების კოლაჟი ყოველგვარი ჰარმონიის გარეშე. მაგ. ირლანდიელი ფლენ ო’ბრაიენის რომანი At swim-two-birds, სადაც ერთმანეთს ენაცვლება სხვადასხვა ჟანრის ტექსტები: ვესტერნი, შუასაუკუნის ეპოპეა, ზღაპარი და ვოდევილი. მართალია, კოლაჟს ამგვარი ფორმით მოდერნიზმიც იყენებს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ამ უკანასკნელში იგი გამოყენებულია რეალობის სირთულის აღსაქმელად, პოსტმოდერნიზმში კი კონტრასტისა და დისტანციაციის ეფექტის მისაღწევად.

პოსტმოდერნიზმი შლის იერარქიას ელიტარულ და პოპულარულ კულტურას შორის, რისი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ხელოვნებისა და რეკლამის შერწყმა.

პუანტილიზმი.


პოლ სინიაკი.

პუანტილიზმი (ინგ.Pointillism, ფრან.Pointillisme – წერტილებით წერა)– არის ნეოიმპრესიონიზმის მიმდინარეობა, რომელსაც ახასიათებს ფერწერის თავისებური მანერა – წვრილი ფერადი მონასმები, წერტილები.

რეალიზმი.

რეალიზმი (ლათ.realis ნამდვილი) არის მხატვრული შემეცნების მეთოდი. ხელოვნებასა და ლიტერატურაში გამოიხატება საგანთა და მოვლენათა აღწერაში მათი პირდაპირი მნიშვნელობით, შეულამაზებლად ან ინტერპრეტაციის გარეშე. რეალიზმი ასევე შუა მე-19 საუკუნის კულტურული მიმდინარეობა იყო, რომელსაც დასაბამი საფრანგეთში დაედო.

კულტურული მიმდინარეობა.

რეალიზმი ხელოვნებაში პირველად ქალაქ ლოთალში (ამჟამად ინდოეთის ტერიტორიაზე) გაჩნდა, დაახ. ძვ.წ. 2400 წლებისთვის. ვიზუალურ ხელოვნებასა და ლიტერატურაში რეალიზმი უფრო ყოვლისმომცველი კულტურული მიმდინარეობა გახდა საფრანგეთში, როგორც რეაქცია მე-19 საუკუნის შუა წლების რომანტიციზმის იდეალიზმზე, რომელიც ვითარდებოდა სოციალური და პოლიტიკური რეფორმებისა და დემოკრატიზაციის მოთხოვნათა კულტურული კლიმატის ფონზე. ის გაბატონებული ხელოვნების ფორმა საფრანგეთში, ინგლისსა და აშშ-ში დაახ. 1840-80 წლებში გახდა.

მხატვრობა .


რეალისტები ცდილობდნენ ყოველდღიურ ხასიათთა, სიტუაციების, დილემებისა და მოვლენების აღწერას "აკურატული" (ან რეალისტური) მანერით. ის ეწინააღმდეგებოდა რომანტიციზმს, რომელიც საგნებსა თუ მოვლენებს იდეალისტურად უდგებოდა. რეალისტები უკუაგდებდნენ თეატრალურ დრამასა და ხელოვნების კლასიკურ ფორმებს, რათა გამოეხატათ უფრო საყოველთაო ან "რეალისტური" თემები. ამასთან რეალისტები ეყრდნობოდნენ მეცნიერულ ფაქტებს და ბუნებასა და ცხოვრებას მათ ირგვლივ. ამ პერიოდში მოღვაწე ფრანგი პეიზაჟისტების ჯგუფი, რომელთა შთაგონების საგანი ბუნებისგან შექმნილი ხელოვნება იყო ბარბიზონის სკოლად იწოდებოდა. ასევე აღსანიშნავია, პრე-რაფაელიტთა საძმო, რომლებიც განადიდებდნენ რაფაელამდე არსებულ ხელოვნებას (რაფაელის პერიოდში ხელოვნება საკმაოდ გაიდეალიზებული იყო).

ჟან ფრანსუა მილე, მოსავლის ამღებნი, 1857. დ'ორსეს მუზეუმი (პარიზი).


მნიშვნელოვან რეალისტთა შორის არიან:
კარლ ბრიულოვი
კამილ კორო
ილია რეპინი
გუსტავ კურბე
ონორე დომიე
ედგარ დეგა (მოგვიანებით იმპრესიონისტი)
მანე ედუარ
ჟან-ფრანსუა მილე
ალექსანდრ გიერიმსკი
ნიკოლაი გე
კინემატოგრაფია.

იტალიური ნეორეალიზმი იყო კინემატოგრაფიული მიმდინარეობა რეალიზმის ელემენტებით, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იტალიაში განვითარდა. ცნობილ ნეორეალისტთა შორის იყვნენ ვიტორიო დე სიკა, ლუკინო ვისკონტი, და რობერტო როსელინი.

როკოკო.


როკოკოს ბაზილიკა ოტობოირენში, ბავარია.

როკოკო ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში და 1720-1780 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა, ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა (შენობებზე, ოთახების და დარბაზების შიდა სივრცეში, ავეჯზე, იარაღებზე და ა.შ.), რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.

მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად როკოკო იყენებს მსუბუქ, ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებულ დაბოლოებებს და ჩარჩოებს. სწორედ აქედან მოდის თვით სტილის სახელი „როკოკო" (ფრანგ.: Rocaille; ქართ.: ნიჟარის ნაკეთობა).


არქიტექტორები.
იოზეფ ანტონ ფოიხტმაიერი
დომენიკუს ციმერმანი
ფრანსუა დე კიუვიიე
იოჰან მიხაელ ფიშერი
აზამები, კოზმას დამიან და ეგიდ ქუირინ.

მხატვრები.


ფრანსუა ბუშე
როზალბა კარერა
ფილიპ დე შამპენი
ჟან-ბატისტ-სიმეონ შარდენი
ანტუან კუაიპელი
ფრანსუა დესპორტი
ჟან-ონორე ფრაგონარი
მათეუს გიუნთერი

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 5338 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 3.8/5
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები