ხუთშაბათი, 25.04.2024, 22:28
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » რომანტიკოსი მწერლები.
01:29
რომანტიკოსი მწერლები.

ალექსანდრე ჭავჭავაძე.

ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე (* 1786; გ. 1846; პეტერბურგი) - ქართველი პოეტი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.


ალექსანდრე ჭავჭავაძე.

ბიოგრაფია.


ალექსანდრე დაიბადა 1786 წ. პეტერბურგში. 9 წლის ალექსანდრე მიაბარეს ბამანის პანსიონში, სადაც 1799 წლამდე დაჰყო. აქ მან შეისწავლა რუსული, ფრანგული და გერმანული ენები. 1799 წ. 10 აგვისტოს გარსევან ჭავჭავაძემ და კოვალენსკიმ იმპერატორ პავლეს მიერ გამოგზავნილი სამეფო გვირგვინი და სხვა სამეფო ნიშნები წამოიღეს და ჩამოვიდნენ თბილისს გიორგი XII–ის მეფედ კურთხევაზე დასაწრებლად. გარსევანმა ოჯახიც თან ჩამოიყვანა. მომავალი პოეტი თბილისში დარჩა და მამის ხელმძღვანელობით განაგრძობდა სწავლას.

1804 წ. 17 იანვარს გ. ჭავჭავაძემ იმპერატორს წარუდგინა თხოვნა თავისი ვაჟიშვილის კამერპაჟად ჩარიცხვის შესახებ, რაც დაკმაყოფილებულ იქნა იმავე წლის 3 სექტემბერს. მაგრამ სწორედ ამ დროს ცარიზმის მოხელეთა აღვირახსნილობის გამო არაგვის ხეობის ქართველ მთიელთა აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებასთან დაკავშირებული იყვნენ ფარნაოზი და სხვა ბატონიშვილები.

1804 წ. 14 სექტემბერს თავისუფლების სულით გამსჭვალული 18 წლის ჭაბუკი პოეტი მთიელ აჯანყებულებს შეუერთდა.

მეფის რუსეთის ჯარებმა აჯანყება სწრაფად ჩაახშეს და მისი მეთაურები სასტიკად დასაჯეს. ალ. ჭავჭავაძე თბილისის საპყრობილეში მოათავსეს ; 1805 წლის 11 ნოემბერს იგი ტამბოვში გადაასახლეს 3 წლით. 1806 წელს ა. ჭავჭავაძე თავისუფალია ტამბოვის გადასახლებისაგან. 1807 წ. დამდეგს იგი პაჟთა კორპუსშია.

1808 წ. ალ. ჭავჭავაძემ დაამთავრა პაჟთა კორპუსი და იმავე წლის 19 დეკემბერს მიიღო პოდპორუჩიკობა.

პაჟთა კორპუსის დამთავრების შემდეგ ალ. ჭავჭავაძე დიდ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობს. 1811 წ. იგი პორუჩიკი გახდა. 1811 წ. გენერალ-ლეიტენანტ მარკიზ პაულიჩის ადიუტანტია, რომლის ბრძანებით 1812 წ. თებერვალში მას გზავნიან კახეთში – სიღნაღისა და თელავის მაზრებში კახეთის გლეხთა აჯანყების ჩამხშობ ექსპედიციაში.

1813 წ. 21 სექტემბრიდან 1814 წ. 6 ივლისამდე ალ. ჭავჭავაძე მონაწილეობს სამამულო ომში. იგი ახლდა მთავარსარდალ ბარკლაი დე ტოლის. ბრძოლებში წარჩინებისათვის, რუსეთის არმიის პარიზში შესვლამდე, ალ. ჭავჭავაძე ბევრ მაღალ ჯილდოს იმსახურებს: წმ. ანას ორდენს II ხარისხის ნიშნით, ოქროს ხმალს წარწერით ¨გულადობისათვის¨ და სხვ. მისი უმაღლესი ჯილდო იყო საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი. თითქმის ერთი წელი დასავლეთ ევროპაში მოქმედ არმიაში იყო. იქ იგი უშუალოდ გაეცნო ფრანგ ხალხს, მის უმაღლეს კულტურას. 1814 წ. ორ თვეზე მეტ ხანს იგი საფრანგეთში, უმთავრესად პარიზში, იმყოფებოდა.

სტუმართმოყვარეობით განთქმული ალ. ჭავჭავაძის ოჯახი მაშინდელი საქართველოს მოწინავე აზრისა და კულტურის ერთ-ერთი მთავარი კერაც იყო. რუსეთისა და დასავლეთ ევროპის ბევრი გამოჩენილი მოღვაწე, ვისაც კი საქართველოში ყოფნა უხდებოდა, უპირველეს ყოვლისა, ალ. ჭავჭავაძის სახლში ეცნობოდა ქართველი ერის ისტორიასა და მწერლობას.

1827-1828 წლებში ალ. ჭავჭავაძემ თავი გამოიჩინა რუსეთ-სპარსეთის ომში. 1827 წ. ოქტომბერში მან თავრიზი აიღო. 1828 წ. თებერვალში ალ. ჭავჭავაძეს ნიშნავენ სომხეთის ოლქის უფროსად.

1828 წ. 28 აგვისტოს მან ბრძოლით აიღო ციხე-სიმაგრე ბაიაზეთი, 8 სექტემბერს - სიმაგრე დადიანი და 10-ში – ციხე სიმაგრე თოფრაყალა.

1829 წელს ალ. ჭავჭავაძეს კახეთის სამხედრო სასაზღვრო დაცვის უფროსის პოსტი უჭირავს; 1830 წ. ხევსურთა საჩივრების კომისიას თავმჯდომარეობს.

1832 წლის შეთქმულების გამოაშკარავების შემდეგ მას 4 წლით ტამბოვში გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა მალე გაათავისუფლეს ”წარსულში დამსახურებისთვის”.

1838-1841 წლებში, როგორც საკარანტინო ზონის უფროსმა, ალ. ჭავჭავაძემ დიდი მუშაობა გასწია ამიერკავკასიის სხვადასხვა ადგილას გამძვინვარებული შავი ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1838 წლის 4 აპრილს იგი ამიერკავკასიის მთავარმმართველობის წევრად დაინიშნა. 1842 წ. 23 დეკემბრიდან 1843 წ. 13 მარტამდე ალ. ჭავჭავაძე ამიერკავკასიის მხარის სამოქალაქო სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებს; 1842–1844 წლებშია ამავე სამმართველოსთან შექმნილ აღალართა უფლებების მომწესრიგებელ კომიტეტს თავმჯდომარეობს. ალ. ჭავჭავაძე ადგენს პროგრესულ პროექტს, რომლის მიხედვითაც აღალარებს ეკრძალებოდათ დასახლებული ადგილების ყიდვა, მოეთხოვებოდათ სახელმწიფო და სამხედრო სამსახური, სახელმწიფოს ევალებოდა ზრუნვა მათს სწავლა-განათლებაზე და სხვ.

1846 წ. 18 ნოემბერს (ძვ. სტ.). დღის პირველ საათზე სახლიდან ახალი გამოსული ალ. ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა; მოულოდნელად ცხენები დაფრთხა, პოეტი შეეცადა მეეტლეს მიშველებოდა, ამასობაში პალტოს კალთა ეტლის თვალში მოჰყვა, იგი გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, მეორე დღეს; დილის ცხრა საათზე, ალ. ჭავჭავაძე გარდაიცვალა.

ალ. ჭავჭავაძე დასაფლავებულია კახეთში, შუამთის მონასტერში. საფლავის გასწვრივ კედელში მოთავსებული მარმარილოს ფიქალის წარწერა მთავრდება ფსალმუნის სიტყვებით: "მწუხრსა განუსვენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან".

შემოქმედება.


ალექსანდრე ჭავჭავაძე ქართული რომანტიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. მკვლევართა ნაწილი მას საქართველოში რომანტიკული მიმდინარეობის დამწყებად აღიარებს. იგი ქართულ ლირიკაში წმინდა საზოგადოებრივ-დემოკრატიული მოტივების შემომტანია. მის ლირიკაშიც რომანტიკული ჟღერადობისაა ეროვნულ აწმყოზე სამდურავის, წარსულზე დარდისა და უიმედობის მოტივები. დიდი ადგილი უჭირავს ასევე სატრფიალო ლირიკასაც.

ცნობილია ალ. ჭავჭავაძის ლექსთა დიდი ნაწილის მუსიკალური ტონალობა და სიმღერებად გავრცელება. ზოგი მათგანი გარკვეული სასიმღერო მოტივისა და მუსიკალური საკრავისათვის იქმნებოდა. ამავე დროს აშკარა არის მისი ზოგი ლექსის პუბლიცისტურობაც.

მასვე ეკუთვნის ნაშრომი საქართველოს მოკლე ისტორიული ნარკვევი და მდგომარეობა 1801 წლიდან 1831 წლამდე.

გრიგოლ ორბელიანი.


გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე ორბელიანი (დ. 2 ოქტომბერი/14 ოქტომბერი, 1804, თბილისი ― გ. 21 მარტი/2 აპრილი, 1883, იქვე, დაკრძალულია ქაშვეთის ეკლესიაში), ქართველი რომანტიკოსი პოეტი და სამხედრო მოღვაწე.

ბიოგრაფია.


პოეტის საგვარეულო ხაზი აღწევს ორბელ ბარათაშვილის სახელამდე (XVI საუკუნე). ამ შტოს ეკუთვნის ყაფლან ორბელიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის პაპა, XVII საუკუნის ერთ-ერთი უძლიერესი და გავლენიანი ფეოდალი. გრიგოლ ორბელიანი ამიტომ უწოდებდა თავის თავს „ყაფლანიშვილს".

გრიგოლის მამას, დიმიტრის (იგივე ზურაბს), საქართველოს უკანასკნელ მეფეებთან უმსახურია და მათთან ნათესაური კავშირითაც ყოფილა შეკრული. დედა, ხორეშანი, ერეკლეს II-ის ქალის, ელენეს ასული იყო. ამრიგად, დედის მხრივ პოეტი ბაგრატიონთა გვარს ენათესავებოდა. ხორეშანი იშვიათი სულიერი და ზნეობრივი თვისებებით შემკული არსება ყოფილა.

გრიგოლ ორბელიანისათვის წერა-კითხვა უსწავლებია ანჩისხატის დეკანოზ დიმიტრი ალექსი-მესხიშვილს, რომელიც თავისი დროის ცნობილი მწიგნობარი იყო. შემდეგ პატარა გრიგოლი მშობლებს მიუყვანიათ ახალი მმართველობის მიერ დაარსებულ კეთილშობილთა სასწავლებელში. სასწავლებლის დამთავრებამდე გრ. ორბელიანი გადასულა ახლად გახსნილ საარტილერიო სკოლაში. 1816 წ. მომავალი ოფიცერი შედის იუნკრად 21-ე საარტილერიო ბრიგადაში, სადაც მან 1820 წლამდე დაჰყო.

1829 წელს გრ. ორბელიანი კახეთში ახლდა ალექსანდრე ჭავჭავაძეს, რომელიც სამხედრო საზღვრების უფროსად იყო დანიშნული. მეორე წელს იგი მონაწილეობას იღებს გრაფ პასკევიჩის ექსპედიციაში და ჭარ-ბელაქნის ლეკებს აშოშმინებს. იმავე წელს მონაწილეობს გენერალ სტრეკალოვის მიერ ზაქათალის აღებაში.

1831 წლის ნოემბერში გრ. ორბელიანი ჩადის ქ. ნოვგოროდში, აქ მან ერთი წელიწადი დაჰყო. 1833 წლის მარტში გრ. ორბელიანს აპატიმრებენ და სასწრაფოდ გზავნიან თბილისში. პოეტს ბრალდებოდა კავშირი თავად-აზნაურთა იმ შეთქმულებასთან, რომელიც 1829 წლიდან მზადდებოდა საქართველოში ადგილობრივი ხელისუფლების და, საერთოდ, ცარიზმის წინააღმდეგ .

გრ. ორბელიანს აშკარა დანაშაული არ დაუმტკიცდა და გაათავისუფლეს საქმის საბოლოო გამოძიების დამთავრებისთანავე. ავლაბრის ყაზარმებში სამი თვის პატიმრობის შემდეგ იგი, როგორც მეშვიდე კატეგორიის „მცირე" დამნაშავე, „კავკასიის ხაზზე" მოქმედ ჯარში იქნა გაგზავნილი. იქიდან გრ. ორბელიანი 1833 წლის მიწურულს გააწესეს ნევის საზღვაო პოლკში, რომელიც ვილნოში იყო დაბანაკებული.

დიდი ვაი-ვაგლახითა და გზაზე სხვადასხვა ხიფათის გამოვლით გრიგოლ ორბელიანმა თავის პოლკს 1843 წლის 2 მაისს მიაღწია.

1837 წელს გრ. ორბელიანმა აიღო შვებულება და სამშობლოსაკენ გამოემგზავრა. 1838 წლის აგვისტოში ის შტაბს კაპიტნის ჩინით ხელმეორედ ჩაირიცხა საქართველოს გრენადერთა პოლკში, რომელიც ქ. გორში იდგა. ამიერიდან მომავალი გენერალი ფრთხილი და გარეგნულ პირობებს შეგუებული ოფიცერია.

1842 წელს გრ. ორბელიანი ავარიის (დაღესტანი) მიწებს იცავდა შამილის რაზმებისაგან. ენერგიულმა სამხედრო მოქმედებამ და ადმინისტრაციულმა ნიჭმა ის ჩქარა დააწინაურა: 1843 წელს გრ .ორბელიანი დანიშნეს ავარიის მმართველად, ან როგორც თავის თავს უწოდებდა — „ავარიის ხანად" ამ წლის 2 ივნისს გრ. ორბელაინი ჩავიდა ხუნძახში, ავარიის ყოფილი ხანების რეზიდენციაში.

1857 წელს გრ. ორბელიანმა იერიშით აიღო უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი სალათაურში -ძველი და ახალი ბურთუნაი.

1858 წელს იგი, მრავალი ორდენით დაჯილდოებული, თბილისში გადმოჰყავთ კავკასიის მთავარმმართველ ბარიატინსკისთან.

შემოქმედება.


გრ. ორბელიანი ქართული რომანტიზმის წარმომადგენელია. იგი პირველ რიგში ცნობილია პატრიოტული ნაწარმოებებით, რომლებიც საქართველოს რაინდული წარსულის ხოტბას შეიცავს ან გვაცნობს ავტორის სულისკვეთებასა და პოლიტიკურ მრწამსს 1832 წლის შეთქმულების მზადების პერიოდში. ესენია პოემა ტოლუბაში (სადღეგრძელოს პირველი ვარიანტი, 1827), (მიბაძვა რილეევისა, 1831), ჰე, ივერიავ (1832), მისი სახელი კიცხვითა (1832), იარალის, (1832) და მოგზაურობა ჩემი ტფილისიდამ პეტერბურღამდის.

გრ. ორბელიანი პატრიოტიზმთან ერთად დიდ ადგილს უთმობს სიყვარულის თემას. ეს გრძნობა მას მიაჩნია უმაღლეს ადამიანურ თვისებად და ბედნიერებად. მის ლირიკაში სიყვარულის გრძნობის სულიერ მხარეს უპირატესი მნიშვნელობა აქვს მინიჭებული . გრ. ორბელიანის სატრფიალო ლირიკის საუკეთესო ნიმუშები ეძღვნება უმთავრესად ნინო ჭავჭავაძეს, შემდეგ სოფიო ორბელიანს და ნაწილობრივ ეკატერინე ჭავჭავაძეს. პოეტის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ გრ. ორბელიანი უიმედოდ ყოფილა შეყვარებული ნინოზე. თავის მიმართვებში ნინოსადმი პოეტი მეტწილად კლდემამოსილია, წრფელი და ფაქიზი გრძნობებით აღვსილი.

მის შემოქმედებაში დიდი როლი უჭირავს ბუნების თემასაც. როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი, იგი ბუნებაში ეძებს თავისი ტკივილებისა და სიხარულის თანაზიარობას.

გრ. ორბელიანი და მამათა და შვილთა ბრძოლა.


გრ. ორბელიანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ე. წ. მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეურ ბრძოლაში.პირველად იგი ამ ბრძოლაში 1872 წელს ჩაერთო, როცა ილია ჭავჭავაძის ეპიგრამის, გამოცანების პასუხი, გამოცანების პასუხი დაწერა. ეს უკანასკნელი დღეს პასუხი შვილთას პირველი ვარიანტის სახელითაა ცნობილი. იგი ახალი თაობისადმი მიმართული ძალზე დამამცირებელი ეპითეტებით იწყება: კოღო -ბუზებო, ლიბერალებო, ჭკუით გლახებო, პატრიოტებო, გზა დაკარგულნო, წყალ-წაღებულნო. კატის კნუტებო, სიდგანა კნავით? და სხვ.

გრ. ორბელიანის პასუხის ორივე ვარიანტის მიხედვით შეიძლება ნათლად წარმოვიდგინოთ პოეტის შეხედულებანი ახალი თაობის („შვილების") შესახებ. მათ გრ. ორბელიანი უწოდებს „ცრუ ლიბერალებსა და პატრიოტებს", რომელნიც „გაბოროტებით სწყევლიან მამებს". ამათი („მამების") დრო კი, პოეტის შეხედულებით, იყო „დრო მამაცობისა".

გრ. ორბელიანი, საერთოდ, მწვავედ განიცდიდა ქართული ენის დაცემას. ცნობილია მრავალი მისი ბარათი ამ საკითხზე მიწერილი სხვადასხვა პირისადმი. ენის დაცემის ერთ-ერთ მიზეზად იგი სთვლიდა „ჟურნალისტი მწერლების" (ახალი თაობის გარკვეული ნაწილის) მხრივ ქართულის ნორმების უცოდინარობას.

სტილი .

გრ. ორბელაინის სტილსა და ფორმას თან ახლავს ზოგიერთი ნაკლი. მისი ენა ხშირად მძიმეა, აზრის გამოხატვისას პოეტი აწყდება დაბრკოლებებს, რომელთა გადალახვა მას უჭირს. გრ. ორბელიანის სალექსო ფორმები მოწმობს ევროპული, უმთავრესად რუსული სალექსო კულტურის ზეგავლენას (მაგ., კომპოზიციის, სტროფიკის სფეროში). ეს ზეგავლენა განსაკუთრებით დაეტყო გრ. ორბელიანის რითმებს: პოეტის ლირიკულ შედევრებშიაც კი ზოგჯერ გამქრალია ქართული კლასიკური ლექსის ზუსტი რითმის კულტურა (რუსული ვაჟური რითმის მიხედვით გრ. ორბელიანი ხშირად ტაეპთა მხოლოდ ბოლო ხმოვნებს რითმავს. მაგრამ გრ. ორბელიანის პოეზიის ემოციური სამყარო იმდენად მდიდარია, რომ ზემოთ აღნიშნული დეფექტები ბოლოს მაინც ვერ ანელებენ მისი ლექსების შინაგან დაძაბულობასა და დინამიზმს.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 3744 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 4.0/6
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები