პარასკევი, 19.04.2024, 09:44
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » აფრიკა.
17:39
აფრიკა.
აფრიკა — დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 900 მილიონ ადამიანს (დედამიწის მოსახლეობის 14%). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდ ევრაზიას. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6%, ხოლო ხმელეთის 20,4%.

აფრიკა, განსაკუთრებით ცენტრალური აღმოსავლეთ აფრიკა, მეცნიერების მიერ ადამიანის წარმოშობის ადგილად ითვლება, რასაც ადასტურებს ადრეულ ჰომინიდთა აღმოჩენა და ასევე გვიანდელი (დათარიღებული 7 მილიონი წლით) ადამიანის წინაპართა დასახლებები, მათ შორის Sahelanthropus tchadensis, Africanus, Homo Erectus, რომელთა შორის ყველაზე ადრეული ადამიანები დაახ. 200 000 წლის წინ გამოჩნდნენ.

აფრიკა ეკვატორის ორივე მხარეს იჭიმება და მრავალ კლიმატურ სარტყელს მოიცავს. ეს ერთადერთი კონტინენტია, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ზომიერ სარტყლებს სწვდება.


ფართობი 30,221,532 კმ2
მოსახლეობა 1,000,010,000 (2005)
მოს. სიმჭიდროვე 30.51/კმ²
ქვეყნები 53 (ქვეყნების სია)
ენები აფრიკის ენების სია
სასაათო სარტყელი UTC-1 და UTC+4

ეტიმოლოგია.


აფრი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში კართაგენთან მცხოვრები რამდენიმე ხალხის სახელი. რომაული ბოლოსართი "-კა" მიუთითებს "ქვეყანას ან მიწას". სხვა წყაროებით ამ სიტყვის გაშიფრვრა ამგვარად შეიძლება:
ლათინური სიტყვა aprica, ნიშნავს "მზიანს";
ბერძნული სიტყვა "aphrike", ნიშნავს "სიცივის გარეშე". ეს თეორია წამოაყენა ისტორიკოსმა ლეო აფრიკანუს (1488-1554), რომლის მოსაზრებით ბერძნულ სიტყვაზე ფრიკე (φρίκη ნიშნავს "ცივს და საზარელს"), მიკუთვნების თავსართის "ა-" დამატებით ის მიუთითებს მიწაზე, რომელიც თავისუფალია სიცივისა და სისაზარლისგან.

გეოგრაფია.


აფრიკას გარს ეკვრის ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გამოიყოფა გიბლარტარის ვიწრო სრუტით, ხოლო სუეცის ყელით, რომელზეც სუეცის არხია გაყვანილი უკავშირდება აზიას. აფრიკის უდიდესი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული. უკიდურესი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები მდებარეობენ სუბტროპიკებში. უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი 8000 კმ–ია., ხოლო უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის მანძილი 7500 კმ. სანაპირო ხაზი სხვა კონტინენტებთან შედარებით სუსტადაა დანაწევრებული, მისი სიგრძე შეადგენს 26000 კმ–ს. (შედარებისთვის ევროპის სანაპირო ხაზის სიგრძეა 32000 კმ, მაშინ როცა ის ფართობით სამჯერ ნაკლებია აფრიკაზე).

აფრიკას ეკუთვნის კუნძულები: მადაგასკარი, პემბა, ზანზიბარი, მაფია, სოკორტა, მასკარენის, ამირანტის, სეიშელის, კომორის, მადეირა, მწვანე კონცხის, კანარის, პრინსიპი, სან–ტომე, ანობონი, ფერნანდო–პო, ამაღლების, წმ. ელენეს, ტრისტან–და–კუნია.

ნახევარკუნძულებს შორის უდიდესია სომალის ნახევარკუნძული.

დიდი ტბებია: ვიქტორია, ალბერტი, ედუარდი, კივუ, ტანგანიკა.

უდიდესი მდინარეებია: კონგო, ნილოსი, ნიგერი, ზამბეზი, ორანჟი.

მნიშვნელოვანი მთათა სისტემებია: ჩრდილოეთით ატლასის მთები, აღმოსავლეთში ეთიოპიის მთიანეთი, სამხრეთში დრაკონის მთები.

უმაღლესი მწვერვალია კილიმანჯარო (5895 მ.).

აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი უდაბნო საჰარა.

ჩვეულებრივ აფრიკას ყოფენ შემდეგ გეოგრაფიულ ნაწილებად:
ჩრდილოეთი აფრიკა
დასავლეთი აფრიკა
ცენტრალური აფრიკა
აღმოსავლეთი აფრიკა
სამხრეთი აფრიკა


რელიეფი და სასარგებლო წიაღისეული.


აფრიკის რელიეფი დედამიწის ქერქის განვითარებას და გარეგანი პროცესების მოქმედებაზეა დამოკიდებული. აფრიკის კონტინენტზე 200-დან 1000 მ-მდე სიმაღლის ვაკე რელიეფი ჭარბობს, კონტინენტზე არ არის მაღალი და დიდ მანძილზე გადაჭიმული მთიანი სისტემები. აფრიკას საფუძვლად უდევს უძველესი ბაქანი, რომელიც შორეულ წარსულში ერთ-ერთი დიდი კონტინენტის - გონდვანას შემადგენლობაში შედიოდა. ოდესღაც აქ აღმართული მთიანი სისტემები გარეგანი ძალების მოქმედებით დაიშალა და მოსწორდა. მთების ადგილზე უზარმაზარი ტალღისებური ვაკეები გაჩნდა, რომლებზეც აქა-იქ აღმართულია კრისტალური მასივები.

აფრიკის ყველაზე მაღალი მთა კილიმანჯარო.

მთა კენია.


შინაგანი ძალების გავლენით ზოგან ბაქანის საძირკველმა აიწია, რის შედეგადაც მაღალი ზეგნები გაჩნდა (ეთიოპიის, აღმოსავლეთ აფრიკის და სხვ.), ზოგან კი დაიწია და გაჩნდა დიდი ქვაბულები (ჩადის, კონგოს, კალაჰარის და სხვ.).

ამ მოძრაობას თან ახლდა დედამიწის ქერქის რღვევა, ჰორსტებისა და გარაბენების წარმოქმნა, მიწისძვრები და ვულკანები. აღმოსავლეთ აფრიკაზე გადის დედამიწის ყველაზე დიდი რღვევის ხაზი, რომელმაც არაბეთის ბაქანი დააშობა აფრიკის ბაქანს.

იგი ეთიოპიის მთიანეთის გავლით მდინარე ზამბეზამდე გრძელდება. აქ ხდება ლითოსფერული ფილების გადაადგილება, ამიტომ ხშირია მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევები.

ზედაპირის სიმაღლის მიხედვით, აფრიკას ორ ნაწილად ყოფენ: დაბალი აფრიკა (ჩრდილოეთი და დასავლეთი), სადაც სიმაღლე მცირე გამონაკლისის გარდა, 1000 მ-ზე ნაკლებია და, მაღალი აფრიკა (აღმოსავლეთი და სამხრეთი), სადაც სიმაღლე 1000 მეტრს აღემატება.

ჩრდილოეთი და დასავლეთი აფრიკის ზედაპირი უმეტეს წილად კონტინენტური და ზღვიური დანალექი ქანებითაა აგებული. ეს ტერიტორიები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზღვას ეკავა. საჰარის ცენტრში აღმართულია კრისტალური და ვულკანური ქანებით აგებული მთიანი მასივები.

კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე ატლასის მთები მდებარეობს. მთების ჩრდილოეთი ქედები ახალგაზრდაა და ის ალპების და კავკასიონის მთებთან ერთად წარმოიშვა, სამხრეთ-დასავლეთ პერიფერიაზე კი კაპის ძველი მთები მდებარეობს.

აფრიკის აღმოსავლეთი მხარე მაღალ, დედამიწის ქერქის მოძრაობით გაახალგაზრდავებულ აღმოსავლეთ აფრიკის მთიანეთს უკავია. აქ მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი, ვულკანები - კილიმანჯარო, კენია და სხვ. კილიმანჯარო სიტყვა სიტყვით "მბრწყინავს მთას" ნიშნავს. ვულკანს სამი წვერი აქვს და მიუხედავად ეკვატორულ სატყელში მდებარეობისა ეს მწვერვალები მარად თოვლიანია.

აფრიკა სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრით და სიმრავლით გამოირჩევა. ზოგიერთი საბადო უდიდესია მსოფლიოში, ან ერთ-ერთი უდიდესია. მათი განლაგება განპირობებულია დედამიწის ქერქის აგებულებითა და მისი განვითარების ისტორიით.

იმის გამო რომ აფრიკაში ჭარბობს მაგმური ქანები, იგი განსაკუთრებულად მდიდარია მადნეული სასარგებლო წიაღისეულით.

სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში ისინი ღრმად არაა განლაგებული, რადგან ძველი კრისტალური ქანები დედამიწის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს. აფრიკა მდიდარია ბოქსიტებით, ურანით, გარგანეცით, ოქროთი პლატინით, შავი ლითონებით და სხვ.

კონტინენტის შედარებით დაბალ ადგილებში, სადაც დანალექი ქანები ჭარბობს, დანალექი წარმოშობის სასარგებლო წიაღისეული გვხვდება: ქვანახშირი, სხვადასხვა სახის მარილი და სხვ. ჩრდილოეთ ნაწილსა და გვინეის ყურის სანაპიროებზე აღმოჩენილია ნავთობის დიდი მარაგი.

აფრიკა მდიდარია ფოსფორიტებით, რომლებისგანაც სასუქს ამზადებენ. მისი საბადოები ძირითადად კონტინენტის ჩრდილოეთში მდებარებს.

შიდა წყლები.


მდინარეთა ქსელი კონტინენტზე არათანაბრადაა განაწილებული, რაც რელიეფსა და ჰავაზე, განსაკუთრებით კი ნალექების განაწილებაზეა დამოკიდებული. რელიეფიდან გამომდინარე მდინარეების დიდი ნაწილი ატლანტის ოკეანეში ჩაედინება, ვინაიდან მთავარი წყალგამყოფი აღმოსავლეთ აფრიკაში გადის.

კონტინენტის 1/3 შიდა ჩამონადენის აუზს მიეკუთვნება. აფრიკის მდინარეები საფეხურეობრივად განლაგებულ ზეგნებს კვეთს, ახასიათებთ ჩანჩქერები და ჭორომები, ამდენად, ისინი სიგრძეზე სანაოსნოდ არ გამოდგება, სამაგიეროდ ჰიდროგრაფიით მდიდრები არია. აფრიკის კონტინენტზე მდინარეთს შედარებით ხშირი ქსელი დამახასიათებელია ეკვატორული და სუბეკვატორული სარტყლებისთვის. ძალიან მცირეა მდინარეები უდაბნოებში.

აქ გვხვდება მდინარეების მშრალი კალაპოტები - ვადები, რომლებიც წყლით მხოლოდ თავსხმა წვიმების დროს ივსება. აფრიკის მდინარეთა უმრავლესობა წვიმის წყლით საზრდოობსმაგრამ მათი რეჟიმი განსხვავებულია და დამოკიდებულია ნალექის სეზონურ განაწილებაზე. მიდენარეები რომლებიც რამდენიმე კლიმატურ სარტყელში მიედინება, რთული რეჟიმით ხასიათდება. ამ მხრივ ტიპობრივია მდინარე ნილოსი.

ნილოსი სიგრძით მსოფლიოს პირველი (6671 კმ.) მდინარეა (ზოგიერთი მკვლევარი მას მეორე ადგილზე აყენებს). იგი სათავეს აღმოსავლეთ აფრიკის ზეგანზე იღებს და ვიქტორიას ტბაზე გადის. ნილოსის სათავეა მდ. რუკარარა (კაგერის შენაკადი), რომელიც ჩაედინება ვიქტორიას ტბაში და გამოედინება ვიქტორია-ნილოსის სახით. ნილოსის სათავეს უშედეგოდ ეძებდა დ. ლივინგსტონი, მისი სათავე იპოვა ინგლისის ექსპედიციამ დ. სპიკის მეთაურობით. მისი სათავის აღმოჩენისთანავე სპიკმა ლონდონში გააგზავნა ტელეგრამა, რომელსაც გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიაში ყველაზე მოკლედ თვლიან: "ნილოსი დადგენილია". ზემო დინებაში, მდინარის ვიწრო ხეობაში, ჭორომები და ჩანჩქერებია.

ვაკეზე გამოსვლისას მდინარე ნელა მიედინება და თეთრ ნილოსის სახელითაა ცნობილი. ქალაქ ხართუმთან მას უერთდება ცისფერი ნილოსი, რის შედეგადაც მდინარე ორჯერ უფრო განიერი ხდება და აქედან უკვე ნილოსის სახელით მიედინება. ცისფერი ნილოსი ყველაზე უხვწყლიანი შენაკადია.

იგი ეთიოპიის მთიანეთში, ტანას ტბიდან გამოედინება. შუა დინებაში ნილოსი კრისტალური ქანებით აგებულ პლატოს აკეთებს და აჩენს ჭორომებს, რაც ადრე ხელს უშლიდა ნაოსნობას. ასუანის კაშხლის აგების შემდეგ მდინარეში წყლის დონემ აიწია და ნაოსნობაც შესაძლებელი გახდა. შესართავში, ხმელთაშუა ზღვაში, მდინარე ფართო დელტას ქმნის, როლის ადგილზეც წარსულში ხმელთაშუა ზღვის ყურე ყოფილა.

დელტაში წარმოქმნილია პატარ-პატარა ტბები, რომლებიც მდინარის ნატანი ნაშალი მასალითაა ზღვისგან გამოყოფილი.

აფრიკაში ყველაზე წყალუხვი და სიგრძით მეორე (4320 კმ) მდინარეა კონგო. წყალუხვობით და წყალშემოკრები აუზის სიდიდით იგი მხოლოდ მდინარე ამაზონს ჩამორჩება. მდენარე ორ ადგილზე კვეთს ეკვატორს და მთელი წელი წყალუხვია. კონგო საფეხურებრივ ზეგანზე მიედინება, ამიტომ მის ხეობაში უამრავი ჭორომი და ჩანჩქერია. ნაოსნობა მხოლოდ მდინარის შუა დინების ფარგლებშია შესაძლებელი, სადაც იგი ფართო ხეობას ქმნის. აქ კალაპოტის სიგრძე 20 კმ-ია. მდინარე კონგო დელტას არ წარმოადგენს.

სიგრძითა და წყალშემკრები აუზის ფართობით, აფრიკის მესამე მდინარეა ნიგერი. შუა დინებაში იგი ვაკის მდინარეა, ზემო და ქვემო დინებებში ბევრია ჭორომები და ჩანჩქერები. მდინარე შორ მანძილზე კვეთს მშრალ ტერიტორიებს. შესართავთან ნიგერი დელტას წარმოადგენს.

აფრიკის ყველაზე დიდი ტბა ვიქტორია.


1991 წლის აპრილში ტანას ტბაზე გადაღებული სატელიტური ფოტო. ამ ტბიდან იღებს სათავეს ცისფერი ნილოსი.

ზამბეზი ინდოეთის ოკეანის ყველაზე დიდი მდინარეა. აქ არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი ვიქტორია. 180 მეტრის სიგანის მდინარე 120 მეტრის საფეხურიდან ეშვება ვიწრო ხეობაში. ჩანჩქერი ვიქტორია ბუმნების საოცარი მოვლენაა. ხეობა ჩანჩქერთან შედარებით 13-ჯერ უფრო ვიწროა. ჩანჩქერის ადგილობრივი სახელწოდებაა "ჩონგუე", რაც "ცისარტყელას" ან "ცისარტყელის ადგილს" ნიშნავს.

არის მეორე სახელიც "მოიზი-ოატუნია" რაც "მრგრგვინავ კვამლს" ნიშნავს. სახელი ვიქტორია კი დ. ლივინგსტონმა ინგლისის დედოფალის პატივსაცემად უწოდა. მნიშვნელოვანი მდინარეებია ასევე ორენჟი და ლიმპომპო.

ყველაზე დიდი ტბა აღმოსავლეთ აფრიკის ზეგანზე, რღვევის ზონაში მდებარეობს, ამიტომ მათ ქვაბულებს წაგრძელებული ფორმა აქვთ. ეს ტბები როგორც წესი, მაღალი და ციცაბოკალთებიანი მთებითაა შემოფარგლური.

აქ მდებარე ტბებს ძირითადა გრძელი ფორმა აქვთ და სიღრმითაც გამოირჩევიან, ამ მხრივ კლასიკური მაგალითია ტანგანიკას ტბა სიგანე 50-80 კმ-ია, სიგანე კი 650 კმ. იგი ყველაზე გრძელია დედამიწის მტკნარ ტბებს შორის, სიღრმით კი მხოლოდ ბაიკალის ტბას ჩამორჩება. ამასთან, ფართობით მეორე ადგილზეა აფრიკის ტბებს შორის და ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ტბა ვიქტორია.

ტბის ირგვლივ მაღალი მთები მდებარეობს , რომლებიც ბევრ ადგილას ციცაბო მთის კალთებით პირდაპირ ტბაში ეშვება და მაღალ-ფლატეებიან სანაპიროს ქმნის. დევიდ ლივინგსტონი ასე აგვიწერს ტანგანიკას «მომხიბლავია ტანგანიკა.

იგი ხშირი მცენარეებით შემოსილი ციცაბოკალთებიან მთებს შორის თითქმის ღრმა ფიალაშია მოქცული.

სადაც ქანები მოშიშვლებულია, კედლები ღია წითელი ფერისაა, ალაგ-ალაგ კედლებიდან ცისფერ ლენტებად ეშვება ჩანჩქერი, ოდნავ მოვაკებულ ადგილზე კი კამეჩები ბალახობენ, სპილოები დაეხეტებიან, ღამით ისმის ლომის ღრიალი ... დილასაღამოს უზარმაზარი ნიანგები ფრთხილად მიიპარებიან სანადირო ადგილებისკენ.»


ასი წლის წინანდელი აღწერილობიდან, ხმელეთი გარეული ცხოველები თითქმის აღარ შემორჩა, მაგრამ ტბის სამყარო ძალიან მდიდარია. მარტო თევზების 205 სახეობას ითვლის, რომელთაგან 70 % ენდემურია.

ვიქტორიის ტბა ფართობით ყველაზე დიდია აფრიკაში. იგი ბაქნის დამრეც როფში (ორმოში) მდებარეობს, ზღვის დონიდან 1134 მ-ზე და ღრმა არ არის.

საშუალო სიღრმე 40 მ-ია. იგი ისეთი დიდია, რომ ევროპელები და სხვებიც, მასზე ლაპარაკობენ არა როგორც ტბის, არამედ ზღვის შესახებ. ადგილობრივი მაცხოვრებლები უწოდებენ "იანც"-ს, რაც ბანტუს ენაზე "დიდ წყალს" ნიშნავს.

სპიკმა მას ვიქტორია, ნიანცა უწოდა. ტბის ნაპირები ძალზე დანაწევრებულია, ზოგან დაბალი და ბრტყელია, ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. ზოგ ადგილებში სავანაა, ზოგან ხშირი, მუქი-მწვანე ფოთლოვანი ტყეებია, ზოგანაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია.

ტბა ჩადი - წყალმარჩხია, გაუდინარი, სიღრმე 4-7 მ-ია, მდებარეობს სუდანის ვაკეზე. მისი წყლის სარკის ფართობი დამოკიდებულია ნალექებზე და იმ მდინარეთა რეჟიმზე, რომლებიც მასში ჩაედინებიან, ამიტომ წვიმიან პერიოდში იგი ზოგჯერ ორჯერ იმატებს. ტბის ნაპირები დაჭაობებულია. აღმოსავლეთ აფრიკაში აგრეთვე მნიშვნელოვანი ტბებია აგრეთვე რუდოლფი, ნიასა, ტანა და სხვ.


ჩანჩქერი ვიქტორია.

აფრიკის ყველაზე წყალუხვი მდინარე კონგო.

აფრიკის და მსოფლიოს ყველაზე გრძელი მდინარე ნილოსი.

ფლორა და ფაუნა .


ეკვატორული ტყე ბევრი ძვირფასი მცენარის სამშობლოა. ყველაზე გავრცელებულია ზეთის პალმა, რომლის ნაყოფისგან პალმითს ხდიან. ბევრი ძვირფასი ხის მერქნისგან ამზადებენ ავეჯს და გააქვთ საზღვარგარეთ, მაგალითად, აბანოზის ხე. ეკვატორული ტყეების ცხოველთა სამყარო მდიდარია და მრავალფეროვანია. მათი უმეტესობა ხეებზე ბინადრობს. ფრინველების მწერების და მღრღნელების გარდა, ხეებზე ბინადრობენ მრავალრიცხოვანი მაიმუნები, მათ შორის შიმპანზეები. მიწაზე ბინადრობენ ფუნჯაყურიანი ღორები, ანთარი, წვრილჩლიქოსნები - აფრიკული ირემი, რომელიც 40 სმ სიმაღლისაა. კატის ზომის ჯუჯა ანტილოპა და სხვ.

ტყისპირეებსა და წყალსატევების ნაპირებთან გვხვდება დედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველი, ჯუჯა ბეჰემოთი, ჟირაფის მონათესავე ოკაპი, რომელიც მხოლოდ აფრიკაშია. ეკვატორული ტყეების ყველაზე დიდი მტაცებელია ავაზა, მიყრუებულ მიუვალ ადგილებში ცხოვრობს გორილები. ტყის ყველა იარუსზე გავრცელებულია ჭიანჭველები. მათი ზოგიერთი სახეობა, ეგრეთ წოდებული მომთაბარე ჭიანჭველები, გრძელ კოლონებად გადადგილებისას, გზადაგზა ყველაფერს ანადგურებს. ტყეებში მწერების დიდი რაოდენობაა.

ფინიკის პალმა საჰარაში, ერგ-შების ოაზისი.
ნეხევარუდაბნოების საზღვრებთან, სადაც წვიმების სეზონი 2-3 თვეა, წარმოიქმნება გაუდაბნოებული სავანა. აფრიკული სავანის დამახასიათებელი ხეა - ბაობაბი. მას სავანის დარჯსაც კი უწოდებენ. წვიმიან პერიოდში გამოირჩევაგაშლილი ტოტებით და წვრილი, ღია მწვანე ფერის ფოთლებით. მშარალ პერიოდში იგი შიშვლდება. ვარაუდობენ რომ ბაობაბი 4-5 ათასი წელი ცოცხლობს. იგი გიგანტური ხეა, მისი დიამეტრი 10 მეტრამდეა. მერქანი წყლითაა გაჟღენთილი, რითაც ის მშრალ პერიოდებში საზრდოობს. მსოფლიოში არსად არ არის ისე მრავლად თავმოყრილი ცხოველები როგორც აფრიკის სავანეში, განსაკუთრებით კი ბალახისმჭამელი ცხოველები: ანტილოპის სხვადასხვა სახეობა, ზებრა, ჟირაფი, ბალახისმჭამელებს შორის უდიდესი ცხოველი სპილო, გარეული კამეჩი, მარტორქა, მდინარეების და ტბების სანაპიროებზე გვხვდება ბეჰემოთი.

დიდი ცხოველების მრავალფეროვნება, აფრიკული ფაუნის დამახასიათებელი ნიშანია. ბალახისმჭამელების მუდმივი თანამგზავრებია მტაცებლები: ჰეპარდი, ტურა, ავაზა, ლომი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი. სავანა ძალიან მდიდარია ფრინველებით. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ულამაზესი ფრინველი - მენექტრე, აგრეთვე დედამიწის ყველაზე დიდი ფრინველი აფრიკული სირაქლემა. ასევეა მარიბუ, რომელიც მხოლოდ აფრიკაში გვხვდება. სავანაში უჩვეულოდ ბევრი თერმიტია. მოსახლეობას უდიდეს ზიანს აყენებს ბუზი ცეცე. მას გადააქვს პირუტყის და ადამიანის დაავადების გამომწვევი ბაცილები, რაც ხშირად ორივესთვის დამღუპველია.

კოლონიური უღლის მოცილების შემდეგ აფრიკაში დიდი ყურადღება ექცევა ველური ბუნების დაცვას. ამ მიზნით ყოველწლირად მატულობს ბუნების დაცული ტერიტორიების (ნაკძალების და ეროვნული პარკების) რაოდენობა და ფართობი. განსაკუთრებით ბევრია ისინი სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში. ზოგიერთი მათგანი მაგ: სერენგეტი, კრიუგერი, ცაავო და სხვები მსოფლიოში ცნობილია. მიღებული ზომების წყალობით გადაშენების გზაზე მყოფი ცხოველების რიცხვი აქ აღდგენილია.

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 2264 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები