ოთხშაბათი, 24.04.2024, 21:23
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითები.
20:33
იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითები.

იბერიულ-კავკასიურ ხალხთა მითოლოგია ჩრდილოეთ კავკასიაში და ამიერკავკასიის ნაწილში მცხოვრებ იმ ხალხთა მითოლოგიური წარმოდგენების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც საუბრობენ კავკასიური ენების ოჯახში შემავალ ენებზე. ამ ხალხთა ჯგუფს განეკუთვნებიან: ქართველები, ადიღები (ყაბარდოელები, ადიღები, ჩერქეზები), აფხაზები, აბაზები, ჩეჩნები და ინგუშები (ვაინახები), დაღესტნელები (ავარელები, ლეკები, დარგუელები, ლაკები, ლეზგები და სხვ.) და სხვ.

წარმოშობის ისტორია.


ეს მითოლოგიური სისტემები წარმოიშვა უხსოვარ წარსულში იბერიულ-კავკასიურ ხალხთა წინაპარ ტომებს შორის. განვითარების პროცესში ეს სისტემები სხვადასხვა ზეგავლენას განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი ზეგავლენა მათზე ქრისტიანობამ და ისლამმა იქონია.

კავკასიურ-იბერიული მითების ცალკეული ციკლები თითქმის არ შემონახულა, რადგან დიდ ეპოსებს (მაგ. ქართული ეპოსი ამირანის შესახებ, კავკასიური ნართების ეპოსი) შეერწყა თითქმის ყველა მითოლოგიური სიუჟეტი და მოტივი.

მრავალი წარმოდგენის და სიუჟეტის აღდგენა ხდება ენობრივი მონაცემებში და სიმღერებში, ცეკვებში, ზეპირ გადმოცემებსა და რიტუალებში გაბნეული მოტივების მიხედვით. ეს მოტივები, რომლებიც კარგავდნენ პირვანდელ კონტექსტს, ზოგჯერ ერწყმოდნენ გვიანდელ რელიგიურ სისტემებს და ქრისტიანული და მუსულმანური კულტის ელემენტებად იქცეოდნენ.

კავკასიურ-იბერიული მითოლოგიის უძველეს პლასტებზე წარმოდგენას იძლევა არქეოლოგია. ენეოლითისა და ადრეული ბრინჯაოს ხანიდან ჩვენამდე მოაღწია საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების საგნების ფრაგმენტებმა, რომლებზეც გამოსახულია ასტრალური ნიშნები, ჯვრები, ოთხკუთხედები, ადამიანთა და ცხოველთა ფიგურები.

სხვადასხვა ტიპის სამარხების არსებობა გვაფიქრებინებს უკვე ამ ეპოქაში სიკვდილისშემდგომი სამყაროს შესახებ კომპლექსური წარმოდგენების არსებობაზე. კავკასიელ ხალხთა კოსმოგონიური წარმოდგენების მიხედვით, ხმელეთს მრგვალი ფორმა ჰქონდა და გარშემორტყმული იყო ზღვით ან მთებით. სამყაროს კიდეზე იდგა ცხოვრების ხე, რომელიც ვერტიკალურად აერთებდა ცას, დედამიწასა და მიწისქწვეშა სამყაროს.


ჩეჩნების და ინგუშების წარმოდგენების თანახმად, მიწისქვეშა სამყარო ვერტიკალურად შვიდ სხვა სამყაროდ იყოფოდა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყო თითოეული სამყაროს კიდეზე არსებული სოროებითა თუ საიდუმლო გამოქვაბულებით (მოგვიანებით ჩეჩნებსა და ინგუშებში წარმოიშვა ერთიანი მიწისქვეშა სამყაროს გაგება).

კოსმოგონიური წარმოდგენების შემდგომ განვითარებაზე თვალის გადევნება კარგად შეიძლება ენობრივი მონაცემების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სამყარო გადამკვეთ კოორდინატებზე განლაგებული ცალკეული სამყაროებისგან შედგება (შდრ. ქართული სკნელი); ვერტიკალურად განლაგდება ზედა სამყარო (ზესკნელი), მიწიერი სამყარო (სკნელი) და მიწისქვეშა სამყარო (ქვესკნელი); ჰორიზონტალურად სამყაროს ცენტრის (სკნელის) წინ მოთავსებულია წინა სამყარო (წინასკნელი), ხოლო უკან - უკანა სამყარო (უკანასკნელი).

ზედა სამყარო დასახლებულია ღვთაებებით, ფრინველებით და ფანტასტიური არსებებით, შუა - ადამიანებით, ცხოველებითა და მცენარეებით. ქვედა სამყარო ბოროტი ქტონური არსებების - დევების, დრაკონების, აგრეთვე სიღრმისეული წყლების სამყაროა. სამ ვერტიკალურ სამყაროს (ქართულ მითოლოგიაში) შეესაბამება თეთრი, წითელი და შავი ფერი. 

წინა სამყაროს - ნათელს და კეთილგანწყობილს, შეესაბამება გაგება "აქ”, ხოლო მის საპირისპირო უკანა სამყაროს - ბნელს, იდუმალს, ხიფათით და მოულოდნელობებით აღსავსეს - გაგება "იქ”. ბოროტი უკანა სამყაროს გამო მრავალი ჩვეულებით იკრძალებოდა უკან მოხედვა.

ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად განლაგებულ სამყაროთა მთელი ეს სისტემა გარშემორტყმულია ბნელი გარეთა სამყაროთი - გარესკნელით, რომლის იქით არაფერი არ არსებობს და რომელიც მოიაზრება, როგორც გაყინული სიბნელე და უცვლელი მარადისობა. ვერტიკალურად განლაგებული სამყაროები ერთმანეთისგან ჰაერის სისქით და ხმელეთით გამოიყოფა, ხოლო ჰორიზონტალური - შვიდი (ცხრა) მთით და ზღვით.

ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ღვთაებების და ღმერთკაცებისთვის, ხოლო ადამიანს ასეთი გადასვლა შეუძლია მხოლოდ ღვთაების ნებართვით "იერის ცვლის” ანუ სიკვდილის გზით (შდრ. ქართული "გარდაცვალება”), როდესაც სული დროებით ტოვებს სხეულს, "მოგზაურობს” ღვთაებებთან ერთად ერთი სამყაროდან მეორეში, ხოლო დაბრუნების შემდეგ კვლავ შესახლდება მის სხეულში (ქართ.

გახუა მეგრელაური, ინგუშური ბოტკი შირტკა). მოგვიანებით ჩნდება (ალბათ, ქრისტიანობის და მუსულმანობის გავლენით) სამოთხის და ჯოჯოხეთის ცნებები, ფორმდება სიუჟეტები, რომლებიც აღწერს სულის გადასვლას გარდაცვლილთა სამეფოში და ცოდვილთა სასჯელებს.

ყველა სამყაროს ერთმანეთთან აერთიანებს სამყაროს კიდეზე მდგარი მსოფლიო ხე (მისი ვარიანტებია - სვეტი, რომელსაც ეყრდნობა ცარგვალი; კოშკი; ციდან დაშვებული ჯაჭვი; ირემი უზარმაზარი დატოტვილი რქებით, რომლებიც ცამდე აღწევს) მასზე მიბმული ცხოველით (აფხაზთა წარმოდგენით, როდესაც ცხოველი იღვიძებს და განთავისუფლებას ლამობს, ხდება მიწისძვრები). სამყაროთა შორის კავშირი მყარდება აგრეთვე ჯადოსნური ცხოველების, ფრინველების, ფანტასტიური არსებების (გმირთა რაშები, არწივები, თეთრი და შავი ცხვრები, დევები, ქაჯები და ა. შ.) მეშვეობით.

ამ წარმოდგენებს უკავშირდება რწმენა ხის და ტყეების ზებუნებრივი ძალის შესახებ. მრავალი ტომი (აფხაზები, ადიღები, დაღესტნელები) თაყვანს სცემდა ხეებს და სწირავდა მსხვერპლს. ქართულ მითებში ღვთაებები ხშირად ევლინებიან ურჩ ქვეშევრდომებს ხეების სახით.

ჩეჩნების და ინგუშების კოსმოგონიური წარმოდგენა სიცოცხლის წარმოშობას უკავშირებს დედამიწაზე დაშვებულ უზარმაზარ თეთრ ფრინველს. დედამიწა მაშინ წარმოადგენდა ბრტყელ, უწყლო ხმელეთს, მცენარეებისა და ცხოველების გარეშე.

ფრინველის უკან გაფრენის შემდეგ მისი ექსკრემენტებისგან წარმოიქმნა წყალი და თესლი, დაღვრილი წყლისგან წარმოიქმნა ზღვები, ტბები, მდინარეები; ქარით გაფანტული თესლით წარმოიშვა სხვადასხვა მცენარე. სხვა ვაინახური მითების მიხედვით მთები, ცხოველები და ადამიანები შექმნა დემიურგმა დიალამ.

კავკასიურ-იბერიულ მითებში შემონახულია ძველი წინაქრისტიანული და წინაისლამური ღვთაებების პანთეონები უზენაესი ღვთაებით სათავეში. თუმცა მითებში უზენაესი ღვთაების გავლენა სხვა ღვთაებებზე ხშირად არ ვლინდება (ისევე, როგორც უზენაეს ღვთაებებს ხშირად უფრო არქაული მითოლოგიური პერსონაჟების ნიშან-თვისებები აქვს შემორჩენილი), რაც ამ წარმოდგენების შედარებით გვიანდელ წარმოშობაზე მიუთითებს. ამასთანავე, უზენაესი ღვთაების ცნებამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა ქრისტიანობის და ისლამის გავლენით.

ქართული პანთეონის სათავეში დგას უზენაესი ღვთაება - ღმერთი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ინაწილებს ზოგიერთ ფუნქციას სხვა ღვთაებებთან, არსებითად წარმოადგენს მსოფლიო წესრიგის ერთადერთ დამფუძნებელს და დამცველს, ყოველივე არსებულის მბრძანებელს.

იგი იმყოფება მეცხრე ცაზე და მისი ნების გარეშე არაფერი არ ხდება არც მზისქვეშეთში, არც გარდაცვლილთა საუფლოში (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ასოცირდებოდა ბიბლიურ მამა - ღმერთთან). დანარჩენ ღვთაებებს - ხვთისშვილებს (ღმერთის შვილებს) ლოკალური ღვთაებების - მფარველების და ადამიანთა და უზენაეს ღმერთს შორის შუამავლების ფუნქცია აქვთ. ხვთისშვილთა მეთაურად ითვლებოდა კვირია - ხმელეთის მმართველი, რომელსაც საკუთარი კარავი ანუ სახლეული ჰქონდა.

ზოგიერთი მითის მიხედვით, კვირია ითვლებოდა შუამავლად ღმერთსა და დანარჩენ ხვთისშვილებს შორის, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკრიბებოდნენ უზენაესი ღმერთის კართან (დასავლეთ საქართველოს მთის ხალხთა მითებში კვირია ნაყოფიერების ფალოსური ღვთაებაა).

აფხაზური პანთეონის სათავეში დგას ანცვა, რომელსაც შერწყმული აქვს ჭექა-ქუხილის და ნადირობის ძველი ღვთაებების, დედა-ღვთაების და სხვათა ნიშან-თვისებები. ადიღეურ მითოლოგიაში პანთეონის მეთაური, დემიურგი და შემოქმედი არის ტხა (სიტყვის წარმოშობა ადიღეური "დიგე”, "ტიგე” - მზე, საშუალებას იძლევა ვიფიქროთ, რომ თავდაპირველად შემოქმედის როლი ეკუთვნოდა მზის ღვთაებას); მოგვიანებით ტხას ფუნქციებმა გადაინაცვლა ტხაშხოსთან.

ტხაშხოს კულტმა მიიღო ქრისტიანობის ზოგიერთი ელემენტი, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში ისლამის გავრცელების შემდეგ ალაჰის კულტს შეერწყა.

ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაში უზენაესი ღვთაება, დემიურგი არის დიალა. დაღესტანში ერთი და იმავე ფუნქციის მქონე მითოლოგიურ პერსონაჟებს არა აქვთ საერთო სახელი, თითქმის ყველა ხალხს თავისი ღმერთები ჰყავს. პანთეონის სათავეში დგას ზალი (ლეკებთან), ბეჩედი (ავარელებთან), გინიში (წახურებთან), იინიში (რუთულებთან) და სხვ.

დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.


კავკასიურ-იბერიული ხალხების მითოლოგიური წარმოდგენებისთვის დამახასიათებელია მზის, მთვარის და სხვა მნათობების პერსონიფიკაცია. ქართულ მითებში მთვარე მამაკაცია, მზე - ქალი; ისინი ხან და-ძმანი არიან, ხან - ცოლ-ქმარი, ხან კი - დედა-შვილი.

დაღესტნის მთიელები მთვარეს და მზეს ქალიშვილის და ჭაბუკის იერით გამოსახავდნენ, ამასთანავე ზოგიერთ მითში ისინი და-ძმად გვევლინებიან, ზოგში კი - შეყვარებულებად.

აფხაზთა პანთეონში თავდაპირველად შედიოდა მზის ამოსვლის და ჩასვლის ღვთაება ხაიტი, რომელიც დაკავშირებული იყო ცოცხალთა სამყაროსთან, გარდაცვლილთა სამყაროსთან, ზღვასთან. ძველი წარმოდგენებით, ხაიტის საზღვაო სამეფოში მთებიდან უზარმაზარი ხვრელით ჩაედინება ყველა მდინარე. ხაიტის ქალური შესატყვისი - კოდოში, რომლის კულტიც გავრცელებული იყო აფხაზეთის სანაპირო ზოლში და ზოგიერთ მოსაზღვრე ადიღეურ ტომში (მაგ. შაფსუღებში), გამოისახებოდა მისადმი მიძღვნილი ტყეებისა და ცალკეული ხის თაყვანისცემით.

მოგვიანებით აფხაზურ პანთეონში შევიდნენ ამრა (მზის პერსონიფიკაცია) და ამზა (მთვარის პერსონიფიკაცია). მთვარის ფაზების წარმოშობის შესახებ მითის მიხედვით, ამრა (მზე) - მშვენიერი ქალია, ხოლო ამზა - მისი ქმარი. ამზას მოსდევს მისი და - ეშმაკი. როდესაც დაეწევა გაქცეულ ძმას, იგი იწყებს მის ჭამას. ამ დროს ჩნდება ამრა, რომელსაც გაუგია უბედურების შესახებ. ის თავისკენ ექაჩება ამზას, ხოლო და - თავისკენ. კამათს ღვთაება გადაჭრის: 15 დღით იგი ამზას ეშმაკს აძლევს (რომელიც ამ პერიოდში თითქმის მთლიანად შთანთქავს მთვარეს), ხოლო 15 დღით - მის ცოლს ამრას.

იგი ახერხებს მიუსწროს ამზას სიცოცხლის ბოლოს (როდესაც მთვარე ილევა) და ალერსით და ზრუნვით კვლავ შთაბეროს სიცოცხლე. სავსემთვარეობისას კვლავ ეშმაკი აღიდგენს უფლებებს.

არსებობს მთვარეზე ლაქების ახსნის სხვადასხვა ვარიანტი: მეცხვარის მიერ ზევით ასროლილი და მთვარეზე გაბნეული ძროხის ნაკელი; ნართ სასრიყვას ჯოგი, რომელიც მთვარეზე ძოვს. ქართველთა წარმოდგენით ლაქები მთვარეზე დედის მიერ ცომში მოსვრილი ხელით შვილისთვის სილის გაწვნის კვალია.

მრავალი კავკასიური ხალხის რწმენით მთვარის დაბნელება ხდება იმის გამო, რომ მას თავს ესხმის ურჩხული (დრაკონი), რომელიც მის შეჭმას ლამობს; არსებობდა ტრადიცია მთვარის დაბნელების დროს მისი მიმართულებით სროლისა, რათა ეხსნათ იგი. ინგუშების და ჩეჩნების მითოლოგიაში ციური მნათობებისადმი მიძღვნილი რამდენიმე სიუჟეტი არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, პერსონიფიცირებული მზე (ან მზის ღმერთი) გელა დილით ზღვიდან ამოდის, ხოლო საღამოს კვლავ ზღვაში ჩადის.

როდესაც იგი ჰორიზონტზე ამოდის, მისგან ზღვის ქაფი წვეთავს. წელიწადში ორჯერ (ბუნიობის დროს) დედამისს - აზას სტუმრობს (ზოგიერთი მითის მიხედვით, აზა მზის შვილია, ყოველივე ცოცხალის მფარველი; დაიბადა მზის სხივისგან და წარმოადგენს მზის სხივების მაცოცხლებელ ძალას).

ერთ-ერთი მითის თანახმად, მზე და მთვარე ძმები არიან (თუმცა სხვადასხვა დედის შვილები), რომელთაც მუდმივად დევნის მათი ბოროტი და მოჟი, რომელსაც ცაზე თავისი ნათესავები შეუჭამია; როცა იგი მათ დაეწევა, ხდება დაბნელება.

სხვა მითი მოგვითხრობს მზისა და სხვა მნათობების წარმოშობის შესახებ. მშვენიერ ქალიშვილს მისდევდა მასზე შეყვარებული სახელგანთქმული ოსტატი-მჭედელი, რომელმაც არ იცოდა, რომ ეს ქალიშვილი მისი და იყო: იგი მას გავარვარებული ოქროს კომბლით მისდევდა მანამდე, ვიდრე ორივენი არ მოკვდნენ. კომბლის ნაპერწკლები ვარსკვლავებად გადაიქცნენ, ჭაბუკი - მზედ, ხოლო ქალიშვილი - მთვარედ. დღემდე ჭაბუკი (მზე) ცდილობს დაეწიოს ცაზე მის შეყვარებულს (მთვარეს).

კავკასიაში გავრცელებულია მითოლოგიური სიუჟეტები მფარველ ღვთაებებზე და ბუნებრივი ობიექტების - მდინარეების, ტბების, ზღვების, მთის მწვერვალების და სხვ. მფლობელებზე, აგრეთვე ნადირობის ღვთაებებზე, რომლის ნებართვის გარეშე მონადირეს არ შეუძლია მოინადიროს რაიმე. არსებობს აგრეთვე ლეგენდები გარეული ცხოველების "პატრონ” ღვთაებებზე. ისინი ჩუქნიან მონადირეს ნანადირევს, რომლის მოკვლაც მათი ნებართვის გარეშე ეკრძალებათ, ხოლო ურჩი ყოველთვის ისჯება.

ნადირობის ღვთაებებს მიეკუთვნებიან ქართული ოჩოპინტრე, დალი, აფხაზური აჟვეიფში, რომელიც ზოგჯერ აერგთან არის გაიგივებული, ადიღეური მეზიტხა, რომელმაც განდევნა ნადირობის ადრინდელი ღვთაება მეზგუაში (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მისი ფუნქციები ნაწილობრივ დაუშჯერჯიამ აიღო, რომელსაც აგრეთვე წმინდა გიორგის ნიშნები შეერწყა), დაღესტნური აბდალი (ავდალი), ინგუშური ელტა (რომელიც აგრეთვე მცენარეულობის ღვთაებაა) და სხვ.

მითოლოგია კავკასიურ ფოლკლორში.

ნადირობის რიტუალები.

ნადირობის ღვთაებებთან დაკავშირებული წარმოდგენები ასახულია სანადირო ეპოსში და მითოლოგიურ სიუჟეტებში მონადირეთა შესახებ, რომლებიც მისდევენ რა ნადირთა მფარველ ღვთაებებს, რომელთაც ცხოველის სახე აქვთ მიღებული, მაღალი კლდეებიდან ვარდებიან და იღუპებიან. ეს სიუჟეტები, ისევე, როგორც ხალხური ცეკვებისა და სიმღერების ტექსტები, სრულდებოდა საგაზაფხულო დღეობებზე. მოგვიანებით კავკასიაში სანადირო მოტივები აგრარულ და კოსმოგონიურ წარმოდგენებს შეერწყა. ცეკვა-სიმღერები დაღუპული მონადირის შესახებ, რომლებიც ყოველწლიურად სრულდებოდა ადრეულ საგაზაფხულო დღეობებზე, ეძღვნებოდა ბუნების ნაყოფიერების განახლებას და გამოღვიძებას.

ტოტემები.

დაღესტნის მრავალ ხალხში სჩანს ტოტემური წარმოდგენების კვალი. ტოტემების როლში გვხვდება დათვი, ძროხა, ძაღლი, ცხენი, თხა, ცხვარი, არწივი. დაღესტნის ხალხთა წარმოდგენებში მნიშვნელოვანია გველის როლი; ერთგან გველი კეთილი სულია, სახლის მფარველი, ხოლო მეორეგან - წყლის, წვიმის და ელვის განსახიერება. ტოტემური წარმოდგენები მოსჩანს ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაშიც. ერთ-ერთ ზღაპარში უშვილო წყვილს ძროხამ და დედალმა ცხენმა მოუყვანეს შვილები. მშობლებმა ძროხისგან დაბადებულ შვილს მახტატი დაარქვეს, ხოლო ცხენისგან დაბადებულს - პახტატი. მათ გოლიათური ძალა აქვთ და მრავალ გმირობას ჩადიან. სხვა ზღაპარში ადამიანის და დათვის კავშირის შედეგად ჩნდება ჯადოსნური უნარის მქონე გმირი ჩაიტონგი. ჩეჩნებთან და ინგუშებთან ადამიანთა მფარველად გვევლინებიან ფრინველი (ფარა ხაზილგი) და გველი.

ამინდის რიტუალები.


მრავალი სიუჟეტი უკავშირდება ელვის და ჭექა-ქუხილის ღვთაებებს, ადამიანთა ბედის და მოსავლის გამგებლებს. ისინი, უზენაესი ღმერთების მსგავსად, ფლობენ ციურ ცეცხლს და დედამიწაზე გზავნიან წვიმას და გვალვას. ქართულმა მითებმა და რიტუალებმა არ შემოგვინახა ელვის და ჭექა- ქუხილის უძველესი ღვთაებების სახელები, რომელთა კულტიც შეერწყა მათი გამომდევნელი ქრისტიანული წმინდანების - ელიას (ილიას), გიორგის და სხვ. კულტს. აფხაზურ პანთეონში ელვის და ჭექა-ქუხილის მბრძანებელია აფი, რომელიც დედამიწაზე ცეცხლოვან ისრებს გზავნის. ადიღებს სწამდათ დიდი ელვისმტყორცნელი ღმერთი შიბლე, რომელიც სულის ღმერთ ფსატხასთან ერთად პანთეონში ტხას (ტხაშხოს) შემდეგ მოდიოდა. დაღესტანში თაყვანს სცემდნენ ელვის და ჭექა-ქუხილის ღვთაებებს ასს (ლაკებთან) და არშს (წახურებთან), წვიმის ღვთაებებს (ზიუვილს ლაკებთან, გუდილს ტაბასარებთან, გუდის რუთულებთან, გოდეის წახურებთან, ფეშაფაის ლეზგებთან).

აფხაზები, ადიღები, ქართველები მეხისგან მოკლულს განსაკუთრებული პატივით კრძალავდნენ, როგორც წესი სიკვდილის ადგილზე. ჭექა-ქუხილთან და ელვასთან დაკავშირებულია მჭედლობის მფარველი ღვთაებები (ქართული პირქუში, აფხაზური შაშვი, ადიღეური ტლეფში). აფხაზები სამჭედლოს ჭექა- ქუხილის ღმერთის - აფის ნამსხვრევად თვლიდნენ. მთელ კავკასიაში იყო გავრცელებული წარმოდგენები ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი ღვთაებების შესახებ, რომლებიც გამოსთხოვდნენ ხოლმე ღმერთს ადამიანთათვის სასურველ ამინდს. რიტუალების დროს ამ ღვთაებების პატივსაცემად ქალები სოფელში მორთული თოჯინებით დადიოდნენ, რომელთაც წყლით რწყავდნენ, ხოლო ცერემონიის დასრულების შემდეგ მდინარეში ყრიდნენ ხოლმე. ითვლებოდა, რომ ეს მსვლელობები შეაჩერებდა გვალვას და კოკისპირულ წვიმებს. ლაზარეს, გონჯოს და სხვებთან ერთად ქართველები თაყვანს სცემდნენ ქრისტიანულ წმინდანებს, რომელთაც საჭირო ამინდი მოჰყავდათ, კერძოდ, გაღმერთებულ ისტორიულ პიროვნებებს.

აგრარული რიტუალები.


ფალოსური თოჯინებით გამართული რიტუალური მსვლელობები ბევრ რამეში ემთხვევა ძველბერძენი მწერლების მიერ აღწერილ, მოსავლიანობის ღვთაებებისადმი მიძღვნილ დღესასწაულებს. საქონლის ნაყოფიერებაზე ქართველები უზენაეს ღვთაებას (ღმერთს) ევედრებოდნენ, აგრეთვე წმინდა მარიამს და სხვადასხვა სინკრეტულ ღვთაებას, რომლებიც საქონლის მფარველობასთან ერთად აგრარულ ფუნქციებსაც ითავსებდნენ (მაგ. ბოსელი, ბარბალე, ბარბოლი, ქრისტიანული წმინდა ბარბარე, თევდორე, ჭაბუკი, ლამარი და სხვ.) შემონახულია აგრეთვე შინაური ცხოველების და მიწათმოქმედების განსაკუთრებულ მფარველებთან დაკავშირებული სიუჟეტები.

დაღესტანში ლეზგინები თაყვანს სცემდნენ მიწათმოქმედების და მესაქონლეობის ღვთაება გუცარს. კავკასიის სხვა ხალხებთან ეს წარმოდგენები უფრო დიფერენცირებულია. აფხაზები მესაქონლეობის მთავარ ღვთაება აიტართან ერთად თაყვანს სცემდნენ საქონლის, განსაკუთრებით კამეჩების მფარველ ღვთაებას მკამგარიას (აკამგარია, სკამგარია). ადიღები თაყვანს სცემდნენ ხარების მფარველს - ხაკუსტაშს და ძროხების მფარველს - ფშიშაკს; ამათ გარდა იყვნენ მსხვილი და წვრილი საქონლის მფარველი ღვთაებები ახინი და ამიში.

მთელ კავკასიაშია გავრცელებული ლეგენდები საქონლის მფარველი ღვთაების მიერ გამოგზავნილი ძროხის ან ხარის შესახებ, რომელიც ნებაყოფლობით სწირავს თავს მსხვერპლად ამ ღვთაებას. ქართველებში ეს ლეგენდები უკავშირდება სხვადასხვა ღვთაების - თემის მფარველთა და ქრისტიან წმინდანთა კულტს. ქრისტიანული ეკლესია იყენებდა ლეგენდებს ცხოველის შესახებ, რომელიც თვითონ მოდის მსხვერპლად შეწირვის ადგილას. მაგ. ილორის ტაძარში წმინდა გიორგის დღეობაზე "სასწაული” ხდებოდა: მოდიოდა ოქროს რქიანი ხარი, რომელიც თითქოს დღესასწაულის წინა ღამით თვით წმინდანის მიერ იყო მოყვანილი. ქართული ლეგენდის თანახმად, თავდაპირველად ღვთაება ირემს გზავნიდა.

ნებაყოფლობითი მსხვერპლის მოტივი უახლოვდება შესაბამის ანტიკურ და ძველაღმოსავლურ მოტივებს. კავკასიის მთიელებში ცნობილია მიწათმოქმედების, ნაყოფიერების და მოსავლის ძველი ღვთაებები, როგორებიც არიან აფხაზური ჯაჯა და ანაპა-ნაგა, ადიღეური ტხაგალეჯი, ჩეჩნურ- ინგუშური ერდი, თუშოლი (რომელიც ქართველებშიც არის ცნობილი), დაღესტნური იდორი, კვარა და სხვ.

ხელოსნობის მფარველები.


არსებობენ ხელობის მფარველი ღვთაებები (კერძოდ, ქართული ლამარი, აფხაზური ერიში - ქსოვის, საუნაუ - ფქვის და სხვ.) იბერიულ-კავკასიურ მითოლოგიაში შემონახულია წარმოდგენები კეთილი და ბოროტი სულების, ტყის კაცების შესახებ, რომლებიც მოგვიანებით ქრისტიანობის და ისლამის გავლენით ეშმაკის, შაითანის, იბლისის შესახებ წარმოდგენებს შეერწყა. ჩეჩნურ-ინგუშურ მითოლოგიაში კეთილი სულების - მფარველების როლში გვევლინებიან ტარამები; ბევრია ბოროტი სული - ალმაზები, ხუნ საგი, უბური, ვოჩაბი, გამსილგი. ბოროტ სულთა შორის ბევრი სხვადასხვა დაავადებას განასახიერებს.

დაღესტნის ხალხებში შაითანები წარმოადგენენ თმებით დაფარულ ანთროპომორფულ არსებებს გადმოტრიალებული ხელ-ფეხით და ადამიანზე დაბლები არიან. ისინი განცალკევებულად ცხოვრობენ და ისეთივე ცხოვრებას ეწევიან, როგორსაც ადამიანები: ქორწინდებიან, შობენ შვილებს (მძიმე მშობიარობის დროს დამხმარე ქალს იწვევენ); უყვართ ცხენებით სეირნობა. ზოგჯერ ნაცნობი ადამიანის სახეს იღებენ. ზოგჯერ, თუ ადამიანმა სიკეთე და ზრუნვა გამოამჟღავნა, შაითანი მას მდიდარ ადამიანად აქცევს. ბოროტი შაითანები ცვლიან ახალშობილებს, ხელს კრავენ უფსკრულის კიდეზე მდგომ ადამიანებს, აჩერებენ წისქვილებს და ა.შ. მთის ხალხის რწმენით, ყურანისეული ლოცვა შაითანისგან იცავს. ავარელებთან შაითანებს საკუთარი სახელები აქვთ: იტუ, ტიტუ, ნისკუ და სხვ. შაითანთა სახესხვაობას წარმოადგენენ ვასვასინეკალი (ჯერ კიდევ არდაბადებულ ადამიანს დაავადებებს მოუვლენს), კეხაი (კისერს უმრუდებს ადამიანს, აბნევს მას, უმთავრესად კი საქონელს ერჩის), ჟუნდული (ჩვეულებრივ, იცავს ადამიანს, მაგრამ მის მაწყენარს დაავადებებს მოუვლენს - სახის კრუნჩხვებს, აჯადოებს) და სხვ.

ჯინები, რომლებიც დაღესტნურ მითოლოგიაში გვხვდებიან, იყოფიან თეთრ ჯინებად, რომლებიც მფარველობენ ადამიანებს, ხელს უწყობენ გამდიდრებაში (გამდიდრების საიდუმლოს გამამხელელი ადამიანი სასტიკად ისჯება ჯინის მიერ) და შავ ჯინებად, რომლებიც აგიჟებენ ადამიანს. ქართულ მითებში გვხვდება ბოროტი სულები - დევები და ქაჯები, რომლებიც ქვედა სამყაროში ცხოვრობენ.

ეპოსი.


მითოლოგიური წარმოდგენების განსაკუთრებული პლასტი ვლინდება ეპოსში და ფოლკლორში. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა და აფხაზური ნართების ეპოსი და ქართული ამირანის ეპოსი, წარმოიქმნენ რა უხსოვარ წარსულში, სხვადასხვა ისტორიული ეპოქის ანაბეჭდს ატარებენ. ეპოსსა და მითს შორის საზღვარი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ პირობითია. ეპოსის გმირები ცხოვრობენ სამყაროში, რომლის სივრცე-დროითი მახასიათებლები მითიური სამყაროს შესაბამისი მახასიათებლების მსგავსია. ღმერთები გვევლინებიან გმირების დამხმარეების, მფარველების ან პირიქით მოწინააღმდეგეთა როლში.

ნართულ ეპოსში ღმერთები დებეჩი და ტლეპში ღვთაებრივი მჭედლების ორ თაობას განასახიერებენ. დებეჩი გავარვარებულ ლითონს ხელით აძლევს ფორმას, ხოლო ტლეპში იგონებს მარწუხებს, უროს, გრდემლს, აკეთებს პირველ ნამგალს. იგი ასევე მკურნალობს ძვლების მოტეხილობებს (აქ ასახულია ლითონის ათვისების ეპოქის დროინდელი უძველესი წარმოდგენები, როდესაც მჭედელი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაების ყოვლისშემძლე რჩეულს, განასახიერებდა ზებუნებრივ ძალას, რომელსაც ლითონის დამორჩილება შეეძლო). მეორეს მხრივ, ეპოსის გმირები (ამირანი, აბრსკილი, სასრიკვა, სოსრუკო, ნასრენ-ჟაჩე, ბატრაზი, პხარმატი და სხვ.) აღსდგებიან თვით ღმერთის წინააღმდეგ და ცეცხლს მოუპოვებენ ხალხს, რაც მათ ბერძნულ პრომეთესთან ანათესავებს და საშუალებას იძლევა, ისინი კულტურული გმირების რიგში განვიხილოთ.

განასახიერებენ რა კეთილ საწყისს, ეპოსის გმირები ყოველთვის ეწინააღმდეგებიან ბოროტების, სიბნელის და მიწისქვეშა სამეფოს ქტონურ ძალებს, რომლებზეც გამარჯვება კოსმოსის მოწესრიგების სიმბოლოა. თავის საქმეებში გმირები მრავალ ღმერთს სჯობიან, ხოლო ზოგჯერ მათ მოწინააღმდეგედაც გვევლინებიან (ადიღეური სოსრუკო ღმერთებს სასმელს - სანოს წაართმევს და ადამიანებს აძლევს), ებრძვიან მათ და ხშირად იმარჯვებენ კიდეც (უაზირმესი კლავს ბოროტ ღმერთ პაკოს; ნასრენ-ჟაჩე აღსდგება ტხას მბრძანებლობის წინააღმდეგ, რის გამოც ოშხამახოს მწვერვალზე მიაჯაჭვავენ, საიდანაც მოგვიანებით ნართი ბატრაზი ათავისუფლებს).

უმეტეს შემთხვევაში ეპოსის გმირები სასწაულებრივად იბადებიან - უცოდველი ქალწულისგან, ქვისგან, ქალღმერთის და მონადირისგან (აბრსკილი, ამირანი, სასრიკვა, სოსრუკო, სოსკა-სოლსა). ნადირობას კავკასიურ ეპოსში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, იგი წინ უძღვის ყველა მნიშვნელოვან გმირობას. ეპოსის გმირთა გმირობები განასახიერებენ ბუნების მოვლენებს, ბუნებრივი ციკლების პერიოდულობას, ციურ მნათობთა მოძრაობის როტაციულ ხასიათს. თუმცა თვითონ გმირთა ქმედებების ციკლურობა უკვე დაკარგულია და მხოლოდ სიუჟეტის გარკვეული ელემენტები მიუთითებენ მათ თავდაპირველ ხასიათზე. მიწისქვეშა სამყაროდან მოილტვის ცოცხლად დამარხული ნართი სოსრუკო, ყოველ გაზაფხულზე გაისმის მისი კვნესა; სოსრუკოს მიწისქვეშა სამყაროში ჩასვლის დღეს იღვიძებს ბუნება, მიწა იცილებს ყინულს, ჩნდება წყაროები - სოსრუკოს ცრემლები. ყოველ წელს გვახსენებენ თავს კლდეზე მიჯაჭვული ან გამოქვაბულში გამომწყვდეული გმირები (ამირანი, აბრსკილი და სხვ.).

აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ფოლკლორში შემორჩენილია სიუჟეტები გიორგის ყოველწლიური მოგზაურობის შესახებ ქაჯების ქვეყანაში. გიორგი, ამირანის და აშამეზის მსგავსად, იტაცებს მშვენიერ ქალებს, სიყვარულის და ნაყოფიერების ქალღმერთებს (ალბათ, ქაჯების მიერ მოტაცებულთ), ცხრასიმიან ფანდურს და გრდემლს, მოერეკება უზარმაზარ ჯოგს. ქაჯების ქვეყნიდან დაბრუნებისას თან მოაქვს მუსიკალური ინსტრუმენტი - გაზაფხულის სიმბოლო. ამირანი გადაივლის ზღვას და იტაცებს მშვენიერ ყამარს, ზეციურ, მზიურ ქალიშვილს, ღრუბელთა წინამძღოლის შვილს - გაზაფხულის სიმბოლურ სახეს. ამირანს გადაყლაპავს ვეშაპი, რომელიც სიბნელეს განასახიერებს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და გარეთ გამოდის. ნართები ჩადიან გმირობებს, რომლებიც აბედნიერებენ ადამიანებს და აყვავებენ ბუნებას. ნართი აშამეზი ბატრაზთან და სოსრუკოსთან ერთად მიწისქვეშა სამყაროში ჩადის, რათა დრაკონისგან მშვენიერი ახუმიდა გამოიხსნას და მოსტაცოს ჯადოსნური სალამური, რომლის დაკვრაც მძინარე ბუნებას აღვიძებს და განდევნის ზამთარს, რომელიც ჩამოწოლილა დედამიწაზე, ვიდრე სალამური დრაკონის ხელშია.

დაღესტანში, სადაც ნართების ეპოსი ფართოდ არ გავრცელებულა (აქ ცნობილია მხოლოდ ცალკეული სიუჟეტები ნართებზე, კერძოდ ნართ ბარხუზე) ეპიკური სიუჟეტები და მოტივები ტიპოლოგიურად ახლოს დგას ამირანის და ნართების ეპოსთან. ლეზგინების ეპოსის გმირი - შარვილი, რომელშიც გაერთიანებულია მითოლოგიური და ზღაპრული ნიშან-თვისებები, უზარმაზარ ძალას ფლობს: გრანიტის კლდეს ჰკვეთს, ასი ათას მეომარს ცვლის, შეუვალია ისრების და ხანჯლებისთვის; მტერი მასთან გამკლავებას მხოლოდ მოტყუების გზით ახერხებს. დაღესტნური ეპოსის ზოგიერთი გმირი ღმერთებს ებრძვის. ლაკების გმირი ამირი აღუდგება ღმერთ ზალს, რისთვისაც მას რკინის ჯაჭვით კლდეზე მიაბამენ. სხვა გმირი (ადამიანი მაჩალ-ლაშიდან) მთაში ყინვისგან გათოშილი ქალიშვილებისთვის ცეცხლს პარავს ღმერთს.

ყველაზე გავრცელებულ სიუჟეტებს შორისაა გმირების ბრძოლა ცალთვალა გოლიათებთან (ამირანი, ნართები; შდრ, ბერძნული ოდისევსის ბრძოლა ციკლოპ პოლიფემოსთან). ანალოგიური სიუჟეტები გვხვდება აგრეთვე კავკასიელ ხალხთა ფოლკლორში. ქართული ხალხური ლექსი "თავფარავნელი ჭაბუკი” შეიცავს სიეჟეტს გმირზე, რომელიც ყოველ ღამე გადაცურავს ზღვას თავის შეყვარებულთან შესახ

კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1196 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები