ხუთშაბათი, 25.04.2024, 11:54
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ინდუისტური ღვთაებები.
21:26
ინდუისტური ღვთაებები.

განეშა.


განეშა (სანსკ. गणेश gaṇeśa ”მხედართმთავარი”) - ინდუიზმის პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაება, შივას და პარვატის შვილი. განასახიერებს სიბრძნეს და წარმატებას.

ლეგენდა განეშაზე ამგვარია: სპილოს თავი მას დაბადებიდანვე არ ჰქონია. განრისხებულმა შივამ მას თავი ჯერ მოჰკვეთა, შემდეგ კი თავისი მეუღლე პარვატის ხვეწნა-მუდარას ყური უგდო, ტყეში პირველშემხვედრ ცხოველს - სპილოს - თავი მოჰკვეთა, განეშას მხრებზე დაუსვა და გააცოცხლა. ”ბრძენი” ცხოველის თავით დაჯილდოებული განეშა დიდი მხედართმთავარი და მთავარსარდალი გახდა.

დღესაც ინდუისტები რაიმე ახალი საქმის დაწყებამდე, მოსწავლეები კი გამოცდების ჩაბარებამდე აუცილებლად მიართმევენ მსუნაგ განეშას უხვ შესაწირავს - ბრინჯს, ქოქოსის კაკალს, ერბოს და ტკბილეულს, რათა საყვარელმა ღვთაებამ თავისი სიბრძნე და წარმატება არ მოაკლოს მათ.


ლაკშმი სიმდიდრეს და ბედნიერებას წყალობს.


ლაკშმი (სანსკ. लक्ष्मी lakṣmī ”ბედნიერების მომტანი”) - ინდუისტური ბედნიერების ქალღმერთი, ღვთაება ვიშნუს მეუღლე და მარადიული თანამგზავრი.

ლაკშმი მფარველ ღმერთს მუდმივად ფეხთით უზის და მას მაშინაც არ შორდება, როცა ვიშნუ თავისი მისიის აღსასრულებლად ქვეყანას ერთ-ერთ ავატარად ევლინება. ლაკშმი მეუღლეს ყოველთვის თან ახლავს: რამასთან იგი სიტაა, კრიშნასთან - რადჰა.

მშვენიერი ქალღმერთი განისვენებს ლოტოსის ყვავილზე და აწეული ხელით ლოცავს თავის თაყვანისმცემლებს, ხოლო უბეში მყოფი ოქროთი სავსე ქოთნიდან მას მონეტები უცვივა.

ლაკშმის ერთგულება და მეუღლის დაუღალავი მსახურება ახლადგათხოვილთათვის მაგალითად მოჰყავთ ინდოეთში, ხოლო მისი უხვად შემკული ტაძრები ყოველთვის სავსეა სიმდიდრის და ბედნიერების მრავალრიცხოვანი მაძიებლებით.


.რადჰა
შუასაუკუნეების მინიატურა,

რადჰა (სანსკ. राधा rādhā ”ელვა”) - კრიშნას მარადიული თანამგზავრი მწყემსი ქალი, ბედნიერების ქალღმერთის ლაკშმის ერთერთი ფორმა.
კრიშნას და რადჰას სიყვარული ინდუიზმის მიმდევრებისთვის ადამიანის ღმერთთან კავშირის სიმბოლო და ფილოსოფიური პაექრობების თემაა, ხოლო ინდური ხელოვნების და კინომატოგრაფიის დაუსრულებელი სიუჟეტური წყაროა.



ჰანუმანი (სანსკრ. हनुमान hanumān ”გატეხილი ყბა”) - ინდუისტური ღვთაება რამას ერთგული მეგობარი.

რამაიანა მოგვითხრობს, რომ ქარის ღვთაების და მაიმუნის შთამომავალი ჰანუმანი რამას ეხმარება სიტას რავანასგან დახსნაში: ცეცხლმოკიდებული კუდით იგი ხტება შრი-ლანკას კუნძულზე და რავანას ქალაქში ხანძარს აჩენს.


ჰანუმანის კულტი ძირითადად ვიშნუს (კრიშნას და რამას) თაყვანისცემლებშია გავრცელებული.

ბრაჰმა.


ბრაჰმა (სანსკრ. ब्रह्मा brahmā ”შემოქმედი”) - ადრეული ბრაჰმანიზმის უმაღლესი ღვთაება, ინდუისტური სამების ტრიმურტის შემოქმედი ღმერთი - მფარველ ვიშნუსა და გამანადგურებელ შივასთან ერთად.

ბრაჰმას კულტი უნდა წარმოშობილიყო გვიანდელ ვედურ პერიოდში ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კლასობრივი საზოგადოების გაჩენისა და ქურუმთა პრივილეგიური კასტის ბრაჰმანების გაბატონებასთან ერთად.

ჩვეულებრივ ბრაჰმას გამოხატავენ გედზე მჯდომს ოთხი სახითა და ოთხი ხელით.

ვინაიდან ბრაჰმამ მსოფლიოს შექმნა უხსოვარ დროში უკვე დაასრულა, ინდუიზმის მიმდევრებში მის მიმართ ინტერესი იმდენად დაიკარგა, რომ ტაძრებით მოფენილ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ბრაჰმასთვის მიძღვნილი ორი უძველესი მოუვლელი ტაძარიღა არსებობს. ბრაჰმას კულტი საუკუნეების განმავლობაში შეცვალეს სხვა ღმერთებმა - კრიშნამ, რამამ, განეშამ და სხვა.


კრიშნა (სანსკრ. कृष्ण kṛṣṇa ”შავი”) - ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს.

კრიშნას ცხოვრება აღწერილია უძველეს ხანაში სანსკრიტზე შექმნილ ბჰაგავატაპურანაში, ხოლო მის მოძღვრებას შეიცავს ინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი, რომელიც ცნობილია როგორც ბჰაგავადგიტა.

ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს - რადჰას - თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს. ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს კრიშნას ბავშვური ოინების შესახებ - როგორ იპარავს კარაქს და ამტვრევს ქოთნებს, მალავს მდინარეზე მობანავე მწყემს ქალიშვილთა სამოსს და უქმნის მათ ილუზიას, თითქოს იგი თითოეულ მათგანთან ცეკვავს და ა.შ.

ასევე გვიყვება მის საგმირო საქმეებსაც: როგორ გადაარჩინა კრიშნამ მშობლიური სოფელი გველეშაპისგან, რომლის თავებზეც იგი ცეკვავდა, იხსნა დაუსრულებელი წვიმისაგან, რისთვისაც მან მთა გოვარდჰანა ცალი თითით აწია და სოფელს ქოლგასავით გადაახურა. ბჰაგავატაპურანას ლეგენდები ინდოელი ხალხის კლასიკური ცეკვის, ფოლკლორის, ფერწერის, ხუროთმოძღვრების და ლიტერატურის დაუსრულებელ სიუჟეტურ წყაროდ იქცა.

მწყემსი კრიშნა თავის მეგობარ პრინც არჯუნას კურუკშეტრას დიდი ბრძოლის წინ ფილოსოფიურ დიალოგს უმართავს და არიგებს. ბჰაგავადგიტას ამ დიალოგში იხსნება ინდუიზმის მსოფლმხედველობრივი პრინციპები, სახელდობრ სულის არსებობა და უკდავება, მისი კავშირი ”ზესულთან” (ღმერთთან), განიხილება ბუნების კანონზომიერება, მისგან გათავისუფლების და ღმერთთან დაბრუნების გზა.

ვინაიდან კრიშნა მფარველი ღვთაება ვიშნუს ავატარაა , იგი მსოფლიოს უზენაესი მფარველი და დამრიგებელია. ბჰაგავადგიტადან ქვემოთმოყვანილი ციტატა კრიშნას, როგორც უზენაესის, ნოუმენალურ არსს გადმოცემს ლაკონურად:" მე ვარ მარადიული სული, მსოფლიოს განმგებელი.

ბუნება მე მემორჩილება. მე ვევლინები მსოფლიოს,
როცა იგი ქაოსში იძირება და მასში კანონზომიერება ირღვევა.
კეთილთა გადასარჩენად და ბოროტთა დასასჯელად
საუკუნიდან საუკუნეში ვიბადები ამქვეყნად.



კატეგორია: ენციკლოპედია | ნანახია: 1968 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 5.0/1
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები