პარასკევი, 29.03.2024, 18:40
მოგესალმები, greshnik | RSS
საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
200
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
მთავარი » 2010 » მაისი » 23 » ნიკო გომელაურის უკანასკნელი ლექსი
22:34
ნიკო გომელაურის უკანასკნელი ლექსი

მისი ნამღერი ყოველთვის სიყვარულისა და სიკეთის საგალობელს ჰგავს და, ალბათ, ამიტომ შეიყვარა ასე ძალიან მსმენელმა. მომენატრეთო! - გვეუბნება თამრიკო ჭოხონელიძე იმ სარეკლამო რგოლში, რომლითაც კონცერტზე გვეპატიჟება.

ჩვენც ძალიან მოგვენატრა, უკვე 11 წელია სოლო კონცერტით არ გამოსულა მსმენელის წინაშე. როდესაც ინტერვიუსთვის ვესტუმრეთ, გაგვიმხილა, რომ ძალიან ღელავს და უზარმაზარ პასუხისმგებლობას გრძნობს. ის ხომ ფილარმონიის დიდ სცენაზე რევაზ ლაღიძის მუსიკას ააჟღერებს, და კიდევ, მსმენელი პირველად მოისმენს სიყვარულით სავსე პოეტის, ახლახან გარდაცვლილი ნიკო გომელაურის უკანასკნელი ლექსისა და ლაღიძის მუსიკის ტანდემს... კონცერტი 23 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

თამრიკო ჭოხონელიძე:
- იქ, სადაც ლაღიძის მუსიკა ჟღერს, სიყვარულისა და მოფერების ატმოსფერო ისადგურებს. კონცერტზე აჟღერდება რევაზ ლაღიძის კინომუსიკა და საორკესტრო მელოდიები.

- რევაზ ლაღიძეს იცნობდით?
- მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა მე, ეკა კახიანსა და ქეთი ფირცხალავას გვაჩვენეს ერთი კეთილი ბაბუ და გვითხრეს, ეს ის კაცია, რომელმაც "თბილისო" დაწერაო. მერე ეს კეთილი ბაბუ გვასწავლიდა "ჰერიო, ბიჭებოს". ნათლად მახსოვს მისი თითები. მოგვიანებით განსაკუთრებით ფასეული გახდა ჩემთვის ეს ურთიერთობა.

- რევაზ ლაღიძის მელოდიებს რომელი ლექსები მიუსადაგეთ?
- გადავწყვიტე, რევაზ ლაღიძისა და პეტრე გრუზინსკის საოცარი ტანდემი გამეახლებინა. ბატონი პეტრეს ოჯახისგან ნებართვა ვითხოვე, რომ მისი ლექსები გამომეყენებინა. მივმართე აგრეთვე პოეტებს - ნანა ცინცაძესა და მანანა გურგენიძეს.

- თქვენთან ერთად ვინ შეასრულებს ამ სიმღერებს?
- ძალიან ვეცადე, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას მიეღო მონაწილეობა კონცერტში. სცენაზე ჩემთან ერთად დადგება მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი, რომელიც ბიძინა კვერნაძის მოსწავლეა და მისსავე საღამოზე აღმოვაჩინე; დათუნა სირბილაძე, სანდრო კობახიძე, გიორგი ბოკუჩავა, ნიკა კირვალიძე, გიგა აბესაძე, დათო ნოზაძე.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობრების შვილებთან ერთად უნდა წარვდგე მსმენელის წინაშე. გვერდს დამიმშვენებს სამების საპატრიარქოს გუნდი, რომლის ხელმძღვანელიც სვიმონ ჯანგულაშვილი გახლავთ.

ამ გუნდშიც ახალგაზრდები მღერიან და მითხრეს, ცრემლი გვერევა რეპეტიციაზეო, მგონი, გამომივიდა ის, რისი გაკეთებაც მსურდა. 

მიუხედავად იმისა, რომ "იავნანას" ეგიდით არ ტარდება ეს საღამო, პაატა ბურჭულაძე დიდ თანადგომას გამოხატავს. ძალიან მეხმარება ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელი თეო ჯორბენაძე, ნიკა მემანიშვილი გვერდით მიდგას ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. განსაკუთრებული მადლობა დათო დოიაშვილს, რომელიც ჩემი საღამოს გამო ხორვატიიდან 4 დღით ადრე დაბრუნდა.

- როგორც ვიცი, ერთ-ერთი მელოდიისთვის ლექსი ნიკო გომელაურსაც სთხოვეთ..
- ერთხელ მოვისმინე ნიკოს ინტერვიუ და გამაოგნა მისმა დამოკიდებულებამ ქართული სიმღერისადმი, სწორედ ამიტომ ვთხოვე ლექსის დაწერა.

მან ლაღიძის შემოქმედებიდან ორი მელოდია აირჩია. გარდაცვალებამდე 5 დღით ადრე შევხვდი და ერთი ლექსი გადმომცა, მისი წაკითხვისას ცრემლს ვერ შეიკავებთ. სამწუხაროდ, მეორე ლექსის დასრულება ვერ მოასწრო, მაგრამ რევაზ ლაღიძისა და ნიკო გომელაურის ქმნილებას საზოგადოება მაინც მოისმენს. 

როდესაც ნიკოს მივმართე, ვუთხარი, არ იჩქარო, დრო ჯერ გვაქვს-მეთქი, მიპასუხა, - შენ არა, მაგრამ მე მეჩქარებაო. მეორე ლექსი მისმა მეუღლემ სულ რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა და მაშინვე დამირეკა. რა თქმა უნდა, ძალიან სევდიანია ეს ყველაფერი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ერთი სიმღერა მაინც მოვასწარით და ნიკო ამ პროექტის მონაწილედ დარჩა. როგორც გაირკვა, ეს მისი უკანასკნელი ლექსია.

"ყოველ წამს...
მე შენი ხელებით ბედი მეფერება,
თვალები მფარავენ, დარდი ვერ მერევა.
არავინ აღარ არსებობს შენს გარდა,
შავ-თეთრი ფერები წარსულს გადაბარდა.
ჩემი ხარ, ჩემი საოცრება,
ჩემი ხარ, მუდამ ნანატრი,
ნაფიქრი ოცნება"...

ნიკო გომელაური

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1238 | დაამატა: NaTia | რეიტინგი: 0.0/0
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტის მეგობრები